თუშური ჩემ-ფესვ-ტური II


ჩვენ ამ დღეს ორჯერ გაგვიმართლა, ორმაგად დავიკარგეთ:

  • დიკლოში მიმავლები ომალოს ბილიკს დავადექით
  • და ომალოს ბილიკზე დამდგრებმა ეგ ბილიკიც დავკარგეთ
  • კიდევ კარგი დავკარგეთ, გადავრეკეთ და დიკლოს ბილიკი მიგვასწავლეს
  • მეორე გამართლება-დათვის ბუნაგს ვესტუმრეთ და სახლში არ დაგვხვდა

ხოოოოდა, მეორე დღეს დილით წვიმიანი დილა რომ დავინახე, გულზე შემომეყარა, გამოვძვერი კარვიდან, გავშალე ცალი ფეხი, მივლასლასდი ნაკოცონარ ადგილთან და შევუშვირე ჩემი შავი შორტიკები გასაშრობად.

ამასობაში რკინის კრუშკები შემოდგეს ცეცხლზე, მე მივხვდი რომ ცხელი წყლის მათხოვრობას აზრი არ ქონდა, რიგში ისედაც ბევრი იდგა ჩემამდე, ალექსას გაზი გამახსენდა და ოლია მათხოვრის და აბეზარი ბუზის როლში შესულმა მივაჭერი, ფლიიიიზ ყავა თქო, ხოდა ასე და ამდაგვარად მე და ხათოს და კიდევ მაკას გვერგო ცხელი ქაფქაფა ყავა იმ ცივ დილას. (ალექსა ამასობაში მთის ქონდარს არეკლამებდა, მაგრამ ყავა ჩვენი არსობისა-ო მივუგეთ ჩვენ )


მერე წავცანცარდით მე და ხათო, წინა დღეს ალვანის სახლში შუქი დაგვეტოვებინა და გასაღები გამოატანეთ ბესოსო დამირეკა თამაზიმ, მივეცით გასაღებები, შევარჭეთ დასატენად ტელეფონ-ფოტოაპარატები, გავისეირნეთ დართლოში და დავალევინეთ თვალებს წყალი, ვითამაშეთ კდემამოსილი მანდილოსნების როლები, მე ამასობაში მივხვდი რატომ მქონდა შატილში “სახლშიდავბრუნდი” შეგრძნება, სიპისქვებიანი სახლების გამო, ხოდა ამასობაში სხვებიც მოვიდნენ, ბრაზიანმა შორენამ გვითხრა ეკლესიის ადგილიდან გამოდით დროზე, თორემ წვიმა მოგივათო (შორენასთვის ექსკლუზიურად არ გაწვიმდებოდა რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრზე ეტყობა :უსერ:)

ჩანთები დავტოვეთ, დიკლომდე უჩვენოდ წაიღებდა მანქანა და დავადექით ბილიკებს, რომლებითაც უნდა გადავსულიყავით დართლოდან დიკლოში ჩიღოს გავლით.

ჩიღომდე მარტივი იყო, თუ რამდენიმე ცხვრის ბინას არ ჩავთვლით, წარმოიდგინეთ, მიდიხარ შენთვის, უცებ ხედავ ცხვარს სადღაც შორს და მოექანება შენკენ კბილებდაღრჭენილი უზარმაზარი ქოფაკი და გიყეფს. თან ვიღაც ძაღლი აგვეკიდა და მთელი გზა წარმატებულად მიშლიდა ნერვს, იმიტომ რომ ძაღლის დანახვაზე უფრო წიოკდებოდნმენ ის ქოფაკები.

იდეაში მეცხვარის ძაღლი არ იკბინება, უბრალოდ გიყეფს და განახებს რომ “აქ მე ვარ და აბა დროზე დასტოვა ტერიტორია”, თუ ბილიკზე ერთად შეჯგუფდება რამდენიმე კაცი და მშვიდად გაივლის, ხელის ქნევის, ჯოხის მოღერების, ქვის სროლის, წივილ-კივილის და მსგავსი მანიპულაციების გარეშე, არც თვითონ არ ერჩის , ყეფა-ყეფით გააცილებს, სანამ იმ ტერიტორიას არ გადაცდება, რომელიც თვითონ აქვს “მონიშნულ-მისაკუთრებული” და შორს წასულსაც მიაყეფებს ერთ-ორს, პროფილაქტიკისთვის.

თავიდან ძალიან მეშინოდა, აი უძალიანესად, დიკლოდან გასულებიც არ ვიყავით, მეცხვარე შემოგვხვდა ცხვარი მიყავდა სადღაც და ეს მოგზაური ძაღლები ისეთი გაცოფებულები იყეფებოდნენ, ბოლო ხმაზე ვიკივლე გაიყვანეთ თქო, მოვიდა მერე, გვიშველა. მერე და მერე მივეჩვიე, ისინი ყეფდნენ, ჩვენ ერთად ვქუჩდებოდით და ნელა გავდიოდით ბილიკზე, აქეთ-იქიდან ძაღლები მოგვდევდნენ და ყეფდნენ, მეცხვარეები არც კი გვიმჩნევდნენ, ერთს გამოიხედავდნენ (ან არც გამოიხედავდნენ) და საქმეს აგრძელებდნენ, ამით კიდევ უფრო ვმშვიდდებოდი, ე.ი. იცის რომ არაფერს არ გვიზამენ თქო და ვაგრძელებდი ბილიკზე სიარულს.

იმჰო, თუ ცხვრის გადარეკვისას შემოხვდი და არა ჩვეულ ადგილას, კიდევ უფრო აგრესიულები არიან.

ხოდა ამასობაში მივედით ჩიღოში, დიდი არაფერი, პაწუკა სოფელი, ერთი ოჯახი დაგვხვდა სულ და იქაური მყეფარი, რომელსაც ჩვენი ძაღლი შემოეკბინა, საოჯახო სასტუმროც იყო, სამჯერადი კვებით 50 ლარიო, უკვებოდ 30. თითქმის ყველა სოფელშია მსგავსი სასტუმროები, დაგაძინებენ, გაჭმევენ, შხაპსაც მიგაღებინებენ.


იქ აგვიხსნეს რომ “ქვასთან მარჯვნივ უნდა გადაგვეხვია”, მერე მდინარე გადაგველახა ხიდით, მერე ბილიკით ავიდოდით, გადავივლიდით დიკლოს მთას და დავინახავდით მთის წვერიდან დიკლოს. ხოდა, ძალიან მოვინდომეთ და დავინახეთ “ქვა”, გადავუხვიეთ მარჯვნივ, დავიწყეთ დაშვება ციცაბო ბილიკზე, ტყეში, გავიგონეთ მდინარის ჩხრიალი, გაგვიხარდა, მივედით ახლოს და… მდინარეზე გადებულია ოთხი მორი, რამდენიმე ადგილას გარდიგარდმო სხვა მორით გამაგრებული, დაბლა ლოდებზე მოჩქეფს მდინარე და ვიღაც ღადაობს რომ ერთი ხელ-ფეხის აცდენა და ვსო, კაპუტ… ცურვა თუ არ იცი, მართლა 100% კაპუტ, თუ ცურვა იცი, ან გადარჩები ან არა, სწრაფი დინებაა და შეიძლება რომელიმე ლოდზე მიგახეთქოს.


წარმოდგენა რომ შეგექმნათ, აქ დაშვება ახალი დაწყებული გვაქვს არასწორ ბილიკზე და ხეობაში ჩავდიართ, სიღრმე არ ჩანს…


პირველები გერმანელი გოგო და ორი ჩვენი ბიჭი გადავიდნენ, მერე კიდევ სხვა გოგოები, მე ვიდექი და მუცელი ამტკივდა შიშისგან და სანამ სიმხდალე მომრევია წავალ თქო, ჩანთა ქსოვრელმა გადამიტანა, შარფი მოვიხსენი მხრებიდან (ბუზ-კოღო-ქინქლებს ძალიან გაუხარდათ) თავი ხელში ავიყვანე, მორებზე დავჯექი და ისე დავიწყე გადასვლა.

ამ დროს მთავარია, ძირს არ ჩაიხედო და პირდაპირ იყურო, თორემ მოგეჩვენება რომ ხიდი მდინარეში მიცურავს, დაგეხვევა თავბრუ და მოადენ ტყაპანს, ძალიან ვცდილობდი წინ მეყურა, მაგრამ ისიც ხომ უნდა დაინახო, რას კიდებ ხელს და სად ჯდები და უცებ მივხვდი რომ დამერხა, მეჩვენება რომ “მივცურავ”, თან საშინელი სისწრაფით, დავხუჭე თვალები, თავბრუმ უცებვე გამიარა, წამოვდექი და ახლა ოთხზე მდგარმა გავაგრძელე გადასვლა (აქ ზურგსუკან ვირაცის ყვირილი მომესმა, ხათო ყოფილა). ოთხით უფრო მარტივი აღმოჩნდა და ასე გავედი მეორე ნაპირზე. რეალურად, რომ არა ჩემი ცურვის არცოდნა, ძალიან მშვიდად გადასასვლელი ხიდი იყო, ჯუსტ ცოტა უნდა გაგეჭირვებინა და გეფოფხა.

მეორე ნაპირზე დაგვხვდა წელამდე ბლახები და ბილიკის არანაირი ნიშანწყალი, არადა უნდა ყოფილიყო. რატომღაც მდინარის მიმართულებით გადავწყვიტეთ წასვლა, გავუყევით ნაპირს, ჯუნგლი, ბლახი, ბუზი, კოღო, ჩახერგილი ტყე, წაქცეული მორები, ზოგგან დამპალი, უამრავი ტყის მარწყვი (გამოვკსტი, ისეთი გემრიელი იყო), ალაგ-ალაგ დათვის ნაგორავები. პარალელურ რეჟიმში რამდენიმე კაცი ცდილობდა სწორი მიმართულების დადგენას.

ნაგორავებს რომ გადავაწყდით და დათვი ვახსენეთ, ნაიამ მოიმარჯვა მობილური და რომელიღაცა კეთილი ადამიანის და შემდგომ მეორე კეთილი მწყემსის დახმარებით და რჩევით დავბრუნდით უკან, ისევ გადავფოფხდით იმ ხიდზე (დიდხანს ვბჭობდით ღირდა თუ არა გადასვლა, ნაწილი ამტკიცებდა რომ დიკლო მაინც აქეთ მხარესაა და ასევე უნდა ავაჭართ მდინარის გაყოლებაზეო), უკან გადაფოფხება უფრო რთული აღმოჩნდა, მეორე ნაპირი ამჯერად უფრო მაღლა იყო ვიდრე აქეთა და ხიდის ბოლოსკენ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უკან ვვარდებოდი.

ავიარეთ ის აღმართი უკან. უფრო სწორად, ავფოფხდით, ასვლა არ ერქვა ამას. წყალიც გვითავდებოდა და თან ნერვი მეშლებოდა, იმხელა დაღმართ-აღმართს რომ მივასკდით უაზროდ. გზადაგზა წამდაუწუმ ვჩერდებოდით და მე სერიოზულად ვიფიქრე ჩიღოში გაგვეთია ღამე, მეორე დღეს გადავიდოდით დიკლოში, ფიფლებმა არაო და ნუ კაი, ავფოფხდით როგორც იქნა ზემოთ, ქსოვრელის ჩხუბის თანხლებით, დავინახეთ ნანგრევები და ნაიას მეცხვარის მითითების მიხევით დავეშვით ქვემოთ, მერე იყო ხიდი, ხიდის ზემოთ წყარო, სადაც თვალებში გამოვიდეხედეთ და შევუდექით ბილიკს სულ ზემოთ და ზემოთ, ალაგ მდელოზე, ალაგ ტყეში, თან სერპანტინებად იყო ეს ბილიკი და სადაც დასასვენებლად დავჯექით ყველგან ქონდარი გავჭყლიტეთ და ეს ლაშქრობა ამ სუნთან ასოცირდება ჩემთვის. ზოგადად, ძალიან მინდოდა დამეჩივლა დავიღალე თქო, მაგრამ ერთ-ერთ მოლაშქრეს მუხლი ქონდა ნატკენი, ტკივილგამაყუჩებელი დალია და ისე მოდიოდა, ორი ჯოხით და იმას რომ ვუყურებდი, ვკეტავდი და გზას ვაგრძელებდი ჩუმად.


ის ნამდვილი ხიდი რომ დავინახე, მეორე სუნთქვა გამეხსნა

გზადაგზა არყის ხეების ტყეს შევხვდით, თუშეთში და არყის ხეები, არ ველოდებოდი.


წიწვიანების იყო ალაგ-ალაგ

ამასობაში ჩამოღამდა, ფაქტიურად ოთხით მივფოფხდი მთის წვერამდე, საიდანაც დიკლო ჩანდა და ქვებზე დავეხეთქე დასასვენებლად. მციოდა, მყინავდა, თბილი არაფერი არ წამოვიღე რატომღაც (შტერ) და საწვიმარში გავეხვიე.

წვერზე საყვარელი მესაზღვრე დაგვხვდა, ცოტაზე გაგვაცილა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ძაღლების დანახვისას შევჯგუფებულიყავით და ისე გაგვევლო, დაგვემშვიდობა და ჩვენ სრულ უკუნეთში გავაგრძელეთ გზა, ტყეში.


დიკლოს ახლოს ძაღლების ყეფა გავიგონეთ, ვიცადეთ იქნებ ვინმე გამოვიდესო (ახლოს ისმოდა ყეფა), არავინ რომ არ გამოვიდა, რაღას ვიზამდით, წავცანცარდით და აღმოჩნდა რომ საერთოდაც მეორე მთაზე ყეფდნენ ის ძაღლები.


სოფელთან არმისული ჯიპის ეკიპაჟს დაენთო ცეცხლი და გველოდებოდნენ, ისე უბოდიშოდ დავასკდი პარალონზე, არც კი მიკითხავს შეიძლებოდა თუ არა და რაღაც პურს წავეპოტინე. ვერ შევჭამე, თავი არ მქონდა, გადავაგდე, ვიჯექი და ცეცხლზე ვლღვებოდი.

ამასობაში ჩვენი ბარგიც მოიტანეს და მოდით აქო დაგვირეკეს სოფლიდან, წავჩანჩალდი, ახლა უკვე ავტოპილოტზე (მომთენთა ცეცხლმა) კინაღამ კრაზანების თაიგული დამრჩა, გზადაგზა რომ ვაგროვე, ჩავედით სოფელში, ახლა იქ დავსხედით რაღაც სკამზე… ხოდა ისხდნენ ის ქალები და ჩაღმურად ქოთქოთებდნენ რა უთავბოლო ხალხიაო, თავი რომ ვერ შევიკავე და პასუხი რომ გავეცი ცოტაარიყოს გაუკვირდათ, როგორ გავიგე რას ლაპარაკობდნენ, მერე ავუხსენი რომ თუში ვიყავი და ახლა ის გაუკვირდათ, რატომ ჩაღმურად არ ვლაპარაკობდი. მერე გამომკითხეს ვინ ვიყავი და ააა, საბდოს გერის შვილი ხარ-ო? (საბედა ბაბუაჩემის მეშვიდე თუ მეექვსე ცოლია, ანუ ჩემი ბებიანაცვალი)… საბედნიეროდ გამოკითხვა ამით დამთავრდა და ლეონკე ბელადიძემ მოგვაკითხა, სახლის კარი გაგვიღო…


მე სასწრაფოდ ყველაზე რბილი ლოგინი დავიკავე ჩემთვის და ხათოსთვის, იქვე მდგარი სავარძელი საწყობად გამოვიყენე, დავიკიდე ყველანაირი ხმაური-ყაყანი-ვიღაცისფეხის და კედლებში გამჯდარი ცხვრის სუნი, პლედი დავიფარე ფეხებთან, ტანსაცმლიანად ჩავძვერი საძილეში, ისე რომ შარვლის ღილიც კი არ გამიხსნია, გადავბრუნდი კედლისკენ, არადა არ მეძინებოდა, უბრალოდ, არაფრის თავი აღარ მქონდა, დაღლილობისგან გული მერეოდა, თან ძალიანძალიან მშიოდა და ვნატრობდი ნეტა ვინმე მოიფიქრებდეს, პურის ფინჩხას შემომთავაზებდეს თქო მარა ვის ქონდა ჩემი თავი ყველა გაჭირვებული იყო იქ.

ბუნდოვნად მახოვს როგორ ხმაურობდნენ და ჭამდნენ ვიღაცეები ოთახის მეორე ბოლოში, როგორ ომახიანად გეგმავდა ნიკოლოზი რაღაცას, როგორ ჩაძვრა ხათო საძილეში და რაღაცეებს იძახდა (თუ არ იძახდა?), როგორ შევუღრინე რომელიღაც ტიპს, შენი ფეხსაცმელი ოთახიდან გაიტანე თქო, როგორ იმტკიცებდნენ ვიღაცეები საწოლებს და წინ და უკან დაათრევდნენ ლეიბებს და მერე აღარაფერი არ მახსოვს მეორე დილამდე, როცა შორენა შემოჩხუბდა ოთახში, ადექით, ორეთის ტბაზე უნდა წავიდეთ ცხენებითო….

პ.ს. ოდესმე თუ დართლოდან დიკლოში ფეხით გადასვლას დააპირებთ – დართლოდან ჩიღომდე მართლა ერთადერთი ბილიკი მიდის, ჩიღოში რომ შეხვალთ, სოფლის გავლით ქვემოთ უნდა დაეშვათ, გადალახოთ პატარა ღელე/ხევი ქვებზე სკუპსკუპით, გაყვეთ მარცხენა, ყველაზე ზემოთა ბილიკს, ბილიკი მოუხვევს და აიწევს ცოტა ზემოთ, ცოტას გაივლით და დაინახავთ ნანგრევებს (სოფლიდან გამოსვლიდან ასე 10-15 წუთში ან არც), დაეშვებით დაბლა ისე რომ ნანგრევები მარჯვნივ დარჩეს, ბილიკზე შემოგხვდებათ დიდი წითელი ქვა და წახვალთ მარჯვნივ, ზიგზაგისებურად ეშვება ბილიკი ტყეში, ზოგგან მაღალ ბლახებში იკარგება და წყლიანდება და რუს გავს და არ შეიმჩნიოთ, გააგრძელეთ გზა, მიადგებით ადამიანურმორებიან ხიდს, ხიდთანვე გრძელდება ბილიკი, რომელიც ადის მარჯვნივ და ზემოთ და რაც მთავარია, 5-ოდე წუთში გხვდებათ წყარო, ასერომ მდინარის წყლის ამოხაპვით თავს ნუ მოიკლავთ. მერე გაყვებით ამ ბილიკს, ივლით-ივლით, ერთადერთია და ვერ დაიკარგებით. მთის წვერზე ცოტა მდელოზე იკარგებასავით მარა უკვე იმ ადგილას, საიდანაც დიკლოც მოჩანს. მერე ძაღლებია და უნდა შეჯგუფდეთ, მერე გზა ისევ ტყეში შევა და ისევ ვერ დაიკარგებით და ასე ჩაბილიკდებით დიკლოში და არ დაგავიწყდეთ მანდაურობა მომიკითხეთ და გულნაზის გადაეცით დიდი მადლობა შხაპისთვის და საყვედური ძროხის ყველის და არაკოტრული ხაჭაპურებისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s