მზიანი სახლი- დაბრუნება და ცვლილებები


დადებითი

  • ტრენინგების ისტორიაში პირველად, გარკვევით დავაფიქსირე ჩემი აზრები ისე, რომ სულ არ მინაღვლია, რას იფიქრებდნენ გარშემომყოფები. ანუ არ მიზრუნია “იმიჯზე”.

უარყოფითი

  • ჯერ ისევ მძაბავს წრეში ჯდომა, ძალიან vulnerable მგონია თავი ამ დროს და ძალიან ღია თავდასხმებისთვის.

697c01119a42

თვით ტრენინგი

ხო, სულ სამი კუნძული გვქონდა დასასახლებლად.  ამერიკა- სამოთხისნაირი, ევროპა- ჩვეულებრივი, და ალასკა- სიძნელეებით აღსავსე. არჩევანი თავისუფალი იყო და მე  ალასკაზე წავედი, სადაც სიკვდილიანობა მაღალი იყო და საერთოდაც გადარჩენისთვის უნდა გებრძოლა. ძალიან მხიარული ცხოვრება გვქონდა ალასკაზე, სიცოცხლის სულ ცოტა შანსებიღა გვქონდა, ქარის თითო დაბერვაზე ლამის თითო შანსი გვეცლებოდა ხელიდან, ბედი ჩვენ არ გვწყალობდა, მოსავალი ჩვენ არ გვქონდა და ინტერესით ველოდი აბა როდის მოვკვდები თქო და თან მინდოდა, რომელიმე მოთამაშე გამეყოლებინა თან, ან დამეჭრა მაინც. თუმცა მერე გადავიფიქრე.

სანამ ალასკაზე ემოციებს ვახარისხებდი, პარალელურად ვამჩნევდი როგორ გაბობოლავდნენ ამერიკელები,  ფეხი ფეხზე გადაიდეს და იეი, ჩვენ საკაიფო ცხოვრება გვაქვს, ლალალა… ტრენინგის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეგონათ, რომ მათი ყველას შურდა.  არ ვიცი, ალბათ ზოგს შურდა კიდეც, თუმცა შური ნიშნავს, რომ შენც გინდა იმ ადამიანის ადგილას ყოფნა, ვისიც გშურს, რაც ძალიან ადვილადმიღწევადი იყო, უბრალოდ შესაბამის სკამზე უნდა დამჯდარიყავი, აქედნ გამომდინარე, შურის საფუძველი არ უნდა გვქონოდა.

IMG_2258

რაღაცნაირი დასკვნები

უნდა აღინიშნოს, (რა მაღალფარდოვნებაა)  რომ რამოდენიმე ამერიკელი უკვდავი თურმე მაინც ნერვიულობდა ბედ-იღბალზე- აქედან დასკვნა 1,  არ აქვს მნიშვნელობა მილიონი გაქვს თუ ორი კაპიკი, მენერვიულე მაინც ყოველთვის ყველაფერზე ინერვიულებს და ზოგადად, დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი ყველგან ცუდად იქნება, სასახლეშიც და ამაზონის ჯუნგლშიც.

დასკვნა 2 – ყველას თავისი ამერიკა აქვს. ჩემთვის ამერიკა მსოფლიოს გარშემო უზრუნველად ბოდიალი და თუშეთში ერთ ოთახია. ვიღაცისთვის მანჰეტენზე გასეირნება, ან სერიოზული კარიერა, ან მეოჯახეობა და სამი შვილი…

დასკვნა 3 – როცა ვხვდები ადამიანებს წარსულიდან, ისევ ისეთი ვხდები, როგორსაც ისინი მიცნობენ. მავნე ზეგავლენა ცუდი რამეა.

საბოლოო დასკვნა

ძალიან მომენატრა ტრენინგების ატმოსფერო (ხალხი ძალიან იშვიათად მენატრება, ასერომ ვერ დავიბრალებ), ემოციები, დაძაბულობები, ხუმრობები. ტრენინგისშემდგომი ტვინისჭყლეტვობები და რაღაცეების გადახარშვები. ჩემი თავიც მომენატრა ასეთი, რაღაცნაირადჩაფიქრებული და საკუთარ თავზე მომუშავე.

სინანული

ჩემს ბავშვობაში, ან 18-19 წლის ასაკში რომ მსგავსი რამე არსებულიყო სადმე, ჩემს გარშემო, ახლა გაცილებით უკეთესი მე ვიქნებოდი და უფრო მეტად მეყვარებოდა ჩემი თავი.

პ.ს. აი ჩემი ამერიკული ოცნება. თუშეთი, სოფელი ფარსმა. ივნისის მერე არ მინახია ეს სურათები, აღარც მახსოვდა რომ მქონდა და არც კი მჯერა, რომ ასეთ ლამაზ ადგილას მე ვიყავი. ანუ ჩემთვის ულამაზეს ადგილას.

DSC_2439

პ.პ.ს. თუ მსგავსი რამეები თქვენც გიყვართ, ახლა ახალი ჯგუფები დგება, განაცხადის ფორმა perwklii @ gmail.com -ზე შეგიძლიათ მთხოვოთ, რატომღაც აქ დადებული ლინკი არ მუშაობს

დღეს მოდაშია


დღეს მოდაშია ფოტოგრაფობა

და

“ლაშქრობებში სიარული”.

სადაც გაიხედავ, ყველა ან სარკულ ციფრულს დაათრევს (ჩემი ჩათვლით)

ან

კარავ-და-ჩანთა-მოკიდებული სადღაც მიემგზავრება, საბოდიალოდ.

(თან გზადაგზა წუწუნებენ).

“წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”

ანდაზა რომაა, გახსოვთ, ხომ?

ხოდა

გაივლის თვეები, ლაშქრობები, ერთი, ორი, სამი…

და მთელი ამ მოდას აყოლილი ადამიანებიდან

კანტიკუნტად დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც მოდის იქით, უბრალოდ, ზურგჩანთამოკიდებულებს,

ტყეში, მინდორში, ბლახებში, მთაში და ბარში ხეტიალიც უყვართ.

ლაშქრობებში სიარული ერთს გაუვლის, ორს, მაგრამ ის მესამე დარჩება, მერე ის მესამე მეოთხეს და მეექვსეს წამოიყვანს  და მერე სულ ჩვენ ვიქნებით, მობოდიალეები…

  • და მე ხანდახან ძალიან მრცხვენია, რომ არ გამიარა, რომ ისევ აქტიურად დავდივარ და ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვივლი.
  • ხანდახან იმისაც მრცხვენია, რომ რაც თავი მახსოვს ჩემზე პატარებთან ბევრად უფრო მეხალისება ურთიერთობა, ვიდრე ჩემხელებთან ან ჩემზე დიდებთან.
  • კიდევ იმისი მრცხვენოდა ხოლმე ადრე, რომ ჩემს ნათქვამებზე ეცინებოდათ მაშინ, როცა სრულიად სერიოზულად ვიძახდი რაღაცეებს.

არადა, მორცხვობა აღარაა მოდაში.

ახლა წითელი თმაა მოდაში, ყოველი მეშვიდე გოგო წითლად იღებავს თავს და მე ვუყურებ და ვხვდები, რომ მიხარია, რომ მარტო მე აღარ ვარ “თავცეცხლა”. მერე რა, რომ წლებთან ერთად გაუვლით და როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს, ისევ გაყავისფრდებიან, “დადინჯდებიან” და რუტინულ ცხოვრებას დაიწყებენ.

შეგიმჩნევიათ რა სევდიანად მთავრდება პეპი გრძელიწინდა, ან პიტერ პენი?

არა?

კარგი.

მე გოგო ვარ,

მმართველი პლანეტა- მთვარე

და

ხანდახან, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ

ზოგჯერ, სრულიად ემოციურად,

მსგავსი პოსტები “გამოვაცხო”.

დიაგნოზი – პერწკლი


ხანდახან ისე მინდება, გავიხადო საკუთარი თავი,

როგორც ტანსაცმელი,

ბალახზე დავაგდო

და

უკანმოუხედავად გზა გავაგრძელო.

სადმე დავემალო საკუთარ თავს,

როგორც ბავშვობაში,

ძილის წინ ჰაერში რომ ვტივტივებდი-

კოსმოსში გამოკიდული უმცირესი ნაწილაკივით

და

მთელი დედამიწა მუჭში მეტეოდა.

მინდა რომ მივატოვო ის გოგო,

სარკიდან რომ მიყურებს

და

იმ მეს მივცე თავისუფლება, იმ გოგოში რომ ცხოვრობს, მე რომ ვარ ვითომ.

გავიხადო ჩემი ცხოვრება

პერანგივით.

დიდი ზურგჩანთასავით მოვიშორო თავიდან,

მწვერვალზე ასული ძირს რომ დააგდებ და

ფრენის შეგრძნებით ტკბები.

დავდივარ და დამდევს მელანქოლია, სულ თან დამდევს და იმ წამს ელოდება, როცა დამარტყამს, წამლეკავს და მოვიკუნტები, ტკივილის დასამალად. აგერ უკვე რამდენი წელია, მხრებით დავატარებ, თმებში შეყუჟულს, აღმა-დაღმა, კარ-და-კარ…

ვერ ვეგუები იმ კანს

რომელშიც დავიბადე…

ამ მთისა, იმ ბარისა…



ბანანის გემო ტუჩებზე
Redbull+vodka
და
თავისუფლება უდაბნოს ცხელ ქვიშებში.

არაფერია იმაზე მარადიული ვიდრე ემოციები.

დედამიწა არც ისეთი მრგვალია, როგორც ჩვენ გვგონია
ქვა ვერ შეხვდება ქვას
თუმცა ჩვენი მთები ერთ დროს ოკეანის ფსკერზე იყვნენ,
ზღვის ვარსკვლავებს, როგორც ფოსტალიონებს
მიმოქონდათ ამბები
იმ მთისა, ამ ბარისა…

ისე, უბრალოდ…
იმ მთისა…
ამ ბარისა…

შიშველი სხეულების სიმართლე



ყოველთვის ვერიდები უცხო ხალხში საკუთარი თავის გამოხატვას,
ჩვევა მაქვს ასეთი-
ვცდილობ, საკუთარი თავი დავმალო:
მაინც ყველას აღიზიანებს
და უცნაურად, უინტერესოდ ან არაკომფორტულად მიაჩნია…
(ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.)

რაშუაშია და…

შეგიმჩნევიათ, რომ ემოციები ღამის და დღის თორმეტ საათებზე ძალიან მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

და ის მე, ვინც დღის თორმეტ საათზე სამსახურში ზის, ვერასოდეს მიხვდება იმას, რას გრძნობს და აემოციავებს ღამის თორმეტ საათზე აქ მპოსტავი, კოცონთან ყავის ჭიქით მჯდომი, ტყეში ბალახზემწოლიარე ან მეგობართან ერთად ფილმსჩაჯდომილი მე.

ადამიანი არასოდესაა იმაზე გულწრფელი და ნამდვილი, თავისთავსმიკუთვნებული და ბუნებრივი, ვიდრე შიშველი, იქნებ ამიტომაც, ადამიანების უმეტესობა ვერასოდეს ლაპარაკობს რაიმე მნიშვნელოვანზე თუ ტრუსიკი მაინც არ აცვია და გაცილებით უფრო უჭირს მოტყუება… (იმჰო, ასევე აღიარებითი ჩვენება რამდენიმე მდედრისგან, შემთხვევით მოსმენილი)

ტანსაცმელი

  • ადამიანთა უმეტესობის ნიღაბი და თავშესაფარი,
  • პირობითი მორთულობა, ყველაზე მარტივი საშუალება-შევუქმნათ შთაბეჭდილება გარშემომყოფებს, ვმიმიკრირდეთ და ადაპტაცია მოვახდინოთ შესაბამის გარემოსთან.
  • ტანსაცმელი, ანუ განწყობა, როცა “სერიოზულ” საკითხებზე სამსჯელო საყოველთაოდ მიღებული აზრები თავისთავად მოდიან და მარტივია, საკუთარი სხვაგან გადამალო.
  • შეგიმჩნევიათ, როგორ გეცვლებათ ხასიათი იმის მიხედვით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ თუ მოხერხებული ტაპოჩკები, ჰალსტუხი გაქვთ წაჭერილი პერანგზე თუ უჰალსტუხოდ, მაისურით ხართ?

სიშიშვლე

  • როგორც უმწეობა და ნდობა.
  • ჩვენ ყველას არ ვანახებთ ჩვენს შიშველ სხეულს (ალბათ ამ მიზეზით?).
  • შეგიმჩნევიათ რა ბედნიერი სახე აქვს ჩვილს, როცა ტანსაცმელს ხდი?
  • გიცდიათ ძილი სრულიად შიშველს?

თქვენ გიძინიათ ტბის პირას, ღია ცის ქვეშ, მხოლოდ საძილე ტომარაში და დილით თვალგახელილს, თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი აისი დაგინახავთ? არა? და რაღაც უცდით?

და რატომღაც, იმის მაგიერ, რომ ჩემი წილი პიჟამოთი ჩემს წილ ლოგინში მეძინოს, ჩემს წილ ინტერნეტსივრცეს ვანაგვიანებ აზრებით, რომლებიც აქტუალურობას ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე დაკარგავენ და დილით ისევ წავსამსახურდები, სადაც ყოველთვის ხვდებიან, რომ ლაშქრობაში ვიყავი- დილაობით ბედნიერი სახე გაქვსო.

მე არ ვიცი, როდემდე მეყოფა ძალა, ღამის თორმეტ საათზე მოსული ემოციების და აზრების გასაძლებად.

თუმცა, როდის იყო, ემოციებისგან კვდებოდნენ…

პ.ს. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ამაზე კაცები, მე მხოლოდ საკუთარი, ქალური პოზიციიდან ვაფიქსირებ ყველაფერს…
პ.პ.ს. არადა სულ სხვა რამის დასაწერად შემოვედი აქ, როგორც ყოველთვის…

ყველაფერი გავლადია, საკუთარი თავის გარდა



ყველაფერი გავლადია
კიარადა
გარდაუვალია ყველაფერი
ყველა ფერი
წითურის გარდა.

….

ვაწყდები კედლებს
გულგრილობის.

….

სიზმრებისგან აშენებულ ციხეში ვცხოვრობ აგერ უკვე 25 წელია
(დღეს უკვე მერამდენედ, დამავიწყდა საკუთარი ასაკი
წარმომიდგენია, რა მომივა 10 და 15 წლის შემდეგ)
და
ვერასოდეს გავთავისუფლდები საკუთარი ემოციების ტყვეობიდან.
(არადა გაფაციცებით ვაგროვებ, რაც შეიძლება მეტს და მრავალფეროვანს, სანამ მოვკვდებოდე).

აი, წუხელაც
ადამიანი მოვიდა სიზმარში
ჩამოჯდა ზურგმოხრილი
ატკივებული
შეციებული
და ისეთი უბედური, რომ სიცოცხლის რამდენიმე წელს გავიღებდი, ოღონდ ბედნიერი იყოს.
(არადა არ ვარ ეგეთი ალტრუისტი)

მე თუ რამე მომკლავს სინანული და სინდისის ქენჯნა იქნება
(ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, არ ვთვლი, რომ ყველა სიტუაციაში, ჩემს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იმ მომენტისთვის საუკეთესო იყო, მაგრამ ის ლომია და სხვანაირად აზროვნება, უბრალოდ, არ შეუძლია), მე კი დღემდე მეტირება თუნდაც იმის გახსენებაზე, როგორც მოვცხე (მოვცხე რა, ხმამაღლა ვუთხარი და მსუბუქად მივარტყი ტაკოზე) კნუტს მსუბუქად იმის გამო, რომ არასწორ ადგილას მოისაქმა.

ნუ, ან ნახტომი სიმაღლიდან
(იქნებ იმიტომაც მეშინია სიმაღლეების რომ ერთი სული მაქვს, ვისკუპო სივრცეში).


სიმაღლეზე გამახსენდა, გურგენიანის ჩანჩქერზე თუ ხართ ნამყოფები, ზემოთა მხარისკენ რომ აფოფხდები, მყუდრო საბანაკე ადგილია და იქ დავეცით ბანაკი… ნაწილი საბანაოდ წავიდა, ნაწილი კიდევ რაღაცას აკეთებდა და მე გამოვერიდე, ჩანჩქერის ზემო სათავეში დავჯექი დიდ ქვაზე, მზე მათბობდა, ფეხებქვეშ ჩამირბოდა ცივი წყალი და ოდნავი გადახრაღა იყო საჭირო იმისთვის, რომ მესკუპა.

მერე ავდექი და მაქსიმალურად მივუახლოვდი კიდეს და ჟრუანტელები მივლიდა, როცა ვაცნობიერებდი რომ ერთი ფეხის უხერხული დადგმა და ჩკა. აქვე დავამატებ იმასაც, რომ უსიმაღლისშიშო ადამიანისთვის ეს დიდი არაფერი ნაბიჯი იქნებოდა.

რომ მკითხო რას ვაკეთებდი იმ დღეებში, ვერ გავიხსენებ, სამაგიეროდ ეს შეგრძნებები ახლაც ისე მახსოვს, თითქოს იმ ქვიდან 5 წუთის გადმობობღებული ვიყო.

წვეტები



წაკითხვისთანავე დამწვით
არასაიდუმლო ინფორმაციებით
თარგების გარეშე შეკერილი აზრებით
და
მეამბოხე კედებით.

ვერ მივეჩვიე, რომ სხეული მეჩხუბება
როცა არ ვუჯერებ.

მენანება დრო
დახარჯული ცერემონიებში

არ მენანება არც ერთი წვეთი ენერგია
რაც ოდესმე
ემოციების მოპოვებაში,
გამოწვევაში
და
მოგროვებაში დამიხარჯავს.

ან რატომ ვზივარ და აქ რატომ ვპოსტავ
თითები მექავება უბრალოდ

და

აზრებს ვანაწილებ:

შენ დაიპოსტები

შენ არა

შენ იქით წადი

შენ აქეთ

შენ საერთოდ თავი დამანებე, არ მევასები

შენ მიგჯღაპნი, გაგათავისუფლებ და დაგივიწყებ

შენი კი… ახლა შენი დრო არ მაქვს, შესაფერის სიტუაციაში მობრძანდი
ოღონდ დაკაკუნება არ დაგავიწყდეს
აქსონები ფრთხილად გამოიარე
ნატრიუმკალიუმის ბალანსიც გაითვალისწინე
(ძალიანაც ნუ აურევ)
და
შენი ჭიქაც მოაყოლე
ოღონდ მე სიგარეტს ვეწევი და
როჟები არ დამანახო

დღეს მზეა
და
მიხარია
🙂

მერე?


მერე?
მერე არაფერი.
მერესი მერემ იდარდოს.

ყაყაჩოები მიყვარს
ხელისგულებზე ამოსულები
თბილ ბუდეში თავშეფარულები და
შეშინებულები
აბუზული ბეღურებივით
სიცივეს რომ არ ეპუებიან და
რტოები რომ კანკალებს
პაწაწინა ფეხებს ჩაბღაუჭებული.

გარინდული მოლოდინი მიყვარს,
სხეული, აკრუტუნებული,
გაზმორებული
და
დარიჩინის და გამდნარი შოკოლადის სურნელი
მთელ სხეულში.
უნებური ბგერები და
ემოციასაყოლილი მოძრაობები

მერე?
მერესი მერემ იდარდოს…

განწყობილება


აღარ მინდა ასეთი იმპულსურემოციებიანი და იმპულსურსურვილებიანი ვიყო

სიმშვიდე მინდა

პოხუისტობა, ჯანდაბას

ოღონდ ასე ხშირად არ მეცვლებოდეს შეხედულებები და დამოკიდებულებები, უცებ არ მისულერთდებოდეს მნიშვნელოვანი და წამის მეათედში ისევ მნიშვნელოვანდებოდეს.

არ მინდა არც ის უკიდეგანო ბედნიერებები და არც უბედურებები… უფრო სწორედ, არ მინდა უბედურებები, და დავთმობ ამ წამიერ სიმშვიდეებსაც, ჯანდაბას…

ზუსტად ერთი წამით დანახული ფოტოს გამო განწყობილებების მთელ თაიგულს ხაზი რომ გადაესმება და ერთადერთი ემოცია რომ რჩება __ უბედურება.

ანდა, ერთი უბრალო ფაქტის გამო ყველაზე ბედნიერი ადამიანი რომ ვარ იმ ადგილას და იმ მომენტში.

ყაყაჩოები ხელისგულებზე


ასჯერ ასი და

ათჯერ ათასი

ემოციებით გადავსებული

გადმოვიღვრები შენს ხელისგულზე.

მოვკალათდები

ფეხსაც მოვირთხავ

პურის ყანასავით ცხელი, მზიანი…

ყაყაჩოები ამოსულან ხელისგულებზე

შეამჩნიე?