იყო და არა იყო


პირველად იყო სიტყვა

მერე იყო ადამიანი

მერე იყო თამაში და

თამაშ-თამაშში ისე მივედი უფსკრულამდე, ვერც კი გავიგე.

 

ვინ ვარ მე?

მე პერწკლი ვარ

სადღაც ოდესღაც ვიღაცის მიერ მოფიქრებული სიტყვა ზუსტად გამოხატავს იმას, რაც ვარ – კოცონიდან ავარდნილი ნაპერწკალი.

როცა მე ვითხოვ – მე მინდა ყველაფერი აქ და ახლა.  მე მინდა კითხვებზე პასუხები – და საკითხები – გადაწყვეტილი მაქსიმალურად მოკლე დროებში.

მე ვფიქრობ მაშინ, როცა ვლაპარაკობ და ძალიან ხშირად, ჩემსიგრძე ტირადის ბოლოში უკვე გადაფიქრებული მაქვს ის, რითაც ტირადა დაიწყო. მე ამას ლაპარაკისას მოფიქრებას ვეძახი. მე შემიძლია გკითხო, კითხვა გავავრცო, პასუხი მოვიფიქრო, დასკვნა გამოვიტანო და შენ ვერ მიხვდე, საერთოდ რას ვრეკავდი და გეკითხებოდი თუ პასუხი უკვე მქონდა. არ მქონდა, გზადაგზა მოვიფიქრე.

მეორე ალტერნატივა – უნდა ვიარო. ჩავთვალოთ, რომ ამ ორ კვირაში მთელი დედამიწა შემოვიარე. ჩავთვალოთ, რომ მთელი ის მთები შემოვიარე, რომელიც მენატრება. თუშეთშიც ვიყავი და ცერზე აღფრთოვანებისგან სუნთქვა შემეკრა. შატილშიც ვიყავი, კოშკზე ვიჯექი, ჩემს აივანზე და მზეზე ვთბებოდი. საროშიც ვიყავი, სულ ბოლოში, უფსკრულისპირა ქვაზე ვიჯექი და იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, ოდესღაც ეს ნანგრევები რომ ააშენეს. სვანეთში მხერზე ვიჯექი და მთელი დედამიწა ჩემს ფეხქვეშ იყო. მუცოში, ბოლო კოშკზე რომ კლდეა გამოწეული, იქ ვიჯექი და ფეხებს ვაქანავებდი უფსკრულის თავზე, ქვემოთ კიდევ ძაფივით დაწვრილებული მდინარე მიიკლაკნებოდა, ფერდობზე შეფენილი თივის ზვინების გვერდით.

რას ვგრძნობ მე?

ადამიანი მაშინ წყვეტს არსებობას, როცა ოცნებას ეშვება. არ ვიცი როდის, მაგრამ მე ოცნება შევწყვიტე. წერა შევწყვიტე. ემოციების ღიად გამოხატვა შევწყვიტე. თავს ქეჩოში მოვკიდე ხელი და ვუბრძანე, რაციონალური ადამიანი ყოფილიყო. აფეთქებების მაგიერ გაჩუმებულიყო და იმაზე ეფიქრა, რატომ უნდოდა აფეთქება. მე საკუთარ თავს ლოდინი ვასწავლე და ამით მოვკალი ის, რაც ყველაზე კარგი იყო ჩემში – სპონტანურობა. მერე ამომეწურა ყურით მოთრეული სიმშვიდეები,  შავი ღრუბლები შემოვიკრიბე, არ ვუპასუხე მეგობრების ზარებს, არ წავედი გასვლებში, არ გავედი სოფელში, არ გავაკეთე არაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

ამის სანაცვლოდ, ვიჯექი და ვფიქრობდი. რაციონალურად, გააზრებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ხან ძალიან მინდოდა, ხან პირიქით, საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, ვცდილობდი,  ვალაგებდი, ვგეგმავდი.

ვლაპარაკობდი იმაზე რაც იყო, რაც არის, რაც იქნებოდა. ვეძებდი საკუთარ თავში სურვილებს, რომელიც არ მქონდა, ვიღებდი პასუხისმგებლობებს, რომლებიც მკლავდა, ვავალებდი ჩემს თავს ყოფილიყო მშვიდი – როცა შიგნიდან დუღდა და გადმოდიოდა.

მე პერწკლი ვარ – ფეთქებადი და ემოციური.

მე პერწკლი ვარ – ნაპერწკალი ჩაქრობის პერსპექტივით.

მე პერწკლი ვარ – და მე დავიღალე.

მე არ მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ახლა არის.  ახლა მე არავინ და არაფერი არ მიყვარს და ჩემი ერთადერთი ოცნება ოთხ კედელს შუა გამოკეტვა და სიჩუმეა. ჩემი მეორე ოცნება ოთხ კედელში გამოკეტვა და იმ ყველაფერზე ლაპარაკია, რაც იყო, არის და იქნება. სულერთია რა იქნება. გულწრფელად. მაგრამ – რამე უნდა იყოს. იმიტომ რომ მე პერწკლი ვარ და თუ ჩვენი სულიერი სიმშვიდისთვის საჭირო იქნება, უკან დავტოვებ ყველას და ყველაფერს, როგორც არ უნდა გამიჭირდეს.

არც მძიმე, არც ძახილის ნიშანი, არც მრავალწერტილი. მე წერტილები მჭირდება. მკვეთრად გამოხატული დასაწყისები და დასასრულები. ყველაფერი, რაც  სასრულია, არის კარგი. ემოციები რომლებზეც ლაპარაკობ – არის კარგი. სხვა ყველაფერი მე მკლავს. მე არ მინდა მოვკვდე. მე არავის სიკვდილი არ მინდა.

the end

Advertisements

2 thoughts on “იყო და არა იყო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s