მთ(ლ)იანი აჭარა (III)


დილით ძალისძალათი გავიღვიძე, ზღვა უნდა მენახა. ავდექი, წავბოდიალდი…

ზღვაზე გასული მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, არ დამეზარა, უკანვე წამოვედი, სამზარეულოში წყალი ვიმათხოვრე, ყავა გავიკეთე, ბულკის ნარჩენიც მოვძებნე, იქვე მობოდიალე რუსი თანამოლაშქრე ხელს გავაყოლე და ზღვისპირას ყავის დასალევად მოვკალათდი.

მერე ეს ბლახებიანი ქობულეთური ეზო დავტოვეთ და წავედით.

და მერე იყო პალიასტომი.

ის მოთხრობა წაკითხული გაქვთ, ქართული, კაცი რომ დააპირებს ტივით გადაცურვას და შიგ ჩაიხრჩობა? არა? ხოდა, არ წაიკითხოთ და თუ მაინცადამაინც ხელები აგექავათ, რამენაირად პალიასტომზე გასეირნების მერე მოახერხეთ.

იყო და არა იყო, იყო ერთი პერი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, არც მაშველი ჟილეტი ქონდა და პალიასტომზე მიმავალ ბორანზე მიფოფხავდა (თუ რა ერქვა იმ რაღაცას?).

თავიდან ისეთი არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ტბის შთაბეჭდილება გრჩება, ოღონდ გამყოლი გეუბნება, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათი გაქვთ, მერე მოსაღამოვდება, ქარი ამოვარდება და აქ ამ დროს თურმე ძალიან საშიშია ყოფნა.

რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო ძლიერად უბერავს სიო და ბორანს აქანავებს. სადღაც ნახევარ საათში კი ამაზონის ჯუნგლებისნაირ ადგილას ხვდები, ორივე მხრიდან მეჩხერი ტყეა და შუაში “მდინარე”.

წყალი უცნაურად შავია, კუპრივით. ალაგ ძალიან ცივი, ალაგ-ალაგ ლამის ცხელი. თუ არ დაგეზარება, ნაპირზე გასასვლელ კიდეზე გახვალ, რომელიც სვლისას ცხვირისკენ ანუ წინაა მოქცეული და ჩამოჯდები, “ზაგარსაც” მიიღებ, ყაყანისგანაც დაისვენებ და თან წყლის დონიდან სულ სხვა ხედი იშლება. (სიტყვაზე უნდა მენდოთ, იმ განცხრომაში ფოტოაპარატის ჩხაკუნი არც გამხსენებია)

ხო, ნავი მაინცადამაინც კარგ მდგომარეობაში არ ყოფილა, შუა ტბაში გაფუჭდა. აი ადგა და მოკვტა. მძღოლიც არ დაიბნა, ახადა ძრავას თავი და დაუწყო მშვიდად ჩხიკინი. ასე 15 წუთი უჩხიკინებდა, სანამ გააკეთებდა. სულაც არ იყო სასიამოვნო. უფრო მეტიც, სიამოვნებით გადავუძახებდი ამაზე პასუხისმგებელ პირს მშიერი ზვიგენებით სავსე აუზში, წინასწარ თითგაჭრილს.

საჭმელი ჯობია ბევრი წაიღო, ნაპირთან გიჩერებენ “დასასვენებლად” პატარა, მზიანი მინდორია, მეჩხერი ტყით შემოფარგლული. სანამ ბავშვები ტყეში დარბოდნენ, მე მზეზე ვიწექი

 

სხვა… არც არაფერი, მერე თბილისში დავბრუნდით.

პ.ს. ფოთში კი ვიყიდე მარა… თევზიანი ბუტერბროდი პირველი და უკანასკნელი იყო, მეორედ-ნწ!

მთ(ლ)იანი აჭარა (II)


დილა  ყავით და ქეთის შოკოლადიან-დარიჩინიანი კექსით დაიწყო, რომელიც პირში დნებოდა და ორი დღე ტარების მერეც კი გემრიელზე გემრიელი იყო. კექსის ხსენებაზე რაღაც გაფხოკილი დებილობა მახსენდებოდა ხოლმე, აწი კიდევ სულ ღორჯომის დილა ყავა და უკექსესი კექსი გამახსენდება.

მერე წავბოდიალდით და ფარფალინას თუ რაღაცის ხიდი ვნახეთ (ა ხო, ფუტუროსი ყოფილა). საქართველოში ყველა მსგავსი სტილის, ანუ მდინარეზე გადებული ამრგვალებული ხიდი ყველა თამარისა რატომაა, ხომ იცით ვინმემ?

ხულოელი კატა…

ეს კიდევ ხედია ხულდან. სალხები საბაგიროს გაყვნენ, მე ხულოში საბოდიალოდ წავედი.

მერე რომელიღაცა სოფელში მივედით და გზის პირას კვარცხლბეგზე შემოდგმული ტანკი დავინახეთ, იქვე სტალინის მადლობის წერილით.

შოდას რომ ვკითხე, მითხრა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელს ფული შეუგროვებია, ტანკი უყიდია და ტანკისტიც თან გაუყოლებია. ტანკისტმა იომა და მშვიდობით დაბრუნდა, ტანკი კიდევ ომის დამთავრების მერე სტალინმა სოფელში გამოგზავნა,  სუვენირად გექნებათო.

ზედმეტად გავერთე ტანკის გადაღებაში და გონს რომ მოვედი, დაძრული მარშუტკის კუდსღა მოვკარი თვალი. მოვდივარ და თან ხელებს ვიქნევ ქოთქოთით, აქ როგორ დამტოვეს თქო, თან ვფიქრობ სად დავჯდე რომ დაველოდო, ან იქნებ რამე მანქანამ გავაჩერო და გავყვე. არც ფული მაქვს თან, არც მობილური. ამასობაში უცებ წამოხტნენ იქვე მსხდარი კაცები და საკუთარი ვოლგა შემომთავაზეს.

ბერი ფიქრის და ლაი-ლაის დრო აღარ იყო, კარი გამოვაღე და ჩავხტი. თან სურათის გადაღებაც მოვასწარი. ამასობაში მარშუტკაში კაციშვილს არ ვახსოვდი და ჩემს მიერ გადაღებული ფოტოს ნახვა რომ არ მონდომებოდათ, ალბათ კიდევ კარგად მოუწევდა იმ ვოლგას ბოდიალი.

ვიღაცამ მითხრა, შენც კარგად გარისკე, რომ ჩაუჯექიო.  მე არ ვთვლი, რომ გავრისკე, პირიქით, მიჩვეული ვარ, რომ გაჭირვებულს სულ ვიღაც მიწვდის ხოლმე დახმარების ხელებს და სახლებს და მანქანებს და ჩაიყავებს. აი, თბილისში ზუსტად ვიცი, ფეხით წავიდოდი და მსგავსად არ გავყვებოდი არავის.

იმ დღეს მეორე კეთილი ადამიანიც ვნახე, ნინოს მობილური ჩაუვარდა ყინულივით ცივ წყალში  და დიდი წვალების მერე ვიღაც ბიჭი თავიდან ფეხებამდე დასველდა, რომ სადღაც დიდი ქვებისგან გაკეთებული გამოქვაბულიდან მობილური ამოეღო.

წყალი აი ამ ჩანჩქერიდან მოდიოდა, იქვე რესტორანი იყო და კიდევ იყვნენ ვიღაც ექსკურსანტები, ქუსლოჩკებით და “პრავიზიონკებით” რომ მიიბრძოდნენ სველ ქვებზე, ჩანჩქერის ფონზე სურათების გადასაღებად. ნეტა ოდესმე თუ მიხვდება მსგავსი ხალხი, რომ ექსკურსიაზე სამფენიანი მაკიაჟით და საღამოს კაბებით სიარული როგორც მინიმუმ, მოუხერხებელია.

კიდევ ეს ლამაზი ეკლესია ვნახეთ, სახელი არ მკითხოთ, სადღაც მაგ ტანკთან იყო ახლოს და მდინარეში ჩავარდნილ კლდეზე იყო ამოშენებული და მოკლედ, ორი წუთით გაჩერება ნამდვილად ღირდა.

მერე… მერე ვიარეთ-ვიარეთ და მივედით გიონიოში გონიოს ციხის სანახავად. მე არ მინახია, დამეზარა. პეტრას ციხეზე არც დავფიქრდებოდი, სუბიექტურად სენტიმენტალური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ პეტრა არ შედიოდა მარშუტში, ამიტომ ვიჯექი მარშუტკაში და ვმსჯელობდი, საით იყო ბათუმი და სარფი და საერთოდაც დედას გეფიცებით, მე მახსოვს რომ ჯერ სარფია, მერე ბათუმი, მერე გონიო და მერე ფოთი, იმიტომ რომ ადრე რომ ვიარე ზღვის სანაპიროზე რუგზაკებით, ზუუუუსტად ასეთი მარშუტი გვქონდა. ნუ მოკლედ….

მერემივედით სარფში და დავინახეთ ზღვა და ჩავყავით ფეხები და მივეცით ნეტარებას, იმხელას, რომ გადაღებაც კი დამავიწყდა

სარფში ადამიანური საზოგადოებრივი ტუალეტი არ იშოვებოდა! ან იშოვებოდა და ჩვენ ვერ ვიპოვეთ და უზეძალიანწუმპესში შევედით, თან სამნი ვიყავით და ფასდაკლება გვერგო, მთელი ერთი ლარი გადავიხადეთ. თან დაგვაიმედეს, “ამ დღეებში” გაიხსნება კარგი ტუალეტიო. კი, როგორ არა, ზეგე…. იქვე ვიღაცეები ლირებს იხდიდნენ.

შემდეგი გაჩერება ბათუმი იყო. ცნობისათვის, ბათუმის გუდვილის დარიჩინიან-ქიშმიშიანი ფუნთუშა ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე თბილისის.

ბათუმზე როგორმე სხვა დროს დავწერ, მანამდე კი შხაპზე უნდა ვილაპარაკო.

იმ შხაპზე კი არა, დილით რომ გადაივლებ, გამოსაფხიზლებლად.

ან იმაზე, სახლში შემოსული აბაზანაში რომ შევარდები, მტვრის ჩამოსარეცხად.

ნწუს.

აი იმ შხაპზე უნდა ვილაპარაკო, მარშუტკაში ჯდომის, წვიმაში და ნისლში ბოდიალის, მტვრიან ოთახში წოლის, მთელი დღის ბოდიალის,  სამი დღე უშხაპობის მერე ქობულეთში რომ მიხვალ ოთახების საქირავებლად, გზაში გოგოები “ადგილებს და რიგებს” გაინაწილებენ, შენ არც რიგი მოგიწევს, არც აბაზანიანი ოთახი შეგხვდება, უჩუმრად შეეგუები იმას, რომ რამდენიმე საათი უნდა ილოდო და უცებ ვიღაც დაიძახებს, პირველ სართულზეც ყოფილა აბაზანაო, მოხვევ ხელს პირსახოცს, შენს ნივთებს, სირბილით ჩაქანდები დაბლა და სულსულსულპირველი იბანავებ.

მერე?

მერე არც არაფერი

დავიძინე

ისევე საკუთარ საძილე ტომარაში, სხვის ლოგინზე, სხვის სახლში, სხვის ცხოვრებაში რამოდენიმე საათით შეჭრილმა.

და მერე იყო ზღვა და პალიასტომი

მაგრამ ის მერე იყო