ვინამ სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია – 4 დღით თუშეთში

_DSC9944

არსად არ დაკუსკუსებენ ღრუბლები მთების წვერებზე ისე, როგორც თუშეთში. წავლენ-წამოვლენ, წაბოდიალდებიან, მობოდიალდებიან და იმ მთის და ამ გორაკისას მოგიყვებიან.

_DSC0026

“იახლ ჯანღ ქურდულად ჩამიიპარ დანოსო” ტყუილად კი არ მღერიან იმ სიმღერაში, ყველაზე ძალიან რომ მიყვარს, იმიტომ რომ დანო ჩემი სოფელია. კიდევ დიკლო მიყვარს. დიკლოში მოსახერხებელი გორაკებია – წამოსაწოლად, რუჯის მისაღებად და ქონდრის ჩაის დასაკრეფად.

დიკლოსთან

დიკლოსთან

დიკლოს სახელი “დიიკლო”-ს ნიშნავს – შეცოტავდა-ს. მას მერე რაც ლეკებმა ძველი დიკლო გაასწორეს მიწასთან, ცოტა მოშორებით აშენდა ახალი დიკლო და იქნებ ამიტომაც აქვთ ხატის ნიში შუა სოფელში – კარგად დასაცავად. ძველ დიკლომდე ცოტა ფეხით უნდა გაიარო, ოღონდ ჯერ მესაზღვრეებთან მიხვიდე და ისინი გამოგყვებიან – შენივე უსაფრთხოებისთვის.

_DSC9837

სულ სხვანაირი ჰაერია თუშეთში – არც ერთ მთას არ გავს. სიტყვაზე უნდა მენდოთ – ყველგან ვარ ნამყოფი საქართველოს მასშტაბით სადაც ბალახია. ცინცხალი – აი ეს სიტყვა ასახავს ზუსტად იმას, რასაც ვერ გადმოსცემ. დილაობით ნისლები ჩამოდიან და მზე რომ გამოვა ფეხაკრეფით მიიპარებიან ისევ, სამოგზაუროდ. და დილით ადრე თუ ადგები, ჯადოსნური სანახაობა დაგხვდება.

წელს მივხვდი რომ უზომოდ მენატრებოდა აქაურობა და ვინატრე. სამყაროს კიდევ ჩემი სურვილების ასრულება უყვარს ხოლმე და საერთოდ იმედი რომ არ მქონდა (უკვე ყველა ადგილი შევსებული იყო), ისე აღმოვჩნდი თუშეთში. ბედნიერება თუ არსებობს, მაკას ზარი ერქმევა, თუშეთში ხომ გინდა წამოსვლაო.

თუშეთის გზა

IMG_0062

2011 წელი

პირველად რომ წავედი თუშეთში, დიდი სატვირთო მანქანის ძარაზე ვიჯექი. ადრე დილით გავედით და გზის დასაწყისშივე ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, უკვე საკმაოდ მაღლა ვიყავით ასულები, წამოვდექი, ბორტს მიღმა გავიხედე და გავშეშდი. სამანქანე გზა ბილიკად მოჩანდა სადღაც შორს, რბილ მთებზე. ორი წილი აღტაცება, ერთი წილი სუნთქვის შეკვრა და ერთი წილი პანიკა ვიგრძენი. ცაში ვიყავი გამოკიდებული და უკან დასაბრუნებელი გზა არ მქონდა, სულ წინ უნდა მევლო. ყველა მოსახვევში გული მიჩერდებოდა და ყველა დაღმართი მიხაროდა. გზაა თვითონ ისეთი, რაღაცნაირი, თითქოს სულ ზემოთ და ზემოთ ადიხარ, სადღაც, ღრუბლებს მიღმა სამყაროში.

კი, ყველაზე საშიში გზების ათეულშია შესული და გზადაგზა უამრავი ნიში, სურათი და ჯვარია აღმართული (აქედან ერთი ბიძაჩემის, ერთიც პაპის), მაგრამ თუ არ დალევთ, ნელა ივლით და ყურადღებით იქნებით, პრინციპში, მშვიდობიანად ჩახვალთ. გზადაგზა მოგიწევთ პატარ-პატარა ღელეებზე “გადაბიჯება”, თუ იწვიმა, ალაგ-ალაგ შეიძლება ნაშალიც ჩამოიშალოს. თუმცა,  სილამაზის ყურებაში გართულს სად გახსოვს გზას უყურო.

ცერს იქით

ცერს იქით

ყველაზე ძალიან ის მომენტი მიყვარს, ცერს რომ  გადაივლი და ეს სერპანტინები გამოჩნდებიან. ამ მომენტიდან ვთვლი, რომ უკვე თუშეთში ვარ.

ცერზე

ცერზე

ამ გზას სიურპრიზები უყვარს, ივლისში შეიძლება გაგითოვდეთ უღელტეხილზე და ბარდნალი მოგიწყოთ. (აქ ინახება დათოვლილი უღელტეხილის მოგონებები). ჩვენ უღელტეხილი ორივე გზა ნისლებში გადავიარეთ. ფოტოზე ხელმარცხნივ მანქანა ჩანს, მასშტაბისთვის.

_DSC0100

ცერის გადავლას რომ მორჩები, რაღაც პერიოდი ხეობაში მიდიხარ. გაშლილი მდინარე, ტყიანი ფერდობები, კრისტალურად კრიალა ჰაერი და რაღაცნაირი სივრცეები, რომელსაც არაამქვეყნიური სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს. ოდესმე თუ დაგაინტერესებთ, როგორი ვარ მშვიდი (და მე თითქმის არასოდეს ვარ მშვიდი), აქ უნდა მნახოთ. სადაც ისიც კი არ მადარდებს, რომ ჩემი ხერხემალი ყველა ქვის გადავლისას ჩხუბს იწყებს.

_DSC0030

აქ მთები ზემოდან კი არ დაგყურებენ, პირიქით, შენც მთების ნაწილი ხდები და ბუნებაში ითქვიფები ბოლომდე.ერთი გორა მეორეს უერთდება, მესამეს და ა.შ…. ჩახუჭუჭებულად, ჩახლართულად…

_DSC9774

ზედა ფოტოზე პირველი დღეა, ცოტა მზეც რომ შეგვხვდა გზადაგზა. უკანა გზაზე კი რამოდენიმე საათის დაგვიანებით წამოსულ დელიკას წვიმამ დასცხო და ნაშალის ხელით გადაყრა მოუწიათ. დამატებითი ზამბარაც გატეხეს (ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი არ იყო, ჩამოვიდნენ მშვიდობიანად). წასვლა ჯიპით ჯობია, მოკლეთი და “მაღალპასადკიანით” ან უფრო უკეთესი, მაღლა აწეულით. მე სატვირთო მანქანითაც ვარ ნამყოფი და ბევრად უფრო მეტი ადრენალინია.

ყველა ხეობაში გზები მეტ-ნაკლებად ნორმალურია, რასაც წოვათაზე ვერ ვიტყვით. წინა ორ გასვლაზე ზუსტად ამის გამო ვერ მოვხვდი მანდ, მაგრამ წელს აბა დღეობა იყო და…. ტრაქტორი გაატარეს.

გომეწარი რომ მოვიარეთ, ბოჭორნას გვერდით ჩავუარეთ, რომელიც ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია და დოჭუს გავურბინეთ. ამ სოფელში, გადმოცემით, ახალფეხადგმულ ბავშვებს თოკით აბამდნენ. რატომ? იმიტომ რომ არ გადაცვენილიყვნენ. და საიდან? საიდან და, დოჭუ ფაქტიურად გორაკების წვერებზეა შემოსკუპებული და ერთი მეზობლიდან მეორემდე მარილის სათხოვნელად რომ გადახვიდე, ზოგჯერ უნდა ჩახვიდე, მერე ახვიდე მერე ისევ ჩახვიდე და ამოხვიდე და ჯანდაბას, უმარილო კერძიც გემრიელია.

დოჭუ

დოჭუ

ის ლეგენდარული ბეწვის ხიდიც გავიარეთ, სადღაც გომეწარში რომაა და ვერაფრით დავიმახსოვრე, სად. გომეწარში, ყავის დასალევად გავჩერდით და იქღა გავიგე, რომ მეორე დღეს წოვათაში მიდიოდა ჩვენი ეკიპაჟი.

გომეწარი, ყავა

გომეწარი, ყავა

მანქანა თუ გაივლიდა მდინარეში, ხომ კარგი, თუ არა და ფეხით უნდა გადაგვევლო ბეწვის ხიდი. სხვა მანქანაში ვერ გადავჯდებოდი, ამიტომ მაკას გამოვართვი პაწაწინა ზურგჩანთა და საძილე და დიდი ზურგჩანთა სხვებისთვის გავათავისუფლე – სულ ორი თუ სამი ცალი გვქონდა 6 კაცზე. იმ ღამეს მირგველაში დაბრუნებულმა იქაურ სასტუმროში სულ რაღაც 3 ლარად ვიბანავე და მაგდენივედ ყავა დავლიე. მშვენიერი შხაპი იყო ველური თუშეთის კვალობაზე, რეკომენდაციას ვუწევ. იქვე გადახურულში გაგუზგუზებული ღუმელი იყო და სამი თუ ოთხი ტურის მონაწილეები ვიკუჭნებოდით და აღმა-დაღმა ბოდიალზე ვლაპარაკობდით.

ბანაკი

ბანაკი

ასე გამოიყურებოდა ჩვენი ბანაკი. ძირითადი ბანაკი მირგველაში იყო და აქეთ-იქით დავბოდიალობდით. ის სტაფილოსფერი კარავი ცენტრში ჩემია. ღამე ენთო ცეცხლი, ვისხედით ბევრნი და თავზე ყოვლად უსირცხვილოდ დაგვნათოდა ირმის ნახტომი. ღამე კარავში  ისე მციოდა რომ თერმოქურთუკში ვიყინებოდი და კანკალით მეღვიძებოდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც მაკას პატარა საძილეში გადავწექი, რომელიც მხრებამდე ძლივს მოვიწვდინე და სიყვარულით ნახევარსპალნიკა შევარქვი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე თბილისის ზაფხულებშიც თბილ პლედში გახვეულს მძინავს.

_DSC9790

დილაობით ცხელი ყავა და ცეცხლი და სულ ღარ მახსოვდა, რომ ოდესმე შემცივდა. ხოდა იმ დილასაც სხვებზე ადრე ავდექით ამაყად და იმდენი ვიბოდიალეთ მთელმა ბანაკმა არათუ გაიღვიძა, არამედ ლამის ჩვენთან ერთად წამოვიდა დართლოში.

ხოდა, რა დაგვრჩენოდა დართლოში?

_DSC9915

ცხელი საჭმელი! ხბოს წვნიანი! ყავა! კოტრები და ხინალი! ა ხო და კიდევ დართლოს სპეციალურად ქონდრის  ჩაის დასალევად განკუთვნილი ოქროსფერხავსმოდებული სიპისქვებიანი სახურავები, აი ის კოშკი სულ ზემოთ რომაა და მე რომ მიყვარს, ერთმანეთზე მიკოფსებული სიპის ქვით ნაშენი სახლები, პირადი ცხოვრება რა არისო, გაკვირვებულები რომ მოგაშტერდებიან, რადგან ერთი ფანჯრიდან ლამის მეორე მეზობლის კერია ჩანს.

_DSC9944

სულ ზემოთა კოშკი

_DSC9946

ხედი დართლოზე

_DSC9941დართლოში ერთი დანგრეული ეკლესიაა. რამდენად სწორად ვიცი, არ ვიცი, მაგრამ მომიყვნენ, რომ ეკლესია ხატის ტერიტორიაზე ააშენეს და ამიტომ მალევე დაინგრა.  აქვეა დართლოს საბჭეო, სადაც მთავარი მოსამართლე ქალი იყო. ზემოთ კვავლოს კოშკები ჩანს, და ხელმარცხნივ, ოღონდ აქ არ ჩანს, ჩემი სოფელია – დანო. პატარა და კუსკუსა.

_DSC9936

ეს გვირილებიანი ფოტო დართლოში ყავის მოლოდინში გადავიღე. უნდა დავბეჭდო, კედელზე მივაკიდო და ცუდ ხასიათზე რომ ვიქნები, გავიხსენო.

ხოდა, იმაზე ვლაპარაკობდი, რომ დართლო მოვირბინეთ და წოვათისკენ დავიძარით. გაგვიმართლა და მდინარე მანქანით გადავიარეთ. (ძალიან მეზარებოდა იმ გზაზე ფეხით ბოდიალი)

ეს უკანა გზაზეა გადაღებული, მაგრამ, სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ წინა გზაც ასეთივე იყო. ერთი მდინარე უნდა გადავიაროთო. ერთიო! ვერ შეედავები, ერთი გავიარეთ. ოღონდ ყველაჯერ! ხუთჯერ თუ ექვსჯერ.

_DSC9970

 

რამოდენიმე ადგილად ჩასუნთქვაც კი დამავიწყდა.  გზადაგზა წაროც გავიარეთ, წოვათის (მგონი) ყველაზე დიდი სოფელი-ციხესიმაგრე, რომელიც შავმა ჭირმა გაწყვიტა. აკლდამებში დღემდეა ძვლები._DSC0023

ინდურთაში რომ მივედით, უკვე საღამოვდებოდა. ბანაკი ხატის მიმდებარე ტერიტორიაზე გავშალეთ.

 ხატები, ნიშები და უწმინდური ქალები

ხატის კარში ქალის შესვლა გამორიცხულია. მხოლოდ მიახლოვება შეიძლება. გადმოცემით, თუ შეხვედი, ცა მოიქუფრება, გაწვიმდება და შემსვლელი თავს ცუდად იგრძნობს. ხატები ხშირად შემოღობილიც არაა და ეს დამატებით პრობლემებს ქმნის მათთვის, ვინც პირველადაა თუშეთში და არც წესები იცის, არც ის, როგორ გამოიყურება ხატის ნიში. თუ პირველად მიდიხართ, აქაა მცირეოდენი ინსტრუქცია თუშეთში (და ზოგადად მთაში) პირველად წამსვლელთათვის.

წოვათა, ბერი სამება

წოვათა, ბერი სამება

ხოდა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ წასვლაზე წოვათას დღეობაში მოვხვდი, როგორც არასანქცირებულად შეპარული ჩაღმა (დედა რომ წოვა მყავდა რატომღაც მხედველობაში არ მიიღებოდა). ღორი არ გვქონდა, მაგრამ შულტამ (დღეობის მასპინძელმა), ქათამი და ღორი რამ გაყოო და სუფრიდან გამქრალ ქათამს სევდიანი თვალები გავაყოლეთ.  (პირველად გავიგე, რომ ქათამიც არ შეიძლებოდა)

საკმაოდ დიდხანს ქეიფობდნენ თუშები და დამახასიათებელი შეძახილებითაც ამხნევებდნენ საკუთარ თავს თუ სიპდაცურებულ სახლებს. იქვე ცხვრები ძოვდნენ ბალახს და სულაც არ იცოდნენ, რომ მეორე დილას გამოუყვანდნენ წირვას.

_DSC9975დროშაც გამოიტანეს, ზარიც დარეკეს და გვწყალობდესო დაიძახეს.

ღამე წვიმა დაიწყო და მთელი ღამე გაუდიოდა წკაპაწკუპი. კარავში ღამე საერთოდ არ შემციებია, ალბათ იმიტომ რომ ოთხი კაცი ვიწექით საკმაოდ მჭიდროდ. დილით კი ასეთი ხედი დაგვხვდა. (მეოთხე კაცი კარავში არ იმყოფებოდა, ამიტომ უნდა ვიგულისხმოთ).

_DSC9978

წვიმის და ღრუბლიანი ამინდის მიუხედავად, გაცილებით ნაკლებად ციოდა, ვიდრე მირგველაში. არადა იქ უკეთესი ამინდები გვქონდა.

სანამ მდინარეზე პირის დასაბანად ვიყავით ჩასულები, ცხენების რემამ ჩამოიქროლა და  ნიკე ლაოსმა ამ ფოტოს გადაღება მოასწრო.

_DSC9982

_DSC0004

ესეც ჩვენი ბანაკი, თუში და სვანი თუშეთის მთების და ჯანღების ფონზე. საინტერესო ადგილას გვქონდა კარავი გაშლილი, კარვიდან გამოხვიდოდი, ორ ნაბიჯს გადადგამდი მარცხნივ და ფრთხილად თუ არ იქნებოდი, პირდაპირ მდინარის ხრამში ჩავარდებოდი მოკლე გზით.  გარშემო კი მთის ქონდარი, ბექთქონდარა იზრდებოდა ბევრი-ბევრი. წინადღეს, სანამ ხალხი გადაჯეგავდა, უამრავი დავკრიფე. ახლა სახლში ვაშრობ და მთელ ოთახში ქონდრის სურნელი დგას.

ქონდარი

ქონდარი

აი ასე გამოიყურება ეს მცენარე. ტანდაბალია, შებუჩქულად იზრდება და საოცარი სურნელი აქვს. ზამთარში ორი ღერი საკმარისია და მთელი თუშეთი ერთ ყლუპში ექცევა.

ხოდა რა არის წოვა ან/და ჩაღმა და რატომ გავუსვი ხაზი რომ წოვების დღეობა იყო?

ოდესმე თუ თუშეთში მოხვდებით, ყოველი შემთხვევისთვის გახსოვდეთ, რომ თუშები ორნაირები ვართ – წოვები და ჩაღმები. უფრო სწორად, ყველანი თუშები ვართ, ოღონდ ვიზუალურად, ენით და ხასიათითაც კი განვსხვავდებით. წოვები მაღლები, დიდები, მუქთმიანები და გოროზები (:დ) არიან. ჩაღმები პატარები, ღია ფერებში და მმმ…. ცქვიტები? მოკლედ, წოვებზე ნაკლებად სერიოზულები. მოლაპრაკეების ცოტა მაინც თუ გესმით, ჩაღმურ დიალექტზე საუბრობენ. თუ საერთოდ ვერ იგებთ რა ენაა, ესეიგი წოვებში მოხვდით. თუმცა დღეს ძალიან ცოტაღა ლაპარაკობს წოურად (ბაცბურად) და ექსკურსია-გასვლების უდიდესი ნაწილიც ჩაღმებით დასახლებულ სოფლებში ეწყობა. წოურის მოსმენის უფრო მეტი შანსი ტბათანაში გექნებოდათ, წოვა-თუშების “საზაფხულო აგარაკზე”. (იხ. ფოტოები)

მე… მე თეორიულად ჩაღმა ვარ, მაგრამ ხავიწს დღემდე დათხურს ვეძახი, მომყვება წოვების უბანში გატარებული ზაფხულების კვალი. (აქ უნდა წარმოვიდგინოთ ჩემი ძმის აწეული წარბი და “დათხური კი არა ხავიწი!”). რა არის ხავიწი?

და რატომ არ შეიძლება ღორის ხორცის გადაატანა ცერს იქით?

იმიტომ!

სამჯერ ვარ ნამყოფი და სამივეჯერ ხალხის 80%-ს აინტერესებს ხოლმე. აი არ შეიძლება და მორჩა. წინაპრებმა ასე დაიბარეს და ხატები გაწყრებიან და ხატის წყრომისა გეშინოდეთ, თუ ჩემი არ გჯერათ :დ

დანოს ხატი აშტო

დანოს ხატი: აშტო

ხუმრობის გარეშე, მართლა არ ააქვთ ღორის არანაირი პროდუქტი. ადრე ქალამნებსაც ცერზე ტოვებდნენ და თუშეთში ისე გადადიოდნენ. ბარში ჩვეულებრივად ყავთ ოჯახებში და ჭამენ ღორის მწვადებს. ხორცის არ ატანის ტრადიცია იმდენად ღრმადაა გამჯდარი, რომ არანაირ განხილვას არ ექვემდებარება. არა და მორჩა. მე ვიცი გვარები, რომლებიც საერთოდ არ ჭამენ ღორის ხორცს, არსად.

და აბა რა უნდა ვჭამოთ თუშეთში?

_DSC0039

კოტრები, ხავიწი (დათხური), ხინკალი (ქონდრით), ყვა (ქუმელი), ჩობან ყაურმა, გორდილა. დალიოთ ალუდი და ქონდრის ჩაი. და სხვათაშორის ნამდვილ გუდის ყველს ის აუტანელი სუნი საერთოდ არ ასდის. როდის? უმჯობესია თუ დღეობებს დაამთხვევთ, რომლებიც თუ სწორად მახსოვს, აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და სოფლიდან სოფელში გადადის.

და თუ თქვენ ეს ბოლომდე წაიკითხეთ, ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ თუშეთის მთებში. და ომალოს კესელოებიც მოინახულეთ.

_DSC0051

 

8 thoughts on “ვინამ სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია – 4 დღით თუშეთში

  1. როგორ მიყვარს შენი პოსტების კითხვა 💚💚💚 ისე საყვარლად აღწერ დეტალებს, თითქოს მეც ვიმოგზაურე თუშეთში ⛅🌾🏡🌄📷

  2. მაიკო, ამის კითხვას რო დაიწყებს ადამიანი და ბოლომდე არ წაიკითხავს, ვერ წარმომიდგენია! 16 წლის წინ ვარ ნამყოფი თუშეთში და გამიცოცხლდა იქ განცდილი ყველაფერი! ლაშარობაზე ვიყავი, ღამე გავათენეთ და გამთენიისას ის ნისლი, ის ღრუბლები , თითქოს ხელით რომ უნდა შეეხო- ამას ალბათ ვერანარი სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ალუდიც დავლიე და შაქრიანი გაცხელებული არაყიც, საჯაროს რომ ეძახიან და ყოველ საღამოს ცეცხლს რომ ააგიზგიზებენ და გარშემო რომ შემოუსხდებიან გარმონით, გიტარით და რიგრიგობით … აი ისე გემრიელად არსად არ მღერიან, არსად არ ცეკვავენ და ამბობენ ლექსებს!!! …და კიდევ იმდენი რამ გამახსენდა ეხლა…მეც ვინატრე, ოდესმე გამეორდეს თუშეთის 2 კვირა თუნდაც 4 დღით!
    პ.ს- მე შენ სულ მშვიდს გიცნობ 💝💛

  3. წავიკითხე კი არა კიდევ ერთხელ წავიკითხავ! როგორ, როგორ მინდა მეც ამიხდეს ოცნება და თუშეთში მოვხვდე! ერთი თვის წინ ხევსურეთში ვიყავი და ვგრძნობდი როგორ მიჩერდებოდა სუნთქვა აღტაცებისგან..თუშეთის ფოტოებს რომ ვნახულობ და მოგზაურთა ჩანაწერებს ვკითხულობ, წარმომიდგენია იქ რა მელოდება…. მადლობა შენს ემოციებს რომ გვაზიარე🙂

  4. გამახარებთ თუ ქვემოთ დასმულ შეკითვაზე გამცემთ პასუხს.
    ამბობთ რომ “მოლაპრაკეების ცოტა მაინც თუ გესმით, ჩაღმურ დიალექტზე საუბრობენ. თუ საერთოდ ვერ იგებთ რა ენაა, ესეიგი წოვებში მოხვდით”. მაინტერესებს ჩაღმურ დიალექტზე მოსაუბრეს თუ ესმის ბაცბური ან პირიქით? შესაძლებელია თუ არა მათ შორის საუბრის წარმართვა ისე რომ ერთ-ერთი ჩაღმურ დიალექტზე მეტყველებდეს, მეორე კი ბაცბურად. პროცენტუალურად რა თანხვედრასთან (ვგულისხმობ უერთიერთგაგებას) გვაქვს საქმე?

    • ჩაღმური მარტივი გასაგებია. მაგალითად “რაგვერ ხარ” ნიშნავს როგორ ხარ. ქართული თუ იცის, შინაარსს გმოიტან თავისუფლად, თუ მთლად დეტალებშ ვერ ჩახვედი. იმიტომ რომ “რა მონა ხარ” – ნიშნავს რა ცუდი ხარ, და ეს უკვე უნდა იცოდე რომ თავი მართლა მონად არ წარმოიდგინო. :დ მაგრამ ბაცბური აბსოლუტურად სხვა ენაა და როგორც დავუშვათ ინგლისურს სწავლობ, ესეც უნდა ისწვლო, ისე ვერაფერს ვერ გაიგებ. ბევრჯერ მომისმენია და მაქსიმუმ იმას ვხვდები, რომ ბაცბურად ლაპარაკობენ. იქნებიან ჩაღმები ვისაც ესმით, მაგრამ მასიურად უკვე ბაცბებიც აღარ სწავლობენ საკუთარ ენას და სუფთა ქართულით საუბრობენ.

  5. გმადლობთ პასუხისთვის! საინტერესო ბლოგია მათთვის ვისაც მთა და ზოგადად მოგზაურობა იზიდავს. სადღეგრძელოებს ჩამოჭიდებულ კასტას არ ვგულისხმობ რასაკვირველია, ვისი სიყვარულის მადაც სუფრას ვერ გასცდენია :დ

    აქვე მეორე შეკითხვაც – აქვს თუ არა ბაცს (იმედია სწორი ტერმინია) სპეფიციკური აქცენტი ქართულად მეტყველებისას და შეუძლიათ თუ არა ჩაღმებს (ან ვისაც ბაცბურად საუბარი გაუგია) მათი ამოცნობა? ვგულისხმობ აჭარულ, იმერულს, გურულ და ა.შ. აქცენტებს სალიტერატურო ქართულში, რომელთა მიხვედრაც ადვილია.

    • არა, ბაცბებს არანაირი კილო არ აქვთ, გამართულად საუბრობენ ქართულად. წინადადებებაში სიტყვების თანმიმდევრობა ოდნავ სხვანაირია ხოლმე, მაგრამ მაგას რომ მიხვდე ჯერ ის უნდა იცოდე, რომელია “სწორი” :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s