სხვა სახლებში


სხვა სახლებში

სადაც არაა შენი კარადები.

არიან საწოლის უცხო ნახევრები

უცხო სავარძლები

ონკანები.

და შენი ნივთები

როგორც დევნილები

სულს ითქვამენ ჩემოდნის კუნჭულებში მიკუნჭულები

და მიკარადების ტყუილი იმედებით ცხოვრობენ.

 

აივნები, სადაც უცხო მხრიდან ამოდის მზეები

ბალიშები, რომლებსაც სხვისი თავის ფორმა აქვს

და არ იცი, სად იშოვება სიბნელეში ცივი წყალი.

 

სადაც დილები დანაღმულ ველებს გავს,

ყავის ჭიქები, როგორც მაშველი რგოლები

ფოტოაპარატის ობიექტივი

როგორც შუამავალი.

თოვლები  – ფანჯრებში ამოსული.

 

როცა გრძნობ, როგორც სხლტება თითებს შორის

ერთი შეხედვით ხელშესახები

ფასეულობები

დამოკიდებულებები

ადამიანები

და ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო გუშინ

ის, რასაც პანიკის ზონაში გადაყავდი

ის, რასაც სახელს ვერ არქმევდი

ნელ-ნელა იძენს ფორმებს, სახელებს, ისხავს ხორცს და მთლიანდება რომელიღაც იდეაში, აზრში და წინადადებაში

 

ფეხსაცმლიდან ჩუსწიკებამდე,

ჯინსებიდან ელასტიკებამდე,

უცხო ყავის ჭიქებიდან საკუთარამდე,

ლიკანიდან ნაბეღლავამდე,

ჩაკეტილიდან ღია კარებებამდე,

ლაპარაკიდან კომფორტულ სიჩუმემდე

 

 

მზიანი სახლი- საბაზო ტრენინგის შემდგომი ბენეფითები


რაღაც დავალების მსგავსი მაქვს დასაწერი, მაგრამ წერილის დაწერას, ბარემ ბლოგზე მოვყვები, ასე ჩემთანაც დარჩება.

 

ვწელე-ვწელე, იქნებ რამე ჭკვიანური აზრები მომივიდეს თქო, მაგრამ არ მოვიდნენ, ამიტომ ისე, რენდომ აზრებს ამოვკენკავ, რა მომცა, რა დამამახოვრდა და რა შეცვალა ჩემთან.

მზიან სახლში როგორ მოვხვდი, ადრე უკვე მოვყევი. ისე, კანონზომიერად, რაღაც რომ მოხდება, მერე კიდე რამე და ეს ყველაფერი საბოლოო წერტილამდე მიდის ხოლმე, აი ისე მქონდა ფინალური დაშვება სინტონში. ძალიან იდეინი ხალხი ვნახე აქაურელი და “მეც მინდა” დამემართა.

მემგონი ყველაზე მთავარი, რაც მზიან სახლში გავაკეთე, ჩემს “ცუდ ჩვევებზე” დავფიქრდი პირველად და ვაღიარე, რომ ხო, მე socially awkward ვარ და ზუსტად აქედან გამომდინარე ვგონივარ ყველას “უცნაური”.  ვაღიარე და დავწყნარდი და აწი ვინც უნდა იმან მიძახოს, არ მესიამოვნება მაგრამ ის მაინც ხომ ვიცი, რატომ და რისთვის.

ყველაზე მძაფრად ალბათ ნდობის სავარჯიშოები დამამახსოვრდა, ვარდნები და თვალისახვევები.

და ის საშინელი შეგრძნება, ნელ-ნელა რომ უახლოვდები ადამიანს და შენს პირად სივრცეში უშვებ (ფიზიკურად) და საერთოდ, რაღაც ისეთი, სახისახევა ემოციური სავარჯიშოები იყო, ზოგს ფეხზე რომ ეკიდა და ზოგი იჯდა და ჭამდა ერთმანეთს.

კიდევ ერთი სასაცილო აღმოჩენა გავაკეთე- არ მოკვდები, თუ ადამიანს თვალებში შეხედავ. აი ასე, მშვიდად დადგები და უყურებ. მაგრამ მას მერე, რაც ლაპარაკისას თვალებში ყურება დავიწყე, აღმოვაჩინე, რამდენი ადამიანი გაურბის თვალებში ყურებას.

ჩვენ ძალიან სწრაფად ვცხოვრობთ, სულ სადღაც მიგვეჩქარება, ვიღაცას ველაპარაკებით, ადამიანებს, ფილმებს, მუსიკას, წიგნებს, ფოტოებს და ა.შ. ვუთმობთ  დროს და იმის დრო არ გვრჩება, რომ საკუთარ თავს დავუთმოთ დრო. მზიან სახლში კი კვირაში ოთხი საათი ზუსტად იმისთვის ხვდები, რომ ოთხი საათით დაივიწყო დაქალი, რომელიც ფეხსაცმლის საყიდლად უნდა გაგყვეს, ბავშვი, რომელსაც ახალი ჩანთა უნდა ან ის ფილმი, ზეგ რომ უნდა გენახა და ძალიან საინტერესო, ახალი ადამიანის აღმოჩენით დაკავდე, რომელის სულ აქვე იყო, მაგრამ არაასოდეს გეცალა, რომ კარგად დაკვირვებოდი.

ყველაზე კარგი, რაც სინტონმა მომცა, ძალიან ბევრი ახალი ადამიანის დანახვის შესაძლებლობა “შიგნიდან”. უარავი ხასიათის-წვრილმანის დეტალს იჭერ მაშინ, როცა ეს ადამიანები დგანან და ფიქრობენ, მსჯელობენ და ისეთ რაღაცეებს ამბობენ, რაზეც არასოდეს არ დაფიქრებულხარ (ისევ, მაგის დრო სად იყო) და ბევრი საინტერესო ბზიკი ჩნდება.

იმისათვის, რომ ვინმე რამეში დაარწმუნო, ჯერ თავად უნდა დარწმუნდე. მგონი საბაზო ტრენინგი იყო ესეც, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთი თამაშისას მე უნდა დამერწმუნებინა ხალხი, რომ შეკრული წრიდან გავეშვი და ჩემს ოცნებაზე დავიწყე ლაპარაკი მთელი ემოციებით, გულწრფელად. მაშინ რამდენად იმოქმედა არ ვიცი, მაგრამ დღემდე, როცა რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი, მარტო სიტყვებით კი არა, მთელი არსებით ვცდილობ იმ “აზრის” გადმოცემას, ემოციით, ხმით, თვალებით, განწყობით. და მოქმედებს.

 

ახლა, როცა ცხოვრების ახალი წესის შენებას ვიწყებ, ისე უცნაურად დაემთხვა “სულის სამყარო” ანუ ემოციებზე მუშაობა, რომ მემგონი, როგორც ყოველთვის, ზემოდან მეკაიფებიან.

გუნდური მუშაობის სიკეთეები


DSC_1073

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ტყეებში ბოდიალმა მასწავლა, ექსტრემალურ სიტუაციაში თავის ხელში აყვანის მერე, გუნდური მუშაობის საჭიროებაა, ანუ სამი მუშკეტერის პრინციპი. სადაც მე შენ გიჭერ მხარს, შენ მე, ჩვენ ორივე ერთად მესამეს, ის მესამე კი ჩვენ. ჩვენ რაზეც ვთანხმდებით, იმასვე ვაკეთებთ და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულები დროებით ვივიწყებთ იმას, რომ მე აი ის მინდორი უფრო მესიმპატიურება გასავლელად, შენ კი აი ის ტყე. მოდი წავიდეთ იქ, სადაც იმწუთას თითქოს ყველზე უფრო ადეკვატურია გზის გაკვლევა.

სინტონზე ჩვენი “ოჯახები” გვაქვს. ანუ რამოდენიმე ადამიანის გაერთიანება, სადაც ვცდილობთ ჩვენი, ჩვენს მიერვე მოგონილი წესებით ვითამაშოთ. ძალიან სახალისოა, როგორც ცდილობს ხუთი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი საერთო ენის გამონახვას და მოქცევის საერთო წესებზე შეთანხმებას.

პახოდებმა იმის გამოცნობაც მასწავლა, ვინ შეიძლება გადაუხვიოს წესებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეთანხმება.

ხოდა ჩავსაფრდი, როგორც ცეცხლოვანი დრაკონი თუ რაღაც ასეთი, ფილმი რომაა.

პრინციპში დიდხანს ლოდინმა არ მომიწია, მოვლენები ზუსტად ისე წავიდა, როგორც ველოდებოდი.

საბედნიეროდ ჩვენ ლაშქრობაში არ ვიყავით და ამის გამო არავინ არ დაზარალებულა. ( ნუ, თითქმის).

ხოდა მე კი მაქვს ახლა ჩელენჯი, მაგრამ თქვენ მაინც გირჩევდით, სანამ ვინმესთან გუნდურ მუშაობას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, რამდენად არის ის ადამიანი მზად, საერთო წესებით ითამაშოს.

პ.ს. ვარდისფერჟაკეტიანი მე ვარ. ვერ ვიტან სხვისი მოსმენისას სკამზე ჯდომას, ამიტომ ან დავდივარ, ან ვდგავარ, ან ფეხმორთხმით ვჯდები.

პ.პ.ს. არა, ჯერ არ გამიფრენია, ტრენინგია ასეთი ტიპის, ძალიან საინტერესო, საფიქრელ და სამუშაო მასალას გაძლევს, მე კიდევ მიყვარს ქექვა. რაც უფრო ღრმად, მით უკეთესი.

 

 

მე დღეს მოვკვდი


მე ისევ დავდივარ მზიანი სახლის ფსიქოლოგიურ ტრენინგებზე, რთულ თამაშებს “ვთამაშობ” და საკუთარ თავში ვიქექები, ახალი ემოციების საპოვნელად.

ტრენინგის მეორე დღეს მე ჩავიძირე, არ გადავრჩი, იმიტომ რომ

  • აშკარად და ხმამაღლა გავაპროტესტე, რომ უსამართლობაა, როცა მხოლოდ გოგოობის გამო ხარ პირველი (დაუმსახურებელი კანფეტის შეგრძნება მაქვს ხოლმე)
  • და დავაფიქსირე, რომ მე lucky bastard ვარ, რომელსაც მსგავს სიტუაციებში ყოველთვის უმართლებს
  • ამიტომ სხვებს მივეცი შანსები, შეგნებულად წავედი რისკ-ჯგუფში

ტრენინგის პირველ დღეს მე გადავრჩი

სიტუაცია გვქონდა, წყალქვეშა ნავიდან მხოლოდ 3 კაცი უნდა გადარჩენილიყო. მე ლამის ერთადერთი ვიყავი, ვინც სავარჯიშოს დაწყებისთანავე კამათში კი არ ჩაება, კართან მივიდა და “გადარჩა”, თან ბონუსად სხვაც გააყოლა ხელს. მართალია, მარიეს გაუაზრებლად ვტაცე ხელი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყოველთვის ასე ვიქცევი. ვტაცებ ხელს ვინმეს, ვინც ყველაზე მეტად მირჩევნია იმ სიტუაციაში და “გადასარჩენად” გავრბივარ.

მერე უკვე თათბირი გაიმართა და მე  გადამარჩინეს იმიტომ, რომ

  • გოგო ვიყავი
  • “უცნაური” ადამიანი ვარ, ჩემნაირები იშვიათები არიან (ისევ ეს “უცნაური ადამიანის” იარლიყი, თუნდაც პოზიტიური გაგებით)

მე მხოლოდ პირველ დღეს ვიბრძოლე გადარჩენისთვის, მეორე დღეს უკვე აღარ

და რა შეიცვალა?

მუსიკა, რომელიც ტრენინგს ფონად ედო, ის მუსიკა იყო, რომელსაც მთაში ყოფნისას ვუსმენ ხოლმე, უამრავი მოგონება წამომიტივტივდა, ის ემოციები, მთაში რომ დგახარ და სივრცეს გაყურებ და გრძნობ, რომ სიცოცხლით ხარ სავსე და უცებ მივხვდი, იმდენად ბედნიერი ვიყავი, შემეძლო იმწამსვე, ყოველგვარი გულის დაწყვეტის გარეშე მოვმკვდარიყავი. 

DSC_3200

მთაში სულ ასეა, იქ გატარებული ყველა წამი, წუთი, ყველა ჩასუნთქვა, ყველა დაკარგვა, ყველა გათოვება, ყველა გამზევება, გათენება, დაღამება, ყველა ბილიკი და გზები, შემოხვედრილი ქოხები და მინდვრები და აღმართ-დაღმართები და წყაროები, ყველაფერი ბედნიერებაა და როცა შენ უკვე გიტირია ბედნიერებისგან, (ხო, იყო შემთხვევა, და სულაც არ მრცხვენია) მემგონი შეგიძლია მშვიდად მოკვდე.

 მართალი ამბავი, ბონუსად ანუ, როცა შენი სიცოცხლე მართლა საფრთხეშია

(ეს ისტორია უკვე დევს აქ, ამიტომ გავმეორდები, ჯობია. თუმცა, ასეთი საშიშიც არ იყო არაფერი, მაგრამ ძალიან კი გაგვიჭირდა)

მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ საშიშროების სხვადასხვა დონეები არსებობს. ყველაზე მარტივად:

  • მსუბუქი- როცა სიტუაციიდან თავის დაღწევა უმარტივესია
  • საშუალო სიმძიმის- როცა კარგად გაირჯები და გამოხვალ სიტუაციიდან
  • მძიმე- როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

მოკლე შინაარსი

2011 წელს საშუალო სიმძიმის ხიფათში მოვყევით. ანუ ტყეში დავიკარგეთ. თან უბრალოდ ტყეში კი არა, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში. აპრილი იყო, დღე შედარებით მოკლე, ტყეში იყო ღრმა თოვლი, იყო ნისლი, სიცივე, ბევრი აღმართ-დაღმართი. ბილიკი ჩახერგილი და წაშლილი იყო და რაღაც მომენტში ვეღარ მივხვდით, სად ვიყავით. ჯიპიესი აჩვენებდა, რომ ბილიკზე ვიდექით, მაგრამ ბილიკის მაგიერ იყო ციცაბო, ტალახიანი არასტაბილური  ფერდობი, სადაც ბილიკი ჩვენი ნაფეხურებით გაიკვალა და სადაც ორი ადამიანი გვერდს ვერ აუქცევდა მეორის ხრამში ჩაჩეხვის გარეშე.

ამასობაში ორი ადამიანი ჩაიჩეხა. პირველი სასწაულად გადაურჩა გაყინულ მდინარეში ჩავარდნას, მეორე ტალახს მოეჭიდა ფრჩხილებით, ფაქტიურად, მერე ჩაებნენ და ამოიყვანეს. ერთ ადგილას ბიჭს დაუცდა ფეხი და გოგომ დაიჭირა. რაღაც მომენტში მეც ჩავვარდი, მაგრამ მსუბუქად, თოვლიან ფერდობზე დავსრიალდი ცუდად.

როგორ გადანაწილდა როლები

მე ვიცოდი, ვის მივყვებოდი. იქ გამოცდილი მოლაშქრეები იყვნენ, ლიდერიც და ჩამკეტიც. მიუხედავად იმისა, რომ 20 კაცზე მეტი ვიყავით, როგორც კი თოვლი და აღმართები დაიწყო, ერთი მწკრივი გავაკეთეთ და ასე მივდიოდით.

ორგანიზატორი, ლიდერი

მოკლედ, რაც გინდათ ის დაარქვით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მუდმივად იმას აკონტროლებდა, არავინ ჩამორჩენოდა და ყველა, ვისაც რა შეეძლო, აქტიურად ეხმარებოდა გზის გაგნებაში. ურეკავდნენ რეინჯერებს, ამოწმებდნენ რუკას, იხსენებდნენ წინა გასვლების მარშუტებს, რომ რამენაირად მივმხვდარიყავით, საით უნდა წავსულიყავით.

პანიკიორები.

კი, იყვნენ. ერთმა გოგომ კატეგორიულად მოსთხოვა ორგანიზატორს, მცივა და რამე მიშველეო. (ყველას გვციოდა)

თავისი თავის ადამიანები.

ყველაზე ცუდ მომენტში, როცა მივხვდით, რომ ძალიან დაგვერხა და ქვემოთ ჩასვლა დავიწყეთ ციცაბო თოვლიან ფერდობზე, ორგანიზატორმა ასეთი რამ თქვა: ” გოგო-ბიჭი გადანაწილდით”. მამრების ნაწილი თვალის დახამხამებაში აორთქლდა. სავარაუდოდ ელვის სისწრაფით დაეშვა ძირს. (გოგოების თრევაღა ეკლდათ)

დამხმარეები, მაგრამ სუსტები.

მე რისი მე ვიქნებოდი, ვინმეს დახმარებას დავლოდებოდი. ვტაცე ხელი მეორე გოგოს და “მკვდარი მკვდარს აეკიდა”-ს პრინციპით დავიწყეთ დაშვება. მე საფეხურებს ვთხრიდი, ის მამხნევებდა, მე იმას ვამხნევებდი და ამასობაში კი დავეშვით

დამხმარეები, ძლიერები.

სადღაც ნახევარი გზა გვქონდა გავლილი, რამოდენიმე ბიჭი რომ წამოგვეწია. ჩემი პროტესტის მიუხედავად ( ჩემით მივალ თქო) მომხსნა ჩანთა, მტაცა ხელი და წამაპროწიალა. (აი დედა რომ მიდის სწრაფი ნაბიჯით და 3-ოდე წლის ხელჩაკიდებულ ბავშვს მიაფრიალებს, დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო). მიმიყვანა, დამაყენა, დამფერთხა და სასწრაფოდ სხვა გოგოს მოსაყვანად დაბრუნდა უკან.

 

და ვინ ვიყავი მე?

მე ის გოგო ვიყავი, ვინც თბილისში ცივი ქარის დაბერვაზე ცივდება და ვინც მაშინ ყინვისგან ხელ-ფეხს ვერ გრძნობდა და მშვიდად, აუღელვებლად დადიოდა წინ და უკან, თავისი წილი სიმშვიდის შენარჩუნებაზე ზრუნავდა, როცა მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

ჩვენ ყველას შეგვიძლია გადარჩენა, უკლებლივ ყველას. მთავარია, მოვინდომოთ.

მზიანი სახლი- დაბრუნება და ცვლილებები


დადებითი

  • ტრენინგების ისტორიაში პირველად, გარკვევით დავაფიქსირე ჩემი აზრები ისე, რომ სულ არ მინაღვლია, რას იფიქრებდნენ გარშემომყოფები. ანუ არ მიზრუნია “იმიჯზე”.

უარყოფითი

  • ჯერ ისევ მძაბავს წრეში ჯდომა, ძალიან vulnerable მგონია თავი ამ დროს და ძალიან ღია თავდასხმებისთვის.

697c01119a42

თვით ტრენინგი

ხო, სულ სამი კუნძული გვქონდა დასასახლებლად.  ამერიკა- სამოთხისნაირი, ევროპა- ჩვეულებრივი, და ალასკა- სიძნელეებით აღსავსე. არჩევანი თავისუფალი იყო და მე  ალასკაზე წავედი, სადაც სიკვდილიანობა მაღალი იყო და საერთოდაც გადარჩენისთვის უნდა გებრძოლა. ძალიან მხიარული ცხოვრება გვქონდა ალასკაზე, სიცოცხლის სულ ცოტა შანსებიღა გვქონდა, ქარის თითო დაბერვაზე ლამის თითო შანსი გვეცლებოდა ხელიდან, ბედი ჩვენ არ გვწყალობდა, მოსავალი ჩვენ არ გვქონდა და ინტერესით ველოდი აბა როდის მოვკვდები თქო და თან მინდოდა, რომელიმე მოთამაშე გამეყოლებინა თან, ან დამეჭრა მაინც. თუმცა მერე გადავიფიქრე.

სანამ ალასკაზე ემოციებს ვახარისხებდი, პარალელურად ვამჩნევდი როგორ გაბობოლავდნენ ამერიკელები,  ფეხი ფეხზე გადაიდეს და იეი, ჩვენ საკაიფო ცხოვრება გვაქვს, ლალალა… ტრენინგის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეგონათ, რომ მათი ყველას შურდა.  არ ვიცი, ალბათ ზოგს შურდა კიდეც, თუმცა შური ნიშნავს, რომ შენც გინდა იმ ადამიანის ადგილას ყოფნა, ვისიც გშურს, რაც ძალიან ადვილადმიღწევადი იყო, უბრალოდ შესაბამის სკამზე უნდა დამჯდარიყავი, აქედნ გამომდინარე, შურის საფუძველი არ უნდა გვქონოდა.

IMG_2258

რაღაცნაირი დასკვნები

უნდა აღინიშნოს, (რა მაღალფარდოვნებაა)  რომ რამოდენიმე ამერიკელი უკვდავი თურმე მაინც ნერვიულობდა ბედ-იღბალზე- აქედან დასკვნა 1,  არ აქვს მნიშვნელობა მილიონი გაქვს თუ ორი კაპიკი, მენერვიულე მაინც ყოველთვის ყველაფერზე ინერვიულებს და ზოგადად, დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი ყველგან ცუდად იქნება, სასახლეშიც და ამაზონის ჯუნგლშიც.

დასკვნა 2 – ყველას თავისი ამერიკა აქვს. ჩემთვის ამერიკა მსოფლიოს გარშემო უზრუნველად ბოდიალი და თუშეთში ერთ ოთახია. ვიღაცისთვის მანჰეტენზე გასეირნება, ან სერიოზული კარიერა, ან მეოჯახეობა და სამი შვილი…

დასკვნა 3 – როცა ვხვდები ადამიანებს წარსულიდან, ისევ ისეთი ვხდები, როგორსაც ისინი მიცნობენ. მავნე ზეგავლენა ცუდი რამეა.

საბოლოო დასკვნა

ძალიან მომენატრა ტრენინგების ატმოსფერო (ხალხი ძალიან იშვიათად მენატრება, ასერომ ვერ დავიბრალებ), ემოციები, დაძაბულობები, ხუმრობები. ტრენინგისშემდგომი ტვინისჭყლეტვობები და რაღაცეების გადახარშვები. ჩემი თავიც მომენატრა ასეთი, რაღაცნაირადჩაფიქრებული და საკუთარ თავზე მომუშავე.

სინანული

ჩემს ბავშვობაში, ან 18-19 წლის ასაკში რომ მსგავსი რამე არსებულიყო სადმე, ჩემს გარშემო, ახლა გაცილებით უკეთესი მე ვიქნებოდი და უფრო მეტად მეყვარებოდა ჩემი თავი.

პ.ს. აი ჩემი ამერიკული ოცნება. თუშეთი, სოფელი ფარსმა. ივნისის მერე არ მინახია ეს სურათები, აღარც მახსოვდა რომ მქონდა და არც კი მჯერა, რომ ასეთ ლამაზ ადგილას მე ვიყავი. ანუ ჩემთვის ულამაზეს ადგილას.

DSC_2439

პ.პ.ს. თუ მსგავსი რამეები თქვენც გიყვართ, ახლა ახალი ჯგუფები დგება, განაცხადის ფორმა perwklii @ gmail.com -ზე შეგიძლიათ მთხოვოთ, რატომღაც აქ დადებული ლინკი არ მუშაობს

10 მავნე ჩვევა


იყო დრო, როცა ამ ბლოგზე პირადი პოსტები იწერებოდა, ყოველგვარი შელამაზებების, სახელების შეცვლის, აზრების შეფუთვის და ა.შ. გარეშე.

იყო დრო, როცა მთელი ჩემი ემოციები აქ იცლებოდა და ეს ძალიან კარგი იყო, მერე მე ვთავისუფლდებოდი და ახალი ემოციების შეგროვებას ვიწყებდი. ბოლო წელი მსგავსი აღაარაფერი დამიწერია, უბრალოდ, თავში მოსულ წვეტიან აზრებს ვაფიქსირებდი ხოლმე.

ამასწინათ მთელი ზაფხულის ემოციებმა ერთად მოიყარეს თავი და ისევ ემოციებიანი პოსტი შემომეწერა და უცებ ვიგრძენი, რა კაიფია ემოციების დაგროვება, ბევრის-ბევრის, და მერე როცა აღარ ეტევა გონებაში, გარეთ გამოშვება, აბლანდულ ნაწერებად.

მზიანი სახლის ტრენინგების მერე ძალიან ბერი რაღაც გავაცნობიერე და ბოლო ერთი წელია საკუთარ “მავნე თვისებებში” ვიქექები. მავნე რა… ჩემთვის მავნე, იმ გოგოსთვის, მე რომ ვიცნობ და არ მიყვარს.

  1. მძაფრი ემოციები და ამ ემოციების აყოლა. ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა. ბედნიერებიდან უბედურებამდე ერთი ნაბიჯი მაქვს ხოლმე, 5 წუთის მანძილზე შეიძლება ორივე მოვასწრო…  და ერთადერთი ადგილი სადაც უარყოფით ემოციებს ვაკონტროლებ, ლაშქრობისას გზების აბნევებია, იმიტომ რომ ამ დროს უბრალოდ, არ შეიძლება ემოციებს აყვე. აყვება ერთი, მერე მეორე, მესამე და ცუდი ემოციები კიდე გადამდებია, მითუმეტეს ნერვების დაჭიმულობის დროს.
  2. უნდოობა. ძნელად მიჩვევადობა, თუ რა ქვია ამას… სულ თავდაცვის პოზიციაში რომ ხარ…
  3. გამოთიშვები. ზიხართ სადღაც, სიტუაცია მხიარული, ყველა ჭუკჭუკებს,  ოთხი დიალოგი ერთად მიდის, საინტერესოა და უცებ ეს ყველაფერი ისე მწყინდება, ადამიანებისგან ისე ვიღლები, მინდა ავდგე, წავიდე სახლში, მოვიხვიო პლედი, მოვიდგა ჭიქა ყავა და რაიმე ფილმი ჩავირთო. ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ დაინტერესებულ პიროვნებას ვეღარ ვთამაშობ. მარტოობის/საკუთარ თავთან დარჩენა 10 წუთით კი მშველის ხოლმე, მარა თუ არ დავრჩი.. აი იქ ვხდები ძალიან აუტანელი.
  4. ადამიანების დახარისხება: მცირეოდენი დაკვირვების მერე ვიღებ ადამიანებს, ვარგებ მოდელებს და მერე სხვანაირად რომ იქცევიან მიკვირს ხოლმე.
  5. სულ ვისუსნები. საბედნიეროდ 55 კილოს ზემოთ ძალიან დიდი ხანია არ ავსულვარ. (მადლობა დედას, მამას და კიდევ სხვა წინაპრებს)
  6. დილაობით მსოფლიო აუტანლობა მჭირს. თუმცა ეს მემგონი უფრო ფიზიოლოგიურ/ფსიქოლოგიურია ვიდრე ჩვევის ამბავი. დილაობით, ყავის დალევამდე, ჩემთან ადამიანური საუბარი ფაქტიურად შეუძლებელია, ვიღრინები, ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავ, უბედურზე უბედური ვარ და ყავის პირველივე ყლუპის მერე ლამის ცოცხლად დავინახო როგორ იღებება სამყარო ფერადად. ყავამდე და ყავის მერე ორი სხვადასხვა ადამიანი ვარ.
  7. პირდაპირობა/გადაკრული ნათქვამების ვერგაგება. 16 წლიდან დღემდე ვებრძვი. თითქმის გავიმარჯვე პირველ ნაწილზე და მხოლოდ ხანდახანღა გამოვდივარ წონასწორობიდან და პირში ვახლი ადამიანებს იმას რასაც ვფიქრობ. გადაკრულ სიტყვებს და იმას რომ აკეთებ იმიტომ რომ ეს და ინტრიგები და მსგავსები ვერასოდეს მესმოდა/გამომდიოდა და ალბათ ისე მოვკვდები ვერ გამომივა. მთიელი ვარ ნამეტანი ეტყობა, ენივეიზ, ჩვევა თუ არაა, საშინლად მოუხერხებელი თვისება ნამდვილადაა.
  8. Socially awkward. ჰხო რა, სკილები არ მაქვს.
  9. სიმორცხვე. რომელიც სხვა თვისებებით ინიღბება და ხალხი რაღაც საოცრებებს ასკვნის ხოლმე.
  10. საერთოდ რომ ვარსებობ, ეგეც მავნეობა მგონია ხანდახან, ნუ, მხოლოდ ხანდახან, იმიტომ რომ საერთოდაც ძალიან საყვარელი ვარ, როცა მოვშინაურდები.

დადებითებზე… ამაზეც უნდა დავწერო, ანუ იმაზე, რა მიიოლებს იმას, რაცას ეს სირთულეები ქმნიან

აპათია


აპათია.

მან გაპატია.

ან იქნებ არც

და

მხოლოდ იმიტომ, რომ

ასეა საჭირო.

მშობლიურებს ხომ ყოველთვის პატიობენ

კაცის მკვლელებსაც ყოველთვის დაელოდებათ ვინმე

ამოღამებული თვალებით

საკანის კართან

დამხობილი

ლუკმა ცრემლის მოლოდინში.

შესისხლხორცებული.

ფიცვერცხლნაჭამი.

ერთომგამოვლილი.

სისხლის ყივილი.

ენერგეტიკული კანონები.

და რა სისულელეა ეს ყველაფერი, როცა პატიებაზე მიდგება საქმე.

არც მიტევება

არც დავიწყება

არც უგულებელყოფა

არც შენდობა

არ უდრის პატიებას.

აპათია.

მან გაპატია.

ან იქნებ არც.

მზიანი სახლი – ეკლებიანი დღე


მთელი დილა მციოდა
ვერ გავითბე ძვლები
ვერც ემოციებით და
მითუმეტეს
სავალდებულო ჩახუტებები როდის იყო, ვინმეს ათბობდა.
(ხო, მე მხოლოდ მაშინ გავთბი, როცა ნამდვილად ჩავეხუტე)

ხუტვები გულებიდან მოდიან
თბილები
საყვარლები
ფუმფულები
ენერგიებით დამუხტულები
ჩემიანების
ჩემნაირების
შინაურების
მეგობრების
ადამიანების
რომლებიც მინდა

ძნელია, აიღო და ჩაეხუტო ადამიანს, რომელმაც არ იცის
არaფერი არ იცის
და შენ აიღო, ჩაეხუტო და ის ენერგიები გასცე
შენ რომ გიგროვებია წლობით
და მე არ შემიძლია ჩახუტებები ენერგიების გარეშე
უფრო სწორად
მე უკვე ვიცი, რომ არ შემიძლია.

და აი მე ავიღებდი დღეს და ჩავეხუტებოდი ადამიანს
ერთს,
ორს
სამს
ან ოთხს
ან ხუთს
და
ვიღაცას
ან
ვიღაცეებს
არ.
(ხო, ამის უფლება გვქონდა)

ეს ნიშნავდა, რომ
გამოვარჩევდი
ავარჩევდი
და
მერე…

იმ ვიღაცას გული დაწყდებოდა
ან არ დაწყდებოდა და პირიქით, გაუხარდებოდა
იმ ვიღაცას არ გაუსწორდებოდა
იმ ვიღაცას ერთი სული ექნებოდა როდის მოვშორდებოდი
იმ ვიღაცას მოეწონებოდა
და მე ვერ მივხვდებოდი, ვინ როგორ…

ხოდა
მე ავდექი და
საერთო წრიდან გავედი და
ცალკე დავჯექი.

 

ნდობის შუადღე



ამ კვირას ყველაზე ექსტრემალური ტრენინგი მქონდა სინტონზე. ნდობის სავარჯიშოებიგავაკეთეთ. ისეთი კარგი იყო, იმდენად ადრენალინით სავსე,  სასიამოვნო და თავისუფლებისშეგრძნებადი, რომ გახსენებაც კი თავიდან მაგდებს ეიფორიაში.სავარჯიშო: შლი ხელებს, მთელ ტანს ამყარებ და ისე, რომ ფეხი არ მოხარო მუხლში, უკან ვარდები. შენს უკან კი ადამიანი დგას, რომელმაც უნდა დაგიჭიროს. დაგიჭერს თუ არ დაგიჭერს, ან რამხელა კუთხით მოგცემს “დავარდნის” უფლებას, მისი გადასაწყვეტია. შენ უბრალოდ, უნდა ენდო.

გავაკეთე
 
აქამდე რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა, რომელიც ყოველთვის კრახით მთავრდებოდა, ახლაც პირველი მცდელობისას მუხლი მოვხარე, მერე გავბრაზდი საკუთარ თავზე და შემდეგი ორი ვარდნით აბსოლუტური კაიფი მივიღე. არც მუხლი მომიხრია, არც მიკივლია, არც წამოდგომა მიცდია ჰაერში 45 გრადუსით გამოკიდებულს.

მეორე სავარჯიშოს დრო რომ მოვიდა, ჩემდა გასაკვირად, მოხალისედ გავხტი წრეში, ისე, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და აღმოჩნდა, რომ სამ ბიჭს უნდა ავეწიე ჰაერში, თავსზემოთ, გამართული ხელებით. ვა-ი-მე! პახოდებში შკაფებივით ბიჭები რომ მთავაზობენ მდინარეზე გადაყვანას, ცერად ვუყურებ ხოლმე და მაგ რეფლექსმა შემომიტია აქაც. არ შევიმჩნიე, ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და ამწიეს.

იეი, მაგარი იყო, განსაკუთრებით მაშინ, წრიულად რომ დამატრიალეს. უწონადობაში ვფარფატებდი და სულაც არ მქენჯნიდა სინდისი იმის გამო, რომ ბიჭებს ჩემი 55  თუ რაღაცამდენი კილოს აწევა უწევდათ.

აი, რაღაც ასეთი, ოღონდ მე სამმა ადამიანმა ამწია

თუმცა მე თვალები დახუჭული მქონდა და არ ვიცი, რა რეაქცია მექნებოდა თვალებგახელილს.

ხოდა, ვიღაცისთვის ეს ალბათ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მე კი პირველად გამომივიდა, ძალიან მიხარია და გიზიარებთ.

პ.ს. არ ვიცი, იქნებ ამ სავარჯიშოების დამსახურებაც იყო ის ის, რომ უცებ მივხვდი, არ მინდოდა კვირის ჯგუფის მიტოვება.

მუხტებზე, მზეზე, დედამიწაზე


ისტორია პირველი

ერთხელ, შემთხვევით facebook-ზე რაღაც საიდუმლო და დახურულ ჯგუფში აღმოვჩნდი, მივიხედ-მოვიხედე, მოვშინაურდი, ფეხი მოვირთხი და დაკვირვებას შევუდექი.

ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანების ნაწილს უკვე ვიცნობდი, ნაწილზე უკვე გამეგო რამე, ნაწილი კი მაშინღა აღმოვაჩინე.

და მერე დაიწყო… ჭუკჭუკი, ინფორმაციის გაცვლა, რჩევები, გასაჭირში გვერდზე დადგომები, ერთმანეთის წეწვა-გლეჯვა და მეორე წუთას კრუტუნი.

ერთხელაც ერთმა გოგომ ინფორმაცია დადო იმაზე, რომ მზიანი სახლის პიროვნული განვითარების ტრენინგები (სინტონი) იწყებოდა და რომ “იქ თავზე ხელს არავინ გადაგისვამთ, ეს იქნება ნამდვილი სახის ახევა”. იმ პერიოდში თვითგვემის ხასიათზე ვიყავი, ამიტომაც შევავსე განაცხადი.

ისტორია მეორე

მოგეხსენებათ, ბავშვებზე და წვრილშვილიან დედებზე არ ვგიჟდები. არ მომწონს ის კრუხული დამოკიდებულება, რასაც ძალიან ხშირად ვხედავ გარშემო და უბრალოდ, გვერდზე გავდივარ ხოლმე, it`s not my business და ვთვლი, რომ ჩემი ცხვირი უნდა გავწიო რაც შეიძლება შორს და საფუძვლიანად.

ერთხელ, რომელიღაც ფორუმის რომელიღაც რიგით ექსკურსიაზე წავედი და ისე მოხდა, რომ წვრილ და გვერდისვერაქცევად ბილიკზე ვიღაც ორი გოგოს უკან მოვხვდი. ერთ-ერთი მათგანი თავის ორ პატარა ბავშვზე ლაპარაკობდა, იმაზე, როგორ უჭირდა და როგორ ასწავლა ძალიან პატარებს დამოუკიდებლად ჩაცმა, ჭამა და საერთოდაც, როგორ აჩვევდა დამოუკიდებლობას + თვითონ იმარტივებდა ცხოვრებას და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არც გავღიზიანდი, არც გამეცინა, არც გვერდზე გადახვევა მომინდა. “not bad, not bad” გამომეტყველებით ვიქნევდი თავს გონებაში. მთელი ის დღე იმ გოგოს უკან დავცანცარებდი და ვუსმენდი ჩემი აზრით შეუმჩნევლად.

მერე ახლოდან გავიცანი ეს მშობლები+ორი ბავშვი და უკვე “not bad” კიარადა “omg, that`s perfect” გავიჩითე.

ისტორია მესამე ანუ რიბირაბო

მიყვარს ახალი ადამიანები, მცირე დოზებით ოღონდ. და მხოლოდ მაშინ, როცა ამისათვის წინასწარგანწყობა მაქვს. რომელიმდენიღაცა მეცადინეობაზე “ოჯახებად” დაგვყვეს და ჩემი ორივე ნაცნობი და პოზიტიური ადამიანი სხვა ოჯახებში მოხვდა. აი, რომ არ შემრცხვენოდა, გულამოსკვნილი ვიტირებდი, ისე წამიხდა ხასიათი. ყელზე თოკგამობმული ცხვარივით მივესვენე ოჯახთან, რომელიც ჩემთვის მაშინ სრულიად უცნობი 5 თუ 6 ადამიანისგან შედგებოდა და ოჯახის სახელის, ღერბის და ა.შ. მოფიქრებას შევუდექი. ისე ვიყავი, როგორც აკვარიუმიდან ამოყვანილი თევზი, რომელიც ცხელ ტაფაზე დააგდეს და თან პეემესი აქვს.
მერე, ისე, რომ მეც ვერ მივხვდი, ისე გადმომედო ახალი ადამიანების პოზიტიური და მშვიდი განწყობა და საკმაო წვლილი შევიტანე პლაკატის დამზადებაში.

დღეს გვქონდა სავარჯიშო იმაზე, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ სხვისი მუხტის და განწყობის ქვეშ და პირიქით, როგორ გადმოვარჯულოთ ისინი ჩვენს ნოტაზე.

შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება არა კვახი, ვხარხარებდი როგორც მომესურვებოდა, ვერ დავიჭირე უემოციო სახე. მაქსიმუმი, რაც შევძელი, გაბრაზებული გამომეტყველება იყო.

მერე ამ ყველაფერს განხილვაც მოყვა და მივხვდი, რომ მე უფრო მიმღები ვარ, ვიდრე გამცემი. ძალიან მალე ვიჭერ ადამიანების განწყობას და იგივეს ვუბრუნებ საპასუხოდ. გამიღიმებ? გაგიღიმებ. დამარტყავ?-ჩემგან აუცილებლად მიიღებ საპასუხო დარტყმას. გიყვარვარ?-მეც მიყვარხარ. გეჯავრები?- გამარჯობა. ვერ გიტან. არ ვიკავებ ემოციებს და მეგობრულობასაც და აგრესია/ცუდხასიათსაც ერთნაირად ვასხივებ. ეს მე არაფერს არ მიშავებს, როგორც წესი.

მაგრამ… არის ერთი დიდი მაგრამ.

ეს პერი ქალაქის პერია და ძალიან განსხვავდება ტყეში მობოდიალე პერისგან, რომელიც…

  • დაიკარგა ბორჯომის ტყეში, სციოდა, გრძნობდა, როგორ ვერ გრძნობდა ფეხის თითებს,(ტავტოლოგიას არ ვიმჩნევთ არც აქ, არც სადმე სხვაგან) არ იცოდა რამდენ ხანში გააღწევდა ან საერთოდ თუ გააღწევდა დაღამებამდე ამ თოვლიანი, ნისლიანი, ტალახიანი და ხრამებიანი ტყიდან, ეშინოდა ფეხის დაცურების, მდინარეზე გადებულ თოვლის ხიდზე გადასვლის, უსმენდა გოგოების ისტერიკებს და ძალიან, ძააააალიან მშვიდად დადიოდა წინ და უკან, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო.
  • თუშეთში ცალ ფეხზე დაიკიდა სიმაღლის რომ ეშინოდა, ცურვა რომ არ იცოდა, მდინარეზე გადებულ ოთხ კინკილა მოქანქარე მორზე დაჯდა და გადავიდა. მერე რა, რომ შუა გზაზე დაბლა ჩაიხედა, თავბრუ დაეხვა და დაუტრიალდა დედამიწა. თვალი დახუჭა, ათამდე დაითვალა, მერე გაახილა და გზა გააგრძელა. (ნამდვილად არაა სასიამოვნო შეგრძნება, როცა ეს მორები ფეხქვეშ მოძრაობენ, სადღაც მეტრანახევრით ან უფრო მეტად დაბლა დიდლოდებიანი და ყინულივით ცივი მდინარეა და შენ ზუსტად იცი, რომ თუ ჩავარდი, ჩკა. არადა ისე თავგადასვლიანად მახსენდება :გულიკი:).

არც ერთ შემთხვევაში სიმშვიდის შენარჩუნება არ გამჭირვებია, არც მობილიზება და გარეგან ფაქტორებზე თვალის დახუჭვა ან იგნორირება. ახლა ვერ ვხვდები, იქ რამ გადამიყვანა, მაგრამ იმ მომენტში ძალიან ბუნებრივად ავიყვანე საკუთარი თავი ხელში და სხვების პანიკამ უბრალოდ, გამაღიზიანა, მაგრამ ცოტა ხანში ეგეც აღარ მადარდებდა.

ჰმმ, ვითომ ჩემში ორი პერი ცხოვრობს?

ერთი, რომელიც ძალიან სენსიტიურად აღიქვავს და რეაგირებს გარემოს სიგნალებზე და მუხტებზე და მეორე, რომელი ძალიან მშვიდი და შინაგანად გაწონასწორებულია, როცა ეს მართლა საჭიროა.

ხოდა, რა შუაშია ახლა ეს სამი ისტორია?

პირველი ისტორია რომ არა, მე სინტონზე ვერასოდეს ვერ გავიგებდი

მეორე ისტორია რომ არა, მე არ მექნებოდა სინტონისადმი ასეთი კარგი დამოკიდებულება

და მესამე ისტორია უბრალოდ, იმიტომ დავწერე, რომ დღეს ჯგუფში ამ ყველაფრის მოყოლა ძალიან უადგილო იქნებოდა, არადა მინდოდა, სადმე დამეწერა. ხოდა, “ხურდაში” ის წინა ორი ისტორიაც მოვაყოლე.

პ.ს. ასეთი გულახდილი პოსტი ამ ბლოგს არ ახსოვს თავისი არსებობის მგონი 3 წლის მანძილზე და ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯით, გახსოვდეთ რომ ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი ოფოფები, უბრალოდ, აქ ჩემები თავისუფლად დაფრინავენ და თქვენებივით გალიებში არ სხედან. :დ

p.s.