გურგენიანის ჩანჩქერი


გურგენიანის ჩანჩქერს ნინოსხევისასაც რატომ ეძახიანო ვიკითხე და, იმიტომ რომ ეს მდინარეა ნინოსხევი, და ნინოსი იმიტომ რომ დაღესტნიდან გამოქცეული ქართველი ბავშვი, ნინო დაიხრჩო.

გურგენიანის ჩანჩქერზე პირველად 2008 წელს ვიყავი. პოსტში მხოლოდ ფოტოებია, სადაც ჩანს ბლახები, ბევრი მწვანე, ტყის ბილიკი, ბევრი მდინარე და ჩანჩქერუკები. გზა მონიშნული არ იყო, მაგრამ ბილიკი კარგად ჩანდა. მახსოვს რომ კარგად ვიფოფხეთ, ვიფორთხეთ, დაბრკოლებები გადავლახეთ და ასე მივედით.

_DSC2437

ამ კვირას “დეკა მოგზაურობის” ივენთი მომხვდა თვალში, ხოდა ცოტა ფბ-ზეც გავიკითხე, ხიდებია გზადაგზაო, ფეხდაუსველებლად მიხვალო. განვეწყვე მსუბუქი ექსკურსიისთვის და წავედით.

გურგენიანი_1

პირველივე 50 მეტრის მერე მივხვდი, რომ სხვა გზით მივდიოდით, იმის მაგიერ რომ მარჯვენა მხრიდან, ნორმალური, გრილი, ჩრდილიანი ტყის ბილიკით წავსულიყავით, რიყეზე დავიწყეთ ბოდიალი.

_DSC2409

 

თაკარა მზე, გავარვარებული ქვები, არანაირი ხიდები. მიზეზი- ასე უფრო ახლოა, დროს მოვიგებთო.  (ეს მაშინ, როცა თბილისში 8-ზე მისულები 9-ზე ძლივს გამოვეტიეთ).

_DSC2411

ძალიან გავბრაზდი იმაზე, რომ ჯერ ერთი, გასაგებად ნათქვამი -ნამყოფი ვარ გზა ვიცი- ვერ გაიგეს და იძულებულები გაგვხადეს კუს ნაბიჯით გვევლო (ეს არ იყო ალპური გასვლა, სადაც ყველამ ყველაზე ნელის ტემპით უნდაიაროს) და მეორე – ორ გზას შორის უარესი აარჩიეს.

_DSC2420გზადაგზა რამოდენიმე ადგილას შევისვენეთ, სანამ უკანა ნელი სვლით მოძრავი ბატალიონი წამოგვეწეოდა. გადასაღებიც რომ არაფერი იყო, საკუთარი თავის ფოტოები გადავიღე. კარგად მივდიოდი, ამიტომ შუაგზაში ჩანთაც მოვიკიდე, დიდი არაფერი წონა არ ქონდა, მაგრამ ტესტ-დრაივი გამომივიდა. ოღონდ ბოლომდე ვერ ვატარე, ჩემმა მეგობარმა ვერ მოისვენა და უკან გამომართვა.

_DSC2425

ამასობაში ჩანჩქერს მივუახლოვდით. მიახლოებისას ან უნდა გატოპო, ან მარჯვენა მხარეს ზემოთ აძვრე  და ისე გახვიდე. ფოტოზე ჩანს, თუ კარგად დაკვირდებით.

_DSC2429

ზემოდან ლამაზი ხედები იშლებოდა ადრე, ამიტომ  ბილიკი მოვნახეთ და ჩანჩქერის ზემოთ ავუყევით. ბილიკი იოლია, უბრალოდ, უკიდეგანოდ დამრეცი და ერთ ადგილას ჩაშლილი, ამიტომ კაბებით, შლოპანცებით და მსგავსი რამეებით აძვრომას არ ვურჩევდი არავის.

_DSC2489

ჩანჩქერის ზემოთ ასასვლელი ბილიკი

_DSC2486

იგივე ბილიკი, სინამდვილეში ციცაბოა

ზემოდან ყოვლად საოცარი ხედი იშლება, სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ ადრე აქედან ბევრად უკეთესი ხედები იყო, დაიჯდებოდი და ფეხებს ჩანჩქერზეგადაკიდებდი,ახლა კი მხოლოდ ჩემი ფეხები და ქვემოთ ხალხი მოჩანს წერტილებად. სიმაღლის თუ ვინმეს ეშინია, ადრენალინი, ადრენალინი ევრივეარ.

_DSC2441

ჩანჩქერის ზემოთ მდინარე ბევრად უფრო სუფთაა და სასიამოვნოდ დაჩრდილული, ხალხის ხმები არ აღწევს, კოცონის ადგილიცაა, ბანაკისაც და 1-2 კილომეტრს თუ აუყვები, ალტერნატიული დასაბანაკებელიც უნდა იპოვო წესით. წყალი დასალევად ვარგისია.

_DSC2471

ზემოთ იყო კარქი. სუპერკარქი. ხოდა მერე რომ დავეშვით ჯგუფისთვის აღარ დაგვიცდია,  იმ მეორე გზის გადასახვევი ვერ ვიპოვე მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ჩემი მოთხოვნილი ხიდები ადგილზე დამხვდა და უკანა გზაზე ფეხიც კი არდამისველებია.

_DSC2508

_DSC2505

პ.ს. რჩევა ლაგოდეხის გურგენიანის ჩანჩქერზე წამსვლელებისთვის – შესასვლელში საქეიფოდ დაჯდომას ან მოერიდეთ, ან თუ მაინცადამაინც, ჯგუფად იყავით და არ დაიფანტოთ, არაადეკვატური აბორიგენები დარბიან.

პ.პ.ს. ჩემი ნაცნობი კარგი ორგანიზატორების ერთ-ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ მსგავს მთვრალაბორიგენულ თავყრილობებს ერიდებიან ხოლმე. ჭკუა ნასწავლია, მეტის ღირსი ვარ :დ

Advertisements

ბატეთის ტბა, “პახოდში”, ერთწლიანი პაუზის შემდეგ


ადამიანების ორი კატეგორია არსებობს, ადამიანები, რომლებიც წვიმაში სველდებიან, და ადამიანები, რომლებიც წვიმაში სეირნობენ.

გუშინ მკვეთრ დაღმართზე მოვდიოდი, ჯოხით ხელში. შორტები მეცვა და საწვიმარი კურტკა. შხაპუნა წვიმა წვიმდა, ფეხებს მისველებდა, ბათინკებს აკრული ტალახები ალაგ-ალაგ ბათინკებშივე მოძვრებოდნენ. გარშემო ნისლები დაცანცარებდნენ, ცხვირის წვერიდან წვიმის წვეთები მომწანწკარებდა, მეორე ხელში წყლის ბოთლი მეჭირა, უკან პატარა საღვარელი ცუგა მომდევდა,(მეშინია, ვუგაგა) წინ მთები და ხეობა იყო, სადღაც 20 წუთის ფეხით სავალი მქონდა დარჩენილი და მე…. უკიდეგანოდ ბედნიერი ვიყავი.

_DSC2399

 

რაღაც მომენტში გავჩერდი და დავფიქრდი, აი ახლა მე თუ ნორმალური ვარ რა მიხარია თქო.

როგორც მოგეხსენებათ ან არ მოგეხსენებათ (გააჩნია რამდენად აქტიურად მკითხულობთ), შარშან, ერთ-ერთ მორიგ გასვლაში ხერხემალი დავიზიანე. დავიზიანე რა, ვერ ვიდექი, ვერ ვიწექი, ვერ ვიჯექი და მოკლედ, მოპახოდეს კვალობაზე ძალიან უუნარო ვიყავი. (ნორმალური ადამიანის კვალობაზე- პრინციპში, ჯანმრთელი.) ექიმმა იმედი ისე გადამიწურა, სარეცხის მანქანის გაწურული სარეცხი მიმიქარავს. ცალკე ფენომენია ის, რომ  კი არ ეცადა ეშველა, მზა რეცეპტი ქონდა – არ იარო და იქნები კარგად.

თავიდან ვითმინე, ვითმინე, ვიბუზღუნე, დეპრესიაში ჩავვარდი, მერე როგორღაც მოვინელე, შემოდგომა და ზამთარი რაღაცნაირად გადავაგორე, მერე ჯიპ-ტურებში დავიწყე სიარული, მერე ერთიორჯერ ქალაქში დიდხანს ვიბოდიალე და მერე ლომის მთაზე ჩავეწერე. მაგრამ წინადღეს წელი ამტკივდა და ჩამეშალა.

ხოდა ისე გავბრაზდი, აი ისე გავბრაზდი რომ ავდექი და შემდეგ შაბათკვირას ბატეთის ტბის გასვლაში ჩავეწერე. სრულიად უცხო ჯგუფს გავყევი, სამაგიეროდ მეგობართან ერთად ვიყავი, რომლის იმედიც მქონდა, თუ რამე, დავჯდებოდით და აღარ ვივლიდი. 7 კილომეტრი უნდა გვევლო საბოლოო ჯამში, ჩანთა არ მიტარებია, ჩემმა თანამგზავრმა უაპელაციოდ გადაიბარა და ატარა ყველაფერი. მხოლოდ ფოტოაპარატი მეჭირა და სალაშქრო ჯოხი, უკან მივცუნცულებდი და ალაგ-ალაგ სინდისი მქენჯნიდა, ასე მსუბუქად ცხოვრებაში არ მივლია.

_DSC2357

ერთ-ერთი პირველი ავედი, გზაში წამოწეულ ჯიპში ჩაჯდომაზეც უარი ვთქვი და ბოლომდე გაუჩერებლად ვიარე. მერე რა, რომ გზაში საწვიმარი ჩავიცვი და გასაწური გავხდი, უცებ ავცვივდი ტბამდე, მაიკა გამოვიცვალე, ჯემპრი ჩამოვიფხატე და სასწრაფოდ გავბედნიერდი.

ტბასთან რომ ადიხარ, მოსწორებული ადგილია პატარა, გზა ორად იყოფა, მარჯვენა გზა იმ ნაპირამდე მიდის, სადაც პაწაწუნა საბანაკე ადგილია, წყაროთი. მარცხნივ თუ წახვალ, იმ ნაპირზე უკეთესი ადგილია ბანაკისთვის (სამიოდე კარავი ჩაიდგმება), ოღონდ წყარო არაა.

უწყაროო საბანაკე

უწყაროო საბანაკე

ჩვენ მარცხნივ წავედით, და ცხოვრებაში პირველად, კოცონის დანთებაში მივიღე მონაწილეობა. უფრო ზუსტად, იმდენად მოუხერხებლად ეყარა მსხვილი შეშები და იმდენად არაანთებადი იყო, რომ ვერ მოვითმინე და ცხვირი ჩავყავი ანთების პროცესში.

_DSC2369

მერე დავჯექი და ბედნიერად მივეფიცხე.

გემრიელი მწვადების მერე, ყველა ზარმაცულ დროსტარებაზე რომ გადავიდა, მე ვერ მოვითმინე და ტბის შემოვლა დავიწყე, არაპაპსა მხრიდან მინდოდა გადამეღო. თან ორი კაციც ავიყოლიე. ხალხი იძახის, რომ ტბა შემოვლადია. ნუ, ბარდების გავლით შემოვლადია, კი, მაგრამ ვინაიდან მე ძალიან არაბარდული განწყობა მქონდა, უკან დავბრუნდით, თუმცა ორი კადრი მაინც გადავიღე.

ბატეთის_ტბა

და მეორე, რაღაცნაირად აბლანდული, თუმცა იმედია გამყოფი ხაზი გაირჩევა. ისე, რომ რამე, ნავით წავიდოდა კაცი. ან ნაპირიდან წყალში ჩაისვლება, მეორე, წყაროიანი ნაპირიდან პრაქტიკულად შეუძლებელია, ნაპირი არ აქვს, უნდა ჩახტე ზემოდან.

_DSC2386

 

ესეც “ტრადიული”, სტანდარტული ხედი

_DSC2341

ბანაკში ამასობაში ასეთი საყვარლობები ხდებოდა

_DSC2358

და იზრდებოდა

_DSC2342

და იიიიიიიზრდებოდა

_DSC2395ამ ტბაზე სულ წვიმს ხოლმე, თუმცა ჩვენ პატივი დაგვდო და წამოსვლამდე არ გაწვიმებულა. სამაგიეროდ მერე დასცხო და რა დასცხო, ამიტომ, თუ წასვლას დააპირებთ, გაითვალისწინეთ.

პ.ს. როგორ მოვხვდეთ აქ? აი, ეს ჩემი ძველი პოსტი ბატეთზე, აქ წერია ყველაფერი და თან მზიანი ფოტოებიც აქვს.

 

 

ხე, რომელიც გადავარჩინე(თ)


ეს ადგილი ქვაბისხევშია. დიდი მინდორი, იქვე ტყე, პაწუკა მომდინარო ელემენტი და წყაროც. შესასვლელიდან 50 მეტრშივე შეიძლება დაბანაკება. მერე კაი ხანი საბანაკე აღარ შეგხვდება. ამავალ-ჩამავალი ტურისტები ხელსაც დაგიქნევებენ, რომ რამე. ერთადერთი ნაკლი საქეიფოდ ამოსული ქართველი ადამიანებია, რომლებიც მდინარესთან არსებულ სკამ-მაგიდებს ეტანებიან. და ჭიანჭველებია კიდევ, ოღონდ შიგ ტყეში. მინდორზე აღარ.

DSC_5217

ერთწლიან ხეებს ბებიაჩემი “დაბძოებს” ეძახდა ხოლმე. წარმოდგენა არ მაქვს, რას  ნიშნავს, უბრალოდ ვიცი, რომ გაზაფხულზე ტყეში თესლებიდან ხეები რომ ამოდის, მეორე წლამდე დაბძო ქვია. სასაფლაო ტყეშია, ამიტომ ყოველ წელს თუ ეს ხეები არ ამოძირკვე, მეორე-მესამე და მეოთხე წელს შეიძლება სასაფლაოს მაგიერ ტყე დაგხვდეს უკვე ახალი. ხოდა, ყოველ ზაფხულს ან გაზაფხულს გავდივართ საფლავებზე და ვკლავთ ხეებს, მკვდრების გულისთვის.

DSC_5282

ამასწინათ მანდ ვიყავი, მინდორზე ვიწექი და ვირუჯებოდი. იქვე ცხენები ძოვდნენ. ბალახზე ხე ვიპოვე, ამოგლეჯილი, და თანამგზავრს ვაჩვენე. პირველად ნახა ერთწლიანი ხე.

კონტეინერში ჩავრგეთ, მიწა დავუყარეთ, ხავსი შემოვულაგეთ, ძირი გავუხვრიტეთ და ახლა მის სახლში, ფანჯრის რაფაზე ცხოვრობს, მომავალ წლამდე, ან იქამდე, სანამ ფესვი გაეზრდება, ნიადაგში გადასარგველად.

DSC_5288

მე ბევრი ხის მკვლელი ვარ

და იქნებ ეს მაინც გადარჩეს, რომ მეთქმოდეს, რომ სადმე, ოდესმე, აი ის ხე იმიტომ შრიალებს, რომ

მე ვიპოვე და გადავარჩინე.

DSC_5293

პ.ს. ჩვენ ავტონომიური კოცონი გვქონდა, მმოშორებით. მოქეიფეებმა ერთი შამფური მწვადი გვაჭამეს, მერე მთელი ღამე მინდორზე დრიფტაობდნენ მანქანებით, ჩხუბობდნენ, შველდებოდნენ, ცივ მდინარეში ცვიოდნენ, მთელი ღამე რაღაცეებს აკაკუნებდნენ და საერთოდაც, ცუდი ხალხი ალბათ არ იყო, უბრალოდ, არავის არ უსწავლებია, როგორ უდნა მოიქცე იქ, სადაც შენს გარდა სხვაც ათევს ღამეს ბანაკში.

სვანეთი, მხერი, დღეობა


ნამდვილი სვანეთი არც უშბაა, არც თეთნულდია, არც მესტიაა, არც შდუგრა და არც უშგული. ჩემთვის ნამდვილი სვანეთი მხერია და ნამდვილი სვანები ის სვანები არიან, მხერზე რომ ვნახე, თითისტოლა ბავშვები ცხენებს რომ დააჭენებდნენ.

DSC_3178

მხერის ეკლესია ძალიან-ძალიან მაღალ მწვერვალზე აშენებული და საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თოვლიანი მწვერვალები ჩანს. ასაშენებელი მასალის მწვერვალზე ასატანად ცოცხალი ჯაჭვი გაუკეთებიათ ადამიანებს და ასე, ხელიდან-ხელში გადაცემით აუზიდიათ ქვა-ლოდები. პირველი და ბოლო ადამიანი გარდაიცვალაო, – ჩვენმა გამყოლმა.

DSC_3190

სვანები თურმე ღამე იწყებენ მხერზე ასვლას, თან ხარი მიყავთ. ზემოთ, ეკლესიასთან კლავენ და მერე უზარმაზარ ქვაბში ხარშავენ. მე შევესწარი, სიას როგორ წერდნენ, ალბათ იმ ადამიანების (მამაკაცების), ვინც ფული დადო ამ ხარის საყიდლად (?). ბევრი შეკითხვები არ დამისვია და ფოტოებსაც ისე, მორიდებით ვიღებდი, შორიდან.

DSC_3173

ჩვენ  დილით ვიზლაზნეთ, ვიზლაზნეთ და მემგონი ასე  ათი საათისკენ დავიწყეთ ასვლა. ლატალიდანაა ასასვლელი. ჯერ სოფელი უნდა გაიარო, ხიდზე გახვიდე, ისევ სოფელზე გაიარო და მერე აღმართებს შეუდგე. თან რა აღმართებს… ჩვენ ხუთი საათი მივდიოდით, მივფოფხავდით, მივბობღავდით, ალაგ-ალაგ ვისვენებდით.

ქვედა ფოტო ცოტა დიდია, სამაგიეროდ ფოთლებისგან გაკეთებული ჯვარი ჩანს.  ყველა, ვინც მხერზე ადის, ტოტს/რტოს/ფოთოლს წყვიტავს გარშემომყოფ ხეებს და ზედ ამაგრებს თავის წილ სიმწვანეს.

DSC_3120

აღმართი უბრალოდ აღმართი კი არ იყო, ციცაბო იყო, აი ლომისაზე რომ არის, დაახლოებით ისეთი, მემგონი უფრო ციცაბო, თან უღრან ტყეში გამავალი.

მე დილით არ ვჭამე, ამიტომ ძალიან გამიჭირდა, საკუთარ თავს ქეჩოთი მივათრევდი. წინა ჯგუფს ჩამოვრჩი, უკანა ვერ დამეწია და ასე მივფოფხავდი. ნაბიჯს რომ გადავადგამდი, ვისვენებდი და მეორე ნაბიჯს ძალით ვადგამდი. ამასობაში მივხვდი, რომ მარტოს არ უნდა მევლო და უკანასკნელი ძალების დაძაბვით წინა ჯგუფს დავეწიე. ქვედა ფოტოზე ის ადგილია, სადაც ასვლისას შევისვენეთ და საჭმელი ვჭამეთ, უფრო სწორად, ერთი თხილის გული კიარადა ძეხვი და პური გავიყავით.

DSC_3203

გზაში სვან გამყოლს და  ორ რუს ტურისტს გადავეყარეთ და ერთად გავაგრძლეთ გზა. სანამ რუსები თავისთვის მოჩოჩავდნენ, გამყოლმა ჩვენთან ლაპარაკი არჩია და რამდენიმე ისტორია მოგვიყვა, რომელიც სიმართლეს შეესაბამება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საინტერესოდ კი ჟღერდა.

DSC_3145

თავისუფალი სვანეთის ისტორია

დადეშქელიანები გაგიგიათ ალბათ ხომ,  სვანეთში რომ ბატონობდნენ, ჰხოდა სოფელ ლატალში მათი წარმომადგენლები ჩარკვიანები ყოფილან, ძალიან ცუდი და სასტიკი მმართველები.  ერთ დღეს ერთ ჩარკვიანს ორსული ქალი ხანჯლით მოუკლავს. გაბრაზდნენ სვანები. ძალიან გაბრაზდნენ. შეთქმულება დაგეგმეს და მთელი ორი წელი  იგეგმებოდა, ითმენდნენ და ახსოვდათ სვანებს და  ქალიან-კაციან-ბავშვიანად დუმდა სოფელი. ორი წლის თავზე კი, როცა მთელი საგვარეულო ერთად შეიკრიბა, ლატალელებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას და შიგ მყოფები ამობუგეს. ვინც გარეთ გამოვიდა, მოკლეს.

რასაკვირველია, მხერზე დღეობა წელიწადში ერთხელაა, მე კიდევ, როგორც lucky bastard-ი, ზუსტად მაგ დღეს მოვხვდი მანდ.

მხერზე წყალი არაა, შორს, მყინვართან მიდიან და  ცხენებით მოაქვთ. მე და ქეთის გაგვიმართლა, ახალი მოტანილი ქონდათ და დაგვალევინეს და თან ბოთლებიც გაგვივსეს. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ზემოთ და გზადაგზა წყალი არ შეგვხვდებოდა და მხოლოდ 0,5-ლიტრიანი ბოთლები გვქონდა წაღებული. პირდაპირი მნიშვნელობით, რაღა მე და რაღა სპანჯბობი ჰაერზე. ბოლო 15-ოდე წუთი, როცა ტყიდან გამოვედით და თაკარა მზეზე მივდიოდით, მართლა მეგონა, რომ რაღაც მომივიდოდა.

ბოლო, უჩრდილო აღმართი ყველაზე ძნელია, გგონია, რომ არასოდეს გათავდება და უცებ, მოულოდნელად ისეთი ხედები იშლება, ყველაფერი მაშინვე გავიწყდება. მე და ქეთის მაშინვე დაგვავიწყდა ყველანაირი დაღლილობა და გადაღიმილებულები და  ბედნიერები დავრბოდით აქეთ-იქით, კარგი კადრების გადასაღებად.

DSC_3197

ბოლო აღმართი. ეკლესიასთან ვდგავარ და იქიდან ვიღებ. ბილიკიც კი ჩანს და ადამიანები, წერტილებად.

იქ წყლის გარდა კიდევ ხორცი დაგვხვდა. ბევრი ხორცი. ჩვენ ლადომ გვაჭამა, იქვე უკითხია ერთ კაცს, ვისები ხართ რომ დადიხართო და რომ გაიგო, რომ არავისები არ ივნენ, ხორცი მიუცია. პირველად და მემგონი უკანასკნელად შევჭამე ხარის ხორცი.

DSC_3184

კიდევ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, პირველად ვნახე სვანური სიმღერა/ცეკვა. ქალიც და კაციც ერთსა და იმავე მოძრაობას ასრულებს თურმე.

DSC_3186

ეს ბაბუაც მღეროდა. ტიპიური სვანური ნაკვთები აქვს, მომრგვალებული.

DSC_3188

ხალხის ნაწილი ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად იქჯდა და თავისთვის ქეიფობდა, თავისი წილი ხორცი თან ქონდათ გადადებული, შამფურუკებზე აცმული.

DSC_3170

ერთადერთი ჩრდილი ეკლესიასთან იყო, ისიც წვრილი, და დასწრებაზე იყო ადგილები ჩრდილის მხარეს. მე ამერიკელი ტურისტები მომიჯდნენ საუბარში რომ არ ავყევი, ჩათვალეს რომ არ მესმოდა და გააგრძელეს მსჯელობა-“სამუშაო არ აქვთ, სახლი არ აქვთ, არაფერი არ აქვთ და მაინც სულ მღერიან და ცეკვავენ”-ო.

DSC_3158

DSC_3169

სვანი ბავშვი. ამაზე ბევრად პატარები დააჭენებდნენ ცხენებს.

DSC_3149

DSC_3131

DSC_3200

დაშვება დავიწყეთ. მე და ქეთი მოვდიოდით მარტოები და  გადასახვევი შეგვეშალა. რომელი ბილიკითაც ზემოთ ამოვედით, იმას ავცდით (მოგვიანებით ზუსტად მივხვდი, სად ავცდით) და იმ ბილიკს დავადექით, რითიც ცხენოსნები დადიოდნენ. ძალიან-ძალიან ტალახიან მოგზო ბილიკს, რომელიც წარა-მარა იტოტებოდა და ალაგ-ალაგ ისეთი უკაცრიელი იყო, გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ არ დავიბენი და იქვე მიმავალ ხალხს ავეტუზე. ქეთის კი ტკიოდა ფეხი, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა და რაც ძალი და ღონე ქონდა, მოდიოდა და მოდიოდა.

DSC_3206

მერე მივხვდი, რომ იქ ყველა ბილიკი მაინც სოფელში ჩაგვიყვანდა, მაგრამ ტყეში მარტო ბორიალი მაინც არაა სასიამოვნო, როცა არ იცი საით მიდიხარ და იმ ადგილას პირველად ხარ.

პ.ს. სვანეთის ყველაზე სამახსოვრო მომენტი მაინც ის იყო, როგორ გვეძინა მხერიდან ჩამოსვლისას ძალიან დაღლილ მე და ქეთის ტყეში, ბლიკიდან ორ მეტრში, სამკარგფოტოაპარატასხმულებს. აქ ჩემი ფეხი ჩანს ბუნდოვნად და იმ მომენტში გადაღებული ერთადერთი ფოტოა.

მთელი ლატალი იქვე დადიოდა და კაციშვილს არ შევუწუხებივართ. თავიდან ვითომ წამოვწექით და ვისვენებდით. ცოტა ხანში მივიხედე და- ქეთის ჩაძინებია. მერე წასვლა შევთავაზე და მოიცა, ცოტა ხანიც იყოსო. მერე მე ჩამეძინა და ქეთი მაღვიძებდა, მაგრამ მოიცა, ცოტაც დავიძინოთ თქო და ასე, გამოვიძინეთ გემრიელად. ცხენოსნები დაჩაქჩაქებდნენ, ზოგი ოდნავ შეანელებდა, შემოგვხედავდა და გზას აგრძელებდა. ახლაც ზუსტად მახსოვს ის შეგრძნებები, მახსოვს როგორ ტკბილად გამოძინებულს და დასვენებულს გამომეღვიძა ტყეში, დიდი ხეების ძირში, პირდაპირ ბალახზე დაწოლილს.

DSC_3205

კინაღამ დაკარგული ბათინკები


მიუხედავად იმისა, რომ სველოდა, წვიმდა, თოვდა, ქარიშხალი იყო და მიწისძვრა და ურაგანები და ხვლინჭკობები და ამისწინა პოსტის განწყობა მჭირს ჯერ კიდევ,  კიარადა, მიუხედავად ყველაფრისა, ავდექი და წავედი  კახეთში,  შემოდგომის სანახავად.


ჩანთა ბოლო წუთებში ჩავალაგე, საწვიმარი ბოლო საათებში ვითხოვე, ზვიოს ბოლო დღეს ვთხოვე გავეყვანე დილის ექვსზე კოლმეურნეობაზე და ისე საყვარლად დამაგვიანდა, რომ მემგონი ჩემი ლაშქრობა-ექკურსიების ისტორიაში პირველად (და იმედია უკანასკნელად) იმ გვერდითა სკამზე ვერ მოვხვდი, როცა “მარტო როცა მივდივარ” , მაშინ ვჯდები ხოლმე. სამაგიეროდ, სულ წინ ვიჯექი და გათბობა მქონდა ცხვირწინ და დასველებულს 5 წუთში მაშრობდა.
ძალიანძალიან მინდოდა ახმეტის თეთრი გიორგი მენახა. ამ ეკლესიაში სამი წლის ასაკში მომნათლეს (და ცხვარიც დაკლეს), ხოდა როგორც იქნა მივაღწიე იქამდე. ისე, იქაურები იძახიან ხოლმე, თეთრგიორგში თუ მიდიხარ, უკან არ უნდა გაბრუნდე, შურისძიება იცისო და რაღაც საშინელ ისტორიებს დააყოლებენ ხოლმე.

მერე ალავერდი ვნახეთ და გავბრაზდი, იმდენი შეზღუდვა დამხვდა.

მერე იყო ისა… მმმ…სატვირთოთი ბოდიალი ძალიან ლამაზ ტყეში. გზა საკმაოდ ტალახიანი იყო და მანქანა ალაგ-ალაგ ბუქსავდებოდა, ალაგ-ალაგ ორმოებში ვარდებოდა, ალაგ-ალაგ კიდევ რაღაცნაირად ქანაობდა, “დრიფტაობდა” , ალაგ-ალაგ საერთოდაც ბორბლები ღრმა თხრილებში უვარდებოდა და ორმო-ორმო დავდიოდით. გზა იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ თან ჟინჟლავდა, თან თავს ძლივს ვიმაგრებდი და ფოტოები არ გადამიღია, სანამ არ მივედით.

გზა ვითომ საშიში იყო, მაგრამ თუშეთში და ტბათანაში ასვლის გამოცდილება გავიხსენე და საერთოდ გამიქრა ყველანაირი შიში, თუ რამდენიმე ორმოს/ტალახს არ ჩავთვლით, სადაც ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი და თან ცოტაარიყოს ვაიმე. რამდენიმეგან მანქანა ისე გადაიხარა, მეგონა რომ ამოყირავდებოდა.

ფოტოები მინდოდა გადამეღო, “სიცოცხლის” თემატიკით, რამდენიმე დღე მუზას ვეძებდი და არ მოდიოდა, ხოდა იმ კონკრეტული დღის ხასიათიდან გამომდინარე, რომ მივიხედ-მოვიხედე, უცებ მივხვდი რა უნდა გადამეღო და ასეთი სიცოცხლე გადავიღე.

მერე უკან დავბრუნდით, იმავე სატვირთოთი, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ასვლისას და ვაზისუბნისკენ დავიძარით. უკვე ბნელდებოდა, გზა შორიაო, დაღამებულზე ჩამოხვალთო, ჩემი კოჭი გავიხსენე და დავრჩი. მირჩევნია ახლა გამოვტოვო წვრილმანები და შემდეგ ზაფხულს ბეეევრი ვიარო, ვიდრე პირიქით-თქო.

სამი გადაბმული სკამი ავარჩიე, ვიღაცის ჩანტაზე ჩემი პარალონი დავდე, ტალახიანი ბათინკები მაქსიმალურად უსაფრთხოდ შემოვალაგე მძღოლთან რომ ამაღლებული ჯებირია, იქ, ზემფირა ჩავრთე და ისე ჩამეძჳნა, ვერც მივხვდი. სანამ ხალხი ბოდიალობდა მე და რამდენიმე ადამიანს ასე გვეძინა, მაგრამ ხან ვინ დარეკა იმის გასაგებად, რატომ დავბოდიალობდი და თბილისში არ ვიყავი, ხან ვინ-რატომ მეძინა მარშუტკაში და არ დავბოდიალობდი და იძულების წესით გავიღვიძე.

დანარჩენებმა დაუღამებლად ჩამოაღწიეს, თქვეს რომ ძალიან ლამაზი ადგილები ნახეს და რომ მე მომეწონებოდა. მე გავიღიმე და გავიარეთ.

მერე თეოს სახლში მივედით და უზარმაზარი სუფრა დაგვხვდა. გაძუნძგლულები და გაბომჟილები ფეხსაცმელებს ეზოში ვიცვლიდით, რომ მთელი ის ტალახები ოთახებში არ შეგვეტანა. მე მოვახერხე და უცებ ტანსაცმელიც გამოვიცვალე, მაბარძგვალებს, როცა ტალახიანი რამე მაცვია მაშინ, როცა სუფთა გარემოში ვარ.  კარავში ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ უცებ გაწკრიალებულ გარემოში მოხვედრისას აბზზ დამემართა.

ვიცოდი, რომ არავინ არ უნდა დაგვხვედროდა და უცებ ამდენი მასპინძელი დაგვხვდა და უცხო გარემოში ორი დღე მეზობლის ბავშვივით ვიტუზებოდი ხან სად, ხან სად, ყავისთვის ცხელი წყლის მოთხოვნებით და აბაზანასთან მიყარაულეთ-რაა-თქო.

გემრიელი ღვინო იყო, საჭმელი კიდევ უფრო უკეთესი, განსაკუთრებით ჯონჯოლის მწნილი და ბადრიჯანი ნიგვზით, რომელსაც ბროწეულები ზემოდან კი არ ეყარა, შიგნით ქონდა, გულსართში, და ბევრად უფრო უკეთესია ასე, სხვათაშორის. ხოდა კიდევ ძალიან კახური სუფრა გვქონდა სადღეგრძელოებით, კახური იუმორით და ანეგდოტ-სადღეგრძელოებით და ჩვენი სიმღერის მცდელობებით. (ტექსტები არ ვიცოდით ბოლომდე არაფრის)

მერე, როგორც  ხდება ხოლმე, ბიჭები მაგიდიდან აიშალნენ, გოგოები დიასახლისებს მაგიდის ალაგებაში მივეხმარეთ და მერე გოგოებმა კი დავიძინეთ, მაგრამ დიდხანს მესმოდა, ბიჭებს როგორ არ ეძინათ და როგორ დადიოდა ლაშა საქმიანად და ხმამაღლა წინ და უკან.

ზეგაანი

ზეგაანი

დივანზე მეძინა, ლოგინები გაგვიშალეს, მაგრამ მე სპალნიკში ჩავწექი, ასე უფრო “სახლში” ვგრძნობ ხოლმე თავს. კარგა ხანს ვერ მოვისვენე, მოუხერხებლად ვიწექი, და უცებ მივხვდი რატომ, პირიქით მეძინა. შემოვტრიალდი, ანუ ფეხების ადგილას თვი დავდე, როგორც სახლში, იმ მიმართულებით დავწექი და მაშინვე გავითიშე.

დილით პარკის შარიშურმა გამაღვიძა, ის-ის იყო, პატაპუტინას მანევრი უნდა შემესრულებინა, მე აქ მძინავს-თქო, მაგრამ გადავიფიქრე, გვერდი ვიცვალე და თავიდან დავიძინე, სანამ ყველანი აიშლებოდნენ.

ზეგაანის ტყე ძალიან ლამაზი იყო, აი უძალიანლამაზესი, მშვიდი და რაღაცნაირი, ნისლიანი. აი ისეთი, რომ უნდა დაჯდე და გაირინდო და სიჩუმეში ფოთლები ცვიოდეს და შენ უყურებდე და იმაზე ფიქრობდე, როგორ მოკვდები შენც ამ ფოთოლივით და სანამ დრო გაქვს, უნდა იცხოვრო.

მაგრამ მერე გაწვიმდა, აპარატი შევინახე, მოუთმენლად ავიწურე წასვლის მოლოდინში და შემდგომი რამდენიმე საათი მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, როგორ მივიდოდი სახლში, ავანთებდი ღუმელს, ჩავიცვამდი პიჟამოებს, გავეხვეოდი თბილ ხალათში და დავლევდი ყავას.

განწყობის ამბავია ყველაფერი, მე რომ “მერერარომწვიმს” ნოტაზე მოვმართულიყავი, ალბათ ბევრს გავერთობოდი, მაგრამ რაღაცეები ნანახი მქონდა, თან ცუდი ფეხსაცმელი მეცვა, ბათინკი ძალიან ჭუჭყიანი იყო და ბოტასი ჩავიცვი, წვიმაში გადაღება არ გამოვიდოდა და ნუ მოკლედ… ვინანე, რომ წიგნი ან ქინდლი არ წავიღე თან.

კიდე რაღაცეები ნახეს იმ დღეს, მე მაკროები ვნახე/გადავიღე, ხარება და გოგიას მოვუსმინე იქვე მოქეიფე ხალხის შესრულებით.

სანამ  მრგვალ ეკლესიას იღებდნენ ,რომელიც რომელიღაც ვიღაცამ (ნიტო თემმურ-ნელგმა ნიტო ჩინიზ-ხანმა ნიტო ყვავი-ჩხიკვის მამიდა-დამპყრობელმა) თავლად გადააკეთა, მე გასვლის საუკეთესო ფოტო გადავიღე, იმჰო, რასაკვირველია.

მერე იყო ღამის თელავი და კხმ, აი სხვას აპარატს რომ მიცემ, რა მოსდის ფოტოებს, არადა ავტომატური გადაღების რეჟიმზე მეყენა, მეტი მარტივი რაღა დამეყენებინა, ა? …

მერე… მერე იყო ეს, უძველესი ჭადარია ასე მორთული, ავატარში სიცოცხლის ხე რომაა, იმას გავს.

მერე სახლი იყო. სახლში მისულმა, როგორც მჩვევია, ბარგის “დათვლა” დავიწყე,  “ჩამოვთვალე” რუგზაკი, პარალონი, ფოტოაპარატი, საწვიმარი და უცებ მივხვდი, რომ ბათინკები არ მქონდა. არც მძღოლის ნომერი მქონდა, სასწრაფოდ ვიკითხე ფბ-ზე კარავის ჯგუფში და მაშინვე მიპასუხეს (გულიკი) , რომ გადავრეკე, მარშუტკა გააჩერა, მოძებნა და ვერ ნახა, თუმცა მითხრა, რომ ბოლოს ჩამოსულებმა ყველაფერი წაიღეს. ამასობაში ფბ-ზე ავტეხე განგაში და დავაფრქვიე ცრემლები (მართლა ვტიროდი, მოლაშქრისთვის კარგი ბათინკი ყველაფერია, ესენი კიდევ ორი წელია მაცვია და ძალიან მიყვარს და ფეხზე მაქვს მომჯდარი და ახლის ყიდვა დიდი თავისტკიილია). ორგანიზატორმა მითხრა, ვინც ცხოვრობდა გლდანში, მერე ერთ-ერთმა მონაწილემ დამიპოსტა, ჩვენ გვაქვსო და ამოვისუნთქე მშვიდად და მოვიწმინდე კურცხლები.

არა, კი ვიფიცებოდი, რომ წლის ბოლო გასვლაა თქო, მაგრამ მემგონი კიდევ წავალ სადღაც…

p.s. ფოტოების სრული ალბომი იშოვება აი ამ ლინკზე

ჩემი შემოდგომა 2012


ქონდრის ჩაის მთა-თუშეთის სურნელი აქვს


თუშურ წინდებს ვქსოვ, ვიხსენებ როგორ უნდა ქუსლის ამოყვანა და ხუთი ჩხირით ქსოვა. ჯერ ერთ ფერში, შემდეგ ჯერზე ფერებსაც გავურევ.

ეზოში შემოდგომურები ყვავიან.

მიწა უკვე ნესტიანია, ტყე-სველი, ამინდები-სუსხიანი. ბოლოჯერ ვიჯექი წელს კოცონთან.

კლავიატურის გვერდით ბროწეულები მელოდებიან, როდის გავარჩევ.

ზაფხულამდე დიდი დროა,  და იმის იმედი, რომ ამ ზაფხულს მომავალი ზამთრის ქონდრის ჩაის მარაგს შევაგროვებ, არის.

ცოფიანები გუდარეხში


ტაქსისტებში მიმართლებს ხოლმე ზოგადად, დილასაც იმის მაგიერ, რომ ნავთლუღში მივეყვანე, ორთაჭალის ავტოსადგურში მიმიყვანა “ყოჩაღმა” ტაქსისტმა, შედეგად მთეეელი 15 წუთი დამაგვიანდა და 10-ზე გასასვლელი ჯგუფი 11-ზე დავიძარით თეთრიწყაროსკენ. გზაში იმდენი ვიტლიკინეთ, მთეი მარშუტკა შეწუხებული გვიყურებდა და მძღოლმა შვებით ამოისუნთქა, როცა ჩავედით.

თეთრიწყაროში რაღაც ეკლესია ვიშოვეთ სანახავად, სანამ ბიჭები ეკლესიაში იყვნენ , გოგოებმა ლეკვები გავბურჯგნეთ.

ჭანჭურით დასახიჩრებული ადამიანი გინახავთ? არა? ხოდა აჰა, მნახეთ. გადავდიოდი გზაზე ჩემთვის (ხო კაი, მარჯვნივ და მარცხნივ არ გამიხედავს) და უცებ საიდანღაც მოფრენილმა ჭანჭურმა კინაღამ თვალი გამომთხარა. თურმე ვახო ესროდა ქეთის, ჭანჭურმა გზაში გადაიფიქრა, გამოფრინდა ჩემსკენ და მე ვერ დავინახე ხოდა ისა… ცივი ბოთლით ვიარე ხუთიოდე წუთი.

ჯერ ლუდი დავლიეთ, მერე გზაზე გავედით და ბოდიალი დავიწყეთ, გზადაგზა ხალხი გვამშვიდებდა, თქვენ დღეს ამას ვერ მოასწრებთო, თუმცა იმათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ გვქონდა ამობეჭდილი რუკა, შოდას “ანდერძი” და კიდევ ჯიპიესი და მთელი ორი ყოჩაღი თავი, რომელმაც ამ ყველაფრის ხმარება/გამოყენება იცოდა. (თავები უფრო მეტი კი იყო, მარა ამ ორმა მეტს არავის არ აცადა). პლიუს, ხატია და ვახო ინტუიციითაც იყვნენ შეიარაღებულები.

გზ იყო ისეთი მოსაწყენი, მტვრიანი და მზიანი და ქარიანი და უკაცური და მოგრეხილი, რომ გზაში კინაღამ მოწყენილობისგან და სიცხისგან ფეხები გავფშიკე.

 

ყველაზე უცნაური, რაც თეთრიწყაროს რაიონშია, არის ის, რომ არიან ძალიან ბევრი გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე მეცხვარეები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ სად იმყოფებიან და რომელი სოფელიც არ უნდა კითხო, არ იციან… თითქოს არსაიდან მოდიან და არსაით მიდიან.

მერე ერთი საეჭვო მეტყევე შემოგვხვდა, დიდისამბით გამოვკითხეთ გზა, მაგრამ როგორც თქვენ იარეთ იმ გზით, ისე ჩვენ… ციხე როგორც კი გამოჩნდა გზიდან გადასახვევად ავწრიალდით

 

და პირველივე შედარებით “საეჭვო” გადასახვევში შევუხვიეთ, შედარებით გრილ ტყეში შევედით. გზადაგზა თეორიულად ძალიან ბევრი გადასახვევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ სულ ორი ვიპოვეთ, არც ერთს არ მივაქციეთ ყურადღება და პირველივე მინდორთან დავისვენეთ, ლუდი გვითბებოდა და…

ლიმონათები არ ესხა :/

ამ დროს გოცომ მოახერხა და ჯერ ლუდი გადაისხა ფეხზე, მერე პერეკისი და მერე რაც რამე სითხე მივაწოდეთ, ყველაფერი ზედ გადაივლო.

ტალახი ჩვენი არსობისა

მივდიოდით, მივდიოდით და გზა აღარ მთავრდებოდა, თან არასწორი მიმართულებით მიდიოდა. გადასახვევებს და მოკლეზე ჩასაჭრელებს ვეძებდით, ჯიპიესის მიხედვით, გზიდან  ხელმარჯვნივ რომ მთა იყო, ის უნდა გადაგვევლო ადგილზე მისასვლელად, მაგრამ იმ ბარდებში კატაც ვერ გაივლიდა, ხოდა მივუყვებოდით ტალახიან გზას და ვცდილობდით მაინცადამაინც ბევრი ტალახი არ აგვეწეპებინა.

ბოლობოლო მდინარესთან ჩავედით, წყლის მილი დავინახეთ და გაგვიხარდა, ლოგიკურად, სოფლამდე უნდა მისულიყო მილი, პლიუს იქვე ნატრაქტორალიც დავინახეთ და ბევრი არ გვიფიქრია, შევუყევით აღმართზე მიმავალ ე.წ. ბილიკს, რომელიც ალაგ იკარგებოდა, ალაგ ისევ ნატრაქტორალი ჩანდა. ხოდა ბოლოს მივედით ბლახებიან და თივისზვიანებიან მინდორზე, გადავირიეთ, გადმოვირიეთ, ვიპოზიორეთ.

და მერე დავინახეთ რომ სამანქანე გრუნტის გზასთან მივსულვართ, (მემგონი ისევ იმ გზამდე, ბილიკზე გადმოხვევამდე რომ ვიდექით და ამ ბილიკით შევიმოკლეთ), ჯერ ერთ მხარეს წავედით… არ მოგვეწონა მიმართულება, თან ჯიპიესი გვიჩვენებდა, რომ სოფელი გზიდან მარცხნივ გვრჩებოდა, მოვბრუნდით, ტყეში შესასვლელი ბილიკი მოვნახეთ ცხენისფლოქვებიანი, როგორც მეტყევე შეგვპირდა, უნდა შეგვხვედროდა და ამითი მივხვდებოდით, რომ ისა…) და პირდაპირ ციხისკენ ანუ გუდარეხისკენ გავემართეთ.

ხოდა ისიც დავინახეთ….

ლამაზი გზა იყო, თან გრილი და მერე რა, რომ გზაზე პაწუკა გველები დასრიალობდნენ და კიდევ აი ეს ხე ვნახეთ და კახისის ხეები გაგვახსენდა, ასეთებზე რომ ვიარეთ ისე, რომ მიწაზე ფეხი არ დაგვიდგამს.

ციხეზე მეტად მე ველები მომეწონა, ისეთია, ერთი დღით რომ უნდა წამოხვიდე, ფოტოსესიის ჩასატარებლად.

ესეც ციხე, რავიცი, ოდესმე ვინმე თუ დაინტერესდება. მთავარი აქ მაინც ისაა, რომ ძალიან ცუდი ხასიათის ძაღლები ყავთ აქ, მოპარვა იციან და ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი.

ეკლესიისკენ დავიძარით. ოთხი კილომეტრი იქით, ოთხი აქეთ, ჩვენი გათვლებით 2 საათი უნდა დაგვეხარჯა. გზაში ქაქუცას ნაბინავარი ვნახეთ და გულწრფელად შემეცოდა იმ კლდის ქვეშ დაბინავებული ქაქუცა.

გზა აიყო ულამაზესი, ალაგ-ალაგ ისეთი ლამაზი, სუნთქვა რომ გეკვრება და თავი ზღაპარში გგონია, ხის უკნიდან საცაა ჭინკა რომ გამოიხედავს ან ტროლი. ნევერლანდია.

და გზაზეა ძალიან ბევრნაირი და უცნაური ფორმა/ფერის სოკოები. ერთ მათგანს რომ დავეტაკეთ, ავაწიოკეთ მორიანად.

სოკოს ხამები

შედეგი

გზადაგზა… ვოცნებობდი აქ წამოწოლა-დასვენებაზე… მაგრამ, ეკლესია გვაქვს სანახავიო და მივჩანჩალობდით ეს მშიერ-მწყურვალი ხალხი… ხო კაი, მშიერი მარტო მე ვიყავი და ვიხვეწებოდი, ლორი მაქვს ჩანთაში და მომეცით საშუალება გაჭამოთ თქო მარა ჰხა…

ამასობაში პაწუკა ეკლესია ვიპოვეთ, სიამოვნებით დავბრუნდებოდი უკან, მაგრამ გოცომ ვერ მოისვენა, ეს ის არაა, რასაც ვეძებთო და გზა გააგრძელა, მერე დაგვირეკა კიდეც და ჩვენც წავედით. უფრო სწორად, ესენი წინ წავიდნენ, მე უკან მივჩანჩალებდი ჩემთვის, ჩუმად.

ეკლესია დავინახე, მაგრამ ძაღლის ყეფა რომ მომესმა, წყაროსთან გავჩერდი და აღარ ავედი. მესმის – ჯერ ძაღლი ყეფს, მერე ქეთის უწიპუწი, მერე უცებ ხმამაღალი შეკივლება. აი მანდ დამცხა, ვზივარ, ვწრიალებ…ამასობაში გავიხედე და დიდი ძაღლი მოყავთ, უფრო სწორად საყელურით მოათრევენ, ისიც იქაჩება და ძლივს ერევა მამაო. მეორე ბიჭი მოვიდა, ცოტა იქით გადი, ადამიანებზე იწევსო… რკინის ვაგონში შეკეტეს (იქიდანაც ყეფდა), მე ზემოთ ავედი და.. სხედან სამრეკლოს კიბეებზე უცნაური სახეებით. ქეთი სიცილით მანახებს ნაკბენს, სისხლი სდის და ოთხიოდე კბილი ეტყობა, საკმაოდ ღრმად.

შემთხვევის მოკლე შინაარსი: გოცო რომ ავიდა, ავი ძაღლი გამოუვარდა, მარა იქვე ორი მეგობარი ძაღიც ყავდა და ჯერ ისინი გამოვიდნენ და იმიტო გადარჩა ეს. მერე დააბეს ავი ძაღლი, ამასობაში გოცო ურეკავს ყველას გასაფრთხილებლად, მაგრამ გათიშულები გვაქვს მობილურები. შემდეგ გოგოები ადიან, მე  დაბლა ვრჩები, ესენი უშიშრად მოძრაობენ, ავიძაღლი დაბმული გონიათ. ამან აიწყვიტა და გამოექანა ქეთისკენ, გოგო გადაეფარა, მარა ძაღლმა გაწია თუ გვერდი აუარა, მოკლედ, მოახერხა და მენჯთან უკბინა ქეთის.

ძალიან გამაღიზიანა მამაოს და მისი ხელქვეითების ცინიკურმა და აგდებულმა დამოკიდებულებამ. მერვე ხარ ვისაც უკბინა-ო. არც წყალი მოგვაწოდეს, არც საპონი, არც არაფერი…

მერე წამოვედით, სიცილ-ხარხარით და ხუმრობა-ხუმრობით. ქეთი რისი ქეთი იყო, იქ ტირილი და ისტერიკა დაედო. წარმოიდგინეთ ვიღაც ნაზინუზა გოგჩოსთვის/ბიჭისთვის ეკბინა ძაღლს ასეთ სიტუაციაში… იყოს, არ გვინდა. გზადაგზა უცებ ჭრილობა დავუმუშავეთ პერეკისით, მწვანე მალამო წავუსვით, დავსკოჩეთ და გზას დავადექით. შიმშილი ვიღას ახსოვდა, ოღონდ დროზე გამოვსულიყავით გზაზე.

გუდარეხს რომ გავცდით და აბრამეთიკენ სვლა დავიწყეთ, უკვე ბინდდებოდა. მივდივართ და უცებ რაღაცას დავადგი თითქოს ფეხი და არ შევიმჩნიე, სამაგიეროდ ქეთიმ შეიმჩნია და ხელი გვტაცა მე და გოცოს, გველიო… იმხელაზე იფრინა გოცომ, გველი ვიღას ახსოვდა, კვდებოდა ქეთი სიცილით. იმის მერე რამდენი ვიღაცას ხელს წაავლებდა ქეთი, ყველა შეშინებული ხტებოდა.

ბევრი კილომეტრი გვქონდა გასავლელი უცნობ გზაზე, ალაგ-ალაგ ტყეში, ალაგ სოფელზე. ძალიან-ძალიან სწრაფად დავდიოდით, შესვენებების გარეშე, აი აქ მართლა დავიკარგებოდით, ჯიპიესი რომ არა, ძალიან  მარტივად ვირჩევდი იმ გადასახვევებს, აბრამეთისკენ რომლებიც მიდიოდა. მერე და მერე სულ დაბნელდა, ფანრები ამოვიღეთ  და ფანრის შუქზე გავაგრძელეთ ბოდიალი მკვდარ სოფელში.

გივლიათ ოდესმე სოფელში, სადაც ყველა სახლი ჩაბნელებულია ,არსაიდან არაფრის ხმა არ ისმის გარდა სააადღაც შორს მყეფარი ძაღლებისა? აპოკალიფსის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რომ გადარჩება და დადიან, დაბოდიალობენ ხალხის ძებნაში, აი ისინი ვიყავით. მივდიოდით-მივდიოდით-მივდიოდით და ცივილიზაცია არსად ჩანდა.

ერთადერთხელ გავიარეთ რაღაც კოტეჯების ახლოს (რუკაზე ასე იყო ყოველ შემთხვევაში) და ძაღლები გამოგვივარდნენ ყეფით. საბედნიეროდ ახლოს არ მოსულან.

ახლა არ მახსოვს რა სისულელეებზე ვლაპარაკობდით, მაგრამ მთელი ის გზა ენა არ გაგვიჩერებია, ვტლიკინებდით-ვტლიკინებდით-ვიცინოდით-ზოგი მღეროდა კიდეც. ტრასამდე მისულებს ისევ ძაღლები შეგვხვდა, ამჯერად მეცხვარესთან ერთად, მოვიდა, ფანარიკი მოგვანათა, თბილისის მიმართულებით ხელი გაგვიშვირა, ძაღლს დაუძახა  და  ისევ კოცონთან დაბრუნდა. ჩვენ კიდევ მემგონი ზემოდან გადმოგვხედეს, ეყოფათ ამდენი ხვლინჭკობებიო და სატვირთომ გაგვიჩერა. ცხვრის სუნად კი ყარდა (თან როგორ ყარდა), კუსავით მიბობღავდა და გზადაგზა ფუჭდებოდა, მაგრამ ვინ დაეძებდა, ისეთები შევეჭეჭყეთ კაბინაში 5 კაცი, ვინ ვის მუხლზე იჯდ და ვინ ვის ჩანთას ებღაუჭებოდა, არ ვიცი. ხატი საერთოდაც საქარე მინაზე იყო აკრული…

კოდაში ჩამოგვსვა, ასე ვერ ვივლი, დაგვაჯარიმებენო. ავტობუსის გაჩერება დავინახეთ და ვეცით საჭმელს, გავშალეთ საკამებზე და ავაიმე, ისეთი ხელის კანკალით ვჭრიდით კალბასებს, ყველს, კიტრს, პამიდორს… უფრო ვშთანთქეთ, ვიდრე ვჭამეთ მთელი დღის მშიერებმა.

მერე.. მერე იყო ვიღაც ძალიან კეთილი ბიძია დიიდი ჯიპით, ხომ გაგვიჩერა, გზადაგზა ისტორიები მოგვიყვა, მერე რომ გაიგო ინფექციურში მივდიოდით, ჯერ ბანკომატთან გაგვიჩერა რომ ფული აგვეღო, მერე ინფექციურთან მიგვიყვანა და წავიდა.

სამნი გარეთ დარჩნენ, მე და ქეთი შევედით დიდი ბოდიშის მოხდით, პახოდიდან მოვდივართო. (ანუ საერთოდ ესეთი ბომჟები კი არ ვართო) ექიმი დეიდა დაგვხვდა, ისე გვიყურებდა, ორი მეტრის დისტანციიდან, მაშითაც კი არ მოგვეკარა, საუბრისას ჭერში იყურებოდა… მეორე დღეს მოდითო, ხოდა მივედით და ისეთი საყვარელი ექიმი დაგვხვდა, სულ სიცილ-ხარხარით აცრა ქეთი. თუ რამე, გაპუწული ქერა ქალი რომ ზის იქ, პომადის და კლაჩის გარეშე ნუ მიხვალთ მაგასთან მაინც, რავიცი… შანსია რომ გითხრათ აცრა საერთოდ არ გინდაო… : ))

პ.ს. შოდა იფიცებოდა, 20 კილომეტრი იარეთო. მე მაინც მგონია, რომ უფრო მეტი იყო. ჩვენ ხო ისეთი ყოჩაღები და საყვარლები ვართ, რომ ორმოცსაც გავივლიდით.

just, ყველაზე სოფლელი ბავშვი


-რა ხდება ახალი?

-რავი, არაფერი, ყველაფერი ძველებურად

გაგიკვირდებათ და ბავშვობაში ბუნებაზე, ბალახებზე და ხეებზე არ ვგიჟდებოდი, არც მწვანე ბალახზე წოლაზე ვოცნებობდი, არც მთები მიყვარდა, არც ტყე

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წელიწადში სამი თვის განმავლობაში:

  • დავძვრებოდი ყველა ხეზე, რომლებზეც ხელი/ფეხი მიმიწვდებოდა (უკიდურეს შემთხვევაში კიბის მიდგმაც მოსულა, თუ ხემდე მითრევა არ დაგვეზარება)
  • მეკიდა საქანელა კომშის ხის ქვეშ, ჟოლოს ბუჩქების გვერდით,  გოგრაბლის და ლეღვის ხეების ახლოს
  • მეზობელ ნაკვეთში მუხლამდე აყვავილებული ბალახი იზრდებოდა, ბევრჯერ ჩამძინებია შიგ ჩაწოლილს
  • მქონდა “სახლი” ნაკვეთის ბოლოში, რუს გვერდით არსებულ ხეზე (წიგნის საკითხავი, წამოსაწოლი და სათვალთვალო ტოტებით)
  • სახლიდან ას მეტრში იშოვებოდა ძალიან ციცაბო გორა და ტყე, სადაც სახლიდან გაპარული დავიარებოდი
  • ცოტა უფრო მოშორებით იყო წისქვილი, დაგუბებული წყლით, სადაც ვბანაობდი და ყოველდღე მქონდა წყლის ღარებში ჩავარდნის შანსი (ერთხელ კინაღამ ისა)
  • როცა “ახალი წყალი” დაწყდებოდა, მეზობლის “ძველი წყაროდან” ვედრებით მოვაკონწიალებდი
  • ვაცხობდი ტალახის კვერებს, ბალახით შეკმაზულს, სამშენებლოდ მოტანილ და მონარჩენ ქვიშაში ვაშენებდი ქალაქებს, ვაცხობდი კოცონზე ნამცხვრებს (ნამდვილს)
  • დავიპარებოდი მეზობლის ბაღებში მკვახე ვაშლებზე, ქლიავებზე და მჟავე ყურძენზე, ნუ, ალაგ-ალაგ სიმინდებზეც (სახლშიც მქონდა, მაგრამ მეზობლისა უფრო გემრიელია)
  • ვაგროვებდი კოლორადოს ხოჭოებს (ახლა ვერ ვხვდები, როგორ ვკიდებდი ხელს) და მერე ვიღებდი კიდევაც  კარტოფილს
  • ვკრეფდი ჯონჯოლს, ვაგროვებდი კვერცხებს
  • მოწველა არ ვისწავლე, დღემდე სიკვდილივით მეშინია ყველაფრის, რასაც ჩლიქები აქვს და წიხლის სროლა შეუძლია
  • ვჭამდი ყველანაირ ხილს, ოღონდ მკვახეს და მარილით, ერთხელ ინტერესის გამო ნედლი სიმინდიც კი გავსინჯე
  • და სხვა მრავალი

ყოველ ზაფხულს, სამი თვის განმავლობაში, ბებიაჩემის უბანში ყველაზე “სოფლელი” ბავშვი ვიყავი ხოლმე, გაჩეჩილი თმით, მტვრიანი ფეხებით, დალურჯებულ-დაკაწრული ხელ-ფეხით და დაბრაწული კანით.

დღემდე გულწრფელად მიკვირს, როგორ ინარჩუნებდნენ სოფელში ზაფხულობით ხელ-ფეხის იდეალურ სისუფთავეს და ნაზ თეთრ კანს ჩემი ყოფილი მეზობლები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მოწყენილობისგან ლამის სული გამეფრთხო, მიხარია, რომ ასეთი ბავშვობა მახსოვს და არა კომპიუტერს მიჯაჭვული.

მალე ბიცოლაჩემი ჩამოვა, შვილიშვილებს ჩამოიყვანს, მე ისევ წავალ სოფელში, ვესტუმრები, ბაღს შემოვურბენ სუნსულით, იქნებ რამე კბილის გასაკრავიც ვიპოვო.

პ.ს. მერე რა, რომ ამას ბოლომდე არავინ  წაიკითხავს, მე ხომ დავწერე.

ჩემი სოფლის სასაფლაო


დედაჩემს ერთი მამიდა ყავდა, რომელმაც ანდერძად დაუბარა ქმარს, სანებაში არ დამკრძალო, თორემ იცოდე თან გაგიყოლებ, თეთრგიორგში დამკრძალეო.

გარდაიცვალა ეს ქალი, ქმარმა ცალ ფეხზე დაიკიდა და დაასაფლავეს სანებაში, ანუ იქ სადაც ქმრისიანები “იწვნენ”.

წლისთავს ერთი კვირა რომ ეკლდა, მეზობელმა ნახა სიზმარში, “ყველაფერი მზად მაქვს, უნდა წავიყვანოო”.

“ცოდოა, აცადე, შვილიშვილებში გაიხაროსო”- სთხოვა ამ მეზობელმა (სიზმარში, რასაკვირველია)

ცოტა დაფიქრებულა და… “კაი, მაშინ [მეზობლის სახელი] წავიყვანო.”

წლისთავზე ამ ქალის მეზობელი მოკვდა.

ხო, ეს ყველაფერი დედაჩემმა მომიყვა , ბებიაჩემის საფლავზე ამოსულ ხეებს რომ ვმარგლიდით.

ჩემს სოფელში სულ ოთხი ეკლესიაა, სანება, ანუ წმინდა სამების სახელობის, თეთრგიორგი ანუ თეთრი გიორგის სახელობის, ხვთიშობლის ანუ წმ. მარიამის  და ნათლისმცემელი- წმ. იოანე ნათლისმცემლის რომელიღაცა შუა საუკუნის ეკლესია და სასახლე, რომელიღაცა რუსუდანს რომ აუშენებია რომელიღაცა მეფესთან გაყრის მერე. ჩვენები ცხრაკარას ეძახიან, “მოფერებით”, ორ ალვანს შუა გორაზეა შემოკონწიალებული და გზას გადმოყურებს. ძველისძველები იძახიან, რომ იქ გვირაბია, რომელშიც წყაროა და განძია და რომელსაც დიდი გველი დარაჯობს და რომ ალავერდი, ცხრაკარა და ბახტრიონი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები. ახლა მაღლა, ეკლესიასთან და ციხესთან წყალი არ არის, ადრე, ალბათ, იქნებოდა და იქიდან მოდის ეს ლეგენდაც, ალბათ.

ჩემი საყვარელი წარმართები რისი წარმართები იქნებოდნენ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის უკან ნიშია, სალოცავი, ბუღრიძეების გვარის, თუ სწორად მახსოვს. თუშეთის მთებიდან ჩამოვიტანეთო, ასე მითხრეს.

მეცხვარე სასაფლაოს მისადგომებთან

ეგ კიარადა, ცხვარიც შევწირეთ პირადად ჩვენ (ანუ დედაჩემმა) ერთხელ მანდაურობას, მივიყვანეთ, რქების წინ ბეწვი წაუტრუსეს და მერე დაკლეს და მწვადები შეწვეს.

სულ ზემოთ

ასავლელი გზის დასაწყისი

მე ყველაზე მეტად თეთრგიორგის სასაფლაო მიყვარს. სოფლიდან მოშორებით, გორაკზე შეკონწიალებული,  ციცაბო აღმართს რომ უნდა შეასკდე და ბოლო საფლავის მერე ტყე რომ იწყება. სულ ტყეა საერთოდაც საფლავების გარშემო და ყოველ წელს ვყრით მიწიდან  “დაბძოებს”, ანუ პაწუკა ახალ ხეებს, თორემ რამდენიმე წელში ტყე დაგვხვდება…

იმედია იმ წელს ახალი საფლავები არ დამხვდება. წელს არ დამხვდა.

პ.ს. ჯონჯოლი “ლაივში”. ))) ზოგადად, კოკრებს კრეფენ, მაგრამ ეს უპატრონო ჯონჯოლი იყო და ამიტომ გაშლილი დამხვდა.

პ.პ.ს. ამ ჯონჯოლიანი სახლის პატრონს ერთადერთი შვილი ყოლია და სახლის ეზოში ქონია საფლავი მოწყობილი. რომ გარდაიცვალა, სახლი გაყიდეს და ბავშვი სასაფლაოზე გადაასვენეს (იმედია).  ესეც დედაჩემმა მომიყვა, სანამ ამ ჯონჯოლის ჩრდილში ვისვენებდით სასაფლაოსკენ მიმავლები.

ზანავი-ნუნისი ნაწილი 2


გამოღვიძება იყო უცნაური… მეორე საწოლზე გოგო იწვა რომ დავიძინეთ და კაცის ხვრინვამ გამაღვიძა… არც მეორე ოთახიდან ისმოდა ხმა, კედელზე 2009 წლის კალენდარი ეკიდა და საერთოდ ვერ მივხვდი, ორი დღე გადაბმულად გვეძინა, რა დღე იყო, ჩვენები სად იყვნენ ხმები რატომ არ ისმოდა… მოკლედ ისა, კიდევ ერთი საინტერესო გამოღვიძება შემოემატა ჩემს კოლექციას.

ავლაპარაკდით მე და პუტინა და გვეპასუხება იატაკიდან ვიღაცა… კაი ხანი ლაპარაკის მერეღა გაგვახსენდა, კიმარა რომელი ხარ შენ მანდ-ო და ასე გავიცანით გოგო, რომელიც გუშინ ჩვენთან ერთად იყო მთელი დღე მაგრამ ისა… ნუ ხომ გესმით )))))


მყუდროდ და ბუნდოვნად მახსოვს მეორე დღე, სპალნიკიანად ვიწექი რბილ ლოგინზე, იქვე ღუმელი გუგუნებდა და ცხელი ყავისთვის წყალს ამზადებდა, ხან მეძინა, ხან ვთვლემდი,ხან რამეს შევისუსნებოდი, ალაგ-ალაბ საინტერესო რამეებს ვთამაშობდით, ნაწილი მღეროდა და ქეიფობდა, უცებ, ჩათვლემილი რომ წამომახტუნა გურულმა კრიმანჭულმა, წერილი როგორ არ წავიღე, ვერ მივხვდი, ეს იყო სრული კაკაფონია, ვინც ეს კრიმანჭული მოიგონა…. დაილოცოს მეგრული ნანა, და მრავალჟამიერი და საგალობლები და ყველა მრავალხმიანი სიმღერა გარდა კრიმანჭულისა :ტირილ:


აი ასეთი ხედი დავინახე ახალგაღვიძებულზე….

სულ გამომრჩა, წივწივას როგორ ველოდებოდი, ტოესწ ნუნისის მდელოზე წივწივას კარავში შეძვრომა-დაბანაკებას და ვერ გადავედით,მდინარე იყო გადასალახი, ამიტომ თავისი ფეხით გვესტუმრა და ისა, ისე გამიხარდა, ისე, შენიანს რომ აღმოაჩენ უდაბნოში.


ახალაშენებული მონასტერიც მოვინახულეთ, მე უკვე მესამედ… იგალობეს, მრავალჟამიერიც იმღერეს, მე ეზოშჳ ვიდექი, ასე უფრო ეფექტური მოსასმენია ხოლმე.


იყო ბევრი მწვანე და ფუსთა ხაერი


და რეინჯერების კოტეჯი, რომელსაც კარაველების ურდო შემოესია, რეინჯერები გააძევა და შტურმით აიღო და დაბანაკდა, ფესვები და ბათინკები გაიდგა, ჩანთები გასაშრობად მიაფინა და არსადაც არ წავალთ-ო გამოაცხადა.


ეს იმ კოლექციის მცირე ნაწილია, რომელიც იმ ორი დღის მანძილზე ღუმელთან შრებოდა. მოჩანს ასევე გამურული ჩაიდანი, რომლის მსგავსის დანახვაზეც ერთხელ ჩემმა ნაცნობმა სერიოზულად მკითხა- კიმარა, აქედან რომ სვამთ როგორ არ გეშინიათო. მეც საწყალი სახე მივიღე- აბა სხვა რა გზა გვაქვს თქო.


მერე მზიანი დღე გათენდა, ჩვენი ნუნისიდან წამოსვლის დღე


მზეზე წოლაც მოვასწარი, დაჟრუანტელებაც, სახის ალეწვაც .


და დავიძარით პირველი არა და მეორე ნაკადი (პირველები დედაბერაზე გადასვლის დღესვე,შუაღამისას წამოვიდნენ თბილისში), მე, ხათო, ბარტყი, ქეთი, და ბაქარის რაზმი.


გზა იყო ასეთი


ალაგ ასეთი


ააააააი, იმ თოვლიანი მთიდან ჩამოვიდნენ ისინი ბარში, დიახთ, დიახთ


გზაზე…


გველი ვიპოვეთ, მკვდარი, და მე ის გველი გამახსენდა, გული რომ გაუსკდა რაჭაში : )))


მერამდენედ ჩავიარე ამ სახლის გვერდით და ისევ ზუსტად ისეთია, ნეტა ჩადის ხოლმე ვინმე, თუ ჭიშკარგამოკეტილი ელოდება ამაოდ…


ხოდა მერე რელსებზე მოვძუძგეთ, გვაგვიანდებოდა, ცხოვრებაში ასე სწრაფად იაპონურად და შეშინებულად არ მივლია მგონი, სწრაფად იმიტომ რომ ბიჭები დადიოდნენ სწრაფად, იაპონურად იმიტომ, რომ ძელები ახლო-ახლო იყო და შეშინებულად იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი საიდან უნდა მოსულიყო მატარებელი და არ მინდოდა ზედ ჩემზე გადაეჯლიგინა.

ხოოოოდა, პირველად იყო ისა, ლუდი :აქ დიდი გულიკი:

ჩემი მესამე და არაუკანასკნელი ტრადიციული ლუდისსმა მოლითში, აქ ლუდი განსაკუთრებულად გემრიელია, მითუმეტეს თუ ლუდისჭიქიანად და ზურგჩანთამოკიდებულს შეგსვამენ მატარებელში, გზადაგზა იმღერებ, საწყალ ბულბულს შეიბრალებ, ლუდი რომ გაგითავდება და კიდევ იშოვნი, ნაგვის ყუთში შენივე ჩადგმულ ჭიქებს უკანვე ამოიღებ, შეავსებ და სმას გააგრძელებ.


ბაქარი და მისი რაზმი გვემშვიდობება… არ ვიცი ამას წაიკითხავენ თუ არა, მარა მადლობა მინდა ვუთხრა, დედაბერაზე ძალიან მამხნევებდნენ თავისი იქ ყოფნით და კიდევ რომელიღაცამ შეკრების ადგილამდე რომ მიმიტანა, მიყვანა არ ერქვა ამას, უცებ ვიღაც მომვარდა, ჩანთა მომხსნა და სნამ აზრზე მოვედი, ცხვირსახიცივით მიმაფრიალა .


დაბოლოს, მატარებელში იმდენად დაკომპლექსებული ხალხი იჯდა,რომ ათლარიანი ვაგონის ბოლოშიღა ძხლივს დავაურდავეთ.

პ.ს. მთელი ეს ისტორიები იქ მყოფების და ბლოგის მკითხველების გარდა ერთმა ტაქსისტმა და ერთმა გამყიდველმაც იცის, მკითხეს, არ დამეზარა და მოვუყევი : )))