თბილისური დილა


რამდენი ხანია, შაბათ-კვირას ქალაქში არ ვყოფილვარ, თან ისე, რომ საქმის ნატამალიც კი არ მქონია და სრული უსაქმურობა კიდევ…

გუშინ დაძინების წინ ვიღუშებოდი წინასწარ, რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო ამ მოჟამულ დღეებში შაბათ-კვირას სახლში გამოკეტილმა თქო, თან არაფრის დაგეგმვის ხასიათზე არ ვარ, ხოდა…

დილას, უფრო წორად თორმეტ საათზე რომ ავიზლაზნე კიდევ უფრო მოღუშული, აი ეს დამხვდა ფანჯარაში და გადავღიმილდი.

DSC_9018

მეზობლის აივანზე ბეღურა თბებოდა.

DSC_9052

პირველ სართულზე უკიდეგანოდ ხმამაღალი ბავშვი ყავთ, სამაგიეროდ ბავშვის სათამაშოები კარგად ჯდება კადრში.

DSC_9046

კორპუსის ფონზე.

DSC_9040

რა ხეა არ ვიცი, მაგრამ ლამის იანვრამდე აქვს ხოლმე ყვითელი ფოთლები.

DSC_9063

პ.ს. პიჟამოზე უზარმაზარი ხალათი მაქვს მოცმული, ზემოდან ურჯულა წითელი პლედი მაფარია, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს,  გვერდზე ყავის ჭიქა მიდგას,  ფანჯარაში მზე ჩანს და რომ არ ციოდეს, გარეთაც გავიდოდი.

Advertisements

ჭიქა ყავის ისტორია – შარო


ბავშვობაში,  ისე არ ვიძინებდით, ბებიას შაროს ისტორიას თუ არ მოვაყოლებდით.

შარო ლეკი იყო. ანუ დიდო. შეიძლება ეს ორი სხვადასხვა ერი/ეთნოსია, მაგრამ ჩემთვის დღემდე ერთიდაიგივეა.

შარო კოჭლი იყო, შვილი ყოლია და მოუკვდა, თვითონ კი, ავადმყოფი და დაკოჭლებული, ალვანში დადიოდა კარდაკარ. ჯერ სამუშაოდ, მერე და მერე, როცა მუშაობა ვეღარ შეძლო, სამათხოვროდ. დაღრეცილი ფეხსაცმელი ეცვა, მუქი ფერის ტანსაცმელი და ჯოხით დადიოდა. მე მეშინოდა და გავრბოდი, ჩემი ოთხი წლით უმცროსი ძმა კი შაროს დანახვაზე, “ბებია, შარო მოვიდა, პური მივცეთო” გამორბოდა. ბებიაჩემიც, იმ მშიერ 90-იანებში მთლიან პურს გვაძლევდა ხოლმე, შაროსთვის მისაცემად.

სამადლოდ ცხოვრობდა გვერდით ქუჩაზე, ვიღაცის სახლის უკანა კედელზე მიშენებულ ფარდულში. შეშის ღუმელი ქონდა, ტახტი და მეტი არაფერი. ერთ დილას, ზამთარში, ლოგინიდან ჩამოვარდნილი და გაყინული იპოვეს. ეტყობა ცუდად გახდა, დასაძახებლად წამოდგა, მიშველეთო,მაგრამ წაიქცა და ადგომა ვეღარ შეძლო.

ეს ფოტო დიკლოში, მესაზღვრეების სახლის აივნიდანაა გადაღებული. იქ, შორს, თუ არ ვცდები, უკვე აღარაა საქართველო. იქ დაღესტანია, ლეკების და დიდოების საცხოვრებელი ადგილები, ის მხარე, საიდანაც შარო მოვიდა თუშეთში.

თუშები წასულების სადღეგრძელოს მერე აუცილებლად მოაყოლებენ ხოლმე “ცოდვილა-უპატრონოების” სადღეგრძელოს. ანუ იმ ადამიანების, ვისაც მომხსენიებელი არ დარჩა, შვილი, ნათესავი.

ხოდა, მოდი, სიმბოლურად, ეს ჭიქა ყავის ისტორია შაროსი იყოს.

ხარაგაულელი მწყემსები


ოდესმე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გასეირნებას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად აიყვანეთ მეგზურები.

რატომ?

წინა დღეს თექვსმეტი კილომეტრი ვიარე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, პანორამების ბილიკზე. მძიმე ზურგჩანთა ცხენმა ატარა, მწვანე ზურგჩანთაში ჩაგდებული  ფოტოაპარატი, მოსასხამი, ქიშმიში და წყალი ბოთლით-მემ.

ღამე კარავში შევძვერი, კარი ღია დავტოვე, საძილე ბოლომდე შემოვიკეცე, კეთილი მასპინძლის მიერ დატოვებული პლედიც გადავიფარე, ცხვირი გავყავი გარეთ, სუფთა ჰაერის სასუნთქად და თვალებიდან  თმები გადავიწიე, ვარსკვლავიანი ცის დასანახად.

დილა ასეთი გათენდა. მზიანი და ლურჯციანი.  უსასრულოაღმართდაღმართებიანი, ფერად და უსასრულოველებიანი.

მერე ლურჯი ცა  განაცრისფრდა და წვიმამ დასცხო.  გამყოლმა ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს, ბილიკიდან გადაუხვია ცხენებიანად და გაიქცა. გამოვეკიდეთ.

თურმე იქვე მწყემსები იყვნენ და მათ შეგვიფარეს. ღობესთან ჩვენი ერთ-ერთი ცხენი მოჩანს, გარშემო წვიმის, ტყის და ფიჭვის სუნი დგას.  ქოხმახში ჩვენ ვართ შეყუჟულები, გამოდარებას ველოდებით, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს. გამყოლები ბილიკიდან გადახვევას და გზის მოჭრას გვთავაზობენ, სანდლები სულ დამისველდა და ბათინკები მაცვია, საწვიმარში ვიყუჟები და ძალიან ვცდილობ, სხვის პანიკაზე და წუწუნზე არ გავღიზიანდე.

მერე ვიღაცამ ყავა ახსენა, მეზობელ ქოხში გვეპატიჟებიანო. ნალექიანი, ჯეზვეში მოდუღებული ყავა ბავშვობის მერე არ დამილევია მგონი. განსაკუთრებული ვითომ არაფერი, ჩვეულებრივი ყავა იყო, მაგრამ უცებ ისე გავმხიარულდი, თავშეუკავებელი სიცილ-ხარხარით და ტლიკინით გავიარე დარჩენილი კილომეტრები, ტყეში, სისველეში, ალაგ-ალაგ ყინულივით მდინარეში.

მეგზურები რომ არა, აზრადაც არ მოგვივიდოდა გზიდან გადახვევა, არავინ შემოგვთავაზებდა სულის მოსათქმელ ყავას და თავშესაფარს, არც გზას გვასწავლიდნენ უფრო სწრაფად სამოძრაოდ და დაგვაღამდებოდა თავზე.

ხოდა,  ნუ დაგეზარებათ სხვა დროს, ნაკრძალში შესვლისას დარეგისტრირება რა ღირდა არ მახსოვს, მაგრამ ძალიან იაფი იყო, ცხენი კი 100 ლარი, ბონუსად გამყოლით. (ერთი ცხენი=4 ზურგჩანთა=კაცზე 25 ლარი)

შატილი და ჭიქა ყავა


 

შატილის ფართოდ ცნობილი ამ ხედის გარდა

კიდევ ასეთი ხედიც არსებობს.

არაფერი განსაკუთრებული, ხომ?

სახლებს შიგნითაც დიდი ვერაფერი, შესასვლელი, რამოდენიმე ოთახი და კისრისმოსატეხი კიბე, რომელიც ერთი შეხედვით სარდაფში ჩადის.

ეს  უფერული, ერთსართულიანი და უღიმღამო სახლები სინამდვილეში ორსართულიანია, ორი დიდი აივნით და ულამაზესი ხედებით, რომელსაც  ამ ძალიან უხარისხო სურათში ჩემი ჭიქა და ვაშლის ხის ტოტი ფარავს.


ჩემი საზომებით სისხამი დილაა, ასე 7-8 საათი, “სარდაფის” საძინებელი ოთახიდან ახალი ამობობღებული ვარ, სახლის მეპატრონის სამზარეულო შტურმით მაქვს აღებული და ყავა მომზადებული. ცალ ხელში ბუტერბროდი მიჭირავს, მდნარი ყველის და ხლებცის კომბინაციით.

ჩემს ზურგსუკან ზურგჩანთებს ალაგებენ, სამზარეულოში ვიღაც უცნობები საუზმობენ (იმედია ჩემს ყველსაც გაათავებენ, უკან ჩაბარგება მეზარება), სახლის პატრონს ჯერ კიდევ ღრმად ძინავს ან არ იმჩნევს, რომ გაეღვიძა, ვიღაც ღამისთევის თანხებს აგროვებს, სკოლასთან დაბანაკეულ კარვებში ალბათ უკვე გაიღვიძეს და კარვებს კეცავენ.

მე ჩემს მწვანე ქურთუკში ვარ გახვეული, ჰაერი სუსხიანია და ისეთი ცინცხალი, მხოლოდ მთაში რომ იცის, ცხვირს ყავის არომატზე ვითბობ და წინასწარ მიხარია მუცო და ანატორელები.

ჭიქა ყავის ისტორია : გურია


აგვისტო იყო,  ბახმაროში მივდიოდით, მარშუტკით, ბევრი ადამიანი.  საღამოს გავედით თბილისიდან და რასაკვირველია, გზაში ჩამოგვაღამდა თავზე.
მივდიოდით და გზადაგზა აქეთ-იქით ვიყურებოდით, საბანაკე ადგილს ვეძებდით, რაიმე მინდორს, გზის პირას. მიხვეულ-მოხვეულ გზებზე კი ან დამუშავებული მინდვრები გვხვდებოდა, ან სახლები, ბევრი სახლები…
ამასობაში ჩოხატაურში შევედით, ვიარეთ, ვიარეთ, მიტოვებული შენობა დავინახეთ, გავჩერდით და შევესიეთ.

არჩევანი იყო ოთხი: ა) ძილი მარშუტკაში, სკამებზე
ბ)კარვის გაშლა
გ) ოთახების დათვალიერება
დ) აივანზე ძილი

მე აივანზე ძილი ვარჩიე,  გავშალეთ პარალონები შედარებით მოშორებულ და მყუდრო კუთხეში, ჩავძვერი საძილეში, ავიხედე ზემოთ და… დიიიდი ხვრელი დავინახე ჭერში.

მთელი ღამე მესმოდა როგორ დაცუნცულობდნენ თაგვები ზემოთ და მე მშვიდად ვიწექი იმის იმედით, რომ ჩოხატაურელი წრუწუნები მუხლმაგრები არიან,  ფეხი არ უცურდებათ და ჭერის ხვრელებიდან აივნებზე არ ცვივიან ხოლმე.

დილას ახალგაღვიძებულმა წყალი რომ მოვიკითხე ყავის იმედით, იქვე ჩამოკიდებული ბოთლისკენ მიმითითეს, პირი ეკონომიურად დაიბანეო.

დავიბანე ნისკარტი და გავუდექით გზას. ვზივარ და ვცდილობ პროვოკაციებს არ წამოვეგო, მე დღეს ყავა არ დამილევია და შესაბამისად, ჩემს ადეკვატურ მეს ჯერ კიდევ ძინავს.

არ მახსოვს, როდის, როგორ, რატომ ან ვინ გადაწყვიტა, რომ ბახმაროში სახლი გველოდა და გასაღები უნდა აგვეღო, მაგრამ ერთ სოფელში შევჩერდით, ვდგავართ, ველოდებით რაღაცას, ან ვიღაცას. ჩვენ რა, ერთი ბიჭი ელოდება. ჩვენ იმ ბიჭს ველოდებით. მე არაფერსაც არ ველოდები, მორჩილად ვზივარ, უყავო და საწყალი.

მოირბინა იმ ბიჭმა, ერთს უთხრა ყავაზე შემოდითო სახლშიო. იმ ერთმა მეორეს ხელი სტაცა, წამოო, იმ მეორეს მე გავეკიდე.

მოკლედ, მთელი ოცი კაცი შეესია ერთ პატარა სახლუკას გურიის სტუმართმოყვარე,  მწვანე სოფელში.

ვდგავარ, ზრდილობიანად ვიწურები, ვიღიმები შეძლებისდაგვარად, მასპინძლების ფუსფუსებენ, სასუსნავებს მოეზიდებიან და ამასობაში გამოაქვთ ლანგარზე დალაგებული პაწუკა, ორთქლადენილი ჭიქები.

რამდენიმე წამში უკვე ყავის ჭიქაზე ხელებს ვითბობდი, ორთქლზე ცხვირს და არომატზე ხასიათს.

მერე ავდექით და ბედნიერები წავედით ბახმაროსკენ, ნაბეღლავის დასალევად, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.