ამილკარი


 

როცა სადღაც  მიდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა საწყის და საბოლოო პუნქტებს –

მთავარია გზა, პროცესი, ფანჯრებთან ჩავლილი პეიზაჟები

და

გზის პირას ნაყიდი ადგილობრივი გემრიელობები.

ის ფიქრები, რომლებიც გზაში მოდიან

არასოდეს გვანან იმათ, რომლებიც მუდამ თავს დაგვტრიალებენ.

ამ ფიქრებში უცხო გზების და მიწების მზეები ანათებს

ცოტა სხვანაირები

ცოტა უცხოები

ცოტა დამსუსხავები

ძალიან ახლები და ამიტომაც, საინტერესოები.

ამ გზებზე უცხო ხალხის ნაკვალევია

და ის ბილიკები, რომელიც ოდესღაც ვიღაცამ გაკვალა

არასოდეს იცი, სად მიგიყვანს და რატომ

ანდა

სადაა ფანჩატურები

წყაროები

და რომელი მოსახვევის იქით დაგხვდება ოკეანე.

 

როდესაც მიდიხარ…

A პუნქტიდან B პუნქტამდე,

ერთი მიზნიდან მეორემდე,

ერთი აზრიდან მეორემდე,

ერთი სიტუაციიდან მეორემდე

ერთიდან

მეორემდე

გარდა 1-ს და 2-სა

არსებობს

1.5

2.7

1.8

და

ა.შ

და როცა სადმე მიდიხარ,

ტრანსპორტით, ფიქრებში გართული,

დანიშნულების ადგილას მისვლა

ძალიან გავს გამოღვიძებას

 

 

Advertisements

გზაში


2_mississippi__3_mississippi_by_bugidifino-d332e9m

ბავშვობაში, 7-8 წლის ასაკში თელავიდან ალვანამდე გზა უსასრულო მეჩვენებოდა. თბილისი საერთოდ, ცხრა მთას იქით იყო. ყვითელი პაზიკით ალვანამდე ან წითელი იკარუსით თბილისამდე…

არა, გული არ მერეოდა, უბრალოდ, უკიდეგანოდ მოწყენილი ვიყავი.

-დედა, მალე ჩავალთ?

-დედა რა ვაკეთო?

-გაჩუმდი და იფიქრე.

ვჩუმდებოდი და ვფიქრობდი იმაზე, ნეტა რაზე უნდა ვიფიქრო თქო  და მთელი მონდომებით “ვფიქრობდი”.

ვინაიდან პატარა ვიყავი, საფიქრალი დიდად არაფერი მქონდა და ფანტაზიას ახლაც არ ვუჩივი და მაშინ ხომ საერთოდ, ათასი ფანტასტიკური თავგადასავლის მოფიქრება დავიწყე. აი ისეთი საოცარი თავგადასავლების, მგზავრობის დამთავრებისას გული რომ გწყდება.

დღეს, თელავიდან თბილისამდე, გურჯაანის გავლით, ერთი დიდი სათავგადასავლო ფენტეზი მოვიფიქრე, ომნომნომ.

უცნაურია მაგრამ მხოლოდ მგზავრობისას, ან ფეხით ბოდიალისას გამომდის მსგავსი რამეები.

ჰხოდა მერე კიდე შემეკითხებით რატომ გიყვარს ბოდიალიო?!

თუშეთის თოვლიანი გზები


მე: გირევში და ჰეღოში მოსახვედრად მდინარე გადავიარეთ, ისეთი საშინელი ნაშალიანი გზები იყო, კამაზი ძლივს მიდიოდა.
დედაჩემი:  მანდ გზა გაიყვანეს? რა კარგია, მე რომ ვიყავი, ცხენზე ვიჯექი, ისეთი ბილიკი იყო, ცალი ფეხი ხრამზე მეკიდა და ცხენი ძლივს დადიოდა, გზის სინჯვა-სინჯვით.

ქვედა მარცხენა კუთხეში ჩვენი კამაზია. ფოტო გადაღებულია ჰეღოდან. მარცხნივ გორის უკან გირევია

ომალოდან რომ გამოვედით, ცრიდა.

მერე წვიმდა

მერე კოკისპირულად წვიმდა

მერე ცერზე ავედით და

მერე ბარდნიდა.

გოგოები სიმღერებს მღეროდნენ

კამაზი მიხრიგინებდა

მე საწვიმარში ვიყავი გახვეული

და

მიხაროდა, რომ იქ ვიჯექი

და

სულერთი იყო, რომ მციოდა,

რომ მაწვიმდა

მათოვდა,

ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი

და

ცხვირიც ცოტაარიყოს წაყინული მქონდა

(კაბინაში ჯდომაზეც კი არ მქონდა პრეტენზია)

მთავარი ის იყო, რომ მიმავალ კამაზში ვიჯექი და არა სადმე მიწაზე ვეგდე თავგაჩეხილი.

პრიორიტეტები ხანდახან რა საყვარლები არიან ხოლმე, არა?

პ.ს. ჩვენი მძღოლი. ფოტო გადაიღო ფიქრომ.

ცოცხლები ხართო?

კიდევ დავბრუნდები

იმედია

გზა – როგორც სახლი


გზა

როგორც სახლი

არსაფიქრელი წუთებისგან აწყობილი

ჭანჭიკ-ჭანჭიკ.

ადამიანების მოზაიკა

ჭრელა-ჭრულა და უზარ-მა-ზარი

  • მუსულმანი მასპინძელიდან
  • ქისტ მეგზურამდე
  • ლორიანი ლობიანები რომ დაგვიცხო, იმ რაჭველ ბებომდე
  • ჩემს ბიძაშვილამდე, თუშეთში მიმავლებს სახლი რომ დაგვითმო ალვანში
  • მეფუტკრემდე, ყავა რომ დაგვალევინა
  • მეცხვარემდე, წვიმაში რომ შეგვიფარა
  • საგადასახდო პოლიციის თანამშრომლამდე, გზა რომ გაიმრუდა, შემთხვევით გზაზე შემოხვედრილები მატარებლის სადგურამდე რომ მივეყვანეთ
  • ვოლგის მძღოლამდე, გასწრებულ მარშუტკას რომ დამაწია
  • იმ ადამიანებამდე, ტყიბულში ტაშს რომ გვიკრავდნენ
  • პოლიციელამდე, მობილურის დამტენისთვის სახლში რომ წავიდა
  • ტყეში დაკარგული რომ გვიპოვეს, იმ რეინჯერებამდე
  • მეცხვარეებამდე, თუშეთში დაკარგულებს გზა რომ გამოგვაგნებინეს
  • გრიგოლეთში წყაროს წყალს რომ “ვპარავდით”, იმ სახლის მეპატრონემდე
  • საქეიფოდ რომ გვეპატიჟებოდა, იმ რაჭველამდე
  • ჭარელების ოჯახამდე, რაჭაში ფეხნაღრძობთანამოლაშქრიანები რომ შეგვიფარეს სამი დღე
  • პოლიციელამდე, სათაფლიასთან საბანაკე ადგილი რომ მიგვასწავლა

გზა

როგორც სახლი

და მაინც

რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ერთ პატარა ნაჭუჭში ვარ მოქცეული, რომელსაც საქართველო ქვია, და რომელიც იქით რუგზაკით საბოდიალოდ გაღწევაზე ოცნებაც არ ღირს?!

დედამიწა

როგორც სახლი

ოდესმე.

ჩემ შინ


ჩემ შინ მოსასვლელი გზები ძალიან შორია, ლამაზი და სასტიკი.ანდამატივითაა ჩემს შინ მისასვლელი გზები,  იწირავს და ნთქავს ადამიანებს, ისინი კი მაინც დგებიან, ჯალაბ-ჯულაბით, ხაბაკ-ხუბაკით, დედაწულიანად, აიყრებიან და მიდიან თავ-თავის შინ, ვინ ფარსმას, ვინ გირევს, ვინ დართლოს, ვინაც წოვათას. კიდევ ერთხელ აახმაურებენ სოფლებს, შეასწორებენ სახურავზე დაცურებულ სიპის ქვებს და დაიწყება ზაფხული, ნამდვილი.

თუშეთის გზაზე

თუშეთის გზაზე

შემ შინ ღრუბლებზე მაღლაა, იქ მოსახვედრად ჯერ უფსკრულების კიდეზე უნდა გაიარო, მერე ნისლებში დასველდე, ბარის მტვერი ჩამოიფერთხო, სახიფათო მოსახვევებში ღრმად ჩაისუნთქო და სუნთქვა შეიკავო, ბევრი, ძალიან ბევრი საათი იარო სისხამ დილას გასულმა, სანამ პირველ სამოსახლოებს დაინახავდე.

ჩემ შინ მიმავალი ყველა მძღოლი თითო ჭიქა არაყს აუცილებლად გადაკრავს მგზავრობის წინ, გზადაგზა წყაროსთანაც შეგასვენებს და იქაც მოგაწოდებს სასმელს.

ჩემ შინ არყის ხის ტყეებია, შრიალა,თეთრპირისკანა და უკაცურ ადგილას ამოსული, მარტო გზააბნეული რომ გადააწყდები.

IMG_0224

ჩემ შინ  წარმართი ქრისტიანები ცხოვრობენ, ხატებს საკლავებს რომ უკლავენ და ეკლესიაში მანდილით შედიან.

ჩემ შინ” ყველა წმინდა სალოცავის ძალი და მადლი გვეწეოდესო”, ასე ამბობენ და აუცილებლად სვამენ “ცოდვილა-უპატრონოების” სადღეგრძელოს.

DSC_2213

ჩემ შინ ყველაზე გემრიელი ქონდარი იზრდება. ერთ ჭიქას ორი ასეთი ყვავილი ყოფნის იმისათვის, რომ ბარად ჩასულმა ისევ ჩემ შინ ვიგრძნო თავი.

 

ჩემ შინ ყველაზე გემრიელი ხინკლები და კოტრები კეთდება, ალუდი იხარშება და თუ კარგად მოიქცევი, შეიძლება ქუმელსაც გაუსინჯო გემო.

ჩემ შინ მთა-თუშეთშია. მთა-თუშეთი ჩემი სახლია. ჩემ შინ კი თუშურად ჩემს სახლს ნიშნავს.

თავგადასავლების მაძიებლები


მიუხედავად იმისა, რომ 

  • მზე ყველგან ერთნაირად ამოდის და ჰაერი ყველგან ერთი და იგივე აირებისაგან შედგება,
  • მთები ყველგან მთებია და ცხოველები ყველგან ერთ ენაზე “ლაპარაკობენ”,
  • ბალახი ყველგან მწვანეა და ერთნაირი სუნი აქვს,
  • საქართველოს ყველა სოფელი და ევროპის ყველა პატარა ქალაქი ერთმანეთს გავს

ჩვენ მაინც ვდგებით, ვალაგებთ ჩემოდნებს, ზურგჩანთებს, ვკრავთ ბოხჩებს, ვჯავშნით თვითმფრინავების მატარებლებს, ვაჩერებთ გამვლელ მანქანებს, ვადგებით გზებს და უვალ ბილიკებს.
არადა, გზები ყველგან ერთნაირია.

მაგალითად, ეს შუამთის გზას გავს, რომ არა ზედმეტად სუფთა და ყვითლად დაზოლილი სავალი ნაწილი, ვიფიქრებდი, რომ ისა…

ეს ალავერდის გავლით ალვანში რომ მიდიხარ, ის გზაა, ალვებჩარიგებული. ბავშვობაში, მანქანით რომ მივდიოდით, სულ მეგონა , რომ იქ, ბოლოში, გზა ვიწროვდებოდა და ხეები გვეღობებოდა.

გზა ვაშლოვანისკენ, მოსაწყენი, უბედური, სწორზე სწორი, ერთი ფუნჩხა ბალახის ან ბუჩქის გარეშე

ვაშლოვანი ზამთარში, გადატრუსული, შოკოლადისფერი და ქარვისფერი დიუნები.

მანავი, კახეთი. ზუსტად ასეთი გაბარჯღული ხეებია გადმოფარებული გზაზე.

აბასთუმნის სერპანტინები, ნისლიანი, საშიში, უგზო-უკვლოდ დახვეული.


ეს სურათიც მაგონებს რომელიღაც უკვე ნანახ სურათს, მაგრამ ვერ გავიხსენე ვერაფრით…

თუშები თვლიან, რომ თუშეთი ყველაზე ლამაზი მხარეა საქართველოში. მე ვეთანხმები. არა იმიტომ, რომ ეს ასეა, ნწ, ის ზუსტად ისეთივე ლამაზია, როგორც ხევსურეთი, სვანეთი ან ზანავი-ნუნისი. უფრო მეტიც, თუშეთის გზის რაღაც ნაწილი ზუუუუსტად ისეთივეა, როგორც ხევსურეთის.

უბრალოდ, მე იქაური ვარ. ესაა და ეს.

მე პოლინეზიის არქიპელაგის ნახვა მინდა. ერთი კონკრეტული კუნძულის-ფატუ-ჰივასი. ფატუ-ჰივას მეზობელია ტაიტი, არა, კი გამიხარდება საგზურის მიღება მანდ, მაგრამ ტაიტიზე ჩასული აუცილებლად ჩავალ ფატუ-ჰივაზეც, და ქვას წამოვიღებ, რომელიც იმით განსხვავდება იმ რიყის ქვისგან, რომელიც ჩემს ეზოში გდია, რომ მასზე შეიძლება ოდესღაც ტურ ჰეირდალმა დააბიჯა.

მწერალი გაცილებით უკეთესად დაწერდა ალბათ ამაზე

მე კი უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ პწიჩკებს სვამს უკვე ნანახი აუცილებელი ღირსშესანიშნაობების გასწვრივ, ვერასოდეს მიხვდება, რატომ შეიძლება დაადგე გზას ისე, რომ არ გქონდეს კონკრეტული მიზანი.