კინაღამ დაკარგული ბათინკები


მიუხედავად იმისა, რომ სველოდა, წვიმდა, თოვდა, ქარიშხალი იყო და მიწისძვრა და ურაგანები და ხვლინჭკობები და ამისწინა პოსტის განწყობა მჭირს ჯერ კიდევ,  კიარადა, მიუხედავად ყველაფრისა, ავდექი და წავედი  კახეთში,  შემოდგომის სანახავად.


ჩანთა ბოლო წუთებში ჩავალაგე, საწვიმარი ბოლო საათებში ვითხოვე, ზვიოს ბოლო დღეს ვთხოვე გავეყვანე დილის ექვსზე კოლმეურნეობაზე და ისე საყვარლად დამაგვიანდა, რომ მემგონი ჩემი ლაშქრობა-ექკურსიების ისტორიაში პირველად (და იმედია უკანასკნელად) იმ გვერდითა სკამზე ვერ მოვხვდი, როცა “მარტო როცა მივდივარ” , მაშინ ვჯდები ხოლმე. სამაგიეროდ, სულ წინ ვიჯექი და გათბობა მქონდა ცხვირწინ და დასველებულს 5 წუთში მაშრობდა.
ძალიანძალიან მინდოდა ახმეტის თეთრი გიორგი მენახა. ამ ეკლესიაში სამი წლის ასაკში მომნათლეს (და ცხვარიც დაკლეს), ხოდა როგორც იქნა მივაღწიე იქამდე. ისე, იქაურები იძახიან ხოლმე, თეთრგიორგში თუ მიდიხარ, უკან არ უნდა გაბრუნდე, შურისძიება იცისო და რაღაც საშინელ ისტორიებს დააყოლებენ ხოლმე.

მერე ალავერდი ვნახეთ და გავბრაზდი, იმდენი შეზღუდვა დამხვდა.

მერე იყო ისა… მმმ…სატვირთოთი ბოდიალი ძალიან ლამაზ ტყეში. გზა საკმაოდ ტალახიანი იყო და მანქანა ალაგ-ალაგ ბუქსავდებოდა, ალაგ-ალაგ ორმოებში ვარდებოდა, ალაგ-ალაგ კიდევ რაღაცნაირად ქანაობდა, “დრიფტაობდა” , ალაგ-ალაგ საერთოდაც ბორბლები ღრმა თხრილებში უვარდებოდა და ორმო-ორმო დავდიოდით. გზა იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ თან ჟინჟლავდა, თან თავს ძლივს ვიმაგრებდი და ფოტოები არ გადამიღია, სანამ არ მივედით.

გზა ვითომ საშიში იყო, მაგრამ თუშეთში და ტბათანაში ასვლის გამოცდილება გავიხსენე და საერთოდ გამიქრა ყველანაირი შიში, თუ რამდენიმე ორმოს/ტალახს არ ჩავთვლით, სადაც ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი და თან ცოტაარიყოს ვაიმე. რამდენიმეგან მანქანა ისე გადაიხარა, მეგონა რომ ამოყირავდებოდა.

ფოტოები მინდოდა გადამეღო, “სიცოცხლის” თემატიკით, რამდენიმე დღე მუზას ვეძებდი და არ მოდიოდა, ხოდა იმ კონკრეტული დღის ხასიათიდან გამომდინარე, რომ მივიხედ-მოვიხედე, უცებ მივხვდი რა უნდა გადამეღო და ასეთი სიცოცხლე გადავიღე.

მერე უკან დავბრუნდით, იმავე სატვირთოთი, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ასვლისას და ვაზისუბნისკენ დავიძარით. უკვე ბნელდებოდა, გზა შორიაო, დაღამებულზე ჩამოხვალთო, ჩემი კოჭი გავიხსენე და დავრჩი. მირჩევნია ახლა გამოვტოვო წვრილმანები და შემდეგ ზაფხულს ბეეევრი ვიარო, ვიდრე პირიქით-თქო.

სამი გადაბმული სკამი ავარჩიე, ვიღაცის ჩანტაზე ჩემი პარალონი დავდე, ტალახიანი ბათინკები მაქსიმალურად უსაფრთხოდ შემოვალაგე მძღოლთან რომ ამაღლებული ჯებირია, იქ, ზემფირა ჩავრთე და ისე ჩამეძჳნა, ვერც მივხვდი. სანამ ხალხი ბოდიალობდა მე და რამდენიმე ადამიანს ასე გვეძინა, მაგრამ ხან ვინ დარეკა იმის გასაგებად, რატომ დავბოდიალობდი და თბილისში არ ვიყავი, ხან ვინ-რატომ მეძინა მარშუტკაში და არ დავბოდიალობდი და იძულების წესით გავიღვიძე.

დანარჩენებმა დაუღამებლად ჩამოაღწიეს, თქვეს რომ ძალიან ლამაზი ადგილები ნახეს და რომ მე მომეწონებოდა. მე გავიღიმე და გავიარეთ.

მერე თეოს სახლში მივედით და უზარმაზარი სუფრა დაგვხვდა. გაძუნძგლულები და გაბომჟილები ფეხსაცმელებს ეზოში ვიცვლიდით, რომ მთელი ის ტალახები ოთახებში არ შეგვეტანა. მე მოვახერხე და უცებ ტანსაცმელიც გამოვიცვალე, მაბარძგვალებს, როცა ტალახიანი რამე მაცვია მაშინ, როცა სუფთა გარემოში ვარ.  კარავში ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ უცებ გაწკრიალებულ გარემოში მოხვედრისას აბზზ დამემართა.

ვიცოდი, რომ არავინ არ უნდა დაგვხვედროდა და უცებ ამდენი მასპინძელი დაგვხვდა და უცხო გარემოში ორი დღე მეზობლის ბავშვივით ვიტუზებოდი ხან სად, ხან სად, ყავისთვის ცხელი წყლის მოთხოვნებით და აბაზანასთან მიყარაულეთ-რაა-თქო.

გემრიელი ღვინო იყო, საჭმელი კიდევ უფრო უკეთესი, განსაკუთრებით ჯონჯოლის მწნილი და ბადრიჯანი ნიგვზით, რომელსაც ბროწეულები ზემოდან კი არ ეყარა, შიგნით ქონდა, გულსართში, და ბევრად უფრო უკეთესია ასე, სხვათაშორის. ხოდა კიდევ ძალიან კახური სუფრა გვქონდა სადღეგრძელოებით, კახური იუმორით და ანეგდოტ-სადღეგრძელოებით და ჩვენი სიმღერის მცდელობებით. (ტექსტები არ ვიცოდით ბოლომდე არაფრის)

მერე, როგორც  ხდება ხოლმე, ბიჭები მაგიდიდან აიშალნენ, გოგოები დიასახლისებს მაგიდის ალაგებაში მივეხმარეთ და მერე გოგოებმა კი დავიძინეთ, მაგრამ დიდხანს მესმოდა, ბიჭებს როგორ არ ეძინათ და როგორ დადიოდა ლაშა საქმიანად და ხმამაღლა წინ და უკან.

ზეგაანი

ზეგაანი

დივანზე მეძინა, ლოგინები გაგვიშალეს, მაგრამ მე სპალნიკში ჩავწექი, ასე უფრო “სახლში” ვგრძნობ ხოლმე თავს. კარგა ხანს ვერ მოვისვენე, მოუხერხებლად ვიწექი, და უცებ მივხვდი რატომ, პირიქით მეძინა. შემოვტრიალდი, ანუ ფეხების ადგილას თვი დავდე, როგორც სახლში, იმ მიმართულებით დავწექი და მაშინვე გავითიშე.

დილით პარკის შარიშურმა გამაღვიძა, ის-ის იყო, პატაპუტინას მანევრი უნდა შემესრულებინა, მე აქ მძინავს-თქო, მაგრამ გადავიფიქრე, გვერდი ვიცვალე და თავიდან დავიძინე, სანამ ყველანი აიშლებოდნენ.

ზეგაანის ტყე ძალიან ლამაზი იყო, აი უძალიანლამაზესი, მშვიდი და რაღაცნაირი, ნისლიანი. აი ისეთი, რომ უნდა დაჯდე და გაირინდო და სიჩუმეში ფოთლები ცვიოდეს და შენ უყურებდე და იმაზე ფიქრობდე, როგორ მოკვდები შენც ამ ფოთოლივით და სანამ დრო გაქვს, უნდა იცხოვრო.

მაგრამ მერე გაწვიმდა, აპარატი შევინახე, მოუთმენლად ავიწურე წასვლის მოლოდინში და შემდგომი რამდენიმე საათი მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, როგორ მივიდოდი სახლში, ავანთებდი ღუმელს, ჩავიცვამდი პიჟამოებს, გავეხვეოდი თბილ ხალათში და დავლევდი ყავას.

განწყობის ამბავია ყველაფერი, მე რომ “მერერარომწვიმს” ნოტაზე მოვმართულიყავი, ალბათ ბევრს გავერთობოდი, მაგრამ რაღაცეები ნანახი მქონდა, თან ცუდი ფეხსაცმელი მეცვა, ბათინკი ძალიან ჭუჭყიანი იყო და ბოტასი ჩავიცვი, წვიმაში გადაღება არ გამოვიდოდა და ნუ მოკლედ… ვინანე, რომ წიგნი ან ქინდლი არ წავიღე თან.

კიდე რაღაცეები ნახეს იმ დღეს, მე მაკროები ვნახე/გადავიღე, ხარება და გოგიას მოვუსმინე იქვე მოქეიფე ხალხის შესრულებით.

სანამ  მრგვალ ეკლესიას იღებდნენ ,რომელიც რომელიღაც ვიღაცამ (ნიტო თემმურ-ნელგმა ნიტო ჩინიზ-ხანმა ნიტო ყვავი-ჩხიკვის მამიდა-დამპყრობელმა) თავლად გადააკეთა, მე გასვლის საუკეთესო ფოტო გადავიღე, იმჰო, რასაკვირველია.

მერე იყო ღამის თელავი და კხმ, აი სხვას აპარატს რომ მიცემ, რა მოსდის ფოტოებს, არადა ავტომატური გადაღების რეჟიმზე მეყენა, მეტი მარტივი რაღა დამეყენებინა, ა? …

მერე… მერე იყო ეს, უძველესი ჭადარია ასე მორთული, ავატარში სიცოცხლის ხე რომაა, იმას გავს.

მერე სახლი იყო. სახლში მისულმა, როგორც მჩვევია, ბარგის “დათვლა” დავიწყე,  “ჩამოვთვალე” რუგზაკი, პარალონი, ფოტოაპარატი, საწვიმარი და უცებ მივხვდი, რომ ბათინკები არ მქონდა. არც მძღოლის ნომერი მქონდა, სასწრაფოდ ვიკითხე ფბ-ზე კარავის ჯგუფში და მაშინვე მიპასუხეს (გულიკი) , რომ გადავრეკე, მარშუტკა გააჩერა, მოძებნა და ვერ ნახა, თუმცა მითხრა, რომ ბოლოს ჩამოსულებმა ყველაფერი წაიღეს. ამასობაში ფბ-ზე ავტეხე განგაში და დავაფრქვიე ცრემლები (მართლა ვტიროდი, მოლაშქრისთვის კარგი ბათინკი ყველაფერია, ესენი კიდევ ორი წელია მაცვია და ძალიან მიყვარს და ფეხზე მაქვს მომჯდარი და ახლის ყიდვა დიდი თავისტკიილია). ორგანიზატორმა მითხრა, ვინც ცხოვრობდა გლდანში, მერე ერთ-ერთმა მონაწილემ დამიპოსტა, ჩვენ გვაქვსო და ამოვისუნთქე მშვიდად და მოვიწმინდე კურცხლები.

არა, კი ვიფიცებოდი, რომ წლის ბოლო გასვლაა თქო, მაგრამ მემგონი კიდევ წავალ სადღაც…

p.s. ფოტოების სრული ალბომი იშოვება აი ამ ლინკზე

One thought on “კინაღამ დაკარგული ბათინკები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s