სხვა სახლებში


სხვა სახლებში

სადაც არაა შენი კარადები.

არიან საწოლის უცხო ნახევრები

უცხო სავარძლები

ონკანები.

და შენი ნივთები

როგორც დევნილები

სულს ითქვამენ ჩემოდნის კუნჭულებში მიკუნჭულები

და მიკარადების ტყუილი იმედებით ცხოვრობენ.

 

აივნები, სადაც უცხო მხრიდან ამოდის მზეები

ბალიშები, რომლებსაც სხვისი თავის ფორმა აქვს

და არ იცი, სად იშოვება სიბნელეში ცივი წყალი.

 

სადაც დილები დანაღმულ ველებს გავს,

ყავის ჭიქები, როგორც მაშველი რგოლები

ფოტოაპარატის ობიექტივი

როგორც შუამავალი.

თოვლები  – ფანჯრებში ამოსული.

 

როცა გრძნობ, როგორც სხლტება თითებს შორის

ერთი შეხედვით ხელშესახები

ფასეულობები

დამოკიდებულებები

ადამიანები

და ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო გუშინ

ის, რასაც პანიკის ზონაში გადაყავდი

ის, რასაც სახელს ვერ არქმევდი

ნელ-ნელა იძენს ფორმებს, სახელებს, ისხავს ხორცს და მთლიანდება რომელიღაც იდეაში, აზრში და წინადადებაში

 

ფეხსაცმლიდან ჩუსწიკებამდე,

ჯინსებიდან ელასტიკებამდე,

უცხო ყავის ჭიქებიდან საკუთარამდე,

ლიკანიდან ნაბეღლავამდე,

ჩაკეტილიდან ღია კარებებამდე,

ლაპარაკიდან კომფორტულ სიჩუმემდე

 

 

მოგზაურობა საქართველოში 2014


წლის მთავარი ასრულებული ოცნება ტაბაწყური იყო. ძალიან, ძალიან ბევრი წელი ვოცნებობდი ტაბაწყურზე და მოლოდინები გაამართლა. სულ სხვა განზომილებაში გადადიხარ, დაახლოებით ისევე, როგორც ვაშლოვანში. პატარა სოფელი, რომელიც ტბაშია შეჭრილი და მეთევზეები ცხოვრობენ.

ქვის სახლები,  არანაირი ესთეტიკა, მხოლოდ საჭირო ნივთები და სახოფაცხოვრებო რამეები,  საშინლად ცივი წყალი, თვალისმომჭრელი მზე და ცნობისმოყვარე ბალღები

გარფილდი მეხატა მაისურზე და ისე აღტაცდნენ, რამე სანაცვლო რომ მქონოდა, მივცემდი.

ტაბაწყურამდე ბევრია სავალი, ბაკურიანის გავლით რამოდენიმე საათი. თუმცა, მშვენიერი გზაა, გრუნტის, მაგრამ გაწმენდილი და სასიამოვნო

შემდეგი გაჩერება რკონი იყოს.

გულწრფელად, რამოდენიმე წლის წინანდელი უკაცრიელი რკონისგან, სადაც ერთ-ერთ პირველი კარავული გასვლა მქონდა, აღარაფერია დარჩენილი.

გზადაგზა აბრები როგორ უნდა მოიქცე ეკლესიაში, ცხვრის ტყავები, საქეიფო ადგილები, ნაგავი… ჩვენ სოფელთან დავბანაკდით. კოცონისთვის შეშა რომ გამოვათრიე, მერეღა მივხვდი, ნიტო საქეიფო, ნიტო მსხვერპლშესაწირი ადგილიდან წამომიკონწიალებია ფიჩხები…

ნუ, ცნობილი თამარის ხიდი ადგილზეა

რკონი აქვეა, ერთ საათში მისვლადი.

ატენის ხეობაში, ყოველ წელს, შეჯიბრი რომ ტარდება ყინულზე ცოცვაში, აი იქაც ვიყავი

ამდენჯერ ნაკადულზე არ გადავმხტარვარ ალბათ, ამ დღეს რომ ვიკონწიალე. წინა გზაზე ბიჭებმა მაკონწიალეს, უკანა გზაზე ჯოხი ვიშოვე

დღის ბოლოს სუფრა აი ამ ულამაზეს ადგილას გავშალეთ, რომელიღაც მონასტერთან იყო, რომლის სახელსაც,  სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ

ფიტარეთში ყველა ვყოფილვართ, ხომ? დამიჯერეთ, იმ გზით, რითიც მე ვიყავი, არ ხართ ნამყოფები. ბეწვის ხიდზე არ გადავსულვარ, შორი გზით მოვიარეთ, გზაზე იმდენი ვიჯაყჯაყეთ, რომ მახსენდება ახლაც მაჟრუალებს. ასე ყოჩაღად არასოდეს ვყოფილვარ სახელურზე ჩაბღაუჭებული და ღვედგადაჭერილი (უკანა სავარძელზე)

ესეც ფიტარეთი, შორიდან დანახული

ფიტარეთს თუ ცოტა ჩამოსცდები ციხეცაა

მერე ალექსეევკაში გამოვიარეთ და  ვიპოვეთ, რესტავრაციისას ამოუყრიათ

გაზაფხულზეც ვიყავი იმერეთისკენ და ეს ფოტოები შემომრჩა

თერჯოლაში რაღაც ელექტროსადგურზე ვიყავით…

რომელთანაც ძალიან საინერესო გამოქვაბულებ იყო, მაგრამ მე დამეზარა, სხვები აძვრნენ

ხარაგაულელი დევები მოვიკითხეთ

კახეთის მხარეს მიმავალ გომბორის უღელტეხილზე ნამყოფები ხართ? არა? ხოდა, არიქა!

აი ასე გამოიყურება ფიროსმანის სახლ-მუზეუმი

ეს კიდევ ზუუუუსტად ის ადგილია, სადაც მირიან მეფეს მზე დაუბნელდა

ეს სადღაც ქართლში ხდებოდა, ძველისძველი საფლავების ქალაქია, ფაქტიურად. ქვაბულები რაც ჩანს, ადამიანების აკლდამებია

ბატეთზეც ვიყავი, ნეტა მერამდენედ…. მემგონი მეტად აღარ წავალ, კოღოზოზავრებმა შემჭამეს. სამაგიეროდ უკანა გზაზე შხაპუნა წვიმაში ვიარე და ეს იყო ძალიან კარგი ❤

გურგენიანზეც გახლდით…. წყალდიდობამ ის პაწუკა აუზი სულმთლად მოსპო, ზემოდან გადმოსახედიც, მაგრამ მაინც კარგი იყო

ესეც კახეთი, საბუე... აქ იყო ის კარიბჭე, ყველაზე დაბალი უღელტეხილი, საიდანაც ლეკები გვესხმოდნენ თავს

მთები…… მთები მხოლოდ ყაზბეგში იყო. მთები და სიყვარულები.

პ.ს. უცნაურია, მაგრამ, ეტყობა არასაკმარისი ბოდიალის კომპენსაციის მიზნით, წელს ჩემი აივნიდანაც კი მშვენიერი ხედები იყო

მხოლოდ მთებშია თავისუფლება


922799_563295830357457_962788875_n

ერთ დღესაც მთებს მობეზრდებათ ერთ ადგილას დგომა

აიკრეფენ თოვლიან კალთებს

და ტყეების შარი-შურით ბარისკენ გაეშურებიან-

სამოგზაუროდ.

ერთ დღესაც მთებს მობეზრდებათ ადამიანები

ფერდობებზე და კლდეებზე შეფენილები, შეკონწიალებულები.

მხრებს შეარხევენ და

დაგვიფერთხავენ.

და ჩვენც გავფრინდებით

სივრცეებში

ჰორიზონტისკენ.

8ba63bf9ae1bb6676797ce07b9bfa71d

იქნებ ყველა, ვინც მთებში მიდის,

გულის სიღრმეში ფრენაზე ოცნებობს?

ქარაფზე რომ დგახარ, ქვემოთ უზარმაზარი სივრცეა და

ერთი ნაბიჯიღა რჩება კიდემდე

და

ფრიიი…

თავით გადაეშვები ჰაერში,

ხელებს გაშლი,

ქვემოთ დაეშვები

და

უცებ

ჰაერში გაცურავ…

Summit of the Gross Glockner, Austria, at sunrise

მე მინდა მჯეროდეს, რომ

ოდესღაც ჩვენ ყველას შეგვეძლო ფრენა.

მერე დაგვავიწყდა.

და ახლა მთებში მივდივართ,

რომ ცას ასე მაინც მივუახლოვდეთ.

მოდი, ვითამაშოთ ომობანა


მოდი, გულწრფელობანა ვითამაშოთ,

აი აქ ჩამოვხსდეთ და…

ენკი-ბენკი-სიკლისა, ენკი-ბენკი-ბა, გა-ვი-და!

მოდი, გულახდილობანა ვითამაშოთ, როცა შენ იმას მეტყვი, რისი გაფიქრებაც არასოდეს გდომებია

და

მე კიდევ იმას, რაზეც არასოდეს დავფიქრებულვარ.

მოდი, ერთგულობანა ვითამაშოთ

ანუ

იმგულობანა, ცოტა რომ იყო და გათავდა.

მოდი, სიტყვობანა ვითამაშოთ,

აბა ვინ უფრო სხარტად,

ვინ უფრო ენამოსწრებულად იტყვის იმას,

რისი გაგონებაც მოპირისპირე მხარეს უნდა.

მოდი, ომობანა ვითამაშოთ,

მე მოვკვდები და შენ სანგარში დაიმალე, შემთხვევით შენც რომ არ მოკვდე.

მოდი, გულწრფელობანა ვითამაშოთ,

მე გულზე წრფეს გავავლებ და შენ ასკინკილა ისკუპე.

მოდი, გავაფერადოთ,

ვითომ ცხოვრება შავ-თეთრია, მე ფლომასტერებს მოგცემ, ან ზეთის საღებავებს,

და შენ ის ცხოვრება დამიხატე, შენ რომ გინდა.

მოდი, ვითამაშოთ…

დიაგნოზი – პერწკლი


ხანდახან ისე მინდება, გავიხადო საკუთარი თავი,

როგორც ტანსაცმელი,

ბალახზე დავაგდო

და

უკანმოუხედავად გზა გავაგრძელო.

სადმე დავემალო საკუთარ თავს,

როგორც ბავშვობაში,

ძილის წინ ჰაერში რომ ვტივტივებდი-

კოსმოსში გამოკიდული უმცირესი ნაწილაკივით

და

მთელი დედამიწა მუჭში მეტეოდა.

მინდა რომ მივატოვო ის გოგო,

სარკიდან რომ მიყურებს

და

იმ მეს მივცე თავისუფლება, იმ გოგოში რომ ცხოვრობს, მე რომ ვარ ვითომ.

გავიხადო ჩემი ცხოვრება

პერანგივით.

დიდი ზურგჩანთასავით მოვიშორო თავიდან,

მწვერვალზე ასული ძირს რომ დააგდებ და

ფრენის შეგრძნებით ტკბები.

დავდივარ და დამდევს მელანქოლია, სულ თან დამდევს და იმ წამს ელოდება, როცა დამარტყამს, წამლეკავს და მოვიკუნტები, ტკივილის დასამალად. აგერ უკვე რამდენი წელია, მხრებით დავატარებ, თმებში შეყუჟულს, აღმა-დაღმა, კარ-და-კარ…

ვერ ვეგუები იმ კანს

რომელშიც დავიბადე…

სადჯჰასჯკლჰასჯკ



ერთხელაც
ისე შევიცვლები რომ ვეღარ მიცნობ
თვალებს გაახელ და
დაგხვდება ქარი, მზეში გაბნეული
წვეთ-წვეთად.

დაგხვდება ფერფლი
საფლავებზე მობნეული
ზღვაში შესული და უკანვერდაბრუნებული
ცადაზიდული, კლდეებისკენ
ცისკენ გაშვერილი ხეების ხელებივით

მითების ნაგლეჯებზე



დალები ცხოვრობენ მთებში
ტინის კლდეებზე ჯიხვების მფარველებად.
ხანდახან, შემთხვევით, მათ ტერიტორიაზე შეჭრილი მონადირეები უყვარდებათ
ნებით ემშვიდობებიან ჯადოსნურ ძალებს და
მოკვდავები ხდებიან
აჩენენ შვილებს
ბერდებიან
უფერულად იღუპებიან.
(ბედი არავის უღიმის ჯიხვის მოკვლისას, უბრალოდ, მათ მფარველ დალებს აღარ ცალიათ)

დალები აჩენენ შვილებს
არქმევენ ამირანებს, პრომეთეებს და იმ სახელებს, რომლებიც, საერთოდაც, გმირებს შეესაბამებათ

მაგრამ

არასოდეს გადარჩენილხართ მაშინ, როცა თქვენი გადარჩენის შანსები რეალურად ნულის ტოლი იყო?

მიწაზე ჩამოსული დალები წირავენ ამისათვის სიცოცხლის რამდენიმე წელს, მოკვდავობაში გატარებულს, რომ თქვენ იცოცხლოთ

ჰხოდა

ოდესმე, სადმე, ფეხს რომ მოირთხამთ ბუნებაში და სასმელის ჭიქას გაამზადებთ

ადგილის დედა არ დაგავიწყდეთ…
დალები არ დაგავიწყდეთ…
სალოცავები არ დაგავიწყდეთ…
ჰო, სალოცავები და არა მაინცადამაინც ეკლესიები
მუხლმოსაყრელი ადგილები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე გგონიათ

სალოცავებმა ცუდი გაბრაზება იციან 🙂

ამ მთისა, იმ ბარისა…



ბანანის გემო ტუჩებზე
Redbull+vodka
და
თავისუფლება უდაბნოს ცხელ ქვიშებში.

არაფერია იმაზე მარადიული ვიდრე ემოციები.

დედამიწა არც ისეთი მრგვალია, როგორც ჩვენ გვგონია
ქვა ვერ შეხვდება ქვას
თუმცა ჩვენი მთები ერთ დროს ოკეანის ფსკერზე იყვნენ,
ზღვის ვარსკვლავებს, როგორც ფოსტალიონებს
მიმოქონდათ ამბები
იმ მთისა, ამ ბარისა…

ისე, უბრალოდ…
იმ მთისა…
ამ ბარისა…

სიკვდილი



სიკვდილი

წამიდან წამამდე,
ფიქრიდან ფიქრამდე,
ტირილიდან სიცილამდე,
ხელისკვრიდან ჩახუტებამდე,
სექსიდან ორგაზმამდე,
კონდიცირებული ოფისებიდან
მწვანებალახიან მინდვრებამდე,
კარტოფილი ფრი-დან ზღვის პროდუქტების სალათებამდე,
მზიდან მთვარემდე,
ვარსკვლავებიდან გალაქტიკებამდე,
ანტარქტიდიდან სიკვდილის ველამდე,
ბერმუდის სამკუთხედიდან სეიშელის კუნძულებამდე,
სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე,
ღრუბლებიდან ტალახიან გუბეებამდე,
წვიმიდან თოვლამდე,
გოგენის ტაიტელი ქალებიდან ლეონარდოს მონა ლიზა-მდე,
ბავშვობიდან სიბერემდე,
მთებიდან ბარამდე,
დედამიწიდან მშობელ მიწამდე.

ლალალალა……..

ხეები-როგორც უკვდავთა სამყაროს აჩრდილები,
თაობიდან თაობამდე,
ბალახიდან ყვავილამდე,
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე,
ჩვილის ტირილიდან მატლებდასეულ ძვლამდე.

ლალალალა…….

სადაც სიკვდილი, იქაც სიცოცხლე, სი-ცოცხლ-ე, სი-ცოც(ვ)-ხლე.

ბრუნავს დედამიწა, უკიდეგანო სივრცეებში გამოკიდებული, სიკვდილისთვის განწირული ცოცხალი არსებებით
და ჩვენ გვგონია რომ მყარად ვდგავართ მასზე.

ლალალალა……..

სიყვარულის სახელით



ჩვენ გვიყვარს და გვედარდება ადამიანები, როლებიც გვტკენენ.
ჩვენ ვტკენთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ და ვედარდებით.
ალბათ იმიტომ, რომ
ვინც გიყვარს, იმასთან ის ხარ, ვინც ხარ
და
ჩვენ ძალიან იშვიათად ვართ კარგები,
ხოლო როცა კარგები ვართ
მაინც მოგვეძებნება საქციელები,
რომლებითაც ვტკენთ მათ, ვინც გვიყვარს.

მე არ მჯერა სიტყვის “მიყვარხარ”
და არასოდეს არ მითქვამს
პირველის გარდა, რომელიც უკანასკნელი გახდა.

მე თქვენ არასოდეს არ გეტყვით რომ “მიყვარხარ”.
იმიტომ, რომ
სისულელეა,
სასაცილოა
და
ყალბად ჟღერს
(ყოველშემთხვევაში, ჩემგან).

მე შეიძლება მიყვარდეს ბალახში წოლა, ხეზე ჯდომა,
დახუჭულ თვალებში შემოპარული მზე…

ადამიანები, უბრალოდ, ვეგუებით ერთმანეთს,
როგორც გასაღები და კლიტე
სიყვარულის სახელით,
ალბათ იმიტომ რომ
გავართლოთ, რატომ ვართ ადამიანებთან
რომლებიც
გვტკენენ
თუნდაც უნებურად
თუნდაც ხანდახან
თუნდაც სინანულით და მონანიებით
და
თუნდაც თვლიდნენ, რომ ჭრილობიდან ჩიქრია ამოსაღები
ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე,
ჩვენ მაინც არ გავრბივართ

ვრჩებით

და როცა ვერ ვხვდებით, რატომ ვრჩებით

სიყვარულის სახელით ვამართლებთ
საკუთარ თვალებში
რომლებშიც მზეეები დადიან მაშინ
როცა მასთან ვართ,
ვინც გვტკენს
ხოლმე
ხანდახან
და
ნებ-უნებურად.