დედაბერას ნისლიან მთაზე დაკარგულები


როცა გაქცევა  მინდება, ლაშქრობებში გავრბივარ, ახლაც ასე იყო, 25 ადამიანთან ერთად სადღაც ტყეში წავედი, საბოდიალოდ, დასაკარგად, კისრის მოსატეხად… მოკლედ, ყველაფრის გასაკეთებლად ცუდ ამბებზე ფიქრის გარდა.

მეოთხე ბილიკის დასაწყისი

მეოთხე ბილიკის დასაწყისი

გეგმა გადაჭარბებით შევასრულე, განსაკუთრებით მეორე დღეს, ზანავიდან რომ დავიწყეთ აღმასვლა დედაბერას  მთაზე და 10 საათი ვიარეთ, აქედან 5 თუ 6 გაყინულ, ნაზამთრალ თოვლზე.

პარასკევ საღამოს დავიძარით და ღამე ჩავედით ზანავში, სოფელია ასეთი, ბორჯომის ტყე-პარკთან ახლოს. ცოტა ფეხითაც გავიარეთ და რეინჯერების კოტეჯამდე მივედით.
შევდივართ და გვხვდებიან ვიღაც უცხო ბიჭები, რომლებიც თურმე ჩვენ მოგვყვებიან,  ჭინკებივით ხტებიან ჭერში ანუ სხვენში და ისეთი ხმები ჩამოდის, ფიქრს იწყებ, ნეტა ჭერი გაუძლებს თუ დაგვასკდებიან თავზეო.

დაძინება… მმმ, ესე იგი ვინც სად მოასწრო და როგორც მოასწრო და როგორც მოახერხა, ისე გაშალა პარალონები, ჩემი პარალონი თაროზე შემოდებული უზარმაზარი სავარძლის ქვეშ იყო გაფენილი და რა კარგია რომ არ ჩამოვარდა. 😀 ქაშაყები უფრო ხალვათად წვანან ხოლმე კონსერვის ქილაში, ვიდრე ჩვენ ვიწექით, სამაგიეროდ ცალ გვერდს აყუდებული ლეიბი მითბობდა, ცალს პატაპუტინას საძილე და არ შემცივნია, თუმცა მენჯის ძვლებმა და იატაკის ფიცრებმა ძმობა შეფიცეს იმ ღამეს, ისე ახლო-ახლოს იყვნენ.

IMG_1399

მეორე დღის გეგმა დედაბერას მთაზე გადასვლა და ნუნისის მდელოზე დაბანაკება იყო, ბერების სენაკებთან. მთელი დღე უნდა გვევლო, ამიტომ აღვიჭურვეთ და შევუდექით გზას, სავარაუდოდ ეკლებით მოფენილს. ჯნოსს ისეთები ეწერა თემაში, კბილებით და ფრჩხილებით ვიფოფხებ ალბათ თქო ვიფიქრე და თავიდან უბრალო გრუნტის გზა, ბილიკი და აღმართები რომ დავინახე, მეთქი უი, სულ ეს არის? აბა სადაა თოვლი? ის კი არ გამახსენდა, რომ 1800-ზე ვიყავით ასასვლელები. 😀

IMG_1403

გზაზე იყო სიმწვანე, აბუსუნებული ნაძვები ახალამოსული წიწვებით, დასველებული ზამთარგამოვლილი შემოდგომის ფოთლებით, იებით, ფურისულებით, ენძელებით. ჰაერი იყო მწვანე, სველი და ცინცხალი, ნეშომპალის სუნით გაჟღენთილი, ცა- ღრუბლიანი.
რა უცნაური, სალათისფერი მწვანეა აქაურობა თქო, კი გავიფიქრე და მერე ამეხვლანჯა ფიქრები, ყველა გავლილი და გასავლელი გზა ერთად შემომახსენდა. რა უცნაურია ისე, ტყეში ხეტიალისას არასოდეს რომ არ მახსენდება მუსიკა, ზედმეტიც კია იქაურობისთვის, კონტექსტიდან ამოვარდნილი.
ზემოთ რომ ავდიოდით, ნელ-ნელა მოდიოდნენ ნისლებიც, უფრო სწორედ, ჩვენ მივდიოდით ნისლებისკენ და გვეგონა რომ ისინი გვიახლოვდებოდნენ.

IMG_1461
ერთ ადგილას ველური ჰიაცინტებით მოფენილი მინდორი რომ შემომხვდა, ზურგზემოკიდებული ჩანთიანად გავიშოტე ბალახზე ფოტოაპარატმომარჯვებული.

IMG_1482
დიდი შესვენების მდელო, წყარო და ჩემი პირველი წაქცევის ადგილი (ეს ერთი და სხვა მრავალიო კი გავიხუმრე და ისე აგიხდეთ ყველაფერი, მე რომ ამიხდა). სველ მორზე ამისრიალდა ფეხი.  საუკეთესო საბანაკე მინდორი იყო, სიამოვნებით დავბანაკდებოდი ერთი დღით. წყაროც იქვე იყო, ჩრდილიც. ვისხედით მწვანე ბალახზე და წარმოდგენაც კი არ ვგქონდა, ერთ საათში სად ამოვყოფდით თავს.

წყაროზე მივდივართ

წყაროზე მივდივართ

ცხელი ყავის მერე გზა გავაგრძელეთ. ჰხოდა, მივდიოდით, მივდიოდით, მივდიოდით და ბოლოსდაბოლოს მივადექით თოვლიან მწვერვალებს ანუ იმას, 1800 მეტრიანი მწვერვალუკას დასაწყისს.

IMG_1510

ნელ-ნელა თოვლი გამრავლდა…

IMG_1517
და ხეებიც გაჭინკავდა…

IMG_1543

ნისლიც გამუქდა, გასქელდა და შედედდა.

IMG_1555

და მერე სულმთლადგათოვლდა და განისლდა და გამისტიურალქაჯებიანადგილდა.
წესით ხის უკნიდან ჭინკას უნდა გამოეხედა ან ტროლს, ან დალს (თუ ეგენი მარტო კლდეებზე ცხოვრობენ?) მაგრამ იმდენნი ვიყავით შერცხვა და გადაწყვიტა, სხვა დროს, ცოტა ნაკლები ადამიანი რომ ამოვა, მერეო.

IMG_1559

გაზაფხული დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, მერე გვერდებზე თოვლი გადნაო და ასეთი ლამაზი ორმოები გააკეთაო.

მივდიოდით ასე, შეკრულ ჯგუფად,  ნელ-ნელა, აღმართ-აღმართ, საფეხურების ჭრით.  ჩემს წინ ვიღაც ბიჭი მიდიოდა და სულ იქცეოდა, თან წინ მიმავლების გაკეთებულ ნაფეხურ-საფეხურებს შლიდა და მე მიწევდა თავიდან გასაფეხურება, მოკლედ ისა, არასოდეს იაროთ მძიმე ბიჭის მერე, რომელსაც მძიმე ჩანთა კიდია და ფეხი უცურავს.

IMG_1561
ისეთი ლამაზი იყო, საცალფეხო ბილიკებად დაწალიკებული ფერად-ფერადსაწვიმრებიანი ხალხი ნისლიან ტყეში, უზარმაზარი ხეების ძირას მიმავალი… ნაკვალევს მივყვებოდით, იმიტომ რომ წინ მომავლები რაღაც მანძილის მერე ნისლში აღარ ჩანდნენ და “ალბათ აი ეს აღმართიც და მორჩა, ასულები ვიქნებით”-ის ძახილით ავედით ბოლომდე.
სურათების გადასაღებად გაჩერებას ვერ ვახერხებდი, მოძრაობისასაა ყველა თოვლიანი კადრი გადაღებული.

IMG_1570

ქვემოთ დაშვება რომ დავიწყეთ, ნისლის და თოვლის გამო გზაც და ხეებზე ნიშნებიც აღარ ჩანდა და ვარაუდით დავდიოდით, პარალელურად ჯნოსი და ბიჭები ბილიკს ეძებდნენ. ხანდახან ვჩერდებოდით კიდევაც. სამ ადგილას საყვარელი ღელე შეგვხვდა თოვლქვეშ მიმავალი და ზედ გადავიარეთ, რიგ-რიგობით, 30-მა ადამიანმა. არადა საკმაოდ საშიშია ასეთი თოვლი, რომ ჩატყდეს და ჩავარდე, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეთ და დაზარალებულს მიხედოთ… ყველაზე მეტი ადრენალინი მანდ მივიღე, სამჯერ რომ გადავიარე და თან წინასწარ წარმოვიდგინე/დავგეგმე, როგორ მეცლება ფეხქვეშ თოვლი, ვვარდები ყინულივით ცივ წყალში და როგორ უნდა გადავრჩე და ამოვფოფხდე. სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა, სპირტითაც კი დავიზილე და მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი ფიქრებში : )))))))))))
IMG_1571

რამდენიმე ადგილას ადამიანები დაცურდნენ, იანო კინაღამ ჩანთიანად ჩაიჩეხა მდინარეში, მაგრამ იყოჩაღა და ხესთან დამდნარ თოვლის ორმოში ჩახტა. მერე იყო და ხათომ წამოკრა ფეხი თავის საწვიმარს და ტალახიან უხეებო ფერდობში ჩავარდა, როგორ შეჩერდა, თვითონაც ვერ მიხვდა. სამი კაცი გადაება რომ ამოეყვანათ, გზადაგზა კინაღამ საწვიმრის საყელოთი მოახრჩვეს. კიდევ დაცურებულან ვიღაცეები, მე არ შევსწრებივარ, ყველაზე კარგად კი ჩემი დაცურებები მახსოვს.

სიარულით ასე უნდა გევლო: თოვლს ქუსლი ჩააჭირა, ჩათხარა, სიმკვრივე შეამოწმა, დააბიჯა, მეორე  ქუსლით გათხარა, შეამოწმა, დააბიჯა და ა.შ…. მე და პატაპუტინა მივფოფხავდით ერთად, თან ერთმანეთს ვამაგრებდით და უცებ რანაირად მოვახერხე, არ ვიცი, ფეხი დამისხლტა, მივქრივარ დაღმართზე, ვგრძნობ რომ ხათო ხელს არ მიშვებს და მომყვება. წინ ხე დავინახე, გავიფიქრე, ო, კაია, ამას ჩავეხუტები! ხელი გამიშვი თქო – ვიკივლე. გამიშვა, გავცურდი, ჩასახუტებლად შევემზადე და…. ხეს გვერდი ავუარე : )))) (აქ კადრსმიღმა ისმის ხათოს კივილი -პერწკლიიიიი) თან მიკვირს, თან ისე მშვიდად მივცურავ ამ დაღმართზე, თითქოს ქვემოთ ლეიბები მელოდებიან და ვფიქრობ, კი მაგრამ, ის ხე ცხვირწინ არ მქონდა? გახტა თუ რა ჯანდაბა ეტაკა? ამასობაში შემომხვდა ტალახი, ქუსლები მივარჭე, ჩანთაც დამაგრდა, ვიღაც ბიჭი მომვარდა და ამაყენა, ვდგავარ და ვიფხრიწები სიცილით.

224134_1888141616366_4340355_n

ამ დავარდნის მერე  უკვე აღარ მედარდებოდა დაცემა, გადავიღალე ან კონცენტრაცია მოვადუნე და სამ წუთში ერთხელ ბრახ და ვიქცეოდი, გავიცინებდი, ავდგებოდი და მივდიოდი და პიკი ის იყო, რეინჯერების ლოდინისას, შედარებით ვაკე ადგილას ჩანთის მოკიდება რომ ვცადე და ძირს გავიშოტე და თან სულაც არ შემრცხვა.

სამჯერ რომ გადავიარეთ წყალზე გადებულ თოვლის ხიდებზე,  უკვე დაიწყო ნერვების ფხანვა. ვისაც არ ეზარებოდა, ამტკიცებდა, რომ დაგვაღამდება, რომ აქ დავრჩებით, რომ ვაიმე და უიმე. ჯნოსმა ამასობაში რეინჯერებს დაურეკა და იმათ ამოგვაკითხეს, ბილიკზე დაგვაყენეს, როგორც იქნა, დამთავრდა თოვლი და დავეშვით სულ დაბლა-დაბლა, დაღმართ-დაღმართ. გზადაგზა ბასილა მომყვებოდა და რამდენიმე ადგილას გადაფოფხებაში დამეხმარა.

IMG_1580

სანამ იმ რეინჯერებს ველოდებოდით, რამოდენიმე ბიჭმა კოცონის დანთება ცადა, ალის დანახვაზეც კი გავთბით. სნიკერსი მედო ჩანთის ხელმისაწვდომ ჯიბეში და რამოდენიმე ადამინმა გავიყავით, ამან ცოტა ენერგიაც მოგვცა.
ვეშვებით, აი ის ნიშნები, რაც საყუარელი ნისლის გამო ვერ დავინახეთ კარგად.
პ.ს. რა ბედნიერი სახე მაქვს ))))))))

IMG_1590

გავივაკეთ, განათებული მონასტერიც გამოჩნდა მდინარის მეორე მხარეს, მივყვებით ამ ბილიკს და არ მთავრდება… თურმე მდინარე უნდა გადავლახოთ… საბედნიეროდ, სამი ბიჭის ანუ ბაქარის რაზმის დახმარებით სკუპ-სკუპით გადავხტი ქვებზე, მერე მორზე, მორიდან ციცაბო ნაპირზე, ვიღაც მიყვირის, რაც შეიძლება მაღლიდან გადადიო და მე ვიყო ცარიელი შპროტის ბანკა, თუ ვიცოდე როგორ ავცოცდი სლიკინა ტოტებზე მოჭიდებული სლიკინატალახიან ფერდობზე, მარცხნივ დავინახე ფაფასავით საფლობი ტალახი, სადაც ჩემს წინ მიმავალი მუხლამდე ჩაეფლო და ჩანთიანად ავხტი,  გვერდულად გადავკოტრიალდი და ბალახზე აღმოვჩნდი.

ათიოდე მეტრი აღმართზე ფეხით და რეინჯერების კოტეჯიც გამოჩნდა, იქ იყო სინათლე, თბილი ღუმელი, მშრალი ტანსაცმელი, ცხელი ყავა, სკამი, სადაც ჩამოჯდომა შეიძლებოდა და რბილი საწოლი, სადაც საძილე ტომრიანად ათწუთიანი ძილი გამოვაცხე.

ვიყავი სულ სველი, სულსულსულ, ტალახიანი, გამოვიცვალე, დავჯექი ღუმელთან და კეთილმა ადამიანმა მომცა ცხელი ყავა და მე ვსვამდი და არ მჯეროდა რომ მთელი ის ემოციები სულ ჩემი იყო, მე გამოვიარე ყველა ის თავგადასავალი და რაღა დაგიმალოთ და ვამაყობდი საკუთარი თავით.

საბედნიეროდ (ხო,ხო, საბედნიეროდ) 15-ოდე კაცი იმღამესვე გამოგვაკლდა, უმეტესად იმიტომ, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი დაუსველდათ ჩანთებში და სხვა გზაა არ ქონდათ, მიუხედავად ამისა, დასაძინებელი ადგილები ისევ დეფიციტური იყო და ზოგს მაგიდის ქვეშ ეძინა, ზოგს მაგიდაზე და ზოგს თავი ედო გასაშრობად ღუმელთან მილაგებულ ბათინკების არმიაზე. მე და პატაპუტინა ყველაზე პირველები დავწექით, მატრასიანი საწოლი შეგვხვდა და ვაიმე ეს იყო ნეტარება… )))) მთბილოდა, მრბილოდა და ალაგ-ალაგ ძილში სიმღერები მესმოდა, გვერდით ოთახში გათენებამდე მღეროდნენ და ქეიფობდნენ…

არ გადაგვრთოთ, გაგრძელება იქნება….

Advertisements

8 thoughts on “დედაბერას ნისლიან მთაზე დაკარგულები

  1. უფ, კაი რამე გამახსენე… დედაბერა ძალიან გვიყვარს და ყოველ წელს დავდიოდით და ყოველ წელს ვიკარგებოდით – მაგია მაგ ბილიკის ხიბლი. უცებ გამახსენდა ბილიკის საძებნად წინ რომ დავბორიალობდი, ზურგჩანთისთვის უკან მობრუნებულს როგორ ჩამიტყდა თოვლი და წელამდე ვიგრძენი სისველე…

    ბევრი გატყდა იმ დღეს, მეორეჯერ აქ არ წამოვალო იძახოდა ჩუმად, რისი ბუნებრივია მე არ მჯერა. ხოლო ისინი, ვინც დილამდე სიმღერით ახმაურებდა ნუნისის მიდამოებს ბევრჯერ გაბოდიალდება დასაკარგ ბილიკებზე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s