ბავშვობაში, ისე არ ვიძინებდით, ბებიას შაროს ისტორიას თუ არ მოვაყოლებდით.
შარო ლეკი იყო. ანუ დიდო. შეიძლება ეს ორი სხვადასხვა ერი/ეთნოსია, მაგრამ ჩემთვის დღემდე ერთიდაიგივეა.
შარო კოჭლი იყო, შვილი ყოლია და მოუკვდა, თვითონ კი, ავადმყოფი და დაკოჭლებული, ალვანში დადიოდა კარდაკარ. ჯერ სამუშაოდ, მერე და მერე, როცა მუშაობა ვეღარ შეძლო, სამათხოვროდ. დაღრეცილი ფეხსაცმელი ეცვა, მუქი ფერის ტანსაცმელი და ჯოხით დადიოდა. მე მეშინოდა და გავრბოდი, ჩემი ოთხი წლით უმცროსი ძმა კი შაროს დანახვაზე, “ბებია, შარო მოვიდა, პური მივცეთო” გამორბოდა. ბებიაჩემიც, იმ მშიერ 90-იანებში მთლიან პურს გვაძლევდა ხოლმე, შაროსთვის მისაცემად.
სამადლოდ ცხოვრობდა გვერდით ქუჩაზე, ვიღაცის სახლის უკანა კედელზე მიშენებულ ფარდულში. შეშის ღუმელი ქონდა, ტახტი და მეტი არაფერი. ერთ დილას, ზამთარში, ლოგინიდან ჩამოვარდნილი და გაყინული იპოვეს. ეტყობა ცუდად გახდა, დასაძახებლად წამოდგა, მიშველეთო,მაგრამ წაიქცა და ადგომა ვეღარ შეძლო.
ეს ფოტო დიკლოში, მესაზღვრეების სახლის აივნიდანაა გადაღებული. იქ, შორს, თუ არ ვცდები, უკვე აღარაა საქართველო. იქ დაღესტანია, ლეკების და დიდოების საცხოვრებელი ადგილები, ის მხარე, საიდანაც შარო მოვიდა თუშეთში.
თუშები წასულების სადღეგრძელოს მერე აუცილებლად მოაყოლებენ ხოლმე “ცოდვილა-უპატრონოების” სადღეგრძელოს. ანუ იმ ადამიანების, ვისაც მომხსენიებელი არ დარჩა, შვილი, ნათესავი.
ხოდა, მოდი, სიმბოლურად, ეს ჭიქა ყავის ისტორია შაროსი იყოს.