გზაში


2_mississippi__3_mississippi_by_bugidifino-d332e9m

ბავშვობაში, 7-8 წლის ასაკში თელავიდან ალვანამდე გზა უსასრულო მეჩვენებოდა. თბილისი საერთოდ, ცხრა მთას იქით იყო. ყვითელი პაზიკით ალვანამდე ან წითელი იკარუსით თბილისამდე…

არა, გული არ მერეოდა, უბრალოდ, უკიდეგანოდ მოწყენილი ვიყავი.

-დედა, მალე ჩავალთ?

-დედა რა ვაკეთო?

-გაჩუმდი და იფიქრე.

ვჩუმდებოდი და ვფიქრობდი იმაზე, ნეტა რაზე უნდა ვიფიქრო თქო  და მთელი მონდომებით “ვფიქრობდი”.

ვინაიდან პატარა ვიყავი, საფიქრალი დიდად არაფერი მქონდა და ფანტაზიას ახლაც არ ვუჩივი და მაშინ ხომ საერთოდ, ათასი ფანტასტიკური თავგადასავლის მოფიქრება დავიწყე. აი ისეთი საოცარი თავგადასავლების, მგზავრობის დამთავრებისას გული რომ გწყდება.

დღეს, თელავიდან თბილისამდე, გურჯაანის გავლით, ერთი დიდი სათავგადასავლო ფენტეზი მოვიფიქრე, ომნომნომ.

უცნაურია მაგრამ მხოლოდ მგზავრობისას, ან ფეხით ბოდიალისას გამომდის მსგავსი რამეები.

ჰხოდა მერე კიდე შემეკითხებით რატომ გიყვარს ბოდიალიო?!

რამოდენიმე სურვილი პერწკლის ცხოვრებიდან


 

სახლი მინდა. პატარა სახლი, ტყის პირას, მწვანე ეზოთი, ხის სკამით კაკლის ხის ჩრდილში და ფოთლების ჭრელა-ჭრულა ჩრდილებით ბლახებზე. ეზოში გემრიელი ხეხილი რომ იზრდებოდეს და ზაფხულის ხვატში ჭრიჭინების ხმა ისმოდეს, ზამთარში კი დივანზე თბილად მოკეცილი ვუყურებდე, როგორ თოვს ფანჯრის მიღმა, ხვავრიელად.

რიწის ტბაზე მინდა ავიდე, კარავი გავშალო და ღამე იქ გავათიო

მთა-თუშეთში მინდა პაწუკა სახლი მქონდეს, სულ ერთი ოთახიც მეყოფოდა. სულერთია, რომელ სოფელში. თუ მაინცადამაინც, დიკლო მომეწონა ძალიან, სიამოვნებით დავსახლდებოდი.

მინდა ზურგჩანთა მოვიკიდო და სამოგზაუროდ წავიდე ქვეყნის გარეთ. ვნახო ყველა და ყველაფერი, საითაც გული გამიწევს, იქით წავიდე, იაფფასიან ჰოსტელებში, ალაგ-ალაგ კარვით, სენდვიჩებით ხელში და მხიარულად, ისე, როგორც მხოლოდ ახალგაზრდობაში შეგიძლია იარო. მარტო არ მინდა ოღონდ, მარტო ძალიან მოსაწყენია, სადაც არ უნდა იყო. ერთ, ორ ან მაქსიმუმ სამ ადამიანთან ერთად.

ჯომოლუნგმაზე მინდა ასვლა. ძალიან კარგგად ვიცი, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ჩემთვის, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ხოდა მეც ვოცნებობ. პ.ს. ვიცი, რომ ევერესტი ქვია, მე ჯომოლუნგმა მომწონს.

 

 

მაღლივის ხიდის ზღაპარი


ჩემი მაღლივის ხიდი… ნუ,რაღა ჩემი,ყველასია ეს ხიდი,მაგრამ მე მიყვარს ძალიან.დღესაც ვიგრძენი რომ სუფთა ჰაერზე რომ არ გავსულიყავი,გავაფრენდი, ჩავიჯაჯე რამე,რაც ხელში მომხვდა, სიგარეტი ვიყიდე და ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყევი გზას მაღლივამდე… კიბე გაუკეთებიათ კორპუსის გვერდით, მაგარია,ახლა კისრის მოტეხვის საშიშროების გარეშე შემეძლება მოკლეზე სიარული. ხეივანში არ შევისეირნე,მაინც ბინდდებოდა და ოთხფეხა ძაღლების შემეშინდა, პირდაპირ ხიდზე გადავედი. ვიღაცეები დამხვდნენ,მაგრამ გული არ გავიტეხე, ხიდი გრძელია თქო და მოშორებით გადავეყუდე მოაჯირზე. ქარი იყო როგორც ყოველთვის, ძლივს მოვუკიდე და ჩუპა-ჩუპსთან და ბოლთან ერთად 15-ოდე წუთი ვუყურებდი იქაურობას.ლამაზი ხეობაა მომენტ, საქართველოს პატარა მოდელთან ასოცირდება, ალბათ თავისი პაწუწუნა გორაკების გამო : )))
უცებ “ლოკაცია”-ს მოვკარი ყური და მექანიკურად მივიხედე, ვიღაც ორი ბიჭი მოსეირნობს დაერთი ეუბნება მეორეს—“აქ ადრე ბევრი ლოკაციები იყო, აი იქ,კოცონი იყო ანთებული დაკარავი იდგა : ))) ფერიას სახლი იგულისხმა. ისსსსე მაინტერესებდა რომელი გუნდიდან იყო მაგრამ აღარ დავუძახე, ეს მეტიჩარა ვინღააო,იფიქრებდა.
წამოვბოდიალდი მერე უკან.