პრომეთესკენ მიმავალი გზა რომელიც კუჭზე გადიოდა


მიყვარს, როცა ადამიანებს შეუძლიათ, ყველაფრის მიუხედავად, აი ასე, უცებ, აიღონ ჩანთები და ყოველგვარი გეგმის გარეშე გაუდნენ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს სადმე.


პარასკევს დილით ყაზბეგში მივდიოდი, საღამოსკენ ბორჯომი გადავწყვიტე, შაბათს დილის ათ საათზე ქუთაისის მარშუტკაში ვიჯექი და სადღაც რომელიღაც მღვიმეში მივდიოდით მე, ხათო, იმედა და გიორგი.

ბავშვი რომ მიგყავს სადმე და ხუთ წუთში ერთხელ კითხულობს, როდის ჩავალთო, აი ის ტიპი ვიყავი მე იქითა გზაზე, სანამ სადგურთან მდგარ მაკდონალდსში არ შევედით და ჩიზი და ყავა არ დავიდგი წინ და მივხვდი რომ სამყარო მშვენიერი და ფერადია.



პრომეთეს მღვიმის ძიებაში ცოტა ვიბოდიალეთ და დავასკვენი, რომ:

  • ქუთაისში და მიმდებარე ტერიტორიებზე ყველა მარშუტკა რატომღაც ლარი ღირს, სადაც არ უნდა მიდიოდეს ის
  • ზურგჩანთიანი ადამიანი უცხოელი გონიათ (თუმცა, ორი წითელთმიანი და ორი ქერა ცოტა დამაბნეველია, ვიცი) და ისტერიულად იწყებენ მის ლანძღვას ან შეცოდებას (აბა ახლა ამათი ცხოვრება ცხოვრებააო?)
  • და როგორც კი ქართულად დავილაპარაკებდით ყველას იმედები უცრუვდებოდა
  • ბავშვები უფრო თამამებიარიან და “ჰელოუ”-ზე ჩვენს “გამარჯობას” აიგნორებდნენ და ლამის სამჯერ მოგვესალმა ვიღაც საყვარელი პატარა ბიჭი

ხოდა გამოვედით მაკიდან, გავუყევით გზას, ვიყიდეთ მაღაზიაში არაქისი, კეტჩუპი, პური, სემიჩკა, მწნილი, (ჩემს ჩანთაში იყო სამი შეკვრა მდნარი ყველი+ხლებციც+შოკოლადიც) ალაგებს გიორგი ჩანთაში და უცებ გაუფართოვდა თვალები და “ეს უნდა ვჭამოთ ორი დღეე?” და დაამატა ძეხვი და შესქელებული რძე. არადა ჩემთვის რომ გეკითხა, ზედმეტიც კი გვქონდა. მოგვიანებით მე და ხათომ დავასკვენით რომ მამრები რაღაც განსაკუთრებულად ჭედავენ საჭმელზე, აი ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ყავაზე…



ასე ორი თუ სამი მარშუტკის გამოცვლის მერე მივედით ყუმისთავში, ქუთაისიდან ჯერ წყალტუბოს გადიხარ და მერეა ყუმისთავი, ანუ პრომეთეს მღვიმე. ტესტირების რეჟიმში მუშაობდა, შესვლა უფასო იყო და ხალხი დედაბუდიანად იყო მოსული, ახალშობილიც კი შევნიშნეთ იქვე. ჩვენ 23-ე ჯგუში ჩავეწერეთ და ჯერ მხოლოდ მეცამეტე შედიოდა, ყოველ თხუთმეტ წუთში შეყავდათ ჯგუფები, მაგრამ ისა, დიდხანს ლოდინმა არ მოგვიწია იმიტომ რომ ხალხს სავარაუდოდ, ძალიან დაეზარა ლოდინი და უცებ, ანუ ასე საათნახევარში შევედით, შესვლის წინ ვიღაც დეიდამ საყვარლად დამაშინა, იქ ღამურები იქნება, ყინავს, და საერთოდაც ძალიან საშიშიაო.



საშიში არ ვიცი და იმის გაცნობიერება, რომ მიწის ქვეშ დადიხარ, ცოტა ისა… ლამაზი იყო, ჰაერი ნესტიანი, გრილი, სულაცარცივი, სტალაქვიღაცეებიც კაი ტიპები იყვნენ, მაგრამ ხელის შეხება არ შეიძლებოდა.

გამოსასვლელში მოხუცი დაგვხვდა, რომელიც თურმე აგერ უკვე 70 წელია, გამოქვაბულს დარაჯობს.

საყვარელი, ძლივსღა იდგა ფეხზე, ჯოხით ხელში და სიბერეს არ ეპუებოდა.



ყუმისთავიდან მარშუტკას გამოვყევით ვიღაც არქეოლოგი გოგოების ჯგუფთან და მღვიმის გამცილებელთან ერთად ხოდა იმ გამცილებელმა რატომღაც გადაწყვიტა რომ სათაფლიის გადასახვევთან კი არა, 500 მეტრით იქით უნდაჩამოვსულიყავით, წყალტუბოს “ცენტრში”. აქ ისევ ვიყიდეთ რამეები, ანუ პამიდორი და პეჩენიები და შევუდექით გზას ფეხით.

ძალიან არ მიყვარს ასფალტიან გზაზე ბოდიალი, ამიტომაც თუ სადმე რამემ გაიარა ყველას და ყველაფერს ხელები ვუქნიე, ამასობაში გიორგი ყველა მაღაზიასთან, რაც კი შემოგვხვდა, იმაზე მსჯელობას იწყებდა, კიდევ ხომ არ გვეყიდა რამე, იმიტომ რომ ცოტა საჭმელი გვაქვს.



საბოლოოდ, ერთი თავისითგაჩერებული სვანმძღოლიანი და ერთიც ჩემგაჩერებული სათაფლიელი თანამშრომლის წყალობით მივაღწიეთ მინდორს, ნაკრძალამდე არმისული, სადაც იყო სწორი ადგილი კარვისთვის, 50 მეტრში წყარო და გარშემო (ერთი შეხედვით) ტყე, შეშისთვის.

არასოდეს, არც ერთ ტყეში, არც ერთ ლაშქრობაში არ გვიწვალია ამდენი ორი კონა ფიჩხისთვის. ხეების გამხმარი ტოტები ვტეხეთ, ძირს დაყრილი ფიჩხები ვაგროვეთ, ეკლებში ვიძრომიალეთ იმისთვის რომ დიდი ტოტი გვეშოვნა. ერთს ეკლებიანი ბარდი ეჭირა და ანათებდა , მეორე ტეხავდა, მერე მეორე იჭერდა იმ ეკლიან ბარდს და პირველი მოტეხილ შეშებს მიათრევდა. ბარდების ეკლები ცალკე ხომ გვერჭობოდა და იმ ხეებსაც ეკლები ქონდათ და ისინიც მწარედ ირჭობინებოდნენ, ერთი ჯაჯგურისას პირდაპირ ფრჩხილში გამერჭო და ცოტა ხანი ჰიტლერივით დავდიოდი ხელაწეული, როგორმე ტკივილი რომ შემეცოტავებინა.



მერე წყაროზე წავედით, სანამ პამიდორები ირეცხებოდა და ბოთლები წყლით ივსებოდა რომ ბანაკში დარჩენილი ხალხისთვის მიგვეტანა დასალევად, (აქ უნდა დავწერო, რომ ხათომ თერმოსი მოგვცა წყლისთვის და თურმე შიგ ყავა ყოფილა და გადმოისხა და კინაღამ თან გავყევი, ისე მინდოდა კბილი მიკაწკაწებდა), აღმოვაჩინეთ რომ წყლის რეზერვუარში ანუ საიდანაც ეს წყარო გადმოდიოდა, ძალიან საყვარელ ბაყაყს ეძინა.

ხოდა, გვქონდა კარავი, კოცონი, ქარი, და ძალიან ვარსკვლავიანი ცა და ვიწექით პარალონებზე, საძილეებში გახვეულები, ვუყურებდით ცას და მე ვფიქრობდი რომ აი რა სისულელეა, კოსმოსში მივფრინავთ და სამყაროს მიკრონაწილაკები ვართ არა ისა…

და მე არ ვიცი რა ვუჯადოქრეთ წივწივას კარავს ასეთი, რომელიც მთელი ღამე თავზე გვემხობოდა, რამდენი ქარი დაუბერავდა იმდენი თავიდან ვაწყობდით კარავს, თან შიგნიდან, ხელების ფათურით. ცოტა რომ გამოთენდა, მერე საერთოდაც იმედა ადგა და ჯოხებს უჩხიკინა, მერე მეც ავდექი და ვუჩხიკინე და ამასობაში ხათომ ისეთი სახით გაიღვიძა, თავზე საძილე წაიფარა და გადაბრუნდა, მივხვდი, ჯობდა სასწრაფოდ მოგვეკეტა და დაგვეძინა.



სათაფლიამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი და წავცახცახდით, მე მწყუროდა წყალი და მინდოდა ყავა, ერთი კილომეტრი გავიარეთ აღმართ-აღმართ და მე საკუთარ თავს ვპირდებოდი რომ აი ცოტაც, მალე მიხვალ და მე შენ ყავას დაგალევინებ და აი ავიარე ბოლო აღმართი, დავაგდე ჩანთა, მივვარდი მოლარეს, ხეპლ მი, სადაა აქ წყალი? და პასუხი- დაღმართზე ჩადი და მოსახვევში იქნება და ვაიმე, აი ვაიმევაიმევაიმე! ამხელა ფილარმონია სათაფლიაა, ექვსი ლარი ღირს შესვლა და ერთადერთი, ქეციანი, უქეციანესი წყაროა შესასვლელიდან 50 მეტრში და აი მე მოვედი ზურგჩანთიანი ამოფოფხებული ფეხით და თურმე უკან უნდა დავბრუნდე რომ წყალი დავლიო… კერქით რა :/

ვიშოვეთ წყალი, ყავები, გამოვიხედე თვალებში და ვიგრძენი რომ აი ემ სოუ ხეპი და სანამ ბიჭები სათაფლიას ათვალიერებდნენ, ჩვენ გარეთ ვიჯექით, ყავას ვსვამდით და ისა…



მერე იყო ბოდიალი ქუთაისში, საჭმლის ძიება-ძიებაში აღმოვაჩინე რომ აქურობა ლამაზი ყოფილა, უგემურზე უგემური ხინკლები ქუთაისის მაჭახელაში, (თუმცა ეს ხინკლები სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბიჭებს სახეზე ბედნიერი ღიმილი დაბრუნებოდათ) ჩემს მიერ სამჯერ ოფიციანტის მიერ წაღებას გადარჩენილი ლიკანის ცარიელი ბოთლი (შიგ წყალი ესხა და გადამიქციეს და რად მინდოდა არ ვიცი მარა ხელს არ ვუშვებდი)



და მერე ვნახეთ ლიკა და წავედით მოწამეთაში და ისა, იქ იწერდნენ ჯვარს ისინი, მონადირე და მარმენიო და ძალიან ლამაზი იყო ის ცერემონია, ხანჯლების წკარუნის ქვეშ რომ გამოვიდნენ ეკლესიიდან და მე მივხვდი რომ ასეთი ჯვრისწერა/ქორწილში არის რაღაც, ისეთი, ქართულსულიანი.

ხოდა მერე კიდევ შევედით მაკში და ვჭამეთ რამეები (მე მოვასწარი და მგონი ვიღაცას ვეჩხუბე იმიტომ რომ კატაზე ვდარდობდი და ისა) და წამოვედით სახლში.



დასკვნებისნაირი რამეები:

  1. ყველაზე ძალიან ასეთი, არეულდარეული, სადაცდაგიღამდებაიქდაბანაკებადი და ცოტაადამიანი ლაშქრობები მიყვარს მე
  2. ლაშქრობებში დალეულ ყავებზე გემრიელი ყავები მე ჯერ არსად არ დამილევია
  3. კაცების გზა კუჭზე გადის, ქალებისა ყავაზე
  4. ადამიანების უმეტესობა ისე კვდება, რომ იქვე, ყურისძირში მდებარე ულამაზეს ადგილებს რატომღაც არ ნახულობს.
  5. ყუმისთავის (პრომეთს) მღვიმე ჩემთვის სამუდამოდ იმ მოხუც ბაბუასთან იქნება ასოცირებული, 70 წელი რომ იცავდა.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s