დახეული ფეხსაცმელი


მე დახეული ფეხსაცმელი მაქვს. ჩემი მეგობარიც, ვისთან ერთადაც მე ეხლა ვცხოვრობ, დახეულ ფეხსაცმელს ატარებს. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ფეხსაცმელზე, და თუკი მას ვესაუბრები იმ დროზე, როდესაც ცნობილი მოხუცი მწერალი ვიქნები, ის მაშინვე მეკითხება: “და როგორი ფეხსაცმელი გექნება? ” მე ვპასუხობ, რომ მექნება მწვანე ზამშის ფეხსაცმელი გვერდიდან დიდი ოქროს ბალთით.

ისეთი ოჯახიდან ვარ, სადაც ყველას მთელი და მჭიდრო ფეხსაცმელი აცვია. დედაჩემს იმდენი ფეხსაცმელი ჰქონდა, რომ იძულებული გახდა მათთვის ცალკე კარადა გამოეყო. როცა მათთან მივდივარ, ჩემი ფეხსაცმლის დანახვაზე აღშფოთებისა და ტკივილის ხმამაღალ ოხვრას ვერ იკავებენ. მაგრამ მე ვიცი, რომ დახეული ფეხსაცმლითაც შეიძლება ცხოვრება. გერმანელების დროს აქ, რომში, მარტო ვიყავი და ერთი წყვილი ფეხსაცმლის გარდა არაფერი გამაჩნდა. იგი მეწაღესთვის რომ მიმეცა, ორი სამი დღის საწოლში დატარება მომიწევდა, ეს კი ჩემთვის შეუძლებელი იყო. და ასე განვაგრძობდი მათ ხმარებას. წვიმდა, მე კი ვხედავდი, როგორ ირღვეოდა ნელ-ნელა ჩემი ფეხსაცმელი, იტკეპნებოდა და ფორმას კარგავდა, ტერფებით კი ქვაფენილის სიცივეს ვგრძნობდი. ამიტომაცაა, რომ ახლაც ყოველთვის დახეულ ფეხსაცმელს ვატარებ: მახსოვს ის ფეხსაცმელი და მასთან შედარებით სხვა ისეთი დახეული აღარ მეჩვენება. თუ ფული მაქვს, მირჩევნია იგი სხვა რამეში დავხარჯო, რადგან ფეხსაცმელს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. წინანდელმა ცხოვრებამ გამათამამა: ყოველთვის ნაზი ყურადღებითა და სითბოთი ვიყავი გარშემორტყმული. იმ წელს კი პირველად აღმოვჩნდი მარტო აქ, რომში. ამიტომაცაა რომი ჩემთვის ძვირფასი მიუხედავად მძიმე დროისა, სევდიანი მოგონებებისა და იშვიათი ტკბილი საათებისა. ჩემს დაქალსაც დახეული ფეხსაცმელი აცვია, ამის გამო ერთად კარგად ვართ. მას არავინ ჰყავს, ვინც ფეხსაცმელს შეუკეთებს: მხოლოდ ერთი ძმა, რომელიც სოფელში ცხოვრობს და მონადირის ჩექმებით დადის. ჩვენ კარგად ვიცით, როგორია, როდესაც წვიმს, ფეხები კი შიშველი და სველია, ფეხსაცმელში წყალი შედის, და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ჭყაპუნი ისმის, თითქოს რაღაცას ავლებენო.
ჩემს მეგობარს ფერმკრთალი და კაცური სახე აქვს, იგი შავ ჩიბუხს ეწევა. როდესაც იგი პირველად დავინახე – მაგიდასთან მჯდომი იდუმალი ბრაზიანი სახით, კუს რქოვანის მრგვალი სათვალითა და კბილებში გაჩრილი ჩიბუხით – ჩინელი გენერალი მეგონა. მაშინ არ ვიცოდი, დახეული ფეხსაცმელი თუ ჰქონდა. ეგ მოგვიანებით გავიგე.
ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ვიცნობთ, მაგრამ ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს უკვე მრავალი წელია მეგობრები ვართ. ჩემს დაქალს შვილები არ ჰყავს, მე კი მყავს, და ეს მას უცნაურად ეჩვენება. მას ისინი არასდროს უნახავს, მხოლოდ სურათზე, რადგან ისინი დედაჩემთან ცხოვრობენ პროვნციაში. ასევე ის, რომ მას ჩემი შვილები არასდროს უნახავს, ძალიან უცნაურია. სინამდვილეში მას არანაირი პრობლემა არ აქვს, შეუძლია ცდუნებას აჰყვეს და ეს ცხოვრება წყალს გაატანოს, მე კი არ შემიძლია. ჩემი შვილები დედაჩემთან ცხოვრობენ და დახეული ფეხსაცმელი ჯერ არ აქვთ. მაგრამ ნეტავ როგორები იქნებიან, როცა გაიზრდებიან? მინდოდა მეთქვა: ნეტავ როგორი ფეხსაცმელი ექნებათ, როცა გაიზრდებიან? რომელ გზას აირჩევენ თავიანთი ნაბიჯებისათვის? გადაწყვეტენ გამორიცხონ თავიანთი სურვილებიდან ყველაფერი, რაც სასიამოვნოა, მაგრამ არა აუცილებელი, თუ გადაწყვეტენ, რომ ყოველივე აუცილებელია, და ადამიანს უფლება აქვს ფეხზე მთელი და მჭიდრო ფეხსაცმელი ეცვას?
მე და ჩემი მეგობარი ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი იქნება სამყარო, როდესაც მე ცნობილი მოხუცი მწერალი ვიქნები, ის კი ჩინელი გენერალივით ზურგზე ხურჯინმოკიდებული ივლის, როცა ჩემი შვილები თავიანთ გზას დაადგებიან მთელი და მჭიდრო ფეხსაცმლით, მყარი ნაბიჯით ივლიან მსგავსად იმისა, ვინც უარს არაფერზე ამბობს, ან დახეული ფეხსაცმლით – ფართე და აპათიური ნაბიჯებით, მსგავსად იმისა, ვინც იცის ის, რაც აუცილებელი არ არის.ზოგჯერ ჩვენ ვაწყობთ ქორწილებს ჩემი შვილებისა და მისი ძმის შვილებს შორის, იმ ძმის, სოფელში რომ დაიარება მონადირის ჩექმებით. ასე ვსაუბრობთ ხოლმე გვიან ღამემდე, თან მუქ და მწარე ჩაის ვსვავთ. ერთი საწოლი და ერთი ზამბარებიანი ლეიბი გვაქვს, ამიტომ ყოველ საღამოს კენჭს ვყრით, რომ გადავწყვიტოთ, თუ რომელი ჩვენგანი დაიძინებს საწოლზე. დილით, როცა ვიღვიძებთ, ჩვენი დახეული ფეხსაცმელი ხალიჩაზე გველის.
ზოგჯერ ჩემი მეგობარი ამბობს, მუშაობა ყელში ამომივიდა, და ეს ცხოვრება ჭირსაც წაუღიაო. ამბობს, რომ სადმე დუქანში ჩაიკეტებოდა, რათა მთელი თავისი დანაზოგი დაელია, ან კიდევ საწოლში ჩაწვებოდა და არაფერზე აღარ იფიქრებდა, ყველაფერს თავის ნებაზე მიუშვებდა. ამბობს, რომ ამას მაშინ იზავს, როცა მე წავალ. იმიტომ რომ ჩვენი ერთობლივი ცხოვრება ცოტა ხანს გასტანს. მალე მე წავალ, დედაჩემთან და ჩემს შვილებთან დავბრუნდები სახლში, სადაც დახეული ფეხსაცმლის ტარების ნებას აღარ მომცემენ. დედაჩემი ჩემზე ზრუნვას თავის თავზე აიღებს, ამიკრძალავს ქინძისთავების ხმარებას ღილების ნაცვლად და გვიან ღამემდე წერას. მე კი, ჩემი მხრიდან, ჩემს შვილებზე ვიზრუნებ, დავძლევ ამ ცხოვრების წყლისთვის გატანების ცდუნებას. დავბრუნდები, რათა დღევანდელისაგან განსხვავებული, სერიოზული და მზრუნავი ადამიანი გავხდე, ისეთი, როგორიც ყოველთვის ვხდები, როცა მათთან ერთად ვარ, ადამიანი, რომელსაც ჩემი მეგობარი სინამდვილეში არ იცნობს.

საათს შევხედავ ხოლმე და დროს გავუწევ ანგარიშს, ვიქნები ფრთხილი და დაკვირვებული ყველაფერში, ყურადღებას მივაქცევ, რომ ჩემს შვილებს ყოველთვის თბილი და მშრალი ფეხები ჰქონდეთ, იმიტომ რომ სანამ შესაძლებელია, ასე უნდა იყოს, ბავშვობაში მაინც. იქნებ იმისთვის, რომ მერე დახეული ფეხსაცმლით ისწავლონ სიარული, სანამ ბავშვები არიან, თბილი და მშრალი ფეხები უნდა ჰქონდეთ.
ნატალია ზინგბურგი.
ერთი გოგონა გამახსენა ამ ნაწერმა, არა, არ გამახსენა, მასზეა ეს ნოველა, ოღონდ არც ავტორმა იცის ეს და არც მისმა პერსონაჟმა, რომელიც ახლა აქ, თბილისში ცხოვრობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s