მთ(ლ)იანი აჭარა (I)


რა სევდიანია, რომ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც საბოდიალოდ დავდიოდი, უკვე თვეებია, აღარ მინახავს.

რა სევდიანია, რომ საუკეთესო მეგობარი მხოლოდ მაშინ გახსენდება, როცა მისი “სახლისკენ” მიმავალ გზას ადგახარ.

რა სევდიანია, რომ…

მე კი, ტრადიციულად, თბილისიდან გავრბივარ, უცხო ხალხი, უცხო გარემო, უცხო, უცხო, უცხო, არაჩვეულებრივი, არაჩემნაირი, არაშეჩვეული, არშეჩვევადი, ოღონდ არა ის, რაც უკვე არის.

ხოდა, მოკლედ, ავიღე ბარგი და წავჩანჩალდი, უკან მრჩებოდა ფეხები, ხელები, თავი და საერთოდაც ღნავილი უფრო მინდოდა, ვიდრე იმწამს იმ მარშუტკაში ჯდომა და არაშის მოსმენა. (თუ ვინ იყო იქ ის ჟღავილა ტიპი ორნოტიანი სიმღერით).

პირველი გაჩერება ახალციხე იყო. არასოდეს ვყოფილვარ ახალციხეში, მხოლოდ გვერდს ვუვლიდი და გულწრფელად გამიკვირდა, როცა მწვანე გაზონები აღმოვაჩინე და კიდევ ხეები, ეზოებში. ისეთი უფერული და მტვრიანი ჩანდა ხოლმე, რავიცი.

ახალციხეში ლოგინზე მეძინა (აქ დიდი ვაშა), დილით აბაზანაში ერთ-ერთი პირველი შევედი, მერე ჩაიდანი დავადგი, ყავა დავისხი, აივანზე გავედი და დილის ყავას “ჩავუჯექი”.

მერე წავედით… აი მომკალი და არ მახსოვს სად წავედით, ერთი ის ვიცი, რომ ძალიან ბევრს დავდიოდით და მეტრანახევრიანი მე ვერ ვეტეოდი სკამში და გულწრფელად მეცოდებოდა იქვე მჯდომი ორმეტრიანი ბიჭი, რომელიც მთეეეეელი გზა ცდილობდა რამენაირად მოთავსებულიყო და კიდევ ზვიადის მარშუტკა მენატრებოდა.

მივიდოდით, გავჩერდებოდით, კამერას გავაჩხლაკუნებდით, ჩავსხდებოდით, წავიდოდით, მივიდოდით, კამერას გავაჩხლაკუნებდით, ჩავსხდებოდით, წამოვიდოდით.

გოდერძის უღელტეხილზე მინდოდა მეთქვა ერთი-ორი სიტყვა: ლამაზია! და ოდესმე ფეხით გავივლი, თავიდან ბოლომდე.

ვიარეთ-ვიარეთ და მივედით ბეშუმამდე, იყო ნისლი, სიცივე, წვიმა, ქარი და თოვლის ნაგლეჯები და ხის სახლები და ბევრი ხის სახლები და კიდევ ძროხები, უცნაური ზმუილა ხმებით და ჩვენ ჩამოვედით მარშუტკიდან და გავუყევით გზას ფეხით, მწუნე ტბამდე (არადა შაბიამნისფერია). ბეშუმი ძალიან გავს ბახმაროს, ოღონდ აქ სახლები უფრო დიდია, მხოლოდ ხისგან ნაშენი და შორი-შორს განლაგებული.

ვიარეთ-ვიარეთ-ვიარეთ და მივედით და ვნახეთ მომწვანოსფერი ტბა, გზაზე შემოგვხვდა ბევრი ჭრელრქებიანი ძროხები და ჩამოგლეჯილი ბავშვები და მწყემსები. მე მეცვა კვასკვასა სტაფილოსფერი უზარმაზარი პონჩოს სტილის საწვიმარი და ჩემთვის ჩუმად მეშინოდა ხარების. მერე ერთი მწყემსი გამოვიჭირე და ვკითხე რამდენად საშიში იყო. დამცინ-დამამშვიდა.

მოლაშქრეების უმეტესობა სულმთლად დასველდა, მე მხოლოდ ბათინკი დამისველდა, ისიც იმიტომ, რომ კარგად ვერ გადავხტი და უკანა გზაზე მომდინარო რაღაცაში ცალი ფეხი ჩამივარდა. ხოდა ახლა წარმოიდგინეთ ერთი ციდა მარშუტკა, სადაც 18 კაცი იცვლის ტანსაცმელს…

ხოდა მერე ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მე იმ სტადიაში გადავედი, რომ იღრინები და მიქელანჯელოს დავითიც კი ცალ ფეხზე რომ გკიდია, ხალხის უმეტესობა ქობულეთისკენ წასვლას ითხოვდა, მაგრამ ორგანიზატორმა ქვა ააგდო, თავი შეუშვირა, ხმა ჩაგვაწყვეტინა, ვიღაც მუსულმანი ბიჭი მოძებნა რუსულსამანქანენიშნიანი მანქანიდან გადმოსული და წავედით ღორჯომის მეჩეთის სანახავად. ყოველი მოსახვევის მერე მეგონა, რომ მოვედით, მაგრამ უშედეგოდ. ბოლობოლო რომ მოვედით მეჩეთამდე, აღმოჩნდა, რომ ორი ბორბალი ჭკა და ამ სოფელში უნდა დავრჩეთ.

ვა-ი-მე!

განა რა, მაგრამ იმ მანქანის რუსულ ნომრებზე გავჭედე თავიდანვე და კატეგორიულად არ მინდოდა იმ სოფელში ღამის გათევა, კაცმა არ იცის სად და ვისთან და როგორ.

არადა…

ბათუმის პიაცას თუ არ ჩავთვლით, ერთ-ერთი საუკეთესო აგილი იყო.

შევესიეთ ყოფილი გამგებელის ოჯახს, დავალაგეთ ჩანთები, დავიკავეთ საწოლები, დავფინეთ სველი ტანსაცმელი და მივაფიცხეთ ღუმელს ფეხსაცმელები (ზუსტად ისე, როგორც ნუნისში), ვისაც დასაფენი ადგილი არ შეხვდა, ხელში ეჭირა და ისე აშრობდა.

ხალხის ნაწილი საჭმელს მოეზიდებოდა, იქვე რამდენიმე მამრი ფეხბურთს მიაშტერდა, გოგოები ჭორაობდნენ, მეზობელი ქალები შემოვიდნენ, ჩამოსხდნენ და ჩვენ გვაკვირდებოდნენ მდუმარედ, მე ღუმელთან ვლხვებოდი და ველოდებოდი როდის მოდუღდებოდა პირდაპირ ღუმელზე დადგმული ყავის ჭიქები.

ბორანო

ბორანო

ამასობაში სუფრა გაიშალა და ვეცით დამშეულები. იყო ფიჭის თაფლი, ჯუსტ თაფლი, ცხიმში მოხარშული თუ მოხრაკული ყველი- ბორანო და გაწურული მაწონი, რომელიც კონსისტენციით ნადუღს წააგავდა და ისეთი მჟავე იყო, პირს შუშხავდა. კიდევ გვქონდა ლადოს მამის გამოტანებული წითელი ღვინო ახალციხიდან და იყო მნამ-მნამ.

მე არ მომეწონა ბორანო, ყველი ძალიან მკვრივი და მლაშე იყო, ცხიმი კი ისედაც არ მიყვარს. მეორედ არ გავსინჯავდი. ისევე, როგორც ბახმაროში კაიმაღს.

იმჰო, მთაში, სადაც არ უნდა წახვიდე, უამრავი ცხიმის, ყველის, ხაჭოს და მაწვნის რამენაირი კომბინაციისგან გაკეთებული საჭმელი აუცილებლად ექნებათ ადგილობრივებს.

მეჩეთი არ მინახავს, დამეზარა, ფეხზე სიფრიფანა ბოტასები მეცვა და დამესვრებ-წყლი შემივიდოდა  და მეტი აღარ მქონდა. (საერთოდ ამ გასვლაში ძალიან ბევრი რამე დამეზარა რატომღაც), სამაგიეროდ დიასახლისებთან ვიჭუკჭუკე.

:გაგრძელება იქნება თუ არ დამეზარება:

Advertisements

4 thoughts on “მთ(ლ)იანი აჭარა (I)

  1. ბეშუმში ნამყოფი ვარ,ვგიჟდები მაგ ადგილზე=))) კაიმაღიც მიყვარს,ბორანო შენ ცოტა ცუდად გაკეთებული მიგირთმევია,(სურათით ვასკვნი),მასეთი ძაან ცხიმიანი არ უნდა იყოს და ყველიც რბილდება წესით=))

  2. […] მაღალმთიანი აჭარა, ღორჯომია ეს მგონი. აქ მეჩეთის სანახავად ავეხეტეთ, მძღოლს საბურავი გაუფუჭდა და ყოფილი გამგებლის ოჯახში ამოვყავით თავი. შეშის ღუმელზე, პირდაპირ ჭიქებში მოდუღებული ყავა დაგვალევინეს. სახლები მთლიანად ხისგანაა გაკეთებული და ხის სუნი დგას სახლში. ზამთრობით გზა ზოგჯერ იკეტება, ამიტომ მასპინძლის ასე 6-7 წლის გოგონა სახლში გავაჩინეო, დედამისმა. […]

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s