სახლი, რომელიც მიატოვეს


უცნაური ვინმეები არიან სახლები –

ეს ბეტონის, ხის და ლითონის გროვები,

სულის, ხასიათის და ემოციების გარეშე

როგორ საჭიროებენ ადამიანებს, რომლებიც მათში იცხოვრებენ.

დგანან და უსიტყვოდ ელოდებიან ადამიანებს

ვინმეებს

რომლებიც მოვლენ, გააღებენ კარებებს, დაანთებენ ბუხარს, შემოუსხდებიან და იკამათებენ,

იჭორავებენ, იჭუკჭუეკებენ, ეყვარებათ, გაუხარდებათ და დაედარდებათ…

იყო და არა იყო რა , იყო ერთი სახლი

სადღაც, იქ, საქართველოში.

რომელიღაც სოფელში

გზის პირას

აბიბინებული ეზოთი, გაქუცული ალუბლის ხით და

ყავლგასული ღობით

ჩამსხვრეული ფანჯრებით

გაუნიავებლობისთვის გაწირული ლეიბებით,

მტვერდადებული ავეჯით

ალბათ რა რუდუნებით ნაგროვებით

ატკეცილი, გაბზარული, საკუთარგზასდამდგარი საღებავებით

იდგა სახლი მოწყენილი და ღიად დარჩენილი კარებებით ამაოდ ელოდა ადამიანებს

რომლებიც მოვლენ

Advertisements

თორი, ბებია, აივანი, წინდა


ყველაფერი გავლადია

გავლადობაც გავლადია.

სულ

ყველაფერი

როცა

სულ-

ერთია,

ვიღებ ზურგჩანთას და

მივემგზავრები იქით, საითაც შემთხვევა წამიღებს.

შემთხვევითი ადამიანები შემთხვევით სიტუაციებში

შემთხვევით შეფეთებული ადგილებით, ხედებით, ემოციებით, ხასიათებით, ბზიკებით, წიკებით, ჩვევებით…

ადამიანები — თაროებზე

 

ადამიანები- რომლებსაც ალბათ აღარასოდეს ვნახავ

და

მაინც

 

“ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ”

“გაიხარე, ჩემო გოგო”

200 წლის სახლი სოფელ თორში

და

ბებია, რომელიც წინდას ქსოვდა აივანზე.
მომენტები

სულერთია-დან სულერთია-მდე

 

ჯუსტ

 

 

რამოდენიმე სურვილი პერწკლის ცხოვრებიდან


 

სახლი მინდა. პატარა სახლი, ტყის პირას, მწვანე ეზოთი, ხის სკამით კაკლის ხის ჩრდილში და ფოთლების ჭრელა-ჭრულა ჩრდილებით ბლახებზე. ეზოში გემრიელი ხეხილი რომ იზრდებოდეს და ზაფხულის ხვატში ჭრიჭინების ხმა ისმოდეს, ზამთარში კი დივანზე თბილად მოკეცილი ვუყურებდე, როგორ თოვს ფანჯრის მიღმა, ხვავრიელად.

რიწის ტბაზე მინდა ავიდე, კარავი გავშალო და ღამე იქ გავათიო

მთა-თუშეთში მინდა პაწუკა სახლი მქონდეს, სულ ერთი ოთახიც მეყოფოდა. სულერთია, რომელ სოფელში. თუ მაინცადამაინც, დიკლო მომეწონა ძალიან, სიამოვნებით დავსახლდებოდი.

მინდა ზურგჩანთა მოვიკიდო და სამოგზაუროდ წავიდე ქვეყნის გარეთ. ვნახო ყველა და ყველაფერი, საითაც გული გამიწევს, იქით წავიდე, იაფფასიან ჰოსტელებში, ალაგ-ალაგ კარვით, სენდვიჩებით ხელში და მხიარულად, ისე, როგორც მხოლოდ ახალგაზრდობაში შეგიძლია იარო. მარტო არ მინდა ოღონდ, მარტო ძალიან მოსაწყენია, სადაც არ უნდა იყო. ერთ, ორ ან მაქსიმუმ სამ ადამიანთან ერთად.

ჯომოლუნგმაზე მინდა ასვლა. ძალიან კარგგად ვიცი, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ჩემთვის, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ხოდა მეც ვოცნებობ. პ.ს. ვიცი, რომ ევერესტი ქვია, მე ჯომოლუნგმა მომწონს.

 

 

just, ყველაზე სოფლელი ბავშვი


-რა ხდება ახალი?

-რავი, არაფერი, ყველაფერი ძველებურად

გაგიკვირდებათ და ბავშვობაში ბუნებაზე, ბალახებზე და ხეებზე არ ვგიჟდებოდი, არც მწვანე ბალახზე წოლაზე ვოცნებობდი, არც მთები მიყვარდა, არც ტყე

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წელიწადში სამი თვის განმავლობაში:

  • დავძვრებოდი ყველა ხეზე, რომლებზეც ხელი/ფეხი მიმიწვდებოდა (უკიდურეს შემთხვევაში კიბის მიდგმაც მოსულა, თუ ხემდე მითრევა არ დაგვეზარება)
  • მეკიდა საქანელა კომშის ხის ქვეშ, ჟოლოს ბუჩქების გვერდით,  გოგრაბლის და ლეღვის ხეების ახლოს
  • მეზობელ ნაკვეთში მუხლამდე აყვავილებული ბალახი იზრდებოდა, ბევრჯერ ჩამძინებია შიგ ჩაწოლილს
  • მქონდა “სახლი” ნაკვეთის ბოლოში, რუს გვერდით არსებულ ხეზე (წიგნის საკითხავი, წამოსაწოლი და სათვალთვალო ტოტებით)
  • სახლიდან ას მეტრში იშოვებოდა ძალიან ციცაბო გორა და ტყე, სადაც სახლიდან გაპარული დავიარებოდი
  • ცოტა უფრო მოშორებით იყო წისქვილი, დაგუბებული წყლით, სადაც ვბანაობდი და ყოველდღე მქონდა წყლის ღარებში ჩავარდნის შანსი (ერთხელ კინაღამ ისა)
  • როცა “ახალი წყალი” დაწყდებოდა, მეზობლის “ძველი წყაროდან” ვედრებით მოვაკონწიალებდი
  • ვაცხობდი ტალახის კვერებს, ბალახით შეკმაზულს, სამშენებლოდ მოტანილ და მონარჩენ ქვიშაში ვაშენებდი ქალაქებს, ვაცხობდი კოცონზე ნამცხვრებს (ნამდვილს)
  • დავიპარებოდი მეზობლის ბაღებში მკვახე ვაშლებზე, ქლიავებზე და მჟავე ყურძენზე, ნუ, ალაგ-ალაგ სიმინდებზეც (სახლშიც მქონდა, მაგრამ მეზობლისა უფრო გემრიელია)
  • ვაგროვებდი კოლორადოს ხოჭოებს (ახლა ვერ ვხვდები, როგორ ვკიდებდი ხელს) და მერე ვიღებდი კიდევაც  კარტოფილს
  • ვკრეფდი ჯონჯოლს, ვაგროვებდი კვერცხებს
  • მოწველა არ ვისწავლე, დღემდე სიკვდილივით მეშინია ყველაფრის, რასაც ჩლიქები აქვს და წიხლის სროლა შეუძლია
  • ვჭამდი ყველანაირ ხილს, ოღონდ მკვახეს და მარილით, ერთხელ ინტერესის გამო ნედლი სიმინდიც კი გავსინჯე
  • და სხვა მრავალი

ყოველ ზაფხულს, სამი თვის განმავლობაში, ბებიაჩემის უბანში ყველაზე “სოფლელი” ბავშვი ვიყავი ხოლმე, გაჩეჩილი თმით, მტვრიანი ფეხებით, დალურჯებულ-დაკაწრული ხელ-ფეხით და დაბრაწული კანით.

დღემდე გულწრფელად მიკვირს, როგორ ინარჩუნებდნენ სოფელში ზაფხულობით ხელ-ფეხის იდეალურ სისუფთავეს და ნაზ თეთრ კანს ჩემი ყოფილი მეზობლები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მოწყენილობისგან ლამის სული გამეფრთხო, მიხარია, რომ ასეთი ბავშვობა მახსოვს და არა კომპიუტერს მიჯაჭვული.

მალე ბიცოლაჩემი ჩამოვა, შვილიშვილებს ჩამოიყვანს, მე ისევ წავალ სოფელში, ვესტუმრები, ბაღს შემოვურბენ სუნსულით, იქნებ რამე კბილის გასაკრავიც ვიპოვო.

პ.ს. მერე რა, რომ ამას ბოლომდე არავინ  წაიკითხავს, მე ხომ დავწერე.

შატილი და ჭიქა ყავა


 

შატილის ფართოდ ცნობილი ამ ხედის გარდა

კიდევ ასეთი ხედიც არსებობს.

არაფერი განსაკუთრებული, ხომ?

სახლებს შიგნითაც დიდი ვერაფერი, შესასვლელი, რამოდენიმე ოთახი და კისრისმოსატეხი კიბე, რომელიც ერთი შეხედვით სარდაფში ჩადის.

ეს  უფერული, ერთსართულიანი და უღიმღამო სახლები სინამდვილეში ორსართულიანია, ორი დიდი აივნით და ულამაზესი ხედებით, რომელსაც  ამ ძალიან უხარისხო სურათში ჩემი ჭიქა და ვაშლის ხის ტოტი ფარავს.


ჩემი საზომებით სისხამი დილაა, ასე 7-8 საათი, “სარდაფის” საძინებელი ოთახიდან ახალი ამობობღებული ვარ, სახლის მეპატრონის სამზარეულო შტურმით მაქვს აღებული და ყავა მომზადებული. ცალ ხელში ბუტერბროდი მიჭირავს, მდნარი ყველის და ხლებცის კომბინაციით.

ჩემს ზურგსუკან ზურგჩანთებს ალაგებენ, სამზარეულოში ვიღაც უცნობები საუზმობენ (იმედია ჩემს ყველსაც გაათავებენ, უკან ჩაბარგება მეზარება), სახლის პატრონს ჯერ კიდევ ღრმად ძინავს ან არ იმჩნევს, რომ გაეღვიძა, ვიღაც ღამისთევის თანხებს აგროვებს, სკოლასთან დაბანაკეულ კარვებში ალბათ უკვე გაიღვიძეს და კარვებს კეცავენ.

მე ჩემს მწვანე ქურთუკში ვარ გახვეული, ჰაერი სუსხიანია და ისეთი ცინცხალი, მხოლოდ მთაში რომ იცის, ცხვირს ყავის არომატზე ვითბობ და წინასწარ მიხარია მუცო და ანატორელები.

ჩემ შინ


ჩემ შინ მოსასვლელი გზები ძალიან შორია, ლამაზი და სასტიკი.ანდამატივითაა ჩემს შინ მისასვლელი გზები,  იწირავს და ნთქავს ადამიანებს, ისინი კი მაინც დგებიან, ჯალაბ-ჯულაბით, ხაბაკ-ხუბაკით, დედაწულიანად, აიყრებიან და მიდიან თავ-თავის შინ, ვინ ფარსმას, ვინ გირევს, ვინ დართლოს, ვინაც წოვათას. კიდევ ერთხელ აახმაურებენ სოფლებს, შეასწორებენ სახურავზე დაცურებულ სიპის ქვებს და დაიწყება ზაფხული, ნამდვილი.

თუშეთის გზაზე

თუშეთის გზაზე

შემ შინ ღრუბლებზე მაღლაა, იქ მოსახვედრად ჯერ უფსკრულების კიდეზე უნდა გაიარო, მერე ნისლებში დასველდე, ბარის მტვერი ჩამოიფერთხო, სახიფათო მოსახვევებში ღრმად ჩაისუნთქო და სუნთქვა შეიკავო, ბევრი, ძალიან ბევრი საათი იარო სისხამ დილას გასულმა, სანამ პირველ სამოსახლოებს დაინახავდე.

ჩემ შინ მიმავალი ყველა მძღოლი თითო ჭიქა არაყს აუცილებლად გადაკრავს მგზავრობის წინ, გზადაგზა წყაროსთანაც შეგასვენებს და იქაც მოგაწოდებს სასმელს.

ჩემ შინ არყის ხის ტყეებია, შრიალა,თეთრპირისკანა და უკაცურ ადგილას ამოსული, მარტო გზააბნეული რომ გადააწყდები.

IMG_0224

ჩემ შინ  წარმართი ქრისტიანები ცხოვრობენ, ხატებს საკლავებს რომ უკლავენ და ეკლესიაში მანდილით შედიან.

ჩემ შინ” ყველა წმინდა სალოცავის ძალი და მადლი გვეწეოდესო”, ასე ამბობენ და აუცილებლად სვამენ “ცოდვილა-უპატრონოების” სადღეგრძელოს.

DSC_2213

ჩემ შინ ყველაზე გემრიელი ქონდარი იზრდება. ერთ ჭიქას ორი ასეთი ყვავილი ყოფნის იმისათვის, რომ ბარად ჩასულმა ისევ ჩემ შინ ვიგრძნო თავი.

 

ჩემ შინ ყველაზე გემრიელი ხინკლები და კოტრები კეთდება, ალუდი იხარშება და თუ კარგად მოიქცევი, შეიძლება ქუმელსაც გაუსინჯო გემო.

ჩემ შინ მთა-თუშეთშია. მთა-თუშეთი ჩემი სახლია. ჩემ შინ კი თუშურად ჩემს სახლს ნიშნავს.

კრეტინი მეზობლები სახლში


არ მიყვარს სახლში ჩასვლა, უფრო სწორად, იმ ბინაში, სადაც გავიზარდე.
იმ ეზოში, მთელი კორპუსი რომ ვუვლიდით და ნამდვილი ბატარა ბაღი იყო თავისი ნაძვებით, ხეხილით და ყვავილნარით, ტალავერზე აშვებული ვაზით და იასამნებით, ახლა საბომჟეთია, ყველგან ნაგავი ყრია, ხეებს აღარავინ უვლის და აღარც ბავშვები თამაშობენ, სხედან 2-3-4-5 კლასელები და მშობლების მიბაძვით “სემიჩკას” იპურჭყებიან.
ის ბავშვები, ვისთან ერთადაც მე ვთამაშობდი და ეზოს ვუვლიდი, გაიზარდნენ და ჩემსავით დაიფანტნენ აქეთ-იქით, ვინც დარჩა, არ ვიცი ეთაკილება, არ ვიცი არ ადარდებს, მისი შვილი ნაგავში ითამაშებს თუ ბალახში…
თავის დროზე ჩვენმა მამებმა ტყის მიწა მოიტანეს, სანერგეები შეაწრიალეს, ტყიდან ნაძვები და ფიჭვები მოზიდეს, სამშენებლო ნაგავი გაზიდეს, შემოღობეს, რომ ბავშვები არსად დავკარგულიყავით და ჭიშკარი ჩამოკიდეს. ერთადერთი, ცემენტი ვერ დაასხეს შემოსასვლელში, რაიკომმა (თუ ვინც იყო მაშინ უფროსი) არ დართოთ ნება.

ახლა პირველსართულელი თამარა ბებო აღარ არის, აღარ არის არც მისი ხელით დარგული და გამოზრდილი ადესა ყურძენი, იები და ენძელები, ჰიაცინტები. რა გადაუარეს ამისთანა, ერთიც არ ამოსულა!
ვერ ვიტან ჩემს ახალ მეზობლებს, სოფლიდან ჩამოსულებს, იმის მაგიერ რომ “ქალაქელების” გაკეთებულისთვის მოევლოთ, უდაბნოს დაამსგავსეს! ჯანდაბას, ნუ გააკეთებდნენ, რაღატო აფუჭებენ! ბორჯომის ბლასმასის ბოთლების და ოლვეისების გადმოყრა ხო ეხერხებათ ფანჯრიდან!
პირველი მსგავსი მახათი ოჯახი რომ გადმოგვივიდა, იმდენი ვქენით მეზობლებმა, ადგნენ და გადავიდნენ, ვერ აიტანეს ათვალწუნებული მზერები… გაკეთებას ხო არავინ თხოვთ, ნუ აფუჭებენ რა! ის ხო კაია, ყოველსაღამოს ნაძვების ქვეშ რომ სხედან და ლეღვი მწიფს იმდენი, ხეზე ჩიტები ქეიფობენ ხოლმე და ადამიანებსაც რჩებათ, ალუჩაზე და ტყემალზე ხმას აღარ ვიღებ, არც ბროწეულზე და თითა ყურძენზე, დგანან, ამტვრევენ ტოტებს, ანაგვიანებენ, მოკლედ, ღორები! მეზიზღებიან!

აღარ მიხარია სახლში ჩასვლა, ეს ჩემი სახლი აღარაა, იქ აღარც თამარა ბებოა, აღარც გორგიშელი, კარის მეზობლად აღარ ცხოვრობს მედიკო დეიდა და აღარც კორპუსის სახურავზე ასასვლელი კიბეა ადგილზე.
აღარ მოაქვთ სურნელოვანი შეშის მორები, დედა ვეღარ ანთებს შეშის ღუმელს, ქვემოთა შიზოფრენიკი მეზობელი პოლიციაშჳ უჩივის, ხანძარი გამიჩნდებაო (ნეტა მაცოდინა,როგორ?).
სადარბაზოს სუნიც კი შეიცვალა, ჩემი ბინისაც, ასე მგონია, უცხო ადგილას ჩავდივარ და ყოველ ჯერზე თავიდან ვეგუები იქაურობას.

აწი აღარ გავაპროტესტებ, ამის გაყიდვას და სადმე გადასვლას თუ გადაწყვეტს, რაც მიყვარდა, ყველაფერი მოსპეს ველურმა გაუზრდელმა ღორებმა!

გადაჭრილი ფესვები




მეორე სახლიც გავყიდეთ სოფელში, მხოლოდ პირადი ნივთები გამოვიტანეთ და დავტოვეთ. საბოლოოდ გადავჭერით ყველანაირი ფესვები რაც წინაპრებთან გვაკავშირებდა. ბაბუის მამის ან მისი ბაბუის აშენებული სახლი, რომელიც ისეთი ძველი იყო რომ ყველა ბზარიდან ჭიები მოძვრებოდნენ და ჭერი ჩამონგრევით იმუქრებოდა. სამაგიეროდ შიგ 40 გრადუსანი სიცხის დროსაც კი გრილოდა და ღამე საბნებით გვეძინა. თითქმის ყველა ზაფხული აქ მაქვს გატარებული 16 წლამდე. ბავშვობიდან დიდი პანტა მსხლის ხე მახსოვს, მთელი უბნის ბავშვები რომ მოდიოდნენ საჭმელად, და ადრეული უწიპწო ყურძენი, ყველაზე ადრე რომ მწიფდებოდა. ახლა პანტა დაბერდა, ის ყურძენიც გააქრეს, აღარ ისხამდა და… კიდევ დარჩა ყურძენი, გაურკვეველი ჯიშის, სუპერტკბილი და კრატუნა….. იმხელა მტევნებით, რომ ერთი დღე ვჭამდი ხოლმე იმ ერთ მტევანს, ალბათ ერთკილოიანს.
სახლი ორად იყო გაყოფილი, როგორც სოფლებში იციან, ნახევარში ბებიაჩემი ორი შვილით, მეორე ნახევარში მისი დედამთილი, რომელთან ცხოვრებაც არავინ ისურვა და რუსეთში წავიდნენ. ამ ქალს 8 შვილი თუ 9 თუ ძალიან ბევრი ყოლია, ერთ დღეს დაკრძალა 3 შვილი, ხუნაგით დაღუპულები, რომ მოვიდა, კიდევ ორი დახვდა მკვდარი….. ჩემს დაბადებამდე კაი ხნით ადრე მოკვდა. კიდევ უფრო ადრე დაიღუპა მისი შვილი, ანუ ბაბუაჩემი,მტაში გაიყინა, თოვლში, და ლეკურ ნაბადში გახვეული ჩამოასვენეს. ის ნაბადიც წამოვიღეთ მაგ სახლიდან, მყიდველს ვუტოვებდით და რა სინდისით ვიხმარო,წაიღეთო…სამაგიეროდ, მინუს 5-6 თვის რომ ვიყავი, ბიძაჩემი გაასვენეს მაგ სახლიდან.. მე ჩემმა სიჯიუტემ მიშველა, მაინც გავჩნდი : ))) მერე, 6 წლის რომ ვიყავი ,მაგ სახლიდან მომავალ გზაზე მამაჩემი დაიღუპა… არც არავინ იყო ბედნიერი მაგ სახლში, მაგრამ სხვა სახლი არ იყო და ცხოვრობდნენ, რა ექნათ…
მერე სხვა სახლის მშენებლობა დაიწყეს იქვე, მე მაშინ პროექტშიც არ ვიყავი, ბიძამ დაიწყო, დაიღუპა, მამაჩემმა გააგრძელა, დაიღუპა, მერე მამის ძმამ დაამთავრა კოსმეტიკა, იატაკი, რამდენიმე წელი იქ ჩავდიოდი ზაფხულობით… იმხელა სახლი იყო, შიგ დიიიიდი სარდაფით , ბუხრით, უზარმაზარი ოთახებით , ავტოფარეხით შიგვე , საფუტკრე ოთახით და კიდევ რაღაც პრიბამბასებით, ვანა-ტუალეტით შიგნით. მაგრამ საშინლად მოუხერხებელი და ცხელი… დალაგებას ვუნდებოდი მერვეკლასელი ბავშვი მთელი დღე და მაგიტომაც მეჯავრებოდა ის გადაჭიმული დარბაზ-ოთახები. გავყიდეთ ისიც მერე…. იმ სახლში ჩემი ჟოლოს უზარმაზარი ბუჩქები დარჩა, და ხე, რომელზეც შეიძლებოდა წამოწოლილიყავი, გეჭამა,დაგეძინა, გეკითხა,ზაგარი მიგეღო… არ ვაჭარბებ,მართლა მასეთი ხე იყო,უცნაურად გაზრდილი და მსუქანი ტოტებით….
იმ უბანში დარჩა ჩემი ბავშვობის მეგობრის ხსოვნაც.
არ მწყდება გული საერთოდ
ასე ჯობდა.
ეს სურათები კი იყს აქ, თორემ კომპის რევიზიას შეეწირება მომავალში და ეს მაინც იყოს : )))))