თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი


ძალიან არ მიყვარს, როცა ამ სამ კუთხეს ერთმანეთს ადარებენ, აჯიბრებენ და მერე მიდის დავა, რომელი რომელს ჯობია. სინამდვილეში, სამი სხვადახვა სამყაროა, სამი სხვადასხვა ხასიათით, შეგრძნებებით და დროთი. მაქსიმალურად მოკლედ თუ ჩამოვაყალიბებთ, ამ სამი მთიანი კუთხის ჩემეული შეფასება ასეთი იქნება:

ხევსურეთი, შატილი

თუ ფული და დრო არც ისე ბევრი გაქვს, ხევსურეთში უნდა ახვიდე, აქვეა, მთებია, ჩალისფერი მთები, ლბილი კიდეებით და ღია პეიზაჟებით. “წამო, ხევსურეთში გადავირბინოთ” .  შატილში აივანზე უნდა ჩამოჯდე, მზეზე გათბე (აქ მუდამ თბილი მზეა) და მუცოზეც აირბინო, ანატორელების აკლდამები ნახო და თუ ცოტა ექსტრიმიც გინდა, ჭაუხების გავლით შეგიძლია აბუდელაურებზეც გადახვიდე.

სვანეთი, უშგული, შხარა.

თუ გინდა სტიქიას მიუახლოვდე, მთელი მოგზაურობის გარშემო უზარმაზარი, თოვლიანი მწვერვალები დაგყურებდეს თავზე, პირქუშად, და შენს ფეხქვეშ გადარეული მდინარე გრუხუნებდეს, სვანეთში უნდა წახვიდე.  შდუგრას ჩანჩქერის ნახვის, უშგულში შხარას ცხვირწინ კარავის გაშლის და მხერზე ასვლის გარეშე აზრი არ აქვს ოღონდ… სვანების ხატობაზეც უნდა მოხვდე, ნახო, როგორ მღერიან, ცეკვავენ, გადარეულ, უბელო ცხენებზე როგორ სხედან თითისტოლა ბავშვები და მიხვდე, რომ აი ესაა ნამდვილი სვანეთი.

ბოდიშის მოხდით, მეორე სურათიც უნდა დავდო, ვერ ავარჩიე…

თუშეთის გზაზე

თუ გინდა იმ წარსულში დაბრუნდე, ჩვენი წინაპრები რომ ცხოვრობდნენ, და საქართველოს ყველაზე სახიფათო გზა გაიარო, რომელიც ყოველ წელს ლამის თავიდან გაყავთ და ლამის ყოველ წელს ვიღაც ვარდება, მაშინ თუშეთში უნდა წახვიდე.  აქ ჯერ კიდევ დარჩა სოფლები, სადაც მხოლოდ ცხენით მიიღწევა, აქ არც დენია და სახლების უმეტესობაც ზუსტად ისეთივეა, როგორადაც ჩვენმა დიდმა-დიდმა ბებია-ბაბუებმა ააშენეს. (ვიტყუები, ლეკებს აშენებინებდნენ). ალუდის გასინჯვის, დიკლოს ციხის ნახვის და ლეგენდის მოსმენის,  გირევის კოშკებზე ასვლის,  ქონდრის ჩაის დალევის, ორეთის ტბის მონახულების და გზაზე თუშად მოსანათლი ადგილის გავლის და მონათვლის გარეშე თუშეთიდან არ დაბრუნდეთ ოღონდ…

ხოდა, აი ეს სამი, სრულიად განსხვავებული რამე რანაირად უნდა შეადარო, ამიხსენით რა.

14 thoughts on “თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი

  1. მართალია შედარება არ შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით ზუსტად ამ თანმიმდევრობით უნდა ნახო ეს ადგილები : )
    ჯერ ხევსურეთი, შემდეგ სვანეთი და ბოლოს თუშეთი : )

  2. მაგ სამს მთიულეთსაც ამატებენ კიდევ.🙂
    ისე იდეაში სვანეთიც ზედა და ქვედა ორი დიდი სხვაობაა, როგორც ოდესაში ამბობენ.

  3. ,,და მონათვლის გარეშე თუშეთიდან არ დაბრუნდეთ ოღონდ…”
    მონათვლის გარეშე ვერ დაბრუნდები იმიტო რომ იმ წყალს გვერდს ვერ აუქცევ, მაინც მოგნათლავს🙂

  4. ხევსურეთშის მთავარი სანახაობა არა შატილი, მუცო, ჭუხები ან აბუდელაურია… არამედ არხოტი! ))) ადგილი, სადაც მხოლოდ ცხენითა და ფეხით შეგიძლია გადახვიდე, სადაც იმდენი ჟოლოა, რო შემცილებელი არ გყავს ^_^ გაშლილ ჭალაზე მოგრიალე ასა სავსეა კალმახით და როცა დეკიანებში მიაბოტებ ჯერ კიდევ იშლებიან კაკბების გუნდები… თუ გაგიმართლა შეიძლება ადრიან დილით წყლის დასალევად ჩამოსულ მომრავლებულ არჩვებსა და ნიამორებსაც მიაწვდინო მზერა😉

    მერე ქვემოთ ჩაუყვე და ვიწრო კანიონში რო დგაფუნებს ასა, იმის კიდეზე აშენებულ ქავის ციხესთან ჩამოჯდე.. არხოტივნები აქ ჰკიდებდნენ ხოლმე ქისტთა მარჯვენებს. უფრო ქვემოთ არხოტის საჯიხვეებია, დღენიადაგ ნისლში გახვეული ქარაფები. თუ არხოტში უკვე ხარ და თავისუფალი ორი დღე გაქვს, ტანიეს ხეობა და ტბა უნდა ნახო… მესაზღვრეები გიმასპინძლებენ და დაგაკვალიანებენ😉

    მერე ამობრუნდები სოფლებში და ახიელ კოშკსაც ნახავ თუ მოგინდა… მერე ჭიმღის კლდეებს ნახავ… თუ არ დაგეზარება ერთ დღეში კიდეგანას მყინვარზე ახვალ და თაოდ ნახავ იბადება მდინარე (ნუ ჭალაადივით არა მარა მაინც)

    უკან დაბრუნებისას ასას სათავეებს… ვიწრო კანიონს… სუნთქვაშეკრული რო გადაჰყურებ უღელტეხილიდან პირიქით თუ პირაქეთ… ჰო კიდე, არცერთხელ არ გადავსულვარ არხოტში ისე, რო სეტყვას არ მოესწროს უღელტეხილზე ^_^

    ჰო… ეს ყველაფერი შეგიძლია თაოდ ნახო… ამაზე ცოტა მეტი თუ გინდა ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე😀😀

  5. ქავისკარი
    •••

    ასასთან ვზივარ,
    შმაგთან და ხელთან.
    ტალღები ფიქრებს მიაგორებენ…
    თეთრი და ლეგა ღრუბლები სხედან
    გაღმა კლდის თავზე, როგორც ქორები,
    ქავისკრის კედელს დაკიდულ ხავსებს
    დროდადრო ასას ნიავი ღერღავს
    და დამყრანტალებს სავსავით თავზე,
    ყორანი, როგორც უმკლავო ღილღველს.
    გასდევს ბილიკი ლეგა ქარაფებს,
    გრიალებს წყალი შმაგი და ურჩი.
    –არ მითხოვია ხომ არაფერი,
    მზეო, ქავისკარს ჩახედე გულში.
    ბუბა ქალს მტერი აქ უკაფია.
    ჯაჭვი სცმია და კაცის იერით
    აგორებულა ქავის ქაფიან
    ვიწროებისკენ მტერი ცბიერი…
    მობრუნებულან ღილღველნი მარჯვედ
    და მამაც ბელადს, რომ განრისხებით
    ჩაუკაფია ბუბასთვის ჯაჭვი,
    ცხენზე ჩაღვრილა თმა ღამისფერი.
    აჭყივლებულან ბოძალნი მქისედ
    და მიქნეულა ხმლები უშიშრად…
    გაუწყვეტია ბელადი ქოსა,
    მხარიღლივ ოჩიაურ უშიშას.
    ასასთან ვზივარ
    ტალღებს ჩავყურებ,
    –მზეო! ოდესმე თუ გთხოვო გულით.
    გაათბე ქავის დაშლილი ყორე,
    კაი ვაჟების უკვდავი სული.

    გიგლა ოჩიაური

  6. ამათგან მხოლოდ ხევსურეთში ვარ ნამყოფი და წარუშლელი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ემოცია დღემდე მომყვება. ძალიან მინდა სვანეთიც და თუშეთიც ვნახო. სამივე მართლაც საოცრად განსხვავებულია.ამ ერთიციდა საქართველოში სრულიად განსხვავებული კუთხეები გვაქვს.. ეს ნამდვილად საამაყოა !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s