ვინამ სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია – 4 დღით თუშეთში

_DSC9944

არსად არ დაკუსკუსებენ ღრუბლები მთების წვერებზე ისე, როგორც თუშეთში. წავლენ-წამოვლენ, წაბოდიალდებიან, მობოდიალდებიან და იმ მთის და ამ გორაკისას მოგიყვებიან.

_DSC0026

“იახლ ჯანღ ქურდულად ჩამიიპარ დანოსო” ტყუილად კი არ მღერიან იმ სიმღერაში, ყველაზე ძალიან რომ მიყვარს, Continue reading

ამილკარი


 

როცა სადღაც  მიდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა საწყის და საბოლოო პუნქტებს –

მთავარია გზა, პროცესი, ფანჯრებთან ჩავლილი პეიზაჟები

და

გზის პირას ნაყიდი ადგილობრივი გემრიელობები.

ის ფიქრები, რომლებიც გზაში მოდიან

არასოდეს გვანან იმათ, რომლებიც მუდამ თავს დაგვტრიალებენ.

ამ ფიქრებში უცხო გზების და მიწების მზეები ანათებს

ცოტა სხვანაირები

ცოტა უცხოები

ცოტა დამსუსხავები

ძალიან ახლები და ამიტომაც, საინტერესოები.

ამ გზებზე უცხო ხალხის ნაკვალევია

და ის ბილიკები, რომელიც ოდესღაც ვიღაცამ გაკვალა

არასოდეს იცი, სად მიგიყვანს და რატომ

ანდა

სადაა ფანჩატურები

წყაროები

და რომელი მოსახვევის იქით დაგხვდება ოკეანე.

 

როდესაც მიდიხარ…

A პუნქტიდან B პუნქტამდე,

ერთი მიზნიდან მეორემდე,

ერთი აზრიდან მეორემდე,

ერთი სიტუაციიდან მეორემდე

ერთიდან

მეორემდე

გარდა 1-ს და 2-სა

არსებობს

1.5

2.7

1.8

და

ა.შ

და როცა სადმე მიდიხარ,

ტრანსპორტით, ფიქრებში გართული,

დანიშნულების ადგილას მისვლა

ძალიან გავს გამოღვიძებას

 

 

გურგენიანის ჩანჩქერი


გურგენიანის ჩანჩქერს ნინოსხევისასაც რატომ ეძახიანო ვიკითხე და, იმიტომ რომ ეს მდინარეა ნინოსხევი, და ნინოსი იმიტომ რომ დაღესტნიდან გამოქცეული ქართველი ბავშვი, ნინო დაიხრჩო.

გურგენიანის ჩანჩქერზე პირველად 2008 წელს ვიყავი. პოსტში მხოლოდ ფოტოებია, სადაც ჩანს ბლახები, ბევრი მწვანე, ტყის ბილიკი, ბევრი მდინარე და ჩანჩქერუკები. გზა მონიშნული არ იყო, მაგრამ ბილიკი კარგად ჩანდა. მახსოვს რომ კარგად ვიფოფხეთ, ვიფორთხეთ, დაბრკოლებები გადავლახეთ და ასე მივედით.

_DSC2437

ამ კვირას “დეკა მოგზაურობის” ივენთი მომხვდა თვალში, ხოდა ცოტა ფბ-ზეც გავიკითხე, ხიდებია გზადაგზაო, ფეხდაუსველებლად მიხვალო. განვეწყვე მსუბუქი ექსკურსიისთვის და წავედით.

გურგენიანი_1

პირველივე 50 მეტრის მერე მივხვდი, რომ სხვა გზით მივდიოდით, იმის მაგიერ რომ მარჯვენა მხრიდან, ნორმალური, გრილი, ჩრდილიანი ტყის ბილიკით წავსულიყავით, რიყეზე დავიწყეთ ბოდიალი.

_DSC2409

 

თაკარა მზე, გავარვარებული ქვები, არანაირი ხიდები. მიზეზი- ასე უფრო ახლოა, დროს მოვიგებთო.  (ეს მაშინ, როცა თბილისში 8-ზე მისულები 9-ზე ძლივს გამოვეტიეთ).

_DSC2411

ძალიან გავბრაზდი იმაზე, რომ ჯერ ერთი, გასაგებად ნათქვამი -ნამყოფი ვარ გზა ვიცი- ვერ გაიგეს და იძულებულები გაგვხადეს კუს ნაბიჯით გვევლო (ეს არ იყო ალპური გასვლა, სადაც ყველამ ყველაზე ნელის ტემპით უნდაიაროს) და მეორე – ორ გზას შორის უარესი აარჩიეს.

_DSC2420გზადაგზა რამოდენიმე ადგილას შევისვენეთ, სანამ უკანა ნელი სვლით მოძრავი ბატალიონი წამოგვეწეოდა. გადასაღებიც რომ არაფერი იყო, საკუთარი თავის ფოტოები გადავიღე. კარგად მივდიოდი, ამიტომ შუაგზაში ჩანთაც მოვიკიდე, დიდი არაფერი წონა არ ქონდა, მაგრამ ტესტ-დრაივი გამომივიდა. ოღონდ ბოლომდე ვერ ვატარე, ჩემმა მეგობარმა ვერ მოისვენა და უკან გამომართვა.

_DSC2425

ამასობაში ჩანჩქერს მივუახლოვდით. მიახლოებისას ან უნდა გატოპო, ან მარჯვენა მხარეს ზემოთ აძვრე  და ისე გახვიდე. ფოტოზე ჩანს, თუ კარგად დაკვირდებით.

_DSC2429

ზემოდან ლამაზი ხედები იშლებოდა ადრე, ამიტომ  ბილიკი მოვნახეთ და ჩანჩქერის ზემოთ ავუყევით. ბილიკი იოლია, უბრალოდ, უკიდეგანოდ დამრეცი და ერთ ადგილას ჩაშლილი, ამიტომ კაბებით, შლოპანცებით და მსგავსი რამეებით აძვრომას არ ვურჩევდი არავის.

_DSC2489

ჩანჩქერის ზემოთ ასასვლელი ბილიკი

_DSC2486

იგივე ბილიკი, სინამდვილეში ციცაბოა

ზემოდან ყოვლად საოცარი ხედი იშლება, სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ ადრე აქედან ბევრად უკეთესი ხედები იყო, დაიჯდებოდი და ფეხებს ჩანჩქერზეგადაკიდებდი,ახლა კი მხოლოდ ჩემი ფეხები და ქვემოთ ხალხი მოჩანს წერტილებად. სიმაღლის თუ ვინმეს ეშინია, ადრენალინი, ადრენალინი ევრივეარ.

_DSC2441

ჩანჩქერის ზემოთ მდინარე ბევრად უფრო სუფთაა და სასიამოვნოდ დაჩრდილული, ხალხის ხმები არ აღწევს, კოცონის ადგილიცაა, ბანაკისაც და 1-2 კილომეტრს თუ აუყვები, ალტერნატიული დასაბანაკებელიც უნდა იპოვო წესით. წყალი დასალევად ვარგისია.

_DSC2471

ზემოთ იყო კარქი. სუპერკარქი. ხოდა მერე რომ დავეშვით ჯგუფისთვის აღარ დაგვიცდია,  იმ მეორე გზის გადასახვევი ვერ ვიპოვე მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ჩემი მოთხოვნილი ხიდები ადგილზე დამხვდა და უკანა გზაზე ფეხიც კი არდამისველებია.

_DSC2508

_DSC2505

პ.ს. რჩევა ლაგოდეხის გურგენიანის ჩანჩქერზე წამსვლელებისთვის – შესასვლელში საქეიფოდ დაჯდომას ან მოერიდეთ, ან თუ მაინცადამაინც, ჯგუფად იყავით და არ დაიფანტოთ, არაადეკვატური აბორიგენები დარბიან.

პ.პ.ს. ჩემი ნაცნობი კარგი ორგანიზატორების ერთ-ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ მსგავს მთვრალაბორიგენულ თავყრილობებს ერიდებიან ხოლმე. ჭკუა ნასწავლია, მეტის ღირსი ვარ :დ

ავრანლო


2013 წლის რომელიღაცა აპრილს ჯიპზე დავჯექით და თბილისიდან გავედით.

ერთ-ერთი გაჩერება ავრანლო იყო, წალკის რაიონის სოფელი.

DSC_3380

 

როგორია ეს რაიონი?

სიცივე, გამჭოლი ქარი, გაფუჭებული გზები, ამის მიუხედავად, ბევრი-ბევრი დამუშავებული მიწები.

კიდევ…. ქვები, ლოდები, ტრიალ მინდვრებზე ამოსული სახლები, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან გასათბობად. მოსახლეობა, რომლის ქალებმაც იქაური ენის გარდა არცერთი ენა არ იციან (ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც მე ვნახე). ავრანლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი იყო. ყველაზე მოწესრიგებული, სუფთა და…. რაღაცნაირი, ჩუმი. აი მხოლოდ ძაღლის ყეფით რომ მიხვდები, რომ იქ სიცოცხლეც არსებობს.

DSC_3386

ეს სოფელი აქ მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული დგას, ან იქნებ უფრo ადრიდანაც. თავიდან თეზი ერქვა, მერე მეცხრამეტე საუკუნეში ოსმალეთიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა დაარქვეს ავრანლო. (წიკიპედიამ მითხრა ასე)

ავრანლოში ციკლოპური ციხეა. უკიდეგანოდ ძველი. მე, რასაკვირველია, გადაფოფხებa დამეზარა, ბევრი ხვეწნის მიუხედავად, ქვებზე ჩამოვჯექი და ბავშვების დაბრუნებას დაველოდე. აი, წერტილებად მოჩანან ციკლoპური ციხის ნანგრევებზე.

DSC_3397

მე ეჭვი მაქვს, რომ რამე ადეკვატური ასასვლელიც უნდა იყოს, ჩვენ მანქანა გავაჩერეთ და ეგრევე ლოდებიან აღმართს შევასკდით.

DSC_3395

ეს ქვემოთ მდინარე ქცია ჩანს. კარგად თუ დააკვირდებით, ხელმარცხნივ მწვანე მინდორზე ქალს დაინახავთ, რომელიც ბარავს. ის ყავისფერი ზოლი ჩემს იქ ყოფნისას დაბარა. რამოდენიმე ბელტს ამოატრიალებდა, მერე დადგებოდა, შუბლიდან ოფლს მოიწმენდდა, მიიხედ-მოიხედავდა და თავიდან იწყებდა ბართან ჭიდაობას.

DSC_3392

 

ესეც ჩემი სათვალთვალო ქვიდან გადვიღე. სოფელში გზა ორად იყოფოდა და მდინარის გასწვრივ აქეთ მიდიოდა. ალბათ მაგ ეკლესიასთან. საერთოდაც რაღაც ძალიან ბევრი ეკლესიები იყო ამ სოფელში, თან აშკარად ახალაშენებული.

DSC_3404

 

ქარი უბერავდა, უკიდეგანოდ. აი ქარგაუმტარ ტანსაცმელში რომ ატანს, ისეთი. აქ ჩემი ბათინკების იქით იდეაში ქცია და ციკლოპური ციხე უნდა ჩანდეს. მდინარის ხმა  ისეთი ხმამაღალი იყო, რომ არ დამეზარა და სიმღერა დავიწყე. მერე ეს ვიდეო გადავიღე და მერე ისინიც მოვიდნენ.

ჰხოდა მერე ვჭამე კიტრი, სუჯუხი, (პური აღარ იყო), მცირეოდენი კამათი გავმართეთ შოდასთან და დავიძარით. უკიდეგანოდ მინდოდა ფარავანი მენახა. ჰხოდა….. არ გამოვიდა, ღამდებოდა, ნისლი იყო და კიდევ სადღაც მიგვეჩქარებოდა, მაგრამ მაინც განახებთ

DSC_3415

 

 

მინდა


DSC_1703

ზღვაზე მინდა ვიყო, ადრიან დილით, მზე ანათებდეს, მე ვიწვე, ზღვას ვუყურებდე, ტალღებს ვუსმენდე და არაფერზე ვფიქრობდე,.

DSC_2213

თუშეთში მინდა ვიყო, ადრიანი დილა თენდებოდეს, ჰაერი იყოს ცინცხალი და ცივი, ჩემი მწვანე ჟაკეტი მეცვას, სალაშქრო ბათინკები და თბილი ელასტიკი, გაყინულ ხელებს და ცხვირს ყავის ჭიქაზე ვითბობდე და ხეობიდან აოსულ ნისლებს ვუყურებდე

tumblr_lnk96go2E91qhhdqno1_500_large

შემოდგომა მინდა იყოს, თბილი, მზიანი, ყვითელფოთლებიანი. სადმე სოფელში ვიყო, ხის აივანზე, მწიფე ყურძენს ვწყვეტდე ტალავერიდან, აივანზე ზაფრანა და სიმინდი შრებოდეს, პლედშემოხვეული და ფერადნასკებიანი, მშვიდად ვკითხულობდე ჯეინ ოსტინის რომელიმე რომანს.

DSC_0211

ბავშვი მინდა ვიყო, ალვანში, ზაფხულის არდადეგებზე მყოფი, ჭექაქუხილობდეს, კოკისპირულად წვიმდეს,  ძველის სახლის ხის აივნის ციცაბო კიბის ზედა, ყველაზე განიერ საფეხურზე ვიჯდე და ჰაერში წვიმისს სუნი იდგეს და გადაღებას სულმოუთქმელად ველოდებოდე.

IMG_4210

კოკისპირულად წვიმდეს, მე ფანჯრის განიერ რაფაზე ვიჯდე, ფანჯარა პტარა, მყუდრო ქუჩაზე გადიოდეს და ვაკვირდებოდე, როგორ წვიმს, როგორ მოდიან ნიაღვარები, როგორ დარბიან წვეთები მინაზე და გამვლელები ქუჩაში.

IMG_5929

მანდარინის ბაღი მინდა ვნახო, ხელში კალათა დავიჭირო და ბევრიბევრი მანდარინი დავკრიფო. არასოდეს  მინახავს მანდრინი ხეზე.

ამწუთას ესენი მინდა, მერე კიდევ მოვიფიქრებ

განახლებული კახეთი კიარადა თელავი


არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ გომბორზე ლამის ორ კვირში ერთხელ დავდივარ, თელავში წასასვლელად, ჰხოდა რაც ეს გზა გააკეთეს, და-ვი-სვე-ნე! ადრე გურჯაანის გავლით დავდიოდით, გზას ბევრად მეტი დრო მიქონდა, პლიუს საკმაოდ მოსაბეზრებელია, ერთი-ორი ადგილის გამოკლებით. რაც გომბორი გააკეთეს, აღარც ვყოფილვარ იქით. საათნახევარში (არც კი) უკვე თელავში ხარ, გზა ულამაზესია და თუ ძმას მივყავარ, გზადაგზა რამოდენიმეჯერ ვაჩერებინებ ხოლმე, ფოტოების გადასაღებად. ამ კონკრეტულ ფოტოზე ღრუბლების ზღვას გადავაწყდი.

DSC_9843

რჩევა: თუ პირველად მიდიხართ გომბორზე, ნელა იარეთ თუშეიძლება,  მკვეთრი მოსახვევებია, პლიუს ორგან თუ სამგან მეწყერული ზონები და შეიძლება მკვეთრ მოსახვევში შესულმა საჭე ვერ დაიმორჩილო.

ხოდა ეს ყველაფერი კარგი, და თურმე ის გზა, მე რომ ასე მიხაროდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ყოფილა გაკეთებული.

თელავის რეაბილიტაციაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებითაა გაკეთბული. ყველაზე ძალიან მე მაინც ნადიკვრის ახალი პროექტი მომწონს. მდელოზე დადგმული ქვის სკამებით, შუა ნადიკვარზე გაყვანილი მინიგვირაბით და რაც მთავარია, დამატებითი ტერასებით, სადაც საქანელები და გასართობი მოწყობილობებია ბავშვებისთვის. ატრაქციონების პარკი აქ ადრეც იყო, ახლა უკეთესია.

ეს ყველაფერი კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებშია გაკეთებული, რომლის მიზანიც კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ღვინის ტურიზმი (რთველი, მნა-მნა), სათავგადასავლო ტურიზმი (თუშეთი ჩემი სიყვარული) და კულტურული ტურიზმი (აუაუ, აუცილებლად უნდა ნახოთ განახლებული ნეკრესი). კახეთს უკვე საკუთარი ტურისტული ლინკიც აქვს http://www.kakheti.travel/ , ტურისტებისთვის საწირო ინფორმაციებით. და აი ასეთი ყოვლად საყვარელი ლოგოც აქვს.Picture1

ყველზე მეტად თელავის before-after ფოტოები მომეწონა

Picture2

რომელიღაცა სახლი რეაბილიტაციამდე

Picture3

და რეაბილიტაციის შემდეგ.

ავტობუსები, სავარაუდოდ მხოლოდ საფესტივალო დღეებში ივლის. ხო, ფესტივალიც იგეგმება, NEWნადიმი, 13-19 ოქტომბერს, ნადიკვარზე. სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ თათარა, მწვადები და მსგავსი გემრიელობებიც იქნება

პ.ს. სურვილი თუ გექნებათ წამოსვლის, ისნის მეტროდან გამოდის ტაქსები, 4 მგზავრი აყავს და თითოზე 10 ლარია მგზავრობის თანხა, მაქსიმუმ საათნახევარში აქ ხართ, უკანაც შეგიძლია შეუთანხმდე ჩასვლისას და სადაც ეტყვი იქ მოგაკითხავენ, თუნდაც დილის 6-7- საათზე, შეთანხმების მიხედვით. მარშუტკები ორთაჭალიდან გადის,  ფასი მგონი 8 ლარი, მგზავრობს დრო ოდნავ მეტი.

ავარია მოყინულ გზაზე 2013 ანუ 13


demotivational-posters-demotivating-posters-funny-posters-car-accident-insurance-insurance-agent-copy

 

თავგადასავლების მოყვარული მოგზაური და მობოდიალე თუ ხარ, ერთი  გემრიელი ავარია, რამის მოტეხვა/დაშავება და დაკარგვა კი უნდა გქონდეს მოსაყოლი.

ფაქტი

თვითონ ავარია დიდი ვერაფერი, მოვდიოდით ჩვენთვის ყინულით მოფენილ გზაზე, ფანტელებად თოვდა, და უცებ, სრულიად ცარიელ გზაზე, მძღოლმა ფეხი მუხრუჭს დაადგა და გავფრინდით კიარადა გავსრიალდით. როგორც თანამგზავრები ყვებოდნენ, გზის აქეთ-იქით არსებულ ხრამში უნდა გადავვარდნილიყავით და გადავკოტრიალებულიყავით, მაგრამ ამასობაში მანქანამ გამოიარა და იმას შევასკდით. კარგად გვაბურთავა, ერთმა ფეხი მოიტეხა, მეორემ მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო. დანარჩენებმა ნერვები დავხარჯეთ ცოტა და კიდევ ძალიან გავიყინეთ.

შეჯახება მარშუტკის კართან მოხდა,  სადაც ვიჯექი, იმის საპირისპირო მხარეს. მემგონი ძლიერად შევეჯახეთ, იმიტომ რომ ჩემს გვერდით მჯდომი სკამებსშუა სივრცეში ჩავარდა და კინაღამ კარიდან გადავარდა (თურმე), მე ზედ დავეცი, ორ  წამში წამოვხტი, დავაფიქსირე, როგორ ყვიროდა წინა სკამზე მჯდომი ბიჭი, რა სისწრაფით ჩარბოდა ყველა მარშუტკიდან (ანუ ყველა ცოცხალი იყო) და მერე ჩემი ფოტოაპარატი მოვიკითხე, რომელიც გვერდზე მჯდომმა იხსნა დაცემისგან, რბილად გაიჭედა მგზავრს და სავარძელს შორის.

 

ემოციები

მახსოვს, როგორ მივხვდი, რომ მართვა დაკარგა და თავისუფლად, უმისამართოდ მივსრიალებდით გზაზე, ხელი წინა სავარძლის საზურგეს მოვხვიე, დავგეგმე, რომ/თუ გადატრიალდებოდა როგორ უნდა მოვკუნტულიყავი, რომ მაქსიმალურად “მრგვალი” ვყოფილიყავი და ნაკლები მოტეხილობები მიმეღო (კისერს  მაინც მოიტეხდი ეგ არ გიშველიდა-ტიპის კომენტარებს არ ვართ), მარშუტკის რომელი კარ-ფანჯრიდან  ჯობდა გამოვმძვრალიყავი და მშვიდად გავიფიქრე, აი თურმე რას გრძნობენ ავარიაში მოყოლილი ადამიანები თქო. ანუ არაფერს. ყოვლად აუღელვებლად ელოდებიან მოვლენების განვითარებას და  აკვირდებიან, როგორ ეჯახებათ მეორე მანქანა. საინტერესო თავგადასავალი იყო, რომელიც მეორედ გამეორებას არ ვისურვებდი.

ყველაზე მთავარი

მაგრამ მთავარი ის კი არაა, რომ ავარია მოხდა, მთავარი ისაა, რომ წასვლის წინ მეტირებოდა, ისე არ მინდოდა წასვლა. ასე ძალიან არასოდეს არ მდომებია სახლში დარჩენა. მხოლოდ იმიტომ, რომ პირობა მქონდა მიცემული და სხვისი მეზიზღება გადამგდებობა, სულ ძალისძალათი ვემზადე წასასვლელად.

თან როცა სადმე “მარტო” მივდივარ, როგორც წესი, ყოველთვის მარშუტკის ცალკაციან სკამებზე ვზივარ ხოლმე. ხოდა, როცა ლამის ცხოვრებაში პირველად,  შენს საყვარელ ადგილას არ ჯდები ტრანსპორტში და სულ სხვა ადგილს იკავებ, რომელსაც ალბათ არასოდეს არ დაიკავებდი და ზუსტად იმ ადგილას ხდება დაჯახება, სადაც შენ ზიხარ ხოლმე 100 მგზავრობიდან 99.9 შემთხვევაში, ცოტა ისეთი შეგრძნებაა… რატომ დავჯექი ორადგილიან სკამზე, რომ მკითხო, პასუხი არ მაქვს. “ჩემს” ადგილას ვინც იჯდა, იმან კი მიიღო პატარა ტრავმა, თავი მიარტყა ძიერად (კიდევ ეგ მინდოდა?!)

ჭირი იქა, ლხინი აქა.

 

პ.ს. გადმოსვლისთანავე ავარიის რამდენიმე ფოტო გადავიღე, როგორც ფოტომანიაკმა, მაგრამ აქ ვერ დავდებ სამწუხაროდ, ვინმემ თავისი თავი რომ იპოვოს ან ოჯახის წევრი, რა ვქნა მერე : )))))

გზა – როგორც სახლი


გზა

როგორც სახლი

არსაფიქრელი წუთებისგან აწყობილი

ჭანჭიკ-ჭანჭიკ.

ადამიანების მოზაიკა

ჭრელა-ჭრულა და უზარ-მა-ზარი

  • მუსულმანი მასპინძელიდან
  • ქისტ მეგზურამდე
  • ლორიანი ლობიანები რომ დაგვიცხო, იმ რაჭველ ბებომდე
  • ჩემს ბიძაშვილამდე, თუშეთში მიმავლებს სახლი რომ დაგვითმო ალვანში
  • მეფუტკრემდე, ყავა რომ დაგვალევინა
  • მეცხვარემდე, წვიმაში რომ შეგვიფარა
  • საგადასახდო პოლიციის თანამშრომლამდე, გზა რომ გაიმრუდა, შემთხვევით გზაზე შემოხვედრილები მატარებლის სადგურამდე რომ მივეყვანეთ
  • ვოლგის მძღოლამდე, გასწრებულ მარშუტკას რომ დამაწია
  • იმ ადამიანებამდე, ტყიბულში ტაშს რომ გვიკრავდნენ
  • პოლიციელამდე, მობილურის დამტენისთვის სახლში რომ წავიდა
  • ტყეში დაკარგული რომ გვიპოვეს, იმ რეინჯერებამდე
  • მეცხვარეებამდე, თუშეთში დაკარგულებს გზა რომ გამოგვაგნებინეს
  • გრიგოლეთში წყაროს წყალს რომ “ვპარავდით”, იმ სახლის მეპატრონემდე
  • საქეიფოდ რომ გვეპატიჟებოდა, იმ რაჭველამდე
  • ჭარელების ოჯახამდე, რაჭაში ფეხნაღრძობთანამოლაშქრიანები რომ შეგვიფარეს სამი დღე
  • პოლიციელამდე, სათაფლიასთან საბანაკე ადგილი რომ მიგვასწავლა

გზა

როგორც სახლი

და მაინც

რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ერთ პატარა ნაჭუჭში ვარ მოქცეული, რომელსაც საქართველო ქვია, და რომელიც იქით რუგზაკით საბოდიალოდ გაღწევაზე ოცნებაც არ ღირს?!

დედამიწა

როგორც სახლი

ოდესმე.

ჩანთა ჩაალაგე, პერ


პირველი ლაშქრობა, სადაც დილით არც ცხელი ყავა დამილევია, არც მიჭამია. უბრალოდ, სულერთი იყო ალბათ

როცა ყველაფერი იმდენად სულერთია, რომ ანაბიოზში გადადიხარ.

-პერ, წადი რა, ჩანთა ჩაალაგე, ხომ იცი, ხვალ უნდა ირბინო წინ და უკან და რამე დაგრჩეს.

-მეზარება, რა მნიშვნელობა აქვს, იქნება გზაზე მაღაზია და ვიყიდი, რა.

-ჩაალაგე მეთქი.

-არა!

-და საერთოდაც მესამე ნაყინს ჭამ უკვე, სულ არ გრცხვენია? ტანსაცმელში ვეღარ ეტევი.

-ინხ, რა!!!

როცა უკვე სულერთია, სად იქნები, როდის იქნები, რატომ იქნები.

-პერ, წამო თუშეთში წავიდეთ, ნახე რა მაგარია, 5 დღე, ჩანთების თრევა არ მოგიწევს თან, გირევსაც ნახავ

-ხო, მერე რა? გზაზე გადავარდნის კიდევ ერთი შანსით მეტი მექნება, თან ეგენი უკვე ნანახი მაქვს. მეშინია სატვირთოსი და მაგ გზების, ხო იცი, მერამდენედ მეუბნები!

-სვანეთში წადი მაშინ, ხომ გინდოდა უშბა გენახა, გახსოვს ხათო როგორ ლაპარაკობდა უშბაზე?!

-ზღვაზე მინდა მე.

-ჰმ, როდის აქეთ შეგიყვარდა ზღვა?

-არ მიყვარს, უბრალოდ, მინდა ვიწვე, მზე მაცხუნებდეს და არაფერზე ვფიქრობდე.

-სულმთლად დაბერდი შენ

-ხო, ვიცი.

ან,  უბრალოდ,  უკვე თორმეტს გადასცდა და როგორც ნატოშა იტყოდა, თორმეტის მერე კარგი არაფერი ხდება.

-წადი რა, პერ, ხომ იცი, რომ მოგეწონება. თუ არ გინდა სულ არავის არ დაელაპარაკო, მერე რომ ვიღაცას მუდო ეგონები, მაინც ეგეთი გონიხარ და დროა დაკიდებაც ისწავლო რა. ნუ ხარ ეგეთი, ნუ. ბოლობოლო რამე საინტერესო ადგილის ფოტოს მაინც გადაიღებ, თუ სიცილი არ გეხალისება, მერე მოგეხალისება.

-კაი, ხო. ფოტოაპარატს წავიღებ და წავალ. მარა როგორც შენ ნახე ბოლო ლაშქრობის ფოტოები, ისე მე დავათვალიერე.

-და რას მილაგებ მერე საწყობში?

-ადრე გეტყოდი, რომ დავბერდები, მაშინ რომ ვნახო თქო და ახლა ეგეც აღარ ვიცი

-კაი, ხო, მიდი ჩანთას მიხედე.

დღეს 6-დან 10 საათამდე მეძინა. სულ მძინავს, როცა ეს შესაძლებელია. მზეზე ვზივარ და მძინავს. და კიდევ ვმუშაობ. როცა არ ვმუშაობ ფილმებს ვუყურებ, მზეზე ვზივარ და მძინავს.

წავალ ახლა მე, ჩანთას ჩავალაგებ

რამოდენიმე სურვილი პერწკლის ცხოვრებიდან


 

სახლი მინდა. პატარა სახლი, ტყის პირას, მწვანე ეზოთი, ხის სკამით კაკლის ხის ჩრდილში და ფოთლების ჭრელა-ჭრულა ჩრდილებით ბლახებზე. ეზოში გემრიელი ხეხილი რომ იზრდებოდეს და ზაფხულის ხვატში ჭრიჭინების ხმა ისმოდეს, ზამთარში კი დივანზე თბილად მოკეცილი ვუყურებდე, როგორ თოვს ფანჯრის მიღმა, ხვავრიელად.

რიწის ტბაზე მინდა ავიდე, კარავი გავშალო და ღამე იქ გავათიო

მთა-თუშეთში მინდა პაწუკა სახლი მქონდეს, სულ ერთი ოთახიც მეყოფოდა. სულერთია, რომელ სოფელში. თუ მაინცადამაინც, დიკლო მომეწონა ძალიან, სიამოვნებით დავსახლდებოდი.

მინდა ზურგჩანთა მოვიკიდო და სამოგზაუროდ წავიდე ქვეყნის გარეთ. ვნახო ყველა და ყველაფერი, საითაც გული გამიწევს, იქით წავიდე, იაფფასიან ჰოსტელებში, ალაგ-ალაგ კარვით, სენდვიჩებით ხელში და მხიარულად, ისე, როგორც მხოლოდ ახალგაზრდობაში შეგიძლია იარო. მარტო არ მინდა ოღონდ, მარტო ძალიან მოსაწყენია, სადაც არ უნდა იყო. ერთ, ორ ან მაქსიმუმ სამ ადამიანთან ერთად.

ჯომოლუნგმაზე მინდა ასვლა. ძალიან კარგგად ვიცი, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ჩემთვის, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ხოდა მეც ვოცნებობ. პ.ს. ვიცი, რომ ევერესტი ქვია, მე ჯომოლუნგმა მომწონს.