მორევები


სინტონი  – პიროვნული განვითარების ტრენინგები – ასე ქვია იმ პროგრამას, რომელსაც მე რამოდენიმე წელია ნაბიჯ-ნაბიჯ, ალაგ-ალაგ და პერიოდულად გავდივარ. ეს ტრენინგები იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც საკუთარი იმაზე უფრო ღრმად აინტერესებს, ვიდრე თმის და ფრჩხილების ფერია და უნდათ, საკუთარ მე-ზე იფიქრონ, ჩაუღრმავდნენ, რაღაცეები უკვეთ გაარკვიონ, სიახლეები აღმოაჩინონ, განსხვავებული აზრები მოისმინონ, საკუთარი თავისგან განსხვავებული ადამიანები გაიცნონ, ფასეულობები უფრო კარგად დააფასოვონ. მაგრამ ტრენინგის მთავარი არსი არა თავად ტრენინგის პროცესი, არამედ რეფლექსიებია – ყველა სესიის მერე რომ ფიქრობ, ჯდები და წერ, წერ, წერ…

და რას აკეთებს ბლოგერი, რომელიც სინტონზე დადის? სწორია. ის საჯაროდ წერს.

რა არის სტრესი?

სადღაც ორი თვის წინ ექიმთან მოვხვდი. ჩივილი: გულის უეცარი და არაადეკვატური აჩქარებები. იმის ფონზე, რომ ცხოვრებაში “გული სად მქონდა არ ვიცოდი”. გულწრფელად – ძალიან შემეშინდა. ცოტა რამის მეშინია ამ ცხოვრებაში და გულის შეტევა ერთ-ერთი მათგანია. აი ასე, უბრალოდ ვფუნქციონირებდი ჩემთვის და უცებ გული იწყებდა ყელში ბრახაბრუხს და შიშისგან გული მისკდებოდა.

ექიმი – რამე სტრესები ხომ არ გაქვთ?

მე – არა.

ექიმი – ამ სურათის მიხედვით სტრესი გაქვთ

იმ მომენტში მართლა მეგონა რომ არანაირი სტრესი არ მქონდა. ნუ, ვის არ ქონია რემონტი, ვინ არ ყოფილა მუდმივ გადარბენებზე, ვის არ უვლია გამოუძინებელს კვირების მანძილზე, ვის არ უფიქრია რაღაცეებზე 24/7 და ნუ მოკლედ, ვის არ [ჩასვით აქ ნებისმიერი საზრუნავი].

გადარბენებს თუ არ ჩავთვლით,  ერთი შეხედვით, მქონდა ყველაფერი, რაც “ბედნიერების” სტანდარტულ პაკეტში შედის, ქალაქგარეთ გაძვრომებსაც ვახერხებდი და მეგობრებთანაც მივდიოდი შაბათ-კვირას, უბრალოდ, გამოსაძინებლად.

მაგრამ ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავი. მეტირებოდა დღეში სამჯერ, პრაქტიკულად ყველაფერზე (ერთხელ იმაზე ვიღნავლე, რომ ტაქსმა ჯიჯღინი დაიწყო, ამ დანგრეულ გზაზე რატომ წამომიყვანეო (როგორც წესი, სულ ჯიჯღინებენ, მაგრამ წარბის აწევა შველით)), მეშლებოდა ნერვები პრაქტიკულად ყველაფერზე და ბრაზს ვერ ვაკონტროლებდი. გოგოები (და გოგოებიანი ბიჭებიც) მიხვდებიან – აი, 24/7/30 პიემესი რომ გქონდეს. ზუსტად იმ პერიოდში დავწერე ეს პოსტიც. უკან რომ ვიხედები და ამას ვკითხულობ, ვხვდები, რომ სტრესისგან აბსოლუტურად გარეკილი მქონდა. ყველაფერი ერთად დამიგროვდა და რაც მთავარია, უამრავი გადაწყვეტილება მქონდა მისაღები. მე კიდევ გადაწყვეტილებების მიღება მაინცადამაინც არ მიყვარს, თუ სამსახურს არ ეხება საქმე. არ მიყვარს მსუბუქი ნათქვამია – ტირილამდე მივდივარ ისე მეზიზღება მაგალითად, სახლისთვის ფარდის არჩევა.

  • გასაწყვეტი და მოსაგვარებელი იყო რემონტის უამრავი წვრილმანი, რომლის ძალა და უნარი უბრალოდ, არ მქონდა
  • ორი კვირა ტვინი გავიღუნე იმაზე ფიქრით, სად რა უნდა განლაგებულიყო სახლში, ვფიქრობდი და ნერვები მეშლებოდა, იმიტომ რომ ვიზუალიზაციის უნარი, როგორც ასეთი, არ მაქვს. პარალელურ რეჟიმში იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვისაც არ ეზარებოდა, ყველა “სახლში ეს აუცილებლად უნდა იყოს”-ის ტიპის რჩევებს მაძლევდა (რჩევა როცა მინდა რამენაირად მეთვითონ ვიხვეწები ხოლმე).
  • ჩაბარგებები და გადაბარგებები, რომელიც ორი საუკუნე გაგრძელდა
  • მე სიჩუმე მჭირდება, სახლში კიდევ 24/7 რაღაც ხმაური იყო და მარტო პრაქტიკულად ვერასოდეს ვრჩებოდი
  • არ იჭერს ინტერნეტი. ჩვეულებრივ სიტუაციაში 5- 6-ზე ვამთავრებ, მივდივარ სახლში და რბილ სავარძელზე მოკალათებული თუ მინდა ღამის 12-მდე ვაკეთებ რაღაცეებს. ახლა – დილით მოვრბივარ, რომ დაღამებამდე სახლში ვიყო. კომფორტულ სავარძელზე ხალათში გახვეული და ოფისში სკამზე დამჯდარი მუშაობა სულ სხვადასხვა რამეა.
  • მიწევდა სახლში დაბრუნება  დაღამებამდე, ან  – ტაქსისთვის ჯერ იმის ახსნა, სად უნდა მივიდეს, მერე “ვაიმერაცუდიგზაა” ბუზღუნის მოსმენა. ერთბაშად შემეზღუდა თავისუფლება
  • თავისუფლების შეზღუდვა გაგრძელდა ანგარიშების ჩაბარებით მასპინძელისათვის. ცხოვრების ბოლო 16 წელი შენს ნებაზე რომ დადიხარ და წასვლა-მოსვლას არავინ გიკონტროლებს, დამიჯერეთ, ძალიან ძნელია მშვიდად გაიღიმო და უთხრა სად მიდიხარ, ვისთან, და როდის დაბრუნდები. (მეც მყოლია სტუმარი და ძალიან კარგად მესმის რატომაც აინტერესებს, მაგრამ ამას მიჩვეული უნდა იყო).
  • მარტო ყოფნის პრობლემა – ბოლო 4-5 თვეა, მარტო არ დავრჩენილვარ. სრულ სიჩუმეში, საკუთარ თავთან, კომპით და ბეეეეეეევრი ფილმებით და სასუსნავებით ხელში. როცა იცი, რომ მინიმუმ 24 საათი კაციშვილი არ შეგაწუხებს. ამას მარტო ის ადამიანი თუ მიხვდება, ვისაც მარტო ყოფნა არამარტო უყვარს, არამედ სჭირდება.
  • როცა ბუნებაც აღარ გშველის – ბორჯომში წავედით, გზადაგზა რაღაც საოცარი ხედები იყო. ხეების ვარჯებს ვუყურებდი და მივხვდი, რომ ის ბედნიერების და სისავსის შეგრძნება, რომელიც ყოველთვის მაქვს როცა ბუნებაში მივდივარ – აღარ იყო. გაქრა სადღაც, ჩემი ამდენი ცუდადყოფნების შეეშინდა და გაქრა. ვიდექი და საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. ფოტოაპარატი ჩანთიდანაც არ ამომიღია. გარინდებული ვიყავი და ავტოპილოტზე ვმუშაობდი, ვიცინოდი, ვლაპარაკობდი
  • უსიცოცხლობა – როცა დილით საკუთარ თავს აბამ, რომ როგორმე ადგეს და ცხოვრება გააგრძელოს ხოლმე. იმიტომ რომ რა აზრი აქვს?
  • ურთიერთობების პრობლემები – როცა ხედავ, რომ რაღაც ისე არაა, მაგრამ ენერგია აღარ გაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ ხმაამოიღო, რამე გააკეთო, მოიფიქრო და ა.შ.  მაგრამ არც იმის თავი გაქვს, რომ ასე გააგრძელო და საბოლოო ჯამში როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს, ყველაფერი რომ მაინც საშინლად სევდიანია. ისეც, ასეც და ამდაგვარადაც.

მერე სვანეთში წავედი, ბევრი დღით. სვანი მარშუტკის მძღოლი სვანეთის გზაზე, რომელიც კი არ დადის, დაფრინავს. ნერვი რომ არ შემიტოკდა რამოდენიმე ძალიან ცუდი მანევრის დროს, მივხვდი, რომ ძალიან მქონდა დარხეული. იმ მომენტში მართლა სულერთი იყო, გადავფრინდებოდი ენგურჰესში თუ არა. დღეების მანძილზე, ნელ-ნელა, თავისთავად მოვიდა შედარებითი სიმშვიდე და იმის შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან დიდი სანერვიულო მომეხსნა მხრებიდან.

ახლა რომ მკითხო, როგორ ვარ, პასუხი არ მაქვს.

არ ვიცი როგორ ვარ. ვმუშაობ. სახლის ბოლო შტრიხებს ვაგვარებ იძულების წესით, მიუხედავად იმისა, რომ სულერთია. უკვე ისე მივეჩვიე დიდ დიღომში ცხოვრებას, რომ პრინციპში პრობლემა აღარ მაქვს არაფერზე. იშვიათად დავბოდიალობ კინოში და მსგავს განსატვირთ ადგილებში და იმდენი საქმე მაქვს, რომ უბრალოდ, ბორბალში შეყურსული თაგუნასავით დილიდან ღამემდე ვფუსფუსებ. ფიქრის და ემოციების ადგილი საერთოდ აღარ დარჩა და გულწრფელად მეშინია იმ მომენტის, როცა იმაზე დაფიქრება მომიწევს, როგორ ვარ.

თუმცა ამ საშინელებიდან რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა და შედეგი გამოვიტანე. რაღაცნაირად, თვალსაჩინოდ დავინახე, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ კარგად ვიყო. და რა არ გამომივა არასოდეს, სულ რომ წელში გავწყდე. ახლა, როცა ყველაფერი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და ლაგდება, თამამად შემიძლია წინასწარ გამოვაცხადო, რომ ასეთი სტრესული წელი არ მქონია არასოდეს. და აღარასოდეს აღარ მივცემ უფლებას არც საკუთარ თავს, არც გარემოებებს და არც ადამიანებს, ამ დონეზე გამომფიტონ.  ჩემი გონების ამბავი რომ ვიცი, რამოდენიმე წელიწადში ამის მაგიერ გონებაში შავი ლაქები მექნება (რაც არ მოწონს, ივიწყებს ხოლმე), ამიტომ იყოს ეს და მსგავსი პოსტები საკუთარი თავისთვის იმის შესახსენებლად, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება ხოლმე და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც ჯერ კიდევ დაჭანჭიკებულად მუშაობენ, აუცილებლად მიმიყვანენ იქ, სადღაც, ნევერლანდიაში.

წვრილმანი ბედნიერებები


  • სკვერი, რომელიც არის მწვანე, სკამებიანი და მზით განათებული
  • დანკინ დონატსი, რომელიც სახლთან ახლოს გახსნეს და ნებისმიერ დროს შეგიძლია შეისეირნო და რამე მავნებლობა მიირთვა
  • მაღაზიები, სადაც ბარათით შეიძლება გადახდა
  • სახლი იმ ქუჩაზე, სადაც ბევრი ტრანსპორტი დადის

კიარადა, დღეს სახლში ვიყავი და ვაჟაზე გასეირნებითაც კი მომენტალურად გავბედნიერდი. დანკინის ტოსტზე არაფერს ვამბობ, სიხარულის კურცხალი მცვიოდა.  და ასფალტი. და ხეები ❤

პ.ს. რემონტი დასასრულს უახლოვდება და მიხარია.

პ.ს. ასე გამოიყურება ჩემი აბაზანა ამჟამად. აი ძალიან მომწონს ეს დამჯდარი და მშვიდი ნაცრისფერები!

პ.პ.ს. საცხოვრბეელი ოთახი შპალერიც ნაცრისფერ ტონებში გამოვიდა, არადა მეგონა კრემისფერი ავარჩიე. თუმცა რაუშავს, რამე ხასხასა აქსესუარებს ვიყიდი მერე.  ისე კი ამჟამინდელ ხასიათზე ძალიან მიხდება – ისეთივე მოღუშული ოთახია, როგორიც მე ვარ. IMAG0230

IMAG0229

octo-brrrrrrr-ული რემონტი


ველიკით სიარულისას რომ არ წაიქცე, მუდმივად უნდა ატრიალო ბორბლები. აი ზუსტად ასეთია ახლა ჩემი არსებობა – პედლებს ვერ ვაჩერებ – რომ გავაჩერო, დავჯდები გარინდებული  და აღარასოდეს გავინძრევი ადგილიდან. აი ხომ არიან ენერგიული ადამიანები, ვისაც მოძრაობა და ჰაიჰუი არ ეზარება. მე ვიცოდი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა, რომ რემონტისთვის რაღაცეების მოგვარების უნარი მინუს უსასრულობაში მაქვს. კაფელის და მეტლახის არჩევისას მეტირება, ისე არ ვიცი რა ჩემი ფეხი გავაკრა და კარადის დიზაინის მოფიქრება უბრალოდ, არ შემიძლია. ჭაღების არჩევის თავი არ მაქვს და უბრალო ნათურებიც მეყოფა.

დღეს 13 ოქტომბერია. რემონტისთვის სახლი 15 ივლისს დავცალეთ (პირობითად). უკვე სამი თვე გავიდა. ერთოთახიანი სახლის რემონტი კი ჯერ ისევ არ დასრულებულა. ამასობაში აცივდა და დღეში ორჯერ, გულში რემონტის გინება-გინებით გავდივარ 500-მეტრიან ტალახებიან მონაკვეთს. ქარში, წვიმაში და სიცივეში. დაკრუნჩხული ვაჩერებ მარშუტკას და ცალ ფეხზე ვდგავარ, მერე ჩამოვდივარ და მეორე მარშუტკაში ავდივარ სადაც უკვე ორ ფეხზე მიწევს დგომა. (ჩემი სახლი ბოლო გაჩერებასთან ახლოა, მარშუტკამდე ნისასვლელად მაქსიმუმ 50 ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და როგორც წესი პატიოსნად ვზივარ ხოლმე მთელი გზა).

ასე გაწელილ რემონტში ყველაზე საშინელი ისაა, რომ სახლში, სადაც ვცხოვრობ, ინტერნეტს ვერ ვიჭერ. არ არის და მორჩა. იმას რომ თავი დავანებო, რომ საქმეს ვერ ვაკეთებ, ვერ ვუყურებ ფილმებს, ვერ ვზივარ ჩათში. . მეორე საშინელება ისაა, რომ საერთოდ არ მქონია რემონტის არანაირი სურვილი. ეს ქაოსები და აბააქრაფერისკაფელიიყოს-ის არჩევები და ტვინის ღუნვები რომ გადაიტანო, უნდა გინდოდეს ეს დედააფეთქებული რემონტი, დაწყებაც უნდა გიხაროდეს და რამის შეცვლაც. მე კიდევ მეკიდა. ახლაც მკიდია და ვიხვეწები დაამთავრონ. რამოდენიმე პოზიტიური ამბავი ისაა, რომ ა. შავ სამუშაოებზე და მასალებზე ჩემი ძმა და ბიძაშვილი დარბოდა ბ. მეორე ბიძაშვილმა შემიფარა და ბინის ქირაზე ცალკე სირბილი/გადახდა არ მიწევს და გადასარევად და კომფორტულად ვცხოვრობ (ინტერნეტს თუ არ ჩავთვლით). გ. ერთი კვირა სვანეთში რომ არ დავეპატიჟე მეგობარს, ალბათ საბოლოოდ გადავიდოდი ჭკუიდან. მადლობა მაკას ^^

დღეს უნდა დავურეკო

ა. კარადის მეორე ხელოსანს, რომელსაც უკვე სამი დღეა ვუთანხმდები, როდოს უნდა მოვიდეს და ზომები აიღოს და ხან კუდუსუნი სტკივა, ხან მეზობელმა ცუდ თვალზე შეხედა და ვერ მოვა

ბ. კლიტის ხელოსანს – ჯერ მეორედ ვურეკავ და კეთილგანწყობილება არ გამფუჭებია

გ. მეზობელს- გასაღები დამიტოვოს

დ. მთავარ ხელოსანს – გავიგო რა სტადიაზეა რემონტი და ოდესმე ეღირსება თუ არა დასრულება. აგერ უკვე ორი კვირაა, დღეს-ხვალ უნდა დამთავრდეს.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა გავიდე ჯერ ელიავაზე, მერე წერეთელზე მაღაზიაში, მერე ნუცუბიძის ქუჩაზე, მერე უკან გაგარინზე, იქიდან რამე ტრანსპორტში გადავჯდე, მერე 500 მეტრი გავიარო ფეხით და გალურჯებული მივიდე სახლამდე, სადაც დროებით ვცხოვრობ, სანამ რემონტი დასრულდება.

ეს ყველაფერი ზაფხულშიც მიჭირს, არათუ ზამთარში, როცა ერთადერთი სურვილი რაც მაქვს, გაუნძრევლად ჯდომაა სითბოში.

ამას აცივდა არ ქვია. ამას ქვია – უკვე ზამთრის კურტკა მაცვია. დაიწყო უკვე ის ამინდები, როცა მუდმივად მცივა, ვერასოდეს ვთბები, დილით ვიღვიძებ და ლოგინიდან წამოადგომის იოტის ოდენა სურვილიც არ მაქვს. უფრო მეტიც – საერთოდ არაფრის სურვილი არ მაქვს. ვმუშაობ-ვჭამ-მძინავს-რემონტზე ვიშლი ნერვებს და ველოდები, როდის მორჩება ჩემი ზებრას შავი, მსუქანი, ყოვლად მსუყე და პრიალა  ზოლი.

რუტინა მაქვს ისეთი, არც დაგესიზმრებათ: დილით 7:30-ზე ვიღვიძებ, ვიცვამ, ერთ-ერთი პირველი მოვდივარ სამსახურში, ვმუშაობ, მივდივარ აქედან დაღამებამდე 20 წუთით ადრე (ღამე სიარულის მეშინია იქ, სადაც ვცხოვრობ. პლიუს ინტერნეტი არ მაქვს და შესაბამისად, ვერ ვფუქნციონირებ). არ დავდივარ არსად, იმიტომ რომ სახლში მისასვლელი ტაქსის ფული რემონტის მიწურულს უკვე პრობლემატური გახდა და უკიდურეს შემთხვევაში, როცა ბევრი უნდა გავაკეთო და გვიან დავბრუნდე, მაშინ ვიხდი.

რემონტი დასასრულს უახლოვდება აგერ უკვე ორი კვირაა. სახლს პრინციპულად არ ვამოწმებ – ნერვი უნდა მომეშალოს მაინც და აზრი? ავედი გუშინ, 10 კარგად გაკეთებული რამე დამხვდა, და ორი ისეთი, რომ ღამე ძილი მიჭირს გაცოფებისგან – ჩემს არჩეულ ლამაზ სადა შპალერზე, 24 კვადრატულ ოთახში ოთხგან კვასკვასა თეთრი რგოლებია – ელექტრობის განამაწილებელი რაღაცეები. ერთი შეხედვით წვრილმანია, მაგრამ სადა შპალერი რომ ვიყიდე, პრეტენზია მქონდა რომ კედლები უნდა ყოფილიყო სადა. სადა და მორჩა!  მგონი ლოგიკურია, რომ მსგავსი რაღაცეები ა.დაიმალოს შპალერში ბ. შეიღებოს გ. არ უნდა ჩანდეს.

ცალკე თავგადასავალია კარადების ხელოსნების ამბები [იხილეთ ფბ სტატუსი]: “სამი დღეა ვუთანხმდები, ყოველდღე ვურეკავ და ვახსენებ და ბოლობოლო დავადგინეთ, ხელოსანი უნდა მოსულიყო 12-ზე. დღეს 11-ზე გაირკვა, რომ 1-ზე ეცლებოდა. გახდა ორის ნახევარი, ტელეფონს არ პასუხობს…. ”  საპასუხოდ ვიბარებ ხოლმე და მერე მე არარ მივდივარ, იჯდეს, მელოდოს, პოხ.

დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად რემონტის დამთავრება მინდა.  მე დაღლილი არ ვარ. მე უკვე ყველაფერი ფეხებზე მკიდია. არ მაქვს სურვილი არც ფარდის არჩევის, არც ჭურჭლის ყიდვის, არც ავეჯის. ერთადერთი რაც მინდა ისაა, რომ როგორმე დამთავრდეს, დასუფთავდეს, გადავიდე, გადასვლის მეორე დღესვე შვებულება ავიღო და ჩემთვის, მშვიდად დავლიიო ყავა და ფილმებს ვუყურო და 24 საათის მანძილზე მხოლოდ მაღაზიის გამყიდველს დავეკონტაქტო.

იყო და არა იყო


პირველად იყო სიტყვა

მერე იყო ადამიანი

მერე იყო თამაში და

თამაშ-თამაშში ისე მივედი უფსკრულამდე, ვერც კი გავიგე.

 

ვინ ვარ მე?

მე პერწკლი ვარ

სადღაც ოდესღაც ვიღაცის მიერ მოფიქრებული სიტყვა ზუსტად გამოხატავს იმას, რაც ვარ – კოცონიდან ავარდნილი ნაპერწკალი.

როცა მე ვითხოვ – მე მინდა ყველაფერი აქ და ახლა.  მე მინდა კითხვებზე პასუხები – და საკითხები – გადაწყვეტილი მაქსიმალურად მოკლე დროებში.

მე ვფიქრობ მაშინ, როცა ვლაპარაკობ და ძალიან ხშირად, ჩემსიგრძე ტირადის ბოლოში უკვე გადაფიქრებული მაქვს ის, რითაც ტირადა დაიწყო. მე ამას ლაპარაკისას მოფიქრებას ვეძახი. მე შემიძლია გკითხო, კითხვა გავავრცო, პასუხი მოვიფიქრო, დასკვნა გამოვიტანო და შენ ვერ მიხვდე, საერთოდ რას ვრეკავდი და გეკითხებოდი თუ პასუხი უკვე მქონდა. არ მქონდა, გზადაგზა მოვიფიქრე.

მეორე ალტერნატივა – უნდა ვიარო. ჩავთვალოთ, რომ ამ ორ კვირაში მთელი დედამიწა შემოვიარე. ჩავთვალოთ, რომ მთელი ის მთები შემოვიარე, რომელიც მენატრება. თუშეთშიც ვიყავი და ცერზე აღფრთოვანებისგან სუნთქვა შემეკრა. შატილშიც ვიყავი, კოშკზე ვიჯექი, ჩემს აივანზე და მზეზე ვთბებოდი. საროშიც ვიყავი, სულ ბოლოში, უფსკრულისპირა ქვაზე ვიჯექი და იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, ოდესღაც ეს ნანგრევები რომ ააშენეს. სვანეთში მხერზე ვიჯექი და მთელი დედამიწა ჩემს ფეხქვეშ იყო. მუცოში, ბოლო კოშკზე რომ კლდეა გამოწეული, იქ ვიჯექი და ფეხებს ვაქანავებდი უფსკრულის თავზე, ქვემოთ კიდევ ძაფივით დაწვრილებული მდინარე მიიკლაკნებოდა, ფერდობზე შეფენილი თივის ზვინების გვერდით.

რას ვგრძნობ მე?

ადამიანი მაშინ წყვეტს არსებობას, როცა ოცნებას ეშვება. არ ვიცი როდის, მაგრამ მე ოცნება შევწყვიტე. წერა შევწყვიტე. ემოციების ღიად გამოხატვა შევწყვიტე. თავს ქეჩოში მოვკიდე ხელი და ვუბრძანე, რაციონალური ადამიანი ყოფილიყო. აფეთქებების მაგიერ გაჩუმებულიყო და იმაზე ეფიქრა, რატომ უნდოდა აფეთქება. მე საკუთარ თავს ლოდინი ვასწავლე და ამით მოვკალი ის, რაც ყველაზე კარგი იყო ჩემში – სპონტანურობა. მერე ამომეწურა ყურით მოთრეული სიმშვიდეები,  შავი ღრუბლები შემოვიკრიბე, არ ვუპასუხე მეგობრების ზარებს, არ წავედი გასვლებში, არ გავედი სოფელში, არ გავაკეთე არაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

ამის სანაცვლოდ, ვიჯექი და ვფიქრობდი. რაციონალურად, გააზრებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ხან ძალიან მინდოდა, ხან პირიქით, საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, ვცდილობდი,  ვალაგებდი, ვგეგმავდი.

ვლაპარაკობდი იმაზე რაც იყო, რაც არის, რაც იქნებოდა. ვეძებდი საკუთარ თავში სურვილებს, რომელიც არ მქონდა, ვიღებდი პასუხისმგებლობებს, რომლებიც მკლავდა, ვავალებდი ჩემს თავს ყოფილიყო მშვიდი – როცა შიგნიდან დუღდა და გადმოდიოდა.

მე პერწკლი ვარ – ფეთქებადი და ემოციური.

მე პერწკლი ვარ – ნაპერწკალი ჩაქრობის პერსპექტივით.

მე პერწკლი ვარ – და მე დავიღალე.

მე არ მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ახლა არის.  ახლა მე არავინ და არაფერი არ მიყვარს და ჩემი ერთადერთი ოცნება ოთხ კედელს შუა გამოკეტვა და სიჩუმეა. ჩემი მეორე ოცნება ოთხ კედელში გამოკეტვა და იმ ყველაფერზე ლაპარაკია, რაც იყო, არის და იქნება. სულერთია რა იქნება. გულწრფელად. მაგრამ – რამე უნდა იყოს. იმიტომ რომ მე პერწკლი ვარ და თუ ჩვენი სულიერი სიმშვიდისთვის საჭირო იქნება, უკან დავტოვებ ყველას და ყველაფერს, როგორც არ უნდა გამიჭირდეს.

არც მძიმე, არც ძახილის ნიშანი, არც მრავალწერტილი. მე წერტილები მჭირდება. მკვეთრად გამოხატული დასაწყისები და დასასრულები. ყველაფერი, რაც  სასრულია, არის კარგი. ემოციები რომლებზეც ლაპარაკობ – არის კარგი. სხვა ყველაფერი მე მკლავს. მე არ მინდა მოვკვდე. მე არავის სიკვდილი არ მინდა.

the end

რემონტები და ცუდადყოფნები


ადრე თუ ამასწინათ, ერთმა ადამიანმა მითხრა – ცუდადყოფნებში კაიფის დაჭერა ვისწავლეო.

უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც ცუდადყოფნების უფრო დიდი მარაგებით იბადებიან. უფრო მოწყვლადები არიან და რაც მთავარია ცუდადყოფნებს ვერ ფარავენ. მე ვერ ვფარავ, ვიღრინები და დილით უბრალოდ იმიტომ ვდგები, რომ სხვანაირად ფიზიკურ არსებობას ვერ შევძლებ.

  • და რაც უფრო იზრდება ჩემს ფრენდლისტში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იცის, ბლოგის მიღმა ვინ დგას, მით უფრო მეტად ჭირს რაიმე პირადზე წერა.
  • რაც უფრო მიჭირს წერა, მით უფრო მიჭირს ემოციების სადმე წაღება

დროა, ცუდადყოფნებში მეც ვისწავლო კაიფის დაჭერა

stress-pencil-cropped

ახლა ჩემი ბინა რემონტდება. წესით უნდა მიხაროდეს, მე კიდევ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავიღალე და როგორ ერთი სული მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდეს. მერე რა, რომ საყიდლებზე და ელიავაზე ჩემი ძმა და ბიძაშვილი დადიან, რომ მეორე ბიძაშვილმა სახლში შემიფარა და როგორც საკუთარ სახლში ვიყო, ისე ვცხოვრობ, რომ მე მხოლოდ “აბა აქ რა ფერის შპალერი გავაკრათ” მეხება, რომ არის ფეისბუქის უზარმაზარი ჯგუფი, სადაც ნებისმიერ წვრილმანზე იძლევიან ამომწურავ რჩევებს…

სად რა დაკიდო, როგორ გააფორმო, იქ რა როგორ იყოს, რას რა მოუხდება და ავოიეეე. ამ დროს ზუსტად ვიცი, სახლში შესვლიდან ნახევარ საათში იმასაც კი ვერ აღვიქვამ, რა ფერისაა იატაკი ან ფარდა.

ხოდა ერთი რამე მივქარე – ავარჩიე სამზარეულოს კაფელი თბილ ფერში (მოყავისფრო და ჭრელი), ოთახის ლამინატი თბილი ხისფერი (აი პარკეტს რომ გავს იმფერის), და გორგიაში დღის ბოლოს გონებადახშულმა და გადაღლილმა, “ოღონდრამევიყიდოდამოვრჩეამჯოჯოხეთს” პრინციპით ცივი ნაცრისფერი(!) სამზარეულოს მეტლახი ვიყიდე. 6 კვადრატი. ახლა რა ვქნა, წავიდე და თავიდან ვარჩიო მეტლახი? წინ მელოდება შპალერის და სამზარეულო კარადების არჩევის საზეიმო ცერემონიალი.

მოკლედ, რემონტი არის ჯოჯოხეთი და თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგირემონტებიათ რამე, მინიმუმ ექსკურსიაზე მოხვდებით სამოთხეში, ან ორკვირიანი შვებულებით მაინც, ჯოჯოხეთიდან.

ა, ხო, ემოციებზე ვწუწუნებდი.  გარდა დეპრესიულობისა, მე კიდევ გოგო ვარ, ეს ნიშნავს რომ თვეში ერთი პიემესი მაქვს, ეს ნიშნავს რომ ბუნებრივად არსებულ დეპრესიულობას პიემესური ისინიც ემატება.

Think Positive – თქო გავიფიქრებ ხანდახან მაგრამ ვერანაირი სინკპოზიტივი ვერ მშველის, როცა მახსენდება, რომ დღეს მთელი დღე უნდა ვიმუშაო, საღამოს დიღომიდან საბურთალოზე გავიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მინიმუმ ერთი საათი გზაში), ავიღო ლამინატი, წამოვიდე უკან დიღომში, დავიჭირო ეს ლამინატი და რამენაირად შევარჩიო შესაფერისი მეტლახი, და მერე ისაა მოსაფიქრებელი ვინ და როგორ უნდა მიიტანოს ეს მეტლახი სახლამდე. მერე უნდა მივიდე სახლში და ჯერ კიდევ არ მომიფიქრებია, ხვალ რომ ბორჯომში მივდივარ, ან რა საჭმელი მიმაქვს ან რა სასმელი. ან წავიდე საერთოდ?  პოზიტიური მხარე – სამაგიეროდ მე მაქვს იმის საშუალება, რომ გავაეკთო რემონტი და მეთვითონ გადავწყვიტო სახლში ლამინატი მექნება თუ ჩალაზე ვივლი და კაციშვილი არ ერევა იმაში, როგორი იქნება ეს ყველაფერი (გულწრფელად, ნეტა ჩაერიოს ვინმე, ვკვდები ისე მეზარება ფერების შეხამებაზე ტვინის ..ვნა, ისიც არ მადარდებს რა სახის ონკანი იქნება და ამის არჩევა დამატებითი სტრესია).

და რა ხდება მაშინ, როცა შენს დეპრესიულობას პარტნიორისაც ემატება?

მე მგონია, რომ ორმაგდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შენი გაგჭირვებია და სადღაც ბნელ და ღრმა ორმოში ზიხარ და მეორე მხრივ, იმაზე უნდა იფიქრო, პარტნიორი არ შეაწუხო, იმიტომ რომ იმას (მეიბი) თავისი გაჭირვებია. მეორე მხრივ, როცა სხვისი ემოციების მიმღებლობა გახასიათებს, ძალიან მარტივად გედება ნებისმიერი უარყოფითი ემოცია და მოწმენდილ ცაზე შეიძლება დასევდიანდე. ემოციური ჩელენჯები, ემოციური ჩელენჯები ევრივეარ.

ხოდა რა მინდოდა მეკითხა – რა ჯანდაბა ვუყო ზედმეტ 6 კვადრატ ნაცრისფერ ლამინატს, რომელშიც მთელი 200 ლარი მივეცი?

რემონტი- ფერების არჩევანი


მემგონი ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს, ან კაკ მინიმუმ წინა ცხოვრებაში კაჭკაჭი ვიყავი – ერთი მხრივ ძალიან მომწონს ყველაფერი რაც ჭრელია, თვალში გხვდება და მკვეთრ ფერებშია, მეორე მხრივ, პასტელის ფერებს არაფერი მირჩევნია.

პასტელის ფერები, სადა ხაზები, მშვიდი ტონალობები

ამავდროულად, აქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი

ხოდა, ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მილიონნაირი ფერადი მეტლახის, კაფელის, შპალერის და ა.შ ნახვის, ვაიმერალამაზია-ს ფიქრის ფონზე, საკუთარ თავს შევუთანხმდი, რომ პასტელის ფერებში უნდა იყოს სახლი, სადა კედლებით, ღია ფერის იატაკით და საერთოდაც, აი ეს შპალერი მომწონს, მართალია კარგად არ ჩანს, მაგრამ ძალიან თბილი ლამაზი ფერებია და 100 ლარი ღირს (24 კვადრატიანი). ხოდა ვაწარმოებ საკუთარ თავთან მოლაპარაკებას, იქნებ დამთანხმდეს ძვირიანის ყიდვაზე… ბოლობოლო სულ ერთი პატარა სტუდიო მაქვს :/

IMAG0163

მაააგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩემი კაფელი, რომელიც ამ შპალერის მოპირდაპირედ იქნება, ასეთია

ეს ორი ფერიც მომწონს, უბრალოდ დროთა განმავლობაში ალბათ ყელში ამომივა, ამიტომ არ მინდა.

IMAG0173

საბოლოო ჯამში ჩემი ბინაც ალბათ ისეთივე მოსაწყენი და ბანალური იქნება, როგორც ქალაქში არსებული ბინების 99%, მაგრამ მაღაზიებში ბოდიალი ძალიან საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებული რეკომენდაცია იდეალს კაფელის და შპალერის სახლს  წერეთელზე, იმდენი და ისეთნაირი შპალერი იყო, ძლივს გამოვეფხიკე იქიდან.

შემდეგ პოსტამდე, თუ მანამდე რემონტზე ფიქრმა არ გადამიყოლა :3

პ.ს.კაფელის არჩევანს რაც შეეხება:
დომინოში – არის ბევრი, ფასები უფრო ძვირისკენ. ბევრია ჭრელაჭრულა თურქული კაფელები, ცოტაა მშვიდი ფერის და გლუვი (მაგრამ რაცაა, კარგია) მე ეს მომეწონა მანდ, ესპანურია, მეტლახია, მაგრამ ბიძაშვილი შემპირდა, რომ კაფელად გააკრავს სამზარეულო კუთხეში (ისეთ პატარას ვაპირებ, თავმოყვარე დიასახლისი შესვლაზე უარს განაცხადებს). შოურუმი – აქვთ, მაგრამ ფასები არ აწერია არაფრის. მარტო თვალიერება რა წესია -_-

იდეალი – ყველაზე დიდი არჩევანი, ფასები შედარებით დემოკრატიული. არჩევანი ყველაზე იოლად აქ შეიძლება გააკეთო. ან პირიქით. იმდენია, თავბრუ გეხვევა. რაც მთავარია, სულ ბოლოში აქვთ დიდი კედელი, სადაც იაფიანი კაფელ-მეტლახების უზარმაზარი არჩევანია. ამათ ყველაზე ლამაზი დეკორები ქონდათ დანარჩენ მაღაზიებთან შედარებით. შოურუმი – იდეალური :დ უამრავი რიგები, ძალიან ბევრნაირი დიზაინით. ეს კონკრეტული თითო 50 ლარი ღირდა.

IMAG0078

ჯაოკენი – გადასარევი შოურუმი აქვთ, ძალიან დიდი და კარგი არჩევანი, მაგრამ ფასები… ოლალალა… :დ რაც მომეწონა 65 ლარზე ნაკლები არ იყო და კედელზე მისაკრავ რამეში პრინციპულად არ გადავიხდი.  არადა როგორი ლამაზი ფერია დელფინებს თუ არ ჩავთვლით :დ  პლიუს, კონსულტანტები ცოტაა და თევზაობა გიწევს.

IMAG0086

გორგია – ცოტა, მაგრამ ყველანაირი კაფელ-მეტლახია. აქ უნდა ვიყიდო ჩემი მონაცრისფრო კაფელები. მერე განახებთ, იქნებ სანამ მე საშველს დავადგავ ყიდვას გათავდეს და…. კონსულტანტები აქაც ჭირს. შოურუმი – ნამდვილი აბრაკადაბრაა, ცოტა და უცნაურად განლაგებული. თუმცა, შოურუმი დამეხმარა არჩევანის გაკეთებაში ^^

რაც შეეხება ელიავას, აქაც ვიყავი, თუმცა არჩევანი არანაირი, ჭუჭყი, ჭუჭყი ევრივეარ, რა შოურუმი რის შოურუმი, თუმცა ფასები იაფზე უფრო იაფი. მაგრამ გლუვი კაფელები არ ქონდათ, მხოლოდ პრიალაზე პრიალა… მოკლედ, არ წახვიდთ რა ელიავაზე, ან თუ წახვალთ ეცადეთ ვინმე მცოდნე გაიყოლოთ, რომ ბევრი არ იწანწალოთ.

სახლი, რომელშიც ბედნიერი უნდა ვიყო


აი ეს მეტლახი მომეწონა. იმდენად მომეწონა, რომ ლამის ადგილზე დავიწყე ხტუნვა, თვალებში გულები ამომოვიდა, დავდნი და საერთოდ, კინაღამ ჩავეხუტე  და სახლში წამოვიყვანე. მაგრამ… მოუხდება სახლს? რამე სტანდარტული და სადა ხომ არ ჯობია?…

ცოტა რომ გავიარე, ძალიან მომეწონა კვასკვასა ყვითელი პირსახოცის საშრობი, მაგრამ ამოვიოხრე და სტანდარტული, თეთრი ვიყიდე,  სექციურ თეთრ რადიატორებს გვერდზე მივუდე და წამოვედით.

სახლში რომ მოვედი, დავისვენე და ფიქრის უნარი დამიბრუნდა, ჩემს თავზე გავბრაზდი. აქამდე სახლში არაფრის ყიდვა/გაკეთება იმიტომ არ მეხალისებოდა, რომ რენდომ ნივთებით იყო გამოტენილი და რენდომ ფერებით, დედაჩემის მიერ სახლის ყიდვისას შეძენილ-მოტანილით. და ახლა, როცა მაქვს ფული, მეკითხებიან რა მინდა და არჩევანის გაკეთებაც შემიძლია, რატომ ვცდილობ ისეთი ფერების/ფაქტურების და ფორმების არჩევას, “საზოგადოება როგორსაც აკეთებს”? მე უნდა ვუყურო იმ კედელს და არა საზოგადოებამ. და კი, მე ძალიან მომწონს ზემოთმოყვანილი ჭრელი, კოკობზიკა და ბედნიერად ფერადი მეტლახი (კაფელადაც მშვენივრად გაიკვრება, მაგისი აჯობებს რა!),  რომ ვუყურებ მეღიმება და ვბედნიერდები. მონაცრისფრო-მოთეთრო ლამინატიც მშვენიერი იქნება და საერთოდაც,  რატომ ვიზღუდავ თავს?

ასეთი ხეები მომწონს ძალიან და სიამოვნებით გავაკეთებდი ერთ კედელზე

 

რა გამოვა ამ რემონტიდან არ ვიცი, მაგრამ დღეიდან საერთოდ მკიდია “სადა” და “რამესტანდარტული”. მე მიყვარს ფერები და ჩემი სახლი იქნება იმ ფერებში, მე რაც მიყვარს.

მადლობა ყურადღებისთვის :დ

პ.ს. აივნის კედლები და მოაჯირი რა ფრად შევღებო?

 

შეკვეთა სამყაროს


ჩემმა ყველა ბიჭმა იცოდა საჭმლის კეთება. კვერცხის შეწვა კი არა, ნამდვილი საჭმლის გაკეთება. მემგონი სამყარო ზრუნავს, რომ ჩემნაირი ზარმაცები მშივრები არ დარჩნენ. მივალ, ნიკაპს ავაკანკალებ და აუცილებლად მაჭმევენ რამეს. არა, საჭმლის კეთება ვიცი, გემრიელიც გამოდის, მაგრამ მარტივად და ბანალურად, მუზა თუ არ მოვიდა, ისე კეთება ძალიან მეზარება და მირჩევნია მთელი კვირა კიტრზე და პამიდორზე ან ხილზე ვიცხოვრო (თქვა მან და ჯამიდან მორიგი ბალი აიღო).

სხვათაშორის, ბალის ცნობა ვიცი, ანუ, ჭიანია თუ არა, ერთი შეხედვით ვხვდები. მემგონი იმის დამსახურებაა, ბავშვობის ყველა ზაფხული ბლის, ვაშლის და თუთის ხეებზე რომ მაქვს გატარებული. (ალაგ-ალაგ ლეღვის და ცოტა თხილის). ყველაზე გემრიელი ბალი კენწეროზე ასხია ხოლმე.

ხოდა იმას ვიძახდი, რომ სამყარო ყველაფერზე ზრუნავს, უბრალოდ, ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა და ისე შეუკვეთო.

ამ სახლის რემონტი საერთოდ არ შემიკვეთია, მხოლოდ ბევრი საქმე შევუკვეთე და…. here comes the რემონტი. რომელზეც წინასწარ მისკდება გული და მემართება ელეთმელეთი და მეშინია რომ რამე არასწორად გამოვა და საკუთარ თავს ვუთანხმდები, რომ მკიდია, მთავარია, რამე (!) გამოვიდეს და როგორც აქამდე არ მადარდებდა მსგავსი წვრილმანები, არც ახლა დამადარდიანოს იმან, რომ საკმარის შტეფსელს არ დააყენებენ ან რამე ამდაგვარი.

რემონტი იქით იყოს და ბოლო რამოდენიმე კვირაა, იმაზე ვფიქრობ რა მინდა და… ვერ ჩამოვყალიბდი. ბევრად უფრო იოლია იმაზე ფიქრი, რა არ გინდა.  

და ვაითუ მეშლება ჩემი ნამდვილი მინდები და საზოგადოების მიერ თავსმოხვეულები? და მიღების მერე აღმოვაჩინო რომ საერთოდ არ მდომებია? და თუ არ მექნება ის, რაც მინდა, მერე? პრიორიტეტები დავალაგო და იმის მიხედვით გადავწყვიტო? თუ ავწონო, აი იმის ფასად მიღირს თუ არა ამის არქონა?

ეს ძალიან მარტივია. უნდა გაატესტირო. ცოცხალ მოდელებზე ან ისე. გააჩნია რა გინდა.

ჰა?

ა?

მე არ ვიცი, და იქნებ თქვენ გიცდიათ?

როგორ გავიგო, რა მინდა?

ჯანდაბა.

 

ჩემი აივანი


  • იმ სახლში, სადაც გავიზარდე, აივანზე მხოლოდ ფეხზე დგომაა შესაძლებელი.დანარჩენი ამოშენებულია და ოთახად გამოყენებული.
  • იმ სახლში, სადაც ზაფხულებს ვატარებდი, აივანი პრაქტიკულად არ იყო
  • იმ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ, აივნის ნახევარიღაა დარჩენილი. დანარჩენი სამზარეულოს მოწყობასაა შეწირული.

რაღაც მანიაა ამ ქვეყანაში, აივნების ჯერ მიშენების და მერე არსებულების ამოშენების. რაც არსებობს იმათაც ძირითადად სარეცხის გადაფენის და მოსაწევად გასვლის ფუნქცია აქვს.

 

ხოდა მე გადავწყვიტე, რომ ჩემი სახლის იძულებითი რემონტი გამოვიყენო და აივანი გავაკეთო. უფრო ზუსტად, საღამოს გარეთ დასაჯდომი სივრცე შევქმნა.

 

კედლებზე ასული მცენარეები მომწონს ძალიან

და ჩამოსაკიდებელი ქოთნები, მცენარეებით

 

ასეთი “ხის” იატაკი აივანაზე სავარაუდოდ არ გამოვა, ამიტომ რამე კაფელს დავჯერდები

 

ეს საერთოდაც იდეალურია წიგნით, ლეპტოპით და ყავის ჭიქით ჩამოსაჯდომად.

ნუ, მართალია ჩემი აივანი სულ ერთნახევარი ნაბიჯია სიგანეში და ოთხი სიგრძეში, რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ და მერე დაგპატიჟებთ ჭიქა ყავაზე :დ

როგორ ვიცხოვრე 20 წელი ყალბი გვარით


ისტორია ნამდვილია, სახელი და გვარი გამოგონილი, ფაქტები სიმარტივისთვის მოკლე შინაარსად გადმოცემული. ხოლო მათთვის – ვინც პირადად მიცნობს – ისევ იმ სახელით და გვარით ვმოძრაობ რითიც გამიცანით. უბრალოდ, ახლა უკვე- კანონიერად :დ

არასრულწლოვანი რომ ვიყავი, მამამ სახელი და გვარი შეიცვალა და მეც, ავტომატურად მამის სახელი და გვარი შემეცვალა. აქვე, ჩემი მოთხოვნით, სახელიც და  20+ წლის მანძილზე მეგონა, რომ ელზა ელგუჯას ასული ელზაძედან — ნინო ალეკოს ასული ნინოძედ გადავსხვაფერდი. ამასწინათ გვარის შეცვლის მოწმობა დამჭირდა, საჯარო რეესტრში მივედი, მოვითხოვე და….

-უკაცრავად, გოგონა, მაგრამ შენი სახელი და გვარი ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება-ო.

ამ დროს ხელში მიჭირავს ნინო ალეკოს ასული ნინოძის აიდი ბარათი, ქვეყნის საზღვარი რამოდენიმეჯერ მაქვს გადაკვეთილი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვარსებობ.

წარბი ავწიე. მერე დავწიე. მერე ჩამოვარდნილი ყბა თავის ადგილას დავაბრუნე და ოპერატორს დედის, მამის და ჩემი დაბადების ადგილი/თარიღი და მეანის გვარი მოვახსენე.(მამის სახელი ორჯერ ვცადეთ, იმიტომ რომ არ ვიცოდი, ზუსტად რა გვარი იყო, მერავიცი იქნებ ყალბი იყო ეგეც)

კი, ყველაფერი სწორია, მაგრამ შენ მაინც არ არსებობ. ეგ აიდი ვინ მოგცა და რის საფუძველზე, ან ქვეყანა რანაირად დატოვე და თუ დატოვე როგორ დაბრუნდი-ო.

ასე, ერთ დღეში, მე და ოპერატორმა, ახლობლებთან ზარების და კლავიატურაზე კაკუნის შედეგად გავარკვიეთ, რომ:

  • სისტემისთვის მე ისევ თავდაპირველ გვარზე ვიყავი, რომელიც ხმარებიდან აგერ უკვე 20 წელია, ამოღებული მქონდა
  • ელზა არც არასოდეს მრქმევია, უბრალოდ, მამის ახირება იყო და ჩემი ისტერიკების მერე უბრალოდ, იმის დაძახება დამიწყეს, რაც ისედაც მერქვა და რატომ მეგონა 20 წელი, რომ საბუთებში თავიდან ელზა მეწერა, ხეზ. (ადამიანი, რომელმაც არ იცის, რა ჯანდაბა ქვია, სასაცილოა -_- )
  • წარმოდგენა არ მქონდა, რა გვარი იყო მამაჩემი სინამდვილეში,სხვადასხვა საბუთებში სხვადასხვა გვარებით იყო
  • წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს შემთხვევაში სისტემის შეცდომა იყო (მონაცემთა ბაზაში შეყვანისას რაღაც დეტალი გამორჩათ) თუ რეალურად იყო გამოსაცვლელი ყველა საბუთი.
  • და დასკვნა: ელზა დაიბადა, მაგრამ არ იცხოვრა და ნინო კი ცხოვრობდა, მაგრამ არ არსებობდა.

მერე ორომტრიალი დაიწყო. რამდენჯერმე მივედი, ხან ერთი გვარით გამოვითხოვე ჩემი მონაცემები, ხან მეორით. მერე მამის მონაცემები გამოვითხოვე.უცნაურია, მაგრამ უპრობლემოდ ჩაიბარეს მთელი ეს საბუთები და ზეპირი ინფორმაციაც მომცეს. 

როგორც აღმოჩნდა, არანაირი იურიდიული უფლება არ მქონდა, მომეთხოვა, მაგრამ რადგან პასპორტი და სხვა საბუთები ხელში მეჭირა, პირველ ჯერზე პრობლემა არ აღმოჩნდა, მეორე ჯერზე, როცა დოკუმენტური დამჭირდა უკვე “აღარ შეიძლებოდა”.

მილიონათაასი განაცხადის  და ნაირ-ნაირი საბუთების მოთხოვნის მერე (საქმეში უკვე დედა ჩაერთო, იმიტომ რომ მამაჩემი იურიდიულად მამაჩემი არ იყო  და მხოლოდ ცოლს ქონდა უფლება, გაერკვია, რა გვარის კაცზე იყო გათხოვილი და რა გვარის შვილები ყავდა).

ყველაზე აღმაშფოთებელი იყო ერთ-ერთი მენეჯერის (კონსულტანტის ზემდგომის, ზუსტად არ ვიცი რა ქვია) აგდებული ტონი. “ქალბატონო, მონაცემებს აესე არ ვაფრიალებთ, ვიღაც თაღლითებზე, თქვენს წარმომავლობაში თუ ეჭვი გეპარებათ ოჯახში გაარკვიეთ ჯერ” – ქვეტექსტით მომართვები, როცა სიტუაცია ავუხსენი და იმის მაგიერ, რომ ეთქვა რომ არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, აშკარა თავდასხმაზე გადმოვიდა. (მარტივი კითხვა მქონდა – მაინტერესებდა რა იყო ჩემი ოფიციალური მონაცემი და რა პროცედურები იყო საჭირო სასურველის მისაღებად)

საბოლოოდ, მრავალჯერ მისვლის, ძალიან დაბნეულ მაგრამ გულისხმიერ კონსულტანტებთან იმის გარკვევის, რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, რომ გავაკანონიერო ეს გვარი, და შემდეგ უკვე მცოდნე არაკონსულტანტის დახმარებით გაირკვა, რომ:

მამას კი აქვს  გვარი შეცვლილი თავის დროზე კანონიერად, მაგრამ რომელიღაც ჩინოვნიკს სადღაც რაღაც შეეშალა/დაეზარა, ჩემი ახალი დაბადების მოწმობა ყალბია, იმიტომ რომ შეცდომითაა ჩაწერილი რაღაც და ამიტომ პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი უქმდება და სადღაც 100 ლარი უნდა გადავიხადო დაბადების მოწმობის ჩანაწერის/გვარის შეცვლის/ახალი აიდის აღებაში.

ხოდა საერთოდ რატომ დაიწერა ეს პოსტი (თუ ვინმეს მოთმინება გეყოთ ბოლომდე წასაკითხად, იმიტომ რომ მეც კი ამერია თავში ვინ როდის რა შეცვალა)

  • ნებისმიერ “არასტანდარტულ” სიტუაციაში ჯერ უფასო იურიდიული კონსულტაცია გაიარეთ, რომ ზუსტად იცოდეთ რა გინდათ/რა გჭირდებათ
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელში ხელის ცეცებით მოგიწევთ ყველაფრის რკვევა
  • ძალიან მიხარია რომ როგორც იქნა დაადგა საშველი ამ მრავალწლიან სახელების/გვარების/ზედმეტსახელების აბრაკადაბრას.

და რატომ ვწერ პოსტად?

იმიტომ, რომ ძალიან რთული მოსასმენი და გადასახარში იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ ოდესღაც (დენიკინის დროს) ელემენტარული მინაწერის არგაკეთების/თუ შეშლის  გამო (დღემდე არ ვიცი ზუსტად) “ყალბი” გვარით ვმოძრაობდი და ფაქტიურად, არ ვარსებობდი სისტემისთვის.

ამიტომ, ეს ისტორია უნდა მოვხარშო, I must get over it, მოვყვე, გავუშვა, ჰაერში გავფანტო და ყველაფერი თავიდან დავიწყო.

სუფთა ფურცლიდან