თავგადასავლების მაძიებლები


მიუხედავად იმისა, რომ 

  • მზე ყველგან ერთნაირად ამოდის და ჰაერი ყველგან ერთი და იგივე აირებისაგან შედგება,
  • მთები ყველგან მთებია და ცხოველები ყველგან ერთ ენაზე “ლაპარაკობენ”,
  • ბალახი ყველგან მწვანეა და ერთნაირი სუნი აქვს,
  • საქართველოს ყველა სოფელი და ევროპის ყველა პატარა ქალაქი ერთმანეთს გავს

ჩვენ მაინც ვდგებით, ვალაგებთ ჩემოდნებს, ზურგჩანთებს, ვკრავთ ბოხჩებს, ვჯავშნით თვითმფრინავების მატარებლებს, ვაჩერებთ გამვლელ მანქანებს, ვადგებით გზებს და უვალ ბილიკებს.
არადა, გზები ყველგან ერთნაირია.

მაგალითად, ეს შუამთის გზას გავს, რომ არა ზედმეტად სუფთა და ყვითლად დაზოლილი სავალი ნაწილი, ვიფიქრებდი, რომ ისა…

ეს ალავერდის გავლით ალვანში რომ მიდიხარ, ის გზაა, ალვებჩარიგებული. ბავშვობაში, მანქანით რომ მივდიოდით, სულ მეგონა , რომ იქ, ბოლოში, გზა ვიწროვდებოდა და ხეები გვეღობებოდა.

გზა ვაშლოვანისკენ, მოსაწყენი, უბედური, სწორზე სწორი, ერთი ფუნჩხა ბალახის ან ბუჩქის გარეშე

ვაშლოვანი ზამთარში, გადატრუსული, შოკოლადისფერი და ქარვისფერი დიუნები.

მანავი, კახეთი. ზუსტად ასეთი გაბარჯღული ხეებია გადმოფარებული გზაზე.

აბასთუმნის სერპანტინები, ნისლიანი, საშიში, უგზო-უკვლოდ დახვეული.


ეს სურათიც მაგონებს რომელიღაც უკვე ნანახ სურათს, მაგრამ ვერ გავიხსენე ვერაფრით…

თუშები თვლიან, რომ თუშეთი ყველაზე ლამაზი მხარეა საქართველოში. მე ვეთანხმები. არა იმიტომ, რომ ეს ასეა, ნწ, ის ზუსტად ისეთივე ლამაზია, როგორც ხევსურეთი, სვანეთი ან ზანავი-ნუნისი. უფრო მეტიც, თუშეთის გზის რაღაც ნაწილი ზუუუუსტად ისეთივეა, როგორც ხევსურეთის.

უბრალოდ, მე იქაური ვარ. ესაა და ეს.

მე პოლინეზიის არქიპელაგის ნახვა მინდა. ერთი კონკრეტული კუნძულის-ფატუ-ჰივასი. ფატუ-ჰივას მეზობელია ტაიტი, არა, კი გამიხარდება საგზურის მიღება მანდ, მაგრამ ტაიტიზე ჩასული აუცილებლად ჩავალ ფატუ-ჰივაზეც, და ქვას წამოვიღებ, რომელიც იმით განსხვავდება იმ რიყის ქვისგან, რომელიც ჩემს ეზოში გდია, რომ მასზე შეიძლება ოდესღაც ტურ ჰეირდალმა დააბიჯა.

მწერალი გაცილებით უკეთესად დაწერდა ალბათ ამაზე

მე კი უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ პწიჩკებს სვამს უკვე ნანახი აუცილებელი ღირსშესანიშნაობების გასწვრივ, ვერასოდეს მიხვდება, რატომ შეიძლება დაადგე გზას ისე, რომ არ გქონდეს კონკრეტული მიზანი.

ვიცი, რომ…!


  • “ამას შიგ ხომ არ აქვს”-ის თქმა არ მიხდება– ნუ გექნებათ შიგ და არ ვიტყვი და თქვენც ჩათვლით რომ მე სათნო და საყუარელი გოგო ვარ
  • პატიოსანი გოგოები ლაშქრობებში არ დადიან და კარავში არ ძინავთ– მართალია, ისინი ლოგინში ქალაქში, 6 საათზე წვებიან, რომ 9-ზე სახლში მივიდნენ.
  • ქალს კაბა უხდება–მართალია, გაჯღვარკულ ფეხებზე თუ კაბა არ ჩაიცვი და ქვეშ ტახი არ გაიძვრინე, რაა მამული.
  • ტანსაცმელი უნდა გააუთოვო– 30 გრადუს სიცხეში? მაიკა? შვილო, სადო-მაზო თუ მოგწონს, უთოს რას ერჩი :შ
  • ყველა ბავშვი საყვარელია– კერქით რა, შეხედეთ სიმართლეს თვალებში, ზოგი ბავშვი ისეთია, ძაღლიც არ გაეთამაშება, კისერზე კატლეტი თუ არ დაკიდე.
  • მე ვერასოდეს გავიზრდები– ჰმმ, ნევერლანდიაში გოგოები არ ხვდებიან, დაგავიწყდათ, ფიფლ?

და არა, მე პეემესი არ მაქვს. 😀

რამდენიმე წვრილმანი ჩემს შესახებ


  • სხეულის ყველაზე მგრძნობიარე, ნაზი, დაუცველი, მყუდრო და ლამაზი ნაწილი, იმჰო, მაჯის შიდა მხარეა
  • ყოველთვის ვითვლი კიტრი-პამიდორის სალათში ნაჭრების რაოდენობას და თუ არ ემთხვევა კიტრის/პამიდორის ზედმეტ ნაჭრებს ამოვჭამ ხოლმე, წინასწარ.
  • სიგარეტის სუნი და გემო მეზიზღება, თუმცა არც ალენ კარის წიგნი მომწონს.
  • ჩემი ცხოვრების მხოლოდ ლუწასაკიან წლებში ვგრძნობ ხოლმე თავს ბედნიერად.
  • მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები შინაგანად, როცა ხელებს მხვევენ, ან ტრანსპორტში ვზივარ და უცნობ ადგილას მივდივარ.
  • პანიკურად მეშინია უცნობ ადგილას ღამე გარეთ დარჩენის და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს არც ერთ ქალაქში ხელმისაწვდომი ღამის გასათევი არ იშოვება.
  • როცა რამის დამახსოვრება მინდა სამუდამოდ, ხელისგულით ვეხები.
  • “კანით ვგრძნობ” ადამიანების უარყოფით დამოკიდებულებებს ჩემდამი და არასოდეს ვცდები.
  • ყველა უსახლკარო მოხუცში საკუთარ თავს ვხედავ
  • და დარწმუნებული ვარ რომ ან გზაში მოვკვდები, ან ღრმა მოხუცებულებამდე ვიცხოვრებ.

პ.ს. გაბედნიეროცდაექვსებამდე დარჩა 35 დღე…

To Survive


ისე არავის და არაფერს შეუძლია ჩემი განიარაღება
ვიდრე იმ ადამიანებს,
ვისთანაც წარსულით ვარ მიჯაჭვული.

მე ვერ “ვიბმები” ნათელი მომავლის იმედებით
(არა იმიტომ რომ არ მჯერა)
მე შეიძლება ხვალ აღარ ვიყო
ან ვეღარ ვიყო
ან მე მე აღარ ვიყო
კჩორტუ ყველა დაპირება
მომავალზე…
მთავარია ახლა და აქ
და
ის, რაც იყო, რაც არის
რეალური
ხელშესახები

არა რა, არ უნდა წამოეწყო რუსეთს ჩვენთან ომი
არ უნდა ავსულიყავი მე მთაწმინდაზე
არ უნდა მომესმინა ზარების განწირული და ისტერიული რეკვა
და არ უნდა გამეცნობიერებინა
რომ
აი, ამ წამს, ამ კონკრეტულ მომენტში
ჩემი ცხოვრება შეიძლება ისე დამთავრდეს, რომ არც კი დაიწყოს

და მე დავიწყე ცხოვრება

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე არასოდეს ყოფილა
იმიტომ რომ მე არასოდეს მქონია ადგილი, რომელსაც ჩემ-ს დავუძახებდი


ჩემი ოქრო ჩემთან…
ენკი-ბენკი-სიკლისა…
ესა-მესა-გადის-ესა…
ენიკი-ბენიკი-მენიკი…

იყო და არა იყო რა
იყო და არც იყო
დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა
პატარაში სულ არ იყო…

ამბობენ, სურვილები რომ აგიხდეს, ჯერ უნდა იცოდე, რა გინდაო
ხოდა აი, მეც ვზივარ და ვფიქრობ
რა მინდა
რომ მინდა მეორე წუთას რატომ აღარ მინდა
საერთოდ რატომ მინდა
ან
რატომ არ მინდა

ჩამოყალიბდი, მაიკო, ჩამოყალიბდი…

არასოდეს არ მქონია მომავლის იმედი

  • მაშინაც კი, როცა კლდეზე ვეკიდე თოკით და ცოცვის ელემენტარული წესები არ ვიცოდი.
  • ზანავში გაყინული ვიდექი და ბილიკს ვერ ვპოულობდით
  • როცა შაორზე საშინელ ჭექა-ქუხილში მეძინა
  • ისე მტკიოდა ემოციები, რომ ვგრძნობდი როგორ მეკუმშებოდა რაღაც, შიგნით

უბრალოდ, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად დარჩებოდა წარსულში, მოგონებებში, თვალის გადასავლებად მაშინ, როცა კიდევ უფრო ცუდად, ან კიდევ უფრო კარგად ვიქნებოდი, ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი გონება აუცილებლად გადაახარისხებდა და მხოლოდ კარგ/ასატან მომენტებს დამიტოვებდა და მაქსიმალურად “დაივიწყებდა” უარყოფით მოგონებებს.

ვერ ვიტან სიტყვას ნახვა-მდის

მე არასოდეს მქონია მომავლის იმედი

მითების ნაგლეჯებზე



დალები ცხოვრობენ მთებში
ტინის კლდეებზე ჯიხვების მფარველებად.
ხანდახან, შემთხვევით, მათ ტერიტორიაზე შეჭრილი მონადირეები უყვარდებათ
ნებით ემშვიდობებიან ჯადოსნურ ძალებს და
მოკვდავები ხდებიან
აჩენენ შვილებს
ბერდებიან
უფერულად იღუპებიან.
(ბედი არავის უღიმის ჯიხვის მოკვლისას, უბრალოდ, მათ მფარველ დალებს აღარ ცალიათ)

დალები აჩენენ შვილებს
არქმევენ ამირანებს, პრომეთეებს და იმ სახელებს, რომლებიც, საერთოდაც, გმირებს შეესაბამებათ

მაგრამ

არასოდეს გადარჩენილხართ მაშინ, როცა თქვენი გადარჩენის შანსები რეალურად ნულის ტოლი იყო?

მიწაზე ჩამოსული დალები წირავენ ამისათვის სიცოცხლის რამდენიმე წელს, მოკვდავობაში გატარებულს, რომ თქვენ იცოცხლოთ

ჰხოდა

ოდესმე, სადმე, ფეხს რომ მოირთხამთ ბუნებაში და სასმელის ჭიქას გაამზადებთ

ადგილის დედა არ დაგავიწყდეთ…
დალები არ დაგავიწყდეთ…
სალოცავები არ დაგავიწყდეთ…
ჰო, სალოცავები და არა მაინცადამაინც ეკლესიები
მუხლმოსაყრელი ადგილები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე გგონიათ

სალოცავებმა ცუდი გაბრაზება იციან 🙂

განათლებული ამება



განათლება – სოციალური მეცნიერება, შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ.

ყოველ შემთხვევაში, ასე წერია ქართულ ვიკიპედიაში.

  • რა არის ინტელექტი?

ინტელექტი ლათინური სიტყვაა, და ნიშნავს: Intellectus — გაგება, შემეცნება, გონება.

An intelligence quotient, or IQ, is a score derived from one of several different standartized tests designed to assess inteligence-ო, თქვა დეიდა ვიკიპედიამ.

ბევრი ინფორმაციის ქონა არ ნიშნავს აპრიორი ინტელექტუალობას.

ჩემი მოკლე ჭკუით (და შეიძლება ვცდებოდე კიდეც) გქონდეს ინტელექტი- ნიშნავს ფლობდე გარკვეულ ინფორმაციას, პლიუს მუდმივად მზად იყო ახლის მისაღებად, განსხვავებული შეხედულებების მოსასმენად და შეგეძლოს საღად “მოხარშო” ეს ინფორმაცია, დაფიქრების მერე კი ან შეცვალო საკუთარი ან კიდევ უფრო დარწმუნდე, რომ მართალი ხარ.

გქონდეს ინტელექტი, ნიშნავს, აზროვნებდე, არაა აუცილებელი გქონდეს წაკითხული 12ე329898 წიგნი, მაგრამ შეიძლება თავისთავად იყო ჭკვიანი და გებადებოდეს გენიალური აზრები. (თუმცა როცა ორივე მოდის კომბინაციაში, ისა :ბევრიგულიკი:)

არადა, რა შეიძლება იყოს იმაზე მაგარი, ვიდრე კამათი?! ორივე მხარის მიერ მოსაზრებების დაფიქსირება, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა?!

ვერ ვკაიფობ ადამიანებთან, ვისგანაც ახალს არაფერს ვიძენ, ჩემი ყველა მეგობარი რადიკალურადაა განსხვავებული ჩემგან ზუსტად ამ მიზეზის გამო, ყველას სხვადასხვა რამეები აინტერესებს, სხვადასხვანაირი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე და შედეგად მე ამ ქაოსში დავცურავ და ხან რას წავეტანები და გადავფურცლავ, დავაგემოვნებ, დავათვალიერებ ხან რას. ჩემგანაც იღებენ რამეს, იმედია…

ამასწინათ დავწერე, გაუნათლებლები მკლავენ თქო,

დავფიქრდი და მივხვდი რომ ვიტყუებოდი, გაუნათლებლები კიარა, ინტელექტი და აზროვნების უნარი რომ მინუსში აქვთ, ისინი მკლავენ, კიდევ ისინი, განვითარების და ახლის მიღების უნარი რომ აქვთ ატროფირებული და ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე ან ‘შენრაგესმის” ან “მამაომ თქვა”-ს გიპირისპირებენ და ყურებს იცობენ და გარბიან, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ არ გისმენენ. მსგავსი ადამიანები, ჩემი აზრით, უბრალოდ, ამებები არიან, რომლებსაც სრულიად შემთხვევით ინფორმაციის დასაწყობების უნარი მიენიჭათ მაგრამ აზროვნებისა არა და იმის გამო ,რომ მათ “იციან”, ზემოდან იწყებენ ყურებას, იმის ნაცვლად, რომ გააზიარონ და “მოხარშონ”ინფო. (თუმცა ამდენს ვერ მიხვდებიან არ აქვთ ამის უნარი)

მე ინფორმაციის დასაწყობების უნარი ნამდვილად ვიცი, რომ მაქვს, მგონი აზროვნებისაც… ყოველ შემთხვევაში ვცდილობ განსხვავებული აზრების მიღება-მოსმენას იმ ადამიანებისგან ვინც მგონია, რომ აზროვნებს და კაჭკაჭივით არ იმეორებს დოგმებს და მინდა, რომ ბევრი გამოცდილება და ინფორმაციები და აზრები მქონდეს, ისე, ჩემთვის, რომ მერე ამ ყველაფრისგან ჩემი შევქმნა… რაც მეტი იცი და მეტს იგებ, მით უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება და მერე რა რომ ერთ დღესაც ფეხს გავფშეკ და თან წავიღებ ამ ყველაფერს.

და კი, მე არ მიყვარს ადამიანები, ვინც ვერ აზროვნებს, მათთან ურთიერთობა არაფრის მომცემია და რა აზრი აქვს ურთიერთობას, თუ მისგან არ იზრდები.

პ.ს. ოთხიოდე წლის წინ მე აზრზეც არ ვიყავი რომ ლაშქრობები მიყვარდა, რომ საქართველო ლამაზი იყო, რომ ბალახზე წოლაზე მეტად არაფერი მომწონდა და ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებდი, ინტერესის -ნეტა რა მოწონთ-ის გამო “გადარეულ ადამიანებს” ლაშქრობაში რომ არ გავყოლოდი….

ჩემი სახლი-ჩემი თავშესაფარი



ჩემი ნერვები-როგორც ნაწნავები
სადღა მაქვს ნაწნავები, ერთიღა მეწვნება და იმასაც ვუფრთხილდები
ბავშვობაში პირველ თოვლს რომ ვუფრთხილდებოდით ხოლმე კოსპუსის ბავშვები, აი ისე.

მეზობელ ოთახებში ქალები ჭორაობენ, ყველაფერზე და არაფერზე
ატოლებენ ბავშვების ნიშნებს, გარეცხილი ჭურჭლის რაოდენობას, დატანჯულობის ხარისხებს, ტანსაცმლის ფასებს
და
არც ერთს არ მოსდის აზრად, კარგადყოფნა და თავსგადახდენილი საინტერესო ამბები დაატოლოს
მაშინ იქნებ მეც ავდგე, გავიდე და ჩემი ამბები მოვყვე.

არადა ბევრი არაფერია მოსაყოლი, ასე მგონია
მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე რამდენიმე წელია, არჩევანი გავაკეთე ჭაობისებურ და საინტერესო ცხოვრებას შორის, მაინც მგონია, რომ დროის ძალიან დიდ ნაწილს ფუჭად ვკარგავ
და
სულ მაოცებს ხოლმე როცა რაღაცნაირი ტონით მეტყვიან
“ნეტა შენ, სულ აქეთ-იქეთ დადიხარო”.
“საინტერესო ცხოვრება გაქვსო”

მუჰაჰაჰა

იმდენი, ძალიან ბევრი და კიდევ უფრო ბევრი რამეა, რაც არასოდეს გამიკეთებია/მინახავს/შემიმეცნებია და ამ დროს, კიდევ უფრო მწარედ და დაწვრილებით მახსენდება ყველა ის წელი და სეზონი, რომელიც არაფრისკეთებაში გავატარე.

ჩემი სახლი-ჩემი თავშესაფარი…

ადამიანები, რომლებიც ჩემს ახლანდელ საცხოვრებელ ფართში შემომიშვია, შემიძლია ორი ხელის თითებით დავითვალო და კიდევაც მომრჩება.

ჩემი ნაწერები- ჩემი ნამდვილი სახლებია

თანაც

არასტუმართმოყვარე

ნუ შემოდიხართ ჩემს სახლში დაუკითხავად.
მითუმეტეს, ნუ აღებთ კარადებს
აადგილებთ ნივთებს
და
ანიჭებთ მნიშვნელობებს.

აქა ამბავი უსაკიუსისა და პუსანდარიუსისა



იყვნენ და არა იყვნენ, ალუჩაზე უკეთესები მაიცნ ვერ იყვნენ, მაგრამ არაუშავს, ესენიც ხოლე ხილები არიან, ხოდა

იყო რამდენიმე მწვანე ვაშლი, აქედან ერთი-უსაკიუსი ვაშლის ხეს გამობმოდა და ვაშლზევე სახლობდა, მეორე-პუსანდარიუსი კიდევ რატომღაც ტყემალზე იყო გაზრდილი და ამის გამო ისე იყო ამჟავებული და ისეთი მჟავე ხასიათი ქონდა, ყველაზე დიასახლისური დიასახლისიც რომ ვერ გააგემრიელტყემლისსაწებელებდა.

უსაკიუსს ძალიან უყვარდა ბლინები, განსაკთრებით მარწყვისარომატიანი, მოიმარაგებდა ჩიტების ნისკარტებიდან ჩამოკრეფილ მარწყვებს, ყვავილის მტვრისგან ცომს მოზილავდა, საფუარად რამდენიმე ხოჭოს წვენს ჩააწურავდა და მზეზე მიფიცხებულ ფოთლებზე გამოაცხობდა.

საქმეს რომ მორჩებოდა, ჩამოჯდებოდა ტოტზე ყუნწიდან ოფლის მოსაწმენდად, ამასობაში გადმოირბენდა პუსანდარიუსი, შეახრამუნებდა ფოთოლზე გასაგრილებლად შემოდგმულ ბლინებს და გადაიპარებოდა უკან ისე, რომ ერთ ცალსაც კი არ დატოვებდა უსაკიუსისთვის.

უსაკიუსმა ითმინა, ითმინა და რომ ვეღარ მოითმინა პირდაპირ ტყემლის ხეზე ისკუპა. ცოტაარიყოს მსუქანი ვაშლი იყო, ფეხი დაუცდა და წვეტს წამოეგო. ვაი-ვიშში რომ იყო, რაღა მეშველებაო, პუსანდარიუსმა ხმა გაიგო და ფუღუროდან გამოაკითხა (სულ დამავიწყდა მეთქვა, პუსანდარიუსი ლამის ყვავის ხნისა გახლდათ, უხსოვარ დროს მოწყვეტილ-დაჩამიჩებული), ვაშა, სტუმარი მომსვლიაო.
–“სტუმარი კიარადა, ბლინები დამიბრუნე დროზე თორემ გავფშიკე ყუნწიო”-შესტირა უსაკიუსმა.
–“ამ ჩემს ყუნწსო,”- მიუგო პუსიკიუსმა.

ამასობაში ბლის ხიდან ბარბარისიკიუსმა ისკუპა, მალამო მოუსვა უსიკიუსს ჭრილობაზე, თავისთან წაიყვანა, დარიჩინიანი ფუნთუშები აჭამა, ზღაპრები მოუყვა და ტკბილად დააძინა.

:დედასვფიცავარსიცხეარმაქვს:

წერილი აწ უკვე მკვდარ მაგრამ საინტერესო ადამიანს


გამარჯობა იესო.

სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, არსებობდი თუ არა სინამდვილეში, თუ არსებობდი როგორი ადამიანი იყავი გარდა იმისა რომ მესია იყავი და სასწაულებით ჟონგლიორობდი და რაც მთავარია, ღმერთი როგორ გამოიყურება?

როგორი შეგრძნებაა რომ ფრენ? ალბთ რამე ანტიგრავიტაციული გეკეთა ან შენმა ორგანიზმმა ამის უნარი გამოიმუშავა? (თუ აპარატი იყო, ცუდი ბიჭი ხარ, რომ არ დაგბვიტოვე ნახაზები)

კარგი იქნებოდა ორგანიზმის თვითაღდგენის დეტალებს თუ მომიყვებოდი, თანამედროვე მედიცინას ძალიან გამოადგებოდა.

აღდგომის მერე ისევ იგივენაირი ორგანიზმი გქონდა თუ შეგეცვალა რამე, მაგალითად ტკივილის შეგრძნებები საერთოდ გაქრა, ჭამა აღარ გჭირდებოდა და ა.შ.

იქნებ სულაც არ იყავი აღმდგარი და ადამიანებს მასობრივი ჰიპნოზი მოუვლინა მამაშენმა ან კიდევ ვინმემ?

ბავშვობაში რას გეძახდნენ?
ყველაზე ძალიან რომელი საჭმელი გიყვარდა?
ცხოველი არ გყავდა? ძაღლი ან კატა ან ცხვარი ან კიდევ რამე, რავი.
მამინაცვალს ძალიან ეჯავრებოდი თუ არც მაინცადამაინც?

შენ ნამდვილად გინდოდა ჯვარზე გაკრული მომკვდარიყავი?
იქნებ მაგას მჭედლობა ან მწერლობა ან რამე მსგავსი გერჩივნა, მაგრამ ტირანმა მშობელმა არჩევანის საშუალება არ დაგიტოვა? იქნებ გითხრა, შვილი იმისთვის გავაჩინე რომ სიბერეში მომიაროსო და ჩემი ცხვრები ჩემს მაგიერ გაკრიჭოსო?

რატომ გაქვს კეთილი და მშვიდი სახე კათოლიკურ ხატებზე და საშინლად მოწყენილი და ტრაგიკული და აფორიაქებული სახე მართლმადიდებლურებზე?

პ.ს. შენთან ამდენი და კიდევ ორი ამდენი შეკითხვა იმიტომ მაქვს, რომ ბიბლიის და ახალი აღქმის და ა.შ. წაკითხვა ძალიან მეზარება, ცოდნა მწირი მაქვს და ბარემ პირველწყაროს მოვაყოლიებდი, ასე უფრო საინტერესოა, იმჰო.

პ.პ.ს. ვინმემ ამ წერილის მერე თუ ჩამოქოლა, სამოთხეში პროტექციას ხომ გამიწევ? გპირდები, არ მოგაწყენ, კაკ მინიმუმ ლაშქრობებში ვივლით მანდ.

წვრილმანებზე



რა მარტივია ადამიანების გამოცდა.
ვერ ვიტან ნაძალადევ ღიმილებს და თავაზიან პასუხებს.
ტყუილებს კიდევ უფრო მეტად.
არასოდეს მღალატობს ინტუიციას რომ ეძახიან ის შეგრძნება
და მე ამის გამო საერთოდ არ მიყვარს ჩემი თავი.
უფრო მეტიც- არც სხვები არ მიყვარს–
ვინმე გინახავთ, დეკორაციები რომ უყვარდეს?
თეატრიც არ მიყვარს
(ყალბი ემოციები ყალბი ადამიანებისთვის, ყალბ სცენებზე)

რა მარტივია აიღო და სანაგვეზე მოისროლო.
მტვრების გადაწმენდა და გაპრიალება უფრო ტეხავს.
ხო რა, ვაზას ტეხავს.
თუ მაგას ლარნაკი ქვია?
ამ ჩემს კედებჩაცმულ ფეხებს, ჩემთვის ვაზაა.

ვერ ვიტან როცა ლაპარაკი და საქციელი განსხვავდება ერთმანეთისგან
აი რაღაც ისეთი
ბავშვები მოჩვენებითად რომ ტირიან ხოლმე და
თვალებზე ეტყობათ რომ სულაც არ ეტირებათ.
უბრალოდ მერე იზრდებიან და პირიქით მოქცევას სწავლობენ.
ვერ ვიტან რა, მაინტერესებს,
ოღონდ არა ჩემს ახლოს.
დისკომფორტია მსგავსი ჩაშავებული აურები
“ბლიოსტკების” არომატით
ნაღვლიანი კლოუნებივით რომ მოსჩერებიან
ჩემს მწვანე ცხოვრებას.

თქვენ აზრზე არ ხართ, რა კაიფია
რვა საათი გასტერილებულ ხელოვნურჰაერიან გარემოში
ხელთათმანით და ხალათით ჯდომის
უფანჯროდ მუშაობის მერე
ყინვაში გარეთ გამოსვლა ღრმად ჩასუნთქვა და ცაში ახედვა.
ზაფხული მალე თუ არ მოვიდა და მე თუ სადმე არ წავედი, მოვკვდები.
ფიზიკურად კი არა (ეგღა მაკლია სასტავს ღრმადმწუხარე სახეებით ჭორაობის საშუალება მივცე)
ემოციურად .

………..

ზოგჯერ ოცნებები ოცნებებად უნდა დარჩეს, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც მაინც იყოს საოცნებო.
ვერ ვიტან ჩემს თავს, როცა ვამჩნევ, როგორ შემოემსხვრევა ხოლმე იდეალები, ერთიმეორის მიყოლებით და როგორ ბეზრდება ყველა და ყველაფერი და როგორ მეცვლება გაფანატებითი დამოკიდებულებები დადებითით, მერე გაღიზიანებადობით და მერე სულერთიათი. რატომ გვანან ადამიანები ასე ერთმანეთს… მინდა რამე, უნიკალური, დეკორაციების გარეშე.

იქნებ ამას ჩემამდე ჩემი ქვეცნობიერი ხვდება და არასოდეს არ ვუახლოვდები ადამიანებს, რომლებიც იმდენად საინტერესო და უნიკალურები მგონია, რომ მეშჳნია, არ შემომემსხვრნენ ხელებში.

და გავრბივარ, უკანმოუხედავად, ფხაჭაგლეჯით, სამარცხვინოდ.

და იქნებ ამიტომ მეღიმება, როცა ჩემს განსაკუთრებულობაზე მელაპარაკებიან.ძალიან ჩვეულებრივი ვარ და სულაც არ ვწუხვარ, იმედები როცა გიცრუვდებათ, მაგ დროისთვის მე უკვე გაღიზიანებადობის სტადიაში ვარ ხოლმე გადასული.

ჯობია არასოდეს არ წავიდე ტაიტიზე, რაღაც მაინც ხო უნდა დამრჩეს ისეთი, რასაც შეიძლება მოეჭიდო. (ისე ხო ბარგი მაქვს ჩალაგებული, ლოლ).

…..

ვგრძნობ, როგორ მივაბიჯებ ჩითის კაბით ზაფხულის თაკარა მზით განათებულ მტვრიან გზაზე ფეხშიშველი, მიწის სიმხურვალე ფეხისგულებზე მკბენს, მაგრამ რბილია სასიარულოდ, ქვები არ მერჭობა. გზისპირებზე მინდვრებია, ხორბლის, დამწიფებული და მსუყე სუნი მოაქვს ქარს. ვჩერდები, ვიხდი ცხოვრებას, გველის პერანგივით, ვტოვებ და მივდივარ, უკანმოუხედავად.

………………………..

კიდევ იმას ვგრძნობ, როგორ ინგრევა და იცვლება ჩემი სამყარო ელვის სისწრაფით, მე კი ვდგავარ და ვუყურებ.

………………………….

კიდვე მინდა რაღაცეების დაწერა მაგრამ ეტყობა არაა საკმარისად გაემოციავებული, თორემ სიტყვების მოძებნა არ გამიჭირდებოდა. არც ტაგების დასმას აქვს აზრი. წვეტინი აზრების კრებულია ჯუსტ.
არადა ოდესმე გადავიკითხავ და ვერაფრით ვერ გავიხსენებ რატომ დავწერე ეს პოსტი.