ბოდიალი და ბედნიერება 2012


წელს პოსტის დაწერა და შეჯამება დამეზარა, კიდევ უფრო მეტად სურათების ამორჩევა, ამიტომ, მარტივად და რენდომად, ყოველგვარი სისტემის გარეშე, ფოტოებით გავიხსენებ წლევანდელ ფავორიტ ბოდიალებს, (ყველა ერთად უბრალოდ, ვერ დაეტევა, თან მე ზარმაცი ვარ) ბედნიერობებს და ალაგ-ალაგ პოსტებს გავლინკავ, რაც მიწერია, მეტი მოხერხებულობისთვის.

DSC_0467

ტბათანა. წოვა-თუშების სოფელი პანკისის ხეობაში, თუ ხეობასთან.  ახლა აქ მხოლოდ ქოხებიღა დგას და ბევრი არათუში დადის/ცხოვრობს. ჩვენც ისმაილმა მიგვიყვანა აქამდე, ქისტმა (თუ სწორად მახსოვს). გზა ძალიან ლამაზია, ოღონდ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით თუ გაივლი. გზადაგზა, ჩვენს თვალწინ დადო თოვლი მთებზე. აქ სულ წვიმდა, ციოდა, სველოდა, ბოლი იდგა ქოხში და მერე ღამე ქოხში გვეძინა, კარვისტენტგადაფარებულებს.

DSC_1178

მაღალმთიანი აჭარა, ღორჯომია ეს მგონი. აქ მეჩეთის სანახავად ავეხეტეთ, მძღოლს საბურავი გაუფუჭდა და ყოფილი გამგებლის ოჯახში ამოვყავით თავი. შეშის ღუმელზე, პირდაპირ ჭიქებში მოდუღებული ყავა დაგვალევინეს. სახლები მთლიანად ხისგანაა გაკეთებული და ხის სუნი დგას სახლში. ზამთრობით გზა ზოგჯერ იკეტება, ამიტომ მასპინძლის ასე 6-7 წლის გოგონა სახლში გავაჩინეო, დედამისმა.

DSC_1158

ესეც მაღალმთიანი აჭარა, ბეშუმი. იძახიან, რომ ძალიან გავს ბახმაროს. კი, გავს, ოღონდ ბახმაროში უთვალავი ძროხა არ დადის, რქებზე ფერადნაჭრებშებმული. ეს სახლებიც მთლიანად ხისაა და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადიან.

DSC_1922

პალიასტომი. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. ამაზონის ჯუნგლებში გადაღებული ექსპედიციები რომაა, უზარმაზარ მდინარეებში რომ მიცურავენ და გარშემო დიდი ჯუნგლებია, აი ზუსტად ისეთი გარემოა. ოღონდ შუა ტბაში კატერი გაგვიფუჭდა და სანამ რამე უკეთესის დახვედრების პირობა არ იქნება, მე ჯერ ვერ და არ დავბრუნდები.

DSC_2356

წლის ყველაზე-ყველაზე ბედნიერება, თუშეთი. ის კამაზი ონისეს კამაზია, კამაზის გასწვრივ, პირდაპირ, თუ დააკვირდებით, გირეველი მესაზღვრეების კარავი მოჩანს, მე ჰეღოზე ვდგავარ და იქიდან ვიღებ ამ ფოტოს.

_MG_6467 copy(1)

ესეც წლის ყველაზე-ყველაზე თავგადასავალი– თუშეთიდან მომდინრებს გაგვითოვდა, უზარმაზარი ფიფქებით ბარდნიდა.

DSC_1703

აჭარა, აქ დილის ყავა მიჭირავს ხელში, კიდევ გუდვილის დარიჩინიან-ქიშმიშიანი ფუნთუშა მაქვს და ცხოვრება მიხარია.

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

წელს სვანეთშიც ვიყავი, მთელი 7 დღით, ჯიპ-ტური მოვაწყეთ. იმდენი რამე ვნახე, მემგონი იქაურ სვანებს არ აქვთ ნანახი. ეს ჭალაადია, მყინვარი.  ჩემი დაბადების დღეა ამ ფოტოზე.

წლის წყურვილი. შდუგრას ჩანჩქერისკენ მივდიოდით და პაწუკა ბოთლით წაღებული წყალი არ გვეყო. მთელი ორი საათი, სანამ მივდიოდით, წყალზე ვოცნებობდით. ორი ყლუპი მქონდა დარჩენილი, ვიზოგე-ვიზოგე და ვერ გამოვიზოგე. იქვე ვიღაცეებს მივადექით, წყალი ვითხოვე.  წამომყევიო კი მითხრა და ქეთიმ ისე მომაძახა, მეც წამომიღე რაა-ო რომ გაეცინა და დიდი ვედრით დაგვიდგა სასმელი წყალი. ისე დავესიეთ, დავაცარიელეთ. უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ ამ ფოტოს გადაღებისას

DSC_3885

ბორჯომის რაიონი, სოფელი თორი, 100-ზე მეტი წლის სახლი. ამ ფოტოს გადაღებისას ფეხი მქონდა ნაღრძობი, თუმცა იმდენად გახურებული/ადრენალინით სავსე ვიყავი, რომ ვერ ვგრძნობდი.

DSC_3781

კახისის ტბა. სტაფილოსფერი კარავი მარცხნივ ჩემია. კახისის ტბაზე თევზიაო იძახიან. მე ბაყაყები ვნახე და კიდევ ძალიან ბევრი ჟოლო.

DSC_2382

ესეც თუშეთია, სოფელი ფარსმა.

მთის ქონდრის, იგივე ბეგ-ქონდარას, იგივე ბექთ-ქონდარას ჩაი. ყველაზე თუშეთისარომატიანი ჩაი.

9

ეს სამცხე-ჯავახეთია. ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა, ყველგან ნეხვის სუნია და დეპრესიულად მიტოვებული სახლები. ბერძნებმა მიატოვეს თურმე,  საბერძნეთში წავიდნენ. არ ვიცი აქ რა უნდოდათ, მაგრამ ისე ცივა, მეც დავბრუნდებოდი, აქ რომ დავესახლებინე ვინმეს.

13

ეს საროა. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ… ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო, ასე ვერ მოვყვები.

DSC_7744

წლის ბოლო კოცონი, აქვე, თბილისთან.

DSC_8539

კახეთი. ზეგაანი.  წლის ბოლო გასვლა. ძალიან ციოდა. ფოტო მომწონს, თორემ აქ ვერ მოხვდებოდა საერთოდ.

DSC_5186

ხვამლის გზაზე. სოფლის ბირჟა. სანამ ბიჭებს ველოდებოდი, ნახევარი საათი მარტო ვიყავი და ეს გადავიღე.

ხვამლის მთა. ნისლები მოდიან უკვე, არადა ორი საათის წინ მზე იყო.

ხვამლისკენ გზადაგზა სულ ასეთი მინდვრები იყო, ასეთი სილამაზე არსად არ მინახავს.

DSC_8812

კანფეტით მოვიტყუე ახლოს, ისე არ მოდიოდა. ჩემი ბღვერია ნათლული.

სადღაც ლეჩხუმში, რაღაც მოტბავო ელემენტი უნდა გვეპოვნა, წავიყვანეთ რატი და მისი კოლხოზნიკი, ტბის მაგიერ ვიპოვეთ ძალიან ლამაზი მოჭაობო რაღაც, დავანთეთ კოცონი, ვეცადეთ დაგვეჭირა რამე. მოკლედ, კარგი იყო.

DSC_2696

თუშეთი, ომალოს სასტუმროს ფანჯარა, ახალი ნაბანავები ვარ (ორი დღე კამაზის ძარაზე ნამგზავრი), ჩემი ყავა, სტაფილოსფერი ჭიქით, რომელიც დავკარგე სადღაც და უმანკოების ხანა (თუ სწორად მახსოვს). ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც პახოდში წავიღე და მერე არ გავაჩუქე.

DSC_6361

ბავშვობის მერე თივის ზვინი ასე ახლოდან არ მინახავს. გუდარეხში მივდიოდით ხუთნი. ყველაზე ძალიან ასეთი, ნებაზე მიშვებული ბოდიალობები მიყვარს მე.

DSC_7067

კაცხის სვეტი. წინა დღეს სადღაც ვიყავი, უკიდეგანოდ დავიღალე და კვირას მაინც წავედი ამის სანახავად. ამ ფოტოს გადაღებისას უკვე სიცხე მქონდა. კაცხის სვეტის წინ რომ კლდეა, იმაზე ავფოფხდით, გზადაგზა წყლის მილს ვეჭიდებოდით. საკმაოდ იოლია, როცა გრანდიოზულ ფოტოაპარატს არ მიათრევ თან.

რაჭა, ცხმორი. წელს ერთადერთხელ მეძინა თითქმის ღია ცის ქვეშ. რაჭაში, ცხმორში, ამ აივანზე. მერე რა, რომ ხიდან მთელი ღამე მსხლები ცვიოდა.

DSC_3728

ჩანჩქერის გზაზე. ცხოვრებაში პირველად გავჭედე სადღაც მიმავალმა,  მაგრამ მერე მაინც გავაგრძელე გზა, თუ გამაგრძელებინეს. აქ მთავარი სირთულე გადალახულია, ბლახებს ვეჭიდები, რომ არ ჩავსრიალდე ტალახზე და წყალში არ ჩავჭყაპუნდე. საბოლოოდ მაინც არ ჩავვარდი მდინარეში, ისე ვიარე, ფეხმშრალად. თუმცა ბოლომდე უხიფათოდ მაინც ვერა, ესეც პოსტი იმაზე, როგორ მივიღე პირველი და იმედია სულმთლად ბოლო სერიოზული ტრავმა.

DSC_7263

ეს ისე, კახური რქაწითელი მოიტანა ზვიომ რთველიდან მთელი ერთი ყუთი.

და ბარემ აქვე, კახური ალუ”რ”ჩა.

ბუსტერზე ვიჯექი ციცინათელაში.  თან სიმაღლის მეშინია მე და  ადრენალინის “პერედოზი” მომივიდა, მაგრამ აიაიაიაი ისეთი სუნთქვისშემკვრელი რამეა.

DSC_6870

რაბათი, გასაყიდი ხმლები სუვენიერების მაღაზიაში. ფოტოების გადასაღებად იდეალური დეკორაციებია რაბათში.

DSC_4201

რაჭა, სოფელი გლოლა. სანამ კატიწვერააზე მიდიოდა ჯგუფი, მე აქ დავრჩი, ნატკენი მქონდა ფეხი და ვერ ვივლიდი. ვაშლი თბილისელი, მპ3 უკვე გადაგდებული, წიგნი “არ გამიშვა”, ფილმიცაა ამ გადახელების. ძალიან კარგი რამეა, ოღონდ არ წამომიღია, გავაჩუქე.  კატიწვერაზე ვერ ავედი, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი.

მეგობარი, სიმყუდროვე, რელაქსაცია და ა.შ.

სვანეთი, მხერი. ეს თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ არაფერი არ გინახავთ. 5 საათი უნდა იარო სულ აღმართზე, ტყეში. ძალიან დამღლელია, მაგრამ როგორც კი ახვალ, ყველაფერი გავიწყდება ისეთი ლამაზია იქაურობა. საითაც არ უნდამიტრიალდე, ყველგან მთებია.

DSC_7137

სალხინო, დადიანების რეზიდენცია. სამეგრელო. ვერ ვიტან აქაურობას, მაგრამ ლამაზი კია.

ჩემი კარავი თუშეთში.

DSC_8197

ასეთი იყო ეს წელი, მოგზაურობ-ბოდიალობები. და თან წესიერად რომ არაფერს იმახსოვრებ, აი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიდექი, ცხოვრება ჩემს გარშემო მიდიოდა და მე მდუმარედ ვაკვირდებოდი.

DSC_9072

თავდაცვაზე დავდივარ. უფრო იმიტომ, რომ მუხლი მქონდეს მაგარი და თან სახლთან ახლოსაა. ადამიანებს სახეები არ ჩანს, ასერომ ამ ფოტოს არაუშავს.

DSC_5470

ფეხებგამობმული ჩანთა. ხვამლიდან მოვდივართ. კარავს მე მივათრევ, უკარვო მამრები უკან მომყვებიან, აქედან ერთი- წუწუნით. სულაც არაა სასაცილო.

DSC_0297

კვეტერა, თუ კვეტარა? ძალიან მწვანე ეზო აქვს.

DSC_1163

მწვანე ტბა, მაღალმთიანი აჭარა. წვიმა, სველა, ცივა. მე კიდე კარგად ვარ, ხალხი უსაწვიმროდაა.

შენაძენები:

DSC_7623

ძალიან მინდოდა ეს კელტურხიანი კულონი, სულ რაღაც 50$ ღირდა ამაზონზე, ვერცხლია. ძეწკვიც ვერცხლია, ძველისძველი, ბებიას დედის ნაქონი, იმას კიდევ ალბათ თავისმა დედამ მიცა და ა.შ.

DSC_0474

კიდევ კნიკონა ვიყიდე, ანუ Nikon D5100, 18-55mm ობიექტივით, სულ მალე მივხვდი რომ ზუმი მჭირდებოდა და 55-200მმ ობიექტივიც დავამატე, ხოდა ვართ ახლა ასე ბედნიერად მე და ჩემი კნიკონა. აქ კნიკონას პირველი გასვლაა, ტბათანის გზას ვიღებ.

ქინდლი. ძალიან მომბეზრდა ნაშოვნი ინგლისურენოვანი პირატული წიგნების ამობეჭდვა და გამოვიწერე.

ლეპტოპი, ACER რაღაცა-რაღაცა მოდელი, არ მახსოვს. იძულების წესით ვიყიდე, ჩემი 7წლის კომპი უბრალოდ, უარს აცხადებდა მუშაობაზე, პლიუს მჭირდებოდა მუშა კომპი და თან ლეპტოპი უფრო იაფი გამოდიოდა ვიდრე სტაციონარული და ყვეეელაზე თხელი/მსუბუქი მოდელი მოვითხოვე მაღაზიაში. აქვე, ჩემი ნაღრძობი ფეხი. სხვა ფოტო ვერ ვიპოვე, ბოდიში.

ახალი რუგზაკი. ესეც სხვა გზა არ მქონდა, ძველი ძალიან დაიხა.

კარავი. Eureka Apex 2T. ორტენტიანი, წვიმაგამძლე, ქარმედეგი, (გატესტილია ჩემს მიერ მარიამობის კოკისპირულ წვიმა-ჭექა-ქუხილში და ქარში), აქვს ორი შესასვლელი, ორი ბარგის დასაწყობი უზარმაზარი სივრცე და ორკაციანია, პრაქტიკულად ეტევა სამი გოგო ან ორი ბიჭი, თუმცა გაჭირვებისას 4 კაცსაც გვძინებია. რაც მთავარია, კარგადგანიავებადია და ღამე არ იორთქლება, თუ ყველაფერი არ ამოგმანე, რასაკვირველია. ხო, ხვამლზე თაგვი ხრავდა და ვერ ან არ გამოხრა.

და

2013 წელში იმედია კიდევ უფრო ბევრი ბოდიალობა იქნება და რაც მთავარია, ძალიან, ძალიან მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავიარო “ცერი” თუშეთისკენ მიმავალ გზაზე.

კახისის ტბა, ანუ როგორ ვიღრძე ფეხი


კახისის ტბა სადღაც იქაა, ბორჯომთან ახლოს, ანუ დაბაძველს რომ გაცდები, ერთ 500 მეტრში. დაბაძველამდე მემგონი მიდის რამეები, ჩვენ გზა გავიგრძელეთ და ყვავი ჩხიკვის მამიდა გზით წავედით,  ჭობისხევის ჩანჩქერი უნდა გვენახა გზადაგზა.

სოფლიდან გზადაგზა მუჭანახევარა გზები მიდის, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, როგორც მახსოვს, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ მერე მარჯვნივ (მინდვრიანი გადასახვევია) და ჩანჩქერამდეც მისული ხარ. ეს კეთლი ადამიანები შეგვხვდნენ გზაზე და საკმაოდ გრძელი აღმართები აგვატარეს.

ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი გასვლა იყო ჩემი ამ ჯგუფთან ლაშქრობების ისტორიაში, აი ყველაფერი სულ ერთი რომაა, უბრალოდ დაბოდიალობ და ტკბები.


უმეტესობა მიკროსკოპული ზომის რუგზაკებით იყო, ისეთი პატარებით, რომ მე ლამის შემრცხვა “ამხელა” 60-ლიტრიანი ჩანთა რომ მეკიდა+პარალონი+კარავი და  ფაქტიურად ფეხებგამობმული რუგზაკი ვიყავი.  ამ ჩანთისავე წყალობით კინაღამ ძირს გავფრინდი ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე, ცალ მხარეს ხრამი იყო, მეორე მხარეს ციცაბო ფერდობი ზედ ამოსული ნაძვებით და ამ ნაძვებზე მეკიდა ხელები, თუმცა რაღაც მომენტში ჩანთაზე მიმაგრებული კარავი გამოედო რაღაცას და კინაღამ ჰოპლა. გავბრაზდი, დავჯექი და აღარ მივდიოდი წინ, სანამ ვიღაცამ ფოტოაპარატი არ გამომართვა, ხელი მომაწოდა და შემაგულიანა.

ოდესმე ნახვას თუ დააპირებთ, რავიცი, ამად არ ღირდა. გურგენიანზე წახვიდეთ ჯობია. მე მეორედ არ დავბრუნდები.

ღამდებოდა, კახისზე ბანაკი რომ გავშალეთ. ჩემი კარავი დიდია, ამიტომ გზაში სიმძიმე გავინაწილეთ,  მე ტენტები მქონდა, მაკას ჯოხები და კიდევ ერთ გოგოს პალოები მივეცით. მივცვივდით მე და მაკა, გავშალეთ კარავი, ველოდებით პალოებიან გოგოს… დაღამდა, გაკუნაპეტდა, გოგო არ ჩანს… არადა პალოების გარეშე კარავი დარბის, იქცევა, ვერ ვაჩერებ ადგილზე, დაგვემხო თავზე. ის-ის იყო ვეღარ მოვითმინე და ცეცხლთან მივედი, ხალხო, ჩემი გოგო დაიკარგა, ხო არ მოგვეძებნა  თქო რომ თურმე იქვე არ ზის?! სასწრაფოდ გამოვართვი პალოები, მაგრამ როგორც თქვენ ჩარჭეთ, ისე მე.  ვარჭობ ნახევრამდე და ვსე… არც თავში ქვა შველის, არც ხელით დაწოლა, არც 98298798 ადგილის მოძებნა თავიდან ჩასარჭობად. (აქ რამე საცოდავი სმაილი). დავდივარ გარშემო და ქოშინ-ქოშინით და ბუზღუნ-ბუზღუნით ვარჭობ, თან ვატყობ, ძაან ვბოროტდები და არაქათიც გამომელია. ბიჭები რომ არა, დარჩებოდნენ ჩემი პალოები ნახევრად ისინი და საერთოდაც ბოლოს ლადომ ისე ჩაარჭო, დილას სერიოზული ძალისხმვა დაჭირდა უკან ამორჭობას. (ბოლო ორი დღეა ამაზონზე დავძვრები, მსუბუქ და მოქმედ პალოებს ვეძებ).

დილით ძროხების ხმამ გამაღვიძა+ვიღაც გოგო სვანი ძროხების ამბავს ყვებოდა, შხარასთან რომ შეგვიკიკინეს. არ შევიმჩნიე და ძილი გავარძელე, გემრიელად გამოვიძინე, ამასობაში გარშემო ვიღაცეები ძროხებს უქშევდნენ და ძროების მიერ დაღეჭილ რამეებზე დარდობდნენ.

დილით აი ასეთი ხედი გვქონდა კარვიდან, კრიალა ცა, მზე,  თეთრი ღრუბლები და ჟოლო, იგივე ქუმელი იგივე ხვაფა, უამრავი, უთვალავი, იმდენი, რომ ჭამ-ჭაამ-ჭამ და აღარ შეგიძლია. სამაგიეროდ შეგიძლია ლოდზე დადო და გადაუღო.
კიარადა ხო…

ასე გამოიყურებოდა ბანაკი ზემოდან…

ჯუსთ ტბასთან ამოსული ხე.

დავიძარით თორმეტი საათისკენ, მეგზური ვერ ვიშოვეთ, სამაგიეროდ გზაზე ვიშოვეთ ბევრი ადგილობრივი, რომლებმაც ძალიან დიდხანს უხსნეს ბიჭებს, როგორ უნდა გადავსულიყავით თორში, სულ მარჯვნივ აირეთ გეზი, გზას არ გაუყვეთ, ბილიკით უნდა იაროთ და საერთოდაც ამ გორას რომ გადაივლით დიდი მინდორი შემოგხვდებათ და იქ მარჯვნისაკენ ბილიკია და გაყევით და მიხვალთო.

ხოდა დავადექით გზას… მარცხნისაკენ, გზით… ვინაიდან თორი ძალიან შორს არ იყო+ტყეში ვიყავით+ზურგზე მეკიდა ჩანთა სადაც იდო საჭმელი, თბილი ტანსაცმელი, საძილე და კარავი+დედაჩემი გაფრთხილებული იყო, რომ შეიძლება დამაგვიანდეს ან ხვალ ჩამოვიდე, ის აზრი, რომ შეიძლებოდა დავკარგულიყავი, ძალიანაც მართობდა.

ამასობაში გზაზე ოთხი ვაიმოლაშქრე ვიპოვეთ.. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გზა დაგვებნა და წელამდე ბალახებში ვიარეთო… ნუ კაი, გავაყოლეთ ხელს.  რამდენიმე მინდორიც ვიპოვეთ, რამდენიმე განაკაფიც, გზებიც, ნაირ-ნაირი… აი ბილიკი ვერა.

რაღაც მონაკვეთში ძალიან მაღალი ბალახი იყო, პლიუს მემგონი დიდი მანქანის ნაკვალევი, ხოდა მივდივარ, თან წონასწორობას ვიცავ ამ ბორბლების ნაკვალევსშუა მიწაის წვრილ ზოლზე, ხოდა უცებ მიწა გამექცა ფეხქვეშ, აი, მოსუსტებული რომაა და დაადგავ და წკაპ. ფეხი გადამიბრუნდა, თან წინ დახრილს ზურგჩანთა დამაწვა მთელი ძალით და სანამ მე ამ წონის გაწონასწორება მოვახერხე, რომ თავით არ დავცემულიყავი,  ისეთი ფხლიწინის ხმა გავიგე, მეგონა კოჭი მოვიტეხე. კარგადაც მაყვირა, მარა რატომღაც რამოდენიმე მეტრით წინ მიმავალ ადამიანებს არც კი მოუხედიათ.

ნუ კაი… ავკანჭურდი როგორც იქნა, ფეხი გავიქნიე, ჰმ, ისე საშინლადაც არ მტკივა, მოძრაობს, მოტეხილი ასე ვერ იმოძრავებდა… ნაბიჯი გადავდგი.. უპს, მტკივა, თან საკმაოდ. ჯოხიც გამიტყდა, ბოლო შესვენებისას ვიღაცამ (ვინ იცის იქნებ მეც) ფეხი დაადგა და გატყდა. წავედი ნელ-ნელა, ხალხი იქვე ჩრდილში ისვენებდა და რაღაცეებს იცვლიდა, რამოდენიმე ისეთი ტრაგიკული სახით იჯდა, ფეხი მტკივა თქო, just for info ვთქვი და ეგ იყო და ეგ. აშკარად რაღაც უსიერი ტყის დასაწყისში ვიყავით, ნელ-ნელა გაჯურღმულდა და მაყვლის ბარდებიც გამრავლდა.

წინ ლადო მიდიოდა, მერე რამდენიმე ადამიანი და მერე მე, სპეციალურად, თუ რამე, დავისვენებ გზადაგზა თქო.

კი, დაისვენებ…

გავიხედე და უზარმაზარი ნაყარი ხეები, ანუ წაქცეულები, ჩახერგილები, და ზედ მიდიან ბავშვები. პირველზე გადავკანჭურდი, მეორეზეც, მესამეზე კინაღამ ავსრიალდი, მაგრამ მაინც გადავკანჭურდი… ამასობაში ფეხი ეტყობა გახურდა, ან მე გამომეყო ადრენალინი (სიმაღლეების და პოტენციური ჩასავარდნების მეშინია ხოლმე) და ფეხმა გამიარა, თუ მე გავუარე, მოკლედ, მაშინ მაგის დრო არ იყო, ფეხი დამეზოგა.

ხატიას ფეხები

ჯუნგლებში ვიყავით, უსიერში… აი ხომ არის ხარაგაულის უსიერი ტყე (ნუ კაი, იყო, ზანავი-ნუნისის ბილიკზე), ლაგოდეხშიც იშოვება… მაგრამ ასეთი გაუვალი რამე პირველად ვნახე, ან წელამდე ეკალ-ბარდებში უნდა გევლო (რაც წარმოუდგენელია) ან პირდაპირ ხეებზე, რომლებიც ალაგ-ალაგ ტორტმანებდა და ალაგ-ალაგ ქერქი სძვრებოდა. მივდიოდით-მივდიოდით და არ მთავრდებოდა ეს ხეები. თან ნელ-ნელა დაღმართზე დავეშვით.

მერე და მერე ამ ხეებს ხევიც დაემატა, გადავწყვიტეთ (ანუ ლადომ გადაწყვიტა)  მდინარეს გავყოლოდით, სადმე ხომ ჩაგვიყვანსო. ხევისკენ კიდევ უფრო გახშირდა და გასაშიშდა ეს ხეები, ერთ ადგილას სამი მორი იყო დაცერავებული, ანუ წვერით ხევისკენ, ამათზე უნდა ჩასულიყავი, მერე 90 გრადუსით მარჯვნივ გადახვიდოდი და მერე ივლიდი. მივდივარ ამ დაცერავებულზე, შუა მორზე (დაბლა ხევია ასეთივე მორებით, ანუ თუ დავარდი, ჭკა) და უცებ ვგრძნობ, რომ თავით ვყირავდები, ჩანთის სიმძიმემ წინ გადამქაჩა. უცებ მოვტრიალდი მარცხნივ და გამწარებული მეზობლად მდებარე მორს მოვებღაუჭე, თან ფეხის კუნთები ამიკანკალდა დაძაბულობისგან. ვდგავარ ასე მორიდან მორამდე გაჭიფხული და თან ადგილზე ვწრიალებ, გაბოროტებული, შანსია, მე აქ არ ჩავარდები თქო. : )))) ამწუთას ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა ვქენი, ნიტო ბიძგით “გადმოვვარდი” უკან, ნიტო ნუ აი არ მახსოვს… ფაქტია აგერ ვზივარ და ვწერ.

ალაგ-ალაგ ძალიან მიშლიდა ხელს რუგზაკზე მობმული კარავი, 102398129038 ადგილას გამოედო რაღაცეებს და ამ მორებზე ბალანსირებას კიდევ ეს ემატებოდა. რამდენიმე ადგილას ისიც კი ვიფიქრე, ნეტა რა განსხვავებაა ჩემსა და იმ ადამიანს შორის, თოკზე რომ დადის ცირკში თქო. გრძელი ჯოხი არ მქონდა, სამაგიეროდ ბალანსისთვის ვებღაუჭებოდი ფოთლებს, გამხმარ ტოტებს, ბალახის ღეროებს, მოკლედ, ყველაფერს, რაც ახლომახლო იზრდებოდა. ვებღაუჭებოდი პირდაპირი გაგებით არა, უბრალოდ, რატომღაც, ოდნავ ხელიც რომ წაავლო ბალახის ღეროს, მომენტალურად საოცრად ადვილდება წონასწორობის დაცვა. რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია ეტყობა.

ჩემზე უკეთეს დღეში არც სხვები იყვნენ, ერთ გოგოს საერთოდაც ხელით (!) მოქონდა მოზრდილი საძილე ტომარა, და ეს იქ, სადაც ზოგ ადგილას გადასაფოფხებლად მე ორი ხელი მჭირდებოდა და პრინციპში დამატებით წყვილ ხელზეც არ ვიტყოდი უარს. თუმცა სამაგიეროდ ჩანთა ქონდა ძალიან პატარა და სავარაუდოდ მსუბუქი, რაც იმ ფორთხვას გაუადვილებდა. ერთ ბიჭს კიდევ მთლიანი ჩანთა მოქონდა ხელით, ჩახუტებული…

ხევში  რომ ჩავბოდიალდით, იქვე წყარო ვიპოვეთ.. ანუ შედარებით ფუსთა წყალი, მიწიდან ამოსული, ნაწილმა დალია, ნაწილმა (ანუ მე) ტალახიანი ჭრილობები დაიბანა და ნაღრძობზე თავის ჭკუაში ცივი წყალი დაისხა.

ერთმა პანიკა დაიმართა, რამოდენიმე ადამიანს სახეზე ეტყობოდა, რომ სიამოვნებით გამოუძახებდა მაშველებს, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილაად არ იყო, გვქონდა მობილური, სადაც იყო ჯიპიესი და ვიცოით სად ვიყავით და საით უნდა წავსულიყავით, უბრალოდ, სწორ ხაზზე მივდიოდით იმის ნაცვლად, რომ ბილიკით გვევლო.

ხევში კიდევ უარესი ხეები აღმოჩნდა და მაკა სასწრაფოდ ზემოთ აძვრა, შანსი არაა მე აქ არ ვივლიო, კიდევ სხვებიც გაყვნენ და ჩვენგ გავეკიდეთ. კი, გზა უკეთესი იყო…შედარებით… მერე ისევ რაღატომღაც ორ ნაწილად გავიყავით, მერე ჩვენ  ცოტა ხანში მდელო დავინახეთ, მეორე ნაწილი ძირს ჩამოვრეკეთ და გზას გავუდექით, რომეღითაც ხემდე, საჭმელი რომ გვეჭამა.

აქედან უკვე ადვილად გავაღწიეთ, აქედან უკვე “ავტობანი” იწყებოდა და…

და მერე თორი, პატარა ლამაზი სოფელი, სადაც უნდა წახვიდე, დატოვო ცივილიზაციის ყველა მიღწევა სახლში, ქინდლის გარდა და დაისვენო, ისუნთქო, თივის ზვინზე წამოწვე და იკითხო, ცოტაც იმუშაო და განიტვირთო…

ჭა გვანახეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და დავესიეთ, მთელი გზა უწყლოდ ვიარეთ, სადაც რამე გუბე შეგვხვდა, ლამის ყველაფერი დავლიეთ…  არაქათგამოცლილები სხედან…

ძალიან ლამაზი სახლი ვიპოვე მე თორში, მთელი ასიოდე წლის.

მერე ჩავჯექით მარშუტკაში, ვისმენდი ამას და ვგრძნობდი, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხანია ასეთი ბედნიერებით სავსე არ ვყოფილვარ, ერთი დიდი, ფერადი, დადებითად დამუხტული ბუშტი ვიყავი, ტყის ენერგიით სავსე.

პ.ს. დაახლოებით ორ საათში, როცა მარშუტკიდან ჩამოსვლა მოვინდომე, მივხვდი რომ მარჯვენა ფეხს ვერ ვადგავდი, ძალიან მტკიოდა. ორშაბათს ექიმთან რომ წავედი, უზარმაზარი ჰემატომა+ნაღრძობი აღმოჩნდა. ტრავმას კიდე ტრავმა დავამატე თურმე იმდენი სიარულით, თორემ ასე არ გამისივდებოდა. შედეგად წელს კატიწვერაზე ვერ ავედი, ლამის ერთი თვის მერეც  კი დიდხანს სიარულის მერე “თავს მახსენებს”.

პ.პ.ს. ოდესმე თუ ფეხს დაიზიანებთ და ჩემსავით ლაშქრობებში აპირებთ სიარულს, ააააუცილებლად მიდით ექიმთან, თორემ  ახლა კი გაივლის, მარა ყოველი ძლიერი დატვირთვისას თავიდან შეგაწუხებთ.

თორი, ბებია, აივანი, წინდა


ყველაფერი გავლადია

გავლადობაც გავლადია.

სულ

ყველაფერი

როცა

სულ-

ერთია,

ვიღებ ზურგჩანთას და

მივემგზავრები იქით, საითაც შემთხვევა წამიღებს.

შემთხვევითი ადამიანები შემთხვევით სიტუაციებში

შემთხვევით შეფეთებული ადგილებით, ხედებით, ემოციებით, ხასიათებით, ბზიკებით, წიკებით, ჩვევებით…

ადამიანები — თაროებზე

 

ადამიანები- რომლებსაც ალბათ აღარასოდეს ვნახავ

და

მაინც

 

“ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ”

“გაიხარე, ჩემო გოგო”

200 წლის სახლი სოფელ თორში

და

ბებია, რომელიც წინდას ქსოვდა აივანზე.
მომენტები

სულერთია-დან სულერთია-მდე

 

ჯუსტ