სულები, რომლებსაც ესეირნებათ


ჩემს სოფელში აღდგომამდე ერთი კვირით ადრე “წასულები” მოდიან ხოლმე. აესე, სადაც არიან და როგორც არიან, აიკრიფებიან და იწყება გრძელი პროცესია სახლში გაშლილი სუფრების დასაგემოვნებლად, შთამომავლობის მოსაკითხად და ძველი საცხოვრისების მოსანახულებლად.

ზოგი ალბათ ბედნიერი მოდის, ზოგიც აღრენილი და აკრეფილი, მეზობლები ყავს თითებზე გადასათვლელი და წარსული წყენები მოსაკითხი და ასანაზღაურებელი. თუ სანთელ-საკმეველს დაახვედრებენ, იქნებ ამოშალოს კიდევაც ვუდუს თოჯინების იმქვეყნიური კოლექციიდან.

იქით ადრე გარდაცვლილი ბავშვები მოდიან, მოდიან რა, გვიან გარდაცვლილ ბებიებს არიან კაბის კალთებზე გამოკერებულები, იქნებ არც იცნობენ, მაგრამ სული მიუწევთ. ათვალიერებენ იმათ, ვინც მათ შემდეგ დაიბადა, ეძებენ ნაცნობ ნაკვთებს და პოულობენ ადამიანებს, ვისაც საკუთარი სიკვდილით გაუკვალეს გზა სააქაოში. ვისი ცოდვებიც იტვირთეს, რომ დაბადებულიყვნენ ცოცხლები, ჯანმრთელები და ისეთები, როგორებიც მსხველშეწირვის გარეშე ვერ იქნებოდნენ.

აღდგომის მერე ნელ-ნელა აიკრიფებიან და მიდიან. ჯერ კოჭლები დაავადმყოფები – გზაა გრძელი გასავლელი და მაგიტომ. ღამე თუ გაგეღვიძებათ და გაიხედავთ, შეიძლება შეამჩნიოთ კიდევაც უცნაურად აჭრაჭუნებული კიბეები და შერხეული გზისპირა ყვავილები, აციმციმებული ვარსკვლავები და არსაიდან მონაბერი ნიავები.

(არ მკითხოთ, სადაური თქმულება თუ მითია, ჩაღმა ვარ, წოვების უბანში გავიზარდე და განსხვავებების აჯაფსანდალი მაქვს დღემდე თავში. თუშებში მაქვს მოსმენილი, ფაქტია. )

ხოდა რას მოვაყოლე ახლა ეს…..

ბავშვობიდან ღრმად მჯერა, აი ასე, თავისით, არავის რომ უსწავლებია და უთქვამს, რომ ადამიანები მიდიან სადღაც, სადაც არ არსებობს რელიგიები, რასები და განსხვავებები ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით. სადღაც ღრმად, ან ზევით, ან სადაც გინდათ უწოდეთ, ჩვენ ერთნაირები ვართ. და თუშები თუ დაკრძალვის ღამეს ვუნთებთ კოცონს მიცვალებულს, რომ “არ შეეშინდეს”, (ნუ, ბაბუაჩემის მეხუთე ცოლი რომ დავკრძალეთ, მაგ კოცონის მოლოდინში, გაყინული, მეზობლის სახლს რომ ვეფარებოდი, მაშინ მოვისმინე სამანელების ისტორია), სვანეთში ლამპრობაზე, ყველაზე გრძელ და ცივ ღამეს  ანთებენ კოცონს მიცვალებულისთვის.

ხოდა მკრეხელური შედარება გამომივიდა ახლა მაგრამ, აზრი გასაგებია მემგონი.

ან იქნებ არც

ნებისმიერი რელიგია ან მიმდინარეობა რომ ჩაქექო, გამოშიგნო, გადაატრიალო, გადმოატრიალო, ნაცხი გაუკეთო და მიკროსკოპში ჩაიხედო, სიყვარულია ამოსავალი წერტილი.

ხოდა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ძნელია?

ა?

(პოსტის ავტორი აქვე აღიარებს, რომ მისი ამჟამინდელი აზრი შეიძლება სულაც არაა ჭეშმარიტება და რამოდენიმე წლის მერე იქნებ სხვა აზრზე იყოს, მაგრამ ამწუთას ასეთი შეხედულება აქვს და ჰა)

 

 

 

დატოვე კომენტარი