საჭირო ტყუილები


ბიძაჩემს ხანდახან არ ახსოვს, ვინ ვარ მე. მე არ მახსოვს, როგორი იყო მამაჩემი, მაგრამ დეტალურად მახსოვს სიკვდილის შემდგომი ყველა დღე.

განსაკუთრებით, შოკოლადის კანფეტები. და წანდილი. და ის ქალი, ამასწინათ რომ გარდაიცვალა და მე კიდევ მთელი ცხოვრება ვერ ვიტანდი “ვაითქვესაწყლებო”-ს შეცხადებისთვის; ჩემი ძმის მოსანათლად სახელდახელოდ ამოხვეული ძაფი –  ჯვრის დასაკიდად. ძალიან ბევრი ყოჩივარდები ეზოში. ჩემი ბიძაშვილები, რომლებიც ოთახში საწოლზე ჩამომჯდრები ტიროდნენ.  გაცრიატებული ამინდი და გუბეები. ოღონდ გუბეები სიზმარში ვნახე, გადახტომა მინდოდა  იქით მხარეს  და არ დამანება, შენ მერე წამოხვალო. 

მახსოვს ტანსაცმელი, შავად შეღებილი. საღებავის სუნი. კომოდში ჩალაგებული და აღარასოდეს ჩაცმული ფერადი ტანსაცმელი. ადამიანის მთელი ცხოვრება, კარადის ზედა თაროზე დატეული.

მამაჩემის სიკვდილით იწყება ჩემი მახსოვრობა ალვანზე და ‘ჩემს” უბანზე.

ბიძაჩემი ხანდახან ვერ მიხსენებს, თუმცა კარგად ახსოვს თენგოლე, უმცროსი ძმა.

მე კიდევ ვიტყუები ხოლმე, მეც ძალიან კარგად მახსოვს მამაჩემი.

დიაფილმები დაბნელებულ ოთახში; რძის ქარხანა, სველი იატაკი და ვიღაც თეთრხალათიანი თანამშრომლები; ღამეში მიმავალ მანქანაში ჩართული მინის საწმენდები და “ციმციმას” ხმა; დონალდოს კევები; ბუსუსებიანი, გაურეცხავი ატმები, დედაჩემის აკრძალვის მიუხედავად; სამთვლიანი ველოსიპედი; მანქანებიანი ატრაქციონი; ფანჯარაზე მიჭყლეტილი ცხვირი და შორს, მინდორზე მორბენალი მამაჩემი;  თეთრიწყლები, მუხლამდე ყვავილები და საზამთროები;

უბრალოდ, ექვსი წლის ამაყი ბავშვისთვის ძალიან ძნელია მწუხარებას მიეცეს, ამიტომ ალტერნატივად დანაკლისის იგნორირება რჩება. ალბათ. ან იმისათვის, რომ ძლიერი იყო და ათი-თორმეტი წლის ლაწირაკი მეზობელ დიდ კაცს ეჩხუბო იმისათვის, რომ უსამართლოდ დაგჩაგრა, საკუთარ თავთანაც არ უნდა აღიარო, რომ სუსტი ხარ ან რაღაც გაკლია.

საინტერესოა, რომ შევხვდები, მაშინ თუ ვიცნობ?

ვიცნობ უცნობ ადამიანს, რომლის სახე პრაქტიკულად არ მახსოვს… ნათესავები ამტკიცებენ, რომ ვგავარ, მაგრამ ფოტოები და ჩემი თვალები ირწმუნებიან, რომ დიდი ბებიის ასლი ვარ.

თუმცა, კარადის თავზე შემოდებული ზენიტის (აქ უკვე დაშლილი) ფოტოაპარატი, საძილე ტომარა, მათარა და კარპატებში გადაღებული ფოტოები იმას მოწმობს, რომ რაღაც საერთო უნდა გვქონოდა.

 

Advertisements

6 thoughts on “საჭირო ტყუილები

  1. რა გადასარევი პოსტი იყო.
    მეც მსგავსი სიტუაცია მაქვს, ოღონდ ამიტომ არ მომწონებია, კარგი დაწერილია!!!
    “დიაფილმები დაბნელებულ ოთახში; რძის ქარხანა, სველი იატაკი და ვიღაც თეთრხალათიანი თანამშრომლები; ღამეში მიმავალ მანქანაში ჩართული მინის საწმენდები და “ციმციმას” ხმა; დონალდოს კევები; ბუსუსებიანი, გაურეცხავი ატმები, დედაჩემის აკრძალვის მიუხედავად; სამთვლიანი ველოსიპედი; მანქანებიანი ატრაქციონი; ფანჯარაზე მიჭყლეტილი ცხვირი და შორს, მინდორზე მორბენალი მამაჩემი; თეთრიწყლები, მუხლამდე ყვავილები და საზამთროები;” – კინოკადრებია. ცხადად წარმოვიდგინე.

    “დიდ კაცს ეჩხუბო იმისათვის, რომ უსამართლოდ დაგჩაგრა, საკუთარ თავთანაც არ უნდა აღიარო, რომ სუსტი ხარ ან რაღაც გაკლია.” რა ნაცნობია!!!!!!!!!!! გვიან, დიდ ასაკში მივხვდი ჩემი მაშინდელი ასეთი რეაქციების მიზეზს. ობლის ფსიქოლოგია.

    და მსგავსებაზე…… ❤ ამან სულ ბოლო მომიღო….. 😦 გახსოვს მგზავრობის ლოცვა რომაა "ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ"… როგორც ამ ლოცვაში ვთხოვთ უფალს დაგვემგზავროს, როგორც მაშინ იმ ორ მგზავრს, ალბათ ისიც შენთან ერთად დადის ლამაზ ადგილებში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s