ვინამ სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია – 4 დღით თუშეთში


არსად არ დაკუსკუსებენ ღრუბლები მთების წვერებზე ისე, როგორც თუშეთში. წავლენ-წამოვლენ, წაბოდიალდებიან, მობოდიალდებიან და იმ მთის და ამ გორაკისას მოგიყვებიან.

_DSC0026

“იახლ ჯანღ ქურდულად ჩამიიპარ დანოსო” ტყუილად კი არ მღერიან იმ სიმღერაში, ყველაზე ძალიან რომ მიყვარს, Continue reading

Advertisements

ტბათანა


როგორც თბილისიდან წყნეთში ახვიდე დასასვენებლად  – აი დაახლოებით ასე წარმომედგინა ბავშვობაში ტბათანა – წოვა-თუშების საზაფხულო აგარაკი

DSC_0467

ტბათანაში ფაქტიურად, ქოხები დგას, ნახევრად დანგრეული, ჩამოფაცხავებული, კედლებზე მილურსმული ხის “საწოლი” თაროებით, ვიწრო ფანჯრებით ან მათ გარეშე, კარები კი ყველას ხეობისკენ, მთებისკენ აქვს გაღებული.

DSC_0518

ადრე აქ ძალიან ბევრი ოჯახი ადიოდა ზაფხულობით, უმეტესობას მსგავსი ხის სახლები ქონდა, ნაწილს კარვები. მერე 90-იან წლებში, პანკისის ამბების დროს, ქოხები დაინგრა, ნაწილი ვეღარ ავიდა, ნაწილი აღარ, ნაწილს უცხო მიმსვლელებმა მოუღეს ბოლო და ასე… ახლა სულ რამდენიმე ქოხია დარჩენილი.

DSC_0487-2

თუ ახვალთ, აუცილებლად დაგხვდებიან სტუმართმოყვარე მეცხვარეები და გიმასპინძლებენ. ჩვენ რომ ვიყავით, წვიმდა, ციოდა და ნისლი იყო. ცეცხლი დავანთეთ და შენიშვნა მოგვცეს –  აქ არაფერი დააზიანოთ, თორემ თუშები იტყვიან, რომ ქისტებმა გავაფუჭეთო.

დანგრეულების გარდა, ახალი, ფეშენებელური, ოროთახიანი ქოხიცაა, სადაც რამოდენიმე ადამიანს გვეძინა. კარებები არ იკეტება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ღამე გაათიოს.

DSC_0491

 

წყალი და საკარვე ადგილები

გზადაგზა, ნაკრძალში, ალბათ იქნება რამე წყარო, ტბათანაში სულ ერთი ცალი ვიპოვეთ, რომელიც ძალიან ცივი და გემრიელია და ასე გამოიყურება.

DSC_0514

 

 

 

საკარვე ადგილიც ყველგანაა, სადაც გაგეხარდება და კარავს დასცემ.

როგორ უნდა მოხვდეთ აქ?

როგორ და… ყველაზე იაფად ალბათ ახმეტა-მატანის მარშუტკით ორთაჭალის სადგურიდან, ახმეტაში კიდევ რამეში გადაჯდომით და მერე ფეხით, ბაწარას ხეობის გავლით სულ პირდაპირ. სულ პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით ვიძახი. გზა მიხვეულ-მოხვეულია, გზის შემოკლება შესაძლებელი, ჯიპიესის არსებობის შემთხვევაში.

წვიმიან ამინდში ყველაზე იოლად სამხიდიანი მანქანით მიხვალ. ჯიპიც, შესაბამისი კარგი, გამოცდილი მძღოლით. ჩვენ კამაზით ვიყავით, ანუ სამხიდიანით. მძღოლი თან მე მეჭორავებოდა, თან გზას უყურებდა და არხეინად მართავდა მანქანას, ძარაზე მდგომებს კიდევ გული უსკდებოდათ. სლაიდშოუ დაახლოებით წარმოდგენას იძლევა, როგორი გზებია აქ მაისში…

 

This slideshow requires JavaScript.

ჩვენს თვალწინ, რამოდენიმე წუთში, შავი ღრუბლები გადაიყარა და თოვლიანი მთები დავინახეთ.

CSC_0644

 

ამ ტყეში, მთების ფონზე რომაა, გადაშენების პირას მდგომი ხე,  უთხოვარი, იგივე ურთხელი იზრდება.

DSC_0454

ცოტაც და ტბათანის ხედები გამოჩნდა

This slideshow requires JavaScript.

ტბათანას რომ გაცდები, სულ მალე, ტბათანის, ანუ საქისტოს ტბაა. ჩვენ რომ ვიყავით გუბე იყო, ამიტომ  ფოტოს ვერ შემოგთავაზებთ. ერთხელ გასეირნებად ნამდვილად ღირს.

მე აქ აუცილებლად დავბრუნდები, და თქვენც იგივეს გირჩევთ.

ზამთრის იდილია


tumblr_lxk0aqoR021r9b36fo1_500

ფეჩი გავარვარებულია და  გუგუნებს. ზედ ჩაინიკი უსტვენს მშვიდად, და ქვაბით მარცვალი სიმინდია შემოდგმული, მოსახარშად. ოთახში ორი რკინის “სეტკიანი კრაოტი” დგას და ერთი კუშეტკა, რომელზეც მე მძინავს. ერთადერთ ფანჯარაზე გამჭვირვალე ფარდაა ჩამოფარებული, საიდანაც დათოვლილი თხილი ჩანს. ფანჯარას უზარმაზარი რაფა აქვს და ხის სტავნების უკან ჩემი წიგნია მიმალული- ზაქარია ზაგადკინის თავგადასავალი.

მე იატაკზე დაფენილ, შინნაქსოვ ფარდაგზე დადებულ ყურთბალიშზე ვზივარ ფეხმორთხმული, კალთაში ვაზა მიდევს, თითისტარი და ფთილა მიჭირავს და ძაფის დართვას ვცდილობ. ცაცი ვარ, ბებია მემარჯვენეაა და ამიტომ ცოტა მიჭირს მოძრაობების გამეორება, ძაფი უსწორმასწორო, ალაგ წვრილი და ალაგ მსხვილი გამოდის, მაგრამ ბებია მაინც მაქებს. რომ დავართავ, მერე თითისტარიდან ამოვახვევ, ხახვის ფოჩით შევღებავთ და ყავისფერი ძაფი მექნება. წინდა უნდა მოვქსოვო. ქუსლის ამოყვანა არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი. ბებიას პატარაობაში, ფარსმაში, თურმე გოგოები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო სწრაფად მოქსოვდა წინდას.

tumblr_mrvosrxL3s1semtaao1_500

ზემოთ სხვენში თაგვი კაკალს აგორავებს. ხმაურზე ვიხედები და ჩორნაპოლს ვუყურებ. მეშინია რომ ჩორნაპოლს გამოხრავს და ჩამოვარდება. ვიცი, რომ ვერ გამოხრავს, მაგრამ მაინც მეშინია. ჩორნაპოლი რა არის და, აი ჭერზეც რომ იატაკია, ისაა. ოდნავ დაქანებულია, ან შეიძლება მე მეჩვენება, როცა კუშეტკაზე ვწევარ დილაობით, ფეხები საბნიდან მაქვს გამოყოფილი და გავარვარებულ ფეჩს ვუშვერ გასათბობად, ლოგინში ვნებივრობ და ჭერს მივჩერებივარ.

ამ ამბის მერე 20 წელია გასული, მაგრამ დღემდე ვგრძნობ იმ ცეცხლის სითბოს ფეხისგულებზე. იმ სახლში კი ახლა სხვა ოჯახი ცხოვრობს.

 

ჩემი ახალი ბლოგი


იდეა ძალიან დიდი ხანია მაქვს, ცალკე ბლოგი თუშეთზე

აქ იმას დავწერ, როგორ დავბოდიალობდი, კიდევ ნაირ-ნაირ საინტერესო ამბებს, ლეგენდებს და მსგავს წვრილმანებს.

თუ რამე ახალს გავიგებ, იმასაც არ დავიზარებ

 

მოკლედ, მესტუმრეთ ხოლმე აქაც, დამაიფეისბუქლაიქეთ და წარმატებები მისურვეთ

https://www.facebook.com/abouttusheti

http://danoeli.wordpress.com/

 

პ.ს. დომენის აღებისას ყველაფერი დაკავებული იიყო და ბოლოს ჩემი სოფლის სახელი ავარჩიე, მოკლე, კონკრეტული და ნუ, ხო, თუშეთთან არ ასოცირდება, მარა ეგ მემგონი არაუშავს.

 

ხო, აქ წერას არ ვწყვეტ, რა სისულელეა :დ

უ-ფესვ-ებო


თქვენ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება მთისადმი. მე მიყვარს მთა, მთის ხალხი. ის, რომ შენ მთიელი ხარ, ჩემს თვალში უკვე ერთი პლიუსია, ყოველგვარი პირობითობების გარეშე.

DSC_8220

მე არასოდეს  მყვარებია ამერიკა. ანუ ა.შ.შ.  რაღაცა მეკლდა იმისთვის, რომ მომწონებოდა. და მერე მივხვდი რაც.

იქ უფესვებო ადამიანები ცხოვრობენ. თანამედროვე ამერიკას ფესვები არ აქვს, ის ბოტანიკური ბაღია, რომელიც სხვადასხვა ტყეებში ამოგლეჯილი და შემთხვევით შერჩეული ხეებისგანაა გაკეთებული.

და

კი, ძალიან ლამაზია

მაგრამ

სული არ აქვს.

სოფელში, იქ, სადაც შენი ფესვები ყველაზე ახლოსაა, ცხოვრება უკიდეგანოდ ძნელია. იქ, სადაც ყველამ ყველას  ისტორია იცის და შენს საკუთართან ერთად წინაპრების ცხოვრებაც გაქვს საზიდი მხრებით…. მაგრამ უკიდეგანოდ საინტერესოა თუნდაც ის, რომ ხედავ, როგორ მეორდებიან დიდები ბავშვებში.

გულწრფელად მიკვირს ადამიანს რომ ვეკითხები სადაურია და მან ეს უბრალოდ, არ იცის. ასეთი დიდიც არაა საქართველო, რომ არ იცოდე, საიდან ხარ.

ის ფილმი გახსოვთ ალბათ – შვილიშვილს რომ ჩამოაქვს ბაბუას ფერფლი და თავისთვის უკვირს, ნეტა ვინ დამხვდებაო… და ვაგზალზე, წვიმაში- ქოლგების ტყეს რომ დაინახავს, მდუმარეს. აი ეგაა ფესვები, მეტი კი არაფერი.

მე მეცოდება ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფესვები.

ან იქნებ ისინი უფრო თავისუფლები არიან, ვინც უფესვებოდაა და დაფრინავს, სადაც გაეხარდება?  მას ვერავინ ვერასოდეს მოახვევს თავზე ვერაფერს. ჩვენ ხომ ხშირად გვაწერენ ჩვენი ბებია-ბაბუების ისეთ თვისებებს, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს…

ვინ იცის…

მაგრამ მაინც, სადაც არ უნდა წავიდე, მსოფლიოს რომელ მხარეშიც არ უნდა ვიყო,  მეცოდინება, რომ სადღაც, თუშეთში, ბაბუაჩემის მიერ გაშენებული ტყეა.

თქვენც გექნებათ რამე, მსგავსი ამბავი…

და ეს ჩემი, შენი, ჩვენი ფესვი ღირს იმად, რომ წარსული  ატარო მხრებით.

როგორ უნდა მოვიქცეთ მთაში, ანუ სახელმძღვანელო დამწყებთათვის


ამასწინათ ერთმა კარგმა გოგომ ფეისბუქზე ერთი კარგი ექსკურსია დაგეგმა, ლაშარის და იახსრის სალოცავების მოსალოცად.

სად იყო და სად არა, გამვლელმა მართლმადიდებელმა შენიშვნა მიცა, აგდებული კილოთი: ეს წარმართული კერპებია, რის სალოცავად მიდიხარ კიმარა-ო.

კეთილი რჩევა: არასოდეს არც ერთ მთიელს არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ მსგავსი რამ. მითუმეტეს მსგავსი კილოთი. მითუმეტეს მთაში. მითუმეტეს დღეობაზე.

მთაში ძალიან ძლიერია ხატებისადმი და სალოცავებისადმი რწმენა, იმდენად ძლიერი, რომ ტრადიციული ეკლესია აგერ რამდენი წელია ცდილობს, ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ხატობები მაინც იმართება და იმედია კიდევ დიდხანს იდღეობებენ მთებში.

ეს რწმენა იმდენად ძლიერია, რომ თუშეთში ქალები დღემდე არ შედიან სალოცავების ტერიტორიებზე და ყველა ბალღმა ზეპირად იცის სადაა ხატები.

ფარსმა

ფარსმა

მე მუცოზე ბოლომდე ვარ ასული. თურმე არ შეიძლება. ჯერ ერთი, ხატია და მეორეც ერთი, იქ თურმე ყველა მამრიც კი ვერ ადიოდა. რატომ ავედი? არ ვიცოდი. ახლა ვიცი და მართლა აღარ ავალ. იმიტომ არა, რომ ვინმე რამეს მიშლის (ქალმა თუ გაიწია, ბლაბლაბლა…) უბრალოდ, მე ვირჩევ სხვისი ადათ-წესების პატივისცემას.

თუშეთში ყველა სოფელშია ხატები, ზოგგან რამდენიმეც. დიკლოს ერთ “ქუჩაზე” ვერც გაივლი, სახლ-სახლ უნდა მოუარო, შენაქოში კი პირდაპირ ეკლესიის უკან იყო, მე როცა ვიყავი. დანოში ცოტა მოშორებითაა, ასევე ფარსმაშიც.

IMG_0224

დანო

ხატის ნიშის ცნობა ძალიან ადვილია,  სიპის ქვისგან ნაშენი პაწუკა კოშკივითაა.  ზოგან მისვლა მხოლოდ იმ მდედრებისთვის შეიძლება, რომლებსაც ციკლი არ აქვთ, ანუ ბავშების და ბერდედების-მოხუცებისთვის.(ასე მეუბნებოდა ბებია)

თუ მთიელი გახლავს თან, აუცილებლად მიგითითებს ამაზე. შენი ნებაა, შეასრულებ თუ არა, მაგრამ მე ძალიან მწყინს, როცა ამ წესს აბუჩად იგდებენ. ვიღაც მწყემსი შეიძლება პირდაპირ გამოგივარდეს ყვირილით, ჩემნაირი ზრდილობიანი ვერ გამოდგეს…

მთავარია გახსოვდეთ, რომ მთა არაა ბარი, აქ სხვა წესებია და სულ სხვა ხალხი ცხოვრობს. და ჩვენ, ბარში ჩამოსულები თუ შევდივართ ეკლესიაში მანდილით, თქვენ რა დაგიშავდებათ, რომ სულ ცოტა ხნით იცხოვროთ იმ საქართველოს წესებით, რომელიც ჯერ არ გინახავთ?  მთები მარტო მწვერვალები და ხედები არაა, მთები ხალხია, სოფლებია, ხატებია და დღეობებია...

მთაში სტუმრები ძალიან უყვართ, მაგრამ თუ სტუმრად მიდიხარ, იქაურ წესებს მინიმუმ პატივი მაინც უნდა სცე და თუ არ გწამს და არ გჯერა, ისე მაინც მოიქეცი, რომ მის ტრადიციას შეურაცხყოფა არ მიაყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიელები გამიბრაზდნენო, არ უნდა იწუწუნო. და თუ იქაურ ქუდსაც დაიხურავ, ვინ იცის, იქნებ შენც შეგეწიოს მთის სალოცავების ძალი და მადლი.

მთის ადამიანები


მთის ადამიანები

ბარად ჩამოსულები

მთასმონატრებულები.

DSC_2332

მთის ადამიანები-

ისეთი ამაყები,

ისეთი ფიცხები,

ისეთი განსხვავებულები და

მაინც ერთნაირები.

DSC_2273

მთის ადამიანები…

მათ სულ ახსოვთ და ეძახით

სახლი, რომელიც მთებში,

ზეცაში დარჩათ

და

სახლი, რომელიც არასოდეს ექნებათ ბარში.

მთის ადამიანები

ყოველთვის ბრუნდებიან იქ, სადაც ცხოვრება ეძახით.

იქ, სადაც ჰაერი სიყვარულითაა სავსე

და

დილაობით ღრუბლები სტუმრად ჩამოდიან,

კოშკებს კი  მტრების დაჭრილი ხელები ახსოვთ.

იქ, სადაც სოფლები ჩიტის ბუდეებივითაა შეფენილი

ციცაბო ფერდობებზე.

DSC_2542

არა, მე არაფერი.

უბრალოდ, თუშეთი მენატრება სულ, 24/7. იქაური გზები, ჰაერი, ქვები, სიპებით ნაშენი კოშკ-სახლები, ცაში გამოკიდებული გზა და ბილიკები, დათხური, ქონდრის ჩაი, კალტი, ხინკალი. ჩაღმური ლაპარაკი მენატრება კიდევ, და წოური “ქხ”, რომლის გამოთქმაც ვერაფრით ვერ ვისწავლე.

თუშები ყოველ წელს ბრუნდებიან მთაში, ხევსურებს მუდამ ახსოვთ ვისი გორისანი არიან, სვანები არც არასოდეს გამხდარან იძულებულნი, მამა-პაპის სამოსახლო დაეტოვებინათ. მთიულები, მოხევეები…. ჩემს გულში დასამკვიდრებლად ხანდახან სრულიად საკმარისია, მთის ადამიანი იყო, ან მთა გიყვარდეს, იმიტომ რომ აქვთ რაღაც საერთო ასეთ ადამიანებს. თავისუფლება უყვართ, მაგალითად.

თუშეთის თოვლიანი გზები


მე: გირევში და ჰეღოში მოსახვედრად მდინარე გადავიარეთ, ისეთი საშინელი ნაშალიანი გზები იყო, კამაზი ძლივს მიდიოდა.
დედაჩემი:  მანდ გზა გაიყვანეს? რა კარგია, მე რომ ვიყავი, ცხენზე ვიჯექი, ისეთი ბილიკი იყო, ცალი ფეხი ხრამზე მეკიდა და ცხენი ძლივს დადიოდა, გზის სინჯვა-სინჯვით.

ქვედა მარცხენა კუთხეში ჩვენი კამაზია. ფოტო გადაღებულია ჰეღოდან. მარცხნივ გორის უკან გირევია

ომალოდან რომ გამოვედით, ცრიდა.

მერე წვიმდა

მერე კოკისპირულად წვიმდა

მერე ცერზე ავედით და

მერე ბარდნიდა.

გოგოები სიმღერებს მღეროდნენ

კამაზი მიხრიგინებდა

მე საწვიმარში ვიყავი გახვეული

და

მიხაროდა, რომ იქ ვიჯექი

და

სულერთი იყო, რომ მციოდა,

რომ მაწვიმდა

მათოვდა,

ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი

და

ცხვირიც ცოტაარიყოს წაყინული მქონდა

(კაბინაში ჯდომაზეც კი არ მქონდა პრეტენზია)

მთავარი ის იყო, რომ მიმავალ კამაზში ვიჯექი და არა სადმე მიწაზე ვეგდე თავგაჩეხილი.

პრიორიტეტები ხანდახან რა საყვარლები არიან ხოლმე, არა?

პ.ს. ჩვენი მძღოლი. ფოტო გადაიღო ფიქრომ.

ცოცხლები ხართო?

კიდევ დავბრუნდები

იმედია

ჭიქა ყავის ისტორია – შარო


ბავშვობაში,  ისე არ ვიძინებდით, ბებიას შაროს ისტორიას თუ არ მოვაყოლებდით.

შარო ლეკი იყო. ანუ დიდო. შეიძლება ეს ორი სხვადასხვა ერი/ეთნოსია, მაგრამ ჩემთვის დღემდე ერთიდაიგივეა.

შარო კოჭლი იყო, შვილი ყოლია და მოუკვდა, თვითონ კი, ავადმყოფი და დაკოჭლებული, ალვანში დადიოდა კარდაკარ. ჯერ სამუშაოდ, მერე და მერე, როცა მუშაობა ვეღარ შეძლო, სამათხოვროდ. დაღრეცილი ფეხსაცმელი ეცვა, მუქი ფერის ტანსაცმელი და ჯოხით დადიოდა. მე მეშინოდა და გავრბოდი, ჩემი ოთხი წლით უმცროსი ძმა კი შაროს დანახვაზე, “ბებია, შარო მოვიდა, პური მივცეთო” გამორბოდა. ბებიაჩემიც, იმ მშიერ 90-იანებში მთლიან პურს გვაძლევდა ხოლმე, შაროსთვის მისაცემად.

სამადლოდ ცხოვრობდა გვერდით ქუჩაზე, ვიღაცის სახლის უკანა კედელზე მიშენებულ ფარდულში. შეშის ღუმელი ქონდა, ტახტი და მეტი არაფერი. ერთ დილას, ზამთარში, ლოგინიდან ჩამოვარდნილი და გაყინული იპოვეს. ეტყობა ცუდად გახდა, დასაძახებლად წამოდგა, მიშველეთო,მაგრამ წაიქცა და ადგომა ვეღარ შეძლო.

ეს ფოტო დიკლოში, მესაზღვრეების სახლის აივნიდანაა გადაღებული. იქ, შორს, თუ არ ვცდები, უკვე აღარაა საქართველო. იქ დაღესტანია, ლეკების და დიდოების საცხოვრებელი ადგილები, ის მხარე, საიდანაც შარო მოვიდა თუშეთში.

თუშები წასულების სადღეგრძელოს მერე აუცილებლად მოაყოლებენ ხოლმე “ცოდვილა-უპატრონოების” სადღეგრძელოს. ანუ იმ ადამიანების, ვისაც მომხსენიებელი არ დარჩა, შვილი, ნათესავი.

ხოდა, მოდი, სიმბოლურად, ეს ჭიქა ყავის ისტორია შაროსი იყოს.

ტბათანა და პანკისის ხეობა -ნაწილი პირველი


პანკისი…

შორეული ხეობა, მაღალ, ტყიან მთებში მოქცეული, პირქუში ხალხით დასახლებული ადგილი, სადაც ყველა მამრი პოტენციური მოძალადე და მეომარია, კბილებამდე შეიარაღებული, ქალები გრძელი კაბებით და მანდილებით დადიან, ლამის ყოველღამე სროლები მიმდინარეობს და ქართველების შესვლა არ შეიძლება. ღამ-ღამობით იქით ვერტმფრენები მიფრინავს ხოლმე და ყოველწუთას შეიძლება ომი დაიწყოს. პანკისი ცალკე ქვეყანაა ფაქტიურად, დამოუკიდებელი, აი როგორც ჩეჩნეთი ან რამე ასეთი

ასეთი იყო ჩემთვის პანკისი 26 მაისამდე.

2 საათზე დავიძინე, ოთხზე ავდექი, ხუთზე მარშუტკასთან ვიდექი (თენდებოდასავით). რედბულს ჩავეხუტე (დილაობით კოფეინის გარეშე აუტანელი ვარ ხოლმე) და მენდელის კანონების განხილვას შევუდექი.

გზაში დაძინებას რომ ვერ მოვახერხებდი, მისვლისთანავე მივხვდი:  ზვიადის მარშუტკით მივდიოდით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომფორტულია სამგზავროდ, ვერაფრით ვერ ვიღებ ხოლმე დასაძინებელ პოზას. ჩანთები, პარალონები, სპალნიკები, პარკები ეწყო-ელაგა-ეყარა ყველგან და ხალხი ამ ჩანთებზე დადიოდა. შედარებით ფაქიზი ჩანთების პატრონები ცოტაარიყოს ნერვიულობდნენ, მე მარტივად-ფეხებთან დავიდე და ცოტა შევვიწროვდი, სამაგიეროდ ზუსტად ვიცოდი, სად და როგორ იყო ჩემი ნივთები.

მეცვა ბათინკები, ელასტიკი, გრძელი მაიკა და დაახლოებით შვიდჯერ მომიწია იმის  მოსმენა, როგორ არ შემიშვებდნენ პანკისში, მაგრამ ვინაიდან ჩადრი თან არ მქონდა წაღებული, პანკისის ხეობა იძულებული გახდა, ასეთი მივეღე, არადა ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ  შესასვლელში დიდ აბრაზე გადახაზული შორტების  და ელასტიკის გამოსახულება უნდა დამხვედროდა, დიდი მსუქანი წითელი ძახილის ნიშნით.

პირველი გაჩერება ბოჭორმა იყო, რატომ ჩავთვალე, რომ აგერ 100 მეტრში იყო პაწუკა ეკლესია, არ ვიცი. კაი ნახევარი საათი მივდიოდით და მივფოფხავდით აღმართზე, ტყეში, უხსოვარ დროს დატოვებული სარესტავრაციო მასალების გადასაზიდი რელსის გვერდით.  თუ ოდესმე წახვალთ, გაითვალისწინეთ რომ მანდ მისასვლელი სამანქანე  გზა ძალიან გაფუჭებულია+გრუნტია. ხოდა, მერე მთააზე ასვლისას პაწუკა ნანგრევი რომ შემოგხვდებათ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ და გზა გააგრძელეთ, ცოტა ხანში დიდი კედელი შემოგხვდებათ, შესაძვრომი ფანჯრით. ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, ერთი 100 მეტრი კიდევ უნდა გაიაროთ, რომ “ცენტრალურ შესასვლელს” მიადგეთ.

რომ შედიხარ, უზარმაზარი მწვანე მინდორი, ძველისძველი უზარმაზარი ხეები და ახალგათიბული ჭინჭრის სუნი გხვდება.  დიდი კომპლექსია, ეკლესიით, მის გვერდით მოქმედი ჭით, ციხით, შენობა-ნაგებობებით და ულამაზესი ხედებით.

დუისის მეჩეთი

დუისის მეჩეთი

მერე ვნახეთ ეკლესია (არჩილის მონასტერი) და  მერე კიდევ მეჩეთი. ქისტებმა ეს უკაბო და თავზე კაპიუშონწამოსხმული გოგო მეჩეთში შემიშვეს და მოთმინებით მიყურეს, როგორ ვპოზიორობდი სასურათედ,   მართლმადიდებელმა მღვდელმა ჩვენს დანახვაზე უხეშად “ტრუსიკიანი ბიჭები და შარვლიანი გოგოები არ შეუშვა”-ო გადასძახა თავის ლაქიას (ანუ ვიღაც ბიჭს, წინ და უკან რომ დარბოდა ქოშინით, მისი განკარგულებების შესასრულებლად). ქისტმა მეჩეთში შემიშვა და მართლმადიდებელმა მღვდელმა ეკლესიის კარი მომიჯახუნა :დ

ხეები ბოჭორმის ეზოში

ხეები ბოჭორმის ეზოში

არა, კი არ გავბრაზდი, ჯუსტ, გამოვშტერდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მღვდელს სახლში მივადექი და არ ესიამოვნა. უმეტესად, ან გთხოვენ ან თავშალს გაწვდიან ასე მისულს, რომ შეხვიდე და ასეთი აგრესიული და უხეში დახვედრა პირველად ვნახე. ვინც წახვალთ, გაითვალისწინეთ, ან, პრინციპში, სადმე სხვაგან წახვიდეთ, ჯობია, ღმერთი ყველგანაა და სხვაგან უკეთესი მასპინძელი დაგხვდებათ.

ჯანდაბიდან ჩამოსული, ლაშქრობაში მიმავალი ადამიანი რომ მაღალ ქუსლებზე არ იდგება, მანდილით არ იქნება და კაბა არ ეცმება, ძნელი გასაგებია? ერთხელ შენ არ შემიშვებ, მეორედ მე აღარ მოვალ და სანთლის საყიდლად გამოწვდილი ხელი არ გამიშეშდება ჰაერში, წავალ და მეორე შარვალს ვიყიდი სანთელში დაზოგილი ფულით. გიგას ჩემი დანთებული სანთელი არც ააშენებდა, არც დააქცევდა იმქვეყნად, მარა ვიღაც წვერებიანი მოკვდავის გამო რომ ვერ ავანთე, ძალიან გავბრაზდი.

კვეტერა

კვეტერას ეკლესიაც ვნახეთ.  პაწუკა, მრგვალი, მყუდრო ეკლესიაა, სახურავის სტაფილოსფერ კრამიტებზე უცნაური ცისფერი კრამიტებითაა მორთული და ყველაზე მწვანე ეზო აქვს დედამიწის ზურგზე არსებულ ეკლესიებს შორის.

დაპირებული წვიმის მიუხედავად მთელი დღე თაკარა მზე იყო. მატანში რომ შევედით, მთებიც გამოჩნდა, აი ისინი, ტბათანა სადაცაა და საქისტოს მთა იწყება. ბარში მზის მიუხედავად მთებზე შავ-შავი ღრუბლები ირეოდა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ამინდის პროგნოზს წინასწარმეტყველებდა (უმეტესად კოკისპირულ წვიმას, ან ჯუსტ წვიმას, ზოგი განსაკუთრებით ოპტიმისტი ქარსაც გვპირდებოდა). მე ჯერ პანიკას მივეცი, კარვის გაშლა მეზარებოდა წვიმაში და…მერე გამახსენდა რომ ტბათანაში ქოხებია და გავჩუმდი.

ხო, არაფერი განსაკუთრებული არ დამხვედრია პანკისში, რომ არ მცოდნოდა სად ვიყავი, ვერც ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ ოპა, პანკისი. სრულიად ჩვეულებრივი მოცინარი ბავშვები და მათი დედა-ბებიები იყვნენ იქვე, კაცებიც ჩვეულებრივები იყვნენ, მზეც ჩვეულებრივ ანათებდა და ერთადერთი, რაც სხვანაირი იყო- მეჩეთი იყო.

უფრო მეტიც, არც გზაზე შემომხვედრია რამე პოსტი, საიდანაც მივხვდებოდი, რომ პანკისი იწყება, ისე, რომ ვერც კი მივხვდი, ისე შევედი პანკისის ტერიტორიაზე.

სულ ბოლო სოფლიდან სატვირთომ აგვიყვანა ტბათანამდე (ასე 15 კილომეტრია). ჯერ ძარაზე ვიჯექი, მერე კაბინაში გადავინაცვლე, სადაც ფოტოების გადაღების შანსიც მქონდა.

ქისტი ბავშვები

ქისტი ბავშვები

პირველად თუშეთის გზებზე მოვკვდი შიშით, მეორედ აქ. ჩვეულებრივ გზებზე არ მეშინია, რა არის საშიში, გადავარდები-მიწას არ აცდები, მაგრამ აქაური გზების უმეტესობაზე თუ გადავარდი, საკმაოდ დიდხანს უნდა იფრინო, სანამ მიწას მოძებნიდე.

ამასობაში უზარმაზარი შავი ღრუბლებიც წავიდნენ და ახალმოთოვილი მთები გამოჩნდა…

ხოდა, იმას ვიძახდი, ძარაზე სანამ ზიხარ, კიდევ არაუშავს, ვერ ხედავ ვერაფერს და შიშის დიდი თვალებიც წყნარად არიან. აი, რომ დგები, თუ ხრამის მხარეს მოხვდი, ხედავ რომ მანქანა მიდის, წინ ძაფივით გზაა, გვერდიდან გზაც კი არ ჩანს, პირდაპირ ხრამია და მოსახვევებში გვერდზე რომ იხრება, თითქოს ცოტაც და, მიწას მოწყდება და გაფრინდება.

კაბინას ის უპირატესობა აქვს, რომ გზასაც ხედავ, იცი როდის მოგაჯანჯღარებს, როდის გადაყირავდები და თან შეგიძალია მძღოლს მოგონილი სიმშვიდით კითხო, კიდევ რამდენი დაგრჩათ, დიდი ხანია ალბათ რაც ამ გზებზე დადის? სულ ასეთი გაფუჭებულია ხოლმე ეს გზა? მძღოლიც, თავის მხრივ, ძალიან მშვიდად ატრიალებს საჭეს ამ ციცაბო გზებზე ისე, რომ არც კი უყურებს წესიერად, შენ მოგჩერებია და გეკითხება, კიმარა, აქ და დაგრჩენია, თბილისიდან ამსიშორეზე რომ წამოსულხარ.  შენ პასუხობ რომ ძალიან გაინტერესებს და თან დაჟინებით მიჩერებიხარ გზას, იქნებ მიხვდეს და თვითონაც გაიხედოს, თორემ ვააააააიმე რა ციცაბო მოსახვევია, მიიხედე, თუ ღმერთი გწამს, წინ, თორემ აგერ ძარაზეც აწიოკდა ხალხი. მძღოლი შენკენ ყურებას აგრძელებს და პერიფერიული მხედველობითაც კარგად კმაყოფილდება. ბოლო-ბოლო ხვდები, რომ აზრი არ აქვს, შეგეშინდება თუ არა, შედეგი მაინც ერთი და იგივე იქნება, ამიტომ მოკრუნჩხულ ნერვებს და ფეხის თითებს ასწორებ, დუნდები, ყველაფერს ფეხებზე იკიდებ და მხოლოდ ხედებით ტკბები.

ტბათანაში ადრე, ადრე, აი ჩვენი ბებიების დროს, 400-ოდე კომლი ადიოდა ხოლმე ზაფხულობით და იყო ერთი ჟივილ-ხივილი. მერე პანკისის მოვლენები მოხდა და თუშების ხის ქოხებიც მანდ მოთარეშე ბოევიკებმა  გააწინწილეს, შეშად, ნაწილიც უამინდობამ და დრომ გააფუჭა.  ახლა რამდენიმე ქოხიღაა შემორჩენილი და აღარც იმდენი ხალხი  ადის ზაფხულობით. ძირითადად პატარა ბავშვების პატრონები, მანდაურობის ერთგულები და კიდევ მწყემსები, თუშებიც, ქისტებიც, კახებიც, ისინიც, ესენიც. ქოხები არ იკეტება, შიგ არც ავეჯია. მხოლოდ ხის სკამ-თახჩები, დასაწოლად. ფანჯრებიც ძალიან ძუნწად აქვს, ერთი ან ორი, ვიწრო, როგორც დავაფიქსირე, ყველა ერთ, ალბათ ქარისგან დაცულ მხარესაა მიქცეული.

წყაროც ერთადერთია, ცივ-ცივი, კამკამა. ზაფხულობით დასალევადაც ეს წყალი მიაქვთ, საბანაოდაც, სარეცხსაც აქ რეცხავენ.

ჩასულები ავირ-დავირიეთ, ნაწილმა მაშინვე კარვები დასცა, ნაწილმა აქეთ-იქით ბოდიალი დაიწყო, ქოხებში შეიხედა, სხვა მხარეს გავარდა…

ხოდა, ერთ-ერთ  ქოხში შევსახლდი მეც. სულ ოთხი გოგო, ერთი ბიჭი და კიდევ ჩვენი ქისტი მეგზური ვიყავით. (მეგზურზე ცოტა მერე ვილაპარაკებ), გავშალეთ პარალონები ხმელ თახჩებზე, სპალნიკები, და მეტი საიმედოობისთვის ტენტიც გადავიფარეთ. ორ-ორი დავწექით, სითბოს ასე უკეთ ინარჩუნებ+ ადგილებს ვიგებდით (მეზობელმა კი გამომიცხადა დილას, მავიწროვებდიო, მაგრამ მეტრანახევარი ვარ და 50 კილო და რა შევიწროვება, ა? :ანგელოზისსმაილი: ). ხო, ერთს სულაც ერთიმეორეზე მიდგმულ მაგიდებზე ეძინა.

ამასობაში წამოჟინჟლა, დაღამდა. ბიჭებმა გზაზე მოგროვებული და ცოტაც თბილისიდან წაღებული შეშისგან ცეცხლი დაანთეს. ჯერ ქოხში, ბოლი გავა ფანჯრიდანო. ბოლი არა, მარა მე კი გამოვედი და კართან ავიტუზე. რომ შეატყეს, რომ ბოლი არსად არ აპირებდა წასვლას, გარეთ გადგეს ცეცხლი, იქვე ქოხი იყო ნახევრად დანგრეული და იმის გადმოხურულში, სახელი არ მახსოვს, ჩემს სოფელში პლოშადკას რომ ძახიან, ცეცხლი დაანთეს. ჩვენი მეგზური და მძღოლიც დაგვეხმარნენ, კიდევ იქ მწყემსებიც იყვნენ და გვაფრთხილებდნენ, არაფერი დაწვათ, თუშები ჩვენ დაგვაბრალებენო.

ქისტური ლაპარაკიც მოვისმინე და მეთვითონ დავრწმუნდი, რომ ძალიან, ძაალიან გავს წოურს (ანუ წოვა თუშების ლაპარაკს), თუმცა წოვების დამახასიათხებელი ‘ჰხ” ანუ ღრმა ხ თუ ჰ, რომლის გამოთქმაც ვერაფრით ვერ დავამუღამე, ამათ არ აქვთ.

ჰხოდა, სანამ იქ კეთილი ადამიანები მწვადებს წვავდნენ, ღვინოს სვამდნენ  და რაღაცეებს იძახდნენ, მე ერთმა კეთილმა ადამიანმა ღვინო მომცა (მე ვერ შვეეკვეხე “მაგიდასთან” და ფარ-ხმალ დაყრილი იქვე კუთხეში, სკამზე ვიძუძგებოდი სიცივისგან.

ცეცხლი რომ ჩაქრა და მწვადებიც შეიჭამა და ღვინოც დაილია და წვიმამაც გადაიღო, ყველანი ჩვენ-ჩვენ ლოგინებში კიარადა ქოხებში და კარვებში და სპალნიკებში გავეშურეთ იმის იმედით, რომ ხვალ წვიმა არ იქნებოდა და რაღაც ჩანჩქერს ვნახავდით და კიდევ ბევრ და საინტერესო რამეებს