მელანქოლია


უკიდეგანო მელანქოლია

ის, როცა გგონია, რომ ყველაფერი ყოველთვის ძალიან ცუდად იქნება,

როცა სიცოცხლის გაგრძელება გეზარება,

ის გემრიელი საჭმელიც გეზარება, ორი საათი რომ აკეთებდი,

ის შოკოლადიც გეზარება, სპეციალურად რომ ჩახვედი მაღაზიაში, ამოსატანად.

როცა გგონია, რომ უსასრულოდ მარტო ხარ და არავის, სულ, სულ არავის არ ადარდებ სად ხარ, როგორ ხარ, ან როგორ იქნები.

როცა გგონია, რომ სადმე, მიყრუებულ ფიცრულში უნდა აღმოგხდეს სული, მიწური იატაკით,

და

თვალების დამხუჭავიც კი არ გეყოლება.

ყველაზე უშნო, ყველაზე უცნაური, ყველაზე კაპარჩხანა, ყველაზე აგრესიული, ყველაზე, ყველაზე ისეთი, რაღაცნაირი.

ადამიანების უმრავლესობა ჩემი დახასიათებისას სიტყვა “უცნაურს” იყენებს

და

მე მინდება

რომ

ამ სიტყვის გაგებისთანავე

ადგილიდან მოვწყდე და გავიქცე

იმიტომ

რომ

ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩემში ის ბავშვი იღვიძებს,

6 წლისა

მერხზე რომ იჯდა და ვერ ხვდებოდა,

რატომ ურტყავდა მასწავლებელი მარცხენა ხელში.

მე ზუსტად ერთი წელი ხმა არ ამომიღია, ვინარჩუნებდი სკოლაში დუმილს და იმისაც კი მრცხვენოდა, რომ ვარსებობდი.

მარცხენა ხელით წერას გადავეჩვიე, ლაპარაკს და ურთიერთობასაც და

ძალიან, ძალიან დიდხანს ვსწავლობდი თავიდან

და

მერე რა, რომ მე ფრიკი ვარ

სხვანაირი ვარ

პერწკლებიც ადამიანები არიან

ხოლმე,

ხანდახან…

სულ ორი მეგობარი მყავს ამ ცხოვრებაში, აი ისეთი, შუაღამისას კარს რომ შეუღებ, ლოგინიდან წამოაგდებ ახალი ამბის მოსაყოლად,

და

მე მართლა არ ვიცი როგორ უნდა დამეგობრდე ადამიანებთან.

უბრალოდ, ზოგი ადამიანი ძალიან მიყვარს,

ისე,

ჩემთვის.

 

უკიდეგანო მელანქოლია

როცა არ იცი ვინ ხარ,

ვინ იყავი,

ვინ იქნები,

და

ერთადერთი

რაც ზუსტად გგონია,

ისაა, რომ

სადღაც, რომელიღაც ფიცრულში, მიწურ იატაკზე, ისე მოკვდები, თვალის დამხუჭავი არ გეყოლება.

 

დავდივარ და დამდევს მელანქოლია, სულ თან დამდევს და იმ წამს ელოდება, როცა დამარტყამს, წამლეკავს და მოვიკუნტები, ტკივილის დასამალად. აგერ უკვე რამდენი წელია, მხრებით დვატარებ, თმებში შეყუჟულს, აღმა-დაღმა, კარ-და-კარ და ზოგჯერ, როცა გულწრფელი ვარ და ზედაპირზე ამომაქვს, იმ ჩემი ორი მეგობრის გარდა, ყველას ეშინია

და

თითქოს ვალდებულებაა, იყო ბედნიერი და მხიარული

და

მეც ვიკრიჭები, ერთხელ, ორჯერ, და მერე თავისით მეღიმება.

ხანდახან არც ვთამაშობ და მართლა მიხარია ცხოვრება

და

უცებ

გაფრთხილების გარეშე

ისე ძლიერად მირტყავს მზის წნულში

რომ

ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მიტოვებს.

 

მერე კიდე მე მეტყვიან, მხიარული და საყვარელი ხარო…

არადა ვარ… როცა იმაზე არ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ცხოვრება, დედაჩემისთვის ვინმეს საკეისრო რომ გაეკეთებინა, მე ცაცია არ ვყოფილიყავი, მაკა არ მრქმეოდა და იმ სკოლაში არ მივეყვანე ჩემებს.

პ.ს. ხანდახან ძალიან ვნანობ, ეს ბლოგი რომ მაქვს და რომ ყველა დაინტერესებულს შეუძლია აქ შემოსვლა. მე უკვე ვისწავლე თავის გაკონტროლება და სავალდებულო მოქმედებების შესრულება და ისინი, ვინც მართლა ინტერესდებიან, შემოდიან, კითხულობენ ამას და ხვდებიან, რომ ის გოგო, რომელიც მე ვარ, სინამდვილეში არ არსებობს.

 

Advertisements

11 thoughts on “მელანქოლია

  1. არ ვიცი და არც უნდა ვიცოდე ის რაც წავიკითხე არის ავტორის უბრალო ფანტაზია, თუ ფურცელზე რეალური დამდნარი ტკივილიდან დარჩენილი ლაქა, თუმცა ფანტაზიაც არასდროს არის უბრალო და მიუხედავად იმისა, რომ მწერალიც არ ვარ, მომინდა ერთი ამბავი გავამხილო თუნდაც არავინ წაიკითხოს მე მაინც დავტოვებ კიდევ ერთ ლაქას. ეს ამბავი ერთ არსებაზეა, რომელიც არ არის ადამიანი, თუმცა არც უცხოპლანეტელია ალბათ უფრო მუტანტი როგორც თვითონ, ფიქრებში უწოდებდა თავის თავს. ყოველთვის როცა ამაზე ფიქრობდა თან ცალყბად იღიმებოდა და ეს ღმილიც იყო უცნაური არა ერთი არამედ რამოდენიმე ემოციის – სევდა, ბრაზი, აპათია – ბუკეტი. არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს იმაზე თხრობა ვინ იყო რას აკეთებდა და რა გზა გაიარა. არამედ მოკლედ მინდა ავღწერო მისი ერთ-ერთი ბოლო, მოგზაურობა. ის არასდროს იყო თავისიანებთან, თავისნაირებთან.. მუდმივად გრძნობდა და ზუსტად იცოდა, რომ სულ სხვა ჯიშის არსება რატომღაც, ბედის უცნაური გარემოებით მოხვდა მისგან მენტალურად ძირფესვიანად განსხვავებულ არსებებში. ის უყვარდათ და მასაც უყვარდა. პატივს ცემდნენ და ისიც ცემდა პატივს. მტრობდნენ და თვითონაც იცოდა მტრობა. ერთი შეხედვით თითქოს არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, მაგრამ დაბადებიდან წარმოუდგენელი წნეხი აწვებოდა გულზე. “სად არის ჩემი პლანეტა? სად არიან ჩემნაირები?” – მუდმივად ჰქონდა ეს უწყვეტი მელანქოლიური განცდა “განსხვავებულობისა” თვითონ ზუსტად იცოდა რაში მდგომარეობდა ეს განსხვავება, მაგრამ სხვისთვის თქმაც კი არ შეეძლო, რადგან ვერავინ ვერასდროს ვერ ხვდებოდა იმას რისი გადმოცემაც უნდოდა. მას არ ეშინოდა მარტოობის. არ აღელვებდა მისი სიკვდილის შემდეგ იქნებოდა თუ არა მის გვერდში ვინმე ვინც თვალებს დაახუჭინებდა. – “წყეულიმც იყოს ეს პლანეტა და ყველა აქაური სულელური წესი!” – გაიფიქრებდახოლმე ბრაზმორეული და ისევ მის სახეზე ის უცნაური ღიმილი ჩნდებოდა. ერთხელაც, როცა გარკვეულ გარემოებათა გამო გულზე განსაკუთრებულად ძალიან მძიმედ დააწვა სევდა, “სხვისი ტკივილისგან დაღლილს” გაქცევა მოუნდა… აიღო ერთი ზურგჩანთა და სირბილით გავარდა. უკან მოუხედავად გარბოდა შეუჩერებლად, სწრაფად! არსად არ უნდოდა გაჩერება, რომ არც ერთი ნივთი არ ყოფილიყო ნაცნობი, რომ არც ერთ ხედს არ მიჩვეოდა მისი თვალი. ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებდა მასზე სიახლე, რადგან ყველაფერი ახალი, ჯერ მიუჩვეველი, თითქოს არ იყო იმ ბანალური და სევდისმომგვრელი სამყაროს ნაწილი, რომელიც სულს უხუთავდა. …მაგრამ ძალიან მალე მიეჩვია ამ ახალ ტკივილგამაყუჩებელს. მიხვდა, რომ ყველაფერი ახალი ჯერ შეუცნობელი, მაგრამ მაინც იმ სამყაროს ნაწილი იყო, რომელიც მისი არ იყო. მიხვდა, რომ რაც არ უნდა სწრაფად ირბინო, ვერასდროს გაასწრებ საკუთარ თავს. და უკან დაბრუნდა. უკანა გზობაზე გადაწყვიტა მოეძებნა უცნაური “მუტანტების მეფე” რომელზეც არა ერთი ლეგენდა დადიოდა. ის იყო “უცნაურების მეფე” გამსხვავებული ადამიანების სულიერი ლიდერი. და თუმცა ჩვენმა მთავარმა გმირმა იცოდა, რომ ის “განსხვავებული ადამიანები” იყვნენ სხვებისგან გარიყული, დაჩაგრული ხალხი, “მისიანი” მათშიც არავინ მოიძებნებოდა. ამის მიუხედავად მაინც გაიარა რთული გზა და როგორც იქნა მიადგა გამოქვაბულს, რომელშიც ცხოვრობდა “მუტანტების მეფე” მივიდა და მოუყვა თავისი ამბავი, ისიც არ დაუმალა, რომ მეფე-მუტანტი არ იყო მისი მეფე, რადგან ის ერთად ერთი იყო მთელს პლანეტაზე. მოუყვა როგორ დაიღალა მარტოობით და როგორ უნდოდა როდესმე ეპოვა ის სამყარო, რომელშიც წესით უდნა ეცხოვრა. როგორ უნდოდა ენახა თუნდაც ერთი ნამდვილი “მისიანი” არა ის ვინც მისი მეგობარი იყო, არა ის ვის გამოც მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც გადაედო, არამედ უბრალოდ “მისიანი” …მუტანტების მეფემ” ყურადღებით მოისმინა მისი მონათხრობი და შემდეგ სულში ჩამწვდომი ხმით ჰკითხა:
    – შენ გინდა არ იყო სულიერად მარტო არამედ გინდა იყო ისეთივე ადამიანი, როგორებიც აქ ცხოვრობენ? გინდა იყო მათნაირი და არ გამოგდის? გინდა დაივიწყო ყმუილი და დაიწყო ყეფა, მაგრამ არ იცი როგორ? – მოგზაური დაფიქრდა. სიმართლე მწარე იყო. მას არ უნდოდა ისეთივე ყოფილიყო როგორიც სხვები. შეეძლო, მაგრამ არ უნდოდა! არ უნდოდა ყოფილიყო სხვებივით გულგრილი, სხვებივით უგრძნობი, სხვებივით სნობი, მრავალსახა, თვალთმაქცი, ყალბი, მეძავი და ან ეს ყველაფერი ერთად. მუტანტების მეფემ სიტყვა ასე დაასრულა – შენ ხარ ისეთი როგორადაც ყოფნა “გირჩევნია” და თუნდ იყო მარტო, მაინც ისეთად გირჩევნია დარჩე, როგორიც ხარ. ესეიგი ხარ არა დაწყევლილი, არამედ კურთხეული. მიუხედავად შენი მელანქოლიისა არჩევანი რომ გქონოდა, შენივე ნებით დარჩებოდი მარტო სულად, ოღონდ კი არ დაგეკარგა ის თვისებები, რომელიც გაქვს. იყავი ძლიერი, რომ ბოლომდე დარჩე და არასდროს დანებდე, რადგან მხოლოდ მაშინ, როცა იბრძვი, არ ღალატობ შენს თავს.
    აი ასეთი ამბავი იყო იქნებ ის შენც გეხება პერწკლი. იქნებ შენ იყავი ის ვინც მეფე-მუტანტი ნახა. ან იქნებ შენც შეხედო იმ სიმართლეს თვალებში რომლისთვისაც თვალის გასწორების ნაცვლად თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ სამოგზაუროდ და პასუხებს ვეძებთ იქ, სადაც თვითონვე ვიცით, რომ ვერასდროს ვიპოვით.

  2. მე არ ვარ მწერალი. 🙂 შენ კი იმდენად გიცნობ, რამდენადაც შენმა ჩანახატმა მომცა საშუალება. შენ თვითონ გამეცანი ამ ჩანახატით და რაღატომ გიკვირს ის თუ მეტნაკლებად გიცნობ? 🙂

      • ააანუუუ შენ ამბობ, რომ ჩემი “მონათხრობი” შენს რამერუმეებს გაგონებს? 🙂 არაფრის. პერწკლი ) რა გემრიელად ჭღერს ეგ სახელი )

    • ნწუს ^_^ მარა სადმე ოდესმე თუ გადამეყრები, მოდი და მითხარი რომ შენ შენ ხარ და ის ის არის და რომ დედამიწა სულაც არაა მრგვალი :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s