სულები, რომლებსაც ესეირნებათ


ჩემს სოფელში აღდგომამდე ერთი კვირით ადრე “წასულები” მოდიან ხოლმე. აესე, სადაც არიან და როგორც არიან, აიკრიფებიან და იწყება გრძელი პროცესია სახლში გაშლილი სუფრების დასაგემოვნებლად, შთამომავლობის მოსაკითხად და ძველი საცხოვრისების მოსანახულებლად.

Continue reading

ცხოვრება ცალი ნაუშნიკით


არ ვიცი თქვენთან როგორ ხდება, მაგრამ ჩემი ცხოვრება პერიოდულად ყირავდება და თავიდან იწყება ხოლმე.

Continue reading

ანდერძი


“შენ მერე წამოხვალ
ჯერ ადრეა მდინარეზე გადაბიჯება”-
მეუბნება მეორე ნაპირიდან და მიდის.
უკანმოუხედავად. Continue reading

გოგო, რომელიც გადარჩა


გოგო, რომელიც გადარჩა არ იყო მამაცი
არც ლამაზი იყო
და არც გამბედაობით გამოირჩეოდა.

ერთი ბეწო, მოცუცქნული და გაუბედავი დადიოდა ეზოში შეყრილ უამრავ ადამიანს შორის, სასოწარკვეთილების, ცნობისმოყვარეების, სეირის მაყურებლების და უბრალოდ, ვალდებულების გამო იქ მყოფებს შორის და ეძებდა. რას – თვითონაც არ იცოდა.
იცოდა მხოლოდ ის, რომ სრულიად მარტო იყო და უნდა გადარჩენილიყო.

არჩევანი დიდი არ ყოფილა-
სიცოცხლე ან სიკვდილი; იმედი ან სასოწარკვეთა.

გადარჩა.

გაყინვის ფასად.

და არავის შეეძლო გოგოს გადარჩენა, საკუთარი თავის გარდა.
არჩევანს შენს გარდა ვერავინ გააკეთებს.
შენ უნდა გაბედო
შენ უნდა გარისკო
შენ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება

სტკიოდეს
ტიროდეს
ცუდად ხდებოდეს
უხაროდეს
უყვარდეს
ბედნიერი იყოს.

ზოგჯერ უბრალოდ, უნდა გადახტე იმისათვის, რომ ფრთები აღმოაჩინო
რომელსაც მთელი ცხოვრება ზურგით დაათრევდი.

 

ერთხელ მოლაშქრე ყოველთვის მოლაშქრეა?


 

ვინმემ რომ მკითხოს, შენ ვინ ხარო, ამ ფოტოს ვაჩვენებდი. Continue reading

ვინამ სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია – 4 დღით თუშეთში


არსად არ დაკუსკუსებენ ღრუბლები მთების წვერებზე ისე, როგორც თუშეთში. წავლენ-წამოვლენ, წაბოდიალდებიან, მობოდიალდებიან და იმ მთის და ამ გორაკისას მოგიყვებიან.

_DSC0026

“იახლ ჯანღ ქურდულად ჩამიიპარ დანოსო” ტყუილად კი არ მღერიან იმ სიმღერაში, ყველაზე ძალიან რომ მიყვარს, Continue reading

საჭირო ტყუილები


ბიძაჩემს ხანდახან არ ახსოვს, ვინ ვარ მე. მე არ მახსოვს, როგორი იყო მამაჩემი, მაგრამ დეტალურად მახსოვს სიკვდილის შემდგომი ყველა დღე.

განსაკუთრებით, შოკოლადის კანფეტები. და წანდილი. და ის ქალი, ამასწინათ რომ გარდაიცვალა და მე კიდევ მთელი ცხოვრება ვერ ვიტანდი “ვაითქვესაწყლებო”-ს შეცხადებისთვის; ჩემი ძმის მოსანათლად სახელდახელოდ ამოხვეული ძაფი –  ჯვრის დასაკიდად. ძალიან ბევრი ყოჩივარდები ეზოში. ჩემი ბიძაშვილები, რომლებიც ოთახში საწოლზე ჩამომჯდრები ტიროდნენ.  გაცრიატებული ამინდი და გუბეები. ოღონდ გუბეები სიზმარში ვნახე, გადახტომა მინდოდა  იქით მხარეს  და არ დამანება, შენ მერე წამოხვალო. 

მახსოვს ტანსაცმელი, შავად შეღებილი. საღებავის სუნი. კომოდში ჩალაგებული და აღარასოდეს ჩაცმული ფერადი ტანსაცმელი. ადამიანის მთელი ცხოვრება, კარადის ზედა თაროზე დატეული.

მამაჩემის სიკვდილით იწყება ჩემი მახსოვრობა ალვანზე და ‘ჩემს” უბანზე.

ბიძაჩემი ხანდახან ვერ მიხსენებს, თუმცა კარგად ახსოვს თენგოლე, უმცროსი ძმა.

მე კიდევ ვიტყუები ხოლმე, მეც ძალიან კარგად მახსოვს მამაჩემი.

დიაფილმები დაბნელებულ ოთახში; რძის ქარხანა, სველი იატაკი და ვიღაც თეთრხალათიანი თანამშრომლები; ღამეში მიმავალ მანქანაში ჩართული მინის საწმენდები და “ციმციმას” ხმა; დონალდოს კევები; ბუსუსებიანი, გაურეცხავი ატმები, დედაჩემის აკრძალვის მიუხედავად; სამთვლიანი ველოსიპედი; მანქანებიანი ატრაქციონი; ფანჯარაზე მიჭყლეტილი ცხვირი და შორს, მინდორზე მორბენალი მამაჩემი;  თეთრიწყლები, მუხლამდე ყვავილები და საზამთროები;

უბრალოდ, ექვსი წლის ამაყი ბავშვისთვის ძალიან ძნელია მწუხარებას მიეცეს, ამიტომ ალტერნატივად დანაკლისის იგნორირება რჩება. ალბათ. ან იმისათვის, რომ ძლიერი იყო და ათი-თორმეტი წლის ლაწირაკი მეზობელ დიდ კაცს ეჩხუბო იმისათვის, რომ უსამართლოდ დაგჩაგრა, საკუთარ თავთანაც არ უნდა აღიარო, რომ სუსტი ხარ ან რაღაც გაკლია.

საინტერესოა, რომ შევხვდები, მაშინ თუ ვიცნობ?

ვიცნობ უცნობ ადამიანს, რომლის სახე პრაქტიკულად არ მახსოვს… ნათესავები ამტკიცებენ, რომ ვგავარ, მაგრამ ფოტოები და ჩემი თვალები ირწმუნებიან, რომ დიდი ბებიის ასლი ვარ.

თუმცა, კარადის თავზე შემოდებული ზენიტის (აქ უკვე დაშლილი) ფოტოაპარატი, საძილე ტომარა, მათარა და კარპატებში გადაღებული ფოტოები იმას მოწმობს, რომ რაღაც საერთო უნდა გვქონოდა.

 

როცა ადამიანები კვდებიან


მოდი დავუშვათ, რომ ადამიანი სანამ გვახსოვს, ცოცხალია.

მოდი დავუშვათ, რომ იქ, სადღაც, სადაც ჩვენ შეღწევა არ შეგვიძლია, ვიღაც გველოდება. ვიღაც, ვინც ჩვენთვის ცხელ ბუხარს, ჭიქა კაკაოს და პლედს ამზადებს, რომ ბევრი წლის მერე ისევ ჩაგვეხუტოს და გვითხრას, რომ ჩვენი დანახვა უხარია.

ჩვენც ცოცხლები ვართ, სანამ ვახსოვართ. და როცა ჩვენი საყვარელი ადამიანები სხვა სამყაროებში სამოგზაუროდ მიდიან (მოდი, ჩავთვალოთ რომ აქ დაწყებულ მოგზაურობას და თავგადასავლებს იქ აგრძელებენ), პირველი თავზარდაცემა, რაც გვანადგურებს ისაა, რომ ჩვენ უმათოდ ვრჩებით. რჩება სიცარიელე, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ამოავსებს ვერასოდეს. ეს შეგრძნება ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როგორც არ უნდა ვერთობოდეთ, ვიცინოდეთ და ა.შ.

  • იქნება მომენტები, როდესაც უცბაშად, წამის რაღაც მონაკვეთში დაგვავიწყდება, რომ ჩვენთან აღარაა და გასაზიარებლად გამზადებული აზრი, ღიმილი და ემოცია გულზე შეგვეყინება.
  • წამის ის მეასედები, როცა ძილს და ღვიძილს შორის, ბურუსში, არ გვახოვს, რომ მოკვდა.

ხო

რა საშინელი სიტყვაა მოკვდა

მ ო კ ვ დ ა.

თებერვალში ჩემხელა გოგო მოკვდა.

გოგო, რომელიც ევერესტზე იყო. და საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოლაშქრე და ადამიანი იყო, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, მონათხრობებით.

ძალიან ცუდი სიტყვაა “მოკვდა”, ამიტომ

მოდი, უბრალოდ ვთქვათ, რომ

მზე ჩავიდა.

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდები კვდებიან, თითქოს ცდილობენ, ყველაფერი მოასწრონ. ისინი უფრო სწრაფად, უფრო სრულყოფილად, უფრო შინაარსიანად ცხოვრობენ. უფრო პოზიტიურები არიან და როცა მიდიან, მართლა მზე ჩადის.

მთის მზე, რომელიც უცებ ქრება ჰორიზონტიდან.

სანამ მზეზე ხარ, გათბობს, და საკმარისია ბექობს მოეფაროს, საშინელი ყინვა და სიცივე ისადგურებს გარშემო, წუთებში.

როცა ახალგაზრდა ხარ, სიკვდილი თითქოს შორსაა, უსაზღვროდ, უსაშველოდ შორს.  ჩემთვისაც კი, რომელიც ფაქტიურად სიკვდილებთან ერთად გაიზარდა.

ადამიანები აუცილებლად გარდაიცვლებიან.

ეს ძალიან მარტივი და გარდაუვალი ჭეშმარიტებაა.

და მაინც

ძნელია, როცა სიკვდილს ძალიან ადრე ეჯახები პირისპირ.

ყველაზე და ყველაფერზე ძნელი სიცარიელე რჩება ამის შემდეგ.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ადამიანები მიდიან.

და სისულელეა ყველაფერი სანუგეშო, როცა გტკივა.

ჩემი არჩევანი ყოველთვის “პოკერფეისი” იყო.

მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ

წყლის ზედაპირზე ამოსასვლელად ზოგჯერ ბოლომდე უნდა ჩახვიდე ფსკერზე, რომ ფეხის დაკვრა, ბიძგის მიცემა და ამოსვლა შეძლო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცურვა არ იცი.

და სულაც არ “ტეხავს”, როცა ადამიანი მთელი სხეულით ეშვება მწუხარებაში.

უნდა განიცადო, უნდა დაიტანჯო, უნდა ჩაიძირო სიბნელეში და სასოწარკვეთილებაში ბოლომდე და ისევ, აუცილებლად ამოხვიდე ზედაპირზე იმისათვის, რომ

მუდამ გახსოვდეს.

 

სვანეთი, როგორც ასეთი


როგორ შეიძლება არ გიყვარდეს სამყარო, სადაც ყველგან მთებია?

არ აქვს მნიშვნელობა, დილის ყავას სვამ,

მესტიაში დაბოდიალობ,

გზაში ხარ, Continue reading

უკან, ბუნაგში


ასეთი იყო პირველი დილა ახალ სახლში. მზიანი დილა დამხვდა და პლიუს მტრედი იყო შემომჯდარი აივანზე. არასოდეს ამ უბანში მტრედი არ დამინახია. (რტო ეკლდა პირში ზეთისხილის :დ ) აივანი მაქვს ნეტარება, ძველი სკამი გავდგი და  ვიჯექი, კატასავით მზეზე ვთბებოდი და ყავას ვწრუპავდი.  ორი დღეა “გადმოვბარგდი” და ან ვალაგებ, ან რამეს ვყიდულობ, ან მძინავს. უფრო მეტი მძინავს. ფაქტიურად სულ მეძინება. გადავეჩვიე იმას, რომ დილით არავინ გაღვიძებს, რომ მთელი დღე შეგიძლია უბრალოდ, იდო და სერიალებს უყურო, დაიძინო, გაიზმორო და ისევ დაიძინო და ბინაში მხოლოდ სერიალებმა იბოგინონ. არიან ადამიანები, ვისაც ბევრ ხალხში უყვართ ტრიალი, მე კი სახლში მარტო რომ ვარ სიხარულისგან ლამის დავდნე.  ის კი არა, წეღან დავაფიქსირე, რომ საათს აღარ ვუყურებ იმის მოლოდინით, რომ დაღამებამდე სახლში უნდა ვიყო, ამაყად მოვაბიჯებ ქუჩაში ღამის 9 საათზე. IMAG0265

აი ასე ვზივარ ახლა, ყავა, “კოწახური” და ბლოგი. IMAG0266

ეს სამზარეულოს ნაწილია. პირველი დილა რომ გათენდა, ჩაიდანი ვერ ვიპოვე რომ ყავა ამედუღებინა, ყუთიდან ძველისძველი ქვაბი ამოვათრიე, გავრეცხე, წყალი ავადუღე, უკან ყუთშივე ჩავუძახე და ბაზრობაზე გავეშურე ჩაიდანის საყიდლად. საბოლოოს ეს ვერცხლისფერი მსუქანი რაღაც შემომეყიდა. აუ ხო, კიდევ ქვაბი ვიყიდე, რომელზეც გამყიდველმა დედა დაიფიცა, რომ არ მიიწვავს არაფერს, ძალიანაც რომ ეხვეწო. (ამასობაში მესმის, როგორ ტირის მეზობლის ბავშვი. უკვე გადამავიწყდა, ყველაფრის საქმის კურსში რომ ვარ ხოლმე თუ რამე ხმამაღალი ხდება მეზობლებთან).

ნივთების დიდი ნაწილი პარკებში და ყუთებში აწყვია. ველოდები, როდის წაიყვანენ კარადებს ახალი პატრონები, რომ ჩემთვის გარდერობი ვიყიდო. სამშაბათს უნდა წაიღონ. თუ არ წაიღეს, სავარაუდოდ ძალიან გადავირევი. რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი აწყვია პატარა ჩემოდანში და იმით გავდივარ იოლად. ფაქტიურად ბოშათა მოხეტიალე ბანაკი ვარ. ნუ სულით ისედაც მასეთი ვარ, მაგრამ მაინც.IMAG0267 ეს ცისარტყელა ადრე მაჩუქეს, დაცლილი ყუთებიდან ერთ-ერთში იდო და ამოვიღე, ბინა “მოვნათლე” ფერადოვნებით.

ხოდა რავი. გახარებული, დაბნეული, გადაღლილი, გასავათებული, დეპრესიული, whatever მოუდში, ბედნიერი და  აღტაცებული ერთდროულად თუ შეიძლება იყოს ადამიანი, მე ვარ.

პერი ბუნაგში დაბრუნდა. ახლა იმის დროა, გავლილი წელი გააანალიზოს.

პ.ს. დღეს სამი რეისი გავაკეთე მაღაზიიდან, რომ საჭმელი მეჭამა :დ ხან თეფშის, ხან ტაფის და ხან პროდუქტის :დ