ჩემი ფოტოაღჭურვილობა


რითი გავს მონადირე და ფოტოგრაფი ერთმანეთს? წყალში ჩავარდნისას ორივე ზემოთ წევს იარაღიან/ფოტოაპარატიან ხელს….

ჩემი ყოვლად ღარიბული და მოკრძალებული სამოყვარულო ფოტოაღჭურვილობა სულ ესაა:

Camera body

images

კნიკონა- Nikon D5100

  • შენ მეტი არ გჭირდებაო
  • იაფი იყო
  • მსუბუქია, საპახოდედ იდეალური

ობიექტივები

“ყველაფერჩიკი” –  18-105mm f/3.5-5.6G

18-105

  • ფართო კუთხე შენობებში გადასაღებად
  • 105 მმ იმისთვის, რომ სიარული მეზარება და ზუმი მიყვარს
  • პოლარიზერი ფილტრი აქვს ამას, ხედების და ლურჯი ცისთვის
  • ძალიან მძიმეა ჩემთვის, პახოდში კი მოუწევს წაღება, და დანარჩენს სახლში დარჩენა…

ამითი გადავიღე:

887288_10200461529853891_94255908_o

 

სანადიროდ – 55-200mm f/4-5.6G

55-200

  • ქუჩაში ვიღებ ამითი, სხვის ფანჯრებში ვიჭყიტები, პორტრეტებს ვიღებ “ჩუმად”, ჩემთვის
  • ძალიან მსუბუქია, უმსუბუქესი.

ამითი გადავიღე:

DSC_0620

 

ფოტოაპარატს მოყვა და… 18-55mm f/3.5-5.6G

18-55

  • მსუბუქია
  • ყველაფერჩიკია ესეც
  • ვყიდი, ფასი 100$
  • სანამ მქონდა კარგად ვიყენებდი, მაგრამ აფგრეიდის და18-105-ს მერე საჭიროებას ვეღარ ვხედავ.

ამითი გადავიღე:

DSC_5186

პოლარიზერი ფილტრი Tiffen 67mm Circular Polarizer

  • 18-105-იანს ვუყიდე, გზაშია და მოცანცარებს. რომ ჩამოვა, ხმარებას დავამუღამებ და მერე ნახეთ აქ რა ფოტოებს დავდებ, მნამ.

მინდა! ანუ wanted

50mm f/1.8G

  • სულ რაღაც 200$ ღირს და ყოვლად საყვარელი ბლარი და ბოკეები აქვს
  • სალაშქროდ იდეალურად მსუბუქი იქნებოდა
  • ბევრად უკეთესად გადავიღებდი ბუნებას, თქვენც გაგიხარდებოდათ და მეც
Advertisements

ავარია მოყინულ გზაზე 2013 ანუ 13


demotivational-posters-demotivating-posters-funny-posters-car-accident-insurance-insurance-agent-copy

 

თავგადასავლების მოყვარული მოგზაური და მობოდიალე თუ ხარ, ერთი  გემრიელი ავარია, რამის მოტეხვა/დაშავება და დაკარგვა კი უნდა გქონდეს მოსაყოლი.

ფაქტი

თვითონ ავარია დიდი ვერაფერი, მოვდიოდით ჩვენთვის ყინულით მოფენილ გზაზე, ფანტელებად თოვდა, და უცებ, სრულიად ცარიელ გზაზე, მძღოლმა ფეხი მუხრუჭს დაადგა და გავფრინდით კიარადა გავსრიალდით. როგორც თანამგზავრები ყვებოდნენ, გზის აქეთ-იქით არსებულ ხრამში უნდა გადავვარდნილიყავით და გადავკოტრიალებულიყავით, მაგრამ ამასობაში მანქანამ გამოიარა და იმას შევასკდით. კარგად გვაბურთავა, ერთმა ფეხი მოიტეხა, მეორემ მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო. დანარჩენებმა ნერვები დავხარჯეთ ცოტა და კიდევ ძალიან გავიყინეთ.

შეჯახება მარშუტკის კართან მოხდა,  სადაც ვიჯექი, იმის საპირისპირო მხარეს. მემგონი ძლიერად შევეჯახეთ, იმიტომ რომ ჩემს გვერდით მჯდომი სკამებსშუა სივრცეში ჩავარდა და კინაღამ კარიდან გადავარდა (თურმე), მე ზედ დავეცი, ორ  წამში წამოვხტი, დავაფიქსირე, როგორ ყვიროდა წინა სკამზე მჯდომი ბიჭი, რა სისწრაფით ჩარბოდა ყველა მარშუტკიდან (ანუ ყველა ცოცხალი იყო) და მერე ჩემი ფოტოაპარატი მოვიკითხე, რომელიც გვერდზე მჯდომმა იხსნა დაცემისგან, რბილად გაიჭედა მგზავრს და სავარძელს შორის.

 

ემოციები

მახსოვს, როგორ მივხვდი, რომ მართვა დაკარგა და თავისუფლად, უმისამართოდ მივსრიალებდით გზაზე, ხელი წინა სავარძლის საზურგეს მოვხვიე, დავგეგმე, რომ/თუ გადატრიალდებოდა როგორ უნდა მოვკუნტულიყავი, რომ მაქსიმალურად “მრგვალი” ვყოფილიყავი და ნაკლები მოტეხილობები მიმეღო (კისერს  მაინც მოიტეხდი ეგ არ გიშველიდა-ტიპის კომენტარებს არ ვართ), მარშუტკის რომელი კარ-ფანჯრიდან  ჯობდა გამოვმძვრალიყავი და მშვიდად გავიფიქრე, აი თურმე რას გრძნობენ ავარიაში მოყოლილი ადამიანები თქო. ანუ არაფერს. ყოვლად აუღელვებლად ელოდებიან მოვლენების განვითარებას და  აკვირდებიან, როგორ ეჯახებათ მეორე მანქანა. საინტერესო თავგადასავალი იყო, რომელიც მეორედ გამეორებას არ ვისურვებდი.

ყველაზე მთავარი

მაგრამ მთავარი ის კი არაა, რომ ავარია მოხდა, მთავარი ისაა, რომ წასვლის წინ მეტირებოდა, ისე არ მინდოდა წასვლა. ასე ძალიან არასოდეს არ მდომებია სახლში დარჩენა. მხოლოდ იმიტომ, რომ პირობა მქონდა მიცემული და სხვისი მეზიზღება გადამგდებობა, სულ ძალისძალათი ვემზადე წასასვლელად.

თან როცა სადმე “მარტო” მივდივარ, როგორც წესი, ყოველთვის მარშუტკის ცალკაციან სკამებზე ვზივარ ხოლმე. ხოდა, როცა ლამის ცხოვრებაში პირველად,  შენს საყვარელ ადგილას არ ჯდები ტრანსპორტში და სულ სხვა ადგილს იკავებ, რომელსაც ალბათ არასოდეს არ დაიკავებდი და ზუსტად იმ ადგილას ხდება დაჯახება, სადაც შენ ზიხარ ხოლმე 100 მგზავრობიდან 99.9 შემთხვევაში, ცოტა ისეთი შეგრძნებაა… რატომ დავჯექი ორადგილიან სკამზე, რომ მკითხო, პასუხი არ მაქვს. “ჩემს” ადგილას ვინც იჯდა, იმან კი მიიღო პატარა ტრავმა, თავი მიარტყა ძიერად (კიდევ ეგ მინდოდა?!)

ჭირი იქა, ლხინი აქა.

 

პ.ს. გადმოსვლისთანავე ავარიის რამდენიმე ფოტო გადავიღე, როგორც ფოტომანიაკმა, მაგრამ აქ ვერ დავდებ სამწუხაროდ, ვინმემ თავისი თავი რომ იპოვოს ან ოჯახის წევრი, რა ვქნა მერე : )))))

სვანეთი, მხერი, დღეობა


ნამდვილი სვანეთი არც უშბაა, არც თეთნულდია, არც მესტიაა, არც შდუგრა და არც უშგული. ჩემთვის ნამდვილი სვანეთი მხერია და ნამდვილი სვანები ის სვანები არიან, მხერზე რომ ვნახე, თითისტოლა ბავშვები ცხენებს რომ დააჭენებდნენ.

DSC_3178

მხერის ეკლესია ძალიან-ძალიან მაღალ მწვერვალზე აშენებული და საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თოვლიანი მწვერვალები ჩანს. ასაშენებელი მასალის მწვერვალზე ასატანად ცოცხალი ჯაჭვი გაუკეთებიათ ადამიანებს და ასე, ხელიდან-ხელში გადაცემით აუზიდიათ ქვა-ლოდები. პირველი და ბოლო ადამიანი გარდაიცვალაო, – ჩვენმა გამყოლმა.

DSC_3190

სვანები თურმე ღამე იწყებენ მხერზე ასვლას, თან ხარი მიყავთ. ზემოთ, ეკლესიასთან კლავენ და მერე უზარმაზარ ქვაბში ხარშავენ. მე შევესწარი, სიას როგორ წერდნენ, ალბათ იმ ადამიანების (მამაკაცების), ვინც ფული დადო ამ ხარის საყიდლად (?). ბევრი შეკითხვები არ დამისვია და ფოტოებსაც ისე, მორიდებით ვიღებდი, შორიდან.

DSC_3173

ჩვენ  დილით ვიზლაზნეთ, ვიზლაზნეთ და მემგონი ასე  ათი საათისკენ დავიწყეთ ასვლა. ლატალიდანაა ასასვლელი. ჯერ სოფელი უნდა გაიარო, ხიდზე გახვიდე, ისევ სოფელზე გაიარო და მერე აღმართებს შეუდგე. თან რა აღმართებს… ჩვენ ხუთი საათი მივდიოდით, მივფოფხავდით, მივბობღავდით, ალაგ-ალაგ ვისვენებდით.

ქვედა ფოტო ცოტა დიდია, სამაგიეროდ ფოთლებისგან გაკეთებული ჯვარი ჩანს.  ყველა, ვინც მხერზე ადის, ტოტს/რტოს/ფოთოლს წყვიტავს გარშემომყოფ ხეებს და ზედ ამაგრებს თავის წილ სიმწვანეს.

DSC_3120

აღმართი უბრალოდ აღმართი კი არ იყო, ციცაბო იყო, აი ლომისაზე რომ არის, დაახლოებით ისეთი, მემგონი უფრო ციცაბო, თან უღრან ტყეში გამავალი.

მე დილით არ ვჭამე, ამიტომ ძალიან გამიჭირდა, საკუთარ თავს ქეჩოთი მივათრევდი. წინა ჯგუფს ჩამოვრჩი, უკანა ვერ დამეწია და ასე მივფოფხავდი. ნაბიჯს რომ გადავადგამდი, ვისვენებდი და მეორე ნაბიჯს ძალით ვადგამდი. ამასობაში მივხვდი, რომ მარტოს არ უნდა მევლო და უკანასკნელი ძალების დაძაბვით წინა ჯგუფს დავეწიე. ქვედა ფოტოზე ის ადგილია, სადაც ასვლისას შევისვენეთ და საჭმელი ვჭამეთ, უფრო სწორად, ერთი თხილის გული კიარადა ძეხვი და პური გავიყავით.

DSC_3203

გზაში სვან გამყოლს და  ორ რუს ტურისტს გადავეყარეთ და ერთად გავაგრძლეთ გზა. სანამ რუსები თავისთვის მოჩოჩავდნენ, გამყოლმა ჩვენთან ლაპარაკი არჩია და რამდენიმე ისტორია მოგვიყვა, რომელიც სიმართლეს შეესაბამება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საინტერესოდ კი ჟღერდა.

DSC_3145

თავისუფალი სვანეთის ისტორია

დადეშქელიანები გაგიგიათ ალბათ ხომ,  სვანეთში რომ ბატონობდნენ, ჰხოდა სოფელ ლატალში მათი წარმომადგენლები ჩარკვიანები ყოფილან, ძალიან ცუდი და სასტიკი მმართველები.  ერთ დღეს ერთ ჩარკვიანს ორსული ქალი ხანჯლით მოუკლავს. გაბრაზდნენ სვანები. ძალიან გაბრაზდნენ. შეთქმულება დაგეგმეს და მთელი ორი წელი  იგეგმებოდა, ითმენდნენ და ახსოვდათ სვანებს და  ქალიან-კაციან-ბავშვიანად დუმდა სოფელი. ორი წლის თავზე კი, როცა მთელი საგვარეულო ერთად შეიკრიბა, ლატალელებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას და შიგ მყოფები ამობუგეს. ვინც გარეთ გამოვიდა, მოკლეს.

რასაკვირველია, მხერზე დღეობა წელიწადში ერთხელაა, მე კიდევ, როგორც lucky bastard-ი, ზუსტად მაგ დღეს მოვხვდი მანდ.

მხერზე წყალი არაა, შორს, მყინვართან მიდიან და  ცხენებით მოაქვთ. მე და ქეთის გაგვიმართლა, ახალი მოტანილი ქონდათ და დაგვალევინეს და თან ბოთლებიც გაგვივსეს. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ზემოთ და გზადაგზა წყალი არ შეგვხვდებოდა და მხოლოდ 0,5-ლიტრიანი ბოთლები გვქონდა წაღებული. პირდაპირი მნიშვნელობით, რაღა მე და რაღა სპანჯბობი ჰაერზე. ბოლო 15-ოდე წუთი, როცა ტყიდან გამოვედით და თაკარა მზეზე მივდიოდით, მართლა მეგონა, რომ რაღაც მომივიდოდა.

ბოლო, უჩრდილო აღმართი ყველაზე ძნელია, გგონია, რომ არასოდეს გათავდება და უცებ, მოულოდნელად ისეთი ხედები იშლება, ყველაფერი მაშინვე გავიწყდება. მე და ქეთის მაშინვე დაგვავიწყდა ყველანაირი დაღლილობა და გადაღიმილებულები და  ბედნიერები დავრბოდით აქეთ-იქით, კარგი კადრების გადასაღებად.

DSC_3197

ბოლო აღმართი. ეკლესიასთან ვდგავარ და იქიდან ვიღებ. ბილიკიც კი ჩანს და ადამიანები, წერტილებად.

იქ წყლის გარდა კიდევ ხორცი დაგვხვდა. ბევრი ხორცი. ჩვენ ლადომ გვაჭამა, იქვე უკითხია ერთ კაცს, ვისები ხართ რომ დადიხართო და რომ გაიგო, რომ არავისები არ ივნენ, ხორცი მიუცია. პირველად და მემგონი უკანასკნელად შევჭამე ხარის ხორცი.

DSC_3184

კიდევ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, პირველად ვნახე სვანური სიმღერა/ცეკვა. ქალიც და კაციც ერთსა და იმავე მოძრაობას ასრულებს თურმე.

DSC_3186

ეს ბაბუაც მღეროდა. ტიპიური სვანური ნაკვთები აქვს, მომრგვალებული.

DSC_3188

ხალხის ნაწილი ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად იქჯდა და თავისთვის ქეიფობდა, თავისი წილი ხორცი თან ქონდათ გადადებული, შამფურუკებზე აცმული.

DSC_3170

ერთადერთი ჩრდილი ეკლესიასთან იყო, ისიც წვრილი, და დასწრებაზე იყო ადგილები ჩრდილის მხარეს. მე ამერიკელი ტურისტები მომიჯდნენ საუბარში რომ არ ავყევი, ჩათვალეს რომ არ მესმოდა და გააგრძელეს მსჯელობა-“სამუშაო არ აქვთ, სახლი არ აქვთ, არაფერი არ აქვთ და მაინც სულ მღერიან და ცეკვავენ”-ო.

DSC_3158

DSC_3169

სვანი ბავშვი. ამაზე ბევრად პატარები დააჭენებდნენ ცხენებს.

DSC_3149

DSC_3131

DSC_3200

დაშვება დავიწყეთ. მე და ქეთი მოვდიოდით მარტოები და  გადასახვევი შეგვეშალა. რომელი ბილიკითაც ზემოთ ამოვედით, იმას ავცდით (მოგვიანებით ზუსტად მივხვდი, სად ავცდით) და იმ ბილიკს დავადექით, რითიც ცხენოსნები დადიოდნენ. ძალიან-ძალიან ტალახიან მოგზო ბილიკს, რომელიც წარა-მარა იტოტებოდა და ალაგ-ალაგ ისეთი უკაცრიელი იყო, გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ არ დავიბენი და იქვე მიმავალ ხალხს ავეტუზე. ქეთის კი ტკიოდა ფეხი, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა და რაც ძალი და ღონე ქონდა, მოდიოდა და მოდიოდა.

DSC_3206

მერე მივხვდი, რომ იქ ყველა ბილიკი მაინც სოფელში ჩაგვიყვანდა, მაგრამ ტყეში მარტო ბორიალი მაინც არაა სასიამოვნო, როცა არ იცი საით მიდიხარ და იმ ადგილას პირველად ხარ.

პ.ს. სვანეთის ყველაზე სამახსოვრო მომენტი მაინც ის იყო, როგორ გვეძინა მხერიდან ჩამოსვლისას ძალიან დაღლილ მე და ქეთის ტყეში, ბლიკიდან ორ მეტრში, სამკარგფოტოაპარატასხმულებს. აქ ჩემი ფეხი ჩანს ბუნდოვნად და იმ მომენტში გადაღებული ერთადერთი ფოტოა.

მთელი ლატალი იქვე დადიოდა და კაციშვილს არ შევუწუხებივართ. თავიდან ვითომ წამოვწექით და ვისვენებდით. ცოტა ხანში მივიხედე და- ქეთის ჩაძინებია. მერე წასვლა შევთავაზე და მოიცა, ცოტა ხანიც იყოსო. მერე მე ჩამეძინა და ქეთი მაღვიძებდა, მაგრამ მოიცა, ცოტაც დავიძინოთ თქო და ასე, გამოვიძინეთ გემრიელად. ცხენოსნები დაჩაქჩაქებდნენ, ზოგი ოდნავ შეანელებდა, შემოგვხედავდა და გზას აგრძელებდა. ახლაც ზუსტად მახსოვს ის შეგრძნებები, მახსოვს როგორ ტკბილად გამოძინებულს და დასვენებულს გამომეღვიძა ტყეში, დიდი ხეების ძირში, პირდაპირ ბალახზე დაწოლილს.

DSC_3205

გაიცანით – კნიკონა


პატარა რომ ვიყავი,

აი იმ ასაკში, სახლში კარადების ქექვა და გამოკვლევა რომ გაქვს დაწყებული და უკვე იმხელა ხარ, სკამზე შემდგარი ზედა თაროებს რომ სწვდები, ფოტოაპარატი ვიპოვე, ძველი, ზენიტი.

გავიჭყიტე, დავაჩხაკუნე, მერე კიდევ დავაჩხაკუნე , ჩხიკინი დავუწყე და უცებ აღმოვაჩინე, რომ “ცხვირის” (მაშინ არ ვიცოდი, რა ერქვა) ტრიალისას სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნები ჩანდა მკვეთრად, დანარჩენები კი ბუნდოვანი იყო

აი, იმ წუთიდან მინდოდა სარკული ფოტოაპარატი, აი ისეთი, “ცხვირი რომ უტრიალებს და სხვადასხვანაირად ამკვეთრებს საგნებს”.

ის ფოტოაპარატი მამაჩემის იყო, რამდენიმე წლის წინ მოვიკითხე, გაუფუჭებიათ და სანაგვეზე მოუსვრიათ, მათარასთან ერთად. იმ თაროზე ძებნა დამეზარა, დედას კი ასე ახსოვდა.

 

იმის მერე ძალიან ბევრი წელი გავიდა

მე მქონდა ლენტიანი ფოტოაპარატი (პოლაროიდზე ფული არ ეყო დედას)

მერე Canon sx20 (მომპარეს)

მერე Canon sx100 (ნახმარი ვიყიდე, იაფად, ამასწინათ საზეიმო ვითარებაში გადავეცი ძმას. ამ ბლოგზე არსებული ფოტოების უმეტესობა ამითაა გადაღებული)

ორი დღის წინ კი Nikon D5100 მოვაცუხცუხე სახლში, ჩამოვიკიდე კისერზე და სანამ არ შემახორცდება, არ მოვიხსნი.  ხო, კნიკონა დავარქვი.

გაიცანით, ჩემი კნიკონა. ეს ფერადი და ჭრელი ჩემი კაბაა, ამასწინათ ვიყიდე ერთ-ერთ მაღაზიაში, რომ დავინახე, ცხოვრებაში პირველად, ისე გადავირიე, როოგორც კერი ბრედშოუ კარგი ფეხსაცმლის დანახვისას.

ჯერ არც ჩანთა აქვს, არც ცხვირის საწმენდი, არც კიდევ მსგავსი რამეები, ფილტრები, აი ის 50 მმ f1.4 ლინზა, ძალიან კარგი რომაა თურმე, მაინცდამაინც არც გადაღება ვიცი კარგად, ახლა ვეჩვევი სარკულს, სუუულ სხვანაირი რომ იყო ვიცოდი, მარა პრაქტიკა სულ სხვაო იძახიან, კიარადა, გადაღებაც უნდა ვისწავლო და არა ჯუსტ ავტტორეჟიმზე ჩხაკუნი. აი ის ლურჯი, ზემოთ, მე ვქენი წეღან, მარშუტკის ფანჯრიდან :დ

ქენონი მიყვარდა არადა, ახლაც მიყვარს, რა ჯანდაბად მინდა, თორემ G12 მექნებოდა სიამოვნებით. ნიკონი ბუნებაში გადაღებისთვისააო და ამიტომ ვიყიდე. როგორც კატა თაგვს თუ პირიქით, ისე ვეპარები.

ჯუსტ, მიხარია და ვცქმუტავ 🙂

Canon vs Nikon and my heart goes to…


ბოლო ექსკურსიის სურათები იმდენად ცუდი გამომივიდა, რომ ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე… ამდენს დავდივარ და ერთი ნორმალური კამერა როგორ არ უნდა მქონდეს?!

ნორმალური თქო და სარკული გაგახსენდათ ეგრევე, ხომ? ნწუს, სარკული (პროფესიონალურს რომ ეძახიან) ფოტოაპარატები ძალიან ფაქიზია და სულაც არ მეხალისება ბევრკილოიანი აპარატის ლაშქრობებში თრევა, ან სადმე მიარტყამ, ან უდროო დროს დაგაწვიმს და ჭკა, მშვიდობით, აპარატო.

საუკეთესო გამოსავალი Canon-ის SX სერიის აპარატებია, იმჰო. რატომ?

  •  მბრუნავი/მოძრავი ეკრანი, ყველაზე-ყველაზე-ყველაზე ზე მიზეზი, რის გამოც არასოდეს არ ვიყიდი ნიკონს.  შენ კი არ იღუნები და კისერს ღრიცავ რომ დაინახო, რას იღებ, ეკრანს მოაბრუნებ და ვსო :გულიკი:
  • ზუმი. მე ზუმის ხამი ვარ, რაც მეტი, მით უკეთესი. ადამიანების შეუმჩნევლად გადაღებისას და ვრცელი ხედების  დეტალების მოახლოვებისას მადგება.
  • პროგრამული მოუდი. აქ წვრილმანების გასწორება შეიძლება ჩემნაირი ჩაინიკებისთვის. მკვეთრი ფერები, მზიანი-ღრუბლიანი ამინდი და მსგავსი უწიპუწოები.
  •  შატერის სიჩქარის  და მსგავსების დასაყენებელი ცალ-ცალკე განყოფილებები. ძალიან კარგი რამეა თუ გინდა, რომ რამე ისწავლო.
  •  აი მომკალი და ძალიან user-friendly დიზაინი/პროგრამა აქვს. უმარტივესია, ნიკონისგან განსხვავებით, რომელიც რამდენჯერმე მეჭირა ხელში და ვერც თავი გავუგე, ვერც ბოლო, ახვლანჯული ძაფის გორგალივით იყო.
  • რბილია, მოსახერხებელი და ხელში “მოგყვება”, წვეტიანი არაა, ნიკონივით.
  • უბრალოდ, მიყვარს ეს ფოტოაპარატები. :დ

ამ ბლოგზე არსებული ფოტოების სრული უმრავლესობა ამ ფოტოაპარატითაა გადაღებული. ორი წლის წინ ვიყიდე ნახმარი, 300 ლარი მივეცი, გაუძლო გუბეში რამდენჯერმე და მდინარის ქვებზე ერთხელ ჩავარდნას, ლაშქრობებში ძირს გდებას და ხეებზე მინარცხებას, ჩანთაში ყოველგვარი დაცვების გარეშე ჩაგდებას. იდეალურ მდგომარეობაში იყო და ახლა იმდენი ნაკაწრი აქვს, ვერ მოვთვლი. ერთი პერიოდი ობიექტივის ფრთები არ ეხურებოდა წინ, გაიჭედა. მერე მიხვდა, რომ გამკეთებელი არ ვიყავი და თვითონვე გამოსწორდა. (უცებ მეტი ვერ ვნახე, სორი, ამ სურათზე სპეციალურად ვარ გაბლარული და საშინლად უხარისხოა, იმიტომ, რომ ძალიან დაბალი შუქია და მაღალი ISO მაქვს მოპწიჩკული  :დ)

გადაწყვეტილება მიღებულია, იმ ხელფასზე Canon sx 40-ს ვყიდულობ. თუმცა, რევიუ რომ ვნახე, რაღაც სულელური უწიპუწობები, სულ ცოტათი გაზრდილი ზუმი და მაღალი ხარისხის ვიდეო ქონია დამატებული რასაც მე სულაც არ ვიყენებ, ხოდა ისა… კარგად უნდა მოვიფიქრო :დ

პ.ს. Canon-ის G სერია კიდევ უფრო უკეთესია, უბრალოდ, რატომღაც sx უფრო მესაყვარლება მე :დ

პ.ს. აი ასეთ საყვარელ მწვანობებს იღებს ჩემი უბრალო პაპარატი

ანდერძი (სანამ კედებს გავფშეკდე)



მე სიმბოლისტი ვარ
ამიტომ
სიმბოლურად:

  • ჩემი კატა– დედაჩემს
  • ჩემი პაროლი ვინც იცის, გთხოვ, ჩემი ყველა ონლაინ კვალი კარგად წაშალე.
  • ჩემს ძმას– სამი ბინა ისედაც შენი გახდა, მეტი რაღა დაგიტოვო :ბოლი: ნუ, ტანჯულას მიმიხედე, ხშირ-ხშირად ნუ აყენებ ამ ვინდოუსს და კლავა გამოცვალე, ვერ ხედავ, სულს ღაფავს.
  • მარუს: სურვილების ასრულების ჩემი უნარი შენსას მიუერთე და დიდი გოგო რომ გახდები, ჩემს სახელზე ალუჩის პლანტაციები გააშენე. და გაყევი იმ კაცს მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ, უფ. ხო, კიდე, ჩემი შავი მძივი შენი იყოს.
  • ბერო- იყოს, ნუღარ დამიბრუნებ იმ ჰობიტს, თუმცა ნათხოვრობის პირობა ძალაშია, არავინ არ უნდა შეეხოს შენს გარდა! ასევე შეგიძლია ჩემი ყველა წიგნი გაზიდო, რაც მოგეწონება. მათარას თუ მოძებნი (სადღაც უნდა იყოს კარადაში) წაიღე.
  • ცაბა– შენ…. დაიძინე მეთქი! არ დაიძინებ და რო დაიძინებ, მოგელანდები!
  • დიო– იმ აპარატს წინ ცხვირი ხელით უნდა გაუხსნა ხოლმე, აჩხაკუნე ნა ზდაროვიე.
  • თანალაბელებს იმ ფურცელს ვუტოვებ, კედელზე როა გაკრული, დაე, ახსოვდეთ და ოდესმე მიხვდებიან, რა წერია იმ წარწერაზე. თანაც გილოცავთ, აღარავინ ირბენს ბრდღვინვით, სად ჯანდაბაშია შაქარიო, აღარავინ გადაუვლის ქარიშხალივით თქვენს უზეწესრიგულად დალაგებულ რამეებს, შეჭამს ნიადაგებს და გეტყვით “დამსვი” და აწი შეგეძლებათ მშვიდად თოხნოთ და ბაროთ.
  • ლალიკო– დროზე მითხარი, თუ რამის დაბარება გინდა, ოღონდ მძიმეს ვერაფერს წავიღებ თან, მეზარება.
  • ეკა ესაკია– ქუსლებს გაფიცებ, ჩემს სახელზე ერთი მწვანე კედები იყიდე, ჩაიცვი, რამე მხიარული მაიკაც იშოვე, მოისროლე საროჩკები ოთახის კუთხეში და ისე მოდი სამსახურში. (აჩრდილის სახით დაგელოდები საკონფერენციო ოთახში)
  • გუდა– ახლა მაინც მაპატიე პიკულის ახდილი ქილიდან დაწუწებული სამი წვეთი პიკულისწყალის ვერშემჩნევა და ახა შენ ჩემი მოგონებების თაროს ბინადარი ნივთები, დაწვის საპატიო მისია გაკისრია :მო: ჩემი მონადირის დანა შეგიძლია დაიტოვო. საფულეც, მერე რა, რომ ლურჯია და ბანწიკიანი :მო:
  • წივწივა– არ შეიცვალო!
  • ვასასი-არც შენ!
  • Fe-male– მოგიკითხავ. და, გაიღიმე რა.
  • პატაპუტინა– ნამდვილი არაა გავლადი. ახა შენ ეს.
  • ალექს– :ენისგამოყოფა:
  • ქეით– ვეცდები საქმეები ჩავაწყო რომ კიდევ ერთხელ წახვიდე იტალიაში )))
  • ბავშვობის სეხნია მეგობარს– მახსოვხარ.
  • ყველას, ვისთან ერთადაც ოდესმე ვყოფილვარ პახოდში– მადლობა, რომ მიტანდით და გილოცავთ, აღარასოდეს მოგიწევთ ჩემი ატანა.
  • მიმართვა ნათესავებს– მოგესალმებით, კიარადა, მშვიდობით, უცხო პლანეტიდან.
  • ქელეხი არ გადამიხადოთ, იმქვეყნადაც კი დავიჯღანები და თუ მაინცადამაინც, მოხარშული ხორბლის მაგიერ ალუჩები შეჭამეთ, ეგ უფრო მიყვარს.
  • პანაშვიდებზე დრეს-კოდის, რამე მწვანე აქსესუარის გარეშე არ დაგინახოთ და საერთოდაც, ფარისევლები ჯობია სახლში დარჩეთ, ცხოვრებაშიც ვერ გიტანდით და მოვკვდი, კი არ გარდავიცვალე.
  • ჩემი განუყრელი სტაფილოსფერი სარი/მოსახვევი/ზეწარი/გასათბობი/დასაფარებელი სტაფილოსფრობა თან გამატანეთ, ყველგან იყო ჩემთან ერთად და ახლა რომ არ წამომყვეს, ცოდოა
  • კარადაზე რო პოსტერებია, ახლა მაინც ჩამოხსენით რა, სამი წელია ვაპირებ და სულ მეზარება
  • .
  • დამწვით და ფერფლი ბირთვისების დედაციხიდან გადაუშვით. სულ მინდოდა მაგ კლდიდან მესკუპა. დაზარებას არ ვართ, ბოლობოლო ხო უნდა ნახოთ სად ცხოვრობთ და ქალაქ-სოფლების გარდა საქართველოც რომ არსებობს.
  • .
  • ჩემი ზურგჩანთა და ფეხსაცმელი თან გამატანეთ, სამოთხიდან ჯოჯოხეთში და პირიქით მოგზაურობა რომ არ გამიჭირდეს, თან, გავიგე, სალხინებელშიც კაი პონტები იჩითებაო და…

პ.ს. ვერ მოესწრებით 👿

ა, ხო, სხვა ბლოგერების ანდერძებითაც დავინტერესდი და აგერ, რამდენს დაუწერია უკვე
სიყვარულოვნა იყო მუზა
ეს კიდევ ვასასის ჯინსებიანი ანდერძი
ეს კნუტის კატის ქონება
ჩორვენის ფერიერვერკი
ბაზილიოს უკანასკნელი ღრენა
დოდკას ანდერძი
თინის ძველისძველი ანდერძი
საინტერესო იდეა, შემოთავაზებული ვადერის მიერ