სვანეთი, როგორც ასეთი

_DSC7409

როგორ შეიძლება არ გიყვარდეს სამყარო, სადაც ყველგან მთებია?

არ აქვს მნიშვნელობა, დილის ყავას სვამ,

მესტიაში დაბოდიალობ,

გზაში ხარ, Continue reading

მთის ადამიანები


მთის ადამიანები

ბარად ჩამოსულები

მთასმონატრებულები.

DSC_2332

მთის ადამიანები-

ისეთი ამაყები,

ისეთი ფიცხები,

ისეთი განსხვავებულები და

მაინც ერთნაირები.

DSC_2273

მთის ადამიანები…

მათ სულ ახსოვთ და ეძახით

სახლი, რომელიც მთებში,

ზეცაში დარჩათ

და

სახლი, რომელიც არასოდეს ექნებათ ბარში.

მთის ადამიანები

ყოველთვის ბრუნდებიან იქ, სადაც ცხოვრება ეძახით.

იქ, სადაც ჰაერი სიყვარულითაა სავსე

და

დილაობით ღრუბლები სტუმრად ჩამოდიან,

კოშკებს კი  მტრების დაჭრილი ხელები ახსოვთ.

იქ, სადაც სოფლები ჩიტის ბუდეებივითაა შეფენილი

ციცაბო ფერდობებზე.

DSC_2542

არა, მე არაფერი.

უბრალოდ, თუშეთი მენატრება სულ, 24/7. იქაური გზები, ჰაერი, ქვები, სიპებით ნაშენი კოშკ-სახლები, ცაში გამოკიდებული გზა და ბილიკები, დათხური, ქონდრის ჩაი, კალტი, ხინკალი. ჩაღმური ლაპარაკი მენატრება კიდევ, და წოური “ქხ”, რომლის გამოთქმაც ვერაფრით ვერ ვისწავლე.

თუშები ყოველ წელს ბრუნდებიან მთაში, ხევსურებს მუდამ ახსოვთ ვისი გორისანი არიან, სვანები არც არასოდეს გამხდარან იძულებულნი, მამა-პაპის სამოსახლო დაეტოვებინათ. მთიულები, მოხევეები…. ჩემს გულში დასამკვიდრებლად ხანდახან სრულიად საკმარისია, მთის ადამიანი იყო, ან მთა გიყვარდეს, იმიტომ რომ აქვთ რაღაც საერთო ასეთ ადამიანებს. თავისუფლება უყვართ, მაგალითად.

სვანეთი, მხერი, დღეობა


ნამდვილი სვანეთი არც უშბაა, არც თეთნულდია, არც მესტიაა, არც შდუგრა და არც უშგული. ჩემთვის ნამდვილი სვანეთი მხერია და ნამდვილი სვანები ის სვანები არიან, მხერზე რომ ვნახე, თითისტოლა ბავშვები ცხენებს რომ დააჭენებდნენ.

DSC_3178

მხერის ეკლესია ძალიან-ძალიან მაღალ მწვერვალზე აშენებული და საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თოვლიანი მწვერვალები ჩანს. ასაშენებელი მასალის მწვერვალზე ასატანად ცოცხალი ჯაჭვი გაუკეთებიათ ადამიანებს და ასე, ხელიდან-ხელში გადაცემით აუზიდიათ ქვა-ლოდები. პირველი და ბოლო ადამიანი გარდაიცვალაო, – ჩვენმა გამყოლმა.

DSC_3190

სვანები თურმე ღამე იწყებენ მხერზე ასვლას, თან ხარი მიყავთ. ზემოთ, ეკლესიასთან კლავენ და მერე უზარმაზარ ქვაბში ხარშავენ. მე შევესწარი, სიას როგორ წერდნენ, ალბათ იმ ადამიანების (მამაკაცების), ვინც ფული დადო ამ ხარის საყიდლად (?). ბევრი შეკითხვები არ დამისვია და ფოტოებსაც ისე, მორიდებით ვიღებდი, შორიდან.

DSC_3173

ჩვენ  დილით ვიზლაზნეთ, ვიზლაზნეთ და მემგონი ასე  ათი საათისკენ დავიწყეთ ასვლა. ლატალიდანაა ასასვლელი. ჯერ სოფელი უნდა გაიარო, ხიდზე გახვიდე, ისევ სოფელზე გაიარო და მერე აღმართებს შეუდგე. თან რა აღმართებს… ჩვენ ხუთი საათი მივდიოდით, მივფოფხავდით, მივბობღავდით, ალაგ-ალაგ ვისვენებდით.

ქვედა ფოტო ცოტა დიდია, სამაგიეროდ ფოთლებისგან გაკეთებული ჯვარი ჩანს.  ყველა, ვინც მხერზე ადის, ტოტს/რტოს/ფოთოლს წყვიტავს გარშემომყოფ ხეებს და ზედ ამაგრებს თავის წილ სიმწვანეს.

DSC_3120

აღმართი უბრალოდ აღმართი კი არ იყო, ციცაბო იყო, აი ლომისაზე რომ არის, დაახლოებით ისეთი, მემგონი უფრო ციცაბო, თან უღრან ტყეში გამავალი.

მე დილით არ ვჭამე, ამიტომ ძალიან გამიჭირდა, საკუთარ თავს ქეჩოთი მივათრევდი. წინა ჯგუფს ჩამოვრჩი, უკანა ვერ დამეწია და ასე მივფოფხავდი. ნაბიჯს რომ გადავადგამდი, ვისვენებდი და მეორე ნაბიჯს ძალით ვადგამდი. ამასობაში მივხვდი, რომ მარტოს არ უნდა მევლო და უკანასკნელი ძალების დაძაბვით წინა ჯგუფს დავეწიე. ქვედა ფოტოზე ის ადგილია, სადაც ასვლისას შევისვენეთ და საჭმელი ვჭამეთ, უფრო სწორად, ერთი თხილის გული კიარადა ძეხვი და პური გავიყავით.

DSC_3203

გზაში სვან გამყოლს და  ორ რუს ტურისტს გადავეყარეთ და ერთად გავაგრძლეთ გზა. სანამ რუსები თავისთვის მოჩოჩავდნენ, გამყოლმა ჩვენთან ლაპარაკი არჩია და რამდენიმე ისტორია მოგვიყვა, რომელიც სიმართლეს შეესაბამება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საინტერესოდ კი ჟღერდა.

DSC_3145

თავისუფალი სვანეთის ისტორია

დადეშქელიანები გაგიგიათ ალბათ ხომ,  სვანეთში რომ ბატონობდნენ, ჰხოდა სოფელ ლატალში მათი წარმომადგენლები ჩარკვიანები ყოფილან, ძალიან ცუდი და სასტიკი მმართველები.  ერთ დღეს ერთ ჩარკვიანს ორსული ქალი ხანჯლით მოუკლავს. გაბრაზდნენ სვანები. ძალიან გაბრაზდნენ. შეთქმულება დაგეგმეს და მთელი ორი წელი  იგეგმებოდა, ითმენდნენ და ახსოვდათ სვანებს და  ქალიან-კაციან-ბავშვიანად დუმდა სოფელი. ორი წლის თავზე კი, როცა მთელი საგვარეულო ერთად შეიკრიბა, ლატალელებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას და შიგ მყოფები ამობუგეს. ვინც გარეთ გამოვიდა, მოკლეს.

რასაკვირველია, მხერზე დღეობა წელიწადში ერთხელაა, მე კიდევ, როგორც lucky bastard-ი, ზუსტად მაგ დღეს მოვხვდი მანდ.

მხერზე წყალი არაა, შორს, მყინვართან მიდიან და  ცხენებით მოაქვთ. მე და ქეთის გაგვიმართლა, ახალი მოტანილი ქონდათ და დაგვალევინეს და თან ბოთლებიც გაგვივსეს. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ზემოთ და გზადაგზა წყალი არ შეგვხვდებოდა და მხოლოდ 0,5-ლიტრიანი ბოთლები გვქონდა წაღებული. პირდაპირი მნიშვნელობით, რაღა მე და რაღა სპანჯბობი ჰაერზე. ბოლო 15-ოდე წუთი, როცა ტყიდან გამოვედით და თაკარა მზეზე მივდიოდით, მართლა მეგონა, რომ რაღაც მომივიდოდა.

ბოლო, უჩრდილო აღმართი ყველაზე ძნელია, გგონია, რომ არასოდეს გათავდება და უცებ, მოულოდნელად ისეთი ხედები იშლება, ყველაფერი მაშინვე გავიწყდება. მე და ქეთის მაშინვე დაგვავიწყდა ყველანაირი დაღლილობა და გადაღიმილებულები და  ბედნიერები დავრბოდით აქეთ-იქით, კარგი კადრების გადასაღებად.

DSC_3197

ბოლო აღმართი. ეკლესიასთან ვდგავარ და იქიდან ვიღებ. ბილიკიც კი ჩანს და ადამიანები, წერტილებად.

იქ წყლის გარდა კიდევ ხორცი დაგვხვდა. ბევრი ხორცი. ჩვენ ლადომ გვაჭამა, იქვე უკითხია ერთ კაცს, ვისები ხართ რომ დადიხართო და რომ გაიგო, რომ არავისები არ ივნენ, ხორცი მიუცია. პირველად და მემგონი უკანასკნელად შევჭამე ხარის ხორცი.

DSC_3184

კიდევ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, პირველად ვნახე სვანური სიმღერა/ცეკვა. ქალიც და კაციც ერთსა და იმავე მოძრაობას ასრულებს თურმე.

DSC_3186

ეს ბაბუაც მღეროდა. ტიპიური სვანური ნაკვთები აქვს, მომრგვალებული.

DSC_3188

ხალხის ნაწილი ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად იქჯდა და თავისთვის ქეიფობდა, თავისი წილი ხორცი თან ქონდათ გადადებული, შამფურუკებზე აცმული.

DSC_3170

ერთადერთი ჩრდილი ეკლესიასთან იყო, ისიც წვრილი, და დასწრებაზე იყო ადგილები ჩრდილის მხარეს. მე ამერიკელი ტურისტები მომიჯდნენ საუბარში რომ არ ავყევი, ჩათვალეს რომ არ მესმოდა და გააგრძელეს მსჯელობა-“სამუშაო არ აქვთ, სახლი არ აქვთ, არაფერი არ აქვთ და მაინც სულ მღერიან და ცეკვავენ”-ო.

DSC_3158

DSC_3169

სვანი ბავშვი. ამაზე ბევრად პატარები დააჭენებდნენ ცხენებს.

DSC_3149

DSC_3131

DSC_3200

დაშვება დავიწყეთ. მე და ქეთი მოვდიოდით მარტოები და  გადასახვევი შეგვეშალა. რომელი ბილიკითაც ზემოთ ამოვედით, იმას ავცდით (მოგვიანებით ზუსტად მივხვდი, სად ავცდით) და იმ ბილიკს დავადექით, რითიც ცხენოსნები დადიოდნენ. ძალიან-ძალიან ტალახიან მოგზო ბილიკს, რომელიც წარა-მარა იტოტებოდა და ალაგ-ალაგ ისეთი უკაცრიელი იყო, გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ არ დავიბენი და იქვე მიმავალ ხალხს ავეტუზე. ქეთის კი ტკიოდა ფეხი, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა და რაც ძალი და ღონე ქონდა, მოდიოდა და მოდიოდა.

DSC_3206

მერე მივხვდი, რომ იქ ყველა ბილიკი მაინც სოფელში ჩაგვიყვანდა, მაგრამ ტყეში მარტო ბორიალი მაინც არაა სასიამოვნო, როცა არ იცი საით მიდიხარ და იმ ადგილას პირველად ხარ.

პ.ს. სვანეთის ყველაზე სამახსოვრო მომენტი მაინც ის იყო, როგორ გვეძინა მხერიდან ჩამოსვლისას ძალიან დაღლილ მე და ქეთის ტყეში, ბლიკიდან ორ მეტრში, სამკარგფოტოაპარატასხმულებს. აქ ჩემი ფეხი ჩანს ბუნდოვნად და იმ მომენტში გადაღებული ერთადერთი ფოტოა.

მთელი ლატალი იქვე დადიოდა და კაციშვილს არ შევუწუხებივართ. თავიდან ვითომ წამოვწექით და ვისვენებდით. ცოტა ხანში მივიხედე და- ქეთის ჩაძინებია. მერე წასვლა შევთავაზე და მოიცა, ცოტა ხანიც იყოსო. მერე მე ჩამეძინა და ქეთი მაღვიძებდა, მაგრამ მოიცა, ცოტაც დავიძინოთ თქო და ასე, გამოვიძინეთ გემრიელად. ცხენოსნები დაჩაქჩაქებდნენ, ზოგი ოდნავ შეანელებდა, შემოგვხედავდა და გზას აგრძელებდა. ახლაც ზუსტად მახსოვს ის შეგრძნებები, მახსოვს როგორ ტკბილად გამოძინებულს და დასვენებულს გამომეღვიძა ტყეში, დიდი ხეების ძირში, პირდაპირ ბალახზე დაწოლილს.

DSC_3205

ბოდიალი და ბედნიერება 2012


წელს პოსტის დაწერა და შეჯამება დამეზარა, კიდევ უფრო მეტად სურათების ამორჩევა, ამიტომ, მარტივად და რენდომად, ყოველგვარი სისტემის გარეშე, ფოტოებით გავიხსენებ წლევანდელ ფავორიტ ბოდიალებს, (ყველა ერთად უბრალოდ, ვერ დაეტევა, თან მე ზარმაცი ვარ) ბედნიერობებს და ალაგ-ალაგ პოსტებს გავლინკავ, რაც მიწერია, მეტი მოხერხებულობისთვის.

DSC_0467

ტბათანა. წოვა-თუშების სოფელი პანკისის ხეობაში, თუ ხეობასთან.  ახლა აქ მხოლოდ ქოხებიღა დგას და ბევრი არათუში დადის/ცხოვრობს. ჩვენც ისმაილმა მიგვიყვანა აქამდე, ქისტმა (თუ სწორად მახსოვს). გზა ძალიან ლამაზია, ოღონდ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით თუ გაივლი. გზადაგზა, ჩვენს თვალწინ დადო თოვლი მთებზე. აქ სულ წვიმდა, ციოდა, სველოდა, ბოლი იდგა ქოხში და მერე ღამე ქოხში გვეძინა, კარვისტენტგადაფარებულებს.

DSC_1178

მაღალმთიანი აჭარა, ღორჯომია ეს მგონი. აქ მეჩეთის სანახავად ავეხეტეთ, მძღოლს საბურავი გაუფუჭდა და ყოფილი გამგებლის ოჯახში ამოვყავით თავი. შეშის ღუმელზე, პირდაპირ ჭიქებში მოდუღებული ყავა დაგვალევინეს. სახლები მთლიანად ხისგანაა გაკეთებული და ხის სუნი დგას სახლში. ზამთრობით გზა ზოგჯერ იკეტება, ამიტომ მასპინძლის ასე 6-7 წლის გოგონა სახლში გავაჩინეო, დედამისმა.

DSC_1158

ესეც მაღალმთიანი აჭარა, ბეშუმი. იძახიან, რომ ძალიან გავს ბახმაროს. კი, გავს, ოღონდ ბახმაროში უთვალავი ძროხა არ დადის, რქებზე ფერადნაჭრებშებმული. ეს სახლებიც მთლიანად ხისაა და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადიან.

DSC_1922

პალიასტომი. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. ამაზონის ჯუნგლებში გადაღებული ექსპედიციები რომაა, უზარმაზარ მდინარეებში რომ მიცურავენ და გარშემო დიდი ჯუნგლებია, აი ზუსტად ისეთი გარემოა. ოღონდ შუა ტბაში კატერი გაგვიფუჭდა და სანამ რამე უკეთესის დახვედრების პირობა არ იქნება, მე ჯერ ვერ და არ დავბრუნდები.

DSC_2356

წლის ყველაზე-ყველაზე ბედნიერება, თუშეთი. ის კამაზი ონისეს კამაზია, კამაზის გასწვრივ, პირდაპირ, თუ დააკვირდებით, გირეველი მესაზღვრეების კარავი მოჩანს, მე ჰეღოზე ვდგავარ და იქიდან ვიღებ ამ ფოტოს.

_MG_6467 copy(1)

ესეც წლის ყველაზე-ყველაზე თავგადასავალი– თუშეთიდან მომდინრებს გაგვითოვდა, უზარმაზარი ფიფქებით ბარდნიდა.

DSC_1703

აჭარა, აქ დილის ყავა მიჭირავს ხელში, კიდევ გუდვილის დარიჩინიან-ქიშმიშიანი ფუნთუშა მაქვს და ცხოვრება მიხარია.

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

წელს სვანეთშიც ვიყავი, მთელი 7 დღით, ჯიპ-ტური მოვაწყეთ. იმდენი რამე ვნახე, მემგონი იქაურ სვანებს არ აქვთ ნანახი. ეს ჭალაადია, მყინვარი.  ჩემი დაბადების დღეა ამ ფოტოზე.

წლის წყურვილი. შდუგრას ჩანჩქერისკენ მივდიოდით და პაწუკა ბოთლით წაღებული წყალი არ გვეყო. მთელი ორი საათი, სანამ მივდიოდით, წყალზე ვოცნებობდით. ორი ყლუპი მქონდა დარჩენილი, ვიზოგე-ვიზოგე და ვერ გამოვიზოგე. იქვე ვიღაცეებს მივადექით, წყალი ვითხოვე.  წამომყევიო კი მითხრა და ქეთიმ ისე მომაძახა, მეც წამომიღე რაა-ო რომ გაეცინა და დიდი ვედრით დაგვიდგა სასმელი წყალი. ისე დავესიეთ, დავაცარიელეთ. უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ ამ ფოტოს გადაღებისას

DSC_3885

ბორჯომის რაიონი, სოფელი თორი, 100-ზე მეტი წლის სახლი. ამ ფოტოს გადაღებისას ფეხი მქონდა ნაღრძობი, თუმცა იმდენად გახურებული/ადრენალინით სავსე ვიყავი, რომ ვერ ვგრძნობდი.

DSC_3781

კახისის ტბა. სტაფილოსფერი კარავი მარცხნივ ჩემია. კახისის ტბაზე თევზიაო იძახიან. მე ბაყაყები ვნახე და კიდევ ძალიან ბევრი ჟოლო.

DSC_2382

ესეც თუშეთია, სოფელი ფარსმა.

მთის ქონდრის, იგივე ბეგ-ქონდარას, იგივე ბექთ-ქონდარას ჩაი. ყველაზე თუშეთისარომატიანი ჩაი.

9

ეს სამცხე-ჯავახეთია. ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა, ყველგან ნეხვის სუნია და დეპრესიულად მიტოვებული სახლები. ბერძნებმა მიატოვეს თურმე,  საბერძნეთში წავიდნენ. არ ვიცი აქ რა უნდოდათ, მაგრამ ისე ცივა, მეც დავბრუნდებოდი, აქ რომ დავესახლებინე ვინმეს.

13

ეს საროა. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ… ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო, ასე ვერ მოვყვები.

DSC_7744

წლის ბოლო კოცონი, აქვე, თბილისთან.

DSC_8539

კახეთი. ზეგაანი.  წლის ბოლო გასვლა. ძალიან ციოდა. ფოტო მომწონს, თორემ აქ ვერ მოხვდებოდა საერთოდ.

DSC_5186

ხვამლის გზაზე. სოფლის ბირჟა. სანამ ბიჭებს ველოდებოდი, ნახევარი საათი მარტო ვიყავი და ეს გადავიღე.

ხვამლის მთა. ნისლები მოდიან უკვე, არადა ორი საათის წინ მზე იყო.

ხვამლისკენ გზადაგზა სულ ასეთი მინდვრები იყო, ასეთი სილამაზე არსად არ მინახავს.

DSC_8812

კანფეტით მოვიტყუე ახლოს, ისე არ მოდიოდა. ჩემი ბღვერია ნათლული.

სადღაც ლეჩხუმში, რაღაც მოტბავო ელემენტი უნდა გვეპოვნა, წავიყვანეთ რატი და მისი კოლხოზნიკი, ტბის მაგიერ ვიპოვეთ ძალიან ლამაზი მოჭაობო რაღაც, დავანთეთ კოცონი, ვეცადეთ დაგვეჭირა რამე. მოკლედ, კარგი იყო.

DSC_2696

თუშეთი, ომალოს სასტუმროს ფანჯარა, ახალი ნაბანავები ვარ (ორი დღე კამაზის ძარაზე ნამგზავრი), ჩემი ყავა, სტაფილოსფერი ჭიქით, რომელიც დავკარგე სადღაც და უმანკოების ხანა (თუ სწორად მახსოვს). ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც პახოდში წავიღე და მერე არ გავაჩუქე.

DSC_6361

ბავშვობის მერე თივის ზვინი ასე ახლოდან არ მინახავს. გუდარეხში მივდიოდით ხუთნი. ყველაზე ძალიან ასეთი, ნებაზე მიშვებული ბოდიალობები მიყვარს მე.

DSC_7067

კაცხის სვეტი. წინა დღეს სადღაც ვიყავი, უკიდეგანოდ დავიღალე და კვირას მაინც წავედი ამის სანახავად. ამ ფოტოს გადაღებისას უკვე სიცხე მქონდა. კაცხის სვეტის წინ რომ კლდეა, იმაზე ავფოფხდით, გზადაგზა წყლის მილს ვეჭიდებოდით. საკმაოდ იოლია, როცა გრანდიოზულ ფოტოაპარატს არ მიათრევ თან.

რაჭა, ცხმორი. წელს ერთადერთხელ მეძინა თითქმის ღია ცის ქვეშ. რაჭაში, ცხმორში, ამ აივანზე. მერე რა, რომ ხიდან მთელი ღამე მსხლები ცვიოდა.

DSC_3728

ჩანჩქერის გზაზე. ცხოვრებაში პირველად გავჭედე სადღაც მიმავალმა,  მაგრამ მერე მაინც გავაგრძელე გზა, თუ გამაგრძელებინეს. აქ მთავარი სირთულე გადალახულია, ბლახებს ვეჭიდები, რომ არ ჩავსრიალდე ტალახზე და წყალში არ ჩავჭყაპუნდე. საბოლოოდ მაინც არ ჩავვარდი მდინარეში, ისე ვიარე, ფეხმშრალად. თუმცა ბოლომდე უხიფათოდ მაინც ვერა, ესეც პოსტი იმაზე, როგორ მივიღე პირველი და იმედია სულმთლად ბოლო სერიოზული ტრავმა.

DSC_7263

ეს ისე, კახური რქაწითელი მოიტანა ზვიომ რთველიდან მთელი ერთი ყუთი.

და ბარემ აქვე, კახური ალუ”რ”ჩა.

ბუსტერზე ვიჯექი ციცინათელაში.  თან სიმაღლის მეშინია მე და  ადრენალინის “პერედოზი” მომივიდა, მაგრამ აიაიაიაი ისეთი სუნთქვისშემკვრელი რამეა.

DSC_6870

რაბათი, გასაყიდი ხმლები სუვენიერების მაღაზიაში. ფოტოების გადასაღებად იდეალური დეკორაციებია რაბათში.

DSC_4201

რაჭა, სოფელი გლოლა. სანამ კატიწვერააზე მიდიოდა ჯგუფი, მე აქ დავრჩი, ნატკენი მქონდა ფეხი და ვერ ვივლიდი. ვაშლი თბილისელი, მპ3 უკვე გადაგდებული, წიგნი “არ გამიშვა”, ფილმიცაა ამ გადახელების. ძალიან კარგი რამეა, ოღონდ არ წამომიღია, გავაჩუქე.  კატიწვერაზე ვერ ავედი, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი.

მეგობარი, სიმყუდროვე, რელაქსაცია და ა.შ.

სვანეთი, მხერი. ეს თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ არაფერი არ გინახავთ. 5 საათი უნდა იარო სულ აღმართზე, ტყეში. ძალიან დამღლელია, მაგრამ როგორც კი ახვალ, ყველაფერი გავიწყდება ისეთი ლამაზია იქაურობა. საითაც არ უნდამიტრიალდე, ყველგან მთებია.

DSC_7137

სალხინო, დადიანების რეზიდენცია. სამეგრელო. ვერ ვიტან აქაურობას, მაგრამ ლამაზი კია.

ჩემი კარავი თუშეთში.

DSC_8197

ასეთი იყო ეს წელი, მოგზაურობ-ბოდიალობები. და თან წესიერად რომ არაფერს იმახსოვრებ, აი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიდექი, ცხოვრება ჩემს გარშემო მიდიოდა და მე მდუმარედ ვაკვირდებოდი.

DSC_9072

თავდაცვაზე დავდივარ. უფრო იმიტომ, რომ მუხლი მქონდეს მაგარი და თან სახლთან ახლოსაა. ადამიანებს სახეები არ ჩანს, ასერომ ამ ფოტოს არაუშავს.

DSC_5470

ფეხებგამობმული ჩანთა. ხვამლიდან მოვდივართ. კარავს მე მივათრევ, უკარვო მამრები უკან მომყვებიან, აქედან ერთი- წუწუნით. სულაც არაა სასაცილო.

DSC_0297

კვეტერა, თუ კვეტარა? ძალიან მწვანე ეზო აქვს.

DSC_1163

მწვანე ტბა, მაღალმთიანი აჭარა. წვიმა, სველა, ცივა. მე კიდე კარგად ვარ, ხალხი უსაწვიმროდაა.

შენაძენები:

DSC_7623

ძალიან მინდოდა ეს კელტურხიანი კულონი, სულ რაღაც 50$ ღირდა ამაზონზე, ვერცხლია. ძეწკვიც ვერცხლია, ძველისძველი, ბებიას დედის ნაქონი, იმას კიდევ ალბათ თავისმა დედამ მიცა და ა.შ.

DSC_0474

კიდევ კნიკონა ვიყიდე, ანუ Nikon D5100, 18-55mm ობიექტივით, სულ მალე მივხვდი რომ ზუმი მჭირდებოდა და 55-200მმ ობიექტივიც დავამატე, ხოდა ვართ ახლა ასე ბედნიერად მე და ჩემი კნიკონა. აქ კნიკონას პირველი გასვლაა, ტბათანის გზას ვიღებ.

ქინდლი. ძალიან მომბეზრდა ნაშოვნი ინგლისურენოვანი პირატული წიგნების ამობეჭდვა და გამოვიწერე.

ლეპტოპი, ACER რაღაცა-რაღაცა მოდელი, არ მახსოვს. იძულების წესით ვიყიდე, ჩემი 7წლის კომპი უბრალოდ, უარს აცხადებდა მუშაობაზე, პლიუს მჭირდებოდა მუშა კომპი და თან ლეპტოპი უფრო იაფი გამოდიოდა ვიდრე სტაციონარული და ყვეეელაზე თხელი/მსუბუქი მოდელი მოვითხოვე მაღაზიაში. აქვე, ჩემი ნაღრძობი ფეხი. სხვა ფოტო ვერ ვიპოვე, ბოდიში.

ახალი რუგზაკი. ესეც სხვა გზა არ მქონდა, ძველი ძალიან დაიხა.

კარავი. Eureka Apex 2T. ორტენტიანი, წვიმაგამძლე, ქარმედეგი, (გატესტილია ჩემს მიერ მარიამობის კოკისპირულ წვიმა-ჭექა-ქუხილში და ქარში), აქვს ორი შესასვლელი, ორი ბარგის დასაწყობი უზარმაზარი სივრცე და ორკაციანია, პრაქტიკულად ეტევა სამი გოგო ან ორი ბიჭი, თუმცა გაჭირვებისას 4 კაცსაც გვძინებია. რაც მთავარია, კარგადგანიავებადია და ღამე არ იორთქლება, თუ ყველაფერი არ ამოგმანე, რასაკვირველია. ხო, ხვამლზე თაგვი ხრავდა და ვერ ან არ გამოხრა.

და

2013 წელში იმედია კიდევ უფრო ბევრი ბოდიალობა იქნება და რაც მთავარია, ძალიან, ძალიან მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავიარო “ცერი” თუშეთისკენ მიმავალ გზაზე.

თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი


ძალიან არ მიყვარს, როცა ამ სამ კუთხეს ერთმანეთს ადარებენ, აჯიბრებენ და მერე მიდის დავა, რომელი რომელს ჯობია. სინამდვილეში, სამი სხვადახვა სამყაროა, სამი სხვადასხვა ხასიათით, შეგრძნებებით და დროთი. მაქსიმალურად მოკლედ თუ ჩამოვაყალიბებთ, ამ სამი მთიანი კუთხის ჩემეული შეფასება ასეთი იქნება:

ხევსურეთი, შატილი

თუ ფული და დრო არც ისე ბევრი გაქვს, ხევსურეთში უნდა ახვიდე, აქვეა, მთებია, ჩალისფერი მთები, ლბილი კიდეებით და ღია პეიზაჟებით. “წამო, ხევსურეთში გადავირბინოთ” .  შატილში აივანზე უნდა ჩამოჯდე, მზეზე გათბე (აქ მუდამ თბილი მზეა) და მუცოზეც აირბინო, ანატორელების აკლდამები ნახო და თუ ცოტა ექსტრიმიც გინდა, ჭაუხების გავლით შეგიძლია აბუდელაურებზეც გადახვიდე.

სვანეთი, უშგული, შხარა.

თუ გინდა სტიქიას მიუახლოვდე, მთელი მოგზაურობის გარშემო უზარმაზარი, თოვლიანი მწვერვალები დაგყურებდეს თავზე, პირქუშად, და შენს ფეხქვეშ გადარეული მდინარე გრუხუნებდეს, სვანეთში უნდა წახვიდე.  შდუგრას ჩანჩქერის ნახვის, უშგულში შხარას ცხვირწინ კარავის გაშლის და მხერზე ასვლის გარეშე აზრი არ აქვს ოღონდ… სვანების ხატობაზეც უნდა მოხვდე, ნახო, როგორ მღერიან, ცეკვავენ, გადარეულ, უბელო ცხენებზე როგორ სხედან თითისტოლა ბავშვები და მიხვდე, რომ აი ესაა ნამდვილი სვანეთი.

ბოდიშის მოხდით, მეორე სურათიც უნდა დავდო, ვერ ავარჩიე…

თუშეთის გზაზე

თუ გინდა იმ წარსულში დაბრუნდე, ჩვენი წინაპრები რომ ცხოვრობდნენ, და საქართველოს ყველაზე სახიფათო გზა გაიარო, რომელიც ყოველ წელს ლამის თავიდან გაყავთ და ლამის ყოველ წელს ვიღაც ვარდება, მაშინ თუშეთში უნდა წახვიდე.  აქ ჯერ კიდევ დარჩა სოფლები, სადაც მხოლოდ ცხენით მიიღწევა, აქ არც დენია და სახლების უმეტესობაც ზუსტად ისეთივეა, როგორადაც ჩვენმა დიდმა-დიდმა ბებია-ბაბუებმა ააშენეს. (ვიტყუები, ლეკებს აშენებინებდნენ). ალუდის გასინჯვის, დიკლოს ციხის ნახვის და ლეგენდის მოსმენის,  გირევის კოშკებზე ასვლის,  ქონდრის ჩაის დალევის, ორეთის ტბის მონახულების და გზაზე თუშად მოსანათლი ადგილის გავლის და მონათვლის გარეშე თუშეთიდან არ დაბრუნდეთ ოღონდ…

ხოდა, აი ეს სამი, სრულიად განსხვავებული რამე რანაირად უნდა შეადარო, ამიხსენით რა.

სვანეთი – ჭალაადი და შდუგრა (1)


თავიდან იყო ისა, ბევრხალხიანი სვანეთის ტური, შვებულებაზე ერთი ფეხი რომ გავაფხაკურე და ვერაო, კაი, ხო, სულ არ მინდა თქო და ვსო.

მერე უცებ ჯიპტურად გადაკეთდა, მერე უცებ მეორე მანქანა გამოჩნდა, უცებ შოდამ დამირეკა, მეორე დღეს უფროსის წინ დავერჭე ხბოს თვალებით და ქვას რომ გახეთქავდა ისეთი არგუმენტებით, აქეთ-იქიდან თანამშრომლები წამომეშველნენ, საქმეს მივხედავთ, წადიო და ასე და ამგვარად, შაბათ დილით, ექვს საათზე დიდუბეში რომ დავერჭე, მაინცადამაინც არ მჯეროდა, რომ სვანეთში მივდიოდი. ყოველთვის მეგონა, რომ წლები ისე გავიდოდა, იქ არ წავიდოდი.

ჯიპტურზე რატომღაც მსუქანი, დიდი ჯიპები და ჯიპზე ოთხი კაცი წარმოვიდგინე, (ასეთებში ვარ მარტო ნამყოფი) რეალურად კიდევ ერთი ორკარიანი ჯიპი და კიდევ მმმ, აი მომკალი და არ ვიცი რა ქვია იმ მანქანას, ის გვყავდა და მანქანაზე ბევრი კაცი მოვდიოდით და იყო ბარგის სახურავებზე დამაგრება, პარალონების თავზე დადება, ვისი ფეხი ვის კისერზეა და სხვა სიამტკბილობები.

რიკოთის გვირაბი

სვანეთისკენ მიმავალ გზაზე პაწუკა, მარა მთელი ოთხკაციანი მანქანაც წამოგვეშველა და კომფორტულად ვიმგზავრეთ. კიდევ კარგი, წამოგვეშველა, თორემ იმ სიცხეში იმ გზაზე დავწყდებოდით. ნუ მე რომ გავწყდებოდი, ზუსტად ვიცი, ბათინკები მეცვა და ისა. ნუ ხო კაი არ ვიცოდი, სად მივდიოდი და მაგიტომ.

გზაში საკუბდრეში გავჩერდით და ისინი ვჭამეთ, ჩანჩქერიც ჩამოდიოდა იქვე. რატომრაც ცივი წყალი არ ქონდათ, ბოთლის. იძულებული გავხდი, ლიმონათი დამელია, რომელიც ძალიან არ უხდება კუბდარს. საერთო ჯამში ძალიან კარგი ადგილია შესასვენებლად.

კუბდარი. ანუ ხორციანი ხაჭაპური ხახვით და ცოტა მწარეთი (უხახვოდ უკეთესი იქნებოდა)

ისეთი შეგრძნება იყო, რომ მთელი დღე მივდიოდით, მივდიოდით და მივდიოდით… გზა იყო ცხელი, მტვრიანი, უზარმაზარენგურიანი, აჩქაფჩქაფებული რომ მორბოდა და მოხრიგინებდა თავპირისმტვრევით. გადასარევი გზაა, ასფალტიანი, მოპირკეთებული, მაგრამ მაინც სულ მტვერია, გაუთავებელი. ერთგან მერსედესი ვნახეთ, გზის პირას კლდეზე შემოკოფსებული, იქვე პატრული.. ვერ მივხვდი, რანაირად უნდა შემოესვა ის მანქანა ასე ნახევარი მეტრის სიმაღლის მქონე კლდეზე. თურმე რაც ეს გზა გაკეთდა, ავარიებიც გახშირდა.

გზაზე გაჭრილი გვირაბები…

გზადაგზა კიდევ ენგურჰესი ვნახეთ, რაღაც საოცარი ფერის წყლით. იქვე მესაზღვრეები დგანან და მკაცრად გითვალთვალებენ, ემანდ სადმე ცალი ფეხი სხვაგან არ გადადგა.

ენგუჰესი

უკვე ღამდებოდა, მესტიამდე რომ მივაღწიეთ, ვიარეთ-ვიარეთ-ვიარეთ-ვიარეთ და საბოლოოდ საადღაც დავბანადით, ჰაწვალი ერქვა, იქვეა, მესტიასთან. მშვენიერი მინდორი იყო, უბრალოდ წყალი არ იყო იქვე, მაგრამ მაკა შეგვპირდა რომ მოგვიტანდა ბოთლებით, ჩვენ ამასობაში კარვები გავშალეთ, მე ქადაგად დავვარდი, კარვები ცეცხლისგან შორს გასწიეთ თქო. შეშა ეყარა ხვინჭასავით, ორ მეტრზე შეხვიდოდი ტყეში და უზარმაზარ შეკვრას გამოზიდავდი.

ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს, ამასობაში დაღამდა, მე ავიღე პარალონი და უპატრონოდ მიტოვებულ ცეცხლთან წამოვწექი.
საკმაოდ ციოდა, თუმცა მემგონი მარტო ჩემთვის, იმიტომ რომ ხალხის ნაწილი სადღაც იქ, სიბნელეში ქეიფობდა. როდის-როდის მოვიდნენ ცეცხლთან, ლუდი მოიყოლეს, კიდევ რაღაცეეები და პირველად მაშინ დავინახე წესიერად ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მთეეეეეეელი 9 დღე უნდა გამეტარებინა.

ამ ცხრა კაცში კიარადა ათში ვიყავით: მე; გოგო-პოზიტივი; ძალიან ჩუმი წყვილი; წყნარ იმაში ეშმაკები არიანო რუსული გამოთქმა როა, აი ისა; ორი მძიმეწონიანი ანუ წინა ადგილებში და კაი პონტში რომ იყვნენ ისინი; კახელი იმერელი სვანი; კიდევ ორი ცალი პოზიტივი, გაჩერებულები და დადუმებულები ერთხელ ვნახე მარტო, სერიოზული დანაკარგის მერე, ისიც 5-ოდე წუთით; და კიდევ აფხაზეთში არსებული მეგრელი თავადის ასული (თუ წორად გავიგე წარმომავლობა). ხო ნუ მოკლედ ჩემი გამოკლებით ძალიან კარგი ხალხი იყო. მე სულ ვწუწუნებდი და  საერთოდაც მე იქ რა წასაყვანი ვიყავი.

ასეთი მთებიც ჩანდა იქვე…

იმ ღამეს ისე მეძინა კარავში, ფეხი არ გამიფხაკურებია (აღმოვაჩინე რომ ფანარი დამრჩა და რომც მომენდომებინა, ვერც გავაფხაკურებდი) ხოდა მეორე დილას კარავიდან რომ გამოვძვერი, აღმოჩნდა რომ რკინის ჭიქაც დამიტოვებია (თავი რატო არ დამრჩა) და ასე ბედნიერად ვმათხოვრობდი რკინის ჭიქებს ყავების ასადუღებლად. საბედნიეროდ გაზი გვქონდა და სწრაფად ხდებოდა ეს ამბავი.

სულ ცოტა ზემოთ თუ აიწეოდი ჩვენი ბანაკიდან, უშბა მოჩდანდა, წაწვეტებული და გაფხორილი.

უშბა.

ვაპოზიორე კარგა ხანს, სანამ ბანაკი აიშლებოდა, კარვებს დაკეცავდნენ, ისაუზმებდნენ. ჯიპტურის ბონუსი ესაა, მშვიდად და ნელა ემზადები და არსად არ მიგეჩქარება. კიდევ ეს მწერიც ვაპოზიორე, მარტო პახოდებში აქვს ხოლმე იმის დრო რომ სარკული ვაწვალო და…

კამერისწვალებისმომენტი

ჭალაადის მყინვარისკენ დავიძარით. მყინვარამდე ასე ერთი საათის სავალია ფეხით, ოღონდ ჯერ მდინარეზე გადებული ხიდი უნდა გადაიარო, ბაგირიანი, რომ ყანყალებს, ცახცახებს და ალაგ-ალაგ ფიცრებს შორის მდინარე მოჩანს. მგონი ენგურია, მაგრამ თავს ვერ დავდებ.

მერე ტყეში მიიკლაკნება ბილიკი, მერე მდინარის გასწვრივ, მერე და მერე აღმართია და ტყე მთავრდება, ქვიანი იწყება, თან რა ქვიანი… რაც რამე უპოვნია თავის გზაზე მყინვარს, ყველაფერი თან გამოუყოლებია, დაუხვეტია, დაუბწკენია და გზადაგზა დაუყყრია ჩვენნაირების კისრის მოსატეხად. ვისკუპსკუპეთ ალბათ ასე ნახევარი საათი და მივედით როგორც იქნა.

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

არ ვიცი რატომ, მგრამ სადღაც შუა გზაშიღა გავარკვიე, რომ მყინვარზე მივდიოდით, მაკამ რომ იმ ისტორიის მოყოლა დაიწყო, როგორ მოწყდა მყინვარიდან დიდი ყინულის ლოდი. გზადაგზა ყველგან ნიშნულებია, ხეებზე, ლოდებზე, სულ პატარა, უმნიშვნელო ბილიკის  გადაკვეთის შემთხვევაშიც კი მინიშნება დევს, საით უნდა წახვიდე.

ჭალაადის მყინვარი

ერთი მხრივ, კარგია, ვერ დაიკარგები, მეორე მხრივ, თითქოს ხელჩაკიდებულს დაგატარებენ.

ჭალადიდან ყინულივით წყალი მოდიოდა, აბა რა იქნებოდა, ყინულია კიარადა მყინვარი, თუმცა რამდენიმე მაინც ჩაძვრა, ქვათაცვენასაც არ მოერიდა და მყინვარის წყალი შეაგროვეს დასალევად. საერთოდ, მყინვართან დილით უნდა მიხვიდე, სანამ მზე დააჭერს და ქვების და ლოდების ქეთ-იქით ფრიალს დაიწყებს, თურმე.

რაშუაში იყო, და ჭალადის დღეს ჩემი დაბდღე დაემთხვა, 22 ივლისი. ხოდა, ხეპი ბიორზდეი თუ მი თქო, გავიფიქრე და ჩემი “ტორტიც” გაჩნდა უცებ. ტორტი რა, ჩემთვის ჩუმად გავიფიქრე რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ტორტი :დ

ხეპი ბიორზდეი, პეპი. პ.ს. სურვილიც კი ჩავიფიქრე :დ

დაბდღეზე გამახსენდა, შუაღამისას გამაღვიძეს ბიჭებმა, კიდევ ერთის დაბდღეც იყო და იმღერეს, რაღაცეებჩარჭობილი საზამთროთი მოადგნენ კარავს. გავდებილდი, საერთოდ არ მახსოვდა რომ ისა… ხოდა როგორმა დაჯღანულმა გავაღე კარვის კარი, წარმომიდგენია სანამ გამახსენდებოდა… 😦

გაუგებარი ქვები

მყინვარამდე სანამ მიხვალ, ნიშანია, რომ უნდა გაჩერდე. იდეაში იმის მერე წასვლა საშიშია, მაგრამ ვინ უგდებს ყურს ამას. ხოდა იმ ნიშანთან ქვებისგან პატარ-პატარა გროვებია აგებული, დიდ ლოდზე. მეც დავადე ერთი ქვა, სიმბოლურად.

ჭალაადის მერე დავიძარით და წავედით “რაღაც ჩანჩქერის” სანახავად. მანქანები სოფელში დავტოვეთ და თაკარა მზეზე გავუყევით მტვრიან შარაგზას. სინამდვილეში ის გზა მანქანით უნდა გამოგვევლო და დიდ დროს მოვიგებდით. გზა თავიდან კარგი იყო, მერე ბილიკი იყო, მერე უცებ ალაგ-ალაგ მდინარე გადმოვიდა, მერე სულმთლად გადმოვიდა და ვდურთეთ თავები ბარდებში, ჩირგვებში, გაუვალში. ნაწილმა პირდაპირ გატოპა, ნაწილმა არ გატოპა და ასე… გზადაგზა ჩინელი ტურისტების ჯოგი შეგვხვდა, მშრალების, ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რანაირად მოახერხეს არდასველება. თან ყურებამდე შეფუთულები იყვნენ, ჩვენ კიდევ აღარ ვიცოდით, რა გაგვეხადა.

გატოპვის  მერე დაიწყო აღმართები, დიდი გრძელი, დამღლელ-დამქანცველი. თან რომ გეტყვიან ორი წუთის სავალიაო და ადვილიო და უცებ  ასეთი “სირთულე” გხვდება, გეზარება რაღაცნაირად. ხალხის ნაწილი წინ წავიდა, ნაწილი უკან ჩამოგვრჩა და ბოლოს მე და ქეთი შევრჩით ერთმანეთს. ბოთლში ორი ყლუპი წყალი გვქოდა და სრულ სიჩუმეში, უზარმაზარ ხეებშუა გაკვალულ ბილიკზე მივსეირნობდით, რომელიც ნელ-ნელა გასწორდა და სასიამოვნო საბოდიალო გახდა. მერე ძაღლლის ყეფა მოგვესმა, გავჩერდით და ვინმეს დაველოდეთ. ეს ვინმე ლევანი და ბექა აღმოჩნდენ, (თითქოს ოთხს აღარ შეგვჭამდა ის ძაღლი და ორს მოგვერეოდა). ხიდს იქით, იქვე, მესაზღვრეები იყვნენ თურმე. საწყალი ხმით ვითხოვე წყალი, მესაზღვრემ ჭიქა აიღო და გამიძღვა, ქეთი მომძახის- ცოტა ჩვენც წამოგვიღე. შეხედა იმან ქეთის,  მერე მე, ამოიოხრა და დიდი ვედრო დაგვიდგა, სავსე. ექვსმა ადამიანმა ლამის ბოლომდე დავლიეთ.

რომ მოვსულიერდით, ზემოთ ასვლა დავიწყეთ. უზარმაზარი ლოდები ეყარა, მივფოფხავდი-მივფოფხავდი და უცებ ვიგრძენი, თუ არ გავჩერდებოდი, ან ვინმეს მოვკლავდი ან მე მოვკვდებოდი, აი ძალიან სულერთი იყო ჩანჩქერიც, მდინარეც, უბრალოდ წამოწოლა და ხეების ყურება მინდოდა. ხოდა გავჩერდი, ვზივარ ლოდზე და ვფიქრობ უკან ხომ არ დავბრუნდე. ამასობაში ვხედავ, ვიღაც სვანი მოდის ცხენით და რაღაცას მომძახის, თან არცისეფხიზელი. ზემოთ გავიხედე, ნწ, ამ ლოდებზე ჩემი მტერი აფოფხდა თქო და დაველოდე მშვიდად. კიდევ კარგი, დაველოდე, წესიერი ბილიკი მანახა, ცხენი შემომთავაზა (უარი ვტკიცე, მინდორზე მირჩევნია ცხენის ტარება) და თვითონ წავიდა, იმ აბდლებს მე ვასწავლე და სხვა ბილიკით მიდიანო, რამე არ მოუვიდეთო.

ადგილი, სადაც მოვკვდი და დავენარცხე

სწორი ბილიკი უფრო მარტივი გამოდგა, მიწაზე მიიკლაკნებოდა და იქვე დიდი ლოდი ეგდო, პანორამული ხედით ჩანჩქერზე, ქვემოთ სოფელზე, და საერთოდაც ისა, იქ უნდა ყოფილიყავით ეს რომ გეგრძნოთ. ლაგოდეხის გურგენიანის  ჩანჩქერი გინახავთ? კი? ხოდა ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ჩანჩქერი ჯიბეში ჩაისვამს გურგენიანს. წყლის უზარმაზარი მასა, წარმოუდგენელი სიმაღლიდან, საფეხურებად რომ ეცემა და გზადაგზა ცისარტყელებად იშლება, გარშემო კი უზარმაზარი მთებია და ხეობა და შენ ისეთი პატარა და უმნიშვნელო ხარ, როგორც ბეღურა, მავთულზე შემომჯდარი.

შდუგრას ჩანჩქერი

ესეც ვიდეო…

სანამ მე საკუთარ უმნიშვნელოობაზე ვფიქრობდი, მაკა და ქეთი დაბრუნდნენ, ერთი სვანიც მოყვათ ორი ცხენითურთ, დანარჩენებმა კი მეორესთან ერთდ გზა გააგრძელეს. ჩვენ დავბრუნდით, წყალზე წავედით, მდინარის ხეობას გავუყევით, ერთ განსაკუთრებით ქაფქაფამდინარიან და ლამაზ ნაპირას ბანაკი დავეცით, თხილი-ნიგოზი-ქიშმიშის ნარჩენები და რამდენიმე კანფეტი ვიპოვეთ და ვიპიკნიკეთ, ცოტაც დავისვენეთ, ცოტა სურათები ვაჩხლაკუნეთ და გზას გავუყევით უკან, ბანაკისკენ.

უკანა გზა რატომღაც უფრო მარტივი გამოდგა, ალბათ იმიტომ, რომ არც გვწყუროდა, არც გვშიოდა, მოვბოდიალობდით და ვქაქანებდით.

აქეთობისას და იქეთობისას, ანუ ჩანჩქერთან რომ მესაზღვრეებია, ეს ხიდია გადასავლელი, ერთი შეხედვით ვითომ არაფერი, მაგრამ ისეთი აქაფებული მდინარე ჩამოუდის….

ეს  ის “ცუგაა”, გულები რომ დაგვიხეთქა.

ხოდა მოკლედ ასეთი ცივი წყალი არ იყო რომ გავტოპეთ და იქეთობისას იიიისეთი გაყინული იყო, ტერფებს ვეღარ ვგრძნობდი, კი არ მეწვოდა, მტკიოდა.არადა წყალში ერთი წუთიც კი არ გავჩერებულვარ.

იმ ღამეს გრანდ ოტელ უშბაში ვიბანავეთ. ამ ოტელის მთელი ღირსება აი ეს მთაა, უცებ ზემოთ აიხედები და თავზე რომ დაგყურებს, სასწაული ეფექტი აქვს. ხოდ ბანაობისას აბაზანაში ფენი რომ დავინახე, გამიკვირდა და ბედნიერმა გავიშრე თმა, (ხუთ ლარად გვაბანავეს) მერე ჩაის დასალევად რომ დავჯექი და “სრული ბედნიერებისთვის ვაიფაიღა მაკლია თქო” და “რა პრობლემაა, გვაქვსო”, კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი. რას-რას და სვანეთში, რომელიღაცა  სოფელში არსებულ სასტუმროში wifi.. მოკლედ, მაგარი იყო. სურათი არ გადამიღია, ელემენტი იტენებოდა და.. თუ დაინტერესდებით, ბეჩოს თემში სოფელი მაზერი იკითხეთ.

ის ღამე რომელიღაც ბლახებიანი გორაკის წვერზე დაძინებულმა გავატარე და დილას ჩემს კარავს მოულოდნელად თავზე შოდას რისხვა დაეცა…

(გაგრძელება იქნება)

სვანეთი


მთელი ცხოვრება დარწმუნებული ვიყავი, რომ სვანეთში არასოდეს არ მოვხვდებოდი, დაახლოებით ისევე შორს მეგონა, როგორც ჯომოლუნგმა

კიარადა

:მოკლე შინაარსი:

უშბა არ მომეწონა, ერთი აჭიფხული მწვერვლია, თავისი თავი დიდი ვინმე რომ გონია.

თეთნულდი ისა, კი, საყვარელია.

შხარა ჩემი სიყვარული.

 

ვინც მხერზე არ ასულა და ცხენებს ჭენება არ უნახავს, არც დაიზმუკუნოს, რომ სვანები უნახავს.

ლამარიას ეკლესია- იმ იშვიათთაგანი, სადაც მართლა იგრძნობა აურა.

ჭალადის მყინვარი- ხეპი ბიორზდეი, პეპი. პ.ს. ყინულის ლოდები ყრია წყალში.

სვანეთის ტყეში რომ გოგო დაიძინებს…

ყველა სვანი ლამაზ იყო, ქალიან-კაციანად

მტვერი-მტვერი-მტვერი-მტვერი…..

კუბდარი ეტა ზლო, ხახვები ურევია და…

სვანების რუსი რძალი და მისი შთაბეჭდილებები იყო ძალიან ისეთი, რაღაცნაირი
უშგული ხომ მაგარია მაგრამ მანდ მუზეუმში ისეთი საყვრელი გიდია, აუცილებლად უნდა მოაყოლო ყველა ნივთის ისტორია

ყველაზე საშინელი რამ, რაც აქამდე პახოდებში ჩემთვის გაუკეთებიათ, კიარადა…

ვაიფაი სვანეთის სასტუმროში, და ფენი აბაზანაში

თავისუფალი სვანეთის ისტორია და აქვე თავისუფალი ქათამი

პ.ს. გასვანებული სვანი მე ვერ ვნახე და თქვენ სად შოულობთ ამ არაადეკვატურ სვანებს, მეც მიმასწავლეთ.

პ.პ.ს. აუცილებლად იქნება სრული მონაყოლი, ეს ისე, რომ არ დამავიწყდე.