სვანეთი, როგორც ასეთი


როგორ შეიძლება არ გიყვარდეს სამყარო, სადაც ყველგან მთებია?

არ აქვს მნიშვნელობა, დილის ყავას სვამ,

მესტიაში დაბოდიალობ,

გზაში ხარ, Continue reading

რა სარგებლობა მოაქვს ქინდლს?


Kindle-ქინდლი–  ამაზონის ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა აგერ უკვე მესამე წელია რაც მაქვს და ამაზე უკეთესი შენაძენი არ გამიკეთებია არასოდეს

მსუბუქი, კომპაქტური, შეუმჩნეველი და უპრეტენზიო

სულ თან დამაქვს. იმაზე უფრო მსუბუქია, ვიდრე საშუალო ზომის საფულე. ან ბლოკნოტი. არ საჭიროებს ხშირ დატენვას და არაფერი არ უნდა შენგან გარდა იმისა, რომ ვაიფაით ხშირად არ ისარგებლო (უფრო მალე ჯდება). ჩემთან ერთად ყველგანაა ნამყოფი და ერთადერთი, რაც მხედველობაში უნდა იქონიო, ისაა, რომ ჩანთაში ზემოთ დადო და ეცადო, ზედ არ დააჯდე/დაახტე/ძირს არ დაანარცხო. იმაზე უფრო უპრობლემო მეგობარია, ვიდრე ფოტოაპარატი.

200 და მეტი წიგნი ერთდროულად

თქვენი არ ვიცი და მე მიყვარს ერთდროულად 2-3 რამის კითხვა,  ხან რა მომინდება, ხან რა. თითის მარტივი მოძრაობა და წიგნი შეცვლილია.

ყველა ენაზე კითხვის საშუალება

ქართული წიგნებიცაა ქინდლისთვის, თუ არაა, კალიბრი დაგეხმარება იმაში, რომ ქინდლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ინგლისური და რუსული კიდევ ძალიან ბევრია ინტერნეტში

ბესტსელერებზე წვდომა მანამ, სანამ წიგნს ქართულად თარგმნიან

რატომ უნდა ელოდო თარგმნას, როცა შეიძლება მანამდე წაიკითხო? თან ბევრად უფრო იაფად ან სულაც უფასოდ.

ვერ გაიგე რამე? მოიშველიე ლექსიკონი

მემგონი ყველა ენის ლექსიკონი აქვს. ახალ ქინდლს ფრაზეოლოგიურიც, თუ სწორად მახსოვს

თანხების სერიოზული დაზოგვა

ჯერერთი, უფასო წიგნებია აუარება, ტორენტებზე და ა.შ. ერთხელ გადაიხდი ქინდლში “ძვირს”(56$-120$) და მორჩა. იმ შემთხვევაში, თუ უფასოდ მოძიება გეზარება, ან მაინცადამაინც ბესტსელერები და ა.შ. გინდა, ამაზონს შემოთავაზებებიც აქვს. მე ყოველთვე 9.99 ვიხდიდი kindle unlimited-ში და უუუამრავი წიგნი შემეძლო წამეკითხა უფასოდ. ნაბეჭდი წიგნის საშუალო ფასი 10 ლარია თუ 15, ხომ?  ორი წიგნის ფასად მთელი ბიბლიოთეკა მქონდა. (მერე ტორენტებიდან ჩამოქაჩვა ვისწავლე და გავაუქმე :დ )

ერთი კლიკი და და წიგნი უკვე ქინდლშია

სერიოზულად, რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი? ამაზონზე ერთი წკაპი და მორჩა, წიგნი ქინდლში ვარდება (თუ ვაიფაი ჩართულია). თავისით ყიდულობს, იწერს და ქლაუდზეც გიდებს. თუ ფაილი გაქვს კომპში, სპეციალურ იმეილზე აგზავნი (ოკ, იყოს სამი კლიკი ამ შემთვევაში) და ინტერნეტიდან ქინდლი გადმოიწერს თვითონ, ისე რომ თითის განძრევაც არ დაგჭირდება დამატებით.

 

ინტერნეტთან წვდომა მაშინ, როცა ახლოს სხვა არაფერია

საშინელი ბრაუზერი აქვს, მაგრამ, ხომ აქვს!

თვალები მადლობას გეტყვიან და სიბერეში დაგიფასებენ ქინდლში გადახდილ თანხებს

ყოველ შემთხვევაში, ჩემები ნამდვილად მიფასებენ. მითუმეტეს, მე ძალიან ბევრს ვკითხულობ. შრიფტის ზომას ვცვლი როგორც გამიხარდება. აბა სცადეთ და წიგნში შეცვალეთ.

ქავერები და სტიკერები ევრივეარ

ქინდლის გასაპრანჭი ქავერები კონა შაურად იყიდება ამაზონზეც, იბეიზეც…

თუ თქვენც მოგინდათ, მაშინ

$79$ – Kindle . ღამე საკითხავად სინათლის წყარო დაგჭირდებათ (მქონდა)

$119- Kindle paperwhite  – თავისი შიდა, ძალიან არაშემაწუხებელი განათება აქვს (მაქვს)

$199   Kindle Voyage   – შიდა განათება, შუქის სენსორი, უფრო მაღალი რეზოლუცია და ა.შ….

 

პირველი სალაშქრო გამოცდილება, ანუ პლიუსების მინუსები


ჩემი მუდმივი თანამგზავრი

ჩემი მუდმივი თანამგზავრი

პლიუსი- ადამიანი, რომელიც შენ მიგყავს ექსკურსიაზე/ლაშქრობაში, არ იცნობს ჯგუფს და ხშირად მათთან არანაირი საერთო არ აქვს. ჩვენ ყველანი ოდესღაც პლიუსები ვიყავით.

რაც მე საყვედურები მაქვს მოსმენილი, რომ გთხოვე პახოდში რატომ არ წამიყვანეო, თითოს ათი ლარი რომ მოეცა, მმმ…. მინიმუმ ახალ კარგ ობიექტივს ვიყიდიდი ფოტოაპარატისთვის.

სულ თითზე ჩამოსათვლელი პლიუსები მყავს წაყვანილი სადმე, ძირითადად ისინი, ვინც ზუსტად ვიცოდი, რომ

  • იცოდა, რა იყო ლაშქრობა/რაღაც გამოცდილება ქონდა
  • არ იყო ნაზინუზა და ქარის ერთ შებერვაზე არ წაიქცეოდა
  • დიდი ალბათობით, არ ჩავარდებოდა პანიკაში
  • არ საჭიროებდა გაფაციცებულ მზრუნველობას

ძალიან პრაგმატული ჩამოყალიბება გამოვიდა, მაგრამ ეს ის აუცილებელი მოთხოვნებია, რომელსაც ვთვლი, რომ პლიუსები უნდა აკმაყოფილებდნენ. ძირითადად იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ასე აიღო და ადამიანი სადმე წაიღო, შენი პასუხიხმგებლობაცაა. მერე რა, რომ 18 წლისები დიდი ხანია გავხდით, თუ მიმყავს ე.ი. მინდა ისიამოვნოს. ხოდა მე არ ვარ ისეთი ძლიერი ტიპი, რომ სხვაზე ნამეტანი ვიზრუნო. თუმცა არის კატეგორია, ძირითადად მამრები, რომლებსაც დაყავთ პლიუსები, რომლებიც ხელით სატარებელი უხდებათ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

და როგორი პლიუსი ვარ მე?

ჩუმი, მაგრამ ძალიან სასარგებლო. არა, მართლა, ინტროვერტი ვარ და 5 ადამიანზე მეტს თუ დავლანდავ ჩემს ბაკანში ვიყუჟები და სანამ გარემოს არ მივეჩვევი, გარეთ არ გამოვდივარ. ფაქტიურად არც კი შევიმჩნევი, რომ იქ ვარ. ნუ სამაგიეროდ იშვიათად ვწუწუნებ, თუ მდგომარეობიდან არ გამომიყვან აგრესიას არ ვავლენ, ცოტას ვჭამ, ბევრს ვსვამ (წყალს) და ყოვლად გადასარევ ფოტოებს ვიღებ. ვინმე თუ მომეწონა, პორტრეტები ექნება ოპტომ. (გოგოები მომწონს ხოლმე გადასაღებად, როგორც წესი).

ზატო შეშის მოგროვებით დაწყებული კარვის ორ წუთში გაშლით დამთავრებული ბევრი რამე ვიცი და  შემიძლია ხოდა ნუ ახლა ხომ არაა აუცილებელი ყველამ იკისკისოს და იცანცაროს? სხვა დანარჩენისთვისსხვა პლიუსები არსებობენ უჰთ :3

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ პლიუსს სადმე წავიყვანთ?

  • შოკური თერაპია არ ვარგა

ნუ აიღებ და ნუ ჩააგდებ გამოუცდელ ადამიანს პირდაპირ ჭაუხებში, მყინვარზე ან ნებისმიერ სხვა შედარებით რთულ და გრძელ მარშუტზე. ის, უბრალოდ, ცოდოა.

  • აუხსენი სად მიდის.

გამოუცდელ ადამიანს სიტყვა ჭაუხები, ხახაბო და ა.შ. იდეაში არანაირ ინფორმაციას არ აძლევს და ამით ვერ განსაზღვრავს, რომ შეიძლება მინიმუმ 5-6-7 საათი აღმართებზე სიარული მოუწიოს.

DSC_3404

  • ანახე სად მიდის

ყველაფერს სიტყვებით ვერ ახსნი, სხვა დანარჩენისთვის არსებობს ფოტოები. სასურველია ლამაზი და არატრაგიკულსახეებიანი. თუ 5 საათი სიარული დააშინებს, ბარემ ისიც ანახე რისთვის მიდის და იქნებ შენზე წინ გარბოდეს, არიქა წავიდე ვნახოო.

  • შეასხენე

ისეთი “წვრილმანები”, როგორიცაა საწვიმარი, ფანარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და ა.შ. ადამიანს, რომელიც პირველად მიდის ლაშქრობაში, შეიძლება გამორჩეს. (მე მუდმივად მრჩება ფანარი, უკვე ტრადიციად მაქვს გასვლის წინ ფაცხაფუცხით “ფარნიანი სანთებელის” ყიდვა)

christmas in a tent in the mountains, forest, snow 150030

  • გაარკვიე, რამდენად ჯანმრთელია

ან უბრალოდ, აუხსენი, რომ ცივილიზაციისგან ძალიან შორს იქნებით და თუ რამე, საკუთარ აფთიაქზე იზრუნოს.

ა, ერთი კიდევ, და ძალიან მნიშვნელოვანი – პათოლოგიური სიმთვრალის მქონე პლიუსებს ვტოვებთ სახლში, ზედმეტად დიდი მინუსია იმისთვის, რომ ასეთი ადამიანი სადმე წაიღო.

იდეალური პლიუსი

  • არ წუწუნებს
  • არ ვარდება პანიკაში (ან თუ ვარდება, ცდილობს რომ დროზე აკრიფოს საკუთარი თავი)
  • იოლად კონტაქტურია ან კაკ მინიმუმ არააგრესიული
  • საკუთარ თავს თვითონ პატრონობს
  • პრინციპში დანარჩენი გემოვნების ამბავია

და თქვენ დაგყავთ ხოლმე “პლიუსები” საკუთარ ვიწროწრიან ჯგუფებში?

 

ის, რის გარეშეც ლაშქრობაში წასვლა არ შეიძლება


09b-Hike-to-Boiling-Lake-Dominica

როგორ დავლიეთ რაღაცეებიანი წყალი

ეს იყო პეტ… კიარადა კახისზე. პირდაპირ უღრანი ტყით დავეშვით, წყალი ყველას გვქონდა, მაგრამ ცოტა. გზა აგვერია, ხეებზე ვფოფხავდით, ვებღოტებოდით და ვკონწიალობდით. მერე ხეობაში ჩავეშვით და პაწუკა წყარო ვიპოვეთ. გვიმრებიდან გამოსული. რაღაცეები დაცურავდნენ, მაგრამ ვის ენაღვლებოდა, მოვიყუდეთ, დავლიეთ და თქვენ წარმოიდგინეთ არაფერიც არ დაგვემართა.

ჰხოდა ახლა ყველა ასეთი არაპრეტენზიული ვერ იქნება

hiking-water.preview

რატომ უნდა წავიღოთ წყალი?

  • წყალი მძიმეა
  • ოოოო, წყარო შეგხვდება რა სადმე
  • კოკა-კოლა მირჩევნია

ადამიანს საკვების გარეშე სამი კვირა შეუძლია გაძლოს, წყლის გარეშე კი რამდენიმე დღეში იღუპება. ამიტომ ყოველთვის, როცა საქმე პრიორიტეტებზე მიდგება, უპირატესობა წყალს უნდა მიანიჭო და არასოდეს წახვიდე სადმე ისე, რომ მინიმუმ ნახევარი ლიტრი წყალი არ გეგდოს ჩანთაში, ყოველი შემთხვევისთვის.

getty_rf_photo_of_teens_drinking_water_on_hike

როდის უნდა წავიღოთ

პირველ რიგში, ეს იმაზეა დამოკიდებული, სად მიდიხარ. საქართველო ძალიან მდიდარია ბუნებრივი წყაროებით, მაგალითად, ხევსურეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე წყაროა. წინასწარ უნდა გაარკვიო და სიტუაციის მიხედვით მოიქცე.

  • ლომის მთაზე- მხოლოდ დასაწყისში და ბოლოშია წყარო, ამიტომ მინ.ერთი ლიტრი აუცილებელია
  • მხერზე, სვანეთში, მინიმუმ ორი ლიტრი უნდა წაიღო, იმიტომ რომ ზემოთ წყალი პრაქტიკულად არაა (შორია და ჯობია თან აიყოლო, თუ ღამისთევით არ რჩები)
  • ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერზე სულ წყალია
  • ვაშლოვანის ჯიპტურზე წყალი თან უნდა წაიღო
  • და ა.შ.

 

  • ebd617a6ac11c86491fa397a3da54e3c

რამდენი უნდა წავიღოთ

  • ნახევარი ლიტრი- თუ ტყიან და უხვწყაროებიან ადგილას მივდივართ
  • ლიტრი- თუ წყაროდან წყარომდე რამოდენიმე საათის სავალი გზაა
  • ორი ლიტრი (და მეტი)- როცა ვიცით, რომ დაღამებამდე წყაროსთან ვერ მივალთ, ან შეიძლება გზასაც ავცდეთ ცუდ/უცნობ რელიეფზე

შენიშვნა: ამას საკუთარი გამოცდილებით ვიძახი, მე წყლის გარეშე უბრალოდ, ვერ ვფუნქციონირებ, თუმცა არის ხალხი, ვისაც წყალი საერთოდ არ დააქვს რამოდენიმესაათიან მარშუტებზე და მხოლოდ წყაროებთან იკლავს წყურვილს.

Hiking_Water_Hyponatremia

როგორ ავიღოთ სასმელად ვარგისი წყალი

  • წყალი უმჯობესია იყოს გამდინარე და სწრაფად მომდინარი- ნაკადული, მთის მდინარე, ჩანჩქერი.
  • ტბის შესართავი ტბიდან გამომავალ ნაკადს ჯობია
  • ყველაზე საუკეთესო ვარიანტში წყარო პირდაპირ მიწიდან უნდა გამოდიოდეს
  • ტბიდან აღებული წყლის ადუღება აუცილებელია.
  • მოერიდე დასახლებებთან ახლოს მყოფ მდინარეებს/ნაკადულებს, შეიძლება ცხოველის ფეკალიებს შეიცავდეს.

 თუ წყლის ვარგისიანობაში ეჭვი გვეპარება

  • ვადუღებთ. რამოდენიმეწუთიანი დუღილი საჭირო არაა, ადუღება სრულიად საკმარისია
  • ვფილტრავთ. მოწყობილობები ძალიან ბევრია და ამაზონზე თავისუფლად იყიდება. მათ შორის LifeStraw

81aIj9pXQyL._SL1500_

შემდეგ პოსტში წყლის თან ტარების იოლ და მოსახერხებელ ხერხებზე ვისაუბრებ, დარჩით ჩვენთან, არ გადაგვრთოთ :3

როგორ წავიდე ჩემს პირველ ლაშქრობაში? (მოლაშქრე კლუბები)


291508

 

  • მაშინ, როცა გარშემო არავინ გყავს მოლაშქრე
  • ორნი/სამნი ხართ და მარტო მაინცადამაინც არ გეხალისებათ
  • და ა.შ.

პირველი, რაც თავში მომდის,

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციაა.

ახლო შეხება არ მქონია, თუმცა ვიცი, რომ აწყობენ ექსკურსია/ლაშქრობებს და საკუთარი აღჭურვილობაც აქვთ, ანუ, თუ არაფერი არ გაქვს ამ ეტაპზე, მგონი კარგი აზრია.

გარდა ამისა, თბილისში ძალიან ბევრი მოლაშქრეთა კლუბია, ნაწილი ვიცი, ნაწილი სამწუხაროდ, არა და თუ რამე გეცოდინებათ, შეგიძლიათ დამილინკოთ და ჩავამატებ.

hikers

ფეისბუქ ჯგუფები

აქ  გაწევრიანების მერე შეგეძლება ივენთებს ადევნო თვალყური. ნაწილი კომერციული ჯგუფებია, ნაწილი მეგობრული.   დასასპამად და საკუთარი გასვლების გასარეკლამებლად ნუ დაემატებით, მკაცრად აკონტროლებენ პოსტინგს.

Hiking in the Bugaboos, Banff National Park.

ფორუმები

2640_1_c7c3ed

სასარგებლო ინფორმაცია

  • ლაშქრობა არ არის ქეიფი, თუ სიარულისას გამოთვრები და ორგანიზატორს ფეხებზე დაიკიდებ, მეორედ დიდი ალბათობით, აღარ წაგიყვანენ.
  • ლაშქრობაში ბევრად მალე უახლოვდები ადამიანებს, ამიტომ ის, რომ აქ პირველად ხარ და უცხო ხარ, ერთ-ორ საათში დაგავიწყდება.
  • ყველა ჯგუფი ინდივიდუალურია, სხვადასხვა ჩვევებით/ხალხით/ტრადიციებით.
  • დასაწყისისთვის მარტივი ექსკურსიით დაიწყე, საკუთარი ძალების შესაფასებლად
  • ჰხოდა ყველაზე მტავარი- პოზიტიურად უნდა განეწყო და ყველაფერი იქნება კარგად

წარმატებები

მწარე სიმართლე ლაშქრობებზე


Comfort zone Adventure

ამ ბლოგზე ბევრი გსმენიათ, როგორი გენიალური რამეა ლაშქრობები.

მოდი ამჯერად იმაზეც მოგიყვებით, რაზეც არასოდეს ყვებიან ხოლმე ლაშქრობებიდან დაბრუნებულები. იმ “საშინელებებზე”, რაც შეიძლება პირველივე-მეორევე ლაშქრობაში დაგხვდეთ და რაც აბორიგენი მოლაშქრისთვის ნორმაა, ვიღაცისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს.

თქვენ შეიძლება დაიკარგოთ

royalty-free-hiking-clipart-illustration-1112466

ხო, აი ასე, მარტივად.

ჩემს პირველ “სერიოზულ” ლაშქრობაში ისე გულმოდგინედ დავიკარგე,  ზოგადი გამართლებადობა რომ არა, და კიდევ კარგი ამინდი,  ცუდ დღეში ჩავვარდებოდი. საბოლოო ჯამში, სულ ოთხი “მსხვილი” დაკარგვაა ჩემს წილ. ხევსურეთში, თუშეთში, ბორჯომში და… ბორჯომში.  ამ დროს ყველაზე ცუდი, რაც საკუთარ თავს შეიძლება გაუკეთო, შიში და პანიკაა. ვინ არ დაკარგულა, აგერ ვარ ცოცხალი და გადასარევთავგადასავლებიანი.

დაკარგვისას შეიძლება მოულოდნელ და რთულ რელიეფს გადაწყდეთ

Hiking05

მაგალითად, ასეთს

თქვენ შეიძლება დაიკბინოთ

SONY DSC

ჩემთვის მივძვრებოდი მდინარის ნაპირას, ღამე,  და რატომ შევხტი იმ მორზე, თუ ვიცოდე…. უცებ ვიგრძენი როგორ მიკბინა რაღაცამ ჯერ კოჭზე, მერე წვივზე, მერე მუხლზე, თეძოზე. ელვის სისწრაფით. ელვის სისწრაფვითვე გადავხტი მოშორებით, გავიხადე შარვალი და დავიფერთხე, კუნაპეტ სიბნელეში, მდინარეში, ქვაზე მდგომმა.  სავარაუდოდ ჭიანჭველა იყო, ორი დღე კი მტკიოდა ნაკბენები.

კოღოები, ობობები, ტკიპები, ჭიანჭველები, გველები, მორიელები…..

თუმცა მე ამდენი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი საწყალი ჭიანჭველა გადამეყარა  (თუ მე გადავეყარე) და ისეც არ გეგონოთ, რომ ყველა ხის ძირში ჩასაფრებული დრაკონი ზის.

თქვენ შეიძლება გარეული ცხოველი გესტუმროთ

P7090499

ეს უფრო მაშინ, თუ რამოდენიმე ადამიანია. ბევრ ხალხს და ხმაურს ერიდებიან. თუ დათვი და მგელი და ტურა არა, მინდვრის თაგუნია შემოიცუნცულებს. იმასაც შია, შენ კიდევ კოცონთან გემრიელობებს რომ ტოვებდი, აბა რა გეგონა?

თქვენ შეიძლება ბიჭებთან/გოგოებთან ერთად მოგიწიოთ ძილი კარავში

sleeping in a tent

არც მიფიქრია ეს რომ უნდა დამეწერა, მაგრამ ლაშქრობების ორგანიზატორმა  აღნიშნა, რომელიც მამრია და გულწრფელადაა შეწუხებული გოგოების მოთხოვნებით.  ლაშქრობაში ეს ბუნებრივი მოვლენაა, იმიტომ რომ სად გითვალონ ახლა კარვები და  ადგილები? კდემა სახლში უნდა დატოვო  და ისე წახვიდე. ან ჩემსავით საკუთარი კარვით იარო და ვინც გინდა ის შემოუშვა. თუმცა მე სქესზე არ ვჭედავ და საერთოდაც ჩემი კარვის კარი სულ ღიაა, ნებისმიერი ადამიანისთვის, და ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ლაშქრობის დაუწერელი კანონები გვეუბნებიან, ქალი და მამაკაცის გარჩევა მაშინ, როცა მას ეძინება, სძაგს ლაშქრობის ღმერთსო.

ხო, ძილზე გამახსენდა….

sleeping-bag

ძილი ნახევრად ფეხზე მდგომარე პოზაში, როცა კარავი დამრეც ფერდობზეა გაშლილი და მთელი ღამე წინ და უკან “დაცურავ”. ხმელი პარალონი, როცა ზურგით ყველა კენჭს გრძნობ. როცა კარავი არასწორადაა გაშლილი და კედლები უსველდება ან წვიმაში წყალი ჩამოდის და გუბეში გეღვიძება. როცა დილის ექვსისკენ სიცივე იმატებს და მაშინ გეღვიძება აკანკალებულს. როცა შენი მეზობელი უკიდეგანოდ ხვრინავს. როცა საერთოდაც უკარვოდ გძინავს, ღია ცის ქვეშ, კოცონთან (მაგრამ ეს ნეტარებაა)

ჰიგიენა არა ისა….

IMG_5774

ნუ აი….შხაპი რომ არ დაგვხვდება, თავიდანვე გასაგებია. არც ცხელი წყალი იქნება კბილის გასახეხად და შეიძლება არც წყარო იყოს პირის დასაბანად. უარეს ვარიანტში ბოთლით მოგიწევს დასხმა. უკეთეს ვარიანტებში ჩანჩქერები, მდინარე და ტბებია. და სველი ხელსახოცები ინტიმური ჰიგიენისთვის. უჟას-უჟას-უჟას? ხო, შეიძლება. თუმცა ლაშქრობაში მსგავს რეაქციაზე გაეცინებათ. თუ არ შეგიძლია, და სულაც არაა გასაკვირი და სასირცხვილო, დარჩი სახლში.

გოგოებს არ გეწყინოთ, მაგრამ მაკიაჟიც სასაცილოა ლაშქრობაში. აი დიდსაყურიანი გოგოსავით… მე ვის რას ვეუბნები, სუნამოს მინიფლაკონი მიგდია სულ, მაგრამ სუნამოც სასაცილოა, პრინციპში.

და ბოლის სუნი, ბოლის სუნი ევრივეარ…. მე მიყვარს… იქნებ შენც შეგიყვარდეს, მაგრამ მანამდე უნდა იცოდე რომ თვალებს აგიწვავს.

თქვეგან შეიძლება “გუნდური თამაში” მოითხოვონ

p015gn2m

მაშინ, როცა ბანაკი იშლება, უქმად ჯდომა სტეხს. ისიც სტეხს, შენი ბოთლიდან წყალს რომ არ დაალევინებ ადამიანს უღრან ტყეში( უღრან ტყეში-მეთქი)  და დახმარების ხელს არ გაუწვდი. ჯგუფს თუ ჩამორჩები ფოტოს გადასაღებად და საძებნი გახდები, ესეც სტეხავს. ბოლო პურს და შოკოლადს რომ გადამალავ, ეგეც ძალიან ცუდი რამეა. კარავში რომ არ შემოუშვებ ხალხს, ესეც.

მზეზე დამწვარი კანი… 

o-SUNBURN-facebook

მაღლა, მთაში, აი რაც არ უნდა წაისვა, რაც არ უნდა წაისვა, არარსებობს, მაინც შეიტრუსები. ღრუბლებშიც კი. მთელი დღე მთის მზეზე ყოფნას ქალაქელის ნაზი კანი უბრალოდ, ვერ უძლებს. დიდი ამბავი, ვის არ დაწვია ოდნავ კანი.

საჭმელ-სასმელი

120823_backpacking-food-quinoa-hiking-backpacking-meals_0001

ხევსურეთში რომ მოვხვდი პირველად, მწყემსს შევეკითხე, წყალი სად ავავსო თქო და იმ კაცის სიცილი არ დამავიწყდება… შვილო აქ სულ წყალი არააო?! მდინარის პირას ვიდექით. მდინარის წყლის დალევა, როცა სხვა არ გაქვს,  მთაში ბუნებრივი მოვლენაა. წყაროსიც, ტყეში.  საჭმელად ანაკომიც ბუნებრივია და შპროტიც (ჩემი ტკივილია) და დილით ცხელი ყავაც შეიძლება არ იყოს. საჭმელი მიაქვთ ცოტა, მაქსიმალურად ენერგეტიკული. ზოგჯერ დღე ისე დაღამებულა, სნიკერსის და ქიშმიშ-ნიგოზის ნარევის გარდა არაფერი მიჭამია.

აბორიგენები, აბორიგენები ევრივეარ

ზოგჯერ ადგილობრივებიც ჭედავენ. აი ასე, მარტივად და კონკრეტულად. რაზე? რავი რაზეც გაეხარდებათ. თუნდაც იმაზე, რომ ერთი ჭიქა არ დაულიე და არ დალოცე. მთაში ჭედავენო იძახიან.  ბარში გამჭედავებიც ბევრი მინახავს. თუმცა ძირითადად მაშინ ხდება გაჭედვა, როცა რომელიმე მხარე  დაიპრანჭება ცხვირაწეული.

მეორე დღის სინდრომი

დაჭიმული კუნთები, კუნთების ტკივილი, ნაკაწრები-ნაკაწრები ევრივეარ. თუ გაგიმართლა, გადაყვლეფილი მუხლები, ხელები, შხამიანი დიყის ნაკვალევები. ცუდი ფეხსაცმლის და ჩანთის შემთხვევაში ბებერები და მხრების/ზურგის ტკივილი. ზოგადი დაღლილობა და სამსახურში ძილები. გრძელი ფრჩხილების შემთხვევაში, ზოჯერ მოტყდომები.

სიმართლე იმაზე, როგორ ადიხარ მთაზე

Hiking Swiftcurrent Creek

“გული რომ ყელშია და თავში რაღაც ბაგაბუგობს როგორ ვერ ვიტან მაგ შეგრძნებას.  სიმაღლის აკრეფისას მემართება სულ”-იძახის ადამიანი, რომელიც ჩემზე კიდევ უფრო ბევრჯერაა სიმაღლეზე ასული. მე არ მაქვს ლაპარაკი გამოცდილ მთამსვლელებზე, ჩვეულებრივ ადამიანებს ემართებათ ხოლმე. მეც მემართება, ხანდახან, სულ პირველად სიმაღლე რომ ავიღე, იქიდან მოყოლებული. აუცილებელი არაა, დაგემართოს, უბრალოდ, ხდება ხოლმე

სიმაღლის აღება: ზღვის დონიდან 400 მეტრიდან სიტყვაზე, 1000-მდე ასვლა. რაც უფრო აღმართზე და სწრაფად ადიხარ, უფრო ბაგიბუგობს. რაც უფრო დიდხანს მიდიხარ, ანუ დამრეცზე და სერპანტინებით, მით ნაკლებად.

სხვა?

რავიცი,  გააჩნია, ყველას თავისი ბზიკები აქვს, მე დღემდე შპროტებზე მაჟრჟოლებს.

ამ ყველაფრის მერე, რატომღა დავდივართ?

აი ამიტომ

This slideshow requires JavaScript.

comfort-zone

როგორ გავშალო კარავი?


22717_503740986311882_754603328_n

ანუ, თავზე რომ არ დაგვემხოს, წვიმა არ ჩამოგვივიდეს და დილით არ აღმოვაჩინოთ, რომ კარავს ძირს ნახვრეტები აქვს და ჭიანჭველა შემოსეირნებულა.

ვარჩევთ ადგილს

რომელიც უნდა იყოს

  • მე დღემდე მეგონა, რომ სწორ ზედაპირზე უნდა გაშალო (მაქსიმალურად მიახლოებული იდეალურთან), სინამდვილეში კი:  “კარვის გასაშლელად იდეალური რელიეფი არის 5 – 10 % იანი დახრილობის ზედაპირი ;)რატო და… წვიმის შემთხვევაში, იმ შენს იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ზედაპირზე ისეთი გუბე დადგება, რო რავიცი…

    დამრეცი ზედაპირი უზრუნველჰყოფს წყლის გადინებას და თავიდან გვაცილებს ტბაში ჭყუმპალაობას” (ც) დავითაუ წიკლაური, ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი მოლაშქრე.

  • თუ არასწორი ზედაპირია, მაშინ ჯობია უფრო ამაღლებულ ადგილას დასცე ბანაკი
  • ცეცხლისგან მოშორებით, ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს

და არ უნდა იყოს

  •  მაღალი ხის ქვეშ
  • ძქალიან დამრეც ზედაპირზე
  • მდინარეს/ღელეს/წყაროსთან ძალიან ახლოს
  • ზოგადად, ადამიანის საცხოვრებელს ჯობია მოერიდო

და თუ სწორი ზედაპირი არ იშოვება?

მაშინ ვშლით კარავს ისე, რომ დაწოლისას თავი ზემოთ იყოს, ფეხები ქვემოთ.  ფეხებთან ვიდებთ ჩანთას და გვძინავს შედარებით კომფორტულად.  კარვის “გარდიგარდმო” გაშლის შემთხვევაში მთელი ღამე ზედახორა იქნება და  დაცურებული ადამიანები ერთიმეორეს გაჭყლიტავენ.

550px-Assemble-a-Tent-Step-4

გაშლამდე აუცილებლად შეამოწმე, რომ ძირს არანაირი ბასრი და საშიში ქვები/ გადაჭრილი მცენარეები/მინის ნამსხვრევები არ იყოს მიწაზე.  ჯერ ერთი, ძილის დროს შეგაწუხებს ამობურცულობები, თან დიდი შანსია, კარვის ძირი გაიხვრიტოს.

სასარგებლო ინფორმაცია: თუ მიწაზე ძალიან ბევრი ძროხის ფუნაა, ეს ნიშნავს, რომ აქ საძოვარია და დილაუთენია შეიძლება თავზე დაგადგნენ. სვანეთში თან კარავს ვკეცავდი, თან ძროხებს ვეომებოდი, რომლებიც კარვით ინტერესდებოდნენ (მკვეთრი ფერისაა).

ვშლით კარავს

კარვების გაშლის თანმიმდევრობები, როგორც წესი, განსხვავდება ხოლმე, მაგრამ არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც სასურველია, რომ დაიცვა:

  • თუ  ეს შენი კარვის “ნათლობაა”, ჯობია ან სახლში გაშალო პირველად, ან ინსტრუქცია წაიღო თან, ან გამოცდილს სთხოვო დახმარება. დახმარება ყველა შემთხვევაში დაგჭირდება, კარვის სწრაფად გაშლას მინიმუმ ორი კაცი ჭირდება.
  • “იატაკის” ოთხივე კუთხე კარგად უნდა იყოს დაჭიმული და პალოები ბოლომდე ჩასული მიწაში. პალოები უნდა ჩავარჭოთ ცერად, წვერით კარვისკენ, და არა ვერტიკალურად. ასე უფრო ძნელად ამოვარდება.
  • Easy Camp tent peg guide_620x300.ashx
  • ზედა და ქვედა ტენტი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. (თუ ეხება, წვიმის ჩამოსვლა იოლდება)
  • თუ კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, ზედა ტენტი შიგნითა მხრიდან დამატებით მაგრდება  კარვის ჯოხებზე.
  • თუ ამინდი უარესდება,  თოკები კარგად უნდა დაიჭიმოს. პალოების ჩასმის პრინციპი აქაც იგივეა.

პალოს ჩარჭობისას თუ ხვდებით, რომ წინააღმდეგობა ხვდება, ძალა (ქვა) არ უნდა დაატანო. კიდევ ცადე, რამოდენიმეჯერ. ნახევრამდე ჩასული ოდნავ შეაჯანჯღარე, მიწი-მოწიე, ეგებ გავიდეს. თუარადა, დაგრეხილი პალოები შეგრჩება.

კარვის კალთა ჩახლართული…

ღმერთმა… კიარადა კარვის შემქმნელმა კარვის კარის ზმეიკა იმიტომ მოიფიქრა, რომ დაკეტილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კარავში შევა: ბუზი, კელა, ფუტკარი, გველი, ხვლიკი, თაგვი, პეპელა, ხოჭო და მოკლედ, ყველაფერი ის, რაც იქვე დაცოცავს, დაფრინავს და დახტის. სუფთა ჰაერის შესასვლელად მხოლოდ ბადის დატოვება სრულიად საკმარისია ხოლმე.

article-2027464-0D7A701800000578-257_634x414

ამ ყველაფრის გაკეთება რასაკვირველია, ყოველთვის არ ხერხდება. ბოლოს თოკები როდის დავჭიმე, არც მახსოვს, არ მჭირდება ხოლმე. მაგრამ თქვენ მაინც იცოდეთ, რა იცი რა ხდება.

წარმატებები

b39d14f198e0afa81ddffe384c9db3f4

როგორ უნდა მოვიქცეთ მთაში, ანუ სახელმძღვანელო დამწყებთათვის


ამასწინათ ერთმა კარგმა გოგომ ფეისბუქზე ერთი კარგი ექსკურსია დაგეგმა, ლაშარის და იახსრის სალოცავების მოსალოცად.

სად იყო და სად არა, გამვლელმა მართლმადიდებელმა შენიშვნა მიცა, აგდებული კილოთი: ეს წარმართული კერპებია, რის სალოცავად მიდიხარ კიმარა-ო.

კეთილი რჩევა: არასოდეს არც ერთ მთიელს არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ მსგავსი რამ. მითუმეტეს მსგავსი კილოთი. მითუმეტეს მთაში. მითუმეტეს დღეობაზე.

მთაში ძალიან ძლიერია ხატებისადმი და სალოცავებისადმი რწმენა, იმდენად ძლიერი, რომ ტრადიციული ეკლესია აგერ რამდენი წელია ცდილობს, ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ხატობები მაინც იმართება და იმედია კიდევ დიდხანს იდღეობებენ მთებში.

ეს რწმენა იმდენად ძლიერია, რომ თუშეთში ქალები დღემდე არ შედიან სალოცავების ტერიტორიებზე და ყველა ბალღმა ზეპირად იცის სადაა ხატები.

ფარსმა

ფარსმა

მე მუცოზე ბოლომდე ვარ ასული. თურმე არ შეიძლება. ჯერ ერთი, ხატია და მეორეც ერთი, იქ თურმე ყველა მამრიც კი ვერ ადიოდა. რატომ ავედი? არ ვიცოდი. ახლა ვიცი და მართლა აღარ ავალ. იმიტომ არა, რომ ვინმე რამეს მიშლის (ქალმა თუ გაიწია, ბლაბლაბლა…) უბრალოდ, მე ვირჩევ სხვისი ადათ-წესების პატივისცემას.

თუშეთში ყველა სოფელშია ხატები, ზოგგან რამდენიმეც. დიკლოს ერთ “ქუჩაზე” ვერც გაივლი, სახლ-სახლ უნდა მოუარო, შენაქოში კი პირდაპირ ეკლესიის უკან იყო, მე როცა ვიყავი. დანოში ცოტა მოშორებითაა, ასევე ფარსმაშიც.

IMG_0224

დანო

ხატის ნიშის ცნობა ძალიან ადვილია,  სიპის ქვისგან ნაშენი პაწუკა კოშკივითაა.  ზოგან მისვლა მხოლოდ იმ მდედრებისთვის შეიძლება, რომლებსაც ციკლი არ აქვთ, ანუ ბავშების და ბერდედების-მოხუცებისთვის.(ასე მეუბნებოდა ბებია)

თუ მთიელი გახლავს თან, აუცილებლად მიგითითებს ამაზე. შენი ნებაა, შეასრულებ თუ არა, მაგრამ მე ძალიან მწყინს, როცა ამ წესს აბუჩად იგდებენ. ვიღაც მწყემსი შეიძლება პირდაპირ გამოგივარდეს ყვირილით, ჩემნაირი ზრდილობიანი ვერ გამოდგეს…

მთავარია გახსოვდეთ, რომ მთა არაა ბარი, აქ სხვა წესებია და სულ სხვა ხალხი ცხოვრობს. და ჩვენ, ბარში ჩამოსულები თუ შევდივართ ეკლესიაში მანდილით, თქვენ რა დაგიშავდებათ, რომ სულ ცოტა ხნით იცხოვროთ იმ საქართველოს წესებით, რომელიც ჯერ არ გინახავთ?  მთები მარტო მწვერვალები და ხედები არაა, მთები ხალხია, სოფლებია, ხატებია და დღეობებია...

მთაში სტუმრები ძალიან უყვართ, მაგრამ თუ სტუმრად მიდიხარ, იქაურ წესებს მინიმუმ პატივი მაინც უნდა სცე და თუ არ გწამს და არ გჯერა, ისე მაინც მოიქეცი, რომ მის ტრადიციას შეურაცხყოფა არ მიაყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიელები გამიბრაზდნენო, არ უნდა იწუწუნო. და თუ იქაურ ქუდსაც დაიხურავ, ვინ იცის, იქნებ შენც შეგეწიოს მთის სალოცავების ძალი და მადლი.

სალაშქრო ფეხსაცმელი და სხვა აღჭურვილობა იაფად


მეორადებში რომ იყიდება ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, დიდი ხანია ყველამ ვიცით. თუ არჩევა იცი, ძალიან საკაიფო რამეებიცაა, მაგრამ მე არ ვიცი არჩევა.

ამასწინათ მეგობარმა მირჩია ამ ვებ-საიტზე მეყიდა .

  • ცნობილი ბრენდები
  • უზარმაზარი არჩევანი
  • ყველაზე მოხერხებული სერჩი, რაც ოდესმე მინახავს (პირდაპირაა მოცემული ქვეკატეგორია hiking boots, მაგალითად)
  • კარვებით დაწყებული, სალაშქრო მსუბუქი კოვზებით დამთავრებული, ყველაფერია, რაც შეიძლება ინატრო
  • პროდუქტის დეტალური აღწერილობა

რატომ Sierra და არა amazon ან 6pm?

 6pm-ზე მხოლოდ outdoor კატეგორიაა, სადაც ნუ… ძალიან ბევრი რამ შეიძლება იგულისხმო.  არც პროდუქტის ზედმიწევნით დეტალური აღწერა დევს.

amazon-ზე ძალიან კარგადაა დალაგებული, მაგრამ პროდუქტის დეტალური აღწერა არსადაა. მხოლოდ ძალიან ზედაპირული მიმოხილვა.

SierRa ამ ყველაფერს აერთიანებს.

და რაც მთავარია, ნაირ-ნაირი ფასდაკლებები, მთელი წლის განმავლობაში.

დღევანდელი ფასდაკლებები

sierra2

იმეილზე მოსული სუპერფასდაკლებები.

წერილში მოცემულ ლინკზე თუ გადახვალ, ავტომატურად გენიჭება კუპონი, სადაც ფასდაკლებულ ნივთზე კიდევ აკლდება ფასი.

sierra

მაგალითისათვის, columbia-ეს ფეხსაცმელი 165$ ღირს, საიტზე ფასდაკლებით დევს: 106$-ად, მაგრამ ჩემს იმეილზე მოსული კუპონის გამოყენებისას ფასი 64$-ია. 165$-იანი ფეხსაცმელი 64$-ად, მაგარია, არა?

როგორ მივიღო კუპონი?

საიტზე რეგისტრაციისას უკვე მოპწიჩკულია ფანჯარა.

sierra 4

ან ქვედა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ იმეილზე გამოიწეროთ

sierra3

Daily Barn Burners

ყოველდღიურად, თითო ნივთზე ცხადდება დიდი ფასდაკლება, რომელსაც, თუ ნიუსები გამოწერილი გაქვს, იმეილზე გიგზავნიან. დღეისთვის მაგალითად ეს კარავია დასეილებული. იქვეა იმეილზე გამოსაწერი ღილაკიც.

sierra 5

კიდევ ერთი დამატებითი ფასდაკლება: 10$ კუპონი ჩემგან

რადგან მე უკვე რეგისტრირებული ვარ, ძალიან მარტივად შემიძლია 10$ კუპონის ჩუქება სხვისთვის. ამისათვის საკმარისია აი ამ ლინკით დარეგისტრირდეთ. თქვენ თუ ამ კუპონს გამოიყენებთ ყიდვისას, მეც ანალოგიურად მაჩუქებს საიტი იგივე კუპონს და ყველანი ბედნიერები და კარგაღჭურვილობიანები ვიქნებით.

პ.ს.  კარგი ბათინკი ძვირია, კი, სამაგიეროდ ის ძვირიანი რომ არა, შარშან ფეხს მოვიტეხდი.

როგორ ავარჩიოთ და ვიყიდოთ კარავი


DSC_3776

როგორ ვიყიდოთ კარავი მაშინ, როცა  უბრალოდ, გვინდა კარავი, რომელიც იქნება მოხერხებული და არ ეღირება ცეცხლის ფასი? მე შემიძლია აღვწერო სუპერპუპერთვისებიანი კარვები, რომლებიც უძლებენ ყველანაირ ამინდს თოვლის ჩათვლით, ქარებს და ქარიშხლებს (ძალიან მინდა ასეთი), მაგრამ მე ძალიან ცოტას ვიცნობ, ვინც ასეთ კარავს იყიდის და ვინც იყიდის, იმას ჩემზე მეტი ნამდვილად ეცოდინება. ხოდა, მაშ ასე, მინი-გზამკვლევი მათთვის, ვისაც უბრალოდ, თბილ ამინდში ორ-სამდღიანი ლაშქრობისთვის კომფორტული კარავი ჭირდება.

კარგად მიმოვიხედოთ

კარავი თუ გინდა, ესეიგი ლაშქრობებში ხშირად დადიხარ, ლაშქრობებში თუ ხშირად დადიხარ, გარშემო ბევრი კარავი იქნება და ამათში დიდი შანსია იყოს ისიც, რომელშიც წვიმის დროს შეეფარე, გეძინა, მოგეწონა. ხოდა ახლა ბარემ იყიდე, ზედმეტი ფიქრის გარეშე.

ნუ თუ ფიქრი და რჩევა არ გეზარება, მაშინ დავიწყოთ…

რამდენკაციანი?

თუ ფეხით არ დადიხარ და ზურგით არ დაგაქვს, რამდენიანიც გაგიხარდება.

თუ ფეხით დადიხარ, ორკაციანზე მეტი სისულელეა (ანუ მძიმეა) ჩემი აზრით, გაჭირვებაში ჩემს ორკაციან კარავში ოთხ გოგოსაც გვძინებია და ისე სამი გოგო ეტევა კარგად. (ჩანთები გარეთ ელაგა). გზაში სიმძიმის გადანაწილება მოსულა, მაგრამ ამასობაში შეიძლება რამე დაკარგო.

რამდენკარიანი?

რავიცი, მე რომ მკითხო, ორი კარი უნდა ქონდეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთმანეთის თავებზე არ იაროთ, მეორე იმიტომ, რომ განიავებაა მოსახერხებელი და მესამეც იმიტომ, რომ არასოდეს იცი, კარვის რომელი მხრიდან მოგინდება, რომ გამოძვრე და მეოთხეც, როცა ჩანთებს გარეთ ალაგებ, ერთ კარს ამოქოლავ და საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ ზმეიკას გახსნი ოდნავ (წვიმაში განსკუთრებით სასარგებლოა).

რამდენტენტიანი?

ორი. ნუ ახლა ბავშვის გასართობად თუ გინდა, ერთტენტიანიც წავა. სხვა შემთხვევაში ორიანი უნდა იყოს, რომ წვიმაში დაგიფაროს. ტენტი ბოლომდე უნდა ფარავდეს კარავს და მარტო წვერზე არ უნდაიყოს დაკოფსებული. ზედა ფოტოზე ბოლომდეა დაფარული და შიდა ტენტი არ ჩანს.

რამდენმილიმეტრიანი ტენტი?

გულწრფელად, მე 500-იანი მაქვს და მთელი ღამე კოკისპირულ წვიმას გაუძლო, არადა  ითვლება, რომ მინიმუმ 800მმ უნდა იყოს, რომ წვიმაგაუმტარი ერქვას. ზოგადად, რაც მეტია მილიმეტრი, მით მეტია ფასიც. ყველაზე მარტივი ამაზონზე რევიუების გადაკითხვა და იმის გაგებაა, რამდენად წყალგამძლეა კარავი.

მეორეც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაშლი კარავს, თუ შიდა და გარე ტენტები სადმე ერთმანეთს ედება, 800, 1000 და ა.შ. მილიმეტრიანშიც გაატანს წყალი. ნუ თუ 4 და 5 დღე გაუთავებლად იწვიმა, ასეთ ამინდში კი ჩამოვა ცოტა წყალი, მაგრამ მასეთ პახოდებში მავალი მე ძალიან ცოტა ვიცი. აი ძალიან არ უნდა გაგიმართლოს, 5 დღე რომ კოკისპირულად გაწვიმდეს თავზე. ერთი ეგაა, 500-იანში უფრო მალე  გაატანს, ვიდრე 1500-იანში.

ვესტიბიულით თუ მის გარეშე?

ზუსტად არ ვიცი რა ქვია იმ სივრცეს, კარავის შიდა და გარე ტენტებს შორის რომ რჩება კარის წინ. აუცილებლად ვესტიბიულით, წინააღმდეგ შემთხვევაში კარვიდან გამოსული არ იქნები, რომ წვიმა ჩაგიძვრება კისერში. მე მანდ ვალაგებ ხოლმე ჩანთას, ბათინკებს, ვიკრავ ფეხსაცმელს, ვიხდი და ვტოვებ სველ საწვიმარს და ეს ყველაფერი არის თავისთვის, გარეთ და არ მებლანდება ფეხებში ანუ კარავში, სადაც ისედაც სულ არეულობაა. და თუ შემთხვევით თავს ძროხა დაგესხა, კარვის გარეთ დატოვებულ ნივთებს უბრალოდ, ვერ დაინახავს და ვერც შეგიჭამს. (სულაც არაა სასაცილო, სამჯერ გამაღვიძა წელს ძროხების თავდასხმამ)

nemo_losi_2p_tent_door_open

აი ამ ფოტოზე ჩანს ვესტიბიული, ანუ სივრცე გარე და შიდა ტენტებს შორის.

უწიპუწი დეტალები

ნუ ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ კომფორტებს, როგორიცაა:

  • აქვს თუ არა ზედა გასაბმელი თარო, სადაც შემოდებ ფანარს, დაალაგებ წვრილმან ნივთებს, რომელიც ღამე ხელის გაწვდენაზეა
  • რამხელაზე აქვს ბადიანი ნაწილი შიდა ტენტს. ნუ ზოგს ურჩევნია ნაკლები ვარსკვლავიანი ცა იხილოს უმეორეტენტოდ, ზოგს კიდევ ურჩევნია ნაკლები და და მეტი ნეილონი- ასე თითქოს უფრო დაცული ხარ
  • აქვს თუ არა ორმაგი კარი. ანუ კარი ერთია, მაგრამ აქვს ბადე და ნეილონი, ზაფხულობით ჩახსნი ნეილონს და ბადეში გძინავს გრილად, კომფორტულად და ჰერმერტულად. (ნუ მერე რა, რომ ღამე შეიძლება გაიღვიძო და ბადეზე გარედან ამოფოფხებული მსუქანი მინდვრის თაგვი დაინახო).

წონა

ამ ყველაფერს რომ გადწყვეტ და რამდენიმე კარავს აარჩევ, საბოლოოდ იყიდე ის, რომელიც უფრო მსუბუქია.

სად ვიყიდოთ?

ა) ვიშოვოთ ნაცნობი, რომელმაც ზუსტად იცის, სად იყიდება კარგი კარვები იაფად და ვთხოვოთ, გვაყიდინოს

ბ) გამოვიწეროთ ამაზონიდან

გ)ფაოვიწეროთ სიერადან, სადაც ყოველთვის ფასდაკლებები აქვთ, ზოგჯერ 80%-მდეც კი.

სად არ ვიყიდოთ?

ფრონცკ სპორტულ  ბრენდ მაღაზიებში

არა ნუ ფული თუ არ გენანება, იყიდე, მაგრამ მე თავს შევიკავებდი.

რომელი ბრენდის?

Eureka, Marmot და  Coleman ზუსტად ვიცი, რომ კარგია. სხვა დანარჩენისთვის, უბრალოდ, დაგუგლე და რევიუები ნახე აუცილებლად.

როგორი არ ვიყიდოთ?

  • ერთტენტიანი/ ძალიან პატარა ზომის მეორე ტენტით. მე მაგალითად არ ვიყიდიდი ამას
  • ცუდი რევიუების მქონე (როგორი რეკლამაც არ უნდაქონდეს, რევიუები უფრო მართლები არიან ხოლმე)
  • დახვლანჯული ფორმის. რაც უფრო გლუვია კარავი, მით უფრო ნაკლებად წაიღებს ქარი

ხო, მე Eureka Apex 2T მაქვს, ორკაციანი, ორკარიანი, ორვესტიბიულიანი, ორმაგკარიანი, ბევრბადიანი, ძალიან მოსახერხებელი და სწრაფადგაშლადი. ერთადერთი მინუსი წონა აქვს, ჩემთვის მძიმეა, თუმცა 50-კილოიანი გოგოსთვის ყველაფერი მძიმეა ხოლმე.

რამე მნიშვნელოვანი დეტალი თუ გამომრჩა, აგერ ვარ, გისმენთ, მითხარით და ჩავამატებ.