ტბათანა და პანკისის ხეობა -ნაწილი პირველი
პანკისი…
შორეული ხეობა, მაღალ, ტყიან მთებში მოქცეული, პირქუში ხალხით დასახლებული ადგილი, სადაც ყველა მამრი პოტენციური მოძალადე და მეომარია, კბილებამდე შეიარაღებული, ქალები გრძელი კაბებით და მანდილებით დადიან, ლამის ყოველღამე სროლები მიმდინარეობს და ქართველების შესვლა არ შეიძლება. ღამ-ღამობით იქით ვერტმფრენები მიფრინავს ხოლმე და ყოველწუთას შეიძლება ომი დაიწყოს. პანკისი ცალკე ქვეყანაა ფაქტიურად, დამოუკიდებელი, აი როგორც ჩეჩნეთი ან რამე ასეთი
ასეთი იყო ჩემთვის პანკისი 26 მაისამდე.
2 საათზე დავიძინე, ოთხზე ავდექი, ხუთზე მარშუტკასთან ვიდექი (თენდებოდასავით). რედბულს ჩავეხუტე (დილაობით კოფეინის გარეშე აუტანელი ვარ ხოლმე) და მენდელის კანონების განხილვას შევუდექი.
გზაში დაძინებას რომ ვერ მოვახერხებდი, მისვლისთანავე მივხვდი: ზვიადის მარშუტკით მივდიოდით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომფორტულია სამგზავროდ, ვერაფრით ვერ ვიღებ ხოლმე დასაძინებელ პოზას. ჩანთები, პარალონები, სპალნიკები, პარკები ეწყო-ელაგა-ეყარა ყველგან და ხალხი ამ ჩანთებზე დადიოდა. შედარებით ფაქიზი ჩანთების პატრონები ცოტაარიყოს ნერვიულობდნენ, მე მარტივად-ფეხებთან დავიდე და ცოტა შევვიწროვდი, სამაგიეროდ ზუსტად ვიცოდი, სად და როგორ იყო ჩემი ნივთები.
მეცვა ბათინკები, ელასტიკი, გრძელი მაიკა და დაახლოებით შვიდჯერ მომიწია იმის მოსმენა, როგორ არ შემიშვებდნენ პანკისში, მაგრამ ვინაიდან ჩადრი თან არ მქონდა წაღებული, პანკისის ხეობა იძულებული გახდა, ასეთი მივეღე, არადა ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ შესასვლელში დიდ აბრაზე გადახაზული შორტების და ელასტიკის გამოსახულება უნდა დამხვედროდა, დიდი მსუქანი წითელი ძახილის ნიშნით.
პირველი გაჩერება ბოჭორმა იყო, რატომ ჩავთვალე, რომ აგერ 100 მეტრში იყო პაწუკა ეკლესია, არ ვიცი. კაი ნახევარი საათი მივდიოდით და მივფოფხავდით აღმართზე, ტყეში, უხსოვარ დროს დატოვებული სარესტავრაციო მასალების გადასაზიდი რელსის გვერდით. თუ ოდესმე წახვალთ, გაითვალისწინეთ რომ მანდ მისასვლელი სამანქანე გზა ძალიან გაფუჭებულია+გრუნტია. ხოდა, მერე მთააზე ასვლისას პაწუკა ნანგრევი რომ შემოგხვდებათ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ და გზა გააგრძელეთ, ცოტა ხანში დიდი კედელი შემოგხვდებათ, შესაძვრომი ფანჯრით. ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, ერთი 100 მეტრი კიდევ უნდა გაიაროთ, რომ “ცენტრალურ შესასვლელს” მიადგეთ.
რომ შედიხარ, უზარმაზარი მწვანე მინდორი, ძველისძველი უზარმაზარი ხეები და ახალგათიბული ჭინჭრის სუნი გხვდება. დიდი კომპლექსია, ეკლესიით, მის გვერდით მოქმედი ჭით, ციხით, შენობა-ნაგებობებით და ულამაზესი ხედებით.
მერე ვნახეთ ეკლესია (არჩილის მონასტერი) და მერე კიდევ მეჩეთი. ქისტებმა ეს უკაბო და თავზე კაპიუშონწამოსხმული გოგო მეჩეთში შემიშვეს და მოთმინებით მიყურეს, როგორ ვპოზიორობდი სასურათედ, მართლმადიდებელმა მღვდელმა ჩვენს დანახვაზე უხეშად “ტრუსიკიანი ბიჭები და შარვლიანი გოგოები არ შეუშვა”-ო გადასძახა თავის ლაქიას (ანუ ვიღაც ბიჭს, წინ და უკან რომ დარბოდა ქოშინით, მისი განკარგულებების შესასრულებლად). ქისტმა მეჩეთში შემიშვა და მართლმადიდებელმა მღვდელმა ეკლესიის კარი მომიჯახუნა :დ
არა, კი არ გავბრაზდი, ჯუსტ, გამოვშტერდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მღვდელს სახლში მივადექი და არ ესიამოვნა. უმეტესად, ან გთხოვენ ან თავშალს გაწვდიან ასე მისულს, რომ შეხვიდე და ასეთი აგრესიული და უხეში დახვედრა პირველად ვნახე. ვინც წახვალთ, გაითვალისწინეთ, ან, პრინციპში, სადმე სხვაგან წახვიდეთ, ჯობია, ღმერთი ყველგანაა და სხვაგან უკეთესი მასპინძელი დაგხვდებათ.
ჯანდაბიდან ჩამოსული, ლაშქრობაში მიმავალი ადამიანი რომ მაღალ ქუსლებზე არ იდგება, მანდილით არ იქნება და კაბა არ ეცმება, ძნელი გასაგებია? ერთხელ შენ არ შემიშვებ, მეორედ მე აღარ მოვალ და სანთლის საყიდლად გამოწვდილი ხელი არ გამიშეშდება ჰაერში, წავალ და მეორე შარვალს ვიყიდი სანთელში დაზოგილი ფულით. გიგას ჩემი დანთებული სანთელი არც ააშენებდა, არც დააქცევდა იმქვეყნად, მარა ვიღაც წვერებიანი მოკვდავის გამო რომ ვერ ავანთე, ძალიან გავბრაზდი.
კვეტერას ეკლესიაც ვნახეთ. პაწუკა, მრგვალი, მყუდრო ეკლესიაა, სახურავის სტაფილოსფერ კრამიტებზე უცნაური ცისფერი კრამიტებითაა მორთული და ყველაზე მწვანე ეზო აქვს დედამიწის ზურგზე არსებულ ეკლესიებს შორის.
დაპირებული წვიმის მიუხედავად მთელი დღე თაკარა მზე იყო. მატანში რომ შევედით, მთებიც გამოჩნდა, აი ისინი, ტბათანა სადაცაა და საქისტოს მთა იწყება. ბარში მზის მიუხედავად მთებზე შავ-შავი ღრუბლები ირეოდა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ამინდის პროგნოზს წინასწარმეტყველებდა (უმეტესად კოკისპირულ წვიმას, ან ჯუსტ წვიმას, ზოგი განსაკუთრებით ოპტიმისტი ქარსაც გვპირდებოდა). მე ჯერ პანიკას მივეცი, კარვის გაშლა მეზარებოდა წვიმაში და…მერე გამახსენდა რომ ტბათანაში ქოხებია და გავჩუმდი.
ხო, არაფერი განსაკუთრებული არ დამხვედრია პანკისში, რომ არ მცოდნოდა სად ვიყავი, ვერც ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ ოპა, პანკისი. სრულიად ჩვეულებრივი მოცინარი ბავშვები და მათი დედა-ბებიები იყვნენ იქვე, კაცებიც ჩვეულებრივები იყვნენ, მზეც ჩვეულებრივ ანათებდა და ერთადერთი, რაც სხვანაირი იყო- მეჩეთი იყო.
უფრო მეტიც, არც გზაზე შემომხვედრია რამე პოსტი, საიდანაც მივხვდებოდი, რომ პანკისი იწყება, ისე, რომ ვერც კი მივხვდი, ისე შევედი პანკისის ტერიტორიაზე.
სულ ბოლო სოფლიდან სატვირთომ აგვიყვანა ტბათანამდე (ასე 15 კილომეტრია). ჯერ ძარაზე ვიჯექი, მერე კაბინაში გადავინაცვლე, სადაც ფოტოების გადაღების შანსიც მქონდა.
პირველად თუშეთის გზებზე მოვკვდი შიშით, მეორედ აქ. ჩვეულებრივ გზებზე არ მეშინია, რა არის საშიში, გადავარდები-მიწას არ აცდები, მაგრამ აქაური გზების უმეტესობაზე თუ გადავარდი, საკმაოდ დიდხანს უნდა იფრინო, სანამ მიწას მოძებნიდე.
ამასობაში უზარმაზარი შავი ღრუბლებიც წავიდნენ და ახალმოთოვილი მთები გამოჩნდა…
ხოდა, იმას ვიძახდი, ძარაზე სანამ ზიხარ, კიდევ არაუშავს, ვერ ხედავ ვერაფერს და შიშის დიდი თვალებიც წყნარად არიან. აი, რომ დგები, თუ ხრამის მხარეს მოხვდი, ხედავ რომ მანქანა მიდის, წინ ძაფივით გზაა, გვერდიდან გზაც კი არ ჩანს, პირდაპირ ხრამია და მოსახვევებში გვერდზე რომ იხრება, თითქოს ცოტაც და, მიწას მოწყდება და გაფრინდება.
კაბინას ის უპირატესობა აქვს, რომ გზასაც ხედავ, იცი როდის მოგაჯანჯღარებს, როდის გადაყირავდები და თან შეგიძალია მძღოლს მოგონილი სიმშვიდით კითხო, კიდევ რამდენი დაგრჩათ, დიდი ხანია ალბათ რაც ამ გზებზე დადის? სულ ასეთი გაფუჭებულია ხოლმე ეს გზა? მძღოლიც, თავის მხრივ, ძალიან მშვიდად ატრიალებს საჭეს ამ ციცაბო გზებზე ისე, რომ არც კი უყურებს წესიერად, შენ მოგჩერებია და გეკითხება, კიმარა, აქ და დაგრჩენია, თბილისიდან ამსიშორეზე რომ წამოსულხარ. შენ პასუხობ რომ ძალიან გაინტერესებს და თან დაჟინებით მიჩერებიხარ გზას, იქნებ მიხვდეს და თვითონაც გაიხედოს, თორემ ვააააააიმე რა ციცაბო მოსახვევია, მიიხედე, თუ ღმერთი გწამს, წინ, თორემ აგერ ძარაზეც აწიოკდა ხალხი. მძღოლი შენკენ ყურებას აგრძელებს და პერიფერიული მხედველობითაც კარგად კმაყოფილდება. ბოლო-ბოლო ხვდები, რომ აზრი არ აქვს, შეგეშინდება თუ არა, შედეგი მაინც ერთი და იგივე იქნება, ამიტომ მოკრუნჩხულ ნერვებს და ფეხის თითებს ასწორებ, დუნდები, ყველაფერს ფეხებზე იკიდებ და მხოლოდ ხედებით ტკბები.
ტბათანაში ადრე, ადრე, აი ჩვენი ბებიების დროს, 400-ოდე კომლი ადიოდა ხოლმე ზაფხულობით და იყო ერთი ჟივილ-ხივილი. მერე პანკისის მოვლენები მოხდა და თუშების ხის ქოხებიც მანდ მოთარეშე ბოევიკებმა გააწინწილეს, შეშად, ნაწილიც უამინდობამ და დრომ გააფუჭა. ახლა რამდენიმე ქოხიღაა შემორჩენილი და აღარც იმდენი ხალხი ადის ზაფხულობით. ძირითადად პატარა ბავშვების პატრონები, მანდაურობის ერთგულები და კიდევ მწყემსები, თუშებიც, ქისტებიც, კახებიც, ისინიც, ესენიც. ქოხები არ იკეტება, შიგ არც ავეჯია. მხოლოდ ხის სკამ-თახჩები, დასაწოლად. ფანჯრებიც ძალიან ძუნწად აქვს, ერთი ან ორი, ვიწრო, როგორც დავაფიქსირე, ყველა ერთ, ალბათ ქარისგან დაცულ მხარესაა მიქცეული.
წყაროც ერთადერთია, ცივ-ცივი, კამკამა. ზაფხულობით დასალევადაც ეს წყალი მიაქვთ, საბანაოდაც, სარეცხსაც აქ რეცხავენ.
ჩასულები ავირ-დავირიეთ, ნაწილმა მაშინვე კარვები დასცა, ნაწილმა აქეთ-იქით ბოდიალი დაიწყო, ქოხებში შეიხედა, სხვა მხარეს გავარდა…
ხოდა, ერთ-ერთ ქოხში შევსახლდი მეც. სულ ოთხი გოგო, ერთი ბიჭი და კიდევ ჩვენი ქისტი მეგზური ვიყავით. (მეგზურზე ცოტა მერე ვილაპარაკებ), გავშალეთ პარალონები ხმელ თახჩებზე, სპალნიკები, და მეტი საიმედოობისთვის ტენტიც გადავიფარეთ. ორ-ორი დავწექით, სითბოს ასე უკეთ ინარჩუნებ+ ადგილებს ვიგებდით (მეზობელმა კი გამომიცხადა დილას, მავიწროვებდიო, მაგრამ მეტრანახევარი ვარ და 50 კილო და რა შევიწროვება, ა? :ანგელოზისსმაილი: ). ხო, ერთს სულაც ერთიმეორეზე მიდგმულ მაგიდებზე ეძინა.
ამასობაში წამოჟინჟლა, დაღამდა. ბიჭებმა გზაზე მოგროვებული და ცოტაც თბილისიდან წაღებული შეშისგან ცეცხლი დაანთეს. ჯერ ქოხში, ბოლი გავა ფანჯრიდანო. ბოლი არა, მარა მე კი გამოვედი და კართან ავიტუზე. რომ შეატყეს, რომ ბოლი არსად არ აპირებდა წასვლას, გარეთ გადგეს ცეცხლი, იქვე ქოხი იყო ნახევრად დანგრეული და იმის გადმოხურულში, სახელი არ მახსოვს, ჩემს სოფელში პლოშადკას რომ ძახიან, ცეცხლი დაანთეს. ჩვენი მეგზური და მძღოლიც დაგვეხმარნენ, კიდევ იქ მწყემსებიც იყვნენ და გვაფრთხილებდნენ, არაფერი დაწვათ, თუშები ჩვენ დაგვაბრალებენო.
ქისტური ლაპარაკიც მოვისმინე და მეთვითონ დავრწმუნდი, რომ ძალიან, ძაალიან გავს წოურს (ანუ წოვა თუშების ლაპარაკს), თუმცა წოვების დამახასიათხებელი ‘ჰხ” ანუ ღრმა ხ თუ ჰ, რომლის გამოთქმაც ვერაფრით ვერ დავამუღამე, ამათ არ აქვთ.
ჰხოდა, სანამ იქ კეთილი ადამიანები მწვადებს წვავდნენ, ღვინოს სვამდნენ და რაღაცეებს იძახდნენ, მე ერთმა კეთილმა ადამიანმა ღვინო მომცა (მე ვერ შვეეკვეხე “მაგიდასთან” და ფარ-ხმალ დაყრილი იქვე კუთხეში, სკამზე ვიძუძგებოდი სიცივისგან.
ცეცხლი რომ ჩაქრა და მწვადებიც შეიჭამა და ღვინოც დაილია და წვიმამაც გადაიღო, ყველანი ჩვენ-ჩვენ ლოგინებში კიარადა ქოხებში და კარვებში და სპალნიკებში გავეშურეთ იმის იმედით, რომ ხვალ წვიმა არ იქნებოდა და რაღაც ჩანჩქერს ვნახავდით და კიდევ ბევრ და საინტერესო რამეებს
წინასალაშქრო
ღამის ხუთ საათზე უკვე მარშუტკაში უნდა ვიჯდე და თბილისიდან მივდიოდე
არადა უკვე ორის ნახევარია და რაღა აზრი აქვს დაძინებას?
ალბათ ერთ-ორ “ღირსშესანიშნავ” ადგილს გამოვტოვებ ხვალ
გემრიელი სიზმრების სანახავად.
ჩანთაც ჩალაგებულია
თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დევს და
მხოლოდ ძილის წინღა აღმოვაჩენ, რომ საყვარელი ნასკი დამვიწყებია
ან რამე მსგავსი.
(კინაღამ ყავა დამრჩა)
ყოველ გაზაფხულზე თავიდან ვიღვიძებ
პლედს გვერდზე გადავდებ
კალთიდან მზესუმზირას ნარჩენებს ვიფერთხავ,
საქსოვს კალათში ვაბრუნებ
მზეზე ვიზმორები
და
სიარულს ვიწყებ
თითქოს სადღაც მიმეჩქარებოდეს
თითქოს ვერაფერს ვასწრებდე
ყველაფერი მინდა
ახლა და აქვე!
არადა
სულ ერთი მუჭა მინდორი
ტყის სუნი
მზე
და
დილის კოცონზე ადუღებული ყავა მჭირდება
ბედნიერებისთვის
გაიცანით, მაკა
ამ ბავშვს მაკა ერქვა
ორი ბებია ყავდა, მარიამი და კატო.
ხოდა, ცოტა ლაი-ლაის მერე მაკა დაარქვეს. (მა+კა=მაკა)
ერთი წლისაც მაკა იყო
ორისაც
სამისაც
და
ისიც ახსოვს, გვარის გამო როგორ აბრაზებდნენ ბაღში ბავშვები
ხოდა
ადგა
და
შორეულ, 1990 თუ 1898 წელს
სახელიც და გვარიც გამოიცვალა
აღარც მაკა იყო და აღარც ხელაიძე
და მერე ყველაფერი ერთბაშად და რადიკალურად შეიცვალა.
და წლების მერე, სოფელში დაბრუნებული, იმათი ნახვისას, ძველებურად მაკას რომ ეძახდნენ
მიხვდა
რომ
მაკა
სულაც არ იყო ცუდი გოგო
და
გული გაუთბა.
2012 vol.2
- კარავი გამოვიწერე ამაზონიდან, ყვითელი, საყვარელი. ჩამომივიდა სულ სხვა მოდელი, სტაფილოსფერი და მძიმე, ანუ ჩემთვის მძიმე. “სერიოზულ ლაშქრობაში ალბათ რომ ვერ წავათრევ ან თუ წავათევ რომ დავიტანჯები, ისეთი.
- სამსახურში სახის ხოკვა შეინიშნებოდა დღეს, სავარაუდოდ კიდევ კაი ხანს გაგრძელდება, დამნაშავე გვყავს დასაჭერი და…
- ორი კვირით ე.წ. რესეფშენზე ვარ განაწილებული, ანუ უამრავი საკანცელარიო საქმე, მახათი და მოკლედ მიტირეთ ბოხი ხმით
- ბიძაშვილის ბავშვია ცუდად და მენერვიულება
- კახეთი სულ დაუტბორია
- მაიკა გამოვიწერე კიდე, ჩემით, საცდელად. ჩამომტანს საიტს რაღაცეები აერია, ვისი ვისაშია ვერ გაურკვევია და საინტერესოა, რა ჩამომივა… იმედია, სპილო არ მოდის, ამჯერად ტრანსპორტირების თანხას ჯუსტ, არ გადავიხდი.
იმედია გაგრძელება არ იქნება…. :დ
ჩემი 2012 მოვიდა
- რამოდენიმე დღის წინ დილით უცებ რომ გამოგეღვიძება და ვერ იგებ, რატომ, ეგ დამემართა. მიწისძვრა ყოფილა. 7 ბალიო, თუ რაღაცამდენი. იმდენად მე არ შემშინებია, რამდენადაც მეზობლის კივილმა “ვიხოცებითო” გამომიყვანა წყობილებიდან
- მიწისძვრიდან მეორე დღეს ჩემთვის ვმუშაობდი ლაბში, დახურული უფანჯრო სივრცეა. უცებ დენი აციმციმდა, ჩაქრა და ზედა სართულიდან გრუხუნი მოგვესმა. სანამ სრულიად ჩაბნელებულ ვიწრო დერეფანში გზას ვიკვლევდი მეორე სართულისკენ, რამოდენიმე წუთი მართლა მეგონა, რომ მიწისძვრა განმეორდა და ახლა ნანგრევებიდან უნდა მეთხარა ხალხი. რაღაც ტრანსფორმატორი აფეთქებულა კორპუსის უკან
- გუშინ წარღვნა იყო, მანქანით მოვცურავდით, ზედ კორპუსის შემოსასვლელთან ჩაქრა, წკიპზე შემოვასწარით. ნახევარი საათი მანქანაში ვიჯექით ისე წვიმდა. სახლში რომ ამოვედით, სახლის უკან აახალი მდინარე “აღმოვაჩინეთ”. დღეს 2-3-სკენღა შეწყვიტა დინება.
- ამასობაში კომპში ვიდეოკარტა გარდაიცვალა, ისედაც ძველი იყო ეს კომპი და ახლა რაღაც ინტეგრირებული უდგას, ძლივს ფაფხურობს და თვალები ისე მტკივა, მეტი რომ არ შეიძლება.
- ამ შაბათ-კვირას ბიცოლაჩემის წლისთავია
- იმ შაბათ-კვირას ბიძაშვილის ქმრის
- ტბათანაში მინდა წასვლა, მაგრამ სიაში ადგილი არაა და არც ის ვიცი წავალ თუ ვერა
ხო, ვიცი, რომ ვიღაცას შეიძლება ჩემზე გაცილებით მეტი და სერიოზული პრობლემები აქვს, მარა თუ შეიძლება ჩემს დრამებსაც ჩამოვლაგებ ცოტა ხნით. ბოლო-ბოლო ღამის პირველი საათია, აი ის დრო, კარგი რომ არაფერი ხდება და მეც მდუმარე ისტერიკა მჭირს.
დათხური, ანუ ხავიწი
სოფლის თავში დათხურს ეძახიან, ბოლოში ხავიწს.
თუშური საჭმელია, წააგავს ფშავლების ხაჭო-ერბოს, რომელიც დამბალი ხაჭოსგან კეთდება, მაგრამ ისეთი საოცარი სურნელება არ აქვს. (მე არ მიჭამია დამბალი ხაჭო, უბრალოდ, გაგებული მაქვს რომ არსებობს).
გვჭირდება:
- დაბოყრინებული ხაჭო
- ერბო
- რამე რკინის ტაფა, რომელსაც ლითონის კოვზი და მერე სახეხი არ აშინებს (და საერთოდაც ოჯახში ერთი სფეშალ ტაფა უნდა იდოს ამისთვის)
როგორ მივიღოთ დაბოყრინებული ხაჭო?
გვჭირდება:
- კარგი, მშრალი, ფაშარი, გლეხის გაკეთებული, მშრალი ხაჭო.
- მარილი
ვურევთ მარილს და ხაჭოს, გემოვნებით, ვყრით ემალის ჯამში ან ქვაბში და ვაფარებთ მარლას, ვდგამთ სადმე არცისე ცივ და არცისე ცხელ ადგილას რამდენიმე დღე, სანამ ოდნავ, ვიმეორებ, ოდნავ(!) სუნი არ ექნება.
თუ დაბოყრინებული ხაჭო დიდხანს (1 კვირამდე) გვინდა შევინახოთ, გუნდები უნდა გავაკეთოთ. იმერული ყველისმსგავსი ფორმის , პატარები, თეფშზე ოთხი ცალი რომ დაეტიოს, ისეთი, ვაფარებთ მარლას და მაცივარში ვდებთ.
მომზადების პროცესი
ვაცხელებთ ტაფას, ვყრით ხაჭოს, ვამატებთ ერბოს, ვურევთ-ვურევთ-ვსრესთ, სანამ მთელი ეს მასა არ გაიშლება, გათეთრდება, გათხელდება და გაწელვადდება.
მცირე შენიშვნა: თუ გაწყალდა, არ გაიწელა და საერთოდაც არაფრის გემო არ აქვს, ა) თქვენ ძალიან ცუდი ხაჭო შემოგაპარეს ბ) დაბოყრინება აკლია
კატეგორიული შენიშვნა: თუ მართლა გინდათ გემო გაიგოთ, ჭამეთ პირდაპირ ტაფიდან, ცხელ-ცხელი, შოთის პურის ყუით. თეფშზე გადმოღებული არის საცოდაობა. ჩანგლები არ დავინახო.
მძიმე გული
გული დამიმძიმდა
იმ ადამიანებით, რომლებიც უკვე აღარ არიან და
ერთადერთი ადგილი, სადაც ჩემთვის ჯერ კიდევ არსებობენ, ჩემი გულია
სისულელეა საფლავები,
გვამის დატირებაც სისულელეა
იმ გვამში აღარაფერია იმ ადამიანის, ვისაც იცნობდი და ვინც გიყვარდა
ხოდა
ძალიან მარტივად
როცა ძალიან ვმძიმდები
შევდივარ ეკლესიაში და სანთელს ვანთებ
და გულის სიღრმეში მჯერა, რომ ოდესმე, სადმე, კიდევ ერთხელ ავიღებ მწვანე ჭიქას, ჩავყრი შიგ ერთ კოვზ ჯაკობსს და ორ კოვზ შაქარს, ადუღებულ წყალს დავასხავ, მოვურევ, და ადრესატს მივუტან.




















