როგორ უნდა მოვიქცეთ მთაში, ანუ სახელმძღვანელო დამწყებთათვის


ამასწინათ ერთმა კარგმა გოგომ ფეისბუქზე ერთი კარგი ექსკურსია დაგეგმა, ლაშარის და იახსრის სალოცავების მოსალოცად.

სად იყო და სად არა, გამვლელმა მართლმადიდებელმა შენიშვნა მიცა, აგდებული კილოთი: ეს წარმართული კერპებია, რის სალოცავად მიდიხარ კიმარა-ო.

კეთილი რჩევა: არასოდეს არც ერთ მთიელს არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ მსგავსი რამ. მითუმეტეს მსგავსი კილოთი. მითუმეტეს მთაში. მითუმეტეს დღეობაზე.

მთაში ძალიან ძლიერია ხატებისადმი და სალოცავებისადმი რწმენა, იმდენად ძლიერი, რომ ტრადიციული ეკლესია აგერ რამდენი წელია ცდილობს, ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ხატობები მაინც იმართება და იმედია კიდევ დიდხანს იდღეობებენ მთებში.

ეს რწმენა იმდენად ძლიერია, რომ თუშეთში ქალები დღემდე არ შედიან სალოცავების ტერიტორიებზე და ყველა ბალღმა ზეპირად იცის სადაა ხატები.

ფარსმა

ფარსმა

მე მუცოზე ბოლომდე ვარ ასული. თურმე არ შეიძლება. ჯერ ერთი, ხატია და მეორეც ერთი, იქ თურმე ყველა მამრიც კი ვერ ადიოდა. რატომ ავედი? არ ვიცოდი. ახლა ვიცი და მართლა აღარ ავალ. იმიტომ არა, რომ ვინმე რამეს მიშლის (ქალმა თუ გაიწია, ბლაბლაბლა…) უბრალოდ, მე ვირჩევ სხვისი ადათ-წესების პატივისცემას.

თუშეთში ყველა სოფელშია ხატები, ზოგგან რამდენიმეც. დიკლოს ერთ “ქუჩაზე” ვერც გაივლი, სახლ-სახლ უნდა მოუარო, შენაქოში კი პირდაპირ ეკლესიის უკან იყო, მე როცა ვიყავი. დანოში ცოტა მოშორებითაა, ასევე ფარსმაშიც.

IMG_0224

დანო

ხატის ნიშის ცნობა ძალიან ადვილია,  სიპის ქვისგან ნაშენი პაწუკა კოშკივითაა.  ზოგან მისვლა მხოლოდ იმ მდედრებისთვის შეიძლება, რომლებსაც ციკლი არ აქვთ, ანუ ბავშების და ბერდედების-მოხუცებისთვის.(ასე მეუბნებოდა ბებია)

თუ მთიელი გახლავს თან, აუცილებლად მიგითითებს ამაზე. შენი ნებაა, შეასრულებ თუ არა, მაგრამ მე ძალიან მწყინს, როცა ამ წესს აბუჩად იგდებენ. ვიღაც მწყემსი შეიძლება პირდაპირ გამოგივარდეს ყვირილით, ჩემნაირი ზრდილობიანი ვერ გამოდგეს…

მთავარია გახსოვდეთ, რომ მთა არაა ბარი, აქ სხვა წესებია და სულ სხვა ხალხი ცხოვრობს. და ჩვენ, ბარში ჩამოსულები თუ შევდივართ ეკლესიაში მანდილით, თქვენ რა დაგიშავდებათ, რომ სულ ცოტა ხნით იცხოვროთ იმ საქართველოს წესებით, რომელიც ჯერ არ გინახავთ?  მთები მარტო მწვერვალები და ხედები არაა, მთები ხალხია, სოფლებია, ხატებია და დღეობებია...

მთაში სტუმრები ძალიან უყვართ, მაგრამ თუ სტუმრად მიდიხარ, იქაურ წესებს მინიმუმ პატივი მაინც უნდა სცე და თუ არ გწამს და არ გჯერა, ისე მაინც მოიქეცი, რომ მის ტრადიციას შეურაცხყოფა არ მიაყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიელები გამიბრაზდნენო, არ უნდა იწუწუნო. და თუ იქაურ ქუდსაც დაიხურავ, ვინ იცის, იქნებ შენც შეგეწიოს მთის სალოცავების ძალი და მადლი.

Advertisements

მთის ადამიანები


მთის ადამიანები

ბარად ჩამოსულები

მთასმონატრებულები.

DSC_2332

მთის ადამიანები-

ისეთი ამაყები,

ისეთი ფიცხები,

ისეთი განსხვავებულები და

მაინც ერთნაირები.

DSC_2273

მთის ადამიანები…

მათ სულ ახსოვთ და ეძახით

სახლი, რომელიც მთებში,

ზეცაში დარჩათ

და

სახლი, რომელიც არასოდეს ექნებათ ბარში.

მთის ადამიანები

ყოველთვის ბრუნდებიან იქ, სადაც ცხოვრება ეძახით.

იქ, სადაც ჰაერი სიყვარულითაა სავსე

და

დილაობით ღრუბლები სტუმრად ჩამოდიან,

კოშკებს კი  მტრების დაჭრილი ხელები ახსოვთ.

იქ, სადაც სოფლები ჩიტის ბუდეებივითაა შეფენილი

ციცაბო ფერდობებზე.

DSC_2542

არა, მე არაფერი.

უბრალოდ, თუშეთი მენატრება სულ, 24/7. იქაური გზები, ჰაერი, ქვები, სიპებით ნაშენი კოშკ-სახლები, ცაში გამოკიდებული გზა და ბილიკები, დათხური, ქონდრის ჩაი, კალტი, ხინკალი. ჩაღმური ლაპარაკი მენატრება კიდევ, და წოური “ქხ”, რომლის გამოთქმაც ვერაფრით ვერ ვისწავლე.

თუშები ყოველ წელს ბრუნდებიან მთაში, ხევსურებს მუდამ ახსოვთ ვისი გორისანი არიან, სვანები არც არასოდეს გამხდარან იძულებულნი, მამა-პაპის სამოსახლო დაეტოვებინათ. მთიულები, მოხევეები…. ჩემს გულში დასამკვიდრებლად ხანდახან სრულიად საკმარისია, მთის ადამიანი იყო, ან მთა გიყვარდეს, იმიტომ რომ აქვთ რაღაც საერთო ასეთ ადამიანებს. თავისუფლება უყვართ, მაგალითად.

თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი


ძალიან არ მიყვარს, როცა ამ სამ კუთხეს ერთმანეთს ადარებენ, აჯიბრებენ და მერე მიდის დავა, რომელი რომელს ჯობია. სინამდვილეში, სამი სხვადახვა სამყაროა, სამი სხვადასხვა ხასიათით, შეგრძნებებით და დროთი. მაქსიმალურად მოკლედ თუ ჩამოვაყალიბებთ, ამ სამი მთიანი კუთხის ჩემეული შეფასება ასეთი იქნება:

ხევსურეთი, შატილი

თუ ფული და დრო არც ისე ბევრი გაქვს, ხევსურეთში უნდა ახვიდე, აქვეა, მთებია, ჩალისფერი მთები, ლბილი კიდეებით და ღია პეიზაჟებით. “წამო, ხევსურეთში გადავირბინოთ” .  შატილში აივანზე უნდა ჩამოჯდე, მზეზე გათბე (აქ მუდამ თბილი მზეა) და მუცოზეც აირბინო, ანატორელების აკლდამები ნახო და თუ ცოტა ექსტრიმიც გინდა, ჭაუხების გავლით შეგიძლია აბუდელაურებზეც გადახვიდე.

სვანეთი, უშგული, შხარა.

თუ გინდა სტიქიას მიუახლოვდე, მთელი მოგზაურობის გარშემო უზარმაზარი, თოვლიანი მწვერვალები დაგყურებდეს თავზე, პირქუშად, და შენს ფეხქვეშ გადარეული მდინარე გრუხუნებდეს, სვანეთში უნდა წახვიდე.  შდუგრას ჩანჩქერის ნახვის, უშგულში შხარას ცხვირწინ კარავის გაშლის და მხერზე ასვლის გარეშე აზრი არ აქვს ოღონდ… სვანების ხატობაზეც უნდა მოხვდე, ნახო, როგორ მღერიან, ცეკვავენ, გადარეულ, უბელო ცხენებზე როგორ სხედან თითისტოლა ბავშვები და მიხვდე, რომ აი ესაა ნამდვილი სვანეთი.

ბოდიშის მოხდით, მეორე სურათიც უნდა დავდო, ვერ ავარჩიე…

თუშეთის გზაზე

თუ გინდა იმ წარსულში დაბრუნდე, ჩვენი წინაპრები რომ ცხოვრობდნენ, და საქართველოს ყველაზე სახიფათო გზა გაიარო, რომელიც ყოველ წელს ლამის თავიდან გაყავთ და ლამის ყოველ წელს ვიღაც ვარდება, მაშინ თუშეთში უნდა წახვიდე.  აქ ჯერ კიდევ დარჩა სოფლები, სადაც მხოლოდ ცხენით მიიღწევა, აქ არც დენია და სახლების უმეტესობაც ზუსტად ისეთივეა, როგორადაც ჩვენმა დიდმა-დიდმა ბებია-ბაბუებმა ააშენეს. (ვიტყუები, ლეკებს აშენებინებდნენ). ალუდის გასინჯვის, დიკლოს ციხის ნახვის და ლეგენდის მოსმენის,  გირევის კოშკებზე ასვლის,  ქონდრის ჩაის დალევის, ორეთის ტბის მონახულების და გზაზე თუშად მოსანათლი ადგილის გავლის და მონათვლის გარეშე თუშეთიდან არ დაბრუნდეთ ოღონდ…

ხოდა, აი ეს სამი, სრულიად განსხვავებული რამე რანაირად უნდა შეადარო, ამიხსენით რა.

ჩემი პირველი ლაშქრობა


ხუთი წლის წინ, მოვახერხეთ და ჭაუხებში დავიკარგეთ, იქ, სადაც იმდენი ხალხი დადის, გადაბილიკებულია ყველაფერი და ყველა თავმოყვარე მობოდიალე ერთხელ მაინცაა ნამყოფი.

ხო, ჭაუხები თუ ჭიუხები?

დღემდე ვერ გავიგე რა ქვია, ზოგი ერთს ეძახის, ზოგი მეორეს, ზოგი მესამეს.

ჭაუხები გამოჩნდნენ და ჯერ კიდევ მიხარია :დ

წასვლა რომ დავაპირე, ზუსტად სამი საათი ვეხვეწე დედას, რომ “გავეშვი”. ხვეწნა რატომ დამჭირდა, არ მახსოვს. დედაჩემი თუშია, იქ, მოგეხსენებათ, ცუდი გზებია, ხევსურეთის გზატკეცილები ნანახი არ ქონდა და შესაბამისად, ცივი უარი მტკიცა. მერე მაინც დავითანხმე.

გზადაგზა "მალინა" იშოვებოდა, ბებიაჩემის ენაზე ქხვაფა :დ

სულ ხუთი კაცი ვიყავით, მე ყველაზე გამოუცდელი, ნათხოვარი ზურგჩანთით, ნათხოვარი საძილეთი, ბოტასებით, ჯინსებით, მოკლედ, ყველაფერ იმით, რაც ჯობია, სახლში დატოვო. სახლიდან მოხარშული სიმინდი, პერაშკები და ვაშლი გავაყოლე.

პირველივე დღე მივხვდი, რომ ძალიან, ძალიანზე მეტად გამიჭირდებოდა. ზურგჩანთა საშჳნლად მძიმე იყო, მე კი ძალიან ცუდ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი და თურმე წარმოდგენაც არ მქონდა, სად უნდ მევლო და რამღელა აღმართები ამევლო. იყო მომენტები, როცა უბრალოდ, ძირს ვეცემოდი, იმიტომ, რომ გული ისე მიჩქარდებოდა, ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი, თვალებში მიბნელდებოდა და რას არ მივცემდი, ოღონდ იმ წუთას თბილისში აღმოვჩენილიყავი.

თუმცა მერე იწყებოდა დაღმართები ან ვაკე , სადაც სიარული არ მიჭირდა და თბილისში დაბრუნებაზე ნატვრას ვწყვეტდი, იმდენად ლამაზი იყო იქაურობა და იმხელა თავისუფლების შეგრძნება მოქონდა.

 

მოხარშული სიმინდით ხელში. არ მკითხოთ, რა უნდოდა ლაშქრობაში :დ

სულ ოთხი დღე გვქონდა. პირველი ღამე სადაც დაგვიღამდა, იქ გავათიეთ. დღე მაისურში რომ მცხელოდა,  ღამე ქურთუკი მეცვა და ვერ ვთბებოდი. თან მოვახერხეთ და თან წაღებული გაზის ბალონი რაღაცნაირად გავაფუჭეთ, შესაბამისად, ალპურ ზონაში ცხელი წყლის გარეშე აღმოვჩნდით, ერთ-ერთმა მონაწილემ კი პირველ დღესვე ფეხი დაიშავა.

მეორე დღეს ჭაუხებს მივუახლოვდით, გვერდით გავუარეთ და…  აი მერე რა ვქენით, მე პირადად წარმოდგენაც არ მაქვს. უბრალოდ, დავდიოდით, დავდიოდით, დავფორთხავდით, რუკას ვუყურებდით (ჯიპიესი ან უკიდურეს შემთხვევაში კომპასიც კი არ გვქონდა), ვცდილობდით გამოგვეცნო, სად და როგორ უნდა წავსულიყავით და იმასაც ვერ ვხვდებოდით მემგონი, სად ვიყავით.

ამეებზე დავდიოდით გზააბნეულები და ნეტა რატომ არ ჩავვარდით?

ერთი სულიერიც კი არ ჩანდა ჰორიზონტზე, რამე რომ გეკითხა. მერე ფარა დავინახეთ, ერთი ჩვენგანი მეცხვარის მოსაძებნად გაიქცა, მე მზიან ფერდობზე ჩამოვჯექი და… ზურგჩანთის მოუხსნელად ჩამეძინა.

ბოლოს დეკიანებზე დავეშვით.  დეკა დაცერავებულ ფერდობებზე იზრდება ისე, რომ ზემოთკენ მოხრილი ღერები გამოსდის, ხოდა სულ სირბილ-სირბილით ჩამოვირბინე. იმის მერე ბევრჯერ მომისმენია რა საშინელებაა დეკიანებზე ჩამოსვლა, არადა პირიქით, ფეხს ადგამ დრეკად ხალიჩაზე, რომელიც გიკავებს და ფაქტიურად, კიბეზე ჩამოდიხარ. რაც მთავარია, გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ამას უდეკო ფერდობზე შეძლებდი.

და-ვი-ღა-ლე!

ის ღამე სადღაც დაფერდებულზე გავშალეთ კარავი, მთელი ღამე ფეხზე მდგარს მეძინა, დილით კი ვიღაც ცხენოსნები თუ მწყემსები შემოგვხვდნენ და აგვეკიდეთ რაც ძალი და ღონე გვქონდა. გვასწავლეს, როგორ უნდა გადავსულიყავით რომელიღაც ქედზე, რომ მერე თავბრუდამხვევად აბეზარი დაკლაკნილი ბილიკებით დავშვებულიყავით ციცაბო ფერდობებზე, აბუდელაურის ტბებისკენ, (რომლებიც ძალიან შორიდან დავინახეთ) და მთელი დღე, ფაქტიურად შესვენებების გარეშე, სწრაფი ტემპებით ჩავედით მმმ… როშკამდე თუ კორშამდე?

სოფლამდე მივაღწიეთ, აქ ჯერ არ ვიცი, რომ ღამე კიდევ უნდა ვიბოდიალო

ანუ აი რომელიც უფრო მაღლაა, იქამდე. იქ დაგვამშვიდეს, რომ ღამე ტყეში მგლები იქნებოდნენ და მეცხვარის ძაღლები, მე ავიღე დიდი წკეპლა (შეგიძლიათ გადაიხარხაროთ, არ მოგერიდოთ) და დავადექით გზას. დაგვაღამდა, წვიმა დაიწყო, მივდიოდით ხეობაში, მივდიოდით, მივდიოდით, მივდიოდით…. მე რა, ფეხები მიდიოდნენ ავტოპილოტზე.

ძალიან ცუდი იყო, ზემოდან კლდე და ბნელი ტყე გადმოგყურებს, დაბლა მდინარის შხუილი ისმის, გაღმა ფერდობებზე ალაგ-ალაგ სინათლეები ჩანს და ძაღლების ყეფის ხმა ისმის, მიუყვები გზას და ყოველი მოსახვევის დანახვისას იმდედი გაქვს, რომ აი ეს მოსახვევიც  და სოფელი გამოჩნდება, მაგრამ  იმედი გიცრუვდება, მერე მეორე მოსახვევს უახლოვდები და ისევ თავიდან ჩნდება გასაცრეუებელი იმედი… ბოლოს ბარისახოს ნაწილისკენ გადასახვევი რომაა და ასფალტიანი გაუგებრობა, აი იქ დავეცით კარავი. არადა, თურმე ერთი მოსახვევიც და სოფელი იქნებოდა, სადაც ვინ იცის, იქნებ თბილადაც დაგვეძინა…

დილით კი ავტობუსი მოვიდა და წამოვედით. მე გულში ვიფიცებოდი, რომ ეს ჩემი ბოლო გაბოდიალებაა მთებში.

პ.ს. სულელურად მოვიქეცი და დისკზე ჩავწერე სურათები, კომპიდან კი წავშალე, ამიტომ ვარ ყველა სურათში მე.  სხვები, უბრალოდ, არ მაქვს. არადა ძალიან მინდოდა ეს პოსტი დამეწერა.

შატილი და ჭიქა ყავა


 

შატილის ფართოდ ცნობილი ამ ხედის გარდა

კიდევ ასეთი ხედიც არსებობს.

არაფერი განსაკუთრებული, ხომ?

სახლებს შიგნითაც დიდი ვერაფერი, შესასვლელი, რამოდენიმე ოთახი და კისრისმოსატეხი კიბე, რომელიც ერთი შეხედვით სარდაფში ჩადის.

ეს  უფერული, ერთსართულიანი და უღიმღამო სახლები სინამდვილეში ორსართულიანია, ორი დიდი აივნით და ულამაზესი ხედებით, რომელსაც  ამ ძალიან უხარისხო სურათში ჩემი ჭიქა და ვაშლის ხის ტოტი ფარავს.


ჩემი საზომებით სისხამი დილაა, ასე 7-8 საათი, “სარდაფის” საძინებელი ოთახიდან ახალი ამობობღებული ვარ, სახლის მეპატრონის სამზარეულო შტურმით მაქვს აღებული და ყავა მომზადებული. ცალ ხელში ბუტერბროდი მიჭირავს, მდნარი ყველის და ხლებცის კომბინაციით.

ჩემს ზურგსუკან ზურგჩანთებს ალაგებენ, სამზარეულოში ვიღაც უცნობები საუზმობენ (იმედია ჩემს ყველსაც გაათავებენ, უკან ჩაბარგება მეზარება), სახლის პატრონს ჯერ კიდევ ღრმად ძინავს ან არ იმჩნევს, რომ გაეღვიძა, ვიღაც ღამისთევის თანხებს აგროვებს, სკოლასთან დაბანაკეულ კარვებში ალბათ უკვე გაიღვიძეს და კარვებს კეცავენ.

მე ჩემს მწვანე ქურთუკში ვარ გახვეული, ჰაერი სუსხიანია და ისეთი ცინცხალი, მხოლოდ მთაში რომ იცის, ცხვირს ყავის არომატზე ვითბობ და წინასწარ მიხარია მუცო და ანატორელები.

შატილში კიდევ ერთხელ უნდა……



გავისეირნო წარსულში

გავიხედო “დასაკუთრებული სახლის ” ფანჯრიდან


ავძვრე კოშკში სულ სულ ზემოთ (მაშინ ვერ ავძვერი )

“დავისაკუთრო” სახლი

ვიპოვო მდინარეში ასეთი მთის ბროლი