ვინამ სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია – 4 დღით თუშეთში


არსად არ დაკუსკუსებენ ღრუბლები მთების წვერებზე ისე, როგორც თუშეთში. წავლენ-წამოვლენ, წაბოდიალდებიან, მობოდიალდებიან და იმ მთის და ამ გორაკისას მოგიყვებიან.

_DSC0026

“იახლ ჯანღ ქურდულად ჩამიიპარ დანოსო” ტყუილად კი არ მღერიან იმ სიმღერაში, ყველაზე ძალიან რომ მიყვარს, Continue reading

სტუმრად განახლებულ კახეთში


DSC_6468

ხედი ნადიკვრიდან, ალაზნის ველი და კავკასიონი.

ჩემი ძალიან სუბიექტური და საქართველოშემოვლილი აზრით, კახეთი ერთ-ერთი ყველაზე “იოლი” და კარგი ტურისტული მიმართულებაა:

  • თბილისთან ახლოსაა
  • გომბორის გზა უკვე გაკეთებულია და მაქსიმუმ საათნახევარში იქ ხარ
  • იშოვება როგორც ეკლესიები, ასევე ტბები, პაწუკა საყუარელი ქალაქები და თუ არ დაგეზარებათ, მთებიც, ანუ თუშეთი (ნუ აქ გზა ძალიან რთულია, მაგრამ იქით წელს გაკეთებას გვპირდებიან და ძალიან აღარ შეგეშინდებათ)
  • სასტუმროების არჩევანი დიდია -ყვარლის ტბა, შატო მერე, ლოპოტა, როიალ ბატონი, ძველი თელავი და ა.შ…. (თუმცა ფასები იკბინებიან, მარგამ დამიჯერეთ, ღირს)
  • ჩემი აზრით, ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს შუამთის ტყე. უკიდეგანოდ ლამაზია.

მსოფლიო ბანკის  კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის  ერთ-ერთი მიზანი კახეთის ტურისტული პოტენციალის  განვითარებაა. არჩევანი დიდია: ღვინის ტურიზმი (მაგ: ღვინის გზა), სათავგადასავლო ტურიზმი (თუშეთი ჩემი სიყვარული) და კულტურული ტურიზმი. კახეთს უკვე facebook ფეიჯი და საკუთარი ტურისტული ლინკიც აქვს: http://www.kakheti.travel/ , ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციებით. და აი ასეთი ყოვლად საყვარელი ლოგოც აქვს:

აღმოაჩინე შენი კახეთი

Picture1

საინფორმაციო ტურში, რომელიც მსოფლიო ბანკმა მოაწყო, მე და კიდევ რამოდენიმე ბლოგერი მოვხვდით.  ტურისტებად წავედით კახეთში, რომ ჩვენი თვალით გვენახა  ის, რაც გაკეთდა და იგეგმება.

ძალიან დიდი ხნის მერე, ჩემი პირველი გასვლა იყო “ქალაქგარეთ” და დილიდან აჟიტირებული წავედი, თან იმდენად მინიმალური ბარგით, რომ ლამის ოთხი ფენა ტანსაცმელი მეცვა, ნელ-ნელა გავიხდი თუ დამცხება და თან სიმძიმის თრევაც აღარ მომიწევს-მეთქი.

 

DSC_6867

თელავი

ფესტივალ NEWნადიმზე წავედით, რომელიც კახეთში ჩატარდა, გამოფენებით, ხალხური სიმღერებით, მასტერ-კლასებით, ტრადიციული სამზარეულოს ელემენტებით  და ა.შ.  დასაწყისისთვის თელავის ახალი ინტერიერი დავათვალიერეთ, ქუჩებში ვიბოდიალეთ და ძალიან გვიხაროდა, რომ წვიმა არ იყო.

რესტავრირებული  ქუჩები ასე გამოიყურება. გარდა ფასადებისა, ინფრასტრუქტურაც შეცვლილი და განახლებულია. მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ტრადიციული იერსახე, ის, რისი გულისთვისაც ტურისტები ჩვენთან ჩამოდიან.

მათთვის, ვინც გზები არ იცის, მთავარ მოედანზე ტურისტული ცენტრია გახსნილი.

DSC_6282

DSC_6276

მთავრობის ორგანოს შენობა

ადმინისტრაციული შენობა

DSC_6283

რაღაცაკაფე

DSC_6296

პერი და რესტავრირებული სასტუმრო

პერი და რესტავრირებული სასტუმრო

DSC_6885

ვახვახიშვილების კოშკი

ამ კოშკში საგამოფენო სივრცეა, თუში მოყვარული ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ფოტოგამოფენა იყო.

ბატონის სასახლე

მეფე ერეკლეს ძეგლი

ჩემი საყვარელი “ერეკლე” ანუ ბატონის ციხე

DSC_6309

ეს წვეტიანი შენობა გერმანელი საბჭოთა ტყვეების აშენებულია ადრე-ადრე. მარცხნივ უცხოელი ტურისტი, ველიკის ბილიკზე.

ფოტოები ძალიან ბევრი იყო და ბარემ სლაიდშოუ გავაკეთე, ნახვისთვის მიაწკაპუნეთ

This slideshow requires JavaScript.

ჩემი  ფავორიტი ფოტო
DSC_6314

ნადიკვარი სულმთლად ახალი და ცინცხალი დაგვხვდა. ტერიტორია გაზრდილია, ახალი ტერასების ხარჯზე, ატრაქციონებიც განახლებულია, მწვანე გორა გაუთხრიათ და ახლა მინიგვირაბიკი გადის. მე ყველაზე მეტად ახალი ტერასები მომწონს, ბავშვების საქანელებით და საძრომიალოებით.

This slideshow requires JavaScript.

თუ გაგიმართლათ, ასეთ ცისარტყელასაც ნახავთ
DSC_6514

DSC_6513

ჰხო, მე მეგონა, რომ ამას თავად მსოფლიო ბანკი აკეთებდა, იმდენჯერ მოვისმინე თელაველი ნაცნობებისგან. სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით,  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს სამუშაოებს. კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტი ერთ-ერთია მათ მიერ განხორციელებულ 50-ზე მეტ პროექტს შორის. გომბორის გზის რემონტირებაც მათი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მოხდა.

კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის ერთ-ერთი ამოცანა კერძო ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება და რეგიონული ტურისტული მარშრუტების ჩამოყალიბებაა. ამასთან, ადგილობრივი კოლორიტის შენარჩუნება და ტრადიციული დარგების ხელშეწყობა.  ანუ, რაც უფრო მიმზიდველი იქნება კახეთი, და იოლად მისადგომი, მით მეტი ტურისტი ჩამოვა ჩვენთან, მით უკეთესად ექნება საქმე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც შეუძლია ტურისტს ადგილობრივი პროდუქტი/ მომსახურება და ა.შ. შესთავაზოს და ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ გაიხადოს.

მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის ადვილადმიღწევადი იყოს, ხოლო ტურისტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის დახმარებით გაკეთდა “შატო მერესთან” და “კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” სასტუმროსთან მისასვლელი გზები და კიდევ რამდენიმე კერძო ობიექტისთვის მომიჯნავე ინფრასტრუქტურა. მომავალი წლიდან  ახალი პროგრამაც იგეგმება, რომელიც იმ მცირე მეწარმეებს დაეხმარება, რომლებსაც ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს-იდეები ექნებათ. ამისთვის საკუთარი ინიციატივა და წამოწყება იქნება საჭირო. ეს პროექტი ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაშია და იმედია დამტკიცდება.

თელავში, მას მერე, რაც სახლების ფასადები და კომუნიკაციები შეკეთდა, პატარ-პატარა, საოჯახო ბიზნესებიც გაუკეთებია რამოდენიმე ადამიანს. რესტავრირებულ ქუჩებზე პატარა კაფე, მაღაზიები და საკონდიტრო იყო გახსნილი. რამოდენიმე ადგილას ფართიც ქირავდებოდა. მე მაგ ქუჩებზე სახლი რომ მქონოდა, ალბათ პატარა ჰოსტელს გავაკეთებდი, მეც ბედნიერი ვიქნებოდი და ჩემნაირი ზურგჩანთიანი ტურისტიც, რომელიც ძვირიან სასტუმროს ვერ შეწვდებოდა.

ეს ერთ-ერთი ბენეფიციარის კაფეა, ადრე არ მახსოვს, რა იყო, მაგრამ ახლა მეორე სართულიც აქვს. ძალიან მოშიებულიები და საწყლები შევედით, პელმენს ცოტა დიდხანს ველოდეთ, სამაგიეროდ ყავა იყო ძალიან კარგი.

DSC_6321

უკანა ფონზე ძველი, აწ რეკონტრუირებული სასტუმრო მოჩანს, კერძო ინვესტორის. რესტავრაციამდელ თელავში აქ საბჭოთა უსახური მრავალსართულიანი სასტუმრო იდგა, რომელიც არ ფუნქციონირებდა.

ესეც შიგნიდან.

DSC_6365
DSC_6928

საკონდიტროს მეპატრონე, ალექსიშვილი ლია, იძახის რომ თელავის მეორე ბოლოდანაც დადიან მყიდველები.

ქალბატონი მერი

ქალბატონი მერი

ქალბატონი მერი, რომელიც პირველ სართულზე ფართს აქირავებს, მარტოხელა პენსიონერია და მე თვითონ მაღაზიის ან სხვა რამის გაკეთებას ვერ მოვახერხებო.

ილიას ტბაზე ახალი სასტუმროა – როიალ ბატონი, ტბიდან იქამდე  ჯიპის გარეშე  ვერ მიხვალ, მაგრამ  გზის გაკეთება, პროექტის ფარგლებში, უკვე იგეგმება. რომ გაკეთდება, აუცილებლად უნდა წახვიდეთ, აი ამ აუზის გულისთვის. თუმცა ამ ფოტოზე მგონი არ ჩანს კარგად, მაგრამ აუზის კიდის იქით აღარაფერი არაა და  ჩემნაირი პანიკიორები და სიმაღლისშიშიანები ნუ წახვალთ, მაინც :დ

DSC_6609

DSC_6621

ეს შორიდან

DSC_6640

სხვა ფოტოების სანახავად სლაიდშოუზე მიაწკაპეთ

This slideshow requires JavaScript.

მსოფლიო ბანკის პროგრამაში ბარის გარდა, თუშეთიც მოხვდა, დართლოში სახლებს ძველებული იერი დაუბრუნეს, სიპის ქვებისგან ნაშენი. იმ წელს ომალოში რამოდენიმე სახლის შეკეთებაც იგეგმება, რომ ტურისტებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორია ნამდვილი თუშური სახლები. ამ სეზონზე იქ ასვლა ვერ მოხერხდა,  მაგრამ ფოტოები  მოიპოვება.  houses-in-dartlo-village-after-restoration

დართლო, რესტავრაციის მერე

after-restoration

ეს რესტავრაციამდე…

before-restoration

ყვარელი

მეორე დღეს ყვარელში გავისეირნეთ. დათვალიერებისას აჰმედ ეივეიდა, რეგიონული განვითარების პროექტის ხელმძღვანელიც გვახლდა თან. აჰმედმა გვითხრა, რომ ყვარელში 100-მდე სახლის გაყვანილობა შეიცვალა, პლიუს ჭიშკრებიც და გალავნებიც რესტავრირდა. გარემონტდა და განახლდა სანიაღვრე სისტემებიც. ველიკების ბილიკებიც გაკეთებულა, წითელი, თუმცა არამგონია ვინმე ველიკიანმა ამ ბილიკებით შემოიზღუდოს თავი. რეაბილიტაცია ყვარლის ციხეს და ადმინისტრაციულ შენობებსაც შეეხო.

სიახლეები VS ტრადიციები

სიახლეები VS ტრადიციები

DSC_6848

ტრადიციული გალავანი + ველიკის ბილიკი

DSC_6837

ახალი სასტუმრო, ყვარელში

ბონუსად ნიუნადიმის ფოტოებიც იყოს, ტრადიციული თექა, სასმელები, ჩურჩხელები სიმღერები დაა.შ.  ის, რითიც კახეთია ცნობილი და ამ პოტენციალის არგამოყენება უბრალოდ, არ შეიძლება. აქ ფერადი საინტერესო რამეებიც იყიდებოდა. მე ჭიამაია ვიყიდე.

მეტი ფოტოებისთვის სლაიდშოუზე დააწკაპეთ

This slideshow requires JavaScript.

ჩურჩხელებსაც ავლებდნენ, უკანა ფონზე განახლებული საზაფხულო თეატრი ჩანს, კონცერტი ტარდებოდა, ჩოხიანებიც ერთ-ერთი ანსამბლი იყო სავარაუდოდ.

DSC_6374

და თქვენ მოგწონთ ის, რაც თელავში და საერთოდ, კახეთში კეთდება?  მე პირადად გულწრფელად და უკიდეგანოდ მიხარია რესტავრირებული დართლო თუშეთში.

თუ ჩემი ფოტოები მოგეწონათ, 7 ნოემბერს, ერეკლეობაზე, აუცილებლად წადით თელავში, უგემრიელესი მწვადები და ჩურჩხელები გარანტირებულია და იქნებ ცისარტყელასაც გამოკრათ ხელი.

მინდა


DSC_1703

ზღვაზე მინდა ვიყო, ადრიან დილით, მზე ანათებდეს, მე ვიწვე, ზღვას ვუყურებდე, ტალღებს ვუსმენდე და არაფერზე ვფიქრობდე,.

DSC_2213

თუშეთში მინდა ვიყო, ადრიანი დილა თენდებოდეს, ჰაერი იყოს ცინცხალი და ცივი, ჩემი მწვანე ჟაკეტი მეცვას, სალაშქრო ბათინკები და თბილი ელასტიკი, გაყინულ ხელებს და ცხვირს ყავის ჭიქაზე ვითბობდე და ხეობიდან აოსულ ნისლებს ვუყურებდე

tumblr_lnk96go2E91qhhdqno1_500_large

შემოდგომა მინდა იყოს, თბილი, მზიანი, ყვითელფოთლებიანი. სადმე სოფელში ვიყო, ხის აივანზე, მწიფე ყურძენს ვწყვეტდე ტალავერიდან, აივანზე ზაფრანა და სიმინდი შრებოდეს, პლედშემოხვეული და ფერადნასკებიანი, მშვიდად ვკითხულობდე ჯეინ ოსტინის რომელიმე რომანს.

DSC_0211

ბავშვი მინდა ვიყო, ალვანში, ზაფხულის არდადეგებზე მყოფი, ჭექაქუხილობდეს, კოკისპირულად წვიმდეს,  ძველის სახლის ხის აივნის ციცაბო კიბის ზედა, ყველაზე განიერ საფეხურზე ვიჯდე და ჰაერში წვიმისს სუნი იდგეს და გადაღებას სულმოუთქმელად ველოდებოდე.

IMG_4210

კოკისპირულად წვიმდეს, მე ფანჯრის განიერ რაფაზე ვიჯდე, ფანჯარა პტარა, მყუდრო ქუჩაზე გადიოდეს და ვაკვირდებოდე, როგორ წვიმს, როგორ მოდიან ნიაღვარები, როგორ დარბიან წვეთები მინაზე და გამვლელები ქუჩაში.

IMG_5929

მანდარინის ბაღი მინდა ვნახო, ხელში კალათა დავიჭირო და ბევრიბევრი მანდარინი დავკრიფო. არასოდეს  მინახავს მანდრინი ხეზე.

ამწუთას ესენი მინდა, მერე კიდევ მოვიფიქრებ

განახლებული კახეთი კიარადა თელავი


არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ გომბორზე ლამის ორ კვირში ერთხელ დავდივარ, თელავში წასასვლელად, ჰხოდა რაც ეს გზა გააკეთეს, და-ვი-სვე-ნე! ადრე გურჯაანის გავლით დავდიოდით, გზას ბევრად მეტი დრო მიქონდა, პლიუს საკმაოდ მოსაბეზრებელია, ერთი-ორი ადგილის გამოკლებით. რაც გომბორი გააკეთეს, აღარც ვყოფილვარ იქით. საათნახევარში (არც კი) უკვე თელავში ხარ, გზა ულამაზესია და თუ ძმას მივყავარ, გზადაგზა რამოდენიმეჯერ ვაჩერებინებ ხოლმე, ფოტოების გადასაღებად. ამ კონკრეტულ ფოტოზე ღრუბლების ზღვას გადავაწყდი.

DSC_9843

რჩევა: თუ პირველად მიდიხართ გომბორზე, ნელა იარეთ თუშეიძლება,  მკვეთრი მოსახვევებია, პლიუს ორგან თუ სამგან მეწყერული ზონები და შეიძლება მკვეთრ მოსახვევში შესულმა საჭე ვერ დაიმორჩილო.

ხოდა ეს ყველაფერი კარგი, და თურმე ის გზა, მე რომ ასე მიხაროდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ყოფილა გაკეთებული.

თელავის რეაბილიტაციაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებითაა გაკეთბული. ყველაზე ძალიან მე მაინც ნადიკვრის ახალი პროექტი მომწონს. მდელოზე დადგმული ქვის სკამებით, შუა ნადიკვარზე გაყვანილი მინიგვირაბით და რაც მთავარია, დამატებითი ტერასებით, სადაც საქანელები და გასართობი მოწყობილობებია ბავშვებისთვის. ატრაქციონების პარკი აქ ადრეც იყო, ახლა უკეთესია.

ეს ყველაფერი კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებშია გაკეთებული, რომლის მიზანიც კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ღვინის ტურიზმი (რთველი, მნა-მნა), სათავგადასავლო ტურიზმი (თუშეთი ჩემი სიყვარული) და კულტურული ტურიზმი (აუაუ, აუცილებლად უნდა ნახოთ განახლებული ნეკრესი). კახეთს უკვე საკუთარი ტურისტული ლინკიც აქვს http://www.kakheti.travel/ , ტურისტებისთვის საწირო ინფორმაციებით. და აი ასეთი ყოვლად საყვარელი ლოგოც აქვს.Picture1

ყველზე მეტად თელავის before-after ფოტოები მომეწონა

Picture2

რომელიღაცა სახლი რეაბილიტაციამდე

Picture3

და რეაბილიტაციის შემდეგ.

ავტობუსები, სავარაუდოდ მხოლოდ საფესტივალო დღეებში ივლის. ხო, ფესტივალიც იგეგმება, NEWნადიმი, 13-19 ოქტომბერს, ნადიკვარზე. სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ თათარა, მწვადები და მსგავსი გემრიელობებიც იქნება

პ.ს. სურვილი თუ გექნებათ წამოსვლის, ისნის მეტროდან გამოდის ტაქსები, 4 მგზავრი აყავს და თითოზე 10 ლარია მგზავრობის თანხა, მაქსიმუმ საათნახევარში აქ ხართ, უკანაც შეგიძლია შეუთანხმდე ჩასვლისას და სადაც ეტყვი იქ მოგაკითხავენ, თუნდაც დილის 6-7- საათზე, შეთანხმების მიხედვით. მარშუტკები ორთაჭალიდან გადის,  ფასი მგონი 8 ლარი, მგზავრობს დრო ოდნავ მეტი.

როგორ უნდა მოვიქცეთ მთაში, ანუ სახელმძღვანელო დამწყებთათვის


ამასწინათ ერთმა კარგმა გოგომ ფეისბუქზე ერთი კარგი ექსკურსია დაგეგმა, ლაშარის და იახსრის სალოცავების მოსალოცად.

სად იყო და სად არა, გამვლელმა მართლმადიდებელმა შენიშვნა მიცა, აგდებული კილოთი: ეს წარმართული კერპებია, რის სალოცავად მიდიხარ კიმარა-ო.

კეთილი რჩევა: არასოდეს არც ერთ მთიელს არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ მსგავსი რამ. მითუმეტეს მსგავსი კილოთი. მითუმეტეს მთაში. მითუმეტეს დღეობაზე.

მთაში ძალიან ძლიერია ხატებისადმი და სალოცავებისადმი რწმენა, იმდენად ძლიერი, რომ ტრადიციული ეკლესია აგერ რამდენი წელია ცდილობს, ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ხატობები მაინც იმართება და იმედია კიდევ დიდხანს იდღეობებენ მთებში.

ეს რწმენა იმდენად ძლიერია, რომ თუშეთში ქალები დღემდე არ შედიან სალოცავების ტერიტორიებზე და ყველა ბალღმა ზეპირად იცის სადაა ხატები.

ფარსმა

ფარსმა

მე მუცოზე ბოლომდე ვარ ასული. თურმე არ შეიძლება. ჯერ ერთი, ხატია და მეორეც ერთი, იქ თურმე ყველა მამრიც კი ვერ ადიოდა. რატომ ავედი? არ ვიცოდი. ახლა ვიცი და მართლა აღარ ავალ. იმიტომ არა, რომ ვინმე რამეს მიშლის (ქალმა თუ გაიწია, ბლაბლაბლა…) უბრალოდ, მე ვირჩევ სხვისი ადათ-წესების პატივისცემას.

თუშეთში ყველა სოფელშია ხატები, ზოგგან რამდენიმეც. დიკლოს ერთ “ქუჩაზე” ვერც გაივლი, სახლ-სახლ უნდა მოუარო, შენაქოში კი პირდაპირ ეკლესიის უკან იყო, მე როცა ვიყავი. დანოში ცოტა მოშორებითაა, ასევე ფარსმაშიც.

IMG_0224

დანო

ხატის ნიშის ცნობა ძალიან ადვილია,  სიპის ქვისგან ნაშენი პაწუკა კოშკივითაა.  ზოგან მისვლა მხოლოდ იმ მდედრებისთვის შეიძლება, რომლებსაც ციკლი არ აქვთ, ანუ ბავშების და ბერდედების-მოხუცებისთვის.(ასე მეუბნებოდა ბებია)

თუ მთიელი გახლავს თან, აუცილებლად მიგითითებს ამაზე. შენი ნებაა, შეასრულებ თუ არა, მაგრამ მე ძალიან მწყინს, როცა ამ წესს აბუჩად იგდებენ. ვიღაც მწყემსი შეიძლება პირდაპირ გამოგივარდეს ყვირილით, ჩემნაირი ზრდილობიანი ვერ გამოდგეს…

მთავარია გახსოვდეთ, რომ მთა არაა ბარი, აქ სხვა წესებია და სულ სხვა ხალხი ცხოვრობს. და ჩვენ, ბარში ჩამოსულები თუ შევდივართ ეკლესიაში მანდილით, თქვენ რა დაგიშავდებათ, რომ სულ ცოტა ხნით იცხოვროთ იმ საქართველოს წესებით, რომელიც ჯერ არ გინახავთ?  მთები მარტო მწვერვალები და ხედები არაა, მთები ხალხია, სოფლებია, ხატებია და დღეობებია...

მთაში სტუმრები ძალიან უყვართ, მაგრამ თუ სტუმრად მიდიხარ, იქაურ წესებს მინიმუმ პატივი მაინც უნდა სცე და თუ არ გწამს და არ გჯერა, ისე მაინც მოიქეცი, რომ მის ტრადიციას შეურაცხყოფა არ მიაყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიელები გამიბრაზდნენო, არ უნდა იწუწუნო. და თუ იქაურ ქუდსაც დაიხურავ, ვინ იცის, იქნებ შენც შეგეწიოს მთის სალოცავების ძალი და მადლი.

მთის ადამიანები


მთის ადამიანები

ბარად ჩამოსულები

მთასმონატრებულები.

DSC_2332

მთის ადამიანები-

ისეთი ამაყები,

ისეთი ფიცხები,

ისეთი განსხვავებულები და

მაინც ერთნაირები.

DSC_2273

მთის ადამიანები…

მათ სულ ახსოვთ და ეძახით

სახლი, რომელიც მთებში,

ზეცაში დარჩათ

და

სახლი, რომელიც არასოდეს ექნებათ ბარში.

მთის ადამიანები

ყოველთვის ბრუნდებიან იქ, სადაც ცხოვრება ეძახით.

იქ, სადაც ჰაერი სიყვარულითაა სავსე

და

დილაობით ღრუბლები სტუმრად ჩამოდიან,

კოშკებს კი  მტრების დაჭრილი ხელები ახსოვთ.

იქ, სადაც სოფლები ჩიტის ბუდეებივითაა შეფენილი

ციცაბო ფერდობებზე.

DSC_2542

არა, მე არაფერი.

უბრალოდ, თუშეთი მენატრება სულ, 24/7. იქაური გზები, ჰაერი, ქვები, სიპებით ნაშენი კოშკ-სახლები, ცაში გამოკიდებული გზა და ბილიკები, დათხური, ქონდრის ჩაი, კალტი, ხინკალი. ჩაღმური ლაპარაკი მენატრება კიდევ, და წოური “ქხ”, რომლის გამოთქმაც ვერაფრით ვერ ვისწავლე.

თუშები ყოველ წელს ბრუნდებიან მთაში, ხევსურებს მუდამ ახსოვთ ვისი გორისანი არიან, სვანები არც არასოდეს გამხდარან იძულებულნი, მამა-პაპის სამოსახლო დაეტოვებინათ. მთიულები, მოხევეები…. ჩემს გულში დასამკვიდრებლად ხანდახან სრულიად საკმარისია, მთის ადამიანი იყო, ან მთა გიყვარდეს, იმიტომ რომ აქვთ რაღაც საერთო ასეთ ადამიანებს. თავისუფლება უყვართ, მაგალითად.

ბოდიალი და ბედნიერება 2012


წელს პოსტის დაწერა და შეჯამება დამეზარა, კიდევ უფრო მეტად სურათების ამორჩევა, ამიტომ, მარტივად და რენდომად, ყოველგვარი სისტემის გარეშე, ფოტოებით გავიხსენებ წლევანდელ ფავორიტ ბოდიალებს, (ყველა ერთად უბრალოდ, ვერ დაეტევა, თან მე ზარმაცი ვარ) ბედნიერობებს და ალაგ-ალაგ პოსტებს გავლინკავ, რაც მიწერია, მეტი მოხერხებულობისთვის.

DSC_0467

ტბათანა. წოვა-თუშების სოფელი პანკისის ხეობაში, თუ ხეობასთან.  ახლა აქ მხოლოდ ქოხებიღა დგას და ბევრი არათუში დადის/ცხოვრობს. ჩვენც ისმაილმა მიგვიყვანა აქამდე, ქისტმა (თუ სწორად მახსოვს). გზა ძალიან ლამაზია, ოღონდ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით თუ გაივლი. გზადაგზა, ჩვენს თვალწინ დადო თოვლი მთებზე. აქ სულ წვიმდა, ციოდა, სველოდა, ბოლი იდგა ქოხში და მერე ღამე ქოხში გვეძინა, კარვისტენტგადაფარებულებს.

DSC_1178

მაღალმთიანი აჭარა, ღორჯომია ეს მგონი. აქ მეჩეთის სანახავად ავეხეტეთ, მძღოლს საბურავი გაუფუჭდა და ყოფილი გამგებლის ოჯახში ამოვყავით თავი. შეშის ღუმელზე, პირდაპირ ჭიქებში მოდუღებული ყავა დაგვალევინეს. სახლები მთლიანად ხისგანაა გაკეთებული და ხის სუნი დგას სახლში. ზამთრობით გზა ზოგჯერ იკეტება, ამიტომ მასპინძლის ასე 6-7 წლის გოგონა სახლში გავაჩინეო, დედამისმა.

DSC_1158

ესეც მაღალმთიანი აჭარა, ბეშუმი. იძახიან, რომ ძალიან გავს ბახმაროს. კი, გავს, ოღონდ ბახმაროში უთვალავი ძროხა არ დადის, რქებზე ფერადნაჭრებშებმული. ეს სახლებიც მთლიანად ხისაა და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადიან.

DSC_1922

პალიასტომი. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. ამაზონის ჯუნგლებში გადაღებული ექსპედიციები რომაა, უზარმაზარ მდინარეებში რომ მიცურავენ და გარშემო დიდი ჯუნგლებია, აი ზუსტად ისეთი გარემოა. ოღონდ შუა ტბაში კატერი გაგვიფუჭდა და სანამ რამე უკეთესის დახვედრების პირობა არ იქნება, მე ჯერ ვერ და არ დავბრუნდები.

DSC_2356

წლის ყველაზე-ყველაზე ბედნიერება, თუშეთი. ის კამაზი ონისეს კამაზია, კამაზის გასწვრივ, პირდაპირ, თუ დააკვირდებით, გირეველი მესაზღვრეების კარავი მოჩანს, მე ჰეღოზე ვდგავარ და იქიდან ვიღებ ამ ფოტოს.

_MG_6467 copy(1)

ესეც წლის ყველაზე-ყველაზე თავგადასავალი– თუშეთიდან მომდინრებს გაგვითოვდა, უზარმაზარი ფიფქებით ბარდნიდა.

DSC_1703

აჭარა, აქ დილის ყავა მიჭირავს ხელში, კიდევ გუდვილის დარიჩინიან-ქიშმიშიანი ფუნთუშა მაქვს და ცხოვრება მიხარია.

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

წელს სვანეთშიც ვიყავი, მთელი 7 დღით, ჯიპ-ტური მოვაწყეთ. იმდენი რამე ვნახე, მემგონი იქაურ სვანებს არ აქვთ ნანახი. ეს ჭალაადია, მყინვარი.  ჩემი დაბადების დღეა ამ ფოტოზე.

წლის წყურვილი. შდუგრას ჩანჩქერისკენ მივდიოდით და პაწუკა ბოთლით წაღებული წყალი არ გვეყო. მთელი ორი საათი, სანამ მივდიოდით, წყალზე ვოცნებობდით. ორი ყლუპი მქონდა დარჩენილი, ვიზოგე-ვიზოგე და ვერ გამოვიზოგე. იქვე ვიღაცეებს მივადექით, წყალი ვითხოვე.  წამომყევიო კი მითხრა და ქეთიმ ისე მომაძახა, მეც წამომიღე რაა-ო რომ გაეცინა და დიდი ვედრით დაგვიდგა სასმელი წყალი. ისე დავესიეთ, დავაცარიელეთ. უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ ამ ფოტოს გადაღებისას

DSC_3885

ბორჯომის რაიონი, სოფელი თორი, 100-ზე მეტი წლის სახლი. ამ ფოტოს გადაღებისას ფეხი მქონდა ნაღრძობი, თუმცა იმდენად გახურებული/ადრენალინით სავსე ვიყავი, რომ ვერ ვგრძნობდი.

DSC_3781

კახისის ტბა. სტაფილოსფერი კარავი მარცხნივ ჩემია. კახისის ტბაზე თევზიაო იძახიან. მე ბაყაყები ვნახე და კიდევ ძალიან ბევრი ჟოლო.

DSC_2382

ესეც თუშეთია, სოფელი ფარსმა.

მთის ქონდრის, იგივე ბეგ-ქონდარას, იგივე ბექთ-ქონდარას ჩაი. ყველაზე თუშეთისარომატიანი ჩაი.

9

ეს სამცხე-ჯავახეთია. ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა, ყველგან ნეხვის სუნია და დეპრესიულად მიტოვებული სახლები. ბერძნებმა მიატოვეს თურმე,  საბერძნეთში წავიდნენ. არ ვიცი აქ რა უნდოდათ, მაგრამ ისე ცივა, მეც დავბრუნდებოდი, აქ რომ დავესახლებინე ვინმეს.

13

ეს საროა. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ… ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო, ასე ვერ მოვყვები.

DSC_7744

წლის ბოლო კოცონი, აქვე, თბილისთან.

DSC_8539

კახეთი. ზეგაანი.  წლის ბოლო გასვლა. ძალიან ციოდა. ფოტო მომწონს, თორემ აქ ვერ მოხვდებოდა საერთოდ.

DSC_5186

ხვამლის გზაზე. სოფლის ბირჟა. სანამ ბიჭებს ველოდებოდი, ნახევარი საათი მარტო ვიყავი და ეს გადავიღე.

ხვამლის მთა. ნისლები მოდიან უკვე, არადა ორი საათის წინ მზე იყო.

ხვამლისკენ გზადაგზა სულ ასეთი მინდვრები იყო, ასეთი სილამაზე არსად არ მინახავს.

DSC_8812

კანფეტით მოვიტყუე ახლოს, ისე არ მოდიოდა. ჩემი ბღვერია ნათლული.

სადღაც ლეჩხუმში, რაღაც მოტბავო ელემენტი უნდა გვეპოვნა, წავიყვანეთ რატი და მისი კოლხოზნიკი, ტბის მაგიერ ვიპოვეთ ძალიან ლამაზი მოჭაობო რაღაც, დავანთეთ კოცონი, ვეცადეთ დაგვეჭირა რამე. მოკლედ, კარგი იყო.

DSC_2696

თუშეთი, ომალოს სასტუმროს ფანჯარა, ახალი ნაბანავები ვარ (ორი დღე კამაზის ძარაზე ნამგზავრი), ჩემი ყავა, სტაფილოსფერი ჭიქით, რომელიც დავკარგე სადღაც და უმანკოების ხანა (თუ სწორად მახსოვს). ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც პახოდში წავიღე და მერე არ გავაჩუქე.

DSC_6361

ბავშვობის მერე თივის ზვინი ასე ახლოდან არ მინახავს. გუდარეხში მივდიოდით ხუთნი. ყველაზე ძალიან ასეთი, ნებაზე მიშვებული ბოდიალობები მიყვარს მე.

DSC_7067

კაცხის სვეტი. წინა დღეს სადღაც ვიყავი, უკიდეგანოდ დავიღალე და კვირას მაინც წავედი ამის სანახავად. ამ ფოტოს გადაღებისას უკვე სიცხე მქონდა. კაცხის სვეტის წინ რომ კლდეა, იმაზე ავფოფხდით, გზადაგზა წყლის მილს ვეჭიდებოდით. საკმაოდ იოლია, როცა გრანდიოზულ ფოტოაპარატს არ მიათრევ თან.

რაჭა, ცხმორი. წელს ერთადერთხელ მეძინა თითქმის ღია ცის ქვეშ. რაჭაში, ცხმორში, ამ აივანზე. მერე რა, რომ ხიდან მთელი ღამე მსხლები ცვიოდა.

DSC_3728

ჩანჩქერის გზაზე. ცხოვრებაში პირველად გავჭედე სადღაც მიმავალმა,  მაგრამ მერე მაინც გავაგრძელე გზა, თუ გამაგრძელებინეს. აქ მთავარი სირთულე გადალახულია, ბლახებს ვეჭიდები, რომ არ ჩავსრიალდე ტალახზე და წყალში არ ჩავჭყაპუნდე. საბოლოოდ მაინც არ ჩავვარდი მდინარეში, ისე ვიარე, ფეხმშრალად. თუმცა ბოლომდე უხიფათოდ მაინც ვერა, ესეც პოსტი იმაზე, როგორ მივიღე პირველი და იმედია სულმთლად ბოლო სერიოზული ტრავმა.

DSC_7263

ეს ისე, კახური რქაწითელი მოიტანა ზვიომ რთველიდან მთელი ერთი ყუთი.

და ბარემ აქვე, კახური ალუ”რ”ჩა.

ბუსტერზე ვიჯექი ციცინათელაში.  თან სიმაღლის მეშინია მე და  ადრენალინის “პერედოზი” მომივიდა, მაგრამ აიაიაიაი ისეთი სუნთქვისშემკვრელი რამეა.

DSC_6870

რაბათი, გასაყიდი ხმლები სუვენიერების მაღაზიაში. ფოტოების გადასაღებად იდეალური დეკორაციებია რაბათში.

DSC_4201

რაჭა, სოფელი გლოლა. სანამ კატიწვერააზე მიდიოდა ჯგუფი, მე აქ დავრჩი, ნატკენი მქონდა ფეხი და ვერ ვივლიდი. ვაშლი თბილისელი, მპ3 უკვე გადაგდებული, წიგნი “არ გამიშვა”, ფილმიცაა ამ გადახელების. ძალიან კარგი რამეა, ოღონდ არ წამომიღია, გავაჩუქე.  კატიწვერაზე ვერ ავედი, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი.

მეგობარი, სიმყუდროვე, რელაქსაცია და ა.შ.

სვანეთი, მხერი. ეს თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ არაფერი არ გინახავთ. 5 საათი უნდა იარო სულ აღმართზე, ტყეში. ძალიან დამღლელია, მაგრამ როგორც კი ახვალ, ყველაფერი გავიწყდება ისეთი ლამაზია იქაურობა. საითაც არ უნდამიტრიალდე, ყველგან მთებია.

DSC_7137

სალხინო, დადიანების რეზიდენცია. სამეგრელო. ვერ ვიტან აქაურობას, მაგრამ ლამაზი კია.

ჩემი კარავი თუშეთში.

DSC_8197

ასეთი იყო ეს წელი, მოგზაურობ-ბოდიალობები. და თან წესიერად რომ არაფერს იმახსოვრებ, აი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიდექი, ცხოვრება ჩემს გარშემო მიდიოდა და მე მდუმარედ ვაკვირდებოდი.

DSC_9072

თავდაცვაზე დავდივარ. უფრო იმიტომ, რომ მუხლი მქონდეს მაგარი და თან სახლთან ახლოსაა. ადამიანებს სახეები არ ჩანს, ასერომ ამ ფოტოს არაუშავს.

DSC_5470

ფეხებგამობმული ჩანთა. ხვამლიდან მოვდივართ. კარავს მე მივათრევ, უკარვო მამრები უკან მომყვებიან, აქედან ერთი- წუწუნით. სულაც არაა სასაცილო.

DSC_0297

კვეტერა, თუ კვეტარა? ძალიან მწვანე ეზო აქვს.

DSC_1163

მწვანე ტბა, მაღალმთიანი აჭარა. წვიმა, სველა, ცივა. მე კიდე კარგად ვარ, ხალხი უსაწვიმროდაა.

შენაძენები:

DSC_7623

ძალიან მინდოდა ეს კელტურხიანი კულონი, სულ რაღაც 50$ ღირდა ამაზონზე, ვერცხლია. ძეწკვიც ვერცხლია, ძველისძველი, ბებიას დედის ნაქონი, იმას კიდევ ალბათ თავისმა დედამ მიცა და ა.შ.

DSC_0474

კიდევ კნიკონა ვიყიდე, ანუ Nikon D5100, 18-55mm ობიექტივით, სულ მალე მივხვდი რომ ზუმი მჭირდებოდა და 55-200მმ ობიექტივიც დავამატე, ხოდა ვართ ახლა ასე ბედნიერად მე და ჩემი კნიკონა. აქ კნიკონას პირველი გასვლაა, ტბათანის გზას ვიღებ.

ქინდლი. ძალიან მომბეზრდა ნაშოვნი ინგლისურენოვანი პირატული წიგნების ამობეჭდვა და გამოვიწერე.

ლეპტოპი, ACER რაღაცა-რაღაცა მოდელი, არ მახსოვს. იძულების წესით ვიყიდე, ჩემი 7წლის კომპი უბრალოდ, უარს აცხადებდა მუშაობაზე, პლიუს მჭირდებოდა მუშა კომპი და თან ლეპტოპი უფრო იაფი გამოდიოდა ვიდრე სტაციონარული და ყვეეელაზე თხელი/მსუბუქი მოდელი მოვითხოვე მაღაზიაში. აქვე, ჩემი ნაღრძობი ფეხი. სხვა ფოტო ვერ ვიპოვე, ბოდიში.

ახალი რუგზაკი. ესეც სხვა გზა არ მქონდა, ძველი ძალიან დაიხა.

კარავი. Eureka Apex 2T. ორტენტიანი, წვიმაგამძლე, ქარმედეგი, (გატესტილია ჩემს მიერ მარიამობის კოკისპირულ წვიმა-ჭექა-ქუხილში და ქარში), აქვს ორი შესასვლელი, ორი ბარგის დასაწყობი უზარმაზარი სივრცე და ორკაციანია, პრაქტიკულად ეტევა სამი გოგო ან ორი ბიჭი, თუმცა გაჭირვებისას 4 კაცსაც გვძინებია. რაც მთავარია, კარგადგანიავებადია და ღამე არ იორთქლება, თუ ყველაფერი არ ამოგმანე, რასაკვირველია. ხო, ხვამლზე თაგვი ხრავდა და ვერ ან არ გამოხრა.

და

2013 წელში იმედია კიდევ უფრო ბევრი ბოდიალობა იქნება და რაც მთავარია, ძალიან, ძალიან მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავიარო “ცერი” თუშეთისკენ მიმავალ გზაზე.

ჩემი შემოდგომა 2012


ქონდრის ჩაის მთა-თუშეთის სურნელი აქვს


თუშურ წინდებს ვქსოვ, ვიხსენებ როგორ უნდა ქუსლის ამოყვანა და ხუთი ჩხირით ქსოვა. ჯერ ერთ ფერში, შემდეგ ჯერზე ფერებსაც გავურევ.

ეზოში შემოდგომურები ყვავიან.

მიწა უკვე ნესტიანია, ტყე-სველი, ამინდები-სუსხიანი. ბოლოჯერ ვიჯექი წელს კოცონთან.

კლავიატურის გვერდით ბროწეულები მელოდებიან, როდის გავარჩევ.

ზაფხულამდე დიდი დროა,  და იმის იმედი, რომ ამ ზაფხულს მომავალი ზამთრის ქონდრის ჩაის მარაგს შევაგროვებ, არის.

თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი


ძალიან არ მიყვარს, როცა ამ სამ კუთხეს ერთმანეთს ადარებენ, აჯიბრებენ და მერე მიდის დავა, რომელი რომელს ჯობია. სინამდვილეში, სამი სხვადახვა სამყაროა, სამი სხვადასხვა ხასიათით, შეგრძნებებით და დროთი. მაქსიმალურად მოკლედ თუ ჩამოვაყალიბებთ, ამ სამი მთიანი კუთხის ჩემეული შეფასება ასეთი იქნება:

ხევსურეთი, შატილი

თუ ფული და დრო არც ისე ბევრი გაქვს, ხევსურეთში უნდა ახვიდე, აქვეა, მთებია, ჩალისფერი მთები, ლბილი კიდეებით და ღია პეიზაჟებით. “წამო, ხევსურეთში გადავირბინოთ” .  შატილში აივანზე უნდა ჩამოჯდე, მზეზე გათბე (აქ მუდამ თბილი მზეა) და მუცოზეც აირბინო, ანატორელების აკლდამები ნახო და თუ ცოტა ექსტრიმიც გინდა, ჭაუხების გავლით შეგიძლია აბუდელაურებზეც გადახვიდე.

სვანეთი, უშგული, შხარა.

თუ გინდა სტიქიას მიუახლოვდე, მთელი მოგზაურობის გარშემო უზარმაზარი, თოვლიანი მწვერვალები დაგყურებდეს თავზე, პირქუშად, და შენს ფეხქვეშ გადარეული მდინარე გრუხუნებდეს, სვანეთში უნდა წახვიდე.  შდუგრას ჩანჩქერის ნახვის, უშგულში შხარას ცხვირწინ კარავის გაშლის და მხერზე ასვლის გარეშე აზრი არ აქვს ოღონდ… სვანების ხატობაზეც უნდა მოხვდე, ნახო, როგორ მღერიან, ცეკვავენ, გადარეულ, უბელო ცხენებზე როგორ სხედან თითისტოლა ბავშვები და მიხვდე, რომ აი ესაა ნამდვილი სვანეთი.

ბოდიშის მოხდით, მეორე სურათიც უნდა დავდო, ვერ ავარჩიე…

თუშეთის გზაზე

თუ გინდა იმ წარსულში დაბრუნდე, ჩვენი წინაპრები რომ ცხოვრობდნენ, და საქართველოს ყველაზე სახიფათო გზა გაიარო, რომელიც ყოველ წელს ლამის თავიდან გაყავთ და ლამის ყოველ წელს ვიღაც ვარდება, მაშინ თუშეთში უნდა წახვიდე.  აქ ჯერ კიდევ დარჩა სოფლები, სადაც მხოლოდ ცხენით მიიღწევა, აქ არც დენია და სახლების უმეტესობაც ზუსტად ისეთივეა, როგორადაც ჩვენმა დიდმა-დიდმა ბებია-ბაბუებმა ააშენეს. (ვიტყუები, ლეკებს აშენებინებდნენ). ალუდის გასინჯვის, დიკლოს ციხის ნახვის და ლეგენდის მოსმენის,  გირევის კოშკებზე ასვლის,  ქონდრის ჩაის დალევის, ორეთის ტბის მონახულების და გზაზე თუშად მოსანათლი ადგილის გავლის და მონათვლის გარეშე თუშეთიდან არ დაბრუნდეთ ოღონდ…

ხოდა, აი ეს სამი, სრულიად განსხვავებული რამე რანაირად უნდა შეადარო, ამიხსენით რა.

თუშეთის თოვლიანი გზები


მე: გირევში და ჰეღოში მოსახვედრად მდინარე გადავიარეთ, ისეთი საშინელი ნაშალიანი გზები იყო, კამაზი ძლივს მიდიოდა.
დედაჩემი:  მანდ გზა გაიყვანეს? რა კარგია, მე რომ ვიყავი, ცხენზე ვიჯექი, ისეთი ბილიკი იყო, ცალი ფეხი ხრამზე მეკიდა და ცხენი ძლივს დადიოდა, გზის სინჯვა-სინჯვით.

ქვედა მარცხენა კუთხეში ჩვენი კამაზია. ფოტო გადაღებულია ჰეღოდან. მარცხნივ გორის უკან გირევია

ომალოდან რომ გამოვედით, ცრიდა.

მერე წვიმდა

მერე კოკისპირულად წვიმდა

მერე ცერზე ავედით და

მერე ბარდნიდა.

გოგოები სიმღერებს მღეროდნენ

კამაზი მიხრიგინებდა

მე საწვიმარში ვიყავი გახვეული

და

მიხაროდა, რომ იქ ვიჯექი

და

სულერთი იყო, რომ მციოდა,

რომ მაწვიმდა

მათოვდა,

ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი

და

ცხვირიც ცოტაარიყოს წაყინული მქონდა

(კაბინაში ჯდომაზეც კი არ მქონდა პრეტენზია)

მთავარი ის იყო, რომ მიმავალ კამაზში ვიჯექი და არა სადმე მიწაზე ვეგდე თავგაჩეხილი.

პრიორიტეტები ხანდახან რა საყვარლები არიან ხოლმე, არა?

პ.ს. ჩვენი მძღოლი. ფოტო გადაიღო ფიქრომ.

ცოცხლები ხართო?

კიდევ დავბრუნდები

იმედია