ჩემი აივანი


  • იმ სახლში, სადაც გავიზარდე, აივანზე მხოლოდ ფეხზე დგომაა შესაძლებელი.დანარჩენი ამოშენებულია და ოთახად გამოყენებული.
  • იმ სახლში, სადაც ზაფხულებს ვატარებდი, აივანი პრაქტიკულად არ იყო
  • იმ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ, აივნის ნახევარიღაა დარჩენილი. დანარჩენი სამზარეულოს მოწყობასაა შეწირული.

რაღაც მანიაა ამ ქვეყანაში, აივნების ჯერ მიშენების და მერე არსებულების ამოშენების. რაც არსებობს იმათაც ძირითადად სარეცხის გადაფენის და მოსაწევად გასვლის ფუნქცია აქვს.

 

ხოდა მე გადავწყვიტე, რომ ჩემი სახლის იძულებითი რემონტი გამოვიყენო და აივანი გავაკეთო. უფრო ზუსტად, საღამოს გარეთ დასაჯდომი სივრცე შევქმნა.

 

კედლებზე ასული მცენარეები მომწონს ძალიან

და ჩამოსაკიდებელი ქოთნები, მცენარეებით

 

ასეთი “ხის” იატაკი აივანაზე სავარაუდოდ არ გამოვა, ამიტომ რამე კაფელს დავჯერდები

 

ეს საერთოდაც იდეალურია წიგნით, ლეპტოპით და ყავის ჭიქით ჩამოსაჯდომად.

ნუ, მართალია ჩემი აივანი სულ ერთნახევარი ნაბიჯია სიგანეში და ოთხი სიგრძეში, რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ და მერე დაგპატიჟებთ ჭიქა ყავაზე :დ

მინდა


DSC_1703

ზღვაზე მინდა ვიყო, ადრიან დილით, მზე ანათებდეს, მე ვიწვე, ზღვას ვუყურებდე, ტალღებს ვუსმენდე და არაფერზე ვფიქრობდე,.

DSC_2213

თუშეთში მინდა ვიყო, ადრიანი დილა თენდებოდეს, ჰაერი იყოს ცინცხალი და ცივი, ჩემი მწვანე ჟაკეტი მეცვას, სალაშქრო ბათინკები და თბილი ელასტიკი, გაყინულ ხელებს და ცხვირს ყავის ჭიქაზე ვითბობდე და ხეობიდან აოსულ ნისლებს ვუყურებდე

tumblr_lnk96go2E91qhhdqno1_500_large

შემოდგომა მინდა იყოს, თბილი, მზიანი, ყვითელფოთლებიანი. სადმე სოფელში ვიყო, ხის აივანზე, მწიფე ყურძენს ვწყვეტდე ტალავერიდან, აივანზე ზაფრანა და სიმინდი შრებოდეს, პლედშემოხვეული და ფერადნასკებიანი, მშვიდად ვკითხულობდე ჯეინ ოსტინის რომელიმე რომანს.

DSC_0211

ბავშვი მინდა ვიყო, ალვანში, ზაფხულის არდადეგებზე მყოფი, ჭექაქუხილობდეს, კოკისპირულად წვიმდეს,  ძველის სახლის ხის აივნის ციცაბო კიბის ზედა, ყველაზე განიერ საფეხურზე ვიჯდე და ჰაერში წვიმისს სუნი იდგეს და გადაღებას სულმოუთქმელად ველოდებოდე.

IMG_4210

კოკისპირულად წვიმდეს, მე ფანჯრის განიერ რაფაზე ვიჯდე, ფანჯარა პტარა, მყუდრო ქუჩაზე გადიოდეს და ვაკვირდებოდე, როგორ წვიმს, როგორ მოდიან ნიაღვარები, როგორ დარბიან წვეთები მინაზე და გამვლელები ქუჩაში.

IMG_5929

მანდარინის ბაღი მინდა ვნახო, ხელში კალათა დავიჭირო და ბევრიბევრი მანდარინი დავკრიფო. არასოდეს  მინახავს მანდრინი ხეზე.

ამწუთას ესენი მინდა, მერე კიდევ მოვიფიქრებ

თბილისური დილა


რამდენი ხანია, შაბათ-კვირას ქალაქში არ ვყოფილვარ, თან ისე, რომ საქმის ნატამალიც კი არ მქონია და სრული უსაქმურობა კიდევ…

გუშინ დაძინების წინ ვიღუშებოდი წინასწარ, რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო ამ მოჟამულ დღეებში შაბათ-კვირას სახლში გამოკეტილმა თქო, თან არაფრის დაგეგმვის ხასიათზე არ ვარ, ხოდა…

დილას, უფრო წორად თორმეტ საათზე რომ ავიზლაზნე კიდევ უფრო მოღუშული, აი ეს დამხვდა ფანჯარაში და გადავღიმილდი.

DSC_9018

მეზობლის აივანზე ბეღურა თბებოდა.

DSC_9052

პირველ სართულზე უკიდეგანოდ ხმამაღალი ბავშვი ყავთ, სამაგიეროდ ბავშვის სათამაშოები კარგად ჯდება კადრში.

DSC_9046

კორპუსის ფონზე.

DSC_9040

რა ხეა არ ვიცი, მაგრამ ლამის იანვრამდე აქვს ხოლმე ყვითელი ფოთლები.

DSC_9063

პ.ს. პიჟამოზე უზარმაზარი ხალათი მაქვს მოცმული, ზემოდან ურჯულა წითელი პლედი მაფარია, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს,  გვერდზე ყავის ჭიქა მიდგას,  ფანჯარაში მზე ჩანს და რომ არ ციოდეს, გარეთაც გავიდოდი.

10 მავნე ჩვევა


იყო დრო, როცა ამ ბლოგზე პირადი პოსტები იწერებოდა, ყოველგვარი შელამაზებების, სახელების შეცვლის, აზრების შეფუთვის და ა.შ. გარეშე.

იყო დრო, როცა მთელი ჩემი ემოციები აქ იცლებოდა და ეს ძალიან კარგი იყო, მერე მე ვთავისუფლდებოდი და ახალი ემოციების შეგროვებას ვიწყებდი. ბოლო წელი მსგავსი აღაარაფერი დამიწერია, უბრალოდ, თავში მოსულ წვეტიან აზრებს ვაფიქსირებდი ხოლმე.

ამასწინათ მთელი ზაფხულის ემოციებმა ერთად მოიყარეს თავი და ისევ ემოციებიანი პოსტი შემომეწერა და უცებ ვიგრძენი, რა კაიფია ემოციების დაგროვება, ბევრის-ბევრის, და მერე როცა აღარ ეტევა გონებაში, გარეთ გამოშვება, აბლანდულ ნაწერებად.

მზიანი სახლის ტრენინგების მერე ძალიან ბერი რაღაც გავაცნობიერე და ბოლო ერთი წელია საკუთარ “მავნე თვისებებში” ვიქექები. მავნე რა… ჩემთვის მავნე, იმ გოგოსთვის, მე რომ ვიცნობ და არ მიყვარს.

  1. მძაფრი ემოციები და ამ ემოციების აყოლა. ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა. ბედნიერებიდან უბედურებამდე ერთი ნაბიჯი მაქვს ხოლმე, 5 წუთის მანძილზე შეიძლება ორივე მოვასწრო…  და ერთადერთი ადგილი სადაც უარყოფით ემოციებს ვაკონტროლებ, ლაშქრობისას გზების აბნევებია, იმიტომ რომ ამ დროს უბრალოდ, არ შეიძლება ემოციებს აყვე. აყვება ერთი, მერე მეორე, მესამე და ცუდი ემოციები კიდე გადამდებია, მითუმეტეს ნერვების დაჭიმულობის დროს.
  2. უნდოობა. ძნელად მიჩვევადობა, თუ რა ქვია ამას… სულ თავდაცვის პოზიციაში რომ ხარ…
  3. გამოთიშვები. ზიხართ სადღაც, სიტუაცია მხიარული, ყველა ჭუკჭუკებს,  ოთხი დიალოგი ერთად მიდის, საინტერესოა და უცებ ეს ყველაფერი ისე მწყინდება, ადამიანებისგან ისე ვიღლები, მინდა ავდგე, წავიდე სახლში, მოვიხვიო პლედი, მოვიდგა ჭიქა ყავა და რაიმე ფილმი ჩავირთო. ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ დაინტერესებულ პიროვნებას ვეღარ ვთამაშობ. მარტოობის/საკუთარ თავთან დარჩენა 10 წუთით კი მშველის ხოლმე, მარა თუ არ დავრჩი.. აი იქ ვხდები ძალიან აუტანელი.
  4. ადამიანების დახარისხება: მცირეოდენი დაკვირვების მერე ვიღებ ადამიანებს, ვარგებ მოდელებს და მერე სხვანაირად რომ იქცევიან მიკვირს ხოლმე.
  5. სულ ვისუსნები. საბედნიეროდ 55 კილოს ზემოთ ძალიან დიდი ხანია არ ავსულვარ. (მადლობა დედას, მამას და კიდევ სხვა წინაპრებს)
  6. დილაობით მსოფლიო აუტანლობა მჭირს. თუმცა ეს მემგონი უფრო ფიზიოლოგიურ/ფსიქოლოგიურია ვიდრე ჩვევის ამბავი. დილაობით, ყავის დალევამდე, ჩემთან ადამიანური საუბარი ფაქტიურად შეუძლებელია, ვიღრინები, ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავ, უბედურზე უბედური ვარ და ყავის პირველივე ყლუპის მერე ლამის ცოცხლად დავინახო როგორ იღებება სამყარო ფერადად. ყავამდე და ყავის მერე ორი სხვადასხვა ადამიანი ვარ.
  7. პირდაპირობა/გადაკრული ნათქვამების ვერგაგება. 16 წლიდან დღემდე ვებრძვი. თითქმის გავიმარჯვე პირველ ნაწილზე და მხოლოდ ხანდახანღა გამოვდივარ წონასწორობიდან და პირში ვახლი ადამიანებს იმას რასაც ვფიქრობ. გადაკრულ სიტყვებს და იმას რომ აკეთებ იმიტომ რომ ეს და ინტრიგები და მსგავსები ვერასოდეს მესმოდა/გამომდიოდა და ალბათ ისე მოვკვდები ვერ გამომივა. მთიელი ვარ ნამეტანი ეტყობა, ენივეიზ, ჩვევა თუ არაა, საშინლად მოუხერხებელი თვისება ნამდვილადაა.
  8. Socially awkward. ჰხო რა, სკილები არ მაქვს.
  9. სიმორცხვე. რომელიც სხვა თვისებებით ინიღბება და ხალხი რაღაც საოცრებებს ასკვნის ხოლმე.
  10. საერთოდ რომ ვარსებობ, ეგეც მავნეობა მგონია ხანდახან, ნუ, მხოლოდ ხანდახან, იმიტომ რომ საერთოდაც ძალიან საყვარელი ვარ, როცა მოვშინაურდები.

დადებითებზე… ამაზეც უნდა დავწერო, ანუ იმაზე, რა მიიოლებს იმას, რაცას ეს სირთულეები ქმნიან

ჭიქა ყავის ისტორია – შარო


ბავშვობაში,  ისე არ ვიძინებდით, ბებიას შაროს ისტორიას თუ არ მოვაყოლებდით.

შარო ლეკი იყო. ანუ დიდო. შეიძლება ეს ორი სხვადასხვა ერი/ეთნოსია, მაგრამ ჩემთვის დღემდე ერთიდაიგივეა.

შარო კოჭლი იყო, შვილი ყოლია და მოუკვდა, თვითონ კი, ავადმყოფი და დაკოჭლებული, ალვანში დადიოდა კარდაკარ. ჯერ სამუშაოდ, მერე და მერე, როცა მუშაობა ვეღარ შეძლო, სამათხოვროდ. დაღრეცილი ფეხსაცმელი ეცვა, მუქი ფერის ტანსაცმელი და ჯოხით დადიოდა. მე მეშინოდა და გავრბოდი, ჩემი ოთხი წლით უმცროსი ძმა კი შაროს დანახვაზე, “ბებია, შარო მოვიდა, პური მივცეთო” გამორბოდა. ბებიაჩემიც, იმ მშიერ 90-იანებში მთლიან პურს გვაძლევდა ხოლმე, შაროსთვის მისაცემად.

სამადლოდ ცხოვრობდა გვერდით ქუჩაზე, ვიღაცის სახლის უკანა კედელზე მიშენებულ ფარდულში. შეშის ღუმელი ქონდა, ტახტი და მეტი არაფერი. ერთ დილას, ზამთარში, ლოგინიდან ჩამოვარდნილი და გაყინული იპოვეს. ეტყობა ცუდად გახდა, დასაძახებლად წამოდგა, მიშველეთო,მაგრამ წაიქცა და ადგომა ვეღარ შეძლო.

ეს ფოტო დიკლოში, მესაზღვრეების სახლის აივნიდანაა გადაღებული. იქ, შორს, თუ არ ვცდები, უკვე აღარაა საქართველო. იქ დაღესტანია, ლეკების და დიდოების საცხოვრებელი ადგილები, ის მხარე, საიდანაც შარო მოვიდა თუშეთში.

თუშები წასულების სადღეგრძელოს მერე აუცილებლად მოაყოლებენ ხოლმე “ცოდვილა-უპატრონოების” სადღეგრძელოს. ანუ იმ ადამიანების, ვისაც მომხსენიებელი არ დარჩა, შვილი, ნათესავი.

ხოდა, მოდი, სიმბოლურად, ეს ჭიქა ყავის ისტორია შაროსი იყოს.

ყველაზე გენიალური ჩაი დედამიწის ზურგზე


დილას ყოველთვის ყავით ვიწყებ ხოლმე, საღამოს კი თითქმის ყოველთვის ჩაითი ვამთავრებ, თან უბრალო ჩაით კი არა, ჩემი ხელით მოკრეფილი და გამხმარი რომაა, იმით.

გაიცანით, ეს მთის ქონდარია. იმ ქონდარში არ აგერიოთ, რომელიღაცა საჭმელში რომ უკეთებენ სანელებლად, (ძირიტადად მთიელების ხინკალში) ეს განსაკუთრებული ქონდარია, რომ დაკრიფავ, შეგიძლია პირდაპირ ცხელ წყალში ტუცო და ლამაზი, მწვანე, არომატული ჩაი გამოგივა.

ან გაახმო და ზამთარში გამოიყენო მავნე ქიმიური ჩაის მიმსგავსებული რაღაცეების მაგიერ, სუპერმარკეტებში რომ დევს. ჭიქაში ჩააგდებ თუ არა, მაშინვე იბრუნებს ძველ ფერებს და არომატს. დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს, რაც ძილის წინ მისწრებაა ჩვენს გიჟურ რიტმში. დალევ და ტკბილად დაიძინებ.

კრეფა საკმაოდ შრომატევადია, აი ასე, უნდა ჩაიმუხლო და კრიფო, თან ძირითადად სოფლების გარეთ იზრდება, მთეა-გორაკებზე, და კაცმა არ იცის, რომელი მეცხვარის რომელი ქოფაკი შემოგყეფავს ამასობაში.

თუმცა, საშიშები საერთოდ არ არიან, როგორც წესი, გიყეფენ, გიყეფენ და საშუალებას გაძლევენ, დროზე გაასწრო. ერთი საერთოდაც, ჩრდილში წამოწვა და იქიდან გვიყეფდა გზაზე მიმავლებს.

აქ არ ჩანს, მაგრამ ახლომახლოს ნამდვილად დაყეფიანობდა რომელიღაცა ლომა ან მსგავსი სახელის ფუმფულა კბილებიანი დარაჯი.

პ.ს. ეს პოსტი მთის ქონდრის ჩაის არომატის ფონზე იწერებოდა.

პ.პ.ს. ბეგ-ქონდარა, ბექთ-ქონდარა და მთის ქონდარი ერთიდაიგივეა , ყველა საჩაიეა.

ხარაგაულელი მწყემსები


ოდესმე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გასეირნებას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად აიყვანეთ მეგზურები.

რატომ?

წინა დღეს თექვსმეტი კილომეტრი ვიარე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, პანორამების ბილიკზე. მძიმე ზურგჩანთა ცხენმა ატარა, მწვანე ზურგჩანთაში ჩაგდებული  ფოტოაპარატი, მოსასხამი, ქიშმიში და წყალი ბოთლით-მემ.

ღამე კარავში შევძვერი, კარი ღია დავტოვე, საძილე ბოლომდე შემოვიკეცე, კეთილი მასპინძლის მიერ დატოვებული პლედიც გადავიფარე, ცხვირი გავყავი გარეთ, სუფთა ჰაერის სასუნთქად და თვალებიდან  თმები გადავიწიე, ვარსკვლავიანი ცის დასანახად.

დილა ასეთი გათენდა. მზიანი და ლურჯციანი.  უსასრულოაღმართდაღმართებიანი, ფერად და უსასრულოველებიანი.

მერე ლურჯი ცა  განაცრისფრდა და წვიმამ დასცხო.  გამყოლმა ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს, ბილიკიდან გადაუხვია ცხენებიანად და გაიქცა. გამოვეკიდეთ.

თურმე იქვე მწყემსები იყვნენ და მათ შეგვიფარეს. ღობესთან ჩვენი ერთ-ერთი ცხენი მოჩანს, გარშემო წვიმის, ტყის და ფიჭვის სუნი დგას.  ქოხმახში ჩვენ ვართ შეყუჟულები, გამოდარებას ველოდებით, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს. გამყოლები ბილიკიდან გადახვევას და გზის მოჭრას გვთავაზობენ, სანდლები სულ დამისველდა და ბათინკები მაცვია, საწვიმარში ვიყუჟები და ძალიან ვცდილობ, სხვის პანიკაზე და წუწუნზე არ გავღიზიანდე.

მერე ვიღაცამ ყავა ახსენა, მეზობელ ქოხში გვეპატიჟებიანო. ნალექიანი, ჯეზვეში მოდუღებული ყავა ბავშვობის მერე არ დამილევია მგონი. განსაკუთრებული ვითომ არაფერი, ჩვეულებრივი ყავა იყო, მაგრამ უცებ ისე გავმხიარულდი, თავშეუკავებელი სიცილ-ხარხარით და ტლიკინით გავიარე დარჩენილი კილომეტრები, ტყეში, სისველეში, ალაგ-ალაგ ყინულივით მდინარეში.

მეგზურები რომ არა, აზრადაც არ მოგვივიდოდა გზიდან გადახვევა, არავინ შემოგვთავაზებდა სულის მოსათქმელ ყავას და თავშესაფარს, არც გზას გვასწავლიდნენ უფრო სწრაფად სამოძრაოდ და დაგვაღამდებოდა თავზე.

ხოდა,  ნუ დაგეზარებათ სხვა დროს, ნაკრძალში შესვლისას დარეგისტრირება რა ღირდა არ მახსოვს, მაგრამ ძალიან იაფი იყო, ცხენი კი 100 ლარი, ბონუსად გამყოლით. (ერთი ცხენი=4 ზურგჩანთა=კაცზე 25 ლარი)

შატილი და ჭიქა ყავა


 

შატილის ფართოდ ცნობილი ამ ხედის გარდა

კიდევ ასეთი ხედიც არსებობს.

არაფერი განსაკუთრებული, ხომ?

სახლებს შიგნითაც დიდი ვერაფერი, შესასვლელი, რამოდენიმე ოთახი და კისრისმოსატეხი კიბე, რომელიც ერთი შეხედვით სარდაფში ჩადის.

ეს  უფერული, ერთსართულიანი და უღიმღამო სახლები სინამდვილეში ორსართულიანია, ორი დიდი აივნით და ულამაზესი ხედებით, რომელსაც  ამ ძალიან უხარისხო სურათში ჩემი ჭიქა და ვაშლის ხის ტოტი ფარავს.


ჩემი საზომებით სისხამი დილაა, ასე 7-8 საათი, “სარდაფის” საძინებელი ოთახიდან ახალი ამობობღებული ვარ, სახლის მეპატრონის სამზარეულო შტურმით მაქვს აღებული და ყავა მომზადებული. ცალ ხელში ბუტერბროდი მიჭირავს, მდნარი ყველის და ხლებცის კომბინაციით.

ჩემს ზურგსუკან ზურგჩანთებს ალაგებენ, სამზარეულოში ვიღაც უცნობები საუზმობენ (იმედია ჩემს ყველსაც გაათავებენ, უკან ჩაბარგება მეზარება), სახლის პატრონს ჯერ კიდევ ღრმად ძინავს ან არ იმჩნევს, რომ გაეღვიძა, ვიღაც ღამისთევის თანხებს აგროვებს, სკოლასთან დაბანაკეულ კარვებში ალბათ უკვე გაიღვიძეს და კარვებს კეცავენ.

მე ჩემს მწვანე ქურთუკში ვარ გახვეული, ჰაერი სუსხიანია და ისეთი ცინცხალი, მხოლოდ მთაში რომ იცის, ცხვირს ყავის არომატზე ვითბობ და წინასწარ მიხარია მუცო და ანატორელები.

ჭიქა ყავის ისტორია : გურია


აგვისტო იყო,  ბახმაროში მივდიოდით, მარშუტკით, ბევრი ადამიანი.  საღამოს გავედით თბილისიდან და რასაკვირველია, გზაში ჩამოგვაღამდა თავზე.
მივდიოდით და გზადაგზა აქეთ-იქით ვიყურებოდით, საბანაკე ადგილს ვეძებდით, რაიმე მინდორს, გზის პირას. მიხვეულ-მოხვეულ გზებზე კი ან დამუშავებული მინდვრები გვხვდებოდა, ან სახლები, ბევრი სახლები…
ამასობაში ჩოხატაურში შევედით, ვიარეთ, ვიარეთ, მიტოვებული შენობა დავინახეთ, გავჩერდით და შევესიეთ.

არჩევანი იყო ოთხი: ა) ძილი მარშუტკაში, სკამებზე
ბ)კარვის გაშლა
გ) ოთახების დათვალიერება
დ) აივანზე ძილი

მე აივანზე ძილი ვარჩიე,  გავშალეთ პარალონები შედარებით მოშორებულ და მყუდრო კუთხეში, ჩავძვერი საძილეში, ავიხედე ზემოთ და… დიიიდი ხვრელი დავინახე ჭერში.

მთელი ღამე მესმოდა როგორ დაცუნცულობდნენ თაგვები ზემოთ და მე მშვიდად ვიწექი იმის იმედით, რომ ჩოხატაურელი წრუწუნები მუხლმაგრები არიან,  ფეხი არ უცურდებათ და ჭერის ხვრელებიდან აივნებზე არ ცვივიან ხოლმე.

დილას ახალგაღვიძებულმა წყალი რომ მოვიკითხე ყავის იმედით, იქვე ჩამოკიდებული ბოთლისკენ მიმითითეს, პირი ეკონომიურად დაიბანეო.

დავიბანე ნისკარტი და გავუდექით გზას. ვზივარ და ვცდილობ პროვოკაციებს არ წამოვეგო, მე დღეს ყავა არ დამილევია და შესაბამისად, ჩემს ადეკვატურ მეს ჯერ კიდევ ძინავს.

არ მახსოვს, როდის, როგორ, რატომ ან ვინ გადაწყვიტა, რომ ბახმაროში სახლი გველოდა და გასაღები უნდა აგვეღო, მაგრამ ერთ სოფელში შევჩერდით, ვდგავართ, ველოდებით რაღაცას, ან ვიღაცას. ჩვენ რა, ერთი ბიჭი ელოდება. ჩვენ იმ ბიჭს ველოდებით. მე არაფერსაც არ ველოდები, მორჩილად ვზივარ, უყავო და საწყალი.

მოირბინა იმ ბიჭმა, ერთს უთხრა ყავაზე შემოდითო სახლშიო. იმ ერთმა მეორეს ხელი სტაცა, წამოო, იმ მეორეს მე გავეკიდე.

მოკლედ, მთელი ოცი კაცი შეესია ერთ პატარა სახლუკას გურიის სტუმართმოყვარე,  მწვანე სოფელში.

ვდგავარ, ზრდილობიანად ვიწურები, ვიღიმები შეძლებისდაგვარად, მასპინძლების ფუსფუსებენ, სასუსნავებს მოეზიდებიან და ამასობაში გამოაქვთ ლანგარზე დალაგებული პაწუკა, ორთქლადენილი ჭიქები.

რამდენიმე წამში უკვე ყავის ჭიქაზე ხელებს ვითბობდი, ორთქლზე ცხვირს და არომატზე ხასიათს.

მერე ავდექით და ბედნიერები წავედით ბახმაროსკენ, ნაბეღლავის დასალევად, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

თუშური ჩემ-ფესვ-ტური, III, პენსიონერები დიკლოში


წინა დღის მკვლელი ბოდიალის მერე, დილით გამოძინებული რომ გამოძვრები საძილე ტომრიდან, აივანზე გახვალ, დაღესტნის მთებს გახედავ, გაიზმორები, შენს ნივთებს მოხიკავ და ცხელი შხაპის მისაღებად გადახვალ მეზობელ სახლში, მერე ყავას აიდუღებ, მაგიდას გაშლი და სამ ადამიანთან ერთად ისაუზმებ, ხვდები, რომ არც ერთი წამით არ ნანობ, დილის ექვს საათზე ცხენს რომ არ მოახტი და ტბის სანახავად არ გაქუსლე დანარჩენ ოც კაცთან ერთად…



ხათო და ნიკოლოზი ყავის სამზადისში.



ეგ კი არა, ისეთი გაზარმაცება დამემართა, ნიკოლოზს რომ არ შემოეძახა და გავერეკე, შენაქოს ნახვაც კი დამეზარა. არადაიქვეა, ნახევარ საათში ფეხით გადაისეირნებ, ასეთი ლამაზი სახლები დგას და საერთოდაც დიდი სოფელია.



ძველისძველი ფანჯრები შენაქოში



მე ტყემალი დავკრიფე… ივლისში ვჭამე მჟავე, მკვახე ტყემალი…



შენაქოში ეკლესია დგას, ეკლესიის ახლოს კიდევ ხატი, ამიტომ ეკლესიის უკან გასვლა არ შეიძლება…



შენაქოს უკან კიდევ აგიურთაა, ძველისძველი, ახლა უკვე ნანგრევაბად ქცეული სოფელი, ეს გზა მიდის, შემოუხვევს და უკვე იქ ხარ



ადგილობრივებმა როგორც გვითხრეს, ლეკები შემოესივნენ და ამოწყვიტესო და რავიცი აბა… დღეობაზე მანდ გადავდივართო…



აგიურთადან გამობრუნებულებმა ტყეში დავისვენეთ, გავშალეთ თავშლები, დავწექით/დავჯექით, ათას სისულელეზე ვიჭორავეთ, ქიშმიშიდან თხილები და კაკლები ამოვჭამეთ…



უკან რომ ვბრუნდებოდით დიკლოში, შევამჩნიე, რომ ნივეას ჰიგიენური პომადა აღარ იყო, არადა ისე მიყვარდა, იმდენი ვაქე… ბავშვები რომ არა, დავბრუნდებოდი, მაგრამ ისეთი სახეები ქონდათ, ახლა მაგის გამო არ დაგვაბრუნოო, ამოვიოხრე…

ასე დარჩა აგიურთაში ჩემი ისა… თუ ნახავთ, მომიკითხეთ :შ

უკანა გზაზე ძაღლმა დაგვინახა, მზის გულზე რომ მივწანწალებდით, წავიდა, ჩრდი;ლში ჩამოჯდა და იქედან გვიყეფდა…

დიკლოში ისევე ვიბოდიალეთ, ქონდარი დავკრიფეთ, სოფლის ორღობეში სკამზე ჩამოვსხედით და ცივი ყავა დავლიეთ



საღამოს ხინკლების ცომის გათხელებაში და მოხვევაში მივეხმარე, ასე 10 წელია არ მომიხვევია და თურმე არ დამვიწყებია.

ამასობაში ორეთის ტბაზე წასულებიც დაბრუნდნენ, სახეახეულები და ძალიან კმაყოფილები… თუმცა მათ დანახვაზე კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ისა…



საღამოს იყო ცხვრის ხორცის ხინკალი, ზეთში შემწვარი ხაჭაპურები და მეტი არ მახსენდება… გემრიელი კი იყო… ნუ ვისთვის როგორ, ზოგს კუჭმა შეუტია, ხორცი ვერ აღიქვა და გააპროტესტა

მერე კოცონი და ჩირაღდნები…

ასე დამთავრდა ყველაზე გემრიელი დღე თუშეთში..

ხო ნუ მე ნათესავიც კი გავიცანი თუმცა როგორც ყოველთვის დაბნეულობა ჩამერთო და ისა :შ