მორევები


სინტონი  – პიროვნული განვითარების ტრენინგები – ასე ქვია იმ პროგრამას, რომელსაც მე რამოდენიმე წელია ნაბიჯ-ნაბიჯ, ალაგ-ალაგ და პერიოდულად გავდივარ. ეს ტრენინგები იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც საკუთარი იმაზე უფრო ღრმად აინტერესებს, ვიდრე თმის და ფრჩხილების ფერია და უნდათ, საკუთარ მე-ზე იფიქრონ, ჩაუღრმავდნენ, რაღაცეები უკვეთ გაარკვიონ, სიახლეები აღმოაჩინონ, განსხვავებული აზრები მოისმინონ, საკუთარი თავისგან განსხვავებული ადამიანები გაიცნონ, ფასეულობები უფრო კარგად დააფასოვონ. მაგრამ ტრენინგის მთავარი არსი არა თავად ტრენინგის პროცესი, არამედ რეფლექსიებია – ყველა სესიის მერე რომ ფიქრობ, ჯდები და წერ, წერ, წერ…

და რას აკეთებს ბლოგერი, რომელიც სინტონზე დადის? სწორია. ის საჯაროდ წერს.

რა არის სტრესი?

სადღაც ორი თვის წინ ექიმთან მოვხვდი. ჩივილი: გულის უეცარი და არაადეკვატური აჩქარებები. იმის ფონზე, რომ ცხოვრებაში “გული სად მქონდა არ ვიცოდი”. გულწრფელად – ძალიან შემეშინდა. ცოტა რამის მეშინია ამ ცხოვრებაში და გულის შეტევა ერთ-ერთი მათგანია. აი ასე, უბრალოდ ვფუნქციონირებდი ჩემთვის და უცებ გული იწყებდა ყელში ბრახაბრუხს და შიშისგან გული მისკდებოდა.

ექიმი – რამე სტრესები ხომ არ გაქვთ?

მე – არა.

ექიმი – ამ სურათის მიხედვით სტრესი გაქვთ

იმ მომენტში მართლა მეგონა რომ არანაირი სტრესი არ მქონდა. ნუ, ვის არ ქონია რემონტი, ვინ არ ყოფილა მუდმივ გადარბენებზე, ვის არ უვლია გამოუძინებელს კვირების მანძილზე, ვის არ უფიქრია რაღაცეებზე 24/7 და ნუ მოკლედ, ვის არ [ჩასვით აქ ნებისმიერი საზრუნავი].

გადარბენებს თუ არ ჩავთვლით,  ერთი შეხედვით, მქონდა ყველაფერი, რაც “ბედნიერების” სტანდარტულ პაკეტში შედის, ქალაქგარეთ გაძვრომებსაც ვახერხებდი და მეგობრებთანაც მივდიოდი შაბათ-კვირას, უბრალოდ, გამოსაძინებლად.

მაგრამ ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავი. მეტირებოდა დღეში სამჯერ, პრაქტიკულად ყველაფერზე (ერთხელ იმაზე ვიღნავლე, რომ ტაქსმა ჯიჯღინი დაიწყო, ამ დანგრეულ გზაზე რატომ წამომიყვანეო (როგორც წესი, სულ ჯიჯღინებენ, მაგრამ წარბის აწევა შველით)), მეშლებოდა ნერვები პრაქტიკულად ყველაფერზე და ბრაზს ვერ ვაკონტროლებდი. გოგოები (და გოგოებიანი ბიჭებიც) მიხვდებიან – აი, 24/7/30 პიემესი რომ გქონდეს. ზუსტად იმ პერიოდში დავწერე ეს პოსტიც. უკან რომ ვიხედები და ამას ვკითხულობ, ვხვდები, რომ სტრესისგან აბსოლუტურად გარეკილი მქონდა. ყველაფერი ერთად დამიგროვდა და რაც მთავარია, უამრავი გადაწყვეტილება მქონდა მისაღები. მე კიდევ გადაწყვეტილებების მიღება მაინცადამაინც არ მიყვარს, თუ სამსახურს არ ეხება საქმე. არ მიყვარს მსუბუქი ნათქვამია – ტირილამდე მივდივარ ისე მეზიზღება მაგალითად, სახლისთვის ფარდის არჩევა.

  • გასაწყვეტი და მოსაგვარებელი იყო რემონტის უამრავი წვრილმანი, რომლის ძალა და უნარი უბრალოდ, არ მქონდა
  • ორი კვირა ტვინი გავიღუნე იმაზე ფიქრით, სად რა უნდა განლაგებულიყო სახლში, ვფიქრობდი და ნერვები მეშლებოდა, იმიტომ რომ ვიზუალიზაციის უნარი, როგორც ასეთი, არ მაქვს. პარალელურ რეჟიმში იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვისაც არ ეზარებოდა, ყველა “სახლში ეს აუცილებლად უნდა იყოს”-ის ტიპის რჩევებს მაძლევდა (რჩევა როცა მინდა რამენაირად მეთვითონ ვიხვეწები ხოლმე).
  • ჩაბარგებები და გადაბარგებები, რომელიც ორი საუკუნე გაგრძელდა
  • მე სიჩუმე მჭირდება, სახლში კიდევ 24/7 რაღაც ხმაური იყო და მარტო პრაქტიკულად ვერასოდეს ვრჩებოდი
  • არ იჭერს ინტერნეტი. ჩვეულებრივ სიტუაციაში 5- 6-ზე ვამთავრებ, მივდივარ სახლში და რბილ სავარძელზე მოკალათებული თუ მინდა ღამის 12-მდე ვაკეთებ რაღაცეებს. ახლა – დილით მოვრბივარ, რომ დაღამებამდე სახლში ვიყო. კომფორტულ სავარძელზე ხალათში გახვეული და ოფისში სკამზე დამჯდარი მუშაობა სულ სხვადასხვა რამეა.
  • მიწევდა სახლში დაბრუნება  დაღამებამდე, ან  – ტაქსისთვის ჯერ იმის ახსნა, სად უნდა მივიდეს, მერე “ვაიმერაცუდიგზაა” ბუზღუნის მოსმენა. ერთბაშად შემეზღუდა თავისუფლება
  • თავისუფლების შეზღუდვა გაგრძელდა ანგარიშების ჩაბარებით მასპინძელისათვის. ცხოვრების ბოლო 16 წელი შენს ნებაზე რომ დადიხარ და წასვლა-მოსვლას არავინ გიკონტროლებს, დამიჯერეთ, ძალიან ძნელია მშვიდად გაიღიმო და უთხრა სად მიდიხარ, ვისთან, და როდის დაბრუნდები. (მეც მყოლია სტუმარი და ძალიან კარგად მესმის რატომაც აინტერესებს, მაგრამ ამას მიჩვეული უნდა იყო).
  • მარტო ყოფნის პრობლემა – ბოლო 4-5 თვეა, მარტო არ დავრჩენილვარ. სრულ სიჩუმეში, საკუთარ თავთან, კომპით და ბეეეეეეევრი ფილმებით და სასუსნავებით ხელში. როცა იცი, რომ მინიმუმ 24 საათი კაციშვილი არ შეგაწუხებს. ამას მარტო ის ადამიანი თუ მიხვდება, ვისაც მარტო ყოფნა არამარტო უყვარს, არამედ სჭირდება.
  • როცა ბუნებაც აღარ გშველის – ბორჯომში წავედით, გზადაგზა რაღაც საოცარი ხედები იყო. ხეების ვარჯებს ვუყურებდი და მივხვდი, რომ ის ბედნიერების და სისავსის შეგრძნება, რომელიც ყოველთვის მაქვს როცა ბუნებაში მივდივარ – აღარ იყო. გაქრა სადღაც, ჩემი ამდენი ცუდადყოფნების შეეშინდა და გაქრა. ვიდექი და საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. ფოტოაპარატი ჩანთიდანაც არ ამომიღია. გარინდებული ვიყავი და ავტოპილოტზე ვმუშაობდი, ვიცინოდი, ვლაპარაკობდი
  • უსიცოცხლობა – როცა დილით საკუთარ თავს აბამ, რომ როგორმე ადგეს და ცხოვრება გააგრძელოს ხოლმე. იმიტომ რომ რა აზრი აქვს?
  • ურთიერთობების პრობლემები – როცა ხედავ, რომ რაღაც ისე არაა, მაგრამ ენერგია აღარ გაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ ხმაამოიღო, რამე გააკეთო, მოიფიქრო და ა.შ.  მაგრამ არც იმის თავი გაქვს, რომ ასე გააგრძელო და საბოლოო ჯამში როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს, ყველაფერი რომ მაინც საშინლად სევდიანია. ისეც, ასეც და ამდაგვარადაც.

მერე სვანეთში წავედი, ბევრი დღით. სვანი მარშუტკის მძღოლი სვანეთის გზაზე, რომელიც კი არ დადის, დაფრინავს. ნერვი რომ არ შემიტოკდა რამოდენიმე ძალიან ცუდი მანევრის დროს, მივხვდი, რომ ძალიან მქონდა დარხეული. იმ მომენტში მართლა სულერთი იყო, გადავფრინდებოდი ენგურჰესში თუ არა. დღეების მანძილზე, ნელ-ნელა, თავისთავად მოვიდა შედარებითი სიმშვიდე და იმის შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან დიდი სანერვიულო მომეხსნა მხრებიდან.

ახლა რომ მკითხო, როგორ ვარ, პასუხი არ მაქვს.

არ ვიცი როგორ ვარ. ვმუშაობ. სახლის ბოლო შტრიხებს ვაგვარებ იძულების წესით, მიუხედავად იმისა, რომ სულერთია. უკვე ისე მივეჩვიე დიდ დიღომში ცხოვრებას, რომ პრინციპში პრობლემა აღარ მაქვს არაფერზე. იშვიათად დავბოდიალობ კინოში და მსგავს განსატვირთ ადგილებში და იმდენი საქმე მაქვს, რომ უბრალოდ, ბორბალში შეყურსული თაგუნასავით დილიდან ღამემდე ვფუსფუსებ. ფიქრის და ემოციების ადგილი საერთოდ აღარ დარჩა და გულწრფელად მეშინია იმ მომენტის, როცა იმაზე დაფიქრება მომიწევს, როგორ ვარ.

თუმცა ამ საშინელებიდან რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა და შედეგი გამოვიტანე. რაღაცნაირად, თვალსაჩინოდ დავინახე, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ კარგად ვიყო. და რა არ გამომივა არასოდეს, სულ რომ წელში გავწყდე. ახლა, როცა ყველაფერი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და ლაგდება, თამამად შემიძლია წინასწარ გამოვაცხადო, რომ ასეთი სტრესული წელი არ მქონია არასოდეს. და აღარასოდეს აღარ მივცემ უფლებას არც საკუთარ თავს, არც გარემოებებს და არც ადამიანებს, ამ დონეზე გამომფიტონ.  ჩემი გონების ამბავი რომ ვიცი, რამოდენიმე წელიწადში ამის მაგიერ გონებაში შავი ლაქები მექნება (რაც არ მოწონს, ივიწყებს ხოლმე), ამიტომ იყოს ეს და მსგავსი პოსტები საკუთარი თავისთვის იმის შესახსენებლად, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება ხოლმე და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც ჯერ კიდევ დაჭანჭიკებულად მუშაობენ, აუცილებლად მიმიყვანენ იქ, სადღაც, ნევერლანდიაში.

იყო და არა იყო


პირველად იყო სიტყვა

მერე იყო ადამიანი

მერე იყო თამაში და

თამაშ-თამაშში ისე მივედი უფსკრულამდე, ვერც კი გავიგე.

 

ვინ ვარ მე?

მე პერწკლი ვარ

სადღაც ოდესღაც ვიღაცის მიერ მოფიქრებული სიტყვა ზუსტად გამოხატავს იმას, რაც ვარ – კოცონიდან ავარდნილი ნაპერწკალი.

როცა მე ვითხოვ – მე მინდა ყველაფერი აქ და ახლა.  მე მინდა კითხვებზე პასუხები – და საკითხები – გადაწყვეტილი მაქსიმალურად მოკლე დროებში.

მე ვფიქრობ მაშინ, როცა ვლაპარაკობ და ძალიან ხშირად, ჩემსიგრძე ტირადის ბოლოში უკვე გადაფიქრებული მაქვს ის, რითაც ტირადა დაიწყო. მე ამას ლაპარაკისას მოფიქრებას ვეძახი. მე შემიძლია გკითხო, კითხვა გავავრცო, პასუხი მოვიფიქრო, დასკვნა გამოვიტანო და შენ ვერ მიხვდე, საერთოდ რას ვრეკავდი და გეკითხებოდი თუ პასუხი უკვე მქონდა. არ მქონდა, გზადაგზა მოვიფიქრე.

მეორე ალტერნატივა – უნდა ვიარო. ჩავთვალოთ, რომ ამ ორ კვირაში მთელი დედამიწა შემოვიარე. ჩავთვალოთ, რომ მთელი ის მთები შემოვიარე, რომელიც მენატრება. თუშეთშიც ვიყავი და ცერზე აღფრთოვანებისგან სუნთქვა შემეკრა. შატილშიც ვიყავი, კოშკზე ვიჯექი, ჩემს აივანზე და მზეზე ვთბებოდი. საროშიც ვიყავი, სულ ბოლოში, უფსკრულისპირა ქვაზე ვიჯექი და იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, ოდესღაც ეს ნანგრევები რომ ააშენეს. სვანეთში მხერზე ვიჯექი და მთელი დედამიწა ჩემს ფეხქვეშ იყო. მუცოში, ბოლო კოშკზე რომ კლდეა გამოწეული, იქ ვიჯექი და ფეხებს ვაქანავებდი უფსკრულის თავზე, ქვემოთ კიდევ ძაფივით დაწვრილებული მდინარე მიიკლაკნებოდა, ფერდობზე შეფენილი თივის ზვინების გვერდით.

რას ვგრძნობ მე?

ადამიანი მაშინ წყვეტს არსებობას, როცა ოცნებას ეშვება. არ ვიცი როდის, მაგრამ მე ოცნება შევწყვიტე. წერა შევწყვიტე. ემოციების ღიად გამოხატვა შევწყვიტე. თავს ქეჩოში მოვკიდე ხელი და ვუბრძანე, რაციონალური ადამიანი ყოფილიყო. აფეთქებების მაგიერ გაჩუმებულიყო და იმაზე ეფიქრა, რატომ უნდოდა აფეთქება. მე საკუთარ თავს ლოდინი ვასწავლე და ამით მოვკალი ის, რაც ყველაზე კარგი იყო ჩემში – სპონტანურობა. მერე ამომეწურა ყურით მოთრეული სიმშვიდეები,  შავი ღრუბლები შემოვიკრიბე, არ ვუპასუხე მეგობრების ზარებს, არ წავედი გასვლებში, არ გავედი სოფელში, არ გავაკეთე არაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

ამის სანაცვლოდ, ვიჯექი და ვფიქრობდი. რაციონალურად, გააზრებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ხან ძალიან მინდოდა, ხან პირიქით, საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, ვცდილობდი,  ვალაგებდი, ვგეგმავდი.

ვლაპარაკობდი იმაზე რაც იყო, რაც არის, რაც იქნებოდა. ვეძებდი საკუთარ თავში სურვილებს, რომელიც არ მქონდა, ვიღებდი პასუხისმგებლობებს, რომლებიც მკლავდა, ვავალებდი ჩემს თავს ყოფილიყო მშვიდი – როცა შიგნიდან დუღდა და გადმოდიოდა.

მე პერწკლი ვარ – ფეთქებადი და ემოციური.

მე პერწკლი ვარ – ნაპერწკალი ჩაქრობის პერსპექტივით.

მე პერწკლი ვარ – და მე დავიღალე.

მე არ მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ახლა არის.  ახლა მე არავინ და არაფერი არ მიყვარს და ჩემი ერთადერთი ოცნება ოთხ კედელს შუა გამოკეტვა და სიჩუმეა. ჩემი მეორე ოცნება ოთხ კედელში გამოკეტვა და იმ ყველაფერზე ლაპარაკია, რაც იყო, არის და იქნება. სულერთია რა იქნება. გულწრფელად. მაგრამ – რამე უნდა იყოს. იმიტომ რომ მე პერწკლი ვარ და თუ ჩვენი სულიერი სიმშვიდისთვის საჭირო იქნება, უკან დავტოვებ ყველას და ყველაფერს, როგორც არ უნდა გამიჭირდეს.

არც მძიმე, არც ძახილის ნიშანი, არც მრავალწერტილი. მე წერტილები მჭირდება. მკვეთრად გამოხატული დასაწყისები და დასასრულები. ყველაფერი, რაც  სასრულია, არის კარგი. ემოციები რომლებზეც ლაპარაკობ – არის კარგი. სხვა ყველაფერი მე მკლავს. მე არ მინდა მოვკვდე. მე არავის სიკვდილი არ მინდა.

the end