მე დღეს მოვკვდი


მე ისევ დავდივარ მზიანი სახლის ფსიქოლოგიურ ტრენინგებზე, რთულ თამაშებს “ვთამაშობ” და საკუთარ თავში ვიქექები, ახალი ემოციების საპოვნელად.

ტრენინგის მეორე დღეს მე ჩავიძირე, არ გადავრჩი, იმიტომ რომ

  • აშკარად და ხმამაღლა გავაპროტესტე, რომ უსამართლობაა, როცა მხოლოდ გოგოობის გამო ხარ პირველი (დაუმსახურებელი კანფეტის შეგრძნება მაქვს ხოლმე)
  • და დავაფიქსირე, რომ მე lucky bastard ვარ, რომელსაც მსგავს სიტუაციებში ყოველთვის უმართლებს
  • ამიტომ სხვებს მივეცი შანსები, შეგნებულად წავედი რისკ-ჯგუფში

ტრენინგის პირველ დღეს მე გადავრჩი

სიტუაცია გვქონდა, წყალქვეშა ნავიდან მხოლოდ 3 კაცი უნდა გადარჩენილიყო. მე ლამის ერთადერთი ვიყავი, ვინც სავარჯიშოს დაწყებისთანავე კამათში კი არ ჩაება, კართან მივიდა და “გადარჩა”, თან ბონუსად სხვაც გააყოლა ხელს. მართალია, მარიეს გაუაზრებლად ვტაცე ხელი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყოველთვის ასე ვიქცევი. ვტაცებ ხელს ვინმეს, ვინც ყველაზე მეტად მირჩევნია იმ სიტუაციაში და “გადასარჩენად” გავრბივარ.

მერე უკვე თათბირი გაიმართა და მე  გადამარჩინეს იმიტომ, რომ

  • გოგო ვიყავი
  • “უცნაური” ადამიანი ვარ, ჩემნაირები იშვიათები არიან (ისევ ეს “უცნაური ადამიანის” იარლიყი, თუნდაც პოზიტიური გაგებით)

მე მხოლოდ პირველ დღეს ვიბრძოლე გადარჩენისთვის, მეორე დღეს უკვე აღარ

და რა შეიცვალა?

მუსიკა, რომელიც ტრენინგს ფონად ედო, ის მუსიკა იყო, რომელსაც მთაში ყოფნისას ვუსმენ ხოლმე, უამრავი მოგონება წამომიტივტივდა, ის ემოციები, მთაში რომ დგახარ და სივრცეს გაყურებ და გრძნობ, რომ სიცოცხლით ხარ სავსე და უცებ მივხვდი, იმდენად ბედნიერი ვიყავი, შემეძლო იმწამსვე, ყოველგვარი გულის დაწყვეტის გარეშე მოვმკვდარიყავი. 

DSC_3200

მთაში სულ ასეა, იქ გატარებული ყველა წამი, წუთი, ყველა ჩასუნთქვა, ყველა დაკარგვა, ყველა გათოვება, ყველა გამზევება, გათენება, დაღამება, ყველა ბილიკი და გზები, შემოხვედრილი ქოხები და მინდვრები და აღმართ-დაღმართები და წყაროები, ყველაფერი ბედნიერებაა და როცა შენ უკვე გიტირია ბედნიერებისგან, (ხო, იყო შემთხვევა, და სულაც არ მრცხვენია) მემგონი შეგიძლია მშვიდად მოკვდე.

 მართალი ამბავი, ბონუსად ანუ, როცა შენი სიცოცხლე მართლა საფრთხეშია

(ეს ისტორია უკვე დევს აქ, ამიტომ გავმეორდები, ჯობია. თუმცა, ასეთი საშიშიც არ იყო არაფერი, მაგრამ ძალიან კი გაგვიჭირდა)

მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ საშიშროების სხვადასხვა დონეები არსებობს. ყველაზე მარტივად:

  • მსუბუქი- როცა სიტუაციიდან თავის დაღწევა უმარტივესია
  • საშუალო სიმძიმის- როცა კარგად გაირჯები და გამოხვალ სიტუაციიდან
  • მძიმე- როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

მოკლე შინაარსი

2011 წელს საშუალო სიმძიმის ხიფათში მოვყევით. ანუ ტყეში დავიკარგეთ. თან უბრალოდ ტყეში კი არა, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში. აპრილი იყო, დღე შედარებით მოკლე, ტყეში იყო ღრმა თოვლი, იყო ნისლი, სიცივე, ბევრი აღმართ-დაღმართი. ბილიკი ჩახერგილი და წაშლილი იყო და რაღაც მომენტში ვეღარ მივხვდით, სად ვიყავით. ჯიპიესი აჩვენებდა, რომ ბილიკზე ვიდექით, მაგრამ ბილიკის მაგიერ იყო ციცაბო, ტალახიანი არასტაბილური  ფერდობი, სადაც ბილიკი ჩვენი ნაფეხურებით გაიკვალა და სადაც ორი ადამიანი გვერდს ვერ აუქცევდა მეორის ხრამში ჩაჩეხვის გარეშე.

ამასობაში ორი ადამიანი ჩაიჩეხა. პირველი სასწაულად გადაურჩა გაყინულ მდინარეში ჩავარდნას, მეორე ტალახს მოეჭიდა ფრჩხილებით, ფაქტიურად, მერე ჩაებნენ და ამოიყვანეს. ერთ ადგილას ბიჭს დაუცდა ფეხი და გოგომ დაიჭირა. რაღაც მომენტში მეც ჩავვარდი, მაგრამ მსუბუქად, თოვლიან ფერდობზე დავსრიალდი ცუდად.

როგორ გადანაწილდა როლები

მე ვიცოდი, ვის მივყვებოდი. იქ გამოცდილი მოლაშქრეები იყვნენ, ლიდერიც და ჩამკეტიც. მიუხედავად იმისა, რომ 20 კაცზე მეტი ვიყავით, როგორც კი თოვლი და აღმართები დაიწყო, ერთი მწკრივი გავაკეთეთ და ასე მივდიოდით.

ორგანიზატორი, ლიდერი

მოკლედ, რაც გინდათ ის დაარქვით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მუდმივად იმას აკონტროლებდა, არავინ ჩამორჩენოდა და ყველა, ვისაც რა შეეძლო, აქტიურად ეხმარებოდა გზის გაგნებაში. ურეკავდნენ რეინჯერებს, ამოწმებდნენ რუკას, იხსენებდნენ წინა გასვლების მარშუტებს, რომ რამენაირად მივმხვდარიყავით, საით უნდა წავსულიყავით.

პანიკიორები.

კი, იყვნენ. ერთმა გოგომ კატეგორიულად მოსთხოვა ორგანიზატორს, მცივა და რამე მიშველეო. (ყველას გვციოდა)

თავისი თავის ადამიანები.

ყველაზე ცუდ მომენტში, როცა მივხვდით, რომ ძალიან დაგვერხა და ქვემოთ ჩასვლა დავიწყეთ ციცაბო თოვლიან ფერდობზე, ორგანიზატორმა ასეთი რამ თქვა: ” გოგო-ბიჭი გადანაწილდით”. მამრების ნაწილი თვალის დახამხამებაში აორთქლდა. სავარაუდოდ ელვის სისწრაფით დაეშვა ძირს. (გოგოების თრევაღა ეკლდათ)

დამხმარეები, მაგრამ სუსტები.

მე რისი მე ვიქნებოდი, ვინმეს დახმარებას დავლოდებოდი. ვტაცე ხელი მეორე გოგოს და “მკვდარი მკვდარს აეკიდა”-ს პრინციპით დავიწყეთ დაშვება. მე საფეხურებს ვთხრიდი, ის მამხნევებდა, მე იმას ვამხნევებდი და ამასობაში კი დავეშვით

დამხმარეები, ძლიერები.

სადღაც ნახევარი გზა გვქონდა გავლილი, რამოდენიმე ბიჭი რომ წამოგვეწია. ჩემი პროტესტის მიუხედავად ( ჩემით მივალ თქო) მომხსნა ჩანთა, მტაცა ხელი და წამაპროწიალა. (აი დედა რომ მიდის სწრაფი ნაბიჯით და 3-ოდე წლის ხელჩაკიდებულ ბავშვს მიაფრიალებს, დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო). მიმიყვანა, დამაყენა, დამფერთხა და სასწრაფოდ სხვა გოგოს მოსაყვანად დაბრუნდა უკან.

 

და ვინ ვიყავი მე?

მე ის გოგო ვიყავი, ვინც თბილისში ცივი ქარის დაბერვაზე ცივდება და ვინც მაშინ ყინვისგან ხელ-ფეხს ვერ გრძნობდა და მშვიდად, აუღელვებლად დადიოდა წინ და უკან, თავისი წილი სიმშვიდის შენარჩუნებაზე ზრუნავდა, როცა მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

ჩვენ ყველას შეგვიძლია გადარჩენა, უკლებლივ ყველას. მთავარია, მოვინდომოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s