ყველაფერი გავლადია, საკუთარი თავის გარდა



ყველაფერი გავლადია
კიარადა
გარდაუვალია ყველაფერი
ყველა ფერი
წითურის გარდა.

….

ვაწყდები კედლებს
გულგრილობის.

….

სიზმრებისგან აშენებულ ციხეში ვცხოვრობ აგერ უკვე 25 წელია
(დღეს უკვე მერამდენედ, დამავიწყდა საკუთარი ასაკი
წარმომიდგენია, რა მომივა 10 და 15 წლის შემდეგ)
და
ვერასოდეს გავთავისუფლდები საკუთარი ემოციების ტყვეობიდან.
(არადა გაფაციცებით ვაგროვებ, რაც შეიძლება მეტს და მრავალფეროვანს, სანამ მოვკვდებოდე).

აი, წუხელაც
ადამიანი მოვიდა სიზმარში
ჩამოჯდა ზურგმოხრილი
ატკივებული
შეციებული
და ისეთი უბედური, რომ სიცოცხლის რამდენიმე წელს გავიღებდი, ოღონდ ბედნიერი იყოს.
(არადა არ ვარ ეგეთი ალტრუისტი)

მე თუ რამე მომკლავს სინანული და სინდისის ქენჯნა იქნება
(ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, არ ვთვლი, რომ ყველა სიტუაციაში, ჩემს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იმ მომენტისთვის საუკეთესო იყო, მაგრამ ის ლომია და სხვანაირად აზროვნება, უბრალოდ, არ შეუძლია), მე კი დღემდე მეტირება თუნდაც იმის გახსენებაზე, როგორც მოვცხე (მოვცხე რა, ხმამაღლა ვუთხარი და მსუბუქად მივარტყი ტაკოზე) კნუტს მსუბუქად იმის გამო, რომ არასწორ ადგილას მოისაქმა.

ნუ, ან ნახტომი სიმაღლიდან
(იქნებ იმიტომაც მეშინია სიმაღლეების რომ ერთი სული მაქვს, ვისკუპო სივრცეში).


სიმაღლეზე გამახსენდა, გურგენიანის ჩანჩქერზე თუ ხართ ნამყოფები, ზემოთა მხარისკენ რომ აფოფხდები, მყუდრო საბანაკე ადგილია და იქ დავეცით ბანაკი… ნაწილი საბანაოდ წავიდა, ნაწილი კიდევ რაღაცას აკეთებდა და მე გამოვერიდე, ჩანჩქერის ზემო სათავეში დავჯექი დიდ ქვაზე, მზე მათბობდა, ფეხებქვეშ ჩამირბოდა ცივი წყალი და ოდნავი გადახრაღა იყო საჭირო იმისთვის, რომ მესკუპა.

მერე ავდექი და მაქსიმალურად მივუახლოვდი კიდეს და ჟრუანტელები მივლიდა, როცა ვაცნობიერებდი რომ ერთი ფეხის უხერხული დადგმა და ჩკა. აქვე დავამატებ იმასაც, რომ უსიმაღლისშიშო ადამიანისთვის ეს დიდი არაფერი ნაბიჯი იქნებოდა.

რომ მკითხო რას ვაკეთებდი იმ დღეებში, ვერ გავიხსენებ, სამაგიეროდ ეს შეგრძნებები ახლაც ისე მახსოვს, თითქოს იმ ქვიდან 5 წუთის გადმობობღებული ვიყო.

Advertisements

სიყვარულის სახელით



ჩვენ გვიყვარს და გვედარდება ადამიანები, როლებიც გვტკენენ.
ჩვენ ვტკენთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ და ვედარდებით.
ალბათ იმიტომ, რომ
ვინც გიყვარს, იმასთან ის ხარ, ვინც ხარ
და
ჩვენ ძალიან იშვიათად ვართ კარგები,
ხოლო როცა კარგები ვართ
მაინც მოგვეძებნება საქციელები,
რომლებითაც ვტკენთ მათ, ვინც გვიყვარს.

მე არ მჯერა სიტყვის “მიყვარხარ”
და არასოდეს არ მითქვამს
პირველის გარდა, რომელიც უკანასკნელი გახდა.

მე თქვენ არასოდეს არ გეტყვით რომ “მიყვარხარ”.
იმიტომ, რომ
სისულელეა,
სასაცილოა
და
ყალბად ჟღერს
(ყოველშემთხვევაში, ჩემგან).

მე შეიძლება მიყვარდეს ბალახში წოლა, ხეზე ჯდომა,
დახუჭულ თვალებში შემოპარული მზე…

ადამიანები, უბრალოდ, ვეგუებით ერთმანეთს,
როგორც გასაღები და კლიტე
სიყვარულის სახელით,
ალბათ იმიტომ რომ
გავართლოთ, რატომ ვართ ადამიანებთან
რომლებიც
გვტკენენ
თუნდაც უნებურად
თუნდაც ხანდახან
თუნდაც სინანულით და მონანიებით
და
თუნდაც თვლიდნენ, რომ ჭრილობიდან ჩიქრია ამოსაღები
ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე,
ჩვენ მაინც არ გავრბივართ

ვრჩებით

და როცა ვერ ვხვდებით, რატომ ვრჩებით

სიყვარულის სახელით ვამართლებთ
საკუთარ თვალებში
რომლებშიც მზეეები დადიან მაშინ
როცა მასთან ვართ,
ვინც გვტკენს
ხოლმე
ხანდახან
და
ნებ-უნებურად.