100 კაცის ფენომენი ლაშქრობაში


რამოდენიმე წლის წინ შატილში სამი მარშუტკით ვიყავით წასულები. დღემდე ვპოულობ ადამიანებს, ვითან ერთადაც “თურმე” მომივლია ხევსურეთი.

spring-flowers-and-grass-wallpapers_36288_2560x1440

ფეისბუქ ფრენდმა დაასტატუსა რაღაც, მერე იმას კომენტარები მოყვა, მერე რამოდენიმემ ისიც თქვა, ლამაზი ხედის დანახვაში 100 კაცი ნამდვილად ვერ შემიშლიდა ხელსო. ჩემი აზრით, შეუშლიდა და თან როგორ.

ბუნებაში, განსაკუთრებით მაღალ მთაში და უღრან ტყეში იმიტომ მივდივარ ხოლმე, რომ რამენაირად ცივილიზაციას მოვწყდე და ამ რუზრუზისგან და ქაოსისგან დავისვენო, ხოდა როცა 100 კაცია….

  • ლამაზ ხედში და ფონზე შემთხვევით კადრში შეხეტებული ბევრად მეტი ადამიანი
  • გაცილებით მეტი რესურსი, დახარჯული იმაზე, რომ რამენაირად დააორგანიზო ეს ხალხი
  • დაქსაქსული ჯგუფი (ე.წ. სასტავები). ერთი რომ გიტარაზე უკრავ, მეორე ქეიფობს და მესამე ხეზე კონწიალობს და ერთად თუ არიან, ერთი შეხედვით ვერც მიხვდები
  • პროცენტულად მეტი გაჭირვებული და საპატრონო, იმიტომ რომ ასეთ ჯგუფებში ბევრი ახალბედა ხვდება.
  • დაბანაკების პრობლემა–  ორი კარავი ლამის ყველგან გაიშლება, 10 და მეტი- ვერა
  • ხალხი, ხალხი ევრივეარ, კომუნიკაცია, და ბოლოს 5 წუთი საწყალ ბუნებას
  • თქვენი არ ვიცი და მე რელაქსაცია მირჩევნია ბუნებაში და არა ბუნებიან ადამიანებში (თუმცა კარგი ბუნების ადამიანი ძალიან კარგია)
  • ხმაური, წიოკი, კვასკვასი, გაგანი და ვინ როდის სად რას აურევს, კაცმა არ იცის
  • ჩემსავით ხუთი წლის მერე გაარკვევთ, რომ უი, თქვენ ერთად იყავით ტამ, ჭიუხებში ან სადმე
  • სიზარმაცის ზრდა. ოთხ კაცში გინდა-არ გინდა მონაწილეობას იღებ. 40-ში ყველა ხელებში უყურებს ერთმანეთს და ველოდება, ან ფეხებში ებლანდება,  იშვიათი გამონაკლისების გარდა.
  • ორგანიზატორის უზარმაზარი თავისტკივილი, არ გინდა ამხელა ხალხს ჩამკეტი დაუყენო და მომწყემსო? თან ვინმეს ისე იოლად მიაკარგავ, როგორც ნემსს თივის ზვინში
  • სიარულის ტემპის მნიშვნელოვანი ვარდნა. პლიუს, გაცილებით მეტი დრო იხარჯება დილით ადომაში და გამზადებაში
  • და ა.შ.

ხოდა წელს თითქმის არსად არ ვყოფილვარ ბევრი გარემოების გამო (ნუ ეს ცალკე თემაა, რომლის გამოც ლამის შავი დროშები გამოვკიდე), მაგრამ ზოგადად ძალიან ვერიდები ბევრ ხალხთან ბოდიალს, ან თუ მივბოდიალობ, “ვინმე ჩემიანი” მიმყავს, რომ ორასორმოც კაცთან კომუნიკაცია ავირიდო თავიდან. (oh, yes, I am very shy and introverted).

რამე დადებითიც ექნება ალბათ 100 კაცთან ერთად ტამ ჭიუხების, ტანიეს, ტობას, პანორამების ბილიკის და ა.შ. ნახვას უბრალოდ, მე ვერ ვხვდები, რა და გამიხარდება, თუ გამანათლებთ :დ

ბატეთის ტბა, “პახოდში”, ერთწლიანი პაუზის შემდეგ


ადამიანების ორი კატეგორია არსებობს, ადამიანები, რომლებიც წვიმაში სველდებიან, და ადამიანები, რომლებიც წვიმაში სეირნობენ.

გუშინ მკვეთრ დაღმართზე მოვდიოდი, ჯოხით ხელში. შორტები მეცვა და საწვიმარი კურტკა. შხაპუნა წვიმა წვიმდა, ფეხებს მისველებდა, ბათინკებს აკრული ტალახები ალაგ-ალაგ ბათინკებშივე მოძვრებოდნენ. გარშემო ნისლები დაცანცარებდნენ, ცხვირის წვერიდან წვიმის წვეთები მომწანწკარებდა, მეორე ხელში წყლის ბოთლი მეჭირა, უკან პატარა საღვარელი ცუგა მომდევდა,(მეშინია, ვუგაგა) წინ მთები და ხეობა იყო, სადღაც 20 წუთის ფეხით სავალი მქონდა დარჩენილი და მე…. უკიდეგანოდ ბედნიერი ვიყავი.

_DSC2399

 

რაღაც მომენტში გავჩერდი და დავფიქრდი, აი ახლა მე თუ ნორმალური ვარ რა მიხარია თქო.

როგორც მოგეხსენებათ ან არ მოგეხსენებათ (გააჩნია რამდენად აქტიურად მკითხულობთ), შარშან, ერთ-ერთ მორიგ გასვლაში ხერხემალი დავიზიანე. დავიზიანე რა, ვერ ვიდექი, ვერ ვიწექი, ვერ ვიჯექი და მოკლედ, მოპახოდეს კვალობაზე ძალიან უუნარო ვიყავი. (ნორმალური ადამიანის კვალობაზე- პრინციპში, ჯანმრთელი.) ექიმმა იმედი ისე გადამიწურა, სარეცხის მანქანის გაწურული სარეცხი მიმიქარავს. ცალკე ფენომენია ის, რომ  კი არ ეცადა ეშველა, მზა რეცეპტი ქონდა – არ იარო და იქნები კარგად.

თავიდან ვითმინე, ვითმინე, ვიბუზღუნე, დეპრესიაში ჩავვარდი, მერე როგორღაც მოვინელე, შემოდგომა და ზამთარი რაღაცნაირად გადავაგორე, მერე ჯიპ-ტურებში დავიწყე სიარული, მერე ერთიორჯერ ქალაქში დიდხანს ვიბოდიალე და მერე ლომის მთაზე ჩავეწერე. მაგრამ წინადღეს წელი ამტკივდა და ჩამეშალა.

ხოდა ისე გავბრაზდი, აი ისე გავბრაზდი რომ ავდექი და შემდეგ შაბათკვირას ბატეთის ტბის გასვლაში ჩავეწერე. სრულიად უცხო ჯგუფს გავყევი, სამაგიეროდ მეგობართან ერთად ვიყავი, რომლის იმედიც მქონდა, თუ რამე, დავჯდებოდით და აღარ ვივლიდი. 7 კილომეტრი უნდა გვევლო საბოლოო ჯამში, ჩანთა არ მიტარებია, ჩემმა თანამგზავრმა უაპელაციოდ გადაიბარა და ატარა ყველაფერი. მხოლოდ ფოტოაპარატი მეჭირა და სალაშქრო ჯოხი, უკან მივცუნცულებდი და ალაგ-ალაგ სინდისი მქენჯნიდა, ასე მსუბუქად ცხოვრებაში არ მივლია.

_DSC2357

ერთ-ერთი პირველი ავედი, გზაში წამოწეულ ჯიპში ჩაჯდომაზეც უარი ვთქვი და ბოლომდე გაუჩერებლად ვიარე. მერე რა, რომ გზაში საწვიმარი ჩავიცვი და გასაწური გავხდი, უცებ ავცვივდი ტბამდე, მაიკა გამოვიცვალე, ჯემპრი ჩამოვიფხატე და სასწრაფოდ გავბედნიერდი.

ტბასთან რომ ადიხარ, მოსწორებული ადგილია პატარა, გზა ორად იყოფა, მარჯვენა გზა იმ ნაპირამდე მიდის, სადაც პაწაწუნა საბანაკე ადგილია, წყაროთი. მარცხნივ თუ წახვალ, იმ ნაპირზე უკეთესი ადგილია ბანაკისთვის (სამიოდე კარავი ჩაიდგმება), ოღონდ წყარო არაა.

უწყაროო საბანაკე

უწყაროო საბანაკე

ჩვენ მარცხნივ წავედით, და ცხოვრებაში პირველად, კოცონის დანთებაში მივიღე მონაწილეობა. უფრო ზუსტად, იმდენად მოუხერხებლად ეყარა მსხვილი შეშები და იმდენად არაანთებადი იყო, რომ ვერ მოვითმინე და ცხვირი ჩავყავი ანთების პროცესში.

_DSC2369

მერე დავჯექი და ბედნიერად მივეფიცხე.

გემრიელი მწვადების მერე, ყველა ზარმაცულ დროსტარებაზე რომ გადავიდა, მე ვერ მოვითმინე და ტბის შემოვლა დავიწყე, არაპაპსა მხრიდან მინდოდა გადამეღო. თან ორი კაციც ავიყოლიე. ხალხი იძახის, რომ ტბა შემოვლადია. ნუ, ბარდების გავლით შემოვლადია, კი, მაგრამ ვინაიდან მე ძალიან არაბარდული განწყობა მქონდა, უკან დავბრუნდით, თუმცა ორი კადრი მაინც გადავიღე.

ბატეთის_ტბა

და მეორე, რაღაცნაირად აბლანდული, თუმცა იმედია გამყოფი ხაზი გაირჩევა. ისე, რომ რამე, ნავით წავიდოდა კაცი. ან ნაპირიდან წყალში ჩაისვლება, მეორე, წყაროიანი ნაპირიდან პრაქტიკულად შეუძლებელია, ნაპირი არ აქვს, უნდა ჩახტე ზემოდან.

_DSC2386

 

ესეც “ტრადიული”, სტანდარტული ხედი

_DSC2341

ბანაკში ამასობაში ასეთი საყვარლობები ხდებოდა

_DSC2358

და იზრდებოდა

_DSC2342

და იიიიიიიზრდებოდა

_DSC2395ამ ტბაზე სულ წვიმს ხოლმე, თუმცა ჩვენ პატივი დაგვდო და წამოსვლამდე არ გაწვიმებულა. სამაგიეროდ მერე დასცხო და რა დასცხო, ამიტომ, თუ წასვლას დააპირებთ, გაითვალისწინეთ.

პ.ს. როგორ მოვხვდეთ აქ? აი, ეს ჩემი ძველი პოსტი ბატეთზე, აქ წერია ყველაფერი და თან მზიანი ფოტოებიც აქვს.

 

 

პირველი სალაშქრო გამოცდილება, ანუ პლიუსების მინუსები


ჩემი მუდმივი თანამგზავრი

ჩემი მუდმივი თანამგზავრი

პლიუსი- ადამიანი, რომელიც შენ მიგყავს ექსკურსიაზე/ლაშქრობაში, არ იცნობს ჯგუფს და ხშირად მათთან არანაირი საერთო არ აქვს. ჩვენ ყველანი ოდესღაც პლიუსები ვიყავით.

რაც მე საყვედურები მაქვს მოსმენილი, რომ გთხოვე პახოდში რატომ არ წამიყვანეო, თითოს ათი ლარი რომ მოეცა, მმმ…. მინიმუმ ახალ კარგ ობიექტივს ვიყიდიდი ფოტოაპარატისთვის.

სულ თითზე ჩამოსათვლელი პლიუსები მყავს წაყვანილი სადმე, ძირითადად ისინი, ვინც ზუსტად ვიცოდი, რომ

  • იცოდა, რა იყო ლაშქრობა/რაღაც გამოცდილება ქონდა
  • არ იყო ნაზინუზა და ქარის ერთ შებერვაზე არ წაიქცეოდა
  • დიდი ალბათობით, არ ჩავარდებოდა პანიკაში
  • არ საჭიროებდა გაფაციცებულ მზრუნველობას

ძალიან პრაგმატული ჩამოყალიბება გამოვიდა, მაგრამ ეს ის აუცილებელი მოთხოვნებია, რომელსაც ვთვლი, რომ პლიუსები უნდა აკმაყოფილებდნენ. ძირითადად იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ასე აიღო და ადამიანი სადმე წაიღო, შენი პასუხიხმგებლობაცაა. მერე რა, რომ 18 წლისები დიდი ხანია გავხდით, თუ მიმყავს ე.ი. მინდა ისიამოვნოს. ხოდა მე არ ვარ ისეთი ძლიერი ტიპი, რომ სხვაზე ნამეტანი ვიზრუნო. თუმცა არის კატეგორია, ძირითადად მამრები, რომლებსაც დაყავთ პლიუსები, რომლებიც ხელით სატარებელი უხდებათ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

და როგორი პლიუსი ვარ მე?

ჩუმი, მაგრამ ძალიან სასარგებლო. არა, მართლა, ინტროვერტი ვარ და 5 ადამიანზე მეტს თუ დავლანდავ ჩემს ბაკანში ვიყუჟები და სანამ გარემოს არ მივეჩვევი, გარეთ არ გამოვდივარ. ფაქტიურად არც კი შევიმჩნევი, რომ იქ ვარ. ნუ სამაგიეროდ იშვიათად ვწუწუნებ, თუ მდგომარეობიდან არ გამომიყვან აგრესიას არ ვავლენ, ცოტას ვჭამ, ბევრს ვსვამ (წყალს) და ყოვლად გადასარევ ფოტოებს ვიღებ. ვინმე თუ მომეწონა, პორტრეტები ექნება ოპტომ. (გოგოები მომწონს ხოლმე გადასაღებად, როგორც წესი).

ზატო შეშის მოგროვებით დაწყებული კარვის ორ წუთში გაშლით დამთავრებული ბევრი რამე ვიცი და  შემიძლია ხოდა ნუ ახლა ხომ არაა აუცილებელი ყველამ იკისკისოს და იცანცაროს? სხვა დანარჩენისთვისსხვა პლიუსები არსებობენ უჰთ :3

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ პლიუსს სადმე წავიყვანთ?

  • შოკური თერაპია არ ვარგა

ნუ აიღებ და ნუ ჩააგდებ გამოუცდელ ადამიანს პირდაპირ ჭაუხებში, მყინვარზე ან ნებისმიერ სხვა შედარებით რთულ და გრძელ მარშუტზე. ის, უბრალოდ, ცოდოა.

  • აუხსენი სად მიდის.

გამოუცდელ ადამიანს სიტყვა ჭაუხები, ხახაბო და ა.შ. იდეაში არანაირ ინფორმაციას არ აძლევს და ამით ვერ განსაზღვრავს, რომ შეიძლება მინიმუმ 5-6-7 საათი აღმართებზე სიარული მოუწიოს.

DSC_3404

  • ანახე სად მიდის

ყველაფერს სიტყვებით ვერ ახსნი, სხვა დანარჩენისთვის არსებობს ფოტოები. სასურველია ლამაზი და არატრაგიკულსახეებიანი. თუ 5 საათი სიარული დააშინებს, ბარემ ისიც ანახე რისთვის მიდის და იქნებ შენზე წინ გარბოდეს, არიქა წავიდე ვნახოო.

  • შეასხენე

ისეთი “წვრილმანები”, როგორიცაა საწვიმარი, ფანარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და ა.შ. ადამიანს, რომელიც პირველად მიდის ლაშქრობაში, შეიძლება გამორჩეს. (მე მუდმივად მრჩება ფანარი, უკვე ტრადიციად მაქვს გასვლის წინ ფაცხაფუცხით “ფარნიანი სანთებელის” ყიდვა)

christmas in a tent in the mountains, forest, snow 150030

  • გაარკვიე, რამდენად ჯანმრთელია

ან უბრალოდ, აუხსენი, რომ ცივილიზაციისგან ძალიან შორს იქნებით და თუ რამე, საკუთარ აფთიაქზე იზრუნოს.

ა, ერთი კიდევ, და ძალიან მნიშვნელოვანი – პათოლოგიური სიმთვრალის მქონე პლიუსებს ვტოვებთ სახლში, ზედმეტად დიდი მინუსია იმისთვის, რომ ასეთი ადამიანი სადმე წაიღო.

იდეალური პლიუსი

  • არ წუწუნებს
  • არ ვარდება პანიკაში (ან თუ ვარდება, ცდილობს რომ დროზე აკრიფოს საკუთარი თავი)
  • იოლად კონტაქტურია ან კაკ მინიმუმ არააგრესიული
  • საკუთარ თავს თვითონ პატრონობს
  • პრინციპში დანარჩენი გემოვნების ამბავია

და თქვენ დაგყავთ ხოლმე “პლიუსები” საკუთარ ვიწროწრიან ჯგუფებში?

 

ტბათანა


როგორც თბილისიდან წყნეთში ახვიდე დასასვენებლად  – აი დაახლოებით ასე წარმომედგინა ბავშვობაში ტბათანა – წოვა-თუშების საზაფხულო აგარაკი

DSC_0467

ტბათანაში ფაქტიურად, ქოხები დგას, ნახევრად დანგრეული, ჩამოფაცხავებული, კედლებზე მილურსმული ხის “საწოლი” თაროებით, ვიწრო ფანჯრებით ან მათ გარეშე, კარები კი ყველას ხეობისკენ, მთებისკენ აქვს გაღებული.

DSC_0518

ადრე აქ ძალიან ბევრი ოჯახი ადიოდა ზაფხულობით, უმეტესობას მსგავსი ხის სახლები ქონდა, ნაწილს კარვები. მერე 90-იან წლებში, პანკისის ამბების დროს, ქოხები დაინგრა, ნაწილი ვეღარ ავიდა, ნაწილი აღარ, ნაწილს უცხო მიმსვლელებმა მოუღეს ბოლო და ასე… ახლა სულ რამდენიმე ქოხია დარჩენილი.

DSC_0487-2

თუ ახვალთ, აუცილებლად დაგხვდებიან სტუმართმოყვარე მეცხვარეები და გიმასპინძლებენ. ჩვენ რომ ვიყავით, წვიმდა, ციოდა და ნისლი იყო. ცეცხლი დავანთეთ და შენიშვნა მოგვცეს –  აქ არაფერი დააზიანოთ, თორემ თუშები იტყვიან, რომ ქისტებმა გავაფუჭეთო.

დანგრეულების გარდა, ახალი, ფეშენებელური, ოროთახიანი ქოხიცაა, სადაც რამოდენიმე ადამიანს გვეძინა. კარებები არ იკეტება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ღამე გაათიოს.

DSC_0491

 

წყალი და საკარვე ადგილები

გზადაგზა, ნაკრძალში, ალბათ იქნება რამე წყარო, ტბათანაში სულ ერთი ცალი ვიპოვეთ, რომელიც ძალიან ცივი და გემრიელია და ასე გამოიყურება.

DSC_0514

 

 

 

საკარვე ადგილიც ყველგანაა, სადაც გაგეხარდება და კარავს დასცემ.

როგორ უნდა მოხვდეთ აქ?

როგორ და… ყველაზე იაფად ალბათ ახმეტა-მატანის მარშუტკით ორთაჭალის სადგურიდან, ახმეტაში კიდევ რამეში გადაჯდომით და მერე ფეხით, ბაწარას ხეობის გავლით სულ პირდაპირ. სულ პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით ვიძახი. გზა მიხვეულ-მოხვეულია, გზის შემოკლება შესაძლებელი, ჯიპიესის არსებობის შემთხვევაში.

წვიმიან ამინდში ყველაზე იოლად სამხიდიანი მანქანით მიხვალ. ჯიპიც, შესაბამისი კარგი, გამოცდილი მძღოლით. ჩვენ კამაზით ვიყავით, ანუ სამხიდიანით. მძღოლი თან მე მეჭორავებოდა, თან გზას უყურებდა და არხეინად მართავდა მანქანას, ძარაზე მდგომებს კიდევ გული უსკდებოდათ. სლაიდშოუ დაახლოებით წარმოდგენას იძლევა, როგორი გზებია აქ მაისში…

 

This slideshow requires JavaScript.

ჩვენს თვალწინ, რამოდენიმე წუთში, შავი ღრუბლები გადაიყარა და თოვლიანი მთები დავინახეთ.

CSC_0644

 

ამ ტყეში, მთების ფონზე რომაა, გადაშენების პირას მდგომი ხე,  უთხოვარი, იგივე ურთხელი იზრდება.

DSC_0454

ცოტაც და ტბათანის ხედები გამოჩნდა

This slideshow requires JavaScript.

ტბათანას რომ გაცდები, სულ მალე, ტბათანის, ანუ საქისტოს ტბაა. ჩვენ რომ ვიყავით გუბე იყო, ამიტომ  ფოტოს ვერ შემოგთავაზებთ. ერთხელ გასეირნებად ნამდვილად ღირს.

მე აქ აუცილებლად დავბრუნდები, და თქვენც იგივეს გირჩევთ.

ბატეთის ტბა


DSC_4934

ბატეთის ტბა ქარელის რაიონშია. ძამას ხეობაში.   30-ზე მეტი მონასტერია ერთი ბეწო ხეობაში. ბატეთი მეწყერული ტბაა და ცალ მხარეს ჭაობი აქვს, აი, დაბლითა ფოტოზე მწვანე რომ ჩანს, ეგაა. მწვანე იმიტომაა რომ შვიტებია ამოსული.  უკიდეგანოდ ლამაზი, დიდხეებიანი ტყე აქვს გარშემო.

ბატეთის ტბა2

როგორ მოვხვდეთ აქ?

ა)ვეწერებით რომელიმე ექსკურსიაზე, ოღონდ ჯერ ვარკვევთ, მხოლოდ ეკლესიებია პროგრამაში თუ ტბაც. მე ეკლესიების ტურზეც ვარ ნამყოფი და აბსოლუტურად სხვა სამყაროა/სხვა სიტუაციაა.

ბ) ჩავდივართ ქარელში ლარიანი მატარებლით, ვქირაობთ იქვე რამე კარგი გამავლობის მანქანას კაცზე 5-10 ლარად, წაგიყვანთ-დაგხვდებათ კოდმანამდე დღის ბოლოს. ან მარტო წაგიყვანთ.  მერე ფეხით უნდა იაროთ ემმმ…. 10-ოდე კილომეტრი.

გზადაგზა

გზადაგზა

გ) მივბოდიალობთ საკუთარი მაღალი გამავლობის მანქანით, გადასახვევიდან ტბამდე ფეხით – სულ სამიოდე კილომეტრია.  ტბამდე მანქანით ასვლა ცოტა სათუოა, ოფროუდერი თუ არ ხარ, იმიტომ რომ უკიდეგანო ტალახი ევრივეარ. და საერთოდაც,  ტყეში ბოდიალი ვიცი მე ფეხით. არ ინანებთ.

ტბამდე ასასვლელი გზა

ტბამდე ასასვლელი გზა

საბანაკე ადგილი

საბანაკე ადგილი

საბანაკე ადგილი ტბასთან

  • სანამ ტბაზე ასვლას დაიწყებთ ნიშნულიდან, მშვენიერი მინდორია, მდინარის პირას. რომელიღაც კომერციული გასვლა ქეიფობდა, ჩვენ რომ მოვდიოდით. წყალი– მდინარეში, მონასტრებთან წყაროებიცაა
  • ტბაზე  პაწაწუნა ადგილია, ალბათ სამი კარავი დაეტევა. ბონუსები– უკიდეგანოდ ლამაზი ხედი დილით. არაბონუსი– ბაყაყების ყიყინი და სავარაუდოდ კოღოები. წყალი-გვიმრებშია ჩამალული წყარო, მოძებნა უნდა
  • იქვე მდგარ ფურგონში მგონი ვიღაც მწყემსის თავშესაფარია

ბატეთის ტბა

გზადაგზა ხედები ფანტასტიურია, ბევრია ეკლესია-მონასტერია კეთილი მორჩილებით, გზა ვიკითხეთ და გზის სწავლებას წითელი ღვინო მოაყოლეს ბონუსად. მარათონული სისწრაფით მოვცუნცულებდით და ომნომნომ.

DSC_4975

რომელიღაც ეკლესიის ეზოში ვისვენებთ და წყალს ვავსებთ

ფოტოგადაღებებისთვის იმჰო გადასარევი ადგილია, ზაფხულში ვიყავით და შვიტები, შვიტები ევრივეარ

DSC_4850

ჭაობიანი ნაწილი

 ტბაში ბანაობა და თევზაობა

ბანაობა– რამდენადაც ვიცი, არ შეიძლება. ნაპირებიც მოუხერხებელია მისადგომად და ნახევარი საერთოდაც დაჭაობებულია.

თევზაობა– თევზები არ იშოვება, სამაგიეროდ იშოვება ტრიტონები :3

შვიტები შიგ ტბაშია ამოსული

შვიტები შიგ ტბაშია ამოსული

სირთულის დონე

უმარტივესი.  დასაწყისში მკვეთრი აღმართია და ჯოხი არ გვაწყენდა.

აქ უკვე უკან ვბრუნდებით, ერთ დღეში უნდა ჩავტეულიყავით. სადღაც 20 კმ ვიარეთ შეუვენებლად.

DSC_4965

 

 

This slideshow requires JavaScript.

არაღირსშესანიშნავური შესანიშნავობები


ვერც ერთი საყოველთაოდ ცნობილი ძეგლი, ვერც ერთი ღირსშესანიშნაობა, ანუ ღირსია-რომ-შენიშნო-ობა ვერ შეედრება იმ შესანიშნავობებს, მხოლოდ შენ რომ გაქვს მონიშნული და შენ რომ იცი.

DSC_3850

აი ეს ხე კახისზე, დილის ყავის დასალევი იდეალურად განმატოებული ადგილი მაშინ, როცა დანარჩენი 20 კაცი ბანაკში ყირაზე გადადის.

IMG_1482

ის მინდორი, სადრაც ზანავთან რომაა და საბანაკედ გამოდგება

DSC_5290

ის ხე, უკიდეგანოდ ბევრი სოკოები რომ ესხა ხვამლის გზაზე

IMG_5929

ის ხე, დღემდე რომ მახსოვს შემოდგომის მზის სითბო და ამ ხის ფოთლების ფერები და შრიალები

DSC_8548

ტყე, კახეთში, ზეგაანში. ზღაპრული, ცივი, წვიმიანი და უცნაურმოგონებიანი.

IMG_2688

ის პლაჟი, სადღაც, ზღვის პირას.

IMG_8130

ჩემი ძველი ქენონათი გადაღებული ხავსები

15

ის მდინარე, რამოდენიმე საათი მარტო რომ ვიჯექი, სანამ სხვები რაღაცეებს ათვალიერებდნენ და ფოტოგადაღებებს ვამუღამებდი

DSC_3086

ის მინდორი და წყლის ასაღები ადგილი სვანეთში, შდუგრას ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე, ყველას რომ ჩამოვრჩით და ვიჯექით ცვენთვის

DSC_3521

ბანაკი, კოცონი, კარტოფილები და ცხელი ყავა.

DSC02356

ის მინდორი, ნუნისში. ჩემი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის მინდორია, ვინც მანდ ოდესმე ყოფილა, მაგრამ…

აი, მივედი ციხეზე. ავფოფხდი-ჩამოვფოფხდი… მერე?

აი მივედი ეკლესიაში, შევედი-პირჯვარი გადავიწერე-გამოვედი… მერე?

გულწრფელად უნდა ვაღიარო, ჩემს მიერ ნანახი ეკლესია-მონასტრების დაახლოებით 10% მახსოვს, ან შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები.

მოდი, ვაღიაროთ, რომ ბუნება ადამიანზე უფრო კარგი შემოქმედია

და

მოვინახულოთ ის ღირსია-რომ-შენიშნო-ობები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი იქნება და გვემახსოვრება ისეთებად, როგორიც ბუნებამ შექმნა და როგორადაც მხოლოდ ჩვენ დავინახავთ, იმწამინდელი განწყობის/ამინდის/გარემოს/სეზონის/ადამიანების ზეგავლენით.

ხე, რომელიც გადავარჩინე(თ)


ეს ადგილი ქვაბისხევშია. დიდი მინდორი, იქვე ტყე, პაწუკა მომდინარო ელემენტი და წყაროც. შესასვლელიდან 50 მეტრშივე შეიძლება დაბანაკება. მერე კაი ხანი საბანაკე აღარ შეგხვდება. ამავალ-ჩამავალი ტურისტები ხელსაც დაგიქნევებენ, რომ რამე. ერთადერთი ნაკლი საქეიფოდ ამოსული ქართველი ადამიანებია, რომლებიც მდინარესთან არსებულ სკამ-მაგიდებს ეტანებიან. და ჭიანჭველებია კიდევ, ოღონდ შიგ ტყეში. მინდორზე აღარ.

DSC_5217

ერთწლიან ხეებს ბებიაჩემი “დაბძოებს” ეძახდა ხოლმე. წარმოდგენა არ მაქვს, რას  ნიშნავს, უბრალოდ ვიცი, რომ გაზაფხულზე ტყეში თესლებიდან ხეები რომ ამოდის, მეორე წლამდე დაბძო ქვია. სასაფლაო ტყეშია, ამიტომ ყოველ წელს თუ ეს ხეები არ ამოძირკვე, მეორე-მესამე და მეოთხე წელს შეიძლება სასაფლაოს მაგიერ ტყე დაგხვდეს უკვე ახალი. ხოდა, ყოველ ზაფხულს ან გაზაფხულს გავდივართ საფლავებზე და ვკლავთ ხეებს, მკვდრების გულისთვის.

DSC_5282

ამასწინათ მანდ ვიყავი, მინდორზე ვიწექი და ვირუჯებოდი. იქვე ცხენები ძოვდნენ. ბალახზე ხე ვიპოვე, ამოგლეჯილი, და თანამგზავრს ვაჩვენე. პირველად ნახა ერთწლიანი ხე.

კონტეინერში ჩავრგეთ, მიწა დავუყარეთ, ხავსი შემოვულაგეთ, ძირი გავუხვრიტეთ და ახლა მის სახლში, ფანჯრის რაფაზე ცხოვრობს, მომავალ წლამდე, ან იქამდე, სანამ ფესვი გაეზრდება, ნიადაგში გადასარგველად.

DSC_5288

მე ბევრი ხის მკვლელი ვარ

და იქნებ ეს მაინც გადარჩეს, რომ მეთქმოდეს, რომ სადმე, ოდესმე, აი ის ხე იმიტომ შრიალებს, რომ

მე ვიპოვე და გადავარჩინე.

DSC_5293

პ.ს. ჩვენ ავტონომიური კოცონი გვქონდა, მმოშორებით. მოქეიფეებმა ერთი შამფური მწვადი გვაჭამეს, მერე მთელი ღამე მინდორზე დრიფტაობდნენ მანქანებით, ჩხუბობდნენ, შველდებოდნენ, ცივ მდინარეში ცვიოდნენ, მთელი ღამე რაღაცეებს აკაკუნებდნენ და საერთოდაც, ცუდი ხალხი ალბათ არ იყო, უბრალოდ, არავის არ უსწავლებია, როგორ უდნა მოიქცე იქ, სადაც შენს გარდა სხვაც ათევს ღამეს ბანაკში.

ლომის მთა


არ იფიქრო, პერ

არ იფიქრო.

ეკლები დაივარცხნე და იარე

სულ იარე-

არ გაჩერდე,

არ ამოისუნთქო,

არ შეისვენო,

არ ჩამოჯდე-

აღმართებზე.

DSC_4456

მეორე სუნთქვა,

ტკივილი ფერდში- იმის შეგრძნება, როგორ გადადის სისხლი

ელენთიდან ორგანიზმში.

DSC_4675

არ მოკვდე, სანამ ცოცხალი ხარ –

არ ჩაქრე, პერ.

ნახე, როგორ ანთია კოცონი-შენი მოგროვებული შეშა –  ტკაცა-ტკუცით და

წიწვიანი შეშის სურნელით.

DSC_4545

ზაფხულის პირველი დღე და წვიმა,

ფორთოხლისფერი საწვიმარი, ტყე და ორი ცალი ფეხი

მშრალი, ჩემს ახალ ბათინკებში-სველ ბალახებზე.

მიყვარს წვიმა, როცა ტყეში წვიმავს და არა ასფალტზე- თუნდაც დავსველდე.

გახურებულ სახეზე რომ გეცემა წვეთები, საწვიმრის კაპიუშონზე წკაპუნობს და

ჰაერში დგას სურნელი- ტყის, ბლახების, ნეშომპალის და ზაფხულის.

DSC_4541

მთებში დაბადებული ღრუბლიკები- ნისლები რომ გვგონია

და

ზემოდან დავყურებთ – თითქოს დიდი ვინმეები ვიყოთ, ერთ მთას შეჭიდებულები- ჭიანჭველებივით.

 

DSC_4514

როცა გონება გამორთულია, ადგილი მხოლოდ პერისთვის რჩება.

არ იფიქრო, პერ, არ იფიქრო….

პ.ს. ლომის მთაზე ვარ დასაბრუნებელი, ოდესმე. კავკასიონი დამრჩა სანახავი.

ხვამლის მთა, ნაწილი ორი, ანუ მაყვალი


დილას არც ისე ადრიანად გავიღვიძეთ. აღმოვაჩინეთ, რომ თაგუნიებს გემრიელად უსაუზმიათ კოპტონით და მივხვდით, რას გვერჩოდნენ.

DSC_5253

ჩვენც ვისაუზმეთ, ნუ, ვეცადეთ, ჩანთები და ჩვენი ხაბაკ-ხუბაკი ქოხში შევინახეთ და ამასობაში მწყემსებიც მოვიდნენ. ზემოთ, ტყეში, საქმეზე მიდიოდნენ.

ჩვენც, მერამდენედ, შემოგვსხეს ვილისზე და გზა შეგვიმოკლეს.

DSC_5269

სულ მარჯვნივ იარეთ, გზას და ბილიკს არ გადაუხვიოთ და სქელი ნისლი თუ წამოვიდა, აუცილებლად გაჩერდით, არსად არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ, გაჩერდით სადაც ხართ და დაელოდეთო. (არადა კაშკაშა მზეა, იწვის დედამიწა).

DSC_5289

ულამაზესი გზაა, უმარტივესი, გულით რომ გინდოდეს, ვერ დაიკარგები.  ჯერ გრუნტის გზა მიდის აღმართებზე, მერე პატარა მინდორზე გადიხარ, სადაც საქეიფო/საკლავის დასაკლავი ადგილია. კარგად თუ დააკვირდები, მარჯვენა მხარეს შეუმჩნეველი ბილიკი იწყება.

DSC_5301

ბილიკი თეთრია, მოკლაკნილი და სულ ზემოთ-ზემოთ მიდის. სანამ ბოლომდე არ ახვალ, არც კი ჩანს, რომ იქ ეკლესიაა აშენებული და კიდევ ჯვარი.

DSC_5307

ულამაზესია.

DSC_5311

მართალია, შოდა დავტანჯე და სავარაუდოდ სისხლი გავუშრე (55-200მმ-თი ვიღებდით), მაგრამ მემგონი კარგი ფოტოები გამოვიდა.

DSC_5326

ზემოთ რომ ავედით, უკვე გვიანი იყო, მანდ თურმე ძლაიან ადრე უნდა ახვიდე, რომ ნისლებმა არ დაგიფარონ ხედი. ძალიან-ძალიან ცივი ქარი უბერავს და მიერეკება ღრუბლებს. ისეთი შეგრძნებაა, სადღაც ცაში ხარ.

DSC_5329

მუდმივად იცვლებოდა ღრუბლიანობა… ასხის ქდი უნდა დაგვენახა წესით, მაგრამ….

DSC_5338

ხედისმსგავსი…..

იქვე ძალიან ბევრი პატარა გამოქვაბულები იყო, შოდამ გამოიკვლია, ჩვენ არ ჩავსულვართ, ზემოთ ვიჯექით, სანამ სულმთლად არ დავიყინეთ და მერე დავიძარით.

ხო, ეს ეკლესია და ჯვარი…..

DSC_5368

მაყვალი ვახსენე დასაწყისში…

DSC_5398

იმდენი იყო, აი იმდენი, და იმხელები, და იმდენნაირები, და იმდენი ვჭამე, რომ საღამოს საჭმელის ჭამის სურვილი საერთოდ აღარ მქონდა

აი ეს მაინც ყველაზე გემრიელი იყო, მსხვილები და ტკბილები. თან მტვრიანიც არ იყო.

DSC_5420

და ყვავილები… მწყემსებმა, მარიობის ყვავილებია ესენიო… ხალიჩები იყო მთელ გზაზე, მინდვრებზე, ულამაზესი სანახაობაა, აი ისეთი, ხტუნაობა და ჭყლოპინი რომ გინდა აღტაცებისგან. სამწუხაროდ, ფოტოზე იმ სილამაზის 10%-ც კი არ არის, ვერ გადავიღე კარგად 😦

DSC_5434

კიდევ ხის სოკო იყო ბევრი და სხვა ნაირ-ნაირი სოკოები, მაგრამ ვინაიდან ცნობა არ ვიცოდი, მე თავი შევიკავე შეგროვებისგან

DSC_5290

ამასობაში გვაგვიანდებოდასავით…. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და ისევ სოფელში დაბრუნებას, პირდაპირ დავადექით გზას ტრასისკენ, იმის იმედით, რომ რამე გაგვაყოლებდა სადმემდე. იდეაში ბარდნალამდე. ხვამლმა მაინც მოგვიწყო სიურპრიზი… ვგრუნდებით, საქეიფოსაც გამოვცდით… და უცებ წკაპ, გრუნტის გზა გაიყო ორად. არც ერტს არ გვახსოვდა სადმე რამე გზა გაყოფილიყო. რომელიღაცა ამოვირჩიეთ რენდომად, იქვე რაღაც ხმები ისმოდა ხალხის და იმას მივყევით. საბედნიეროდ გამოვედით სწორ ადგილას და ქვემოთ დავეშვით.

DSC_5448

ჩვენს ქოხუკას დავემშვიდობეთ და დავიძარით მტვრიან, მზიან, მოსაწყენ გრუნტის გზაზე…

მივათრევდი კარავს და თან მივბუზღუნობდი, ორი მთასავით ბიჭი მომდევს და კარავს მე მივათრევ თქო (მერე რა, რომ შოდას ჩემსიმძიმე ჩანთა ეკიდა, საჭმლით გაძეძგილი).

DSC_5454

ააააააი მდინარე რომ მოჩანს, მაგ მდინარეზე არის ხიდი, მერე მარცხნივ რომ მოჩანს წვრილი ზოლი, ისაა ტრასა და იქ უნდა გაგვეჩერებინა რაიმე კეთილი ვინმე…. (ჰმ, თურმე რამდენი გზა გაგვივლია და ფოტოზე ჰა-ჰა მეხუთედი ჩანს ან უფრო ნაკლები)

DSC_5478

გზადაგზა რაღაცა ღობეს წავაწყდით,  გზაზე გადებულს. არ დავიბენით, შევაღეთ და გავაგრძელეთ გზა აი ამ უცნაურ ადგილამდე. კაციშვილი არ იყო ერთი ნაგაზის გარდა, რომელიც გასკდა ყეფით, სანამ იქაურობას ვათვალიერებდით

DSC_5484

დაააა გზაში აი ეს პაზიკი დავინახეთ, შიგ ის კაცი იჯდა, რომელმაც წინა დღეს სოფლის გზა მიგვასწავლა.

DSC_5487

გზადაგზა გზის პირას დალაგებულ ქვებზე საღებავებით გულიკები ეხატა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, სანამ ეს წარწერა არ დავინახე. ცოტა იმას ვერ მივხვდი, ეს გზა ფეხით ვის ან რატომ უნდა გამოევლო :დ

DSC_5493

ხოოოდა მერე ჩავედით მდინარემდე, რომელიც ასე გამოიყურებოდა. გზაში წავიქეცი და ნაღრძობი კოჭი კიდევ გადავიბრუნე, მაგრამ არ შევიმჩნიე და გმირულად გავაგრძელე გზა.

DSC_5491

მეეეეერე ვინ წაგვიყვანა ბარდნალამდე, არ მახსოვს, მაგრამ ის კარგად მახსოვს, როგორ ვოცნებობდით რაიმე საჭმლის ყიდვაზე. ჩავაღწით სოფლამდე, დავსხედით მარაზიასთან და დავიწყეთ ლოდინი……. გულწრფელად, ასეთი უდარდელი გამყიდველი/მეპატრონე სადმე თუ მენახოს…. მეტი არაფერი არაა სოფელში და აბა სად წავიდოდით… ვისხედით ასე, ბედკრულები და ბედს შეგუებულები და ვოცნებობდით …. ნუ მე ცივ ლუდზე ვოცნებობდი, ესენ არ მახსოვს, რაზე…

DSC_5497

ფტოს თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ შოდა მობილურზე ლაპარაკობს… ხოდა ახლა რატომ…

აქ სახლ-მუზეუმი გვინდოდა გვენახა. ლადო ასათიანის, რასაკვირველია. ხოოოდა დასვენებააო, ვერაო. ხვალ ვეცდებითო. ჩვენ არ გვაწყობდა…. იმდენი ელაპარაკა და ისეთი ენთუზიაზმით, რომ ადმინისტრაციამ თავი შეიწუხა და მოვიდა, ალბათ ფიქრობდა, იმას მაინც ვნახავ, ვის უნდა ასე ძალიან ნახვაო.

და დახვდა სამი გაჩეჩილი, დაღლილი, ჩანთებიანი ბომჟიკი.

ხოდა დანარჩენი მერე, მეძინება ახლა……..

ესეც პირველი ნაწილი

ხვამლის მთა, ნაწილი პირველი ანუ ოპერაცია “თაგვი”


სად მივდიოდით არ მახსოვს, მაგრამ ის გასვლა ჩაიშალა, ხალხის უთავბოლობის გამო. გავბრაზდი, გადავირიე, გადმოვირიე, მაგრამ ორანიზატორმა, გასვლა მაინც შედგებაო, სად არ ვიცი, მაგრამ კიო. ხოდა ასე აღმოვჩნდი დილით დიდუბის ავტოსადგურში საკმაოდ მძიმე რუგზაკით, კარვით, ფოტოაპარატით და ენთუზიაზმით ხელში.

ოთხნი მივდიოდით მეგონა, საბოლოოდ აღმოვჩნდით სამნი- მე, შოდა და ბიჭი, რომელსაც არ ვიცნობდი. ხატიამ დილით გარკვია, რომ ვეღარ მოდიოდა. ერთადერთი, რაც ვიცოდი, იყო ის, რომ მეთევზე იყო და მონადირე და თეორიულად, გამოცდილი უნდა ყოფილიყო და ყოველი ხუთი ნაბიჯის მერე არ უნდა ეწუწუნა.DSC_5165

მაკდონალდსში ყავა ჩემი არსობისა დავლიე, ბიჭებმა ჭამეს და დავიძარით.

არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მე გზაში ძალიან მდუმარე ვარ ხოლმე, შოდა ძალიან მოლაპარაკეა, ხოდა მე რომ ვერ ავყევი, მერე მარშუტკას გამოელაპარაკა და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ოყურეშის ერთ-ერთი პოლიტიკურად აქტიური ვიღაც გაიცნო, რომელმაც გვითხრა რომ ოყურეშში მიდიოდა და ჩვენც გაგვაყოლებდა, გზას გვასწავლიდა.

სანამ ეს კაცი რამეს მოიფიქრებდა, დანარჩენი მარშუტკა და შოდა იმას ბჭობდა, ხვამლზე რა დაგვრჩენოდა, სხვა კიდევ რა უნდა გვენახა, რომელი მხრიდან ჯობდა ასვლა (კიდე 234 ასასვლელი აქვს მგონი ხვამლს, მე ასე დავასკვენი).

ხო, სანამ ოყურეშში მიხვალ, მანამდე ქუთაისში უნდა ჩახვიდე, მერე მაკდონალდსთან რომ სადგურია, იქიდან ოყურეშის ან ოყურეშისკენ მიმავალ მარშუტკას გაყვე, შუაგზაზე ჩამოხვიდე და ფეხით შეუყვე გრუნტის გზის  საკმაოდ გრძელ აღმართებს, რომლებიც სოფლებზე გადის და საკმაოდ ჩრდილიანი და იოლი ასავლელია. აქ ავტობუსიც დადის, ძველისძველი პაზიკი, მეტი ამ აღმართ-ქვებს რა გაუძლებს, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვიმართლა, გრაფიკს ვერ დავემთხვიეთ.

თუმცა მგონი პიქირით…

ჩამოსვლისას ჩემი რუგზაკი რომ მოვიკიდე, კარავ-პარალონასხმული, იმ კაცს გულზე შემოეყარა და კარავი გამომართვა. კიდევ კარგი, თორემ საჭმლიანად მართლა მძიმე იყო, ძლივს ავიკიდე და თან კატეგორიულად არ ვიმჩნევდი სიმძიმეს.

DSC_5167

ამასობაში ვიღაც მანქანა წამოგვეწია, ბუკებს არიგებდა სკოლებში. მხოლოდ ერთი ადგილი ქონდა და მე, როგორც გოგო, გავყევი ჩემი ჩანთიანად. სკოლამდე ამიყვანა და “ბირჟაზე” ჩამომსვა.

DSC_5170

დაახლოებით 20 წუთი ველოდე დარჩენილებს. მოწყენილობისგან და უსაქმურობისგან ხან სკამი გადავიღე, ხან იქვე ხეები. წაძინება ვცადე, მაგრამ სკამზე ძალიან დიდი ჭიანჭველები დარბოდნენ და გადავიფიქრე.

DSC_5186

მანუალ სეთინგებით ვთამაშობდი და ეს გამომივიდა.

ამასობაში ისინიც გამოჩნდნენ…

DSC_5188

დავიძარით. ძალიან ცხელოდა, უკიდეგანოდ. იმ კეთილმა კაცმა  კაცმა საკუთარ სახლთან გადაუხვია, გზა მიგვასწავლა და წავედით… მინდორამდე რომ მივიდოდით, სასაფლაოსთვის გვერდი უნდა აგვექცია და ბილიკს დავდგომოდით მარჯვნივ. გზაში ვიღაც ბიჭს გადავეყარეთ, გზა დავაზუსტეთ, იმანაც გვიხსნა-გვიხსნა და მერე ბარემ გამოგვყვა, მიხვდა, რომ ვერაფერიც ვერ გავიგეთ. ღობეს რომ გავცდით, მტვრიანი და ცხელი გზა მიიკლაკნებოდა მინდორში, თაკარა მზეში.

DSC_5200

აააი იქ, კლდეზე, საცალფეხო ბილიკია, მაგრამ ამ ჩანთებით თქვენ ვერ გაივლითო, ხელი გაიშვირა და მერე ჩვენს უზარმაზარ ჩანთებს შეხედა ცერად იქ მომუშავე ქალმა.- მაგრამ აი ის “სახელი” საქონელში მიდის, დაელოდეთ და გაგაყოლებთო.

30-40 წლის ქალი იყო, გამხმარი, კაფანდარა.  წუხდა ძალიან, როგორ უნდა აგვეღწია იმდღესვე მწვერვალამდე. თურმე იმ კაცის და ყოფილა, სოფლამდე რომ მოგვიყვანა.

რომ ველოდეთ და აღარ გამოიარა მანქანამ, გზას დავადექით ფეხით. იქვე წყალი ავავსეთ და არ მახოვს რომელმა, მაგრამ რომელიღაცა ბიჭმა გზაში ნაყიდი ლუდის ბოთლი ძირს დააგდო/გაუვარდა და ისე იბუთქა, გულები დაგვისკდა, სანამ მივხვდებოდით რა დავკარგეთ და გულები დაგვწყდებოდა.

ამასობაში, სანამ ვაი-ვიშში ვიყავით, მანქანაც დაგვეწია. მმმ, რა ქვია, უაზი?  აი ყველგანმავალები რომაა ოთხბორბლიანი, ისეთი მანქანით იყვნენ იქაური მაცხოვრებლები, საქონლის მისახედად მიდიოდნენ, რამდენიმე დღეში ერთხელ იცვლებიან თურმე, ზემოთ, ტყეში ყავთ ძროხები. ჩვენ გაგვიმართლა, (ნეტა მერამდენედ იმ დღეს) ჯერის შეცვლის დღე იყო. შევყარეთ ჩანთები, შევხტით უკან “კუზაოში” და წავინჯღერით.

DSC_5194

რასაკვირველია, საქართველოში არსებული ყველა მსგავსი მანქანასავით,  ესეც გაფუჭებული იყო და სადღაციდან გამონაბოლქვებს აპარებდა და საყვარლად დავიწამლეთ, სამაგიეროდ უზარმაზარი მანძილი/დრო მოვიგეთ. კალიასავით აძვრა ყველა აღმართზე და ბილიკზე. ჩვენ ალბათ 2-3 საათი მოვუნდებოდით.

არაო, ისე ვერ გაგიშვებთო, უნდა დავილოცოთო, ესაო, ისაო, გაასავსავეს ხელები ლეჩხუმელებმა. არადა მალე დაბინდდება და ამათი ქოხიდან ჩვენ კიდევ უნდა ვიბოდიალოთ, რომ “ჩვენს” ქოხამდე მივიდეთ, სადაც ღამე უნდა გავათიოთ. კი, როგორ არა, გაგვიშვეს… ყველი-პური-ლობიო-პამიდორი-კიტრი და სუფრაც გაიშალა. ბიჭები მიუსხდნენ, მე მოშორებით დავჯექი, როგორც ნამდვილ ქართულ მანდილოსანს შეეფერებოდა, უფრო სწორად, მინდოდა მალე ავსულიყავით დასაბანაკებლად და ასე უფრო ადვილად შევარდებოდნენ ნამუსზე. თან ძალიან მერიდებოდა, ორი დღის საგზალი ქონდა წამოღებული კაცს და სულ ჩვენ ხომ არ შევუჭამდით.

DSC_5217

როგორც მე მივხვდი, საქონლის “ბინების” ორი დონეა, ზედა და ქვედა. მინიქოხიკები დგას, მიწის იატაკით. ესენი ქვედაში იყვნენ, ჩვენ ზედაში უნდა ავსულიყავით. ხვამლის უცნაური, სწორი ქედი აქედანვე ჩანდა კარგად.

DSC_5210

იქვე წყარო იყო, 50 მეტრში, პირდაპირ ხის ფესვებიდან გადმოდიოდა, ცივ-ცივი და ფუსთა. ღვინიბ ბოთლები ალაგია ქვეშ, ნაგავი არ გეგონოთ. “ცენტრალური” ბილიკიდან ხელმარჯვნივაა გადასახვევი.

DSC_5213

DSC_5220

ხოდა ამ ჭიქით, ძმებო და მეგობრებო…. ღვინო არ ვიცი და ისე, პამიდორს ქონდა ძალიან გემრიელი და ნატურალური პამიდორის გემო.

ა ჰხო, იქვე იშოვებოდა ძალიან გერიელი მგონი ქლიავი, თავს ვერ დავდებ რომ უბრალოდ ტკბილი ტყემალი არ იყო.

DSC_5231

ხოოოოდა მერე ეს ნასვამი ხალხი (დამამშვიდეს, მძღოლი ფხიზელიაო) რისი ხალხი იქნებოდა, ასე უპატრონოდ გავეშვით, შეგვასკუპეს ისევ მანქანაზე და ორ წამში აგვიყვანეს მეორე ქოხამდე. მესერის კარი მოგვიხურეს და გაგვაფრთხილეს, არავითარ შემთხვევაში ღია არ დაგვეტოვებინა ჭიშკარი.

DSC_5238

დავანთეთ მონადირული ცეცხლი (შეშა როგორ მოვიპოვეთ, იყოს, არ დავკონკრეტდები), ვჭამეთ (შოდასთან ერთად როცა ხარ  სადმე, ჭამა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება) კარავი არ გავშალეთ, რა აზრი ქონდა. შევსახლდით ქოხში და ვეცადეთ, დაგვეძინა.

DSC_5247

ოთხის ორივე მხარეს ორი სეტკიანი “კრაოტის” პროვოკაცია იდგა. მესამეს ძირს მოუწევდა დაძინება. ნუ კაი…. გადმოვფერთხე ჩემი ლოგინიდან ობობა, გავშალე პარალონი, შევძვერი სპალნიკში, ჩავაქრეთ შუქი (ანუ ფანარი), მოვკალათდი გემრიელად (მიყვარს მე სეტკიანი კრაოტები) და… უცებ მესმის, როგორ დადის რაღაც ჩანთებზე და ცელოფნებს აშარიშურებს. ერთი წავიზმუკუნე, ბავშვებო რაღაც დადის თქო, მაგრამ არ მომაქციეს ყურადღება. ნუ კაი… დადის-დადის…. ვზივარ ლოგინზე ცარიელი თვალები და ვიყურები შეშინებული.  უცებ სკუპ და გადმოხტა ძირს ეს შენი რაღაც. ხოოოოდა აქ უკვე ძალიან ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ თაგვი გვყავდა სტუმრად.

თაგვიო?! – წამოხტა კედელა, (ძირს ეძინა) სტაცა ხელი კარავს და გასაშლელად გავიდა. გავეკიდე მეც. გარშემო სულ ხრიოკი იყო, პალოს რომ ვერ ჩაარჭობ… შოდამ კატეგორიული უარი განაცხადა ქოხის დატოვებაზე. შევკარავდით და დავიძინეთ… კი, დაიძინებ, როგორ არა. პერიოდულად ისმის, როგორ ეჩხუბება შოდა თაგვებს და თან რაღაცეებს ესვრის. ამასობაში კი ვიგრძენი, როგორ დაცანცარებდა კარვის კიდესთან რაღაც პატარა, მაგრამ თითი მივუკაკუნე, შეეშინდა და გაჩუმდა.

როგორ იქნა, დავიძინე. უცებ მეღვიძება, იმიტომ რომ კარავი ზანზარებს და კედელა ღრიალებს, თან ხელებს იქნევს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ, მაგრამ წამებში მის ზურგსუკან აღმოვჩნდი, კარვის კუთხეში.  (ვიყვირე თუ არა, არ მახსოვს). თურმე თაგუნია ამძვრალა კარვის შიდა ტენტზე და ბადეზე იჯდა. ბუნკერის ვირთხა კი არა, ააი პატარა, ფუნფულა, ტრაკგასიებული მინდვრის თაგუნია იყო. საწყალი, ისე გავუხეთქეთ გული….

ღამის ბოლო აკორდი იყო შოდას ყოვლად საოცარი ღრიალი, რომელმაც ორივე გაგვაღვიძა და ერთმანეთს დავეკითხეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. დავასკვენით, რომ მგელი არა სკვინჩილა, და ისევ დავიძინეთ.

(მერე გავარკვიეთ, რომ ჩანთაში იდო კოპტონი, რომელიც ძალიან უყვართ თაგვებს…)

ჰხოდა მეორე დღეს გავიღვიძეთ ზღაპარში, მაგრამ ეგ მეორე ნაწილში.

ნაწილი მეორე