არ მოკვდე, სანამ ცოცხალი ხარ


არ გეშინია, ტყეში რომ გიღამდებაო?

არა!

სამაგიეროდ სუნთქვის შეკვრამდე და ჩუმ ისტერიკამდე  მეშინია ომის, არეულობების, სტიქიის.

ამას მირჩევნია სალ კლდეზე გამავალ ბილიკზე ვეკიდო, ტყეში ვიყო დაკარგული მგლის ხროვის პირისპირ ან აალებული შენობიდან თავის დაღწევაზე ვზრუნავდე.

უმწეობის შეგრძნება ხომ იცით რა არის? როცა შენი სიცოცხლე და შენი ბედ-იღბალი სხვის ხელშია, როცა თავის გადასარჩენად ვერაფერს ვერ აკეთებ, იმიტომ, რომ უბრალოდ, არ იცი, მომდევნო ბომბი სად დაეცემა, ყველაფერი გაურკვეველია და ბუნდოვანი და ერთადერთი, რაც დაგრჩენია უმწეო ბოღმაა, რომელიც გახრჩობს და სუნთქვის საშუალებასაც კი არ გაძლევს.

მეზიზღება უმწეობის შეგრძნება, იმ უმწეობის, როცა ბოღმისგან გინდა იყვირო, მიწა მოფხოჭნო, მუშტები ურტყა, წიხლები დაუშინო და ამ დროს ხელ-ფეხი გაქვს შეკრული და ვერ იძვრი.  ის უმწეობის ბოღმა, რომელიც რაციონალური აზროვნების ადგილს აღარ გიტოვებს და ერთადერთი, რაც იმწამს გინდა, მორჩეს, დამთავრდეს, განადგურდეს, მოკვდეს, აორთქლდეს ის მიზეზი, რაც ამხელა ბოღმას აგროვებს შენში.

ბევრჯერ ხრამის კიდეზე მივლია, ბევრჯერ მიფიქრია, აი ახლა კი უეჭველი კისერს მოვიტეხავ თქო, მიფორთხია, უკანასკნელი ძალებით მივლია, თავბრუსხვევა დამიძლევია სიმაღლიდან ძირს ჩახედილს და გზა სიცილით გამიგრძელებია. ისე დავცემულვარ, მეგონა ვეღარ ავდგებოდი, მაინც ავმდგარვარ და კილომეტრები მივლია. და არასოდეს, არასოდეს არ გამჭირვებია სუნთქვა, იმიტომ, რომ იმწუთას ჩემი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ მე მეკუთვნოდა, ჩემზე იყო დამოკიდებული და მე თავისუფალი ვიყავი. ისეთი თავისუფალი, როგორიც ვერასოდეს ვერსად ვერ იქნები. როცა ნებისმიერ წამს შეგიძლია ღრმად ჩაისუნთქო, ხელი გაუშვა და ყველაფერი დამთავრდება, სულ რამოდენიმე წამში, უმტკივნეულოდ. ან შეგიძლია სიცოცხლე აირჩიო და იარო, იფოფხო, აეწოდო, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, საიდანღაც სასწაულით გამოჩენილ უკანასკნელისშემდგომ ძალებამდე. და ის, სად იქნები და როგორ იქნები, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და არა სტიქიის ნებაზე, ბრბოს ნებაზე, ვიღაც ზემდგომის მიერ გაცემული ბრძანების ნებაზე…
მემგონი ის დროა, ტყეში გავიხიზნო.

 

Advertisements

3 thoughts on “არ მოკვდე, სანამ ცოცხალი ხარ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s