just, ყველაზე სოფლელი ბავშვი


-რა ხდება ახალი?

-რავი, არაფერი, ყველაფერი ძველებურად

გაგიკვირდებათ და ბავშვობაში ბუნებაზე, ბალახებზე და ხეებზე არ ვგიჟდებოდი, არც მწვანე ბალახზე წოლაზე ვოცნებობდი, არც მთები მიყვარდა, არც ტყე

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წელიწადში სამი თვის განმავლობაში:

  • დავძვრებოდი ყველა ხეზე, რომლებზეც ხელი/ფეხი მიმიწვდებოდა (უკიდურეს შემთხვევაში კიბის მიდგმაც მოსულა, თუ ხემდე მითრევა არ დაგვეზარება)
  • მეკიდა საქანელა კომშის ხის ქვეშ, ჟოლოს ბუჩქების გვერდით,  გოგრაბლის და ლეღვის ხეების ახლოს
  • მეზობელ ნაკვეთში მუხლამდე აყვავილებული ბალახი იზრდებოდა, ბევრჯერ ჩამძინებია შიგ ჩაწოლილს
  • მქონდა “სახლი” ნაკვეთის ბოლოში, რუს გვერდით არსებულ ხეზე (წიგნის საკითხავი, წამოსაწოლი და სათვალთვალო ტოტებით)
  • სახლიდან ას მეტრში იშოვებოდა ძალიან ციცაბო გორა და ტყე, სადაც სახლიდან გაპარული დავიარებოდი
  • ცოტა უფრო მოშორებით იყო წისქვილი, დაგუბებული წყლით, სადაც ვბანაობდი და ყოველდღე მქონდა წყლის ღარებში ჩავარდნის შანსი (ერთხელ კინაღამ ისა)
  • როცა “ახალი წყალი” დაწყდებოდა, მეზობლის “ძველი წყაროდან” ვედრებით მოვაკონწიალებდი
  • ვაცხობდი ტალახის კვერებს, ბალახით შეკმაზულს, სამშენებლოდ მოტანილ და მონარჩენ ქვიშაში ვაშენებდი ქალაქებს, ვაცხობდი კოცონზე ნამცხვრებს (ნამდვილს)
  • დავიპარებოდი მეზობლის ბაღებში მკვახე ვაშლებზე, ქლიავებზე და მჟავე ყურძენზე, ნუ, ალაგ-ალაგ სიმინდებზეც (სახლშიც მქონდა, მაგრამ მეზობლისა უფრო გემრიელია)
  • ვაგროვებდი კოლორადოს ხოჭოებს (ახლა ვერ ვხვდები, როგორ ვკიდებდი ხელს) და მერე ვიღებდი კიდევაც  კარტოფილს
  • ვკრეფდი ჯონჯოლს, ვაგროვებდი კვერცხებს
  • მოწველა არ ვისწავლე, დღემდე სიკვდილივით მეშინია ყველაფრის, რასაც ჩლიქები აქვს და წიხლის სროლა შეუძლია
  • ვჭამდი ყველანაირ ხილს, ოღონდ მკვახეს და მარილით, ერთხელ ინტერესის გამო ნედლი სიმინდიც კი გავსინჯე
  • და სხვა მრავალი

ყოველ ზაფხულს, სამი თვის განმავლობაში, ბებიაჩემის უბანში ყველაზე “სოფლელი” ბავშვი ვიყავი ხოლმე, გაჩეჩილი თმით, მტვრიანი ფეხებით, დალურჯებულ-დაკაწრული ხელ-ფეხით და დაბრაწული კანით.

დღემდე გულწრფელად მიკვირს, როგორ ინარჩუნებდნენ სოფელში ზაფხულობით ხელ-ფეხის იდეალურ სისუფთავეს და ნაზ თეთრ კანს ჩემი ყოფილი მეზობლები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მოწყენილობისგან ლამის სული გამეფრთხო, მიხარია, რომ ასეთი ბავშვობა მახსოვს და არა კომპიუტერს მიჯაჭვული.

მალე ბიცოლაჩემი ჩამოვა, შვილიშვილებს ჩამოიყვანს, მე ისევ წავალ სოფელში, ვესტუმრები, ბაღს შემოვურბენ სუნსულით, იქნებ რამე კბილის გასაკრავიც ვიპოვო.

პ.ს. მერე რა, რომ ამას ბოლომდე არავინ  წაიკითხავს, მე ხომ დავწერე.

Advertisements

საკუთარი თავის გადასარჩენად


პარასკევს, 15 ივლისს
ვიღებ ჩანთას და
მივდივარ
საკუთარ სახლში
როგორც სტუმარი და
კარზე დაკაკუნების მერიდება

არც ვიცი ვინ გამიღებს,
როგორ გამიღებს
გამიღებს კი საერთოდ?

თბილ, მზიან ამინდებს შემომთავაზებს
რბილ ბალახს დამიფენს
გზას დამილოცავს

თუ

სი იყავ, რად არ მოხველ ამდენ ხანს, მონა ხარი-ვ
მეტყვის
და
ცხვირწინ მომიჯახუნებს
წვიმებს და ცივ ამინდებს.

მივდივარ
დედულეთ-მამულეთის სანახავად,
რომელიც არასოდეს მინახავს,
სახლის-
რომელიც არასოდეს მქონია
და
მეს საპოვნელად.

ჩემი სოფელი


თქვენ ვერასოდეს ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს ჩემთვის წინაპრების საფლავებთან დაბრუნება.

სოფელი, რომელიც ბავშვობაში მოყოლილ ზღაპრებს გავს, გულის სიღრმეში გჯერა რომ სადღაც მართლა არსებობს ის სამყაროები, რაზეც გიყვებიან… ჩემი ნევერლანდია )))))

მივდივარ იქ, სადაც წესით მე უნდა დავბადებულიყავი, გავზრდილიყავი და სად მოვკვდებოდი ეგ კაცმა არ იცის, მარა მაინც… აქაურობა უნდა ყოფილიყო ჩემი სახლი და არა ის უსახლკარობა, რასაც ნაცრისფერ სკაში ერთი ოთახი ქვია

და ვინც მიხვდება, იმან ისედაც იცის, რომ ისა…

  • ერთი შეღრენვა ვალი მაქვს გადასახდელი,
  • ალუდი დასალევი
  • ქვა სანახავი
  • დეკა წამოსაღები

ვთქვა რომ გზის მეშინია?

ეს ნიშნავს რომ არაფერი არ ვთქვა,
იმიტომ რომ
მე ხომ ისედაც ემოციურგაუწონასწორებელშეფერთხილი ვარ და
იმ გზაზე სატვირთო მანქანით გავლა, სადაც ჩემი წინაპრების მინიმუმ 40%-ია დაღუპული,
ემოციების იმხელა თაიგულს მთავაზობს,
მეზობლებს რომ ეთხოვოთ ნერვული უჯრედები, მაინც არ გეყოფათ
ალფათ )))

და იმედი მაქვს
რომ უკან, თბილისში დავბრუნდები (თ)
(მადოლის ძალა და მადლი გვეწეოდეს…)

და მოვყვები
რა
სად
როგორ…

შემოიარეთ იმ კვირაში

პ.ს. ვინც არ იცით, მე თუში ვარ, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ თუშეთში, უბრალოდ, რაღაც, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პატარა ასაკში ასე მოხდა და დიდ ასაკში უკვე მე აღარ მინდოდა სხვის სახლში წასვლა 🙂
პ.პ.ს. ძალიან სოპლებიანი პოსტია, ვიცი 🙂
პ.პ.პ.ს. მართალია მე მტკიცედ მჯერა, რომ ხატის/სალოცავის გზაზე დამდგარ ადამიანებს არაფერი მოუვათ გზაში, მაგრამ, რომ რამე, ანდერძი ძალაშია.

Letter to someone I’ve drifted away from


მაიკო

არასოდეს არ მესმოდა შენი
არც ემოციების, არც საქციელის, არც ცხოვრების, არც იმის, რატომ იყავი ისეთი, როგორიც იყავი.
კარგი ბავშვი იყავი, უბრალოდ, იქაურობისთვის ზედმეტად თამამი იდეაში კი, სრულიად ნორმალური საშუალოსტატისტიკური თინეიჯერი.

თავის დროზე დედაჩემს და შენს შორის გავაკეთე არჩევანი,
მაშინ ვდარდობდი, ახლა აღარ.

როცა გავიზარდე, მივხვდი რომ დროთა განმავლობაში აღარაფერი მექნებოდა შენთან საერთო, გარდა ბავშვობის წლებისა, თამაშისა და იმისა, რომ იმ პერიოდში, იმ ადგილას და იმ ზაფხულებში ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა, გარდა ერთმანეთისა, და იმიტომ ვიყავით ერთად.

შენ რომ არა, მე არასოდეს

  • გამოვაცხობდი კოცონზე ნამცხვარს,
  • ვივლიდი წისქვილზე საბანაოდ
  • ვიჯდებოდი ვაშლის ხეზე და მივიღებდი “ზაგარს”
  • ვიწუწავებდი მზეზე გამთბარი წყლით
  • ჯერ დავიჭერდი და მერე დავასაფლავებდი ფუტკრებს და გავუფორმებდი საფლავებს (რა სადისტობა იყო ისე)
  • გადავიპარებოდი მეზობლის ბაღში ყურძნის მოსაპარად (არადა სახლში უკეთესები გვედგა)
  • გავსინჯავდი მკვახე სიმინდს
  • სასაფლაოზე სიარული მხოლოდ ბებიასთან ერთად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა

მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში დარჩი და აზრზე არ ვარ სად ხარ და როგორ ხარ, მაინც მიყვარხარ, აი ისე, ნათესავები რომ უყვართ ხოლმე, უპირობოდ, რაც არ უნდა ჩაიდინონ და როგორი უცხოებიც არ უნდა იყონ მაინც, ძველი დროის ხათრით.

თვალზეცრემლმომდგარი


წეღან ფეისბუქზე ხაჩიკამ დაწერა:

“ძველი დრო…. კრუსები სტერვები სლიპები ენფფერნლები ხესები… დაჟე ფოთოლიც… :)). ეჰჰჰ … ხო ვითამაშებთ ისევ ყველა?…..”

ხოდა შემომახსენდა ყველაფერი, ის გათენებული ღამეებიც, ნერვების წყვეტები, გაკეთებული თამაშები, სლიპების გუნდი, ენქაუნთერის ღამეული ბოდიალობები, დილის 4 საათზე ომენის ქარხნის ვერგავლილი ეტაპი და მანქანაში უძილობის კაიფში ჩაბჟირებები, თავსატეხებზე კისრის ტეხვა, ყველა თამაშის მერე ელდეპოში შესვლები, (ნეტა რას ფიქრობდა პერსონალი, 30+კაცი რომ შელაგდებოდა დილის 6 საათზე, ყველა ერთნაირად გასვრილ-გატიალებული) ყველაფერი-ყველაფერი გამახსენდა და მომენატრა, ლილოს თურქების(მუსულმანების) დასახლებაში რომ წავედით, საააააადღაც დასაკარგავშიც კი, დამტვრეულ ხიდზე…
დიდს ვერაფერს ვაკეთებდი მე იმ გუნდში, მაგრამ თამაში მომწონდა, პროცესი, აზარტი, ერთხელ ლისის ტბაზე რომ გადავედით ვაშლიჯვრიდან რამაგარი იყო :უსერ:
სამი წლის წინ დაიწყო თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი,აბსოლუტურად შემთხვევით მივეხეტე გარემოებათა გამო და ბოლოს გარემოებებისგან დამოუკიდებლად გავაგრძელე იქ თამაში.რომელიც ჩემთვის 1.5 წლის მერე დასრულდა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეტაპი იყო.
როგორც ვიცი, ახლაც თამაშობენ, ბევრი მათგანი სტრაიკსაც თამაშობს, რაღა ბევრი, ნახევარზე მეტი ჩემ დროს სტრაიკერი იყო, ძველ მონაწილეებს სახეზეც ვცნობ, ოღონდ ძირითადად ნიკებით, სახელები არ ვიცი, და ეჭვი მაქვს, ვინმეს თუ ვახსოვარ, არც იმათ იციან ჩემი ნამდვილი სახელი.(არცაა საჭირო, მაია და პერწკლი აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპაჟია).

ხოდა, უბრალოდ, მე მიყვარს ენქაუნთერი 🙂
პ.ს. არადა რა მწარე ღამეები მახსოვს, განსაკუთრებით ზამთარში, ყინვებში ბოტასებით რომ დავრბოდით იპოდრომზე. (თბილის ჩაცმა ვერ მოვიფიქრე და დასაბრუნებლად დრო და გარემოება არ იყო), რამდენჯერ სახლში მისულს ლოგინზე დაბერტყების თავიღა მქონია და რამდენჯერ მიფიქრია ერთი ამ კოდის დედაც თქო, როცა ვერ ვპოულობდით, მაააგრამ რომ ვიპოვიდი დ არშემჩნეული სახით ვითომცაქარაფერი სხვა რამეზე გადაგვქონდა ყურადღება…

პ.პ.ს. მიყვარს მე ისეთი მოგონებები, რომელიც იმწუთას მწარეა და მერე ტკბილად გახსენდება :ღვინისჭიქიანი სმაილი:

თუ მეტი გინდათ გაიგოთ ჩემზე და ენკაზე დაკლიკეთ ამეებზე
1. http://bunbunland.blogspot.com/2009/01/en.html
2. http://bunbunland.blogspot.com/2008/07/blog-post_216.html (ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მწარედ ნუ განსჯით )
3.http://bunbunland.blogspot.com/2008/06/blog-post_29.html (ღიმილ)

პ.ს. რუსული ჟარგონები არ შეიმჩნიოთ, ენკაში ძალიან ბევრი რუსულენოვანი იყო და შესაბამისად ჩემი იმპერიოდის ლექსიკონიც გამოტენილია რუსული სიტყვებით

თელავი


ამ შაბათკვირას წავედი თელავში, დედის და კატის მოსანახულებლად.
ესეიგი იმდენი ბროწეული ვჭამე, მთელი წლის მარაგი შევივსე.


ნადიკვარზე ვიპროწიალეთ მე და ბერომ.


მიაუ-აუ-ო მითხრა კატამ და ასე მიყურებდა რაც იქ ვიყავი, ეს თუ ფეხზე ვიდექი. თუ ვიჯექი ან ვიწექი, ზედ მეჯდა-მეწვა და კრუტუნებდა ტრაქტორივით.


ესეც ნადიკვარი.

ეს რაცხა საყვარელი სახლი ნადიკვართან. შარშან “აღმოვაჩინე” რატომღაც, მანამდე იმდენჯერ მაქვს არადა ჩავლილი მის გვერდით……


ხედი ნადიკვრიდან… აი ეგ სახლები რომ გამოაკლო და ალაზნის ველი ცოტა უკეთ გამოაჩინო, ზუსტი ხედი იქნება ჩემი სახლის ფანჯრიდან.


ჩემი კორპუსის ეზო. პირველმოსახლეები იყვნენ ჩემი მშობლები და სხვა მეზობლები და ერთობლივი ძალებით გააშენეს ბაღი, ეს ნაძვებიც სანერგიდან მოიტანეს თურმე, ტყის მიწა დაყარეს და ახლა ყველანაირი ხეხილია, ბროწეული, ბალი-ალუბალი, ატამი, ლეღვი, ალუჩა, ტყემალი, კომში, თხილი, ქლიავი, კაკალი… ჭერამიც იყო და გახმა 😦 პატარა რომ ვიყავი, მაგ ნაძვების წინ მახსოვს, ყვავილნარი იყო, ბეეეეეეეეევრი ნარცისებით და ფერადი ყვავილებით. ახლა აღარაა, ბევრი გადავიდა და მოსულებმა აღარ მოუარეს 😦

ესეც ეზოს შესასვლელი და ცაცხვის ძირი.
ლამაზი და სუფთა ქალაქია თელავი. მართლა სუფთაა, განსაკუთრებით ჭუჭყიანი და გამონაბოლქვიანი თბილისის მერე იგრძნობა, ჰაერშიც შემოდგომის სუნი დგას.
იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩემია და იქ გავიზარდე, საქართველოს ცოტაზე მეტ ქალაქში ვარ თუნდაც გავლით ნამყოფი ან ერთიორი დღე დარჩენილი და ასეთი მშვიდი და სუფთა ბორჯომი ვიცი მხოლოდ.

სიმინდი, დიდი ბებია, შალაფა და ბავშვობა ერთ ფლაკონში



ბიცოლაჩემის სიმინდის ყანა, სოფელში,შარშან.
რა ბედნიერი სახე მაქვს ლოლ, ნანდული სოფლის ჩასუქებული ვარიასავით გოგო ვარ 😀

ახლა სანამ ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე კიარადა სიმინდი იწვის, იდაგება და იხარშება, ნამ.

თურმე ეს გენიალური მცენარე ასე 8000 წლის წინ მოუშინაურებიათ მექსიკაში, რომელი მცენარისგან, ეს სხვა და გრძელი საკითხია, არც ისე საინტერესო, სამაგიეროდ საინტერესოა ის, რომ მაიას ტომის კალენდარი მთლიანად ამ მცენარის სასიცოცხლო ციკლზეა დაფუძნებული და საერთოდაც მეზოამერიკული კულტურების განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვის, იმიტომ, რომ მიწათმოქმედების მთავარი ობიექტი გახლდათ.

მეთხუთმეტე საუკუნეში კოლუმბმა პირველად ჩაიტანა ამ მცენარის თესლები ევროპაში ( თუნდაც ამის გამო ღირდა ამერიკის აღმოჩენა) და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც დაიწყეს მოშენება, შემდეგ, მეჩვიდმეტე საუკუნეში რუსეთშიც შემოვიდა და შედეგად, საქართველოში, დაბოლოს, 1990-იან წლებში ჩემემდეც მოაღწია იმ ინფორმაციამ, რომ არსებობს ისეთი გემრიელი რაღაც, როგორიცაა სიმინდი.

ბევრისთვის სიმინდი ალბათ ზღვასთან ასოცირდება, ჩემთვის კი სოფელში, ბებიაჩემისეული ძველ სახლში რომ ოთახი იყო, ცემეტის იატაკით და ბუხრით, იმ ოთახთან. პატარა ოთახი იყო, შიგ ერთი მაგიდა, ძველისძველი დამტვერილი კარადა და ხისგან გაკეთებული მასიური ოთხფეხა ტახტი ეტეოდა. ოთახის ბოლოში ბუხარი იყო მოწყობილი და ცემენტისგანვე ჩამოსხმული პრიმიტიული ჭურჭლის ნიჟარა, ყველაზე ნაკლებად კი გავდა ნიჟარას, მარა ფუნქცია კი ქონდა იგივე. ერთი ბეწო ფანჯარაზე გისოსი იყო დამაგრებული და კარი გასაღების მაგიერ ურდულით იკეტებოდა, ზედ კოდიანი ბოქლომი ედო. ამ ოთახში დიდი ბებია ცხოვრობდა, დედაჩემის ბებია ანუ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დაბადებამდე კაი ხნით ადრე მოკვდა, ასემგონია, რომ ვიცნობდი მოხუც ქალს, მუდმივად შავებში ჩაცმულს, რომელიც ბუხრის წინ ზის, მარტო, გვერდით კატა უწევს და ქინდას ქსოვს. თავშალი თვალებზე აქვს ჩამოფხატული და იქიდან ჭაღარა თმის ღერებია გამოჩრილი. შეშა ტკაცატკუცობს, კატა კრუტუნებს, ჯაჭვე ჩამოკიდებულ გამურულ ქვაბში რაღაც იხარშება.

ისეთი ზღაპრული იყო ბავშვობაში ეს პატარა ოთახი, იმდენი საინტერესო წვრილმანი ელაგა კარადაში და თან ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატო ერჩივნა ამ კედლებშელესილ ოთახში ცხოვრება მეორე სართჲლზე ორ მშვენიერ, მოხატულ ოთახს და უუუზარმაზარ აივანს. ისეთი აივანი მეტი აღარსად აღარ მინახავს, სულ ხის, ხისავე რიკულებით, იმსისქე მოაჯირით, რომ თავისუფლად ვეტეოდით ზედ მე და ჩემი წიგნი, მკვახე ვაშლი და მარილი. დარწმუნებული ვარ, სახლი რომ დაიშალოს, იმ აივნის ფიცრებს არაფერი მიუვა, იმდენად კარგი და მასიური ხისგანაა ნაკეთები.

ხო, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ ყოველ ზაფხულს სოფელში ვატარებდი,ხეხილიან-ყველაფრიან ეზოში,ხოდა სიმინდი რომ შემოვიდოდა, ბებია აიღებდა ზეძალიანსუსტ დენის პლიტას, ალბათ თქვენც გქონიათ, მრგვალი დასადები რომ აქვს და გაცხელების გარდა ყველაფერს აკეთებს, დადგავდა ზედ უზარმაზარ ქვაბს და მთეეეელი დღე უნდებოდა სიმინდი მოხარშვას. 13-14 წლამდე მეგონა, რომ სიმინდის მოხარშვას მართლა ამდენი დრო უნდა. მე კიდევ კბილებაკაწკაწებული, ყოველწუთას შევრბოდი, მივყნოს-მოვყნოსავდი არომატებს, ჩავიჭყიტებოდი ქვაბში და ბებიაჩემის შეძახილის ფონზე “აცალე გოგო რ იქნება ჯერ” გულდაწყვეტილი გამოვიდოდი და ურდულს გავაჩხაკუნებდი… და ასე, სანამ არ მოიხარშებოდა და ყველაზე დიდი და გემრიელი ტარო ჩემი არ გახდებოდა, რომ მარცვალ-მარცვალ ამეკენკა და გამომეზოგა რაც შეიძლებოდა დიდხანს. ახლაც ასეთი ჭამის მანერა მაქვს, სათითაო მარცვალს ვაწყვეტ, მარილს ვაყრი და ისე ვუშვებ პირისკენ.

ნედლი სიმინდიც მიჭამია, ჭყინტი ტაროები მოვკრიფეთ ერთხელ და პირდაპირ ვჭამეთ, გემრიელია, მოტკბო გემო დაკრავს და პირს ცოტა “ქლეშავს”. ანუ კარალიოკს რო აქვს რაღაც ეგეთი მოგდის, მარა ეს სასიამოვნოა. სოფელში სიმინდის ყანა გვქონდა ხოლმე ,ადრე ბებია თვითონ უვლიდა, მერე და მერე მეზობლებს აძლევდა “სანახევროზე”, ანუ ის ამუშავებს და შენ წლის ბოლოს 1/3-ს გაძლევს მოსავლის, ხოდა ისე მიყვარდა ეს ოხერი სიმინდი, ვიპარავდი ხოლმე დამიდიოდა მერე ბებიაჩემის ჩხუბი და ჩემი ” ხო რა იყო წავალ იმ კაცს/ქალს ფულს მივცემ, აბა უკან ხო არ მივაბამ და საერთოდაც ნუ გამოართმევ წლის ბოლოს სიმინდებს და ეგ იქნება!!”

შემწვარი სიმინდიც მიყვარდა, წელიწადში ერთხელ მქონდა მაგის ჭამის ბედნიერება, არაყს როცა ვხდიდით, დავკრიფავდით ხოლმე და ვტუცავდით ნაცარში, ისე ნეტა რატო არ მტკივდებოდა მუცელი, დაენახა დედაჩემს, რას ვჭამდი, საწყალი ალბათ გადაირეოდა, ექიმთან გამაქანებდა, მოიწამლა უშველეთო : ))

სიმინდი დაგიცეხვიათ? სავარაუდოდ არა….. შემოდგომაზე მოიტანენ და დაყრიან ბეეეეეეეეევრ სიმინდის ტაროებს გასაშრობად, ჩვენ დიდ აივანზე სულ მოფენილი იყო ხოლმე იატაკი და კოჭებამდე დავაბოტებდი და დავგორ-ძრომიალობდი ამ სიმინდებში (9-12 წლის ალბათ ),ბევრჯერ კისრის მოტეხვას ვარ გადარჩენილი, ძალიან ცურავს ერთმანეთზე, ჰმ. კარგად როცა გაშრებოდა, მოქონდათ საცეხველა. წარმოიდგინეთ სპორტულ დარბაზში რომ გრძელი სკამებია, იმას რომ დაუმაგრო ხორცსაკეპი მანქანა, ოღონდ ეს მანქანა როცხის დაკეპვის მაგიერ ტაროებს აცლის მარცვლებს და ნაქუჩალს ტოვებს. ხელის რამდენიმე მოქნევა, “ჩხრრრრრრრ” ხმა და ერთი ტარო გაცეხვილია.. და ასე ბოლომდე, სანამ ყველა არ გაიცეხვება და ფერად-ფერადი მარცვლებით არ მოიფინება იქაურობა. მმმმ, რა გემრიელია, ხელებს რო ამოურევ შიგ, მნამ. დიდებს ძალიანაც არ ეხალისებოდათ ხოლმე, ზატო მე და ჩემი მეზობელი გოგო ვხოცავდით ერთმანეთს, ვინ მეტს გაცეხვავდა.

სიმინთან დაკავშირებით ერთი ტრაგიკული ისტორიაც გადამხდა თავს, მოგეხსენებათ ძალიან წვერბასრა კიდეები აქვს ერთ სარეველას, სახელად შალაფას, იზრდება სიმინდებში და მოკლედ ერთ-ერთი დამალობანას თანაშის დროს კაი გემრიელად გამოვკარი ხელი და საჩვენებელი თითი გავიჭერი. ნუ კაი ,გავიჭერი, დავიკიდე, არც არავინ მომხედა, ვის რაში ადარდებს სოფელში შენი გაჭრილი თითი, შეგიხორცდება, არ მოკვდები, ხოდა სიკვდილი არა მარა ისეთი ანთება წავიდა, თბილისში გავუხდი წამოსაყვანი, ისე მტკიოდა, ვყვიროდი, კედლებზე დავსეირნობდი. მემგონი იმის მერე მეზიზღება შემწვარი ხახვი, თითზე მადებდნენ და… მოკლედ, მარცხენა ხელის საჩვენებული თითის ერთი სახსარი დღესაც არ მუშაობს : )))

თითები მეტკინა და ამასობაში მემგონი მოიხარშა კიდეც ,წავალ დავაყუმბარებ.
ბევრ, ნარჩევ და გემრიელ ტაროებს გისურვებთ, მომავალ პოსტამდე : )))

ფესვწერა კიარადა მთები


კიარადა

ესეიგი წუხელ ვნახე კარავზე თუშეთში ცხენებითო თემა და შემომახსენდა რომ

  • ბაბუაჩემი მთაში გაიყინა, პერევალზე, ჩაეძინა და ნამქერმა დაფარა, ნაბდით ჩამოასვენეს თურმე. ბავშვობაში პერევალი თოვლის ორმო მეგონა, მერე გავიგე უღელტეხილი ყოფილა.
  • დედაჩემმა მთაში მოიტეხა ფეხი, ხატი ახსენა აუგად და სიპზე დაცურდა აგრევე. მოიტეხაც აღარ ერქვა, სერიოზული ოპერაციები და ვარჯისები დაჭირდა მერე ასამოზრავებლად, მუხლი დაეფშვნა რასაც ქვია.
  • ნუ ხო კაი, ბიძაჩემი ჰაერში გახდა ცუდად მარა მაინც ხო მაღლა იყო.
  • ბებიას და პატარაობისას ხურჯინში ჩასმული რო მიყავდათ მთაში, ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა
  • მეორე ბებია წკიპზე გადარჩა ცხენმა აითრია და თავი არახუნებია კლდეებზე (აბადოკმა გადაარჩინა)
  • დანარჩენ ნათესავებსაც ექნებათ “ტკბილი” ისტორიები, უბრალოდ მე არ ვეკონტაქტები, მხოლოდ უახლოესი ნათესავების სიკვდილის მიზეზები ვიცი.

ოდა

რას მივეფხოტები ყველგან, დავეტიო სახლში

ნუ მეორე მხრივ თუშები რაჭაში ან კახეთში ხო არ ჩამოვადებონენ ამ ცხენებიდან და გაიყინებონენ ნამქერებში ჰხა?

და ყვეელაზე მაგარი და პრიკოლი, დედაჩემს და მის დეიდაშვილს წამოცდათ, როგორ დააჭენებდნენ ცხენებს და სოფელ-სოფელ დადიოდნენ უწვრილეს ბილიკებზე, ისე რომ ერთი ფეხი უფსკრულზე ქონდათ გადაკიდული. წამოცდათ რა, შემოახსენდათ და “ვაიმე ნეტა როგორ დავდიოდითო”

ჰმ, ეგენი მიშლიან აწი მე სადმე სიარულს?

პ.ს. ბებიაჩემის ძმამ მოაგროვა იქაური ლექსები, ხალხური, ერთია, დედა დასტირის ორ შვილს, მერე ბებიაჩემმა მომიყვა რა მოხდა.

ბებიაჩემის მოყოლილი საშინელი ისტორიები (1920-იან წლებშია დაბადებული)

  1. მაშინ ტრანსპორტი სად იყო და ხურჯინში სვამდნენ ბავშვებს, ერთს იქეთ, მეორეს აქეთ, გასაწონასწორებლად რამეს ჩაუდებდნენ და ჰაიდა… მთის ცხენს შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, ჯერ ფლოქვით მოსინჯავს, სად ადგავს და მერეღა დეყრდნობა, (მე პირადად ოდესმე მთაში გაზრდილ ცხენზე თუ მოვხვდი, საკუთარ თავზე და გამცილებელზე მეტად ცხენს მივენდობი) ხოდა მეწყერი ჩამოწვა უცებ და გადაიჩეხა ეს ცხენი დედის თვალწინ, ბავშვებიანად.ორი ბიჭი ყავდათ სულ.
  2. ამ ისტორიას თვითონ შეესწრო. მთაში მიდიოდნენ ბევრნი, ერთი ბავშვიანი ქალიც ერია, ღამე ცუდად გამხდარა ეს ბავსვი, სულ ტიროდა, გამუდმებით, მერე გაჩუმდაო და დილას ამ გოგოს კივილმა გააღვიძათ, ბავშვი გალურჯებული იყო, მკვდარი. სოფელში ვინღა დააბრუნებდა, ატარეს ეს ბავშვი მკვდარი და იქვე დაასაფლავეს, დასაფლავებაზე არ გმოჩენილა, ბებიაჩემი წასულა და მარანში მიაგნო, დამალული იყო და მონოტონურად ბუტბუტებდა ჩემი შვილი მოვკალიო. (არადა სავარაუდოდ რამე დაავადება ჭირდა და ვერ გაუძლო გზას)

ახლაც არ ვიცი რას მერჩოდა 7-8 წლის ბავშვს, მარა ისე მწარედ მახსოვს და მაშინ ისე ცხადად წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ზის ის დედა ფარდულის კუთხეში და აქეთ-იქეთ ირწევა…

ნუ, მოეყოლა რამე ლამაზი და კარგი, არაა, მაინცადამაინც ეს საშინელი ისტორიები.

ან მე რას გერჩით ნეტა, რომ გიყვებით : ))

ჩემი მეგობარი


ორი დღეა ჩემთან ცხოვრობს, დილაზე ერთად ვიღვიძებთ, საჭმლის საჭმელად მივბანდალებთ, მთელი დღე წიგნებში თავჩარგულები ვსხედვართ, საღამოს ვბოდიალობთ, და წეღან მაღაზიაში იმდენი ვარჩიეთ ლობიოსთვის რა მწვანილები უნდა გვექნა, კაცი გამყიდველებიც კი ჩავითრიეთ დისკუსიაში.
მიყუარს.
დედამისის მუცელში რომ იჯდა გოგო დაიბადება თქო და მართლაც დაიბადა და მის მერე ვიცნობ, ფაქტიურად მაშინ გავიცანი როცა არც კი არსებობდა, ლოლ.
კიდე ბევრს ვილაქლაქებდი მარა მცხელა ძალიან 😦

ბავშვის საფლავი


ხუთი თვის მოკვდა, თარიღებს თავადაც ხედავთ. სავარაუდოდ ნათესავად მეკუთვნის დედის მხრიდან. წითელი კვერცხი გავუგორე, სანთელი ავუნთე და ქარისგან ვიცავდი სანამ ჩაიწვებოდა. ხო, პირჯვარიც გადავიწერე, მერე სურათს მტვერი გადავწმინდე და წამოვედი.

ბავშვობაში ბებიას დავყავდი სასაფლაოზე და სანამ ის რაღაცეებს აკეთებდა, მე საფლავებს ვათვალიერებდი, იქიდან მახსოვდა ეს საფლავი და ამდენი წლის მერე რომ მივაგენი, გამიხარდა. სიპის ქვებისგან გაკეთებულ კედელშია ოთხი ნიშა, ბავშვი, 2 წელში ქალი და რამდენიმე წლის მერე კაცია გარდაცვლილი. კიდევ ბებია ყავთ. სასაფლაო ტყეშია, ზოგი საფლავი გაბურდულია,მაგრამ ეს მგონი მოვლილია, ბავშვობისასა როგორიც მახსოვს ზუსტად ისეთი.

ნეტა ვინ იყვნენ…

დედაჩემს არ ახსოვს.

უსათაუროდ


ზაფხულში მუხლამდე ყვავილებიან მინდორში რომ შეხვალ და გულაღმა დაწვები, გრძნობ როგორ გეღვრება მზე სხეულში.
სიცხით გათანგული მწერების ბზუალი და გათელილი ბალახის და მიწის სურნელი, ერთმანეთში არეული.
მოჭუტული თვალებიდან წამწამებს მიღმა დანახული ლურჯი და ღრუბლები, რომლების მუდმივად სადღაც მიიჩქარიან ზაფხულობით.
სოფელში, შუადღის ბუღს გამოქცეული ფეხშიშველა რომ გახვალ ბოსტანში, სიმინდის კვლებში ლობიოს და გოგრებს შორის ალაგ-ალაგ გაბნეულ კიტრის ხვიარებში რის ვაი-ვაგლახით რომ იპოვი სამიოდ პაწუკა, ხორკლიან კიტრს, მიწას გააცლი, მერე პამიდორებს მოწყვეტავ, დაჯდები რუვის პირას, თხილის და ვაშლის ხების ჩრდილში, რუვთან მუდმივად გრილა, ფეხებს ააჭყაპუნებ და ჯერ ისევ თბილ და მოტკბო პამიდორს გაკბეჩ, სპეციფიკური სუნი რომ ასდის ფოთლის.

არ მშურს იმ ადამიანების ვისაც ბავშვობაში ზაფხულები სოფელში არ გაუტარებიათ, ფეხშიშველებს არ ურბენიათ, ხეებზე არ უძრომიალიათ და ნამდვილი სოფლის ბავშვივით არ უცხოვრიათ. ზაფხულობით ყოველ წელს სოფელში მგზავნიდნენ ბებიასთან, იმას სულ არ ედარდებოდა დედაჩემის ბავშვის ბამბაში შეფუთვნის მეთოდიკა და მათოხნიებდა, კოლორადოს ხოჭოებს მაკრეფინებდა, კარტოფილიც ამომიღია და ხორბალიც გამირეცხავს. სიმინდიც დამიცეხვია. ტურტლიანი ფეხებით წყაროზე მირბენია და საერთოდაც იქაურებისგან თუ არ გავირჩეოდი, იმათზე ნაკლები ნამდვილად არ ვიყავი.

მაშინ გული მწყდებოდა რას მერჩიან თქო და ახლა მიხარია, რომ ასეთი “სოფლური” ზფხულები მქონდა.

საიდან გამახსენდა არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ ,რომ აღდგომებზე სოფელში უნდა ჩავიდეთ და საფლავებზე გავიდეთ,ბიცოლასთან მივდივართ, მერე რა რომ იქ ისე ვარ როგორც საკუთარ სახლში, იქ კი სადაც ჩემი წინაპრები ასაფლავია, ჩემი სახლი აღარ დგას. არადა ვერ ვიტანდი იქ ყოფნას, რაც წამოვიზარდე, ჩასვლისთანავე გამოქცევაზე ვიყავი, იმდენად არ მომწონდა მეზობლური სიტუაცია, ახლა კი ვნანობ, ერთი მაინც დაგვეტოვებინა…

ოდესმე ფული თუ მექნა, აუცილებლად ვიყიდი რომელიმე მივარდნილ სოფელში პატარა სახლს.