გოგო, რომელიც გადარჩა არ იყო მამაცი
არც ლამაზი იყო
და არც გამბედაობით გამოირჩეოდა.
ერთი ბეწო, მოცუცქნული და გაუბედავი დადიოდა ეზოში შეყრილ უამრავ ადამიანს შორის, სასოწარკვეთილების, ცნობისმოყვარეების, სეირის მაყურებლების და უბრალოდ, ვალდებულების გამო იქ მყოფებს შორის და ეძებდა. რას – თვითონაც არ იცოდა.
იცოდა მხოლოდ ის, რომ სრულიად მარტო იყო და უნდა გადარჩენილიყო.
არჩევანი დიდი არ ყოფილა-
სიცოცხლე ან სიკვდილი; იმედი ან სასოწარკვეთა.
გადარჩა.
გაყინვის ფასად.
და არავის შეეძლო გოგოს გადარჩენა, საკუთარი თავის გარდა.
არჩევანს შენს გარდა ვერავინ გააკეთებს.
შენ უნდა გაბედო
შენ უნდა გარისკო
შენ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება
სტკიოდეს
ტიროდეს
ცუდად ხდებოდეს
უხაროდეს
უყვარდეს
ბედნიერი იყოს.
ზოგჯერ უბრალოდ, უნდა გადახტე იმისათვის, რომ ფრთები აღმოაჩინო
რომელსაც მთელი ცხოვრება ზურგით დაათრევდი.