თელავი, ბავშვობა, შემოდგომა


თელავი, მზიანი შემოდგომა

დღეს ისეთი ამინდია, როგორიც ძალიან ხშირად იცის თელავში შემოდგომობით. ნაწვიმარი, მოწმენდილი ცა, წვიმისგან დაცვენილი სველი, ყვითელი ფოთლები, რომლის დაგვაც ჯერ ვერ მოასწრეს და სველი ჰაერი. მე სუნთქვა ვერ მყოფნის, ვცდილობ ღრმად ვისუნთქო და ვგრძნობ როგორ მეკუმშება ფილტვები ამ სველი, ნესტიანი ჰაერისგან. ხეებიდან კიდევ წვეთები წვიმს.

რაც თბილისში გადმოვედი, ერთადერთხელ ვნახე ნისლი, მაშინ მთელი თბილისი გადაირია და მე მიკვირდა, ნისლი არ უნახავთ თქო?

თელავში ხშირადაა ნისლი. ისეთი სქელი, რომ გარეთ გასულს სახეზე ლამის წვეთებად გეცემა. რამდენჯერ წავსულვარ სკოლაში ასეთ ნისლში. მაშინ რატომღაც არ ვფიქრობდი, რომ ნისლის დროს სახლში უნდა დარჩე. წვიმაშიც კი, დავიჭერდი ქოლგას და სკოლაში მივდიოდი, ნხევარი სათი უნდოდა ფეხით, ტრანსპორტი კი არ მოძრაობდა.

ერთხელ ისე იწვიმა, ნიაღვრები მოდიოდა, ნახევარი კლასი სველი იყო და დამრიგებელმა მაინც არ გაგვიშვა სახლებში. ცუდი მასწავლებელი და კიდევ უფრო ცუდი და უტაქტო ქალი იყო ზოგადად, ურჩ მოსწავლეებს ბაბუნიძის ეზოში გადაგდებით ემუქრებოდა ხოლმე და შალაურში მცხოვრებ მოსწავლეებს შალაურიდან მოთრეულებს ეძახდა.( ეს დაახლოებით ისე ჟღერდა, როგორც გლდანიდან ან ვაზისუბნიდან ან მუხიანიდან მოთრეული.)

მაშინ მეგონა, რომ შალაურში ცხოვრება დიდი საშინელებაა, უფრო საშინელი, ვიდრე ყარაჯალაა. საერთოდ, მემგონი, თელავში უმცირესობები არ უყვართ, ყოველ შემთხვევში, ჩემს იქ გატარებულ 16-წლიან მეხსიერებაში ასე შემორჩა.  არადა აქ ძალიან ბევრი არაქართველი ცხოვრობს, გადაკეთებული გვარებით, და მაინც არ უყვართ “სხვები”.

სამაგიეროდ, მე თბილისში გადმოსვლის მერეღა გავიგე, რომ ლტოლვილები ცუდები არიან და მტრები და ა.შ. და ა.შ. მე მყავდა აფხაზეთიდან დევნილი კლასელი და თვით ჩემს ყველაზე უტაქტო და უხეშ მასწავლებელსაც კი არ მოსვლია აზრად არასოდეს, რომ ამის გამო შეურაცხყოფა მიეყენებინა. ერთადერთი, რითაც ჩვენგან განსხვავდებოდა ის იყო, რომ გვარი ქონდა დასავლური, მგონი მეგრული. თბილისური დევნილური მტრის ხატი თელავში ეროვნული ნიშნებითაა ჩაანაცვლებული. (რას ერჩით ისე დევნილებს? ადამიანებმა ამხელა უბედურება, ომი, შიმშილი, უსახლკარობა გამოიარეს და კიდე ესენი არიან/იყვნენ “ცუდები”?)

ჩემი აზრით, თელავი არ არის კახეთი, თელავი ცალკე ერთეულია, თავისი ინტელიგენციით, თავისი მშვიდი და მდორე ცხოვრებით, სადაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რა გაცვია, ვისთან მეგობრობ, სად დადიხარ, რას ჭამ და რას იძახის შენზე მეზობელი თამარა ბებია.  ჩვენც გვყავდა კორპუსში ერთი თამარა ბებია, ბოსტანი ქონდა 90-იან წლებში თითით საჩვენებელი, კიდევ ბუტკაც ქონდა და ბავშვებს გვიშლიდა მკვახე ხილის ჭამას, არადა მისი შვილიშვილი ჩემხელა იყო და ერთად ვიპარავდით იმ ხილს, მერე კრიშაზე მივძვრებოდით და იქიდან კურკებს ვისროდით.

მთელ ქუჩაზე ჩვენი კორპუსია ერთადერთი, რომელიც შემოღობილია და დიდი, გამწვანებული ეზო აქვს კაკლით, ცაცხვებით, ბაღში ალუბალი, ბალი, ალუჩა, ტყემალი, ქლიავები, კომში, თხილი და ძალიან გემრიელი ლეღვი დგას. კიდევ ხეივანია ყურძნის და ეზოს წინ, გზის პირის გაყოლებაზე, ნაძვებია ჩარიგებული. ჩვენი მამები რომ გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად, მაშინ მოიტანეს ტყის მიწა და ჩვენთვის გააშენეს ეს ბაღი. ახლა კორპუსში ორი კინკილა ძველი მოსახლეა, თამარა ბებო 90-იანებში გარდაიცვალა, შარშან გორგიშელიც დაიღუპა და სულ აღარავინ დარჩა, ვინც ამ ყველაფერს მიხედავს და ვერანდება ასე. ეზოში პამპერსები ყრია, არადა, ვინ გაბედავდა თამარა ბებოს დროს სპიჩკის დაგდებასაც კი. წლევანდელმა ქარიშხალმა კიდევ ის ნაძვები მოგლიჯა, გზისგან და გამვლელებისგან რომ იფარავდა ეზოს.

ახლა ისეთი ამინდია თბილისში, მხოლოდ თელავში რომ იცის ხოლმე, ჰაერში ნისლი და ყვითელი ფოთლების სუნი დგას, ძირს უამრავი ცხენისწაბლი ყრია ალბათ და მე არ მენატრება ის მშიერი ბავშვობა, ჩვენ ყველას რომ გვქონდა 90-იანებში.

პ.ს. ლეპტოპში გადმობარგებისას მემგონი მთელი ის სურათები დავკარგე, თელავის რომ მქონდა შენახული. ბლაჰ…

Advertisements

4 thoughts on “თელავი, ბავშვობა, შემოდგომა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s