კახისის ტბა, ანუ როგორ ვიღრძე ფეხი


კახისის ტბა სადღაც იქაა, ბორჯომთან ახლოს, ანუ დაბაძველს რომ გაცდები, ერთ 500 მეტრში. დაბაძველამდე მემგონი მიდის რამეები, ჩვენ გზა გავიგრძელეთ და ყვავი ჩხიკვის მამიდა გზით წავედით,  ჭობისხევის ჩანჩქერი უნდა გვენახა გზადაგზა.

სოფლიდან გზადაგზა მუჭანახევარა გზები მიდის, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, როგორც მახსოვს, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ მერე მარჯვნივ (მინდვრიანი გადასახვევია) და ჩანჩქერამდეც მისული ხარ. ეს კეთლი ადამიანები შეგვხვდნენ გზაზე და საკმაოდ გრძელი აღმართები აგვატარეს.

ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი გასვლა იყო ჩემი ამ ჯგუფთან ლაშქრობების ისტორიაში, აი ყველაფერი სულ ერთი რომაა, უბრალოდ დაბოდიალობ და ტკბები.


უმეტესობა მიკროსკოპული ზომის რუგზაკებით იყო, ისეთი პატარებით, რომ მე ლამის შემრცხვა “ამხელა” 60-ლიტრიანი ჩანთა რომ მეკიდა+პარალონი+კარავი და  ფაქტიურად ფეხებგამობმული რუგზაკი ვიყავი.  ამ ჩანთისავე წყალობით კინაღამ ძირს გავფრინდი ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე, ცალ მხარეს ხრამი იყო, მეორე მხარეს ციცაბო ფერდობი ზედ ამოსული ნაძვებით და ამ ნაძვებზე მეკიდა ხელები, თუმცა რაღაც მომენტში ჩანთაზე მიმაგრებული კარავი გამოედო რაღაცას და კინაღამ ჰოპლა. გავბრაზდი, დავჯექი და აღარ მივდიოდი წინ, სანამ ვიღაცამ ფოტოაპარატი არ გამომართვა, ხელი მომაწოდა და შემაგულიანა.

ოდესმე ნახვას თუ დააპირებთ, რავიცი, ამად არ ღირდა. გურგენიანზე წახვიდეთ ჯობია. მე მეორედ არ დავბრუნდები.

ღამდებოდა, კახისზე ბანაკი რომ გავშალეთ. ჩემი კარავი დიდია, ამიტომ გზაში სიმძიმე გავინაწილეთ,  მე ტენტები მქონდა, მაკას ჯოხები და კიდევ ერთ გოგოს პალოები მივეცით. მივცვივდით მე და მაკა, გავშალეთ კარავი, ველოდებით პალოებიან გოგოს… დაღამდა, გაკუნაპეტდა, გოგო არ ჩანს… არადა პალოების გარეშე კარავი დარბის, იქცევა, ვერ ვაჩერებ ადგილზე, დაგვემხო თავზე. ის-ის იყო ვეღარ მოვითმინე და ცეცხლთან მივედი, ხალხო, ჩემი გოგო დაიკარგა, ხო არ მოგვეძებნა  თქო რომ თურმე იქვე არ ზის?! სასწრაფოდ გამოვართვი პალოები, მაგრამ როგორც თქვენ ჩარჭეთ, ისე მე.  ვარჭობ ნახევრამდე და ვსე… არც თავში ქვა შველის, არც ხელით დაწოლა, არც 98298798 ადგილის მოძებნა თავიდან ჩასარჭობად. (აქ რამე საცოდავი სმაილი). დავდივარ გარშემო და ქოშინ-ქოშინით და ბუზღუნ-ბუზღუნით ვარჭობ, თან ვატყობ, ძაან ვბოროტდები და არაქათიც გამომელია. ბიჭები რომ არა, დარჩებოდნენ ჩემი პალოები ნახევრად ისინი და საერთოდაც ბოლოს ლადომ ისე ჩაარჭო, დილას სერიოზული ძალისხმვა დაჭირდა უკან ამორჭობას. (ბოლო ორი დღეა ამაზონზე დავძვრები, მსუბუქ და მოქმედ პალოებს ვეძებ).

დილით ძროხების ხმამ გამაღვიძა+ვიღაც გოგო სვანი ძროხების ამბავს ყვებოდა, შხარასთან რომ შეგვიკიკინეს. არ შევიმჩნიე და ძილი გავარძელე, გემრიელად გამოვიძინე, ამასობაში გარშემო ვიღაცეები ძროხებს უქშევდნენ და ძროების მიერ დაღეჭილ რამეებზე დარდობდნენ.

დილით აი ასეთი ხედი გვქონდა კარვიდან, კრიალა ცა, მზე,  თეთრი ღრუბლები და ჟოლო, იგივე ქუმელი იგივე ხვაფა, უამრავი, უთვალავი, იმდენი, რომ ჭამ-ჭაამ-ჭამ და აღარ შეგიძლია. სამაგიეროდ შეგიძლია ლოდზე დადო და გადაუღო.
კიარადა ხო…

ასე გამოიყურებოდა ბანაკი ზემოდან…

ჯუსთ ტბასთან ამოსული ხე.

დავიძარით თორმეტი საათისკენ, მეგზური ვერ ვიშოვეთ, სამაგიეროდ გზაზე ვიშოვეთ ბევრი ადგილობრივი, რომლებმაც ძალიან დიდხანს უხსნეს ბიჭებს, როგორ უნდა გადავსულიყავით თორში, სულ მარჯვნივ აირეთ გეზი, გზას არ გაუყვეთ, ბილიკით უნდა იაროთ და საერთოდაც ამ გორას რომ გადაივლით დიდი მინდორი შემოგხვდებათ და იქ მარჯვნისაკენ ბილიკია და გაყევით და მიხვალთო.

ხოდა დავადექით გზას… მარცხნისაკენ, გზით… ვინაიდან თორი ძალიან შორს არ იყო+ტყეში ვიყავით+ზურგზე მეკიდა ჩანთა სადაც იდო საჭმელი, თბილი ტანსაცმელი, საძილე და კარავი+დედაჩემი გაფრთხილებული იყო, რომ შეიძლება დამაგვიანდეს ან ხვალ ჩამოვიდე, ის აზრი, რომ შეიძლებოდა დავკარგულიყავი, ძალიანაც მართობდა.

ამასობაში გზაზე ოთხი ვაიმოლაშქრე ვიპოვეთ.. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გზა დაგვებნა და წელამდე ბალახებში ვიარეთო… ნუ კაი, გავაყოლეთ ხელს.  რამდენიმე მინდორიც ვიპოვეთ, რამდენიმე განაკაფიც, გზებიც, ნაირ-ნაირი… აი ბილიკი ვერა.

რაღაც მონაკვეთში ძალიან მაღალი ბალახი იყო, პლიუს მემგონი დიდი მანქანის ნაკვალევი, ხოდა მივდივარ, თან წონასწორობას ვიცავ ამ ბორბლების ნაკვალევსშუა მიწაის წვრილ ზოლზე, ხოდა უცებ მიწა გამექცა ფეხქვეშ, აი, მოსუსტებული რომაა და დაადგავ და წკაპ. ფეხი გადამიბრუნდა, თან წინ დახრილს ზურგჩანთა დამაწვა მთელი ძალით და სანამ მე ამ წონის გაწონასწორება მოვახერხე, რომ თავით არ დავცემულიყავი,  ისეთი ფხლიწინის ხმა გავიგე, მეგონა კოჭი მოვიტეხე. კარგადაც მაყვირა, მარა რატომღაც რამოდენიმე მეტრით წინ მიმავალ ადამიანებს არც კი მოუხედიათ.

ნუ კაი… ავკანჭურდი როგორც იქნა, ფეხი გავიქნიე, ჰმ, ისე საშინლადაც არ მტკივა, მოძრაობს, მოტეხილი ასე ვერ იმოძრავებდა… ნაბიჯი გადავდგი.. უპს, მტკივა, თან საკმაოდ. ჯოხიც გამიტყდა, ბოლო შესვენებისას ვიღაცამ (ვინ იცის იქნებ მეც) ფეხი დაადგა და გატყდა. წავედი ნელ-ნელა, ხალხი იქვე ჩრდილში ისვენებდა და რაღაცეებს იცვლიდა, რამოდენიმე ისეთი ტრაგიკული სახით იჯდა, ფეხი მტკივა თქო, just for info ვთქვი და ეგ იყო და ეგ. აშკარად რაღაც უსიერი ტყის დასაწყისში ვიყავით, ნელ-ნელა გაჯურღმულდა და მაყვლის ბარდებიც გამრავლდა.

წინ ლადო მიდიოდა, მერე რამდენიმე ადამიანი და მერე მე, სპეციალურად, თუ რამე, დავისვენებ გზადაგზა თქო.

კი, დაისვენებ…

გავიხედე და უზარმაზარი ნაყარი ხეები, ანუ წაქცეულები, ჩახერგილები, და ზედ მიდიან ბავშვები. პირველზე გადავკანჭურდი, მეორეზეც, მესამეზე კინაღამ ავსრიალდი, მაგრამ მაინც გადავკანჭურდი… ამასობაში ფეხი ეტყობა გახურდა, ან მე გამომეყო ადრენალინი (სიმაღლეების და პოტენციური ჩასავარდნების მეშინია ხოლმე) და ფეხმა გამიარა, თუ მე გავუარე, მოკლედ, მაშინ მაგის დრო არ იყო, ფეხი დამეზოგა.

ხატიას ფეხები

ჯუნგლებში ვიყავით, უსიერში… აი ხომ არის ხარაგაულის უსიერი ტყე (ნუ კაი, იყო, ზანავი-ნუნისის ბილიკზე), ლაგოდეხშიც იშოვება… მაგრამ ასეთი გაუვალი რამე პირველად ვნახე, ან წელამდე ეკალ-ბარდებში უნდა გევლო (რაც წარმოუდგენელია) ან პირდაპირ ხეებზე, რომლებიც ალაგ-ალაგ ტორტმანებდა და ალაგ-ალაგ ქერქი სძვრებოდა. მივდიოდით-მივდიოდით და არ მთავრდებოდა ეს ხეები. თან ნელ-ნელა დაღმართზე დავეშვით.

მერე და მერე ამ ხეებს ხევიც დაემატა, გადავწყვიტეთ (ანუ ლადომ გადაწყვიტა)  მდინარეს გავყოლოდით, სადმე ხომ ჩაგვიყვანსო. ხევისკენ კიდევ უფრო გახშირდა და გასაშიშდა ეს ხეები, ერთ ადგილას სამი მორი იყო დაცერავებული, ანუ წვერით ხევისკენ, ამათზე უნდა ჩასულიყავი, მერე 90 გრადუსით მარჯვნივ გადახვიდოდი და მერე ივლიდი. მივდივარ ამ დაცერავებულზე, შუა მორზე (დაბლა ხევია ასეთივე მორებით, ანუ თუ დავარდი, ჭკა) და უცებ ვგრძნობ, რომ თავით ვყირავდები, ჩანთის სიმძიმემ წინ გადამქაჩა. უცებ მოვტრიალდი მარცხნივ და გამწარებული მეზობლად მდებარე მორს მოვებღაუჭე, თან ფეხის კუნთები ამიკანკალდა დაძაბულობისგან. ვდგავარ ასე მორიდან მორამდე გაჭიფხული და თან ადგილზე ვწრიალებ, გაბოროტებული, შანსია, მე აქ არ ჩავარდები თქო. : )))) ამწუთას ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა ვქენი, ნიტო ბიძგით “გადმოვვარდი” უკან, ნიტო ნუ აი არ მახსოვს… ფაქტია აგერ ვზივარ და ვწერ.

ალაგ-ალაგ ძალიან მიშლიდა ხელს რუგზაკზე მობმული კარავი, 102398129038 ადგილას გამოედო რაღაცეებს და ამ მორებზე ბალანსირებას კიდევ ეს ემატებოდა. რამდენიმე ადგილას ისიც კი ვიფიქრე, ნეტა რა განსხვავებაა ჩემსა და იმ ადამიანს შორის, თოკზე რომ დადის ცირკში თქო. გრძელი ჯოხი არ მქონდა, სამაგიეროდ ბალანსისთვის ვებღაუჭებოდი ფოთლებს, გამხმარ ტოტებს, ბალახის ღეროებს, მოკლედ, ყველაფერს, რაც ახლომახლო იზრდებოდა. ვებღაუჭებოდი პირდაპირი გაგებით არა, უბრალოდ, რატომღაც, ოდნავ ხელიც რომ წაავლო ბალახის ღეროს, მომენტალურად საოცრად ადვილდება წონასწორობის დაცვა. რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია ეტყობა.

ჩემზე უკეთეს დღეში არც სხვები იყვნენ, ერთ გოგოს საერთოდაც ხელით (!) მოქონდა მოზრდილი საძილე ტომარა, და ეს იქ, სადაც ზოგ ადგილას გადასაფოფხებლად მე ორი ხელი მჭირდებოდა და პრინციპში დამატებით წყვილ ხელზეც არ ვიტყოდი უარს. თუმცა სამაგიეროდ ჩანთა ქონდა ძალიან პატარა და სავარაუდოდ მსუბუქი, რაც იმ ფორთხვას გაუადვილებდა. ერთ ბიჭს კიდევ მთლიანი ჩანთა მოქონდა ხელით, ჩახუტებული…

ხევში  რომ ჩავბოდიალდით, იქვე წყარო ვიპოვეთ.. ანუ შედარებით ფუსთა წყალი, მიწიდან ამოსული, ნაწილმა დალია, ნაწილმა (ანუ მე) ტალახიანი ჭრილობები დაიბანა და ნაღრძობზე თავის ჭკუაში ცივი წყალი დაისხა.

ერთმა პანიკა დაიმართა, რამოდენიმე ადამიანს სახეზე ეტყობოდა, რომ სიამოვნებით გამოუძახებდა მაშველებს, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილაად არ იყო, გვქონდა მობილური, სადაც იყო ჯიპიესი და ვიცოით სად ვიყავით და საით უნდა წავსულიყავით, უბრალოდ, სწორ ხაზზე მივდიოდით იმის ნაცვლად, რომ ბილიკით გვევლო.

ხევში კიდევ უარესი ხეები აღმოჩნდა და მაკა სასწრაფოდ ზემოთ აძვრა, შანსი არაა მე აქ არ ვივლიო, კიდევ სხვებიც გაყვნენ და ჩვენგ გავეკიდეთ. კი, გზა უკეთესი იყო…შედარებით… მერე ისევ რაღატომღაც ორ ნაწილად გავიყავით, მერე ჩვენ  ცოტა ხანში მდელო დავინახეთ, მეორე ნაწილი ძირს ჩამოვრეკეთ და გზას გავუდექით, რომეღითაც ხემდე, საჭმელი რომ გვეჭამა.

აქედან უკვე ადვილად გავაღწიეთ, აქედან უკვე “ავტობანი” იწყებოდა და…

და მერე თორი, პატარა ლამაზი სოფელი, სადაც უნდა წახვიდე, დატოვო ცივილიზაციის ყველა მიღწევა სახლში, ქინდლის გარდა და დაისვენო, ისუნთქო, თივის ზვინზე წამოწვე და იკითხო, ცოტაც იმუშაო და განიტვირთო…

ჭა გვანახეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და დავესიეთ, მთელი გზა უწყლოდ ვიარეთ, სადაც რამე გუბე შეგვხვდა, ლამის ყველაფერი დავლიეთ…  არაქათგამოცლილები სხედან…

ძალიან ლამაზი სახლი ვიპოვე მე თორში, მთელი ასიოდე წლის.

მერე ჩავჯექით მარშუტკაში, ვისმენდი ამას და ვგრძნობდი, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხანია ასეთი ბედნიერებით სავსე არ ვყოფილვარ, ერთი დიდი, ფერადი, დადებითად დამუხტული ბუშტი ვიყავი, ტყის ენერგიით სავსე.

პ.ს. დაახლოებით ორ საათში, როცა მარშუტკიდან ჩამოსვლა მოვინდომე, მივხვდი რომ მარჯვენა ფეხს ვერ ვადგავდი, ძალიან მტკიოდა. ორშაბათს ექიმთან რომ წავედი, უზარმაზარი ჰემატომა+ნაღრძობი აღმოჩნდა. ტრავმას კიდე ტრავმა დავამატე თურმე იმდენი სიარულით, თორემ ასე არ გამისივდებოდა. შედეგად წელს კატიწვერაზე ვერ ავედი, ლამის ერთი თვის მერეც  კი დიდხანს სიარულის მერე “თავს მახსენებს”.

პ.პ.ს. ოდესმე თუ ფეხს დაიზიანებთ და ჩემსავით ლაშქრობებში აპირებთ სიარულს, ააააუცილებლად მიდით ექიმთან, თორემ  ახლა კი გაივლის, მარა ყოველი ძლიერი დატვირთვისას თავიდან შეგაწუხებთ.

Advertisements

2 thoughts on “კახისის ტბა, ანუ როგორ ვიღრძე ფეხი

  1. […] რაჭა, ცხმორი. ჩანჩქერის გზაზე. ცხოვრებაში პირველად გავჭედე სადღაც მიმავალმა,  მაგრამ მერე მაინც გავაგრძელე გზა, თუ გამაგრძელებინეს. აქ მთავარი სირთულე გადალახულია, ბლახებს ვეჭიდები, რომ არ ჩავსრიალდე ტალახზე და წყალში არ ჩავჭყაპუნდე. საბოლოოდ მაინც არ ჩავვარდი მდინარეში, ისე ვიარე, ფეხმშრალად. თუმცა ბოლომდე უხიფათოდ მაინც ვერა, ესეც პოსტი იმაზე, როგორ მივიღე პირველი და იმედია სულმთლად ბოლო სერიოზული ტრავმა. […]

  2. […] ჩანჩქერის გზაზე. ცხოვრებაში პირველად გავჭედე სადღაც მიმავალმა,  მაგრამ მერე მაინც გავაგრძელე გზა, თუ გამაგრძელებინეს. აქ მთავარი სირთულე გადალახულია, ბლახებს ვეჭიდები, რომ არ ჩავსრიალდე ტალახზე და წყალში არ ჩავჭყაპუნდე. საბოლოოდ მაინც არ ჩავვარდი მდინარეში, ისე ვიარე, ფეხმშრალად. თუმცა ბოლომდე უხიფათოდ მაინც ვერა, ესეც პოსტი იმაზე, როგორ მივიღე პირველი და იმედია სულმთლად ბოლო სერიოზული ტრავმა. […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s