ჩემი სალაშქრო აღჭურვილობა


რამდენჯერ მომისმენია, ბომჟებივით დადიან ტყე-ღრეშიო, არადა ყურმოკვრით მაინც რომ იცოდნენ, რა ღირს კარგი სალაშქრო აღჭურვილობა, ვეღარ იტყოდნენ. მაგალითად, კარგი ბათინკი მინიმუმ 80$ ღირს, ისიც დიდი ფასდაკლებების დროს. მე არ ვარ სერიოზული მოლაშქრე, შესაბამისად, აღჭურვილობაც უბრალო და იაფიანი მაქვს:

ბათინკები

ჩემი ახალი კოლუმბიები ^_^

და კიდევ ძველი ჩაკოები

DSC_8413

chacco

არც გორტექსია, არც არაფერი, თუმცა მთელი დღე სიარულის შემდეგაც კი ფეხი არ მეღლება. მოჭიდებაც კარგი აქვს და ძალიან ძნელად სველდება.კიდევ რაღაც ეკო-ფრენდლი ბირკები ქონდა, წაკითხვა დამეზარა. ტალახიანები იმიტომაა, რომ კახეთის ტყეში შემომეჭუჭყიანა.

სიამოვნებით მექნებოდა აი ეს ბათინკები.

სანდლები

DSC_2936

ECCO

იგივე მაღაზიაში ვიყიდე. ერთადერთი ნაკლი აქვს- ცოტა მძიმეა. ეს კოცონი სვანეთშია დანთებული, სადღაც მესტიასთან, ტყეში. ის შოთის პურები რატომ დევს, არ მახსოვს. ალბათ ვინმე ათბობდა. 2010 წლის ზაფხულში ვიყიდე და ალბათ ერთ ამდენს კიდევ გაუძლებს.

საწვიმარი

DSC_1163

Campsore-ს პონჩოს ტიპის საწვიმარი, რომელსაც ყველა გამოუცდელი დასცინის ხოლმე. არადა მეტრანახევარი ვარ და ჩემთვის იდეალურია, მეც მფარავს და ჩანთასაც ყოფნის. ეს მაღალმთიანი აჭარაა, მწვანე ტბა.

ზურგჩანთა

DSC_5470

(The North Face -ს მიმსგავსებული, თუმცა კარგი ხარისხის).

აქამდე სხვა მქონდა, უფრო პატარა და ბევრად უფრო მოუხერხებელი იყო, არც კარვის დასამაგრებელი ადგილი ქონდა, არც ცალკე განყოფილება საძილე ტომარისთვის და მთელი თავგადასავლები იყო ხოლმე ჩანთიდან ამოღება. სხვას ვათხოვე და ოდესმე თუ დამჭირდა, გამოვართმევ ალბათ. აქ ხვამლის მთიდან ვეშვებით. ზემოდან მსუბუქი პარალონი მაქვს დამაგრებული, ქვემოთ სტაფილოსფერი კარავია.

ესეც ძველი

მოდი, მოვკვდები

ორკაციანი კარავი

DSC_3215

(Eureka Apex 2T)- სტაფილოსფერი, ორკაციანი, ორკარიანი, ცოტაბადიანი, წვიმაგამძლე და ძალიან საყუარელი კარავი მყავს მე. აქ მეორე ტენტი აქვს მოხსნილი, ვანიავებდი აკეცვამდე.

პარალონი

ორი ცალი მაქვს, მძიმე- ახლოს  სასიარულო ლაშქრობებისთვის ან ჯიპ-ტურებისთვის და მსუბუქი და თხელი- გრძელ გზაზე სასიარულოდ. მართალია მსუბუქი  პარალონი არაფრად არ ვარგაო, იძახიან, მაგრამ მე სრულიად მყოფნის. ფოტო არც მაქვს, გადმოქექვაც მეზარება, სიტყვაზე უნდა მენდოთ.

საძილე ტომარა

ორი ცალი მაქვს. ერთი ძველისძველი, ორი წელია კარადის ზედა თაროზეა შემოდებული. ახალი ექსტრიმში ვიყიდე, ამაზონზე უფრო იაფად უფრო უკეთესის შოვნა შეიძლებოდა, მაგრამ მე ძალიან მეჩქარებოდა. თხელია, საზაფხულო, მთაში ხანდახან მგრილა კიდეც, თუმცა მე ძალიან მცივანა ვარ და უფრო ამიტომ.ამ ფოტოზე საწოლზე მოჩანს. სამწუხაროდ უკეთესი ფოტო არ გამაჩნია.

DSC_1233

პლედი

მგრილასთვის პლედი არსებობს, რომელიც ძალიან მსუბუქია და უთბილესი. აგერ, ამ ფოტოზე, უგადაღლილესი, უსახეახეულესი და უბომჟესი რომ ვარ, სამაგიეროდ ისე მთბილა…

18

ფანარი

თავზე გასაკეთებელი სამი ცალი დავკარგე უკვე, სად და როგორ- ერთი მივხვდი მხოლოდ. მეოთხე ახლა მაჩუქეს, ჯერ-ჯერობით სახლში მიდევს და მორიგ ლაშქრობას ელოდება დასაკარგავად.

სტაფილოსფერი მოსახვევი.

DSCI2300

მგონი 7 წელია რც მაქვს, თუ 8… აი ზღვაზე რომ დადიან ხოლმე გოგოები გახვეულები, ისაა, თუმცა მე სხვა ფუნქცია მივეცი. იდეაში არც არაფერში გამოდგება და ამ დროს ლამის ყველაფერში ვიყენებ. დასაფარებლად, მოსახვევად, დასაფენად…

სტაფილოსფერი ჭიქა.

DSC_2213

რკინის კრუშკა უნდა ატარო წესით, კოცონზე წყლის გასაცხელებლად. მაგრამ მე მირჩევნია მსუბუქი რამე მქონდეს და ვინმეს ვემათხოვრებოდე წყალს…. ამ ჭიქამდე ვარდისფერი მქონდა, გამიტყდა თუ დავკარგე…

თავგადასავლების მაძიებლები

ფოტოაპარატი

Nikon D5100, ლინზები 35 მმ 1.8  და 18-105 მმ.  თავისი ჩანთით, რომელსაც იმაზე უკეთესი საწვიმარი აქვს, ვიდრე მე.

DSC_0482

ამასთან, მე არ მაქვს და მინდა

  • დამატებითი პალოები კარვისთვის
  • წყალგაუმტარი საწვიმარი-კურტკა
  • სპეციალური მაისურები, რომელიც ტენს აორთქლებს და მოძრაობას არ ზღუდავს

ნუ, კიდევ ბევრი რამე მინდა, მაგრამ ეს სამი რამ მართლა ძალიან მჭირდება.

ჰხოდა ასე.

ა ხო, კიდევ ძალიან მაგარი უნივერსალური დანა მაქვს და კიდევ ძალიან მაგარი კოვზჩანგალა, რომელიც ძმამ მაჩუქა.

წვერის წმინდა გიორგი


რამდენიმე წლის წინ ვიყავი წვერზე. გაზაფხული იყო, სიმწვანე. მაშინ სულ სხვანაირი ვიყავი, სულ სხვა ხალხს ვიცნობდი და სულ სხვა რაღაცეები მიხაროდა.

DSC_9550

ახლა თოვლი დამხვდა, უფრო სხვანაირ ხალხთან ერთად ვიყავი და გზადაგზა იმაზე ვფიქრობდი, რა სხვანაირი იყო ის პერი.

DSC_9499

თბილისიდან მანგლისის მარშუტკას უნდა გაყვე, ვაგზალთან, ტაბიძის ქუჩაზე ავტოსადგური ექსპრესია და 11-ზე გადის მარშუტკა. ბილეთი 4 ლარი ღირს, მაგრამ თუ უბილეთოდ ხარ, სამ ლარადაც იმგზავრებ. გზა საშინლად მოყინულია და ცურაობით დადიან.

DSC_9557

მძღოლს ეტყვი, რომ წვერის გადასახვევთან გაგიჩეროს (ხელმარჯვნივაა გადასახვევი), მერე დაადგები გზას და ივლი. გზა ჯერ ტყეზე გადის, მერე მინდორზე, მერე ნიშთან, მერე ისევ ხეებზე და მერე ეკლესიასთან.

DSC_9635

თუ სადმე რამე გადასახვევი შეგხვდებათ, ყოველთვის მარჯვნივ უნდა აიღოთ გეზი. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მეორედ წასული მივაგნებ.

DSC_9622

ხო, თოვლი არ მიყვარს, იმიტომ რომ სველია და ცივია და კიდევ იმიტომ, რომ ბევრი ტანსაცმელი როცა მაცვია, თავი დიდი მსუქანი სელაპი მგონია და არ მომწონს. (მინიბეგემოწიკი რომ ვარ, ეგ არ ითვლება).

DSC_9515

არადა ძალიან ციოდა და შესაბამისად, ისა…

DSC_9516

რაღაცნაირი თოვლი იყო, ზედ დავდიოდით და არაფერი არ მოსდიოდა, არადა ღრმა იყო, თუ ჩატყდებოდა. (ფეხები ძალიან დაღრეჯილი ჩანს, ელასტიკი მაქვს დიდი, მეტი პატარა ზომა არ ქონდათ)

DSC_9654

უკანასკნელი ფოთლიკანი.

DSC_9569

არ მახსოვდა, აქ ამდენი ჭინჭი თუ იყო შებმული, ერთადერთი, რაც წინა გასვლიდან მახსოვს, კოკისპირული წვიმა და თოკით დაშვებებია.

DSC_9620

ეს ისე, გულიკი

DSC_9607

და ბანალური საყუარლობა

DSC_9613

თბილისიც მოჩანს. 200მმ “ზუმით”.

DSC_9527

ეს გოგო მე არ ვარ, კადრი მომწონს ძალიან. მე სხვას ვთხოვე იგივე გადაეღო და სულ სხვა რაღაც გამოვიდა, სამწუხაროდ.

DSC_9542

ასეთი ხეივნებიცაა ერთი-ორი ცალი გზაში.

სულ დამავიწყდა, ეს ეკლესია ვიღაც უძეო ცოლ-ქმარს აუშენებია, უფრო სწორად, ქმარს (იმჰო). მერე ქმარი მომკვდარა და კედელშია ჩატანებული ქვა, სადაც ეს ყველაფერი წერია, დაბადება-გარდაცვალების თარიღებიანად. (ცოლისაც, დაბადების – წინასწარ).  მააააგრამ ვიღაცას ცოლის სიკვდილის მერე დავიწყებია, რომ ჩასამატებელი ქონდა მისი გარდაცვალების თარიღი და ის ადგილები დღემდე ხელუხლებელია, ანუ ჩვენ არ ვიცით, როდს გარდაიცვალა ის ქალი. ან იქნებ ცოცხალიცაა, თუმცა ეჭვი მეპარება, 1920-ინ წლებშია მგონი ეგ წარწერა გაკეთებული. ხოდა ასე… მე მაინც იმედი მაქვს, რომ ძალიან მოხუცი და ცოცხალია და მის გულმავიწყ ნათესავებს არ დაავიწყდათ, რომ თარიღებია იქ ამოსატვიფრი ქვაზე, და მიხედონ მაგ ამბავს, რავიცი.

პ.ს. მემგონი, დამავიწყდა როგორია წვრილმანები რომ გიხარია. სელფშოტბიც იმდენი ხანია არ გადამიღია, ხოდა, საკომპენსაციოდ.

პ.პ.ს. აქ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ქუდი დავკარგე (ცაცკალი ცაცკალი მე)

DSC_9671

პ.ს. კიდევ მაქვს ძალიან ლამაზი კადრები, მაგრამ რომ დავდო ეჭვი მაქვს ამაღებინებენ, ამიტომ იყოს, წარმოიდგინეთ რომ დევს…

სვანეთი, მხერი, დღეობა


ნამდვილი სვანეთი არც უშბაა, არც თეთნულდია, არც მესტიაა, არც შდუგრა და არც უშგული. ჩემთვის ნამდვილი სვანეთი მხერია და ნამდვილი სვანები ის სვანები არიან, მხერზე რომ ვნახე, თითისტოლა ბავშვები ცხენებს რომ დააჭენებდნენ.

DSC_3178

მხერის ეკლესია ძალიან-ძალიან მაღალ მწვერვალზე აშენებული და საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თოვლიანი მწვერვალები ჩანს. ასაშენებელი მასალის მწვერვალზე ასატანად ცოცხალი ჯაჭვი გაუკეთებიათ ადამიანებს და ასე, ხელიდან-ხელში გადაცემით აუზიდიათ ქვა-ლოდები. პირველი და ბოლო ადამიანი გარდაიცვალაო, – ჩვენმა გამყოლმა.

DSC_3190

სვანები თურმე ღამე იწყებენ მხერზე ასვლას, თან ხარი მიყავთ. ზემოთ, ეკლესიასთან კლავენ და მერე უზარმაზარ ქვაბში ხარშავენ. მე შევესწარი, სიას როგორ წერდნენ, ალბათ იმ ადამიანების (მამაკაცების), ვინც ფული დადო ამ ხარის საყიდლად (?). ბევრი შეკითხვები არ დამისვია და ფოტოებსაც ისე, მორიდებით ვიღებდი, შორიდან.

DSC_3173

ჩვენ  დილით ვიზლაზნეთ, ვიზლაზნეთ და მემგონი ასე  ათი საათისკენ დავიწყეთ ასვლა. ლატალიდანაა ასასვლელი. ჯერ სოფელი უნდა გაიარო, ხიდზე გახვიდე, ისევ სოფელზე გაიარო და მერე აღმართებს შეუდგე. თან რა აღმართებს… ჩვენ ხუთი საათი მივდიოდით, მივფოფხავდით, მივბობღავდით, ალაგ-ალაგ ვისვენებდით.

ქვედა ფოტო ცოტა დიდია, სამაგიეროდ ფოთლებისგან გაკეთებული ჯვარი ჩანს.  ყველა, ვინც მხერზე ადის, ტოტს/რტოს/ფოთოლს წყვიტავს გარშემომყოფ ხეებს და ზედ ამაგრებს თავის წილ სიმწვანეს.

DSC_3120

აღმართი უბრალოდ აღმართი კი არ იყო, ციცაბო იყო, აი ლომისაზე რომ არის, დაახლოებით ისეთი, მემგონი უფრო ციცაბო, თან უღრან ტყეში გამავალი.

მე დილით არ ვჭამე, ამიტომ ძალიან გამიჭირდა, საკუთარ თავს ქეჩოთი მივათრევდი. წინა ჯგუფს ჩამოვრჩი, უკანა ვერ დამეწია და ასე მივფოფხავდი. ნაბიჯს რომ გადავადგამდი, ვისვენებდი და მეორე ნაბიჯს ძალით ვადგამდი. ამასობაში მივხვდი, რომ მარტოს არ უნდა მევლო და უკანასკნელი ძალების დაძაბვით წინა ჯგუფს დავეწიე. ქვედა ფოტოზე ის ადგილია, სადაც ასვლისას შევისვენეთ და საჭმელი ვჭამეთ, უფრო სწორად, ერთი თხილის გული კიარადა ძეხვი და პური გავიყავით.

DSC_3203

გზაში სვან გამყოლს და  ორ რუს ტურისტს გადავეყარეთ და ერთად გავაგრძლეთ გზა. სანამ რუსები თავისთვის მოჩოჩავდნენ, გამყოლმა ჩვენთან ლაპარაკი არჩია და რამდენიმე ისტორია მოგვიყვა, რომელიც სიმართლეს შეესაბამება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საინტერესოდ კი ჟღერდა.

DSC_3145

თავისუფალი სვანეთის ისტორია

დადეშქელიანები გაგიგიათ ალბათ ხომ,  სვანეთში რომ ბატონობდნენ, ჰხოდა სოფელ ლატალში მათი წარმომადგენლები ჩარკვიანები ყოფილან, ძალიან ცუდი და სასტიკი მმართველები.  ერთ დღეს ერთ ჩარკვიანს ორსული ქალი ხანჯლით მოუკლავს. გაბრაზდნენ სვანები. ძალიან გაბრაზდნენ. შეთქმულება დაგეგმეს და მთელი ორი წელი  იგეგმებოდა, ითმენდნენ და ახსოვდათ სვანებს და  ქალიან-კაციან-ბავშვიანად დუმდა სოფელი. ორი წლის თავზე კი, როცა მთელი საგვარეულო ერთად შეიკრიბა, ლატალელებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას და შიგ მყოფები ამობუგეს. ვინც გარეთ გამოვიდა, მოკლეს.

რასაკვირველია, მხერზე დღეობა წელიწადში ერთხელაა, მე კიდევ, როგორც lucky bastard-ი, ზუსტად მაგ დღეს მოვხვდი მანდ.

მხერზე წყალი არაა, შორს, მყინვართან მიდიან და  ცხენებით მოაქვთ. მე და ქეთის გაგვიმართლა, ახალი მოტანილი ქონდათ და დაგვალევინეს და თან ბოთლებიც გაგვივსეს. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ზემოთ და გზადაგზა წყალი არ შეგვხვდებოდა და მხოლოდ 0,5-ლიტრიანი ბოთლები გვქონდა წაღებული. პირდაპირი მნიშვნელობით, რაღა მე და რაღა სპანჯბობი ჰაერზე. ბოლო 15-ოდე წუთი, როცა ტყიდან გამოვედით და თაკარა მზეზე მივდიოდით, მართლა მეგონა, რომ რაღაც მომივიდოდა.

ბოლო, უჩრდილო აღმართი ყველაზე ძნელია, გგონია, რომ არასოდეს გათავდება და უცებ, მოულოდნელად ისეთი ხედები იშლება, ყველაფერი მაშინვე გავიწყდება. მე და ქეთის მაშინვე დაგვავიწყდა ყველანაირი დაღლილობა და გადაღიმილებულები და  ბედნიერები დავრბოდით აქეთ-იქით, კარგი კადრების გადასაღებად.

DSC_3197

ბოლო აღმართი. ეკლესიასთან ვდგავარ და იქიდან ვიღებ. ბილიკიც კი ჩანს და ადამიანები, წერტილებად.

იქ წყლის გარდა კიდევ ხორცი დაგვხვდა. ბევრი ხორცი. ჩვენ ლადომ გვაჭამა, იქვე უკითხია ერთ კაცს, ვისები ხართ რომ დადიხართო და რომ გაიგო, რომ არავისები არ ივნენ, ხორცი მიუცია. პირველად და მემგონი უკანასკნელად შევჭამე ხარის ხორცი.

DSC_3184

კიდევ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, პირველად ვნახე სვანური სიმღერა/ცეკვა. ქალიც და კაციც ერთსა და იმავე მოძრაობას ასრულებს თურმე.

DSC_3186

ეს ბაბუაც მღეროდა. ტიპიური სვანური ნაკვთები აქვს, მომრგვალებული.

DSC_3188

ხალხის ნაწილი ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად იქჯდა და თავისთვის ქეიფობდა, თავისი წილი ხორცი თან ქონდათ გადადებული, შამფურუკებზე აცმული.

DSC_3170

ერთადერთი ჩრდილი ეკლესიასთან იყო, ისიც წვრილი, და დასწრებაზე იყო ადგილები ჩრდილის მხარეს. მე ამერიკელი ტურისტები მომიჯდნენ საუბარში რომ არ ავყევი, ჩათვალეს რომ არ მესმოდა და გააგრძელეს მსჯელობა-“სამუშაო არ აქვთ, სახლი არ აქვთ, არაფერი არ აქვთ და მაინც სულ მღერიან და ცეკვავენ”-ო.

DSC_3158

DSC_3169

სვანი ბავშვი. ამაზე ბევრად პატარები დააჭენებდნენ ცხენებს.

DSC_3149

DSC_3131

DSC_3200

დაშვება დავიწყეთ. მე და ქეთი მოვდიოდით მარტოები და  გადასახვევი შეგვეშალა. რომელი ბილიკითაც ზემოთ ამოვედით, იმას ავცდით (მოგვიანებით ზუსტად მივხვდი, სად ავცდით) და იმ ბილიკს დავადექით, რითიც ცხენოსნები დადიოდნენ. ძალიან-ძალიან ტალახიან მოგზო ბილიკს, რომელიც წარა-მარა იტოტებოდა და ალაგ-ალაგ ისეთი უკაცრიელი იყო, გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ არ დავიბენი და იქვე მიმავალ ხალხს ავეტუზე. ქეთის კი ტკიოდა ფეხი, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა და რაც ძალი და ღონე ქონდა, მოდიოდა და მოდიოდა.

DSC_3206

მერე მივხვდი, რომ იქ ყველა ბილიკი მაინც სოფელში ჩაგვიყვანდა, მაგრამ ტყეში მარტო ბორიალი მაინც არაა სასიამოვნო, როცა არ იცი საით მიდიხარ და იმ ადგილას პირველად ხარ.

პ.ს. სვანეთის ყველაზე სამახსოვრო მომენტი მაინც ის იყო, როგორ გვეძინა მხერიდან ჩამოსვლისას ძალიან დაღლილ მე და ქეთის ტყეში, ბლიკიდან ორ მეტრში, სამკარგფოტოაპარატასხმულებს. აქ ჩემი ფეხი ჩანს ბუნდოვნად და იმ მომენტში გადაღებული ერთადერთი ფოტოა.

მთელი ლატალი იქვე დადიოდა და კაციშვილს არ შევუწუხებივართ. თავიდან ვითომ წამოვწექით და ვისვენებდით. ცოტა ხანში მივიხედე და- ქეთის ჩაძინებია. მერე წასვლა შევთავაზე და მოიცა, ცოტა ხანიც იყოსო. მერე მე ჩამეძინა და ქეთი მაღვიძებდა, მაგრამ მოიცა, ცოტაც დავიძინოთ თქო და ასე, გამოვიძინეთ გემრიელად. ცხენოსნები დაჩაქჩაქებდნენ, ზოგი ოდნავ შეანელებდა, შემოგვხედავდა და გზას აგრძელებდა. ახლაც ზუსტად მახსოვს ის შეგრძნებები, მახსოვს როგორ ტკბილად გამოძინებულს და დასვენებულს გამომეღვიძა ტყეში, დიდი ხეების ძირში, პირდაპირ ბალახზე დაწოლილს.

DSC_3205

ბოდიალი და ბედნიერება 2012


წელს პოსტის დაწერა და შეჯამება დამეზარა, კიდევ უფრო მეტად სურათების ამორჩევა, ამიტომ, მარტივად და რენდომად, ყოველგვარი სისტემის გარეშე, ფოტოებით გავიხსენებ წლევანდელ ფავორიტ ბოდიალებს, (ყველა ერთად უბრალოდ, ვერ დაეტევა, თან მე ზარმაცი ვარ) ბედნიერობებს და ალაგ-ალაგ პოსტებს გავლინკავ, რაც მიწერია, მეტი მოხერხებულობისთვის.

DSC_0467

ტბათანა. წოვა-თუშების სოფელი პანკისის ხეობაში, თუ ხეობასთან.  ახლა აქ მხოლოდ ქოხებიღა დგას და ბევრი არათუში დადის/ცხოვრობს. ჩვენც ისმაილმა მიგვიყვანა აქამდე, ქისტმა (თუ სწორად მახსოვს). გზა ძალიან ლამაზია, ოღონდ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით თუ გაივლი. გზადაგზა, ჩვენს თვალწინ დადო თოვლი მთებზე. აქ სულ წვიმდა, ციოდა, სველოდა, ბოლი იდგა ქოხში და მერე ღამე ქოხში გვეძინა, კარვისტენტგადაფარებულებს.

DSC_1178

მაღალმთიანი აჭარა, ღორჯომია ეს მგონი. აქ მეჩეთის სანახავად ავეხეტეთ, მძღოლს საბურავი გაუფუჭდა და ყოფილი გამგებლის ოჯახში ამოვყავით თავი. შეშის ღუმელზე, პირდაპირ ჭიქებში მოდუღებული ყავა დაგვალევინეს. სახლები მთლიანად ხისგანაა გაკეთებული და ხის სუნი დგას სახლში. ზამთრობით გზა ზოგჯერ იკეტება, ამიტომ მასპინძლის ასე 6-7 წლის გოგონა სახლში გავაჩინეო, დედამისმა.

DSC_1158

ესეც მაღალმთიანი აჭარა, ბეშუმი. იძახიან, რომ ძალიან გავს ბახმაროს. კი, გავს, ოღონდ ბახმაროში უთვალავი ძროხა არ დადის, რქებზე ფერადნაჭრებშებმული. ეს სახლებიც მთლიანად ხისაა და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადიან.

DSC_1922

პალიასტომი. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. ამაზონის ჯუნგლებში გადაღებული ექსპედიციები რომაა, უზარმაზარ მდინარეებში რომ მიცურავენ და გარშემო დიდი ჯუნგლებია, აი ზუსტად ისეთი გარემოა. ოღონდ შუა ტბაში კატერი გაგვიფუჭდა და სანამ რამე უკეთესის დახვედრების პირობა არ იქნება, მე ჯერ ვერ და არ დავბრუნდები.

DSC_2356

წლის ყველაზე-ყველაზე ბედნიერება, თუშეთი. ის კამაზი ონისეს კამაზია, კამაზის გასწვრივ, პირდაპირ, თუ დააკვირდებით, გირეველი მესაზღვრეების კარავი მოჩანს, მე ჰეღოზე ვდგავარ და იქიდან ვიღებ ამ ფოტოს.

_MG_6467 copy(1)

ესეც წლის ყველაზე-ყველაზე თავგადასავალი– თუშეთიდან მომდინრებს გაგვითოვდა, უზარმაზარი ფიფქებით ბარდნიდა.

DSC_1703

აჭარა, აქ დილის ყავა მიჭირავს ხელში, კიდევ გუდვილის დარიჩინიან-ქიშმიშიანი ფუნთუშა მაქვს და ცხოვრება მიხარია.

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

წელს სვანეთშიც ვიყავი, მთელი 7 დღით, ჯიპ-ტური მოვაწყეთ. იმდენი რამე ვნახე, მემგონი იქაურ სვანებს არ აქვთ ნანახი. ეს ჭალაადია, მყინვარი.  ჩემი დაბადების დღეა ამ ფოტოზე.

წლის წყურვილი. შდუგრას ჩანჩქერისკენ მივდიოდით და პაწუკა ბოთლით წაღებული წყალი არ გვეყო. მთელი ორი საათი, სანამ მივდიოდით, წყალზე ვოცნებობდით. ორი ყლუპი მქონდა დარჩენილი, ვიზოგე-ვიზოგე და ვერ გამოვიზოგე. იქვე ვიღაცეებს მივადექით, წყალი ვითხოვე.  წამომყევიო კი მითხრა და ქეთიმ ისე მომაძახა, მეც წამომიღე რაა-ო რომ გაეცინა და დიდი ვედრით დაგვიდგა სასმელი წყალი. ისე დავესიეთ, დავაცარიელეთ. უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ ამ ფოტოს გადაღებისას

DSC_3885

ბორჯომის რაიონი, სოფელი თორი, 100-ზე მეტი წლის სახლი. ამ ფოტოს გადაღებისას ფეხი მქონდა ნაღრძობი, თუმცა იმდენად გახურებული/ადრენალინით სავსე ვიყავი, რომ ვერ ვგრძნობდი.

DSC_3781

კახისის ტბა. სტაფილოსფერი კარავი მარცხნივ ჩემია. კახისის ტბაზე თევზიაო იძახიან. მე ბაყაყები ვნახე და კიდევ ძალიან ბევრი ჟოლო.

DSC_2382

ესეც თუშეთია, სოფელი ფარსმა.

მთის ქონდრის, იგივე ბეგ-ქონდარას, იგივე ბექთ-ქონდარას ჩაი. ყველაზე თუშეთისარომატიანი ჩაი.

9

ეს სამცხე-ჯავახეთია. ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა, ყველგან ნეხვის სუნია და დეპრესიულად მიტოვებული სახლები. ბერძნებმა მიატოვეს თურმე,  საბერძნეთში წავიდნენ. არ ვიცი აქ რა უნდოდათ, მაგრამ ისე ცივა, მეც დავბრუნდებოდი, აქ რომ დავესახლებინე ვინმეს.

13

ეს საროა. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ… ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო, ასე ვერ მოვყვები.

DSC_7744

წლის ბოლო კოცონი, აქვე, თბილისთან.

DSC_8539

კახეთი. ზეგაანი.  წლის ბოლო გასვლა. ძალიან ციოდა. ფოტო მომწონს, თორემ აქ ვერ მოხვდებოდა საერთოდ.

DSC_5186

ხვამლის გზაზე. სოფლის ბირჟა. სანამ ბიჭებს ველოდებოდი, ნახევარი საათი მარტო ვიყავი და ეს გადავიღე.

ხვამლის მთა. ნისლები მოდიან უკვე, არადა ორი საათის წინ მზე იყო.

ხვამლისკენ გზადაგზა სულ ასეთი მინდვრები იყო, ასეთი სილამაზე არსად არ მინახავს.

DSC_8812

კანფეტით მოვიტყუე ახლოს, ისე არ მოდიოდა. ჩემი ბღვერია ნათლული.

სადღაც ლეჩხუმში, რაღაც მოტბავო ელემენტი უნდა გვეპოვნა, წავიყვანეთ რატი და მისი კოლხოზნიკი, ტბის მაგიერ ვიპოვეთ ძალიან ლამაზი მოჭაობო რაღაც, დავანთეთ კოცონი, ვეცადეთ დაგვეჭირა რამე. მოკლედ, კარგი იყო.

DSC_2696

თუშეთი, ომალოს სასტუმროს ფანჯარა, ახალი ნაბანავები ვარ (ორი დღე კამაზის ძარაზე ნამგზავრი), ჩემი ყავა, სტაფილოსფერი ჭიქით, რომელიც დავკარგე სადღაც და უმანკოების ხანა (თუ სწორად მახსოვს). ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც პახოდში წავიღე და მერე არ გავაჩუქე.

DSC_6361

ბავშვობის მერე თივის ზვინი ასე ახლოდან არ მინახავს. გუდარეხში მივდიოდით ხუთნი. ყველაზე ძალიან ასეთი, ნებაზე მიშვებული ბოდიალობები მიყვარს მე.

DSC_7067

კაცხის სვეტი. წინა დღეს სადღაც ვიყავი, უკიდეგანოდ დავიღალე და კვირას მაინც წავედი ამის სანახავად. ამ ფოტოს გადაღებისას უკვე სიცხე მქონდა. კაცხის სვეტის წინ რომ კლდეა, იმაზე ავფოფხდით, გზადაგზა წყლის მილს ვეჭიდებოდით. საკმაოდ იოლია, როცა გრანდიოზულ ფოტოაპარატს არ მიათრევ თან.

რაჭა, ცხმორი. წელს ერთადერთხელ მეძინა თითქმის ღია ცის ქვეშ. რაჭაში, ცხმორში, ამ აივანზე. მერე რა, რომ ხიდან მთელი ღამე მსხლები ცვიოდა.

DSC_3728

ჩანჩქერის გზაზე. ცხოვრებაში პირველად გავჭედე სადღაც მიმავალმა,  მაგრამ მერე მაინც გავაგრძელე გზა, თუ გამაგრძელებინეს. აქ მთავარი სირთულე გადალახულია, ბლახებს ვეჭიდები, რომ არ ჩავსრიალდე ტალახზე და წყალში არ ჩავჭყაპუნდე. საბოლოოდ მაინც არ ჩავვარდი მდინარეში, ისე ვიარე, ფეხმშრალად. თუმცა ბოლომდე უხიფათოდ მაინც ვერა, ესეც პოსტი იმაზე, როგორ მივიღე პირველი და იმედია სულმთლად ბოლო სერიოზული ტრავმა.

DSC_7263

ეს ისე, კახური რქაწითელი მოიტანა ზვიომ რთველიდან მთელი ერთი ყუთი.

და ბარემ აქვე, კახური ალუ”რ”ჩა.

ბუსტერზე ვიჯექი ციცინათელაში.  თან სიმაღლის მეშინია მე და  ადრენალინის “პერედოზი” მომივიდა, მაგრამ აიაიაიაი ისეთი სუნთქვისშემკვრელი რამეა.

DSC_6870

რაბათი, გასაყიდი ხმლები სუვენიერების მაღაზიაში. ფოტოების გადასაღებად იდეალური დეკორაციებია რაბათში.

DSC_4201

რაჭა, სოფელი გლოლა. სანამ კატიწვერააზე მიდიოდა ჯგუფი, მე აქ დავრჩი, ნატკენი მქონდა ფეხი და ვერ ვივლიდი. ვაშლი თბილისელი, მპ3 უკვე გადაგდებული, წიგნი “არ გამიშვა”, ფილმიცაა ამ გადახელების. ძალიან კარგი რამეა, ოღონდ არ წამომიღია, გავაჩუქე.  კატიწვერაზე ვერ ავედი, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი.

მეგობარი, სიმყუდროვე, რელაქსაცია და ა.შ.

სვანეთი, მხერი. ეს თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ არაფერი არ გინახავთ. 5 საათი უნდა იარო სულ აღმართზე, ტყეში. ძალიან დამღლელია, მაგრამ როგორც კი ახვალ, ყველაფერი გავიწყდება ისეთი ლამაზია იქაურობა. საითაც არ უნდამიტრიალდე, ყველგან მთებია.

DSC_7137

სალხინო, დადიანების რეზიდენცია. სამეგრელო. ვერ ვიტან აქაურობას, მაგრამ ლამაზი კია.

ჩემი კარავი თუშეთში.

DSC_8197

ასეთი იყო ეს წელი, მოგზაურობ-ბოდიალობები. და თან წესიერად რომ არაფერს იმახსოვრებ, აი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიდექი, ცხოვრება ჩემს გარშემო მიდიოდა და მე მდუმარედ ვაკვირდებოდი.

DSC_9072

თავდაცვაზე დავდივარ. უფრო იმიტომ, რომ მუხლი მქონდეს მაგარი და თან სახლთან ახლოსაა. ადამიანებს სახეები არ ჩანს, ასერომ ამ ფოტოს არაუშავს.

DSC_5470

ფეხებგამობმული ჩანთა. ხვამლიდან მოვდივართ. კარავს მე მივათრევ, უკარვო მამრები უკან მომყვებიან, აქედან ერთი- წუწუნით. სულაც არაა სასაცილო.

DSC_0297

კვეტერა, თუ კვეტარა? ძალიან მწვანე ეზო აქვს.

DSC_1163

მწვანე ტბა, მაღალმთიანი აჭარა. წვიმა, სველა, ცივა. მე კიდე კარგად ვარ, ხალხი უსაწვიმროდაა.

შენაძენები:

DSC_7623

ძალიან მინდოდა ეს კელტურხიანი კულონი, სულ რაღაც 50$ ღირდა ამაზონზე, ვერცხლია. ძეწკვიც ვერცხლია, ძველისძველი, ბებიას დედის ნაქონი, იმას კიდევ ალბათ თავისმა დედამ მიცა და ა.შ.

DSC_0474

კიდევ კნიკონა ვიყიდე, ანუ Nikon D5100, 18-55mm ობიექტივით, სულ მალე მივხვდი რომ ზუმი მჭირდებოდა და 55-200მმ ობიექტივიც დავამატე, ხოდა ვართ ახლა ასე ბედნიერად მე და ჩემი კნიკონა. აქ კნიკონას პირველი გასვლაა, ტბათანის გზას ვიღებ.

ქინდლი. ძალიან მომბეზრდა ნაშოვნი ინგლისურენოვანი პირატული წიგნების ამობეჭდვა და გამოვიწერე.

ლეპტოპი, ACER რაღაცა-რაღაცა მოდელი, არ მახსოვს. იძულების წესით ვიყიდე, ჩემი 7წლის კომპი უბრალოდ, უარს აცხადებდა მუშაობაზე, პლიუს მჭირდებოდა მუშა კომპი და თან ლეპტოპი უფრო იაფი გამოდიოდა ვიდრე სტაციონარული და ყვეეელაზე თხელი/მსუბუქი მოდელი მოვითხოვე მაღაზიაში. აქვე, ჩემი ნაღრძობი ფეხი. სხვა ფოტო ვერ ვიპოვე, ბოდიში.

ახალი რუგზაკი. ესეც სხვა გზა არ მქონდა, ძველი ძალიან დაიხა.

კარავი. Eureka Apex 2T. ორტენტიანი, წვიმაგამძლე, ქარმედეგი, (გატესტილია ჩემს მიერ მარიამობის კოკისპირულ წვიმა-ჭექა-ქუხილში და ქარში), აქვს ორი შესასვლელი, ორი ბარგის დასაწყობი უზარმაზარი სივრცე და ორკაციანია, პრაქტიკულად ეტევა სამი გოგო ან ორი ბიჭი, თუმცა გაჭირვებისას 4 კაცსაც გვძინებია. რაც მთავარია, კარგადგანიავებადია და ღამე არ იორთქლება, თუ ყველაფერი არ ამოგმანე, რასაკვირველია. ხო, ხვამლზე თაგვი ხრავდა და ვერ ან არ გამოხრა.

და

2013 წელში იმედია კიდევ უფრო ბევრი ბოდიალობა იქნება და რაც მთავარია, ძალიან, ძალიან მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავიარო “ცერი” თუშეთისკენ მიმავალ გზაზე.

კახისის ტბა, ანუ როგორ ვიღრძე ფეხი


კახისის ტბა სადღაც იქაა, ბორჯომთან ახლოს, ანუ დაბაძველს რომ გაცდები, ერთ 500 მეტრში. დაბაძველამდე მემგონი მიდის რამეები, ჩვენ გზა გავიგრძელეთ და ყვავი ჩხიკვის მამიდა გზით წავედით,  ჭობისხევის ჩანჩქერი უნდა გვენახა გზადაგზა.

სოფლიდან გზადაგზა მუჭანახევარა გზები მიდის, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, როგორც მახსოვს, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ მერე მარჯვნივ (მინდვრიანი გადასახვევია) და ჩანჩქერამდეც მისული ხარ. ეს კეთლი ადამიანები შეგვხვდნენ გზაზე და საკმაოდ გრძელი აღმართები აგვატარეს.

ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი გასვლა იყო ჩემი ამ ჯგუფთან ლაშქრობების ისტორიაში, აი ყველაფერი სულ ერთი რომაა, უბრალოდ დაბოდიალობ და ტკბები.


უმეტესობა მიკროსკოპული ზომის რუგზაკებით იყო, ისეთი პატარებით, რომ მე ლამის შემრცხვა “ამხელა” 60-ლიტრიანი ჩანთა რომ მეკიდა+პარალონი+კარავი და  ფაქტიურად ფეხებგამობმული რუგზაკი ვიყავი.  ამ ჩანთისავე წყალობით კინაღამ ძირს გავფრინდი ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე, ცალ მხარეს ხრამი იყო, მეორე მხარეს ციცაბო ფერდობი ზედ ამოსული ნაძვებით და ამ ნაძვებზე მეკიდა ხელები, თუმცა რაღაც მომენტში ჩანთაზე მიმაგრებული კარავი გამოედო რაღაცას და კინაღამ ჰოპლა. გავბრაზდი, დავჯექი და აღარ მივდიოდი წინ, სანამ ვიღაცამ ფოტოაპარატი არ გამომართვა, ხელი მომაწოდა და შემაგულიანა.

ოდესმე ნახვას თუ დააპირებთ, რავიცი, ამად არ ღირდა. გურგენიანზე წახვიდეთ ჯობია. მე მეორედ არ დავბრუნდები.

ღამდებოდა, კახისზე ბანაკი რომ გავშალეთ. ჩემი კარავი დიდია, ამიტომ გზაში სიმძიმე გავინაწილეთ,  მე ტენტები მქონდა, მაკას ჯოხები და კიდევ ერთ გოგოს პალოები მივეცით. მივცვივდით მე და მაკა, გავშალეთ კარავი, ველოდებით პალოებიან გოგოს… დაღამდა, გაკუნაპეტდა, გოგო არ ჩანს… არადა პალოების გარეშე კარავი დარბის, იქცევა, ვერ ვაჩერებ ადგილზე, დაგვემხო თავზე. ის-ის იყო ვეღარ მოვითმინე და ცეცხლთან მივედი, ხალხო, ჩემი გოგო დაიკარგა, ხო არ მოგვეძებნა  თქო რომ თურმე იქვე არ ზის?! სასწრაფოდ გამოვართვი პალოები, მაგრამ როგორც თქვენ ჩარჭეთ, ისე მე.  ვარჭობ ნახევრამდე და ვსე… არც თავში ქვა შველის, არც ხელით დაწოლა, არც 98298798 ადგილის მოძებნა თავიდან ჩასარჭობად. (აქ რამე საცოდავი სმაილი). დავდივარ გარშემო და ქოშინ-ქოშინით და ბუზღუნ-ბუზღუნით ვარჭობ, თან ვატყობ, ძაან ვბოროტდები და არაქათიც გამომელია. ბიჭები რომ არა, დარჩებოდნენ ჩემი პალოები ნახევრად ისინი და საერთოდაც ბოლოს ლადომ ისე ჩაარჭო, დილას სერიოზული ძალისხმვა დაჭირდა უკან ამორჭობას. (ბოლო ორი დღეა ამაზონზე დავძვრები, მსუბუქ და მოქმედ პალოებს ვეძებ).

დილით ძროხების ხმამ გამაღვიძა+ვიღაც გოგო სვანი ძროხების ამბავს ყვებოდა, შხარასთან რომ შეგვიკიკინეს. არ შევიმჩნიე და ძილი გავარძელე, გემრიელად გამოვიძინე, ამასობაში გარშემო ვიღაცეები ძროხებს უქშევდნენ და ძროების მიერ დაღეჭილ რამეებზე დარდობდნენ.

დილით აი ასეთი ხედი გვქონდა კარვიდან, კრიალა ცა, მზე,  თეთრი ღრუბლები და ჟოლო, იგივე ქუმელი იგივე ხვაფა, უამრავი, უთვალავი, იმდენი, რომ ჭამ-ჭაამ-ჭამ და აღარ შეგიძლია. სამაგიეროდ შეგიძლია ლოდზე დადო და გადაუღო.
კიარადა ხო…

ასე გამოიყურებოდა ბანაკი ზემოდან…

ჯუსთ ტბასთან ამოსული ხე.

დავიძარით თორმეტი საათისკენ, მეგზური ვერ ვიშოვეთ, სამაგიეროდ გზაზე ვიშოვეთ ბევრი ადგილობრივი, რომლებმაც ძალიან დიდხანს უხსნეს ბიჭებს, როგორ უნდა გადავსულიყავით თორში, სულ მარჯვნივ აირეთ გეზი, გზას არ გაუყვეთ, ბილიკით უნდა იაროთ და საერთოდაც ამ გორას რომ გადაივლით დიდი მინდორი შემოგხვდებათ და იქ მარჯვნისაკენ ბილიკია და გაყევით და მიხვალთო.

ხოდა დავადექით გზას… მარცხნისაკენ, გზით… ვინაიდან თორი ძალიან შორს არ იყო+ტყეში ვიყავით+ზურგზე მეკიდა ჩანთა სადაც იდო საჭმელი, თბილი ტანსაცმელი, საძილე და კარავი+დედაჩემი გაფრთხილებული იყო, რომ შეიძლება დამაგვიანდეს ან ხვალ ჩამოვიდე, ის აზრი, რომ შეიძლებოდა დავკარგულიყავი, ძალიანაც მართობდა.

ამასობაში გზაზე ოთხი ვაიმოლაშქრე ვიპოვეთ.. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გზა დაგვებნა და წელამდე ბალახებში ვიარეთო… ნუ კაი, გავაყოლეთ ხელს.  რამდენიმე მინდორიც ვიპოვეთ, რამდენიმე განაკაფიც, გზებიც, ნაირ-ნაირი… აი ბილიკი ვერა.

რაღაც მონაკვეთში ძალიან მაღალი ბალახი იყო, პლიუს მემგონი დიდი მანქანის ნაკვალევი, ხოდა მივდივარ, თან წონასწორობას ვიცავ ამ ბორბლების ნაკვალევსშუა მიწაის წვრილ ზოლზე, ხოდა უცებ მიწა გამექცა ფეხქვეშ, აი, მოსუსტებული რომაა და დაადგავ და წკაპ. ფეხი გადამიბრუნდა, თან წინ დახრილს ზურგჩანთა დამაწვა მთელი ძალით და სანამ მე ამ წონის გაწონასწორება მოვახერხე, რომ თავით არ დავცემულიყავი,  ისეთი ფხლიწინის ხმა გავიგე, მეგონა კოჭი მოვიტეხე. კარგადაც მაყვირა, მარა რატომღაც რამოდენიმე მეტრით წინ მიმავალ ადამიანებს არც კი მოუხედიათ.

ნუ კაი… ავკანჭურდი როგორც იქნა, ფეხი გავიქნიე, ჰმ, ისე საშინლადაც არ მტკივა, მოძრაობს, მოტეხილი ასე ვერ იმოძრავებდა… ნაბიჯი გადავდგი.. უპს, მტკივა, თან საკმაოდ. ჯოხიც გამიტყდა, ბოლო შესვენებისას ვიღაცამ (ვინ იცის იქნებ მეც) ფეხი დაადგა და გატყდა. წავედი ნელ-ნელა, ხალხი იქვე ჩრდილში ისვენებდა და რაღაცეებს იცვლიდა, რამოდენიმე ისეთი ტრაგიკული სახით იჯდა, ფეხი მტკივა თქო, just for info ვთქვი და ეგ იყო და ეგ. აშკარად რაღაც უსიერი ტყის დასაწყისში ვიყავით, ნელ-ნელა გაჯურღმულდა და მაყვლის ბარდებიც გამრავლდა.

წინ ლადო მიდიოდა, მერე რამდენიმე ადამიანი და მერე მე, სპეციალურად, თუ რამე, დავისვენებ გზადაგზა თქო.

კი, დაისვენებ…

გავიხედე და უზარმაზარი ნაყარი ხეები, ანუ წაქცეულები, ჩახერგილები, და ზედ მიდიან ბავშვები. პირველზე გადავკანჭურდი, მეორეზეც, მესამეზე კინაღამ ავსრიალდი, მაგრამ მაინც გადავკანჭურდი… ამასობაში ფეხი ეტყობა გახურდა, ან მე გამომეყო ადრენალინი (სიმაღლეების და პოტენციური ჩასავარდნების მეშინია ხოლმე) და ფეხმა გამიარა, თუ მე გავუარე, მოკლედ, მაშინ მაგის დრო არ იყო, ფეხი დამეზოგა.

ხატიას ფეხები

ჯუნგლებში ვიყავით, უსიერში… აი ხომ არის ხარაგაულის უსიერი ტყე (ნუ კაი, იყო, ზანავი-ნუნისის ბილიკზე), ლაგოდეხშიც იშოვება… მაგრამ ასეთი გაუვალი რამე პირველად ვნახე, ან წელამდე ეკალ-ბარდებში უნდა გევლო (რაც წარმოუდგენელია) ან პირდაპირ ხეებზე, რომლებიც ალაგ-ალაგ ტორტმანებდა და ალაგ-ალაგ ქერქი სძვრებოდა. მივდიოდით-მივდიოდით და არ მთავრდებოდა ეს ხეები. თან ნელ-ნელა დაღმართზე დავეშვით.

მერე და მერე ამ ხეებს ხევიც დაემატა, გადავწყვიტეთ (ანუ ლადომ გადაწყვიტა)  მდინარეს გავყოლოდით, სადმე ხომ ჩაგვიყვანსო. ხევისკენ კიდევ უფრო გახშირდა და გასაშიშდა ეს ხეები, ერთ ადგილას სამი მორი იყო დაცერავებული, ანუ წვერით ხევისკენ, ამათზე უნდა ჩასულიყავი, მერე 90 გრადუსით მარჯვნივ გადახვიდოდი და მერე ივლიდი. მივდივარ ამ დაცერავებულზე, შუა მორზე (დაბლა ხევია ასეთივე მორებით, ანუ თუ დავარდი, ჭკა) და უცებ ვგრძნობ, რომ თავით ვყირავდები, ჩანთის სიმძიმემ წინ გადამქაჩა. უცებ მოვტრიალდი მარცხნივ და გამწარებული მეზობლად მდებარე მორს მოვებღაუჭე, თან ფეხის კუნთები ამიკანკალდა დაძაბულობისგან. ვდგავარ ასე მორიდან მორამდე გაჭიფხული და თან ადგილზე ვწრიალებ, გაბოროტებული, შანსია, მე აქ არ ჩავარდები თქო. : )))) ამწუთას ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა ვქენი, ნიტო ბიძგით “გადმოვვარდი” უკან, ნიტო ნუ აი არ მახსოვს… ფაქტია აგერ ვზივარ და ვწერ.

ალაგ-ალაგ ძალიან მიშლიდა ხელს რუგზაკზე მობმული კარავი, 102398129038 ადგილას გამოედო რაღაცეებს და ამ მორებზე ბალანსირებას კიდევ ეს ემატებოდა. რამდენიმე ადგილას ისიც კი ვიფიქრე, ნეტა რა განსხვავებაა ჩემსა და იმ ადამიანს შორის, თოკზე რომ დადის ცირკში თქო. გრძელი ჯოხი არ მქონდა, სამაგიეროდ ბალანსისთვის ვებღაუჭებოდი ფოთლებს, გამხმარ ტოტებს, ბალახის ღეროებს, მოკლედ, ყველაფერს, რაც ახლომახლო იზრდებოდა. ვებღაუჭებოდი პირდაპირი გაგებით არა, უბრალოდ, რატომღაც, ოდნავ ხელიც რომ წაავლო ბალახის ღეროს, მომენტალურად საოცრად ადვილდება წონასწორობის დაცვა. რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია ეტყობა.

ჩემზე უკეთეს დღეში არც სხვები იყვნენ, ერთ გოგოს საერთოდაც ხელით (!) მოქონდა მოზრდილი საძილე ტომარა, და ეს იქ, სადაც ზოგ ადგილას გადასაფოფხებლად მე ორი ხელი მჭირდებოდა და პრინციპში დამატებით წყვილ ხელზეც არ ვიტყოდი უარს. თუმცა სამაგიეროდ ჩანთა ქონდა ძალიან პატარა და სავარაუდოდ მსუბუქი, რაც იმ ფორთხვას გაუადვილებდა. ერთ ბიჭს კიდევ მთლიანი ჩანთა მოქონდა ხელით, ჩახუტებული…

ხევში  რომ ჩავბოდიალდით, იქვე წყარო ვიპოვეთ.. ანუ შედარებით ფუსთა წყალი, მიწიდან ამოსული, ნაწილმა დალია, ნაწილმა (ანუ მე) ტალახიანი ჭრილობები დაიბანა და ნაღრძობზე თავის ჭკუაში ცივი წყალი დაისხა.

ერთმა პანიკა დაიმართა, რამოდენიმე ადამიანს სახეზე ეტყობოდა, რომ სიამოვნებით გამოუძახებდა მაშველებს, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილაად არ იყო, გვქონდა მობილური, სადაც იყო ჯიპიესი და ვიცოით სად ვიყავით და საით უნდა წავსულიყავით, უბრალოდ, სწორ ხაზზე მივდიოდით იმის ნაცვლად, რომ ბილიკით გვევლო.

ხევში კიდევ უარესი ხეები აღმოჩნდა და მაკა სასწრაფოდ ზემოთ აძვრა, შანსი არაა მე აქ არ ვივლიო, კიდევ სხვებიც გაყვნენ და ჩვენგ გავეკიდეთ. კი, გზა უკეთესი იყო…შედარებით… მერე ისევ რაღატომღაც ორ ნაწილად გავიყავით, მერე ჩვენ  ცოტა ხანში მდელო დავინახეთ, მეორე ნაწილი ძირს ჩამოვრეკეთ და გზას გავუდექით, რომეღითაც ხემდე, საჭმელი რომ გვეჭამა.

აქედან უკვე ადვილად გავაღწიეთ, აქედან უკვე “ავტობანი” იწყებოდა და…

და მერე თორი, პატარა ლამაზი სოფელი, სადაც უნდა წახვიდე, დატოვო ცივილიზაციის ყველა მიღწევა სახლში, ქინდლის გარდა და დაისვენო, ისუნთქო, თივის ზვინზე წამოწვე და იკითხო, ცოტაც იმუშაო და განიტვირთო…

ჭა გვანახეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და დავესიეთ, მთელი გზა უწყლოდ ვიარეთ, სადაც რამე გუბე შეგვხვდა, ლამის ყველაფერი დავლიეთ…  არაქათგამოცლილები სხედან…

ძალიან ლამაზი სახლი ვიპოვე მე თორში, მთელი ასიოდე წლის.

მერე ჩავჯექით მარშუტკაში, ვისმენდი ამას და ვგრძნობდი, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხანია ასეთი ბედნიერებით სავსე არ ვყოფილვარ, ერთი დიდი, ფერადი, დადებითად დამუხტული ბუშტი ვიყავი, ტყის ენერგიით სავსე.

პ.ს. დაახლოებით ორ საათში, როცა მარშუტკიდან ჩამოსვლა მოვინდომე, მივხვდი რომ მარჯვენა ფეხს ვერ ვადგავდი, ძალიან მტკიოდა. ორშაბათს ექიმთან რომ წავედი, უზარმაზარი ჰემატომა+ნაღრძობი აღმოჩნდა. ტრავმას კიდე ტრავმა დავამატე თურმე იმდენი სიარულით, თორემ ასე არ გამისივდებოდა. შედეგად წელს კატიწვერაზე ვერ ავედი, ლამის ერთი თვის მერეც  კი დიდხანს სიარულის მერე “თავს მახსენებს”.

პ.პ.ს. ოდესმე თუ ფეხს დაიზიანებთ და ჩემსავით ლაშქრობებში აპირებთ სიარულს, ააააუცილებლად მიდით ექიმთან, თორემ  ახლა კი გაივლის, მარა ყოველი ძლიერი დატვირთვისას თავიდან შეგაწუხებთ.

ცოფიანები გუდარეხში


ტაქსისტებში მიმართლებს ხოლმე ზოგადად, დილასაც იმის მაგიერ, რომ ნავთლუღში მივეყვანე, ორთაჭალის ავტოსადგურში მიმიყვანა “ყოჩაღმა” ტაქსისტმა, შედეგად მთეეელი 15 წუთი დამაგვიანდა და 10-ზე გასასვლელი ჯგუფი 11-ზე დავიძარით თეთრიწყაროსკენ. გზაში იმდენი ვიტლიკინეთ, მთეი მარშუტკა შეწუხებული გვიყურებდა და მძღოლმა შვებით ამოისუნთქა, როცა ჩავედით.

თეთრიწყაროში რაღაც ეკლესია ვიშოვეთ სანახავად, სანამ ბიჭები ეკლესიაში იყვნენ , გოგოებმა ლეკვები გავბურჯგნეთ.

ჭანჭურით დასახიჩრებული ადამიანი გინახავთ? არა? ხოდა აჰა, მნახეთ. გადავდიოდი გზაზე ჩემთვის (ხო კაი, მარჯვნივ და მარცხნივ არ გამიხედავს) და უცებ საიდანღაც მოფრენილმა ჭანჭურმა კინაღამ თვალი გამომთხარა. თურმე ვახო ესროდა ქეთის, ჭანჭურმა გზაში გადაიფიქრა, გამოფრინდა ჩემსკენ და მე ვერ დავინახე ხოდა ისა… ცივი ბოთლით ვიარე ხუთიოდე წუთი.

ჯერ ლუდი დავლიეთ, მერე გზაზე გავედით და ბოდიალი დავიწყეთ, გზადაგზა ხალხი გვამშვიდებდა, თქვენ დღეს ამას ვერ მოასწრებთო, თუმცა იმათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ გვქონდა ამობეჭდილი რუკა, შოდას “ანდერძი” და კიდევ ჯიპიესი და მთელი ორი ყოჩაღი თავი, რომელმაც ამ ყველაფრის ხმარება/გამოყენება იცოდა. (თავები უფრო მეტი კი იყო, მარა ამ ორმა მეტს არავის არ აცადა). პლიუს, ხატია და ვახო ინტუიციითაც იყვნენ შეიარაღებულები.

გზ იყო ისეთი მოსაწყენი, მტვრიანი და მზიანი და ქარიანი და უკაცური და მოგრეხილი, რომ გზაში კინაღამ მოწყენილობისგან და სიცხისგან ფეხები გავფშიკე.

 

ყველაზე უცნაური, რაც თეთრიწყაროს რაიონშია, არის ის, რომ არიან ძალიან ბევრი გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე მეცხვარეები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ სად იმყოფებიან და რომელი სოფელიც არ უნდა კითხო, არ იციან… თითქოს არსაიდან მოდიან და არსაით მიდიან.

მერე ერთი საეჭვო მეტყევე შემოგვხვდა, დიდისამბით გამოვკითხეთ გზა, მაგრამ როგორც თქვენ იარეთ იმ გზით, ისე ჩვენ… ციხე როგორც კი გამოჩნდა გზიდან გადასახვევად ავწრიალდით

 

და პირველივე შედარებით “საეჭვო” გადასახვევში შევუხვიეთ, შედარებით გრილ ტყეში შევედით. გზადაგზა თეორიულად ძალიან ბევრი გადასახვევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ სულ ორი ვიპოვეთ, არც ერთს არ მივაქციეთ ყურადღება და პირველივე მინდორთან დავისვენეთ, ლუდი გვითბებოდა და…

ლიმონათები არ ესხა :/

ამ დროს გოცომ მოახერხა და ჯერ ლუდი გადაისხა ფეხზე, მერე პერეკისი და მერე რაც რამე სითხე მივაწოდეთ, ყველაფერი ზედ გადაივლო.

ტალახი ჩვენი არსობისა

მივდიოდით, მივდიოდით და გზა აღარ მთავრდებოდა, თან არასწორი მიმართულებით მიდიოდა. გადასახვევებს და მოკლეზე ჩასაჭრელებს ვეძებდით, ჯიპიესის მიხედვით, გზიდან  ხელმარჯვნივ რომ მთა იყო, ის უნდა გადაგვევლო ადგილზე მისასვლელად, მაგრამ იმ ბარდებში კატაც ვერ გაივლიდა, ხოდა მივუყვებოდით ტალახიან გზას და ვცდილობდით მაინცადამაინც ბევრი ტალახი არ აგვეწეპებინა.

ბოლობოლო მდინარესთან ჩავედით, წყლის მილი დავინახეთ და გაგვიხარდა, ლოგიკურად, სოფლამდე უნდა მისულიყო მილი, პლიუს იქვე ნატრაქტორალიც დავინახეთ და ბევრი არ გვიფიქრია, შევუყევით აღმართზე მიმავალ ე.წ. ბილიკს, რომელიც ალაგ იკარგებოდა, ალაგ ისევ ნატრაქტორალი ჩანდა. ხოდა ბოლოს მივედით ბლახებიან და თივისზვიანებიან მინდორზე, გადავირიეთ, გადმოვირიეთ, ვიპოზიორეთ.

და მერე დავინახეთ რომ სამანქანე გრუნტის გზასთან მივსულვართ, (მემგონი ისევ იმ გზამდე, ბილიკზე გადმოხვევამდე რომ ვიდექით და ამ ბილიკით შევიმოკლეთ), ჯერ ერთ მხარეს წავედით… არ მოგვეწონა მიმართულება, თან ჯიპიესი გვიჩვენებდა, რომ სოფელი გზიდან მარცხნივ გვრჩებოდა, მოვბრუნდით, ტყეში შესასვლელი ბილიკი მოვნახეთ ცხენისფლოქვებიანი, როგორც მეტყევე შეგვპირდა, უნდა შეგვხვედროდა და ამითი მივხვდებოდით, რომ ისა…) და პირდაპირ ციხისკენ ანუ გუდარეხისკენ გავემართეთ.

ხოდა ისიც დავინახეთ….

ლამაზი გზა იყო, თან გრილი და მერე რა, რომ გზაზე პაწუკა გველები დასრიალობდნენ და კიდევ აი ეს ხე ვნახეთ და კახისის ხეები გაგვახსენდა, ასეთებზე რომ ვიარეთ ისე, რომ მიწაზე ფეხი არ დაგვიდგამს.

ციხეზე მეტად მე ველები მომეწონა, ისეთია, ერთი დღით რომ უნდა წამოხვიდე, ფოტოსესიის ჩასატარებლად.

ესეც ციხე, რავიცი, ოდესმე ვინმე თუ დაინტერესდება. მთავარი აქ მაინც ისაა, რომ ძალიან ცუდი ხასიათის ძაღლები ყავთ აქ, მოპარვა იციან და ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი.

ეკლესიისკენ დავიძარით. ოთხი კილომეტრი იქით, ოთხი აქეთ, ჩვენი გათვლებით 2 საათი უნდა დაგვეხარჯა. გზაში ქაქუცას ნაბინავარი ვნახეთ და გულწრფელად შემეცოდა იმ კლდის ქვეშ დაბინავებული ქაქუცა.

გზა აიყო ულამაზესი, ალაგ-ალაგ ისეთი ლამაზი, სუნთქვა რომ გეკვრება და თავი ზღაპარში გგონია, ხის უკნიდან საცაა ჭინკა რომ გამოიხედავს ან ტროლი. ნევერლანდია.

და გზაზეა ძალიან ბევრნაირი და უცნაური ფორმა/ფერის სოკოები. ერთ მათგანს რომ დავეტაკეთ, ავაწიოკეთ მორიანად.

სოკოს ხამები

შედეგი

გზადაგზა… ვოცნებობდი აქ წამოწოლა-დასვენებაზე… მაგრამ, ეკლესია გვაქვს სანახავიო და მივჩანჩალობდით ეს მშიერ-მწყურვალი ხალხი… ხო კაი, მშიერი მარტო მე ვიყავი და ვიხვეწებოდი, ლორი მაქვს ჩანთაში და მომეცით საშუალება გაჭამოთ თქო მარა ჰხა…

ამასობაში პაწუკა ეკლესია ვიპოვეთ, სიამოვნებით დავბრუნდებოდი უკან, მაგრამ გოცომ ვერ მოისვენა, ეს ის არაა, რასაც ვეძებთო და გზა გააგრძელა, მერე დაგვირეკა კიდეც და ჩვენც წავედით. უფრო სწორად, ესენი წინ წავიდნენ, მე უკან მივჩანჩალებდი ჩემთვის, ჩუმად.

ეკლესია დავინახე, მაგრამ ძაღლის ყეფა რომ მომესმა, წყაროსთან გავჩერდი და აღარ ავედი. მესმის – ჯერ ძაღლი ყეფს, მერე ქეთის უწიპუწი, მერე უცებ ხმამაღალი შეკივლება. აი მანდ დამცხა, ვზივარ, ვწრიალებ…ამასობაში გავიხედე და დიდი ძაღლი მოყავთ, უფრო სწორად საყელურით მოათრევენ, ისიც იქაჩება და ძლივს ერევა მამაო. მეორე ბიჭი მოვიდა, ცოტა იქით გადი, ადამიანებზე იწევსო… რკინის ვაგონში შეკეტეს (იქიდანაც ყეფდა), მე ზემოთ ავედი და.. სხედან სამრეკლოს კიბეებზე უცნაური სახეებით. ქეთი სიცილით მანახებს ნაკბენს, სისხლი სდის და ოთხიოდე კბილი ეტყობა, საკმაოდ ღრმად.

შემთხვევის მოკლე შინაარსი: გოცო რომ ავიდა, ავი ძაღლი გამოუვარდა, მარა იქვე ორი მეგობარი ძაღიც ყავდა და ჯერ ისინი გამოვიდნენ და იმიტო გადარჩა ეს. მერე დააბეს ავი ძაღლი, ამასობაში გოცო ურეკავს ყველას გასაფრთხილებლად, მაგრამ გათიშულები გვაქვს მობილურები. შემდეგ გოგოები ადიან, მე  დაბლა ვრჩები, ესენი უშიშრად მოძრაობენ, ავიძაღლი დაბმული გონიათ. ამან აიწყვიტა და გამოექანა ქეთისკენ, გოგო გადაეფარა, მარა ძაღლმა გაწია თუ გვერდი აუარა, მოკლედ, მოახერხა და მენჯთან უკბინა ქეთის.

ძალიან გამაღიზიანა მამაოს და მისი ხელქვეითების ცინიკურმა და აგდებულმა დამოკიდებულებამ. მერვე ხარ ვისაც უკბინა-ო. არც წყალი მოგვაწოდეს, არც საპონი, არც არაფერი…

მერე წამოვედით, სიცილ-ხარხარით და ხუმრობა-ხუმრობით. ქეთი რისი ქეთი იყო, იქ ტირილი და ისტერიკა დაედო. წარმოიდგინეთ ვიღაც ნაზინუზა გოგჩოსთვის/ბიჭისთვის ეკბინა ძაღლს ასეთ სიტუაციაში… იყოს, არ გვინდა. გზადაგზა უცებ ჭრილობა დავუმუშავეთ პერეკისით, მწვანე მალამო წავუსვით, დავსკოჩეთ და გზას დავადექით. შიმშილი ვიღას ახსოვდა, ოღონდ დროზე გამოვსულიყავით გზაზე.

გუდარეხს რომ გავცდით და აბრამეთიკენ სვლა დავიწყეთ, უკვე ბინდდებოდა. მივდივართ და უცებ რაღაცას დავადგი თითქოს ფეხი და არ შევიმჩნიე, სამაგიეროდ ქეთიმ შეიმჩნია და ხელი გვტაცა მე და გოცოს, გველიო… იმხელაზე იფრინა გოცომ, გველი ვიღას ახსოვდა, კვდებოდა ქეთი სიცილით. იმის მერე რამდენი ვიღაცას ხელს წაავლებდა ქეთი, ყველა შეშინებული ხტებოდა.

ბევრი კილომეტრი გვქონდა გასავლელი უცნობ გზაზე, ალაგ-ალაგ ტყეში, ალაგ სოფელზე. ძალიან-ძალიან სწრაფად დავდიოდით, შესვენებების გარეშე, აი აქ მართლა დავიკარგებოდით, ჯიპიესი რომ არა, ძალიან  მარტივად ვირჩევდი იმ გადასახვევებს, აბრამეთისკენ რომლებიც მიდიოდა. მერე და მერე სულ დაბნელდა, ფანრები ამოვიღეთ  და ფანრის შუქზე გავაგრძელეთ ბოდიალი მკვდარ სოფელში.

გივლიათ ოდესმე სოფელში, სადაც ყველა სახლი ჩაბნელებულია ,არსაიდან არაფრის ხმა არ ისმის გარდა სააადღაც შორს მყეფარი ძაღლებისა? აპოკალიფსის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რომ გადარჩება და დადიან, დაბოდიალობენ ხალხის ძებნაში, აი ისინი ვიყავით. მივდიოდით-მივდიოდით-მივდიოდით და ცივილიზაცია არსად ჩანდა.

ერთადერთხელ გავიარეთ რაღაც კოტეჯების ახლოს (რუკაზე ასე იყო ყოველ შემთხვევაში) და ძაღლები გამოგვივარდნენ ყეფით. საბედნიეროდ ახლოს არ მოსულან.

ახლა არ მახსოვს რა სისულელეებზე ვლაპარაკობდით, მაგრამ მთელი ის გზა ენა არ გაგვიჩერებია, ვტლიკინებდით-ვტლიკინებდით-ვიცინოდით-ზოგი მღეროდა კიდეც. ტრასამდე მისულებს ისევ ძაღლები შეგვხვდა, ამჯერად მეცხვარესთან ერთად, მოვიდა, ფანარიკი მოგვანათა, თბილისის მიმართულებით ხელი გაგვიშვირა, ძაღლს დაუძახა  და  ისევ კოცონთან დაბრუნდა. ჩვენ კიდევ მემგონი ზემოდან გადმოგვხედეს, ეყოფათ ამდენი ხვლინჭკობებიო და სატვირთომ გაგვიჩერა. ცხვრის სუნად კი ყარდა (თან როგორ ყარდა), კუსავით მიბობღავდა და გზადაგზა ფუჭდებოდა, მაგრამ ვინ დაეძებდა, ისეთები შევეჭეჭყეთ კაბინაში 5 კაცი, ვინ ვის მუხლზე იჯდ და ვინ ვის ჩანთას ებღაუჭებოდა, არ ვიცი. ხატი საერთოდაც საქარე მინაზე იყო აკრული…

კოდაში ჩამოგვსვა, ასე ვერ ვივლი, დაგვაჯარიმებენო. ავტობუსის გაჩერება დავინახეთ და ვეცით საჭმელს, გავშალეთ საკამებზე და ავაიმე, ისეთი ხელის კანკალით ვჭრიდით კალბასებს, ყველს, კიტრს, პამიდორს… უფრო ვშთანთქეთ, ვიდრე ვჭამეთ მთელი დღის მშიერებმა.

მერე.. მერე იყო ვიღაც ძალიან კეთილი ბიძია დიიდი ჯიპით, ხომ გაგვიჩერა, გზადაგზა ისტორიები მოგვიყვა, მერე რომ გაიგო ინფექციურში მივდიოდით, ჯერ ბანკომატთან გაგვიჩერა რომ ფული აგვეღო, მერე ინფექციურთან მიგვიყვანა და წავიდა.

სამნი გარეთ დარჩნენ, მე და ქეთი შევედით დიდი ბოდიშის მოხდით, პახოდიდან მოვდივართო. (ანუ საერთოდ ესეთი ბომჟები კი არ ვართო) ექიმი დეიდა დაგვხვდა, ისე გვიყურებდა, ორი მეტრის დისტანციიდან, მაშითაც კი არ მოგვეკარა, საუბრისას ჭერში იყურებოდა… მეორე დღეს მოდითო, ხოდა მივედით და ისეთი საყვარელი ექიმი დაგვხვდა, სულ სიცილ-ხარხარით აცრა ქეთი. თუ რამე, გაპუწული ქერა ქალი რომ ზის იქ, პომადის და კლაჩის გარეშე ნუ მიხვალთ მაგასთან მაინც, რავიცი… შანსია რომ გითხრათ აცრა საერთოდ არ გინდაო… : ))

პ.ს. შოდა იფიცებოდა, 20 კილომეტრი იარეთო. მე მაინც მგონია, რომ უფრო მეტი იყო. ჩვენ ხო ისეთი ყოჩაღები და საყვარლები ვართ, რომ ორმოცსაც გავივლიდით.

ერთი წელი და ერთი ფბ-ჯგუფი


პირველად იყო ბედიანი. ბედიანის ბავშვთა სახლი, მე, პატაპუტინა და სრულიად უცხო ძალიან ბევრი და ჭრელი და მხიარული ადამიანი. იმ დღეს სულ თავ-ბედი ვიწყევლე აქ რამ წამომიყვანა თქო, იმდენად შემცივდა. თან აღარ და აღარ მოვდიოდით უკან. შოდა დამამახსოვრდა, ანუ ორგნიზატორი, დავიგვიანეთ და არ გვეჩხუბა, თან რაღაცას გვიხსნიდა მე და ხათოს  ნახევარი საათი მარშუტკაში, გზადაგზა, კიდევ ხატია ქასრაშვილი, მაფიოზობანას თამაშისას მაფიოზობაში გამომიჭირა და… ერთ გოგოს ქონდა სახის ძალიან ლამაზი ნაკვთები და კონტრასტულად ცივი მზერა, აი ისეთი, ზუსტად რომ იცი, არ უნდა ენდო. ბავშვები დამამახსოვრდა კიდევ ბედიანელი, ისეთები იყვნენ, ალბათ მეცხრამეტე საუკუნის თანატოლებისნაირები. მე ძირითადად ნაცნობებზე ვიყავი კონცენტრირებული და შესაბამისად ისა…სხვებთან კონტაქტი არ მქონია მაინცადამაინც.

მერე იყო აჭარა. საერთოდ რატომ წავედი, არ მახსოვს, მემგონი უბრალოდ სადმე მინდოდა წასვლა და ეს ყველაზე გრძელდროიანი მარშუტი იყო. ძალიან, ძალიან, ძააააალიან ბევრი გოგო და ლადო, რომელიც   სფინქსზე კიდევ უფრო მშვიდი იყო. თავიდან ძალიან უცხოდ ვიყავი და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ცხელ ტაფაზე უცხო თევზებთან ერთად შემთხვევით მოხვედრილი რვაფეხა. სიტუაცია იმან კიდევ უფრო დაამძიმა, რომ შემთხვევით (მომენტ რაღა შემთხვევით) საერთოდ დავავიწყდი, რომ ვარსებობდი და რომელიღაცა სოფელში რომელიღაცა ტანკთან მარტო დამტოვეს და წავიდნენ. ფოტოები რომ არ გახსენებოდათ, რომელიც მე გადამაღებინეს და დათვალიერება უნდოდათ, კიდევ კარგა ხანს  არ გავახსენდებოდი.  ზღვა და ქეთი გიგაურის კექსი რომ არა… აი კექსი იყო ზე, უგემრიელესი, ასეთი მაგარი ჯერ არსად არაფერი მიჭამია.

მერე იყო.. მერე რა იყო? მგონი  სვანეთი. მთელი ათი დღე და ძალიან ბევრი სულ სხვადასხვა ხასიათის ადამიანი. იყო დღეები, როცა მინდოდა ზოგიერთები სათითაოდ დამეხვრიტნენ, იყო დღეები, როცა ყველა ძალიან მიყვარდა და უცებ მივხვდი, რომ ნელ-ნელა შეჩვევა დავიწყე. ყველა სიტყვის და მოქმედების გაკონტროლებას შევეშვი. ძალიან ემოციური და ლამაზი იყო სხვანეთი, შხარას ძირას გაშლილი კარვები, მხერზე უწყლოდ ბოდიალი (ბოლო კილომეტრები საკუთარ თავს ქეჩოთი მივათრევდი), გაბრაზებული ლევანი და უკანა სავარძელზე გასუსული მე, გიგაური და ანასტასია, ლამარიას ქვის საკურთხეველი, დაბდღე მყინვარის ძირში და სვანები, ძალიან-ძალიან-ძალიან ლამაზი სვანები. სვანეთის ტყეში ჩაძინებული მე და ქეთი, ერთმანეთს რომ ვაღვიძებდით ფორმალურად და ისევ ვაგრძელებდით ტკბილად ძილს და არც ერთ ადამიანს ხმაც კი არ გაუცია. გასვანებული სვანი არა ისა… ხოდა კიდევ ცხვირწინ აყუდებული ტრაილერი და ავარიას გადარჩენილი ჩვენ, თუმცა ციცნათელას ბუსტერის მერე ისე მშვიდად შევხვდი, ჩემი თავის გამიკვირდა.

მერე იყო კახისის ტბა, ჩანჩქერი, სადაც ვერ ვიარე და რამდენიმე ბიჭმა ხელი გამომიწოდა და ცხოვრებაში მეორედ გამოწვდილ ხელს დავეყრდენი (ზოგადად დახმარებაზე უარს ვამბობ ხოლმე), კახისის ტბაზე დაკარგვა, ხის მორებზე სიარული, საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში და არც ერთი ადამიანი (ერთის გამოკლებით) რომელმაც ცოტა მაინც დაიწუწუნა ან პანიკაში ჩავარდა. ყველანი ძალიან მშვიდად და აუღელვებლად მივდიოდით, მივდიოდით და მივდიოდით ამ მორებზე, ისე, რომ წარმოდგენაც არ გვქონდა სად გავიდოდით. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი ვიღრძე და მთელი გზა მაწუხებდა და გზის ბოლოს, რომ დავჯექი, ვეღარც გავიარე, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ კინაღამ თავით გადავეყუდე და ფეხზე სისხლიანი ღრმა ნაკაწრები მქონდა (და არა მარტო მე) , ასეთი ბედნიერი ამ ზაფხულს არც ერთ გასვლაში არ ვყოფილვარ.


მერე იყო რაჭა. მერე რა, ამასწინათ. კატიწვერაზე წასულების მოლოდინში გლოლაში ბოდიალი  და ნერვიულობა, ხომ მშვიდობით გადავიდნენ უღელტეხილზეო, ღამე აივანზე ძილი და სკირვალებიანი ცა, სოკოების გამოცნობანა, მჟავე წყლები, ჩანჩქერი რომელზეც მე ვერ ვიბანავე, სასმელი-სასმელი-სასმელი, ავტოსტოპი ნივით, ბანაკი მარიობას, მთელი ღამე რომ ჭექა-ქუხილობდა და მაწვიმდა კარავზე და იმის შეგრძნება რომ მე იქ უცხო არ ვიყავი.

წელს კიდევ იყო სხვა გასვლები, სხვა ადამიანებთან/ჯგუფებთან, მაგრამ ასეთი და ამდენი ემოციები არც ერთს არ მოუცია და არც ასეთი თავისუფალი ვყოფილვარ არსად.

მე არ ვიცი, რა იქნება ერთი წლის მერე, ერთი თვის მერე რა იქნება, ისიც არ ვიცი. მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ფეისბუქზე არსებობს ერთი ძალიან საყვარელი ჯგუფი, სადაც ძალიან კარგი ადამიანები არიან შეკრებილები და ხანდახან, ლაშქრობებში,  ავეტუზები ხოლმე, იქნებ მეც წამიყვანონ სადმე.

თორი, ბებია, აივანი, წინდა


ყველაფერი გავლადია

გავლადობაც გავლადია.

სულ

ყველაფერი

როცა

სულ-

ერთია,

ვიღებ ზურგჩანთას და

მივემგზავრები იქით, საითაც შემთხვევა წამიღებს.

შემთხვევითი ადამიანები შემთხვევით სიტუაციებში

შემთხვევით შეფეთებული ადგილებით, ხედებით, ემოციებით, ხასიათებით, ბზიკებით, წიკებით, ჩვევებით…

ადამიანები — თაროებზე

 

ადამიანები- რომლებსაც ალბათ აღარასოდეს ვნახავ

და

მაინც

 

“ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ”

“გაიხარე, ჩემო გოგო”

200 წლის სახლი სოფელ თორში

და

ბებია, რომელიც წინდას ქსოვდა აივანზე.
მომენტები

სულერთია-დან სულერთია-მდე

 

ჯუსტ

 

 

სვანეთი – ჭალაადი და შდუგრა (1)


თავიდან იყო ისა, ბევრხალხიანი სვანეთის ტური, შვებულებაზე ერთი ფეხი რომ გავაფხაკურე და ვერაო, კაი, ხო, სულ არ მინდა თქო და ვსო.

მერე უცებ ჯიპტურად გადაკეთდა, მერე უცებ მეორე მანქანა გამოჩნდა, უცებ შოდამ დამირეკა, მეორე დღეს უფროსის წინ დავერჭე ხბოს თვალებით და ქვას რომ გახეთქავდა ისეთი არგუმენტებით, აქეთ-იქიდან თანამშრომლები წამომეშველნენ, საქმეს მივხედავთ, წადიო და ასე და ამგვარად, შაბათ დილით, ექვს საათზე დიდუბეში რომ დავერჭე, მაინცადამაინც არ მჯეროდა, რომ სვანეთში მივდიოდი. ყოველთვის მეგონა, რომ წლები ისე გავიდოდა, იქ არ წავიდოდი.

ჯიპტურზე რატომღაც მსუქანი, დიდი ჯიპები და ჯიპზე ოთხი კაცი წარმოვიდგინე, (ასეთებში ვარ მარტო ნამყოფი) რეალურად კიდევ ერთი ორკარიანი ჯიპი და კიდევ მმმ, აი მომკალი და არ ვიცი რა ქვია იმ მანქანას, ის გვყავდა და მანქანაზე ბევრი კაცი მოვდიოდით და იყო ბარგის სახურავებზე დამაგრება, პარალონების თავზე დადება, ვისი ფეხი ვის კისერზეა და სხვა სიამტკბილობები.

რიკოთის გვირაბი

სვანეთისკენ მიმავალ გზაზე პაწუკა, მარა მთელი ოთხკაციანი მანქანაც წამოგვეშველა და კომფორტულად ვიმგზავრეთ. კიდევ კარგი, წამოგვეშველა, თორემ იმ სიცხეში იმ გზაზე დავწყდებოდით. ნუ მე რომ გავწყდებოდი, ზუსტად ვიცი, ბათინკები მეცვა და ისა. ნუ ხო კაი არ ვიცოდი, სად მივდიოდი და მაგიტომ.

გზაში საკუბდრეში გავჩერდით და ისინი ვჭამეთ, ჩანჩქერიც ჩამოდიოდა იქვე. რატომრაც ცივი წყალი არ ქონდათ, ბოთლის. იძულებული გავხდი, ლიმონათი დამელია, რომელიც ძალიან არ უხდება კუბდარს. საერთო ჯამში ძალიან კარგი ადგილია შესასვენებლად.

კუბდარი. ანუ ხორციანი ხაჭაპური ხახვით და ცოტა მწარეთი (უხახვოდ უკეთესი იქნებოდა)

ისეთი შეგრძნება იყო, რომ მთელი დღე მივდიოდით, მივდიოდით და მივდიოდით… გზა იყო ცხელი, მტვრიანი, უზარმაზარენგურიანი, აჩქაფჩქაფებული რომ მორბოდა და მოხრიგინებდა თავპირისმტვრევით. გადასარევი გზაა, ასფალტიანი, მოპირკეთებული, მაგრამ მაინც სულ მტვერია, გაუთავებელი. ერთგან მერსედესი ვნახეთ, გზის პირას კლდეზე შემოკოფსებული, იქვე პატრული.. ვერ მივხვდი, რანაირად უნდა შემოესვა ის მანქანა ასე ნახევარი მეტრის სიმაღლის მქონე კლდეზე. თურმე რაც ეს გზა გაკეთდა, ავარიებიც გახშირდა.

გზაზე გაჭრილი გვირაბები…

გზადაგზა კიდევ ენგურჰესი ვნახეთ, რაღაც საოცარი ფერის წყლით. იქვე მესაზღვრეები დგანან და მკაცრად გითვალთვალებენ, ემანდ სადმე ცალი ფეხი სხვაგან არ გადადგა.

ენგუჰესი

უკვე ღამდებოდა, მესტიამდე რომ მივაღწიეთ, ვიარეთ-ვიარეთ-ვიარეთ-ვიარეთ და საბოლოოდ საადღაც დავბანადით, ჰაწვალი ერქვა, იქვეა, მესტიასთან. მშვენიერი მინდორი იყო, უბრალოდ წყალი არ იყო იქვე, მაგრამ მაკა შეგვპირდა რომ მოგვიტანდა ბოთლებით, ჩვენ ამასობაში კარვები გავშალეთ, მე ქადაგად დავვარდი, კარვები ცეცხლისგან შორს გასწიეთ თქო. შეშა ეყარა ხვინჭასავით, ორ მეტრზე შეხვიდოდი ტყეში და უზარმაზარ შეკვრას გამოზიდავდი.

ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს, ამასობაში დაღამდა, მე ავიღე პარალონი და უპატრონოდ მიტოვებულ ცეცხლთან წამოვწექი.
საკმაოდ ციოდა, თუმცა მემგონი მარტო ჩემთვის, იმიტომ რომ ხალხის ნაწილი სადღაც იქ, სიბნელეში ქეიფობდა. როდის-როდის მოვიდნენ ცეცხლთან, ლუდი მოიყოლეს, კიდევ რაღაცეეები და პირველად მაშინ დავინახე წესიერად ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მთეეეეეეელი 9 დღე უნდა გამეტარებინა.

ამ ცხრა კაცში კიარადა ათში ვიყავით: მე; გოგო-პოზიტივი; ძალიან ჩუმი წყვილი; წყნარ იმაში ეშმაკები არიანო რუსული გამოთქმა როა, აი ისა; ორი მძიმეწონიანი ანუ წინა ადგილებში და კაი პონტში რომ იყვნენ ისინი; კახელი იმერელი სვანი; კიდევ ორი ცალი პოზიტივი, გაჩერებულები და დადუმებულები ერთხელ ვნახე მარტო, სერიოზული დანაკარგის მერე, ისიც 5-ოდე წუთით; და კიდევ აფხაზეთში არსებული მეგრელი თავადის ასული (თუ წორად გავიგე წარმომავლობა). ხო ნუ მოკლედ ჩემი გამოკლებით ძალიან კარგი ხალხი იყო. მე სულ ვწუწუნებდი და  საერთოდაც მე იქ რა წასაყვანი ვიყავი.

ასეთი მთებიც ჩანდა იქვე…

იმ ღამეს ისე მეძინა კარავში, ფეხი არ გამიფხაკურებია (აღმოვაჩინე რომ ფანარი დამრჩა და რომც მომენდომებინა, ვერც გავაფხაკურებდი) ხოდა მეორე დილას კარავიდან რომ გამოვძვერი, აღმოჩნდა რომ რკინის ჭიქაც დამიტოვებია (თავი რატო არ დამრჩა) და ასე ბედნიერად ვმათხოვრობდი რკინის ჭიქებს ყავების ასადუღებლად. საბედნიეროდ გაზი გვქონდა და სწრაფად ხდებოდა ეს ამბავი.

სულ ცოტა ზემოთ თუ აიწეოდი ჩვენი ბანაკიდან, უშბა მოჩდანდა, წაწვეტებული და გაფხორილი.

უშბა.

ვაპოზიორე კარგა ხანს, სანამ ბანაკი აიშლებოდა, კარვებს დაკეცავდნენ, ისაუზმებდნენ. ჯიპტურის ბონუსი ესაა, მშვიდად და ნელა ემზადები და არსად არ მიგეჩქარება. კიდევ ეს მწერიც ვაპოზიორე, მარტო პახოდებში აქვს ხოლმე იმის დრო რომ სარკული ვაწვალო და…

კამერისწვალებისმომენტი

ჭალაადის მყინვარისკენ დავიძარით. მყინვარამდე ასე ერთი საათის სავალია ფეხით, ოღონდ ჯერ მდინარეზე გადებული ხიდი უნდა გადაიარო, ბაგირიანი, რომ ყანყალებს, ცახცახებს და ალაგ-ალაგ ფიცრებს შორის მდინარე მოჩანს. მგონი ენგურია, მაგრამ თავს ვერ დავდებ.

მერე ტყეში მიიკლაკნება ბილიკი, მერე მდინარის გასწვრივ, მერე და მერე აღმართია და ტყე მთავრდება, ქვიანი იწყება, თან რა ქვიანი… რაც რამე უპოვნია თავის გზაზე მყინვარს, ყველაფერი თან გამოუყოლებია, დაუხვეტია, დაუბწკენია და გზადაგზა დაუყყრია ჩვენნაირების კისრის მოსატეხად. ვისკუპსკუპეთ ალბათ ასე ნახევარი საათი და მივედით როგორც იქნა.

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

არ ვიცი რატომ, მგრამ სადღაც შუა გზაშიღა გავარკვიე, რომ მყინვარზე მივდიოდით, მაკამ რომ იმ ისტორიის მოყოლა დაიწყო, როგორ მოწყდა მყინვარიდან დიდი ყინულის ლოდი. გზადაგზა ყველგან ნიშნულებია, ხეებზე, ლოდებზე, სულ პატარა, უმნიშვნელო ბილიკის  გადაკვეთის შემთხვევაშიც კი მინიშნება დევს, საით უნდა წახვიდე.

ჭალაადის მყინვარი

ერთი მხრივ, კარგია, ვერ დაიკარგები, მეორე მხრივ, თითქოს ხელჩაკიდებულს დაგატარებენ.

ჭალადიდან ყინულივით წყალი მოდიოდა, აბა რა იქნებოდა, ყინულია კიარადა მყინვარი, თუმცა რამდენიმე მაინც ჩაძვრა, ქვათაცვენასაც არ მოერიდა და მყინვარის წყალი შეაგროვეს დასალევად. საერთოდ, მყინვართან დილით უნდა მიხვიდე, სანამ მზე დააჭერს და ქვების და ლოდების ქეთ-იქით ფრიალს დაიწყებს, თურმე.

რაშუაში იყო, და ჭალადის დღეს ჩემი დაბდღე დაემთხვა, 22 ივლისი. ხოდა, ხეპი ბიორზდეი თუ მი თქო, გავიფიქრე და ჩემი “ტორტიც” გაჩნდა უცებ. ტორტი რა, ჩემთვის ჩუმად გავიფიქრე რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ტორტი :დ

ხეპი ბიორზდეი, პეპი. პ.ს. სურვილიც კი ჩავიფიქრე :დ

დაბდღეზე გამახსენდა, შუაღამისას გამაღვიძეს ბიჭებმა, კიდევ ერთის დაბდღეც იყო და იმღერეს, რაღაცეებჩარჭობილი საზამთროთი მოადგნენ კარავს. გავდებილდი, საერთოდ არ მახსოვდა რომ ისა… ხოდა როგორმა დაჯღანულმა გავაღე კარვის კარი, წარმომიდგენია სანამ გამახსენდებოდა… 😦

გაუგებარი ქვები

მყინვარამდე სანამ მიხვალ, ნიშანია, რომ უნდა გაჩერდე. იდეაში იმის მერე წასვლა საშიშია, მაგრამ ვინ უგდებს ყურს ამას. ხოდა იმ ნიშანთან ქვებისგან პატარ-პატარა გროვებია აგებული, დიდ ლოდზე. მეც დავადე ერთი ქვა, სიმბოლურად.

ჭალაადის მერე დავიძარით და წავედით “რაღაც ჩანჩქერის” სანახავად. მანქანები სოფელში დავტოვეთ და თაკარა მზეზე გავუყევით მტვრიან შარაგზას. სინამდვილეში ის გზა მანქანით უნდა გამოგვევლო და დიდ დროს მოვიგებდით. გზა თავიდან კარგი იყო, მერე ბილიკი იყო, მერე უცებ ალაგ-ალაგ მდინარე გადმოვიდა, მერე სულმთლად გადმოვიდა და ვდურთეთ თავები ბარდებში, ჩირგვებში, გაუვალში. ნაწილმა პირდაპირ გატოპა, ნაწილმა არ გატოპა და ასე… გზადაგზა ჩინელი ტურისტების ჯოგი შეგვხვდა, მშრალების, ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რანაირად მოახერხეს არდასველება. თან ყურებამდე შეფუთულები იყვნენ, ჩვენ კიდევ აღარ ვიცოდით, რა გაგვეხადა.

გატოპვის  მერე დაიწყო აღმართები, დიდი გრძელი, დამღლელ-დამქანცველი. თან რომ გეტყვიან ორი წუთის სავალიაო და ადვილიო და უცებ  ასეთი “სირთულე” გხვდება, გეზარება რაღაცნაირად. ხალხის ნაწილი წინ წავიდა, ნაწილი უკან ჩამოგვრჩა და ბოლოს მე და ქეთი შევრჩით ერთმანეთს. ბოთლში ორი ყლუპი წყალი გვქოდა და სრულ სიჩუმეში, უზარმაზარ ხეებშუა გაკვალულ ბილიკზე მივსეირნობდით, რომელიც ნელ-ნელა გასწორდა და სასიამოვნო საბოდიალო გახდა. მერე ძაღლლის ყეფა მოგვესმა, გავჩერდით და ვინმეს დაველოდეთ. ეს ვინმე ლევანი და ბექა აღმოჩნდენ, (თითქოს ოთხს აღარ შეგვჭამდა ის ძაღლი და ორს მოგვერეოდა). ხიდს იქით, იქვე, მესაზღვრეები იყვნენ თურმე. საწყალი ხმით ვითხოვე წყალი, მესაზღვრემ ჭიქა აიღო და გამიძღვა, ქეთი მომძახის- ცოტა ჩვენც წამოგვიღე. შეხედა იმან ქეთის,  მერე მე, ამოიოხრა და დიდი ვედრო დაგვიდგა, სავსე. ექვსმა ადამიანმა ლამის ბოლომდე დავლიეთ.

რომ მოვსულიერდით, ზემოთ ასვლა დავიწყეთ. უზარმაზარი ლოდები ეყარა, მივფოფხავდი-მივფოფხავდი და უცებ ვიგრძენი, თუ არ გავჩერდებოდი, ან ვინმეს მოვკლავდი ან მე მოვკვდებოდი, აი ძალიან სულერთი იყო ჩანჩქერიც, მდინარეც, უბრალოდ წამოწოლა და ხეების ყურება მინდოდა. ხოდა გავჩერდი, ვზივარ ლოდზე და ვფიქრობ უკან ხომ არ დავბრუნდე. ამასობაში ვხედავ, ვიღაც სვანი მოდის ცხენით და რაღაცას მომძახის, თან არცისეფხიზელი. ზემოთ გავიხედე, ნწ, ამ ლოდებზე ჩემი მტერი აფოფხდა თქო და დაველოდე მშვიდად. კიდევ კარგი, დაველოდე, წესიერი ბილიკი მანახა, ცხენი შემომთავაზა (უარი ვტკიცე, მინდორზე მირჩევნია ცხენის ტარება) და თვითონ წავიდა, იმ აბდლებს მე ვასწავლე და სხვა ბილიკით მიდიანო, რამე არ მოუვიდეთო.

ადგილი, სადაც მოვკვდი და დავენარცხე

სწორი ბილიკი უფრო მარტივი გამოდგა, მიწაზე მიიკლაკნებოდა და იქვე დიდი ლოდი ეგდო, პანორამული ხედით ჩანჩქერზე, ქვემოთ სოფელზე, და საერთოდაც ისა, იქ უნდა ყოფილიყავით ეს რომ გეგრძნოთ. ლაგოდეხის გურგენიანის  ჩანჩქერი გინახავთ? კი? ხოდა ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ჩანჩქერი ჯიბეში ჩაისვამს გურგენიანს. წყლის უზარმაზარი მასა, წარმოუდგენელი სიმაღლიდან, საფეხურებად რომ ეცემა და გზადაგზა ცისარტყელებად იშლება, გარშემო კი უზარმაზარი მთებია და ხეობა და შენ ისეთი პატარა და უმნიშვნელო ხარ, როგორც ბეღურა, მავთულზე შემომჯდარი.

შდუგრას ჩანჩქერი

ესეც ვიდეო…

სანამ მე საკუთარ უმნიშვნელოობაზე ვფიქრობდი, მაკა და ქეთი დაბრუნდნენ, ერთი სვანიც მოყვათ ორი ცხენითურთ, დანარჩენებმა კი მეორესთან ერთდ გზა გააგრძელეს. ჩვენ დავბრუნდით, წყალზე წავედით, მდინარის ხეობას გავუყევით, ერთ განსაკუთრებით ქაფქაფამდინარიან და ლამაზ ნაპირას ბანაკი დავეცით, თხილი-ნიგოზი-ქიშმიშის ნარჩენები და რამდენიმე კანფეტი ვიპოვეთ და ვიპიკნიკეთ, ცოტაც დავისვენეთ, ცოტა სურათები ვაჩხლაკუნეთ და გზას გავუყევით უკან, ბანაკისკენ.

უკანა გზა რატომღაც უფრო მარტივი გამოდგა, ალბათ იმიტომ, რომ არც გვწყუროდა, არც გვშიოდა, მოვბოდიალობდით და ვქაქანებდით.

აქეთობისას და იქეთობისას, ანუ ჩანჩქერთან რომ მესაზღვრეებია, ეს ხიდია გადასავლელი, ერთი შეხედვით ვითომ არაფერი, მაგრამ ისეთი აქაფებული მდინარე ჩამოუდის….

ეს  ის “ცუგაა”, გულები რომ დაგვიხეთქა.

ხოდა მოკლედ ასეთი ცივი წყალი არ იყო რომ გავტოპეთ და იქეთობისას იიიისეთი გაყინული იყო, ტერფებს ვეღარ ვგრძნობდი, კი არ მეწვოდა, მტკიოდა.არადა წყალში ერთი წუთიც კი არ გავჩერებულვარ.

იმ ღამეს გრანდ ოტელ უშბაში ვიბანავეთ. ამ ოტელის მთელი ღირსება აი ეს მთაა, უცებ ზემოთ აიხედები და თავზე რომ დაგყურებს, სასწაული ეფექტი აქვს. ხოდ ბანაობისას აბაზანაში ფენი რომ დავინახე, გამიკვირდა და ბედნიერმა გავიშრე თმა, (ხუთ ლარად გვაბანავეს) მერე ჩაის დასალევად რომ დავჯექი და “სრული ბედნიერებისთვის ვაიფაიღა მაკლია თქო” და “რა პრობლემაა, გვაქვსო”, კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი. რას-რას და სვანეთში, რომელიღაცა  სოფელში არსებულ სასტუმროში wifi.. მოკლედ, მაგარი იყო. სურათი არ გადამიღია, ელემენტი იტენებოდა და.. თუ დაინტერესდებით, ბეჩოს თემში სოფელი მაზერი იკითხეთ.

ის ღამე რომელიღაც ბლახებიანი გორაკის წვერზე დაძინებულმა გავატარე და დილას ჩემს კარავს მოულოდნელად თავზე შოდას რისხვა დაეცა…

(გაგრძელება იქნება)

სვანეთი


მთელი ცხოვრება დარწმუნებული ვიყავი, რომ სვანეთში არასოდეს არ მოვხვდებოდი, დაახლოებით ისევე შორს მეგონა, როგორც ჯომოლუნგმა

კიარადა

:მოკლე შინაარსი:

უშბა არ მომეწონა, ერთი აჭიფხული მწვერვლია, თავისი თავი დიდი ვინმე რომ გონია.

თეთნულდი ისა, კი, საყვარელია.

შხარა ჩემი სიყვარული.

 

ვინც მხერზე არ ასულა და ცხენებს ჭენება არ უნახავს, არც დაიზმუკუნოს, რომ სვანები უნახავს.

ლამარიას ეკლესია- იმ იშვიათთაგანი, სადაც მართლა იგრძნობა აურა.

ჭალადის მყინვარი- ხეპი ბიორზდეი, პეპი. პ.ს. ყინულის ლოდები ყრია წყალში.

სვანეთის ტყეში რომ გოგო დაიძინებს…

ყველა სვანი ლამაზ იყო, ქალიან-კაციანად

მტვერი-მტვერი-მტვერი-მტვერი…..

კუბდარი ეტა ზლო, ხახვები ურევია და…

სვანების რუსი რძალი და მისი შთაბეჭდილებები იყო ძალიან ისეთი, რაღაცნაირი
უშგული ხომ მაგარია მაგრამ მანდ მუზეუმში ისეთი საყვრელი გიდია, აუცილებლად უნდა მოაყოლო ყველა ნივთის ისტორია

ყველაზე საშინელი რამ, რაც აქამდე პახოდებში ჩემთვის გაუკეთებიათ, კიარადა…

ვაიფაი სვანეთის სასტუმროში, და ფენი აბაზანაში

თავისუფალი სვანეთის ისტორია და აქვე თავისუფალი ქათამი

პ.ს. გასვანებული სვანი მე ვერ ვნახე და თქვენ სად შოულობთ ამ არაადეკვატურ სვანებს, მეც მიმასწავლეთ.

პ.პ.ს. აუცილებლად იქნება სრული მონაყოლი, ეს ისე, რომ არ დამავიწყდე.