სიყვარული, როგორც გარიგება, მიჯაჭვულობის ელემენტებით


თავდაპირველად, მოდი ყველა შევთანხმდეთ, რომ there is no “happily ever after”. (happily კიდევ ხო, მაგრამ ever after? srsly?)

“მე შენ მიყვარხარ”- გეტყვი და გიყურებ მომლოდინე თვალებით, რომ შენც იგივე მიპასუხო. მე გაძლევ შენ ჩემს  სულს, სხეულს, თავისუფალ დროს, რესურსებს, და სანაცვლოდ ვითხოვ იგივეს.

საკვანძო სიტყვა- ვითხოვ.

სადმე გინახავთ ადამიანი, რომელიც გეტყვის რომ უყვარხარ, რამეს გაჩუქებს, რესურსებს გაიღებს და იქვე მომლოდინე თვალებით არ  გიყურებს და საპასუხო ბონუსებს არ ელოდება? ან თუ ახლა არ გიყურებს, მომავალში გულწრფელად ბრაზდება იმაზე, რომ შენ მიიღე მისი შემოთავაზებული რესურსი, საპასუხო კი არ გაეცი. სუნამო ამ შემთხვევაში ალეგორიაა, ჩვენ ყველა გავცემთ რაღაცას, და გვინდა სანაცვლოც მივიღოთ. (ვაღიარებთ ამას საკუთარ თავთან თუ არა,  ეს მეორე საკითხია) მე თუ შენ ერთხელ ჩაგეხუტე, ორჯერ შოკოლადი გაგიყავი და სამჯერ მაიკა დაგიკემსე, სანაცვლოდ კი იოტის ოდენა უკუკავშირი ან ერთი სენდვიჩიც არ მივიღე, მე მომწყინდება შავი ხვრელის გარშემო ორბიტაზე ტრიალი და წავალ, რომელიმე, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ გალაქტიკას ვიპოვი, შავი ხვრელების გარეშე. (არადა, შავი ხვრელებისგან წასვლა ყველაზე მეტად ჭირს, რადგან მის მიერ შთანთქმული ენერგიები გენანება და მომლოდინედ უტრიალებ, სპონტანური ენერგიების ამოფრქვევების იმედით)

არადა როგორი სასიამოვნოა პირდაპირ სახლთან მოტანილი შოკოლადის ნამცხვრები და კუნაპეტ სიბნელეში ლოგინიდან წამომხტარი ადამიანები, წყალი რომ მოგიტანონ, იმიტომ რომ მოგწყურდა და ადგომა გეზარება.

როცა ვამბობთ, რომ გვიყვარს, რატომღაც ავტომატურად იგულისხმება, რომ  “ერთმანეთის ხართ”. საზოგადოება აქტიურად გვაწვდის ამ მოდელს და ჩვენს ძალას და ენერგიას არ ვიშურებთ, რომ “იდეალური სიყვარული” გვქონდეს.

და თუ 1+1=1, გამოდის, რომ ერთიანები აღარ არსებობენ, არსებობენ ნახევრები, რომლებიც აღარ არიან ისინი, ვინც იყვნენ.

  • და თუ მე არ მინდა რომ ნახევარი ვიყო? და თუ მე მინდა რომ მოვიდე, მივიღო ჩემი წილი დადებითი ენერგიები ისე, რომ საკუთარი თავი არ დავკარგო, და ფორმულას გადავუხვიო, რატომ აღარ ერქმევა ამას სიყვარული?
  • და თუ მე მექნება ჩემი საკუთარი ცხოვრება, და შენ ჩემს ცხოვრებაში მკაცრად განსაზღვრულ ადგილს დაიკავებ და მე არ გავითქვიფები შენში, რატომ არ ერქმევა ამას სიყვარული?
  • და თუ მე ვერ შეგპირდები, რომ შემიძლია შენთან ერთად მთელი ცხოვრება გავატარო, იმიტომ რომ კონკრეტული რაღაცის მეშინია ან არ მჯერა, რატომ არ იქნება ეს სიყვარული?
  • და თუ მე ვერ/არ მოგცემ ყველაფერს, რაც შენ გინდა, ეს სიყვარული აღარ იქნება?
  • და თუ მომინდება, რომ შენს გარეშე ვნახო ფილმი, წავიდე ნიაგარას სანახავად, გავატარო შაბათ-კვირა სრულიად მარტომ?
  • და თუ ვერასოდეს ვიქნები ის, ვინც შენ გინდა რომ ვიყო, მაგრამ აი ამწუთას შენ წინ  ვდგავარ, მომწონხარ და მინდა რომ ჩამეხუტო, რატომ არ იქნება ეს სიყვარული?

და თუ შენ ამ ზემოთჩამოთვლილებზე არ დაგელაპარაკები და ისე, უბრალოდ, გეტყვი, რომ მიყვარხარ, მოტყუება გამოვა?

უცნაურია, მაგრამ კი, მე შენ მოგატყუებ, იმიტომ რომ არსებობს ქცევის მოდელები, რომლებსაც საზოგადოება გვკარნახობს და “მეგობრობის” “სიყვარულის” “მტრობის ” და ა.შ. ქვეშ იგულისხმება. ამიტომ, როცა მე გეუბნები, რომ მიყვარხარ, მაგრამ იმასაც მოვაყოლებ, რომ მე  მარტო ასეთ წესებით შემიძლია ვითამაშო (თუ შენც გენდომება), ეს გარიგებაა. პატიოსანი გარიგება. და ძალიან ბევრ გაუგებრობებს და ტკივილებს ავიცილებდით, ყველას ასე ღიად რომ შეეძლოს ლაპარაკი.

და როცა გიყვარდება და ურიგდები და ცხოვრობ და ეჯაჭვები.… და შენი ცხოვრება ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, ეკონწიალები, მასზე აშენებ ცხოვრებას, მზე და მთვარე მასზე ამოგდის და…. კვდება.  ან მიდის. თუმცა, სიკვდილი უფრო კარგი მაგალითია იმისა, რატომ არ უნდა შემოაქსოვო ერთ კონკრეტულ ადამიანს შენი ცხოვრება. (იმჰო!)

ჯობია მიეჯაჭვო და ნგრევა გეტკინოს, ვიდრე არ მიეჯაჭვო? 

და რა არის მიჯაჭვულობა?

  • ის, რომ კონკრეტული ადამიანის გარეშე ნაბიჯების გადადგმა არ შეგიძლია?
  • ის, რომ უიმისოდ ცხოვრება თავზე გენგრევა და აზრს კარგავს?
  • იქნებ უბრალოდ მიჩვევაა, როცა იმდენად ეჩვევი, რომ უიმისოდ სამყარო ცარიელდება?

მე ვერ ვხედავ მიჯაჭვულობის დადებით ასპექტებს და მეშინია და გავურბი მიჯაჭვულობის, იმიტომ რომ მეშინია იმის, რაც ამ ჯაჭვების რღვევას მოსდევს.

და ჩვენ გვავიწყდება ვალდებულებები

კი, მე შეიძლება ვერ გავიზარდე და დღემდე მაბარძგვალებს ვალდებულებებზე და თავიდან ვირიდებ მთელი არსებით

მაგრამ

მემგონი არაჯანსაღია, დაავალდებულო ადამიანი

  • გეკონტაქტოს მუდმივად
  • მუდმივად გაბაროს დაწვრილებითი ანგარიშები საკუთარი ადგილმდებარეობების და მოქმედებების შესახებ
  • მუდმივად გახლდეს თან/ახლდე ყველგან
  • მუდმივად ითხოვდნენ რაღაცას შენგან ,რაც არ გსიამოვნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ “წესია”

ეს ციხეა, ეს ბორკილები და საშუალებაა, დააბა ადამიანი ერთ ადგილას, აკონტროლო მისი ქცევები იმის იმედით, რომ ის მუდამ შენთან დარჩება და არ გადაუხვევს იმ გზას, რაც ოდესღაც ერთად, ნებაყოფლობით აირჩიეთ.  და ამ ე.წ. “მზრუნველობების” და “ყურადღებების” საფარქვეშ შენდება ციხეები, რომლებსაც ან ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ, ან არ/ვერ გავრბივართ.

მე თუ შენ მიყვარხარ, ესეიგი შენთან ვარ და აქ ვარ, და თუ  ეს ასე არაა, ხომ არ ჯობია, გამიშვა და ამ უარყოფითი ბორკილების ნაცვლად ორივემ ვიპოვოთ რამე სხვა, უკეთესი?

სიყვარული სინათლეა, სითბო და სილაღე. სიყვარული არის ის, რაც გვაძლევს დადებით მუხტებს და გვავსებს. ეს არის ყველაფერი კარგი, ყველა დადებითი ემოცია, თავისუფალი სუნთქვა და იმის შეგრძნება, რომ როგორი საშინელებაც არ უნდა ხდებოდეს სამყაროში, არის ადამიანი, ვისთანაც მიხვალ და ამ ყველაფერს გარეთ დატოვებ. and he/she  will be  there for u.

და ის გზები, რითაც სიყვარულამდე მივდივართ, და მეთოდები, რითიც ვაშენებთ, ყველასთვის განსხვავებულია და ეს ასეც უნდა იყოს.

პ.ს. არა, არ გავგიჟებულვარ, მზიანი სახლის ტრენინგის რეფლექსია მქონდა დასაწერი და ბარემ საჯაროდ დავწერე

 

მარკუს ზუსაკის „წიგნის ქურდი“


www.randomhouse.com

ანუ გერმანელი ბავშვების თვალით დანახული ფაშისტური გერმანია.

ყველა წიგნი, რომელიც ოდესმე ფაშისტურ გერმანიაზე წამიკითხავს, მხოლოდ ერთი, ებრაელების მხრიდან იყო დანახული. საძაგელი, აუტანელი, ფაშისტი გერმანელები და კარგი ებრაელები. ანუ თეთრები და წითლები (ვინმეს გაქვთ იანუშ კორჩაკი წაკითხული?), ბოლშევიკები და მენშევიკები, გლეხები და კულაკები- ანუ მხოლოდ თეთრი და მხოლოდ შავი რომ არსებობს, აი ის წიგნები…

ამ წიგნში ჩვეულებრივი გოგო ცხოვრობს, უზარმაზარი უბედურებებით და პატარ-პატარა ბედნიერებებით. გოგოს ამბავს კი სიკვდილი გვიყვება. ხო, აი ის სიკვდილი, ცელით რომ დადის და ჩვენს სულებს აგროვებს. თან ცას აკვირდება, რომ ყურადღება რამეზე გადაიტანოს.

ამ წიგნის სიუჟეტში რამდენიმე ამბავი სინამდვილეში მომხდარი ამბებია.  მარკუსის დედა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიაში ცხოვრობდა და საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ მიერეკებოდნენ ებრაელებს დახაუში.the-book-thief-markus-zusak

ეს არის ისტორიები ტკივილზე, გულმოწყალებაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე და კიდევ იმაზე, რომ აუცილებლად, ნებისმიერ დაბრმავებულ ბრბოში, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საღი აზრი და იბრძვიან. ისე, როგორც შეუძლიათ. მეგობრობაზე პატარა გოგოსა და მის ოჯახში შეფარებულ ებრაელზე, იმაზე, როგორ ცვლიან ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები მთელ ჩვენს ცხოვრებას.

ეს არაა ჩვეულებრივი წიგნი. თხრობის მანერა ოდნავ ირონიულია, იოლად წასაკითხი. და ძალიან დიდხანს გამახსოვრდება.

და კიდევ სიტყვების ძალაზე და იმაზე, როგორ იპარავდა ერთი პატარა გოგო წიგნებს და   როგორ გაყიდა ღარიბმა  მამამისმა მთელი თამბაქო, რომ დაბადების დღეზე ნასვილები ბავშვისთვის ძველი, ნახმარი წიგნები ეყიდა.

p.s.

tumblr_meht1t001r1rv8swio1_1280

 

 

ნუ იქნება ძალადობა


heart violence

ყველა მოძალადე თუ ოდესღაც ძალადობის მსხვერპლი იყო….

მაშინ გამოდის, რომ 17-ში ვინც ირტყმევინებოდა, ოდესღაც მათაც დაარტყეს.

ხოდა მერე დაგროვდა სიძულვილი და ბოღმა და ის ბოღმა, რომელსაც ვერ მიმართავ შენზე ძლიერისკენ, ავტომატურად მიდის შენზე სუსტისკენ, შენზე ღარიბისკენ, შენზე ცოტასკენ… მოკლედ, იმისკენ, ვინც  ხურდას ვერ დაგიბრუნებს და რომც დაგიბრუნოს, შენ იმდენად დიდი და “ძლიერი” ხარ, იმდენად “ბევრი” ხარ, რომ “ვერ მოგერევიან”. ამითი მოძალადის ტრავმები არ იკურნება, უბრალოდ, ზემოდან მეორე, “აი მეც ხო დავარტყი, მე აღარ ვარ ჩაგრული”-ს ფენა ედება. ფუფხივით.

მე მეცოდება მოძალადეები. და მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ ყველა მოძალადე მხდალი და ფლიდია. ბავშვობაში ყველას გეყოლებოდათ ნაცნობი, რომელიც ყველას ატერორებდა, მაგრამ საკმარისი იყო, მწარე ხურდა დაგებრუნებინა, მაშინვე სოროში გარბოდა ან უფროსებთან ჩიოდა. მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა ურტყამენ, ამიტომ მთელი თავგანწირვით ცდილობს, სხვა დაჩაგროს, რომ თვითონ არ დაარტყან.

ბევრი წელი არაა, რაც ვცხოვრობ, მაგრამ ვინც მართლა ძლიერი ვიცი, არასოდეს არავინ არ დაუჩაგრავს, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და არავისზე ულაპარაკია სიძულვილის ენით (hate speech). (კუნთების გროვა არ იგულისხმება ძლიერში). მათ არ ჭირდებათ არაფრის მტკიცება. არ ეშინიათ. ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და ცხოვრობენ მშვიდად.

ჩემი აზრით, დღეს ეს მოძალადეები თუ ჰომოსექსუალს ურტყავენ, ხვალ მე დამარტყამენ და შენ.  მათ შიში ამოძრავებთ, შიში კიდევ ძალიან ოხერია. მთავარია, ვინმეს დაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენო, იქნება ეს ჰომოსექსუალი, მეზობლის ბავშვი, რომელმაც ვაშლი მოიპარა შენი ბაღიდან, ზურგჩანთიანი ტურისტი, თმაშეღებილი ბიჭი, მეზობელი, რომელსაც დასაბანი თმა აქვს  თუ უბრალოდ გამვლელი, რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვდა. აქ მთავარი სიძულვილის ამონთხევის ფაქტი იქნება,  კიდევ ერთხელ საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცების, რომ ის ძლიერია და არავისი არ ეშინია.

და მე მეშინია.

violence

მთავარი მესიჯი- სიყვარული


  • ჩემი ერთი ნაცნობის შვილს პოტერიადის წიგნები რომ აჩუქეს, დედამ აიღო და ნაგავში გადააგდო.

მაშინ არ მიცნობდა, თორემ ალბათ მე მაჩუქებდა.

  • ერთმა ადამიანმა, ჰერმან ჰესეთი ხელში რომ დამინახა- მე მეგონა მარტო პოტერის კითხვა გიყვარდაო

წაგიკითხავთ ჰარის ისტორია მიუკერძოებლად? იმის გვერდზე გადადებით, რომ აქ ჯადოქრობაა ნახსენები?

  • თავიდან მას დედის სიყვარული და თავგანწირვა იცავს ბოროტი ჯადოქრის-ვოლდემორისგან, რომელსაც მისი განადგურება უნდა
  • ჰოგვორსტში-ჯადოქრობის სკოლაში ყოფნისას გადარჩენაში მას მეგობრები ეხმარებიან
  • ოჯახის მაგივრობას მისი მეგობრის, რონი უისლის, უღარიბესი, შვიდშვილიანი, მოსიყვარულე და ერთსულოვანი ოჯახი უწევს, რომლებიც სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, არასოდეს ტოვებენ მარტოს.
  • იმისთვის, რომ ჰარის ფინალურ ბრძოლაში დაეხმარონ, მისი ორი მეგობარი ოჯახებს ტოვებს და თან ისე აწყობს, რომ ოჯახები უსაფრთხოდ იყვნენ
  • ჰარის ნათლია, სირიუსი, ჰარის გამო ტოვებს უსაფრთხო თავშესაფარს და ჰარის და მისი მეგობრების გადასარჩენ ბრძოლაში იღუპება
  • დობი, თავისუფალი შინაური ელფი, რომელიც სასტიკი პატრონისგან ჰარიმ გაათავისუფლა, ბოლომდე მისი ერთგული დარჩა, იმის მიუხედავად რომ შეეძლო მშვიდად ეცხოვრა იქ, სადაც უნდოდა და როგორც უნდოდა
  • ჰარის მასწავლებელი, დამბლდორი, სიკვდილის წინ უკანასკნელ კეთილ საქმეს აკეთებს, მოსწავლეს, ბავშვს იცავს მკვლელობის ჩადენის და სულის გახლეჩვისგან ,რომელიც მას ჯერ კიდევ მთელი აქვს.
  • დამბლდორის მიერ რონისთვის ნაჩუქარი სანათი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იმ ადამიანთან ,ვისაც ვჭირდებით და ვენატრებით, თუ ჩვენ ამის სურვილი გვექნება.
  • უკანასკნელი ბრძოლის დროს, თავის მკვდრად მოჩვენებაში და დროის მოგებაში ჰარის ქალი ეხმარება, მხოლოდ იმიტომ რომ მისი საყვარელი შვილის გადარჩენის შანსები გაზარდოს და მასთან მოხვედრის შანსი მიეცეს.
  • იმისათვის, რომ ვოლდემორი მოკვდეს და სამყაროში აღარავინ დაიხოცოს, ჰარიც უნდა მოკვდეს და ის უბრძოლველად ნებდება ავადა კედავრას მომაკვდინებელ წყევლას, თავს წირავს. შედეგად უძველესი, სიყვარულით, უანგაროდ თავგანწირვის ჯადო მთელ ჰოგვორსტს და მასში მყოფ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დასახმარებლად მოსულ ხალხს სამუდამო ფარად ედება და იმ მომენტიდან ვოლდემორი ვერცერთს ვეღარაფერს დაუშავებს.
  • და ბოლოს… სევერუს სნეიპი, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება თავისი ერთადერთი სიყვარულის შვილს, ჰარის იცავდა ვოლდემორისგან.

ოდესმე აზრად მოგსვლიათ ის, რომ ამ წიგნის მთავარი მესიჯი მეგობრობა და სიყვარულია?

რომ ყველა ბოროტი ჯადოქარი “დაისაჯა”

მშობლებო, იქნებ გადაგედოთ გვერდზე “ჯადოქრობაზეწერია” შეხედულებები და ჩემი თვალით დანახული პოტერიადაც დაგენახათ?

მადლობა 🙂

მე მიყვარს მზე


დაბადების დღე-22 ივლისი.
ზოდიაქო-კიბორჩხალა, წყლის ნიშანი.

კი, როგორ არა…

მზის ადამიანი ვარ მე.

მზის, რომელიც დილაობით ფანჯარაში მიჭყიტინებს, ფარდაზე მოქარგულობებს მიხატავს და მეუბნება-გაიღვიძე, კიდევ ერთი თბილი და ჟღურტულა დღე გათენდა-ო.


ის მზე მიყვარს, ზაფხულობით ბალახზე გაწოლილს რომ მადნება ზედ და მთელ სხეულში მივლის ჟრუანტელებად, გამლღვალი შოკოლადის ნაკადულებივით, ვანილიან კექსზე.


შემოდგომობით ლბილად რომ მეფერება ორი ზომით დიდ, ნაქსოვ ჟაკეტში ჩაფართხუნებულს და აივანზე მოკალათებულს, თან კი ყურძნის, კარალიოკის, აბოლებული ფოთლის გროვების და ახალნაწვიმი თივის ზვინების სურნელი მოაქვს.


ზღვა რომ ირეკლავს, ის სხივები მიყვარს, თვალს რომ ჭრიან, სულში მიძვრებიან და იმ ამბებზე მიყვებიან, ოდესღაც რომ მომხდარა ჩემსკენ, მითარგმნიან და გარშემო დასუნსულებენ, იქნებ რამე ახალი დამაცდენინონ, აიტაცონ და თავის ნებაზე ააქარაშოტონ სამყარო.


გაზაფხულის შხაპუნა წვიმის მერე გამობრჭყვიალებული მზეც ჩემიანია, ოზონის, აყვავებული ხეების, გათიბული ბალახის და სველი მიწის სურნელით. ძარღვებში რომ გივლის სიგიჟედ.

ლაშქრობებში რომ ცხვირს რომ მიწვავს შუადღისას, დილით კარავიდან გამომძვრალს მესალმება და მაფხიზლებს, საღამოობით ცას ღებავს ფერად-ფერადად და კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ოდესმე მეც ავიღებ ფუნჯს მარცხენა ხელში და დავხატავ, ზეთის საღებავებით, მსუყე, ხალასი ფერებით, ხის ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოზე. გვერდით კი მეჯდება კატა.


ზაფხულში, მზის ყველა სიკვდილს ფერები რომ მოყვება, ეგ მიყვარს.


ადამიანები-მზეებიც მიყვარს, თვითონაც რომ ხვდებიან ხშირად, როგორ მზეობენ. ზოგჯერ მამჩნევენ, გამომელაპარაკებიან ან რამეს გაიფიქრებენ, ან, ვერც შემამჩნევენ ისე გაიხედავენ სადღაც, იქეთ, მე კი სულ მახსოვს, რომ ისინი არსებობენ დედამიწაზე და არც ისეთი უმზეოა სამყარო. გოგოები, ბიჭები, ბავშვები, გაფანტულები დედამიწაზე, ჩემი მოთხოვნილებისთვის- მე მზეები მჭირდება სიცოცხლისთვის.

იქნებ თქვენც ხართ ვიღაცის მზე
და არ იცით?

p.s. ყველა სურათა, სადაც მე არ ვჩანვარ, და პირველი, სადაც ვჩანვარ, ჩემს მიერაა ნაცოდვილარი :უსერ:

სიყვარულის სახელით



ჩვენ გვიყვარს და გვედარდება ადამიანები, როლებიც გვტკენენ.
ჩვენ ვტკენთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ და ვედარდებით.
ალბათ იმიტომ, რომ
ვინც გიყვარს, იმასთან ის ხარ, ვინც ხარ
და
ჩვენ ძალიან იშვიათად ვართ კარგები,
ხოლო როცა კარგები ვართ
მაინც მოგვეძებნება საქციელები,
რომლებითაც ვტკენთ მათ, ვინც გვიყვარს.

მე არ მჯერა სიტყვის “მიყვარხარ”
და არასოდეს არ მითქვამს
პირველის გარდა, რომელიც უკანასკნელი გახდა.

მე თქვენ არასოდეს არ გეტყვით რომ “მიყვარხარ”.
იმიტომ, რომ
სისულელეა,
სასაცილოა
და
ყალბად ჟღერს
(ყოველშემთხვევაში, ჩემგან).

მე შეიძლება მიყვარდეს ბალახში წოლა, ხეზე ჯდომა,
დახუჭულ თვალებში შემოპარული მზე…

ადამიანები, უბრალოდ, ვეგუებით ერთმანეთს,
როგორც გასაღები და კლიტე
სიყვარულის სახელით,
ალბათ იმიტომ რომ
გავართლოთ, რატომ ვართ ადამიანებთან
რომლებიც
გვტკენენ
თუნდაც უნებურად
თუნდაც ხანდახან
თუნდაც სინანულით და მონანიებით
და
თუნდაც თვლიდნენ, რომ ჭრილობიდან ჩიქრია ამოსაღები
ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე,
ჩვენ მაინც არ გავრბივართ

ვრჩებით

და როცა ვერ ვხვდებით, რატომ ვრჩებით

სიყვარულის სახელით ვამართლებთ
საკუთარ თვალებში
რომლებშიც მზეეები დადიან მაშინ
როცა მასთან ვართ,
ვინც გვტკენს
ხოლმე
ხანდახან
და
ნებ-უნებურად.

სიკვდილი, სიცოცხლე, სიყვარული


დადგება დრო, როცა ჩვენი მეგობრები ერთიმეორის მიყოლებით დაიხოცებიან და დარჩება სიცარიელე, რომელსაც ვეღარაფერი შეავსებს.

და ერთადერთი ფიქრი ისღა დარჩება,–როდის მოვა ჩვენი რიგი?!

იყო დრო, როცა ყველანი ბავშვები ვიყავით

მერე მოვიდა დრო როცა უნდა აგვერჩია, ვინ და რანი ვიქნებოდით

ახლა გამრავლების დრო გვაქვს და ურთიერთობების

მერე… მერე არ ვიცი რისი დროები იქნება (რა კარგია რომ ფსიქოლოგიაში ჩემი განათლება ნულის ტოლია)

მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩემი თაობა კვდომას დაიწყებს

“როცა მშობლები გიკვდება, მაშინ ხვდები, რომ აწი შენი რიგი მოვიდა”-ჩემი მეგობარი.

ადამიანების უმრავლესობა არასოდეს არ ფიქრობს სიკვდილზე სერიოზულად მანამ, სანამ “მისი რიგი” არ მოვა.

როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, ბაბუაჩემი თუშეთის მღვდელი იყო და მხოლოდ შვილების ნახევარი მონათლა. არც მე ვარცხვენ მის მემკვიდრეობას, მწამს, ოღონდ, ისე, ფრთხილად და ორიგინალურად და არ ვარ დარწმუნებული, მართლმადიდებლური სამოთხე-ჯოჯოხეთის ვარიანტი უფრო მომწონს, კათოლიკური-სალხინებლის დანამატით თუ საერთოდაც, რეინკარნაცია მირჩევნია. თუმცა იმაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სადღაც, რაღაც არსებობს. (რაც ხელს არ მიშლის იმაში, რომ დაინტერესებული ვიყო ათეისტებით, რომლებმაც იციან, რატომაც არ სწამთ).

  • ის ანეგდოტი იცით?

კაცი მოკვდება და ექსკურსიაზეა საიქიოში, გიდი უხსნის
-აქ კათოლიკეები არიან, აქ მაჰმადიანები, აქ ბუდისტები.. უიუი, ჩუმად, აქ ფრთხილად გაიარე ხმა არ ამოიღო
რატომ?– კითხულობს კაცი
–აქ მართლმადიდელები არიან, გონიათ, რომ მარტოები არიან და არ “ვუტეხავთ”.

  • ჩემს ყველაზე შეჩვეულ და მომშინაურებელ მეგობარს კონტრაქტი დავუდე, ჩემზე ადრე არ უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ სიცარიელეს ვერ გადავიტან.

არ ვტყუი, მართლა ვერ გადავიტან, გავტყდები, დავიშლები და ჰაერში გამოვეკიდები, ის რომ გაქრეს. გცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ, არსებობას-კი.

მე არ მინდა ვნახო, როგორ დამარხავენ ჩემს ორ გადარეულ და საუკეთესო მეგობარს.

მე არ მინდა ვნახო, როგორ ქრება ნელ-ნელა ჩემი თაობა, ქორწილების და სამშობიაროში ვიზიტების შემდეგ სასაფლაოებზე სიარული არც ისე მომხიბლავია.

მე არ მინდა, ვნახო სიბერე.

ვძრწუნდები იმის გაფიქრებისთანავე, რომ დავბერდები, უსუსური გავხდები.

მე მიყვარს სიცოცხლე, მანამ, სანამ “ვცოცხლობ” და არა “ვარსებობ” და მინდა, სიცოცხლის დამთავრებასთან ერთად სიკვდილიც დადგეს.

მზე და დედამიწა


როცა დედამიწა მოკვდება
ადამიანები რობოტებად იქცევიან
და
პილატეს საგალობლებს უმღერებენ.
ვულკანებიდან სიცოცხლე ამოჩქეფავს,
სიკვდილს ჩამორეცხავს
დედამიწის გაყინული ქანებიდან,
რომ გაათბოს და
თავიდან შთაბეროს ნაყოფიერება და სიყვარულის უნარი.

ჩემი მუცელი წვეტიანია
ვულკანური კრატერები ფეხს იდგამენ
და
ცვივდებიან პანტაპუნტით
გასრიალებული ციდან.
ჯორდანო ბრუნოსაც სჯეროდა, რომ დედამიწა ბრუნავს
და მეც მჯერა.
ოღონდ
იმას დედამიწა ეგონა და
მე
ჩემივე თავი მგონია.
მზისფერის და მწვანის ჰარმონია
შიგადაშიგ შავი ფერებით.
ასეთია
მზის და დედამიწის
სიყვარულის და სიცოცხლის ისტორია
(C) პერწკლი

მოლოდინები


რიგში…..
მორჩილად…..
უსიტყვოდ………
იმიტომ რომ
დეფიციტური საქონლის გარეშე სახლში არ შეგიშვებენ …..
და თუკი მოსვლა დაგაგვიანდა
და რიგის ბოლოში მოხვდი
არ შეიმჩნიო
მოხერხებულად ჩაიცვი მოთმინება
და
მოურიგდი საკუთარ ემოციებს

და

ჩადექი

რიგში

(c) პერწკლი

ნამუსის კამარტელი


გაყოფილი აზრები
გაყოფილი მოქმედებები
გაყოფილი სიზმრები.
სარეცელი.
გაცრეცილი საცერელი…
ცრის
ემო-ციებს
არაფერი თქვა
ახლა ყველა სიტყვას ძალა აქვს დაკარგული და
მხოლოდ იმას ნიშნავს
როგორ გამირბის საღი აზრები სადღაც,
ცისარტყელას მიღმა.

(c) პერწკლი