თელავი, ბავშვობა, შემოდგომა


თელავი, მზიანი შემოდგომა

დღეს ისეთი ამინდია, როგორიც ძალიან ხშირად იცის თელავში შემოდგომობით. ნაწვიმარი, მოწმენდილი ცა, წვიმისგან დაცვენილი სველი, ყვითელი ფოთლები, რომლის დაგვაც ჯერ ვერ მოასწრეს და სველი ჰაერი. მე სუნთქვა ვერ მყოფნის, ვცდილობ ღრმად ვისუნთქო და ვგრძნობ როგორ მეკუმშება ფილტვები ამ სველი, ნესტიანი ჰაერისგან. ხეებიდან კიდევ წვეთები წვიმს.

რაც თბილისში გადმოვედი, ერთადერთხელ ვნახე ნისლი, მაშინ მთელი თბილისი გადაირია და მე მიკვირდა, ნისლი არ უნახავთ თქო?

თელავში ხშირადაა ნისლი. ისეთი სქელი, რომ გარეთ გასულს სახეზე ლამის წვეთებად გეცემა. რამდენჯერ წავსულვარ სკოლაში ასეთ ნისლში. მაშინ რატომღაც არ ვფიქრობდი, რომ ნისლის დროს სახლში უნდა დარჩე. წვიმაშიც კი, დავიჭერდი ქოლგას და სკოლაში მივდიოდი, ნხევარი სათი უნდოდა ფეხით, ტრანსპორტი კი არ მოძრაობდა.

ერთხელ ისე იწვიმა, ნიაღვრები მოდიოდა, ნახევარი კლასი სველი იყო და დამრიგებელმა მაინც არ გაგვიშვა სახლებში. ცუდი მასწავლებელი და კიდევ უფრო ცუდი და უტაქტო ქალი იყო ზოგადად, ურჩ მოსწავლეებს ბაბუნიძის ეზოში გადაგდებით ემუქრებოდა ხოლმე და შალაურში მცხოვრებ მოსწავლეებს შალაურიდან მოთრეულებს ეძახდა.( ეს დაახლოებით ისე ჟღერდა, როგორც გლდანიდან ან ვაზისუბნიდან ან მუხიანიდან მოთრეული.)

მაშინ მეგონა, რომ შალაურში ცხოვრება დიდი საშინელებაა, უფრო საშინელი, ვიდრე ყარაჯალაა. საერთოდ, მემგონი, თელავში უმცირესობები არ უყვართ, ყოველ შემთხვევში, ჩემს იქ გატარებულ 16-წლიან მეხსიერებაში ასე შემორჩა.  არადა აქ ძალიან ბევრი არაქართველი ცხოვრობს, გადაკეთებული გვარებით, და მაინც არ უყვართ “სხვები”.

სამაგიეროდ, მე თბილისში გადმოსვლის მერეღა გავიგე, რომ ლტოლვილები ცუდები არიან და მტრები და ა.შ. და ა.შ. მე მყავდა აფხაზეთიდან დევნილი კლასელი და თვით ჩემს ყველაზე უტაქტო და უხეშ მასწავლებელსაც კი არ მოსვლია აზრად არასოდეს, რომ ამის გამო შეურაცხყოფა მიეყენებინა. ერთადერთი, რითაც ჩვენგან განსხვავდებოდა ის იყო, რომ გვარი ქონდა დასავლური, მგონი მეგრული. თბილისური დევნილური მტრის ხატი თელავში ეროვნული ნიშნებითაა ჩაანაცვლებული. (რას ერჩით ისე დევნილებს? ადამიანებმა ამხელა უბედურება, ომი, შიმშილი, უსახლკარობა გამოიარეს და კიდე ესენი არიან/იყვნენ “ცუდები”?)

ჩემი აზრით, თელავი არ არის კახეთი, თელავი ცალკე ერთეულია, თავისი ინტელიგენციით, თავისი მშვიდი და მდორე ცხოვრებით, სადაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რა გაცვია, ვისთან მეგობრობ, სად დადიხარ, რას ჭამ და რას იძახის შენზე მეზობელი თამარა ბებია.  ჩვენც გვყავდა კორპუსში ერთი თამარა ბებია, ბოსტანი ქონდა 90-იან წლებში თითით საჩვენებელი, კიდევ ბუტკაც ქონდა და ბავშვებს გვიშლიდა მკვახე ხილის ჭამას, არადა მისი შვილიშვილი ჩემხელა იყო და ერთად ვიპარავდით იმ ხილს, მერე კრიშაზე მივძვრებოდით და იქიდან კურკებს ვისროდით.

მთელ ქუჩაზე ჩვენი კორპუსია ერთადერთი, რომელიც შემოღობილია და დიდი, გამწვანებული ეზო აქვს კაკლით, ცაცხვებით, ბაღში ალუბალი, ბალი, ალუჩა, ტყემალი, ქლიავები, კომში, თხილი და ძალიან გემრიელი ლეღვი დგას. კიდევ ხეივანია ყურძნის და ეზოს წინ, გზის პირის გაყოლებაზე, ნაძვებია ჩარიგებული. ჩვენი მამები რომ გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად, მაშინ მოიტანეს ტყის მიწა და ჩვენთვის გააშენეს ეს ბაღი. ახლა კორპუსში ორი კინკილა ძველი მოსახლეა, თამარა ბებო 90-იანებში გარდაიცვალა, შარშან გორგიშელიც დაიღუპა და სულ აღარავინ დარჩა, ვინც ამ ყველაფერს მიხედავს და ვერანდება ასე. ეზოში პამპერსები ყრია, არადა, ვინ გაბედავდა თამარა ბებოს დროს სპიჩკის დაგდებასაც კი. წლევანდელმა ქარიშხალმა კიდევ ის ნაძვები მოგლიჯა, გზისგან და გამვლელებისგან რომ იფარავდა ეზოს.

ახლა ისეთი ამინდია თბილისში, მხოლოდ თელავში რომ იცის ხოლმე, ჰაერში ნისლი და ყვითელი ფოთლების სუნი დგას, ძირს უამრავი ცხენისწაბლი ყრია ალბათ და მე არ მენატრება ის მშიერი ბავშვობა, ჩვენ ყველას რომ გვქონდა 90-იანებში.

პ.ს. ლეპტოპში გადმობარგებისას მემგონი მთელი ის სურათები დავკარგე, თელავის რომ მქონდა შენახული. ბლაჰ…

just, ყველაზე სოფლელი ბავშვი


-რა ხდება ახალი?

-რავი, არაფერი, ყველაფერი ძველებურად

გაგიკვირდებათ და ბავშვობაში ბუნებაზე, ბალახებზე და ხეებზე არ ვგიჟდებოდი, არც მწვანე ბალახზე წოლაზე ვოცნებობდი, არც მთები მიყვარდა, არც ტყე

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წელიწადში სამი თვის განმავლობაში:

  • დავძვრებოდი ყველა ხეზე, რომლებზეც ხელი/ფეხი მიმიწვდებოდა (უკიდურეს შემთხვევაში კიბის მიდგმაც მოსულა, თუ ხემდე მითრევა არ დაგვეზარება)
  • მეკიდა საქანელა კომშის ხის ქვეშ, ჟოლოს ბუჩქების გვერდით,  გოგრაბლის და ლეღვის ხეების ახლოს
  • მეზობელ ნაკვეთში მუხლამდე აყვავილებული ბალახი იზრდებოდა, ბევრჯერ ჩამძინებია შიგ ჩაწოლილს
  • მქონდა “სახლი” ნაკვეთის ბოლოში, რუს გვერდით არსებულ ხეზე (წიგნის საკითხავი, წამოსაწოლი და სათვალთვალო ტოტებით)
  • სახლიდან ას მეტრში იშოვებოდა ძალიან ციცაბო გორა და ტყე, სადაც სახლიდან გაპარული დავიარებოდი
  • ცოტა უფრო მოშორებით იყო წისქვილი, დაგუბებული წყლით, სადაც ვბანაობდი და ყოველდღე მქონდა წყლის ღარებში ჩავარდნის შანსი (ერთხელ კინაღამ ისა)
  • როცა “ახალი წყალი” დაწყდებოდა, მეზობლის “ძველი წყაროდან” ვედრებით მოვაკონწიალებდი
  • ვაცხობდი ტალახის კვერებს, ბალახით შეკმაზულს, სამშენებლოდ მოტანილ და მონარჩენ ქვიშაში ვაშენებდი ქალაქებს, ვაცხობდი კოცონზე ნამცხვრებს (ნამდვილს)
  • დავიპარებოდი მეზობლის ბაღებში მკვახე ვაშლებზე, ქლიავებზე და მჟავე ყურძენზე, ნუ, ალაგ-ალაგ სიმინდებზეც (სახლშიც მქონდა, მაგრამ მეზობლისა უფრო გემრიელია)
  • ვაგროვებდი კოლორადოს ხოჭოებს (ახლა ვერ ვხვდები, როგორ ვკიდებდი ხელს) და მერე ვიღებდი კიდევაც  კარტოფილს
  • ვკრეფდი ჯონჯოლს, ვაგროვებდი კვერცხებს
  • მოწველა არ ვისწავლე, დღემდე სიკვდილივით მეშინია ყველაფრის, რასაც ჩლიქები აქვს და წიხლის სროლა შეუძლია
  • ვჭამდი ყველანაირ ხილს, ოღონდ მკვახეს და მარილით, ერთხელ ინტერესის გამო ნედლი სიმინდიც კი გავსინჯე
  • და სხვა მრავალი

ყოველ ზაფხულს, სამი თვის განმავლობაში, ბებიაჩემის უბანში ყველაზე “სოფლელი” ბავშვი ვიყავი ხოლმე, გაჩეჩილი თმით, მტვრიანი ფეხებით, დალურჯებულ-დაკაწრული ხელ-ფეხით და დაბრაწული კანით.

დღემდე გულწრფელად მიკვირს, როგორ ინარჩუნებდნენ სოფელში ზაფხულობით ხელ-ფეხის იდეალურ სისუფთავეს და ნაზ თეთრ კანს ჩემი ყოფილი მეზობლები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მოწყენილობისგან ლამის სული გამეფრთხო, მიხარია, რომ ასეთი ბავშვობა მახსოვს და არა კომპიუტერს მიჯაჭვული.

მალე ბიცოლაჩემი ჩამოვა, შვილიშვილებს ჩამოიყვანს, მე ისევ წავალ სოფელში, ვესტუმრები, ბაღს შემოვურბენ სუნსულით, იქნებ რამე კბილის გასაკრავიც ვიპოვო.

პ.ს. მერე რა, რომ ამას ბოლომდე არავინ  წაიკითხავს, მე ხომ დავწერე.

შემთხვევითი რუმმეითები ანუ ცალკე გადასვლამდე წასაკითხი პოსტი


არაფერი არაა იმაზე ცუდი, ვიდრე არასწორი რუმმეითი, ადამიანი, რომელთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ და ამ ჭერის მეტი არაფერი გაკავშირებს.

ეს არაა პოსტი მეგობრების ერთად ცხოვრებაზე, ეს იმაზეა, როცა ორი ან სამი შემთხვევითი ადამიანი გარემოებების გამო ერთად ცხოვრობს…

№1 გამხდარი გოგონა

პირველი ორი წელი დედაჩემის თანამშრომლის შვილი ცხოვრობდა . შედეგად მივიღე საკუთარ სახლში ჯერ გაცოფებული მეზობლის და მერე პოლიციის ვიზიტი მხოლოდ იმის გამო, რომ იმ გოგოს შეყვარებულმა მოაკითხა და გზადაგზა ეზოში იჩხუბა მეზობელ ბიჭთან. ის ბიჭი რეანიმაციაში მოხვდა, მე ძალიან გავბრაზდი. საბედნიეროდ, ეს გოგო მალევე გათხოვდა, წავიდა, მეც დავისვენე და მემგონი მეზობელმაც.

დადებითი მხარეები:  უფრო, ნეიტრალური მხარეები ქონდა, ჩვენ-ჩვენთვის ვცხოვრობდით.

უარყოფითი მხარეები:  მურთაზი შეყვარებული, მუდმივი წუწუნი იმაზე, როგორ უჭირს მის ოჯახს და “აუ მოდი ერთად გავაკეთოთ საჭმელი” (შემიძლია კვირაობით ვიცხოვრო ხილზე).

№2 კულულებიანი გოგონა

პირველ წელს კიდევ ერთი “მდგმური” მყავდა. მხიარული გოგო იყო, უბრალოდ ძალიან უყვარდა გართობა და სამოთახიან ბინაში ერთი მოცუცქნული ლოჯი რომ მქონდა მისაკუთრებული, მაინცადამაინც იქ შემოდიოდნენ ხოლმე ის და მისი ახალშეძენილი ძმაკაცი+დაქალები. მე ვიყავი დაბნეული და დაღლილი პირველკურსელი, ვარკეთილიდან დავდიოდი მაღლივში, ვდგებოდი ყოველდღე დილის 7-ზე, არ მომწონდა უცხო ხალხის ღრიანცელი და ვიყავი ძალიან ცოდო. მას მერე, რაც დაქალის შემოცხოვრებაც გადაწყვიტა, დედაჩემს ვთხოვე და დელიკატურად უთხრა უარი, ორივეს.

დადებითი მხარე: მმმ, რავი, ალბათ ის, რომ პირველ კურსზე ყოფნისას შედარებით მეტი ხმის გამცემები მყავდნენ.

უარყოფითი: ზედმეტად დროსტარებადი ხასიათი ღამის სამ სათზე, სხვის ტერიტორიაზე შეჭრის დაუძინებელი სურვილი და უბოდიშოდ ქექვა ჩემს პირად სასუსნავურ მარაგებში.

№ 3 ხმამაღალი გოგო

ვინმე მჭირდებოდა და ხუჭუჭთმიანმა მოიყვანა. ძალიან საყვარელი გოგო იყო, ფუნჩულა, მხიარული.  უბრალოდ, ერთხელ არ ვიცი რა დაემართა, (ალბათ პეემესი ქონდა) ისე მეჩხუბა, დღემდე გაოგნებული ვარ. თუმცა მე მაინცადამაინც არ მიყვარს, როცა მიყვირიან.  შედეგად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თუმცა ათასში ერთხელ მომიკითხავს ხოლმე.

დადებითი მხარეები: ბევრი.

უარყოფითი:  ფეთქებადსაშიში რომ ყოფილა ბოლო დღეს გავიგე. :დ

№ 4 გათხოვებაზე მეოცნებე გოგონა

რაღაცით გამხდარ გოგონას ენათესავებოდა, სულიერად. მთელი დღეები იჯდა ხალათით, იპუტავდა წარბს, იჩიჩქნიდა სახეს და ივარცხნიდა თმას. საშუალებას თუ მიცემდი, ფრჩხილებით და ცალი ხელით აკაკუნებდა კლავიატურაზე, ბიჭებს აბამდა. ი. ვაღიარებ, ეს მე გავაგდე, უბრალოდ, ვერ გადავიტანე ის ფაქტი, რომ ურტყავდა ჩემ კატას და ჩემს სპიჩკის კოლოფში (უკვე ერთოთახიანში ვიყავი გადმოსული) ჩემთვის უცხო ადამიანი მოყავდა რამდენიმე დღით.

დადებითი მხარეები: კარგ სოუზს აკეთებდა.

უარყოფითი: სიძუნწე, ცხოველისადმი სისასტიკე. იყო საშინლად პრეტენზიული გარშემომყოფების მიმართ და სულ იმას წუწუნებდა, რომ ძალიან ბევრი კომუნალურები მოდიოდა და მაგრძნობინებდა რომ ვძარცვავ.

ნათელი წერტილიც იყო, ჩემი ბიძაშვილი.

ყველაზე მხიარული, ყველაზე საყვარელი, ყველაზე საქმიანი  და ლამაზი. ერთხელ აივანზე ვიჯექი და რაღაცაზე ვტიროდი, გამოვიდა და “ნუ ტირიხარ, წამო, ამ სალათას გაგიყოფო”. არადა ის სალათაც ისეთი ცოტა იყო და თან თვითონაც ისე უყვარდა.

დადებითი მხარეები: ყველაფერი დადებითი იყო, ვისხედით ხოლმე და ვჭორაობდით, გოგოშკურ საღამოებს ვაწყობდით, ბიჭებს ვჭორავდით, წვრილმანებზე ერთად ვდარდობდით და ა.შ.

ყარყოფითი მხარეები: ჩემგან რომ გადავიდა, ძალიან დამწყდა გული.

ამ ყველაფრიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: რუმმეითი მხოლოდ შენ უნდა აირჩიო და ის ახლობელი უნდა იყოს. ან, ახლობელი თუ არ იქნება, ცალკე ოთახი უნდა ქონდეს, იზოლირებულად.

"ჩემი ავტობუსის" მგზავრები



ყოველდღე, ათს რომ რაღაცეები დაააკლდება, 150 ნომერ ავტობუსს ვაჟას კუთხეში ვხვდები.სალაროს კუთხეში ვიყუჟები ჩემი წიგნიანად და აბზაცს და აბზაცს შორის ხალხის თვალიერებას ვიწყებ.

  • ვაჟას მეტრომდე არმისული, მსუქანი ქალი ამოდის, უკან გადაწკეპილი თმით, გაუკეთებელი წარბებით, ტომარასავით ტანსაცმლით. ორი ბავშვი ყავს: გოგო-ბიჭი, 4-5 წლისები არიან, სულ ლაპარაკობენ, მოძრაობენ, წიკვინებენ, მღერიან, მხეცობენ. ქალი ამ დროს ისეთი სახით ზის, შეგეცოდება, რამე უთხრა, გასავათებული, გადაღლილი, უფერული, ბავშვების კითხვებზე მექანიკურად მოპასუხე… ამასწინათ გავარკვიე, მსუქანი კი არაა, ორსულადაა თურმე. ანუ ცოტა ხანში უკვე ორი ბავშვის ჭყიპინს მესამის ჩხავილიც დაემატება. ან უფროსს სკოლაში მიიყვანს, მარშუტს ცოტა სხვანაირად დაგეგმავს და ჩემი ყურებიც დაისვენებენ. ყაზბეგზე, სმაილის მაღაზიასთან ჩამოდიან ხოლმე, მძღოლს ხშირად ეჩქარება და რამდენჯერმე კინაღამ კარში მოაყოლა ბავშვები.
  • ვაჟაზე, შუსუსუს თუ რაღაც მწვანე დებილობას რომ გაცდები, ოფის1-ს მაღაზიასთან, გაჩერებაზე სტუდენტი გოგო ამოდის ხოლმე. (გარეგნობა+150 ვაკეში მიდის). ძალიან ლამაზია, გამხდარი , სწორი ყავისფერი გრძელი თმით, სქელი, თვალებზე ჩამოფხატული ჩოლკით, ბუნებრივად დაბუშტული ტუჩებით. ხანდახან ნომრიანი (ალბათ) სათვალე უკეთია და ძალიან უხდება. სქელძირიანი ბათინკებით, ფენეჩკებახსმული, არასტანდარტული და ძალიან საყვარელი. დაახლოებით ასეთი.
  • ორი ძალიან, ძაალიან მოხუცი კაცი, მუდმივად ერთიდაიგივე ადგილას, შუა კარის მერე მეორე ორადგილიან სკამზე სხედან, ხელში ძველმოდური პორტფელები უჭირავთ და სულ მგონია რომ სადმე კვლევით ინსტიტუტში მიიჩქარიან, დადებენ პორტფელებს მაგიდაზე, სადაც კომპიუტერი რასაკვირველია არ დგას, გადაწმენდენ მტვერს და მთელი დღე დახაზავენ, წაიკითხავენ ჟურნალებს და ძველ დავთრებს დაწერენ, რომ მერე ცეცხლგამძლე, რკინის კარადაში ჩაკეტონ. ფანჯრის რაფაზე აუცილებლად ედებათ რაიმე მცენარე, რომელსაც კვირაში ერთხელ უსხამენ წყალს, კარადის რომელიმე კუთხეში კი ყავადანი, ყავა ან ჩაი, და რამე სასუსნავი.
  • ძალიან ჭუჭყიანი 40-50 წლის ქალი, მორებივით დასიებული ფეხებით, დახეთქილი ქუსლებით და ბიჭი, ალბათ 10-15 წლის, ისიც ჭუჭყიანი. ორივეს ისეთი ფერი აქვთ თითქოს მთელი დღეები ზღვის სანაპიროზე არიან. ზაფხულობით ამ ქალს ისეთი პარკები დაქონდა, ზღვაზე სიმინდმზესუმზირის დამტარებლებს რომ დააქვთ ხოლმე. ბავშვიც არ გავს სკოლაში მიმავალს, ნეტა ვინ არიან და საით გაუწევიათ, მიახლოებითაც კი ვერ ვხვდები ხოლმე. იქნებ მათხოვრობენ? მაგრამ კანის ძალიან გარუჯულ-გადარუჯულ-გამომხმარი ფერი?
  • მსუქანი გოგო, ყოველდღე სხვადასხვანაირად და ყოველთვის ლამაზად აცვია, ოღონდ დამჯდარი არ მინახავს არასოდეს.

ხოდა, ხომ არ ვიცი ვინ არიან და მაინც, მგონია რომ ვიცნობ და ერთხელაც მექანიკურად მივესალმები ალბათ…

კრეტინი მეზობლები სახლში


არ მიყვარს სახლში ჩასვლა, უფრო სწორად, იმ ბინაში, სადაც გავიზარდე.
იმ ეზოში, მთელი კორპუსი რომ ვუვლიდით და ნამდვილი ბატარა ბაღი იყო თავისი ნაძვებით, ხეხილით და ყვავილნარით, ტალავერზე აშვებული ვაზით და იასამნებით, ახლა საბომჟეთია, ყველგან ნაგავი ყრია, ხეებს აღარავინ უვლის და აღარც ბავშვები თამაშობენ, სხედან 2-3-4-5 კლასელები და მშობლების მიბაძვით “სემიჩკას” იპურჭყებიან.
ის ბავშვები, ვისთან ერთადაც მე ვთამაშობდი და ეზოს ვუვლიდი, გაიზარდნენ და ჩემსავით დაიფანტნენ აქეთ-იქით, ვინც დარჩა, არ ვიცი ეთაკილება, არ ვიცი არ ადარდებს, მისი შვილი ნაგავში ითამაშებს თუ ბალახში…
თავის დროზე ჩვენმა მამებმა ტყის მიწა მოიტანეს, სანერგეები შეაწრიალეს, ტყიდან ნაძვები და ფიჭვები მოზიდეს, სამშენებლო ნაგავი გაზიდეს, შემოღობეს, რომ ბავშვები არსად დავკარგულიყავით და ჭიშკარი ჩამოკიდეს. ერთადერთი, ცემენტი ვერ დაასხეს შემოსასვლელში, რაიკომმა (თუ ვინც იყო მაშინ უფროსი) არ დართოთ ნება.

ახლა პირველსართულელი თამარა ბებო აღარ არის, აღარ არის არც მისი ხელით დარგული და გამოზრდილი ადესა ყურძენი, იები და ენძელები, ჰიაცინტები. რა გადაუარეს ამისთანა, ერთიც არ ამოსულა!
ვერ ვიტან ჩემს ახალ მეზობლებს, სოფლიდან ჩამოსულებს, იმის მაგიერ რომ “ქალაქელების” გაკეთებულისთვის მოევლოთ, უდაბნოს დაამსგავსეს! ჯანდაბას, ნუ გააკეთებდნენ, რაღატო აფუჭებენ! ბორჯომის ბლასმასის ბოთლების და ოლვეისების გადმოყრა ხო ეხერხებათ ფანჯრიდან!
პირველი მსგავსი მახათი ოჯახი რომ გადმოგვივიდა, იმდენი ვქენით მეზობლებმა, ადგნენ და გადავიდნენ, ვერ აიტანეს ათვალწუნებული მზერები… გაკეთებას ხო არავინ თხოვთ, ნუ აფუჭებენ რა! ის ხო კაია, ყოველსაღამოს ნაძვების ქვეშ რომ სხედან და ლეღვი მწიფს იმდენი, ხეზე ჩიტები ქეიფობენ ხოლმე და ადამიანებსაც რჩებათ, ალუჩაზე და ტყემალზე ხმას აღარ ვიღებ, არც ბროწეულზე და თითა ყურძენზე, დგანან, ამტვრევენ ტოტებს, ანაგვიანებენ, მოკლედ, ღორები! მეზიზღებიან!

აღარ მიხარია სახლში ჩასვლა, ეს ჩემი სახლი აღარაა, იქ აღარც თამარა ბებოა, აღარც გორგიშელი, კარის მეზობლად აღარ ცხოვრობს მედიკო დეიდა და აღარც კორპუსის სახურავზე ასასვლელი კიბეა ადგილზე.
აღარ მოაქვთ სურნელოვანი შეშის მორები, დედა ვეღარ ანთებს შეშის ღუმელს, ქვემოთა შიზოფრენიკი მეზობელი პოლიციაშჳ უჩივის, ხანძარი გამიჩნდებაო (ნეტა მაცოდინა,როგორ?).
სადარბაზოს სუნიც კი შეიცვალა, ჩემი ბინისაც, ასე მგონია, უცხო ადგილას ჩავდივარ და ყოველ ჯერზე თავიდან ვეგუები იქაურობას.

აწი აღარ გავაპროტესტებ, ამის გაყიდვას და სადმე გადასვლას თუ გადაწყვეტს, რაც მიყვარდა, ყველაფერი მოსპეს ველურმა გაუზრდელმა ღორებმა!

მოულოდნელი სტუმარი


კარზე კაკუნია, ჩამოიღეს კარი, გავედი ბუზღუნით და მეზობელია, ეს კატა შენ ხომ არ გამოგეპარაო?
ვინცხა კატა იჯდა ზღურბლზე და მიყურებდა.
კარგად რომ დავაკვირდი, ვიცნობ ამ კატას, ეზოსია, ხშირად ვხედავდი მარა არ მოდიოდა ხოლმე ახლოს. ერთხელ ჩემი კატა რომ გამეპარა, დავდიოდი შუაღამისას და ფისო-ფისო თქო გავიძახოდი, იმდენი ვიარე, ეს კატა მოვიდა და შემომკნაოდა, მეთქი დამანებე თავი, მე ჭუკლინეს ვეძებ :(.
ხოდა დღეს მოვიდა, საიდან გავახსენდი ნეტა, მემგონი ორსულადაა, იიიიმხელა და ისეთი ღიპი აქვს, თან ნაჩხუბარი, ცხვირგაჩხაპნილი.
ვისკასის მარაგი გამახსენდა ეგრევე, ვაჭამე, წყალიც დავუდგი და გიჟივით მიასკდა. მშიერი იყო ეტყობა 😦 წყალიც დავუდგი ლიფტთან.


მერე პირის ბანვასაც შეუდგა..

ბევრი ვეფერე და შემოვედი სახლში. ხრუტუნობდა, კრუტუნის ზეაღმატებული ფორმაა ეგ, და თათებით იჭერდა ჩემ ხელს, აფერისტკა ეგა : )))

ნეტა არავინ გააგდოს აქედან, ვაჭმევ ხოლმე. : (
რაღაც ცუდადაა მემგონი და თან დაფრთხული, თუმცა გარეულები სულ ასე არიან ხოლმე დაძაბულები, რა ქნან, ყველა ამათ ერჩის და სხვა გზა არ აქვთ.
აუ კიდე კატების ოჯახს ვიცნობ მეზობელ სახლში, დედა,მამა და კნუტი კატა არიან, როდესმე გადავუღებ იმათაც და დავდებ.

ადამიანები წარსულიდან


ამასწინათ მოვიდა ლაბში ჩემი ბაღის ჯგუფელი, დედამისიც მოყვა, თავის დროზე ჩემი ბაღის მასწავლებელი იყო ის ქალი. თელავიდან ჩამოსული მაინცადამაინც აქ მოვიდა და მაინცადამაინც მე რო ვიყავი იქ, მაშინ…

დღეს ადნაკლასნიკებზე ვიღაც ცისკარიშვილი იყო შემოსული, კვალს გავყევი და ბავშვობაში სოფელში ზაფხულობით რომ ჩავდიოდი და მეზობლად მაიკო რომ ცხოვრობდა, იმას გადავაწყდი… დედაჩემს არ მოწონდა ის და მისი ოჯახი და იმდენი ქნა, აღარ ვკონტაქტობთ აგერ უკვე 6 წელია მგონი. კაი ბავშვი იყო არადა, უბრალოდ აქაურობისთვის ზედმეტად ემოციური და თავისუფალი.

მერე კიდევ ერთი გოგო ვნახე, და მისი ძმა, ეს გოგო სკოლის მოსწავლე და ძმა საერთოდ ბავშვი მახსოვს, ახლა წვერებიანი თინეიჯერია.

ამ ზაფხულს ქუჩაში რომ მივრბოდი ჩანთით ხელში, ვიღაც ბიჭმა გამაჩერა, მაიკოო. აი რომ არ გამომცნაურებოდა ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ ეს ბიჭი ჩემი ნათესავი იყო, ჩემზე ორი თუ სამი წლით პატარაა, სულ პატარაობაში ერთად ვთამაშობდით, ერთხელ მანქანას ტალახი ვესროლეთ, (გასართობი გვქონდა ესეთი) და მართლა მოხვდა წინა მინაზე და კინაღამ რაღაცას შეასკდა. საბურავების წივილზე გავიქეცით და სიმინდებში დავიმალეთ, ის კაცი კიდე მის დედას ეჩხუბა და მერე კარგად დავისაჯეთ )))) კაი ბოვშვი იყო, ახლა კიდევ დიდი ბიჭია, თანაც კაი ბიჭი : ))
კიდევ……

ერთხელ ბიძაშვილმა მთხოვა, ვიღაც უნდა ვნახო, გამყევიო…. ჩემი ყოფილი მეზობელი, თელავიდან, მეხუთეზე ცხოვრობდნენ. ძმა ყავდა პატარა, რაღაც დეფექტით თვალებზე. საბერძნეთშჳ წავიდნენ მერე, ეს გოგო აქ გათხოვდა და დაიკარგნენ. თურმე საბერძნეთში ეს ბავშვი, ანუ ბიჭი, ანუ გიორგი რომელიც ახლა ასე 18-19 წლისაა და საერთოდ ვეღარ ხედავს, ოპერაციის გასაკეთებლად ჩაიყვანეს უკრაინაში სადაც ჩემი ბიძაშვილის სიძე პატრონობდა ,დაატარებდა, ექიმია თვითონაც და იცოდა სად და როგორ, ბოძაჩემთან ცხოვრობდნენ. მოკლედ, ბიძაშვილისთვის “პატივი რომ ეცათ” რაღაც უნდა გაეკეთებინათ და ამ გოგომ მე წამიყვანა მხარდამჭერად და უხერხულობის გასაფანტად : ))) საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა მე და იმ გოგომ გავიხსენეთ ჩვენი ძველი კორპუსი და სამეზობლო, გაჭირვების პერიოდში , ანუ იმ პერიოდში რაც ეს ოჯახი იქ ცხოვრობდა, ერთ ოჯახად რომ ვცხოვრობდით : )) 12 თუ მეტი წელი არ მყავდა ნანახი….

თჲ წაიკითხეთ და გაიფიქრეთ რომ აბდაუბდაა, ბოდიშს ვიხდი, რისი თქმა მინდოდა მეც არ ვიცი, უბრალოდ, ასეთი შემთხვევითი ადამიანები სიხარულის ნაცვლად ხანდახან ისეთ სევდას იწვევენ ხოლმე……