ანდერძი


“შენ მერე წამოხვალ
ჯერ ადრეა მდინარეზე გადაბიჯება”-
მეუბნება მეორე ნაპირიდან და მიდის.
უკანმოუხედავად.

და მე ვრჩები, მორჩილად.
ვრჩები და ვაგრძელებ გზას, რომელიც მდინარის მეორე ნაპირამდე მიმიყვანს
ოდესმე.

ყოველ წელს, როცა ხეები გაიკვირტება,
და როცა გაზაფხული აფეთქდება
მე მივდივარ მდინარის სათავესთან
ჭიქა არყის დასაქცევად
კვერცხების გასაგორებლად
და იმის შესახსენებლად საკუთარი თავისთვის, რომ
მდინარეში შესვლამდე ჯერ კიდევ შორია.

რომ ჯერ გზებია გასავლელი,
გზები – დასაწყისიდან დასასრულამდე.

როცა კიდევ ერთხელ დავფიქრდები საიდან მოვდივართ,
და რა საშინელი იყო ბავშვობა,

ბავშვობა, სადაც არ იყო მამა.

იყო მხოლოდ დედა, რომელიც აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო,
და ეს შეძლება ყოველთვის იყო საბანივით,
რომელიც იქამდე უნდა დაიფარო, სადამდეც გაგწვდება.

სადაც არ იყო არავინ, ვინც ბავშვობას დაიცავდა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ყოფილიყავი უფროსების წინაშე.

ცეცხლით და მახვილით მოვედი აქამდე
და ის დროც მოვიდა, როცა ფარ-ხმალი უნდა დავყარო

იმიტომ, რომ გავიზარდე,
იმიტომ, რომ ვეღარავინ მომერევა,
იმიტომ, რომ  მოვერიე,
და ვისაც ვერ მოვერიე, სამყარომ მიუზღო სამაგიერო.

ერთადერთი იარაღი, რომელსაც ვიტოვებ, სიმშვიდეა
და ფრთები
რომლის შეკვეცაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.
რომლებსაც ცეცხლით და მახვილით ვიცავდი
ტანზე დარჩენილი იარების ფასად.

მდინარის კვალ-და-კვალ
სიცოცხლემდე
სიყვარულამდე
დასასრულამდე

დატოვე კომენტარი